† წმიდა იოანე ოქროპირი

წერილები გადასახლებიდან

 

პეანის

 

შენ გამომაცოცხლე და აღმაფრთოვანე, როდესაც სამწუხარო ცნობები მომწერე და დაურთე გამონათქვამი, რომელიც ყველა ცხოვრებისეულ შემთხვევას უნდა დაერთოს: დიდება ღმერთს ყველაფრისათვის.

ეს გამონათქვამი – საშინელი დარტყმაა ეშმაკზე. ვინც მისით სარგებლობს, მისთვის იგი ხელშეუხებლობისა და ყოველგვარ საშიშროებაში სიხარულის უდიდესი საწინდარია. როგორც კი ამ სიტყვებს წარმოთქვამ, იმწამსვე გაიფანტება მწუხარების ღრუბლები.

ნუ მიატოვებ მის მუდმივად გამეორებას და სხვებსაც ასწავლე, რომ მისით ისარგებლონ ნებისმიერ შემთხვევაში. მაშინ, თქვენზე დატეხილი ქარიშხალი, უფრო უარესიც რომ იყოს, სიმშვიდედ გადაიქცევა; მაშინ, გრიგალით გარემოცულნი, არა მხოლოდ გადაურჩებიან მის საშინელებებს, არამედ უფრო აღმატებულ ჯილდოსაც მიიღებენ. ამ გამოთქმამ განადიდა იობი; მან გააქცია ეშმაკი და აიძულა სირცხვილით უკან დაეხია; ის ყოველგვარი შიშის გამაქრობელია. იმეორე იგი მუდმივად, ყველა შემხვედრ შემთხვევაში.

რაც შეეხება ჩვენი განდევნის ადგილს, დაე ჯერჯერობით მასზე ნუღარ იზრუნებენ. მართალია კუკუზი მიყრუებული ადგილია, მაგრამ ჩვენ აქ მშვიდად ვართ და ერთ ადგილზე ყოფნის წყალობით მოვასწარით მოგზაურობისას მოშლილი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. თუკი თქვენ გვაიძულებთ, რომ ისევ გადავიდეთ ერთი ადგილიდან მეორეზე, ეს ჩვენთვის საბოლოო აღსასრული იქნება, მით უფრო ახლა, როცა ზამთარი კარზეა მომდგარი. დაე ნურავინ ნურსად შეეცდება რაიმეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის მაგივრად ხშირად მოგვწერე შენი ჯანმრთელობის შესახებ, მანდაურ ცხოვრებაზე, შენს გულდამშვიდებულობაზე. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს გარშემო ასეთი უდაბნოა, უდიდეს ნუგეშს მივიღებთ, თუკი ამგვარ ცნობებს მოგვაწვდის შენი პატიოსნება. 

 

 

 

წიგმისმკითხველ (მედავითნე) თეოდოტეს

 

რას ამბობ? იმაზე მეტი ტალღები აზვირთდა შენს წინააღმდეგ, ვიდრე მოელოდი, და ამიტომ მწუხარებ? მაგრამ სწორედ ამიტომაც უნდა გიხაროდეს და ზეიმობდე. ყოველ შემთხვევაში, ამგვარად იქცეოდა მსგავს შემთხვევებში მოციქული პავლე; მაგალითად, ის ამბობდა: „არა ხოლო ესე, არამედ ვიქადითცა ჭირთა შინა“ (რომ. 5,3); ან სხვა ადგილას: „აწ მიხარის ვნებათა მათ შინა“ (კოლას. 1,24). სინამდვილეში, რაც უფრო ძლიერი და მძაფრია ქარიშხალი, მით მეტია მოგება, მით უფრო ბრწყინვალეა გვირგვინები მოთმინებისთვის, მით უფრო აღმატებულია ჯილდო.

თუმცა, შენში სრულიად დარწმუნებული ვარ, ვიცი შენი ერთგულება, მოუდრეკლობა და სიმტკიცე; და თუკი ვწუხვარ და ვტირი, – მათ გამო, ვინც შენს წინააღმდეგ ხრიკებს ხლართავს; – იმის გამო, რომ ადამიანები, რომლებიც შენთვის უნდა ზრუნავდნენ, შენი მტრების რიცხვში არიან. შენს გამო მხოლოდ ერთი რამ მამწუხრებს – შენი თვალების სნეულება, რასაც, ძალიან გთხოვ, მთელი ყურადღებით მოეპყარი; აუცილებელია რჩევა ჰკითხო ექიმებს და იზრუნო შენის მხრივ.

რაც შეეხება შენზე მოწევნულ დევნულებებს, გთხოვ (როგორც ზემოთაც გითხარი), გიხაროდეს ამის გამო, როგორც მე ვხარობ ამისთვის შენს გამო. ვიცი, აქედან რა ნაყოფიც აღმოცენდება შენთვის, მოთმინების გამო. ნურაფრის გეშინია და არაფერმა შეგაძრწუნოს, რაც გინდა მოხდეს.

მხოლოდ ერთია ნამდვილი სადარდებელი – ცოდვა. სხვა ყველაფერი, შენი მხრივ გულმოდგინებისა და სიფხიზლის შემთხვევაში, გახდება უდიდესი წყარო მონაგარისა და დიდი ნამატით შეგძენს ზეციურ გამოუთქმელ სიკეთეებს. ყოველდღიურად ამგვარ კეთილშენაძენს რომ მოიმუშაკებ, გიხაროდეს და მხირულ იყავ.

ასევე, შრომად ნუ ჩათვლი, მუდმივად მოგვწერო ხოლმე. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, შენ რომ ჩამოსულიყავი, მაგრამ რადგანაც ზამთრის სიცივეცა და ზაფხულის სიცხეც ერთნაირად საზიანოა შენთვის, გვეშინია, ამინდის არასასურველი ზემოქმედება არ მოგწიოთ, მით უმეტეს, რომ თვალების გამო იტანჯები. როდესაც ყურადღებით დაიწყებ მათ მკურნალობას, ყოველთვის, როცა მოგვწერ, გაგვაგებინე ცოტათი მაინც გაუმჯობესდა თუ არა მათი მდგომარეობა, რომ ამგვარად, ჩვენ შორის დიდი მანძილის მიუხედავად, დიდად გვანუგეშო ამით.

 

 

პრესვიტერ სიმაქეს

 

სრულებითაც არ არის ახალი და უცნაური, რომ ვიწრო გზით მავალი გაჭირვებას განიცდის. ასეთია სიკეთის ბუნებრივი თვისება: მისი გზა მოფენილია შრომით, დიდი ძალისხმევით, ხრიკებითა და საშიშროებით. მაგრამ ასეთია გზა, ხოლო მის შემდეგ – გვირგვინები, ჯილდოები, გამოუთქმელი და დაუსრულებელი სიკეთეები. ასე რომ, ამით დაიმშვიდე თავი. ამასთანავე, მიმდინარე ცხოვრების სიხარულიცა და მწუხარებაც მასთან ერთად ჩაივლის და ამ ცხოვრებასთან ერთად დასრულდება. შესაბამისად, არც სასიხარულო მდგომარეობით უნდა აღვზვავდეთ და არც მწუხარებების გამო დავეცეთ სულით და დავმარცხდეთ.

კარგი მესაჭე არ ამთქნარებს სიმშვიდის ჟამს და არც ქარიშხლის დროს შეძრწუნდება. იცი ეს ყველაფერი და დაიმშვიდე თავი, ამაში ეძიე საუკეთესო განმტკიცება. მოგვწერე ყოველთვის შენი ჯანმრთელობის შესახებ. მართალია დიდი მანძილით ვართ დაცილებულნი და დიდი ხანია დაგშორდით, მაგრამ შენდამი სიყვარულს არ დავშორებულვართ და მუდამ ვატარებთ მას დაუვიწყებლად და დაუკლებლად, სადაც არ უნდა ვიყოთ, რადგან ამგვარია გულწრფელი მეგობრობის ბუნება.