არქიმანდრიტი იუსტინე (პოპოვიჩი)

გამოკრებილი სწავლებები

 

როდესაც ადამიანი ღმერთთან არ არის, ყოველთვის ეშმაკის სათამაშოა. ეშმაკი ერთობა მისით: ხან სულს უწმინდური აზრებით აუვსებს, ხან გულში უჯერო სურვილებს ჩაუთესავს, ხან მის ენას ბილწსიტყვაობით ააგიზგიზებს, ხან მიდრიკავს ცილისწამებისკენ, ჭორაობისკენ, ქურდობისკენ, სიძვისკენ და ნებისმიერი სხვა უჯერო საქმისკენ...

რატომაა დღეს მსოფლიოში ბოროტება ასე გამრავლებული? იმიტომ, რომ ადამიანებმა ჩამოიხსნეს ყველაზე საიმედო იარაღი, ყოვლისმძლეველი იარაღი, რომელიც ყველა ბრძოლაში ამარცხებს ყოველგვარ ბოროტებას, ყოველგვარ ცოდვას, ყოველგვარ დემონს. ეს იარაღი ლოცვაა. ლოცვა და მარხვა.

ამ ქვეყანაზე ჩვენ ბრძოლაში ვართ: საუკუნო ცხოვრებისათვის ვიბრძვით წმიდა სათნოებებით, განსაკუთრებით ლოცვითა და მოთმინებით. ამიტომაც ჩვენი მთავარი ამოცანაა – აღვიჭურვოთ განუწყვეტელი ლოცვით. ეს მიიღწევა თავის უწყვეტი იძულებით მუდმივი ლოცვისადმი, მთელი სულიერი ძალის იძულებით. და ასე, ვიდრე ლოცვა არ იქნება ჩვენი სულის ყოველწამიერი სუნთქვა.

 

სინამდვილეში არსებობს მხოლოდ ერთი თავისუფლება – წმიდა თავისუფლება. ეს ქრისტესმიერი თავისუფლებაა, რომლითაც მან გაგვათავისუფლა ცოდვისაგან, ბოროტებისაგან, ეშმაკისაგან. ის გვაკავშირებს ერთ, ჭეშმარიტ ღმერთთან. ყველა სხვა თავისუფლება არაჭეშმარიტია, მოჩვენებითია, ყალბია, ანუ სინამდვილეში ყველა ისინი – მონობაა, კატორღაა. „თავისუფლებასა აღუთქუმენ მათ და იგინი თვით მონა არიან ხრწნილებისა“ (2 პეტრე 2,19).

 

ლოცვა რეგენტია სათნოებათა გუნდში: ის აძლევს ტონს, ის ანიჭებს ჰარმონიას ყოველი სათნოების მოქმედებას.

 

ეშმაკი მუდმივად იმის მცდელობაშია, რომ ცოდვა წარმოაჩინოს როგორც აუცილებელი, ბუნებრივი რამ, რათა საკუთარი თავი გაამართლოს. ცოდვა – სატანის ლოგიკაა (წმ. მაკარი ეგვიპტელი); ცოდვას თავისი ლოგიკა აქვს, თავისი ფილოსოფია, თავისი აპოლოგეტიკა, რომ თავი გაიმართლოს, რომ თავი გამოაჩინოს როგორც აუცილებელი, ბუნებრივი. ამას აკეთებს ეშმაკი მუდმივად.

 

წმიდა მამები – წმიდა, უკვდავი წინამძღოლნი და მოძღვარნი მარადიული ცხოვრებისა, – უკვდავი მხედართმთავარნი უფლის უკვდავ ლაშქარში. წმიდა მსოფლიო მამები: ჩვენ, აწინდელი ქრისტიანები, მხოლოდ მათი მიყოლით და მათთან ერთად შევძლებთ გამარჯვებას და ჩვენი სარწმუნოების დაცვას. ჩვენ, ქრისტიანები, ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ მანამ, სანამ გვიპყრია წმიდა მამათა სარწმუნოება. ამ სარწმუნოების გარეშე არ არსებობს ჩვენთვის ცხონება და საუკუნო ცხოვრება. მხოლოდ ასე (მამათა მიყოლით - მთარგმნ. შენ.) შეიძლება გაგვაჩნდეს მართლმადიდებლობის მადლიანი გრძნობა, რომელიც გვენიჭება წმინდანებთან ლოცვითი კავშირით.

 

უფალ იესო ქრისტეს ყველა მდევნელს: როცა ვეცემით – ვიმარჯვებთ. (იგულისხმება: როცა სარწმუნოებისთვის გვტანჯავენ და გვკლავენ, ღმერთისთვის სათნონი ვართ. – მთარგმნ. შენ.). საიმედო გამარჯვებაა – სიკვდილი ქრისტესთვის, სიკვდილი მკვდრეთით აღმდგარი ქრისტესთვის. წმ. იუსტინე ფილოსოფოსი და მოწამე: „თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მოკვლა, მაგრამ არ შეგიძლიათ ჩვენი დაზიანება“.

 

წმიდა წერილი წმიდა მამათა საშუალებით უნდა შევისწავლოთ და ამასთანავე წმიდა მამების ცხოვრებას უნდა მივბაძოთ.

 

წმიდა ირინეოსი, წმიდა ათანასე დიდი და ყველა წმინდანი გვახარებენ: სიტყვა (ძე ღმერთი - მთარგმნ. შენ.) განხორციელდა, რათა კაცი განიღმრთოს. ღმერთი განკაცდა, რათა კაცი მადლით ღმერთ იქმნას.