სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.
მაისის თვის მეშვიდე რიცხვი საქართველოს ეკლესიაში ძველთაგანვე დადებულია დიდისა მამისა ჩვენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა ხსენების დღედ. მორჩილნი დედა ეკლესიის საღმრთო დადგენილებისა, ჩვენც, ძვირფასნო მსმენელნო, შევგროვილვართ, რომ გავითვალისწინოთ მამათა-მამის იოანე ზედაზნელის ღვთის მადლით აღვსილი პიროვნება და მით ჩვენც რამდენადმე განვსპეტაკდეთ, გავუმჯობესდეთ, გავიზარდოთ და ავმაღლდეთ ზნეობრივად, ვინაიდგან, როგორც თავზე დაფენილი მზე საამო სითბოთი ავსებს ყოველ სულდგმულს, ისე გონებით მიახლოვება და დაპირდაპირება ზნეობრივი უმწიკვლობითა და სიწმინდით შემოსილ გვამთან, აკეთილებს და ათვისებს კაცს ღვთის საამო ცხოვრებას.
დიდს, მეტად დიდსა და საგულისხმო გაკვეთილს გვაძლევს ყველას, საყვარელნო მსმენელნო, როგორც მოვლენა დღევანდელი წმინდანისა შორეულ ასურეთიდან ჩვენს სამშობლოში, ისე მისი შემდეგი მოღვაწეობა საქართველოში წმ. მოწაფეებით. ღირსი მამა იოანე ზედაზნელის ცხოვრება გულისხმიერ და დაკვირვებულ მორწმუნეს უჩვენებს, რომ ქვეყნიერებაზე არაფერი არა ხდება-რა თავისთავად, შემთხვევით და უაზროდ: რომ ყოველი პიროვნებისა და ერის ცხოვრებას აწარმოებს ღვთის განგება, ყოველი პიროვნებისა და ერის ბედი იჭედება ცაში, ერისა და პიროვნების ბედს ჩარხავს ღვთის მარჯვენე და ეს გაჩარხვა საბედნიეროა ან საუკეთურო ერისა და პიროვნებიხათვის იმისდა მიხედვით, თვითონ ის ერი და პიროვნება ერთგულია თუ მოღალატე ღვთისა.
წმ. იოანეს სამშობლო იყო ასურეთი. ის ახალგაზრდობიდანვე შეუდგა ღვთივ-სათნო ცხოვრებას და მოკლე ხანში მიაღწია სულიერ სისრულეს. დაუცხრომელმა ლოცვამ, ფიცხელმა მარხულობამ და სრულმა თავდაბლობამ მალე სახელი გაუთქვეს მას ანტიოქიის ფართო მიდამოებში. ნაკადულივით დენა დაიწყო მასთან გაჭირვებულმა ხალხმა და ისიც ღვთის სახელით არავის არ ისტუმრებდა თავისაგან უნუგეშოდ. იოანესაგან განკურნებულმა და სულიერად დაკმაყოფილებულებმა უფრო შორს წაიღეს ხალხში მისი სახელი, უფრო მეტად გაახმაურეს მისი ვინაობა და სათნოება; ხალხმაც ხმა-მაღლა იწყო მისი ქება და დიდება, მისი პატივისცემა და სიყვარულის გამოთქმა, ეს კი ზნეობრივი სასჯელი იყო წმინდანისათვის, ეს ვეღარ აიტანა მისმა სულის სიმდაბლემ, მისმა კდემამოსილობამ და ამის გამო იძულებული შეიქნა დასთხოვოდა თავის საცხოვრებელ ბინას და მიეშურებინა უგზო უდაბნოსთვის.
მაგრამ შეუძლებელია სიწმინდის დაფარვა. იგი ქვესკნელიდანაც ცხადად გამოსჭვრეტს, მისი სხივი სქელ კედელსაც დაუბრკოლებრივ ატანს, მის სინათლეს ვერავითარი შავი ფარდა, ღრუბელი და სისქე ვერ იჭერს. ისევ ჩქარა გამომჟღავნდა იოანეს ახალი ბინაც, ისევ ჩქარა მიაგნო მორწმუნე საზოგადოებამ დიდებულ წმინდანს და ახლა აქ მოზღვავდა ხალხი, ახლა აქ იწყო მან იოანეს ქება-დიდების ღაღადი.
მყუდროების მოტრფიალე წმ. იოანე მზადებაში იყო, რომ გაშორებოდა ხმაურობას, გარდახვეწილიყო ისეთ ქვეყანაში, რომ არავითარი წარმოდგენა არა ჰქონოდათ მის შესახებ, არავის არ გაეგონა მისი სახელი. აი, ამ დროს ეცხადება მამა იოანეს ის, ვისი წილხვდომილიც არის ჩვენი ქვეყანა, ვინც ქართველ ერს მოუვლინა განმანათლებლად ჯერ მოციქული ანდრია პირველწოდებული და შემდეგ წმ. ნინო, ეცხადება დედა ღვთისა და უბრძანებს: თორმეტი რჩეული მოწაფით წადი ივერიაში და იქ ახლად მოქცეული ქართველები განამტკიცე ჩემი ძის სარწმუნოებაში, ახლად მონათლულ ქართველებს შეაგნებინე, შეათვისე და შეასისხლხორცე ქრისტეს სახარება, ახლად მოქცეულ ქრისტეს სამწყსოს მიეცი თვალ-დასანახი მაგალითი ღვთისნიერი წმინდა და სათნო ცხოვრებისა, აღზარდე სულიერი მწყემსები ქრისტეს ცხოვართა და იქაც აანთე მონაზვნური მოღვაწეობის წმ. კერაო.
სათნო-მოსილმა წმ. იოანემ ღრმად დაიმარხა გულში ესეთი ბრძანება ყოვლად-წმიდისა, დაიბარა მოწაფეები და უბრძანა: ამ ათი დღის განმავლობაში განსაკუთრებული გულსმოდგინებით და მუყაითობით ილოცეთ და იმარხულეთო. გავიდა ათი დღეც, კვლავ მოუწოდა ყველას და ასე მიმართა: შვილებო და საყვარელნო ძმანო ჩემნო ვხედავ, რომ თითოეული თქვენგანი აღვსილია ღვთის მადლითა და კურთხევით. მე მებრძანა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისაგან, რომ ავირჩიო თქვენ შორის თორმეტი და მათთან ერთად წავიდე აქედან ივერიაში განსამტკიცებლად იქაური ნორჩი ეკლესიისა. რომ არავინ თქვენგანი გულნაკლულად არ დარჩეს ამ არჩევნებზე, დაწერეთ თვითეულმა თქვენი სახელი ქაღალდის ცალკე ფურცელზე, დავაწყოთ ეს ქაღალდები წმ. ტრაპეზზე, ვილოცოთ მთელი ღამე ერთად, რომ თვითონ უფალმა მოახდინოს უჩვენოდ ეს არჩევნებიო. შეასრულეს უცვლელად მოძღვრის ბრძანება, მთელი ღამე მხურვალე ლოცვაში გაათენეს, დადებულ დროს შეასრულეს წირვა, ყველანი დიდი შიშითა და კრძალულებით ეზიარნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცსა და შემდეგ დაჩოქილებმა ხელთაპყრობით იწყეს „უფალო შეგვიწყალენის“ ლმობიერად გალობა. მამათა ღაღადმა გასტანა საათზე მეტი. ამ დროს წმ. ტრაპეზზე დალაგებული ქაღალდებიდან ყველას დასანახად ანგელოზმა აარჩია თორმეტი ფურცელი და მისცა ხელში წმ. იოანეს, ფურცლებზე ეწერა სახელები: შიოსი, დავითისა, ანტონისა, თადეოზისა, სტეფანესი, ისიდორესი, მიქაელისა, პიროსისა, ზენონისა, ისესი, იოსებისა და აბიბოსი.
ჰსცან, ძვირფასო მსმენელო, განგება ღვთისა: ვსცნათ, საყვარელნო, სახიერება და სიყვარული ღვთისა დავინახოთ, რაზომი შებრალება და მამობრივი ზრუნვა ჰქონია უფალს ჩვენს მამა-პაპაზე, ჩვენს ქვეყანაზე!
ქუხილს ჩვეულებრივად წინ უძღვის ხოლმე ელვა; ასურელი მამების საღმრთო ხმის საქართველოში დაქუხებასაც წინ უსწრო ნათელმოსილმა წმ. ანგელოზმა, რომელიც მცხეთაში მყოფ ქართველთა კათალიკოზს მოევლინა უწყებად, თუ ვინ იყვნენ საქართველოში მომავალი ასურელი მამები და რა ძვირფასი საუნჯე მოჰქონდათ მათ საქართველოსთვის.
მამობრივად შეტკბობილნი კათალიკოზისაგან, ღვთისაგან მოვლინებული სტუმრები გაეშურნენ თაყვანისსაცემად მირონ-მადინებელი სვეტი-ცხოველისა და, თანახმად კათალიკოსის თხოვნისა, მცხეთაშივე დაისადგურეს.
მცხეთა იმ დროს სატახტო ქალაქი იყო ქართველებისა, იქ ისხდნენ ქართველი მეფეები, იქ გროვდებოდნენ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეების წარჩინებულნი, იქ სცემდა საქართველოს სიცოცხლის მაჯა. მცხეთიდან, ქართველი ერის ცხოვრების სათაურიდამ, დაიწყეს პირველად მოქმედება ასურელმა მამებმა, იქ გააცნეს თავდაპირველად მათ თავიანთი თავი ქართველობას.
ლმობიერებით აღვსილმა მოძღვრებამ, რომელიც დაუწყვეტელი წყაროსავით მოსჩქეფდა მამათა ბაგეთაგან და მათმა წმ. ცხოვრებამ ანგელოზთა შარავანდედით შემოსა მათი სახე ქართველების წარმოდგენაში. როგორც მცხეთიდან, ისე მისი მიდამოებიდან ყოველდღე მოჰყავდათ მათთან სნეულები განსაკურნებლად, ყოველდღე გარს ევლებოდა მათ ხალხი და ერთი რომ გულსმოდგინეთ ისმენდა ქრისტეს მცნებათა ბრძნულ განმარტებას, მეორე ცრემლთა ფრქვევით ნანულობდა თავის ჩადენილ დანაშაულებს, მესამე მათი დარიგების გავლენით სპობდა განხეთქილებას თავის მეზობლებთან, მეოთხე მორჩილებითა და ხალისით კისრულობდა ქვრივ-ობოლთა და ღატაკთა პატრონობას და სხვ.
მაგრამ ყველა ეს არ აკმაყოფილებდა ზე-ბუნებისა და ნათელი გონების პატრონს წმ. იოანეს. როგორც ფრინველთა მეფე არწივი საგნის უკეთესად გასარკვევ-დასანახავად მაღლა აიწევს ხოლმე სივრცეში, ისე ღირსმა იოანემ, რომ უფრო გაეღრმავებინა თავისი საღმრთო მოქმედება და მეტი სიმარჯვით შესდგომოდა ქართველთა სულიერ განვითარებას, დატოვა მცხეთა და თავისი მოწაფეებით დაემკვიდრა იმ მთის წვერზე, რომელზედაც ოდესღაც ამართული იყო ზადენის კერპი და რომელიც თავისი სიმაღლით დღესაც უფროსობს თბილისის მიდამოებზე. იმ დღიდან ზედაზნის მთის თხემი შეიქნა ქართველებისთვის გზის მაჩვენებელ კანდელად. აქედან გამოკრთოლილმა სინათლის სხივებმა შეაშუქეს ქართველების ოჯახებში და მრავალს აღუძრეს წრფელი სურვილი სულიერი მოღვაწეობისა, სიწმიდის გზაზე დადგომისა, სახარების შეგნებისა; ქართლის მცხოვრებლებმა გაკვერეს გზა მანამდე მიუვალ ზედაზნის მთისკენ და ათასობით მიდიოდნენ დიდებულ მოძღვარ იოანესთან, რომ დამტკბარიყვნენ მისი სათნო სწავლა-მოძღვრებით და თანაც მისი წმ. ოლარის ქვეშ ჩამოეხადათ პირად ცოდვათა ტვირთი.
ღვთივგანბრძნობილმა მამამ ახალ ალაგზე გადადგა ქართველი ერისათვის მეტად საბედნიერო ახალი ნაბიჯი - წილკანს და ნეკრესს მწყემსთმთავრებად დაუდგინა თავისი მოწაფეები - ისე და აბიბოსი. ამას ზედ მოჰყვა მეორე უწარჩინებულესი გადაწყვეტილება იოანესი - ყველა თავისი მოწაფეები შესწირა ქართლ-კახეთის მკვიდრთა სულიერად აყვავების საქმეს, ყველა თავის მოწაფეებს დაავალა მოციქულობა ქართლსა და კახეთში. თუ მანამდე ქართლს უნათებდა მხოლოდ ზედაზნის მაღლობი, ეხლა ხსენებული კურთხეული მამის წყალობით კახეთისაკენ გაგზავნილმა მისმა მოწაფეებმა: ანტონმა, დავითმა, იოსებმა, ზენონმა, აბიბოსმა და სტეფანემ აანთეს გაუქრობელი კერა ერის გონებრივი და ზნეობრივი განვითარებისა მარტყოფში, გარესჯაში, ალავერდში, იყალთოში, ნეკრესში და ხირსაში, ხოლო ქართლისკენ სარკინეთში, ბრეთში, ულომბოში, სამთავისში და წილკანში შიომ, პიროსმა, მიქაელმა, ისიდორემ და ისემ.
ამ ალაგებში გაშენდნენ დიდებული ლავრები და სავანეები, აქ დაარსდნენ სასწავლებლები, რომლებშიაც იწვრთნებოდნენ ქართველთა შვილები გონებითა და ზნეობით, ამ ალაგებიდან ეფინებოდა ქართველობას ღვთის მადლი და კურთხევა, ამ ადგილებიდან გამოდიოდნენ ქვეყნის მმართველნი: მეფეები, სარდლები, მსაჯულები, მღვდელმთავრები და მღვდლები, ამ სავანეებში მოიხსნა ქართველთა დაკორდებული გული და დაითესა ღვთისმსახურების თესლით, ამ სავანეების გავლენის ქვეშ ჩამოყალიბდა ქართველი ერი გარკვეული სახით და მისი სულის საკუთარი თვისებებით. ეს სავანეები, მათი დამაარსებლების საფლავები შეიქმნენ ქართველი ერის არსებობის სამნებად, რომლების შეძვრა-ამოგდებას ამაოდ და უშედეგოდ შეალიეს თავიანთი ძალ-ღონე წარსულ საუკუნეთა სივრცეში ბარბაროსთა ურიცხვმა ურდოებმა, ამ სავანეებმა მისცეს ქართველ ერს ის, რასაც თანამედროვე ლექსით სახელად ეროვნული კულტურა ჰქვიან.
ესოდენ დავალებული ქართველი ერი, დიდი აღფრთოვანებით ეგებებოდა იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ხსენების დღეებს, დიდი სასოებით იხდიდა მათ დღესასწაულებს, დიდი კრძალულებით ეპყრობოდა მათ საფლავებს, არაფერს არ იშურებდა მათი შემკობა-გამშვენებისათვის, თავგადადებული იყო მათი დაცვა-შენახვისათვის, საღმრთო მოვალეობად სთვლიდა ამ მნათობთა მოღვაწეობის ზედმიწევნით ცოდნას და გადაცემას არამცოდნეთათვის და სხვ.
მაგრამ ეს იყო და აღარ არის; ეს იყო და ახლა გაქრა დღეს ხსენებული წმინდანების ცხოვრების ცოდნას კი არა, ბევრს სახელებსაც ნუ ჰკითხავთ, დაბალ ხალხში კი არა, განათლებულებშიც კი ასიდამ სამიც არ გამოირჩევა, რომ ენახოს და მოელოცოს დავით გარეჯა, მარტყოფის სავანე, ხირსა, ალავერდი, შიო-მღვიმე, ზედაზენი, სამთავისი, წილკანი და სხვ. ობლად, უპატრონოდ და ბეჩავად გამოიყურებიან დღეს ამ წმინდანების საფლავები, რომლებმაც შეგვინახეს საარსებო მიწა-წყალი. დღეს ქართველ ერს გულს აღარ უტოკებს იოანე ზედაზნელობა, შიოობა, ალავერდობა, სტეფანწმინდობა და სხვ. დღეს ქართველობა ივიწყებს და გულგრილად ეკიდება იმ სარწმუნოებას, რომლის განსამტკიცებლად მოევლინენ ჩვენს ქვეყანას ასურელი ათცამეტი მამანი.
გარწმუნებთ, ჩემო ძვირფასნო, რომ ასეთი საქციელი მაჩვენებელია ჩვენი გადაშენება-დაღუპვისა; იცოდეთ, რომ ერი, რომელიც თითონ შიშვლდება, თითონ იხსნის წელიდან თავის სარტყელს, თითონ არყევს საკუთარი ზნეობის სამანს, თითონ ანადგურებს თავისი არსებობის ციხე-სიმაგრეებს, თაკილობს მას, რითაც ცნობილი იყო ქვეყანაზე, რაც მისი სულისა და ხასიათის ძვირფას თვისებად ითვლებოდა, უნდა უსათუოდ მოისპოს და გაქრეს. ეს უცილობელი წესია ისტორიისა.
„განისვენა მოაბმან სიყრმისაგან, და მოსავ იყო დიდებასა ზედა მისსა, და არ შთაისხმიდა ჭურჭლისაგან ჭურჭლად, და გარდასახლებლად არა ვიდოდა, ამისთვის არს გემო მისი მისთანა და საყნოსი არა მოაკლდესო“, დასწერს ჩვენდა საგულისხმოდ წინასწარმეტყველი იერემია თავის წიგნის ორმოცდა მერვე თავში (იერ. 48,11). ეს აზრი მდაბიოდ, გასაგონად და დღევანდებურად რომ გამოვხატოთ, შემდეგი გამოვა: სანამ მოაბელებს ჰქონდათ თავისი საკუთარი შინაგანი ძალა, თავისი ეროვნული განვითარება (კულტურა) და შეურყეველად იდგნენ თავიანთ საკუთარი დანიშნულების გზაზე (გემო მისი მისთანა და საყნოსი არა მოაკლდეს) მანამდინ მოსვენებითაც იყვნენ (განისვენა მოაბმა სიყრმისაგან) და არავის აზრად არ მოსდიოდა მათი მოსპობა, გათქვეფა და გაქრობა უცხო ერების ტალღებშიო (არ შთაისხმიდა ჭურჭლისაგან ჭურჭლად და გარდასახლებლად არ ვიდოდა), მაგრამ, გვიცხადებს იგივე წინასწარმეტყველი, მოაბმმა გადაუხვია ამ გზას, არაფრად აღარ ჩააგდო, რაც მისს დიდებას შეადგენდაო და ამიტომ მისი არსებობაც უცებ მოისპოო.
მაშ, ამის შემდეგ, რა სიკეთეს უნდა მოველოდეთ, ძვირფასო მსმენელებო, როდესაც უარვყოფთ იმ სარწმუნოებას, რომელთანაც შესისხლხორცებულია ჩვენი ეროვნება, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში შეადგენდა ჩვენი ხალხის არსებობის მთავარ ძარღვს, რომელმაც ქართველი ერის სულს მისცა საკუთარი „გემო და საყნოსი“?
არა, საყვარელნო! დავუბრუნდეთ ისევ ისეთი დიდებული მოძღვრების ხელმძღვანელობას, როგორებიც იყვნენ იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები და გწამდეთ, რომ მხოლოდ მათი მოძღვრების მიმდევრობით შევინარჩუნებთ მომავალში სიცოცხლეს და დამოუკიდებლობას. ამინ.