ამგვარი იყო ლაზარეს სათნოება. იგი ფულით ვერავის ეხმარებოდა, რადგან თავად აუცილებელი საზრდოც არ ჰქონდა. საპყრობილეში არ იარებოდა, რადგან უნარი არ შესწევდა წამომდგარიყო ფეხზე. ავადმყოფს ვერ მოინახულებდა, რადგან თავად მას ძაღლები ლოშნიდნენ... მაგრამ მხნედ გადატანილი სათნოებისთვის მოიპოვა ჯილდო იმით,რომ ხედავდა სასტიკსა და უშჯულოს პატივისა და განცხრომაში, ხოლო საკუთარ თავს ამგვარ გაჭირვებაში და არ დასცდენია ერთი სიტყვაც კი დრტვინვისა. ამიტომაც დაიმკვიდრა აბრაამის წიაღი, თუმცა მკვდარზე უკეთესი არაფრით ყოფილა. მადლობელი ღმრთისა, გაუნძრევლად იწვა მდიდრის კარიბჭესთან და ამიტომ დაიდგა გვირგვინი აბრაამ პატრიარქთან ერთად, რომელსაც მრავალი სიკეთე აღესრულებინა. განდიდდა და დამკვიდრდა მის წიაღში იგი, ვინც მოწყალებას ვერ არიგებდა, დაჩაგრულს ხელს ვერ უწვდიდა, მწირს ვერ მასპინძლობდა, არამედ მხოლოდ მადლობდა ღმერთს ყველაფრისათვის და მოთმინებით ნათელი გვირგვილი მიიღო. უეჭველად, უდიდესი საქმეა მადლიერება, სიბრძნისმოყვარება, ეგევითარ ტანჯვათა დათმენა-ეს უმაღლესი სათნოებაა. ამისთვისვე გვირგვინოსან იქმნა იობიც. ამიტომ ეშმაკეული ამბობდა: „ტყავი ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი. აბა გაიწოდე ხელი და შეეხე თავად მას“’ (იობი 2,4-5). მცირედი საქმე როდია, ლაგამი ამოსდო ვნებულ სულს ისე, რომ მან არაფერში შესცოდოს. ეს მოწამეობის ტოლფასია; ეს სათნოებათა მწვერვალია.
საყვარელო, თუ შენც დასნეულდები, ციება შეგეყრება ან დაწყლულდები და ტკივილი გაიძულებს გმობას, მაგრამ თავს შეიკევებ, მადლობას შეუთვლი ღმერთს და ადიდებ, ასეთსავე ჯილდოს მიიღებ. რად უნდა დრტვინავდე, აბა მითხარ, და ამბობდე ღვთისმგმობ სიტყვებს? განა ამით ტკივილი გიმსუბუქდება? ასეც რომ იყოს, მაშინაც არ იკადრო ეს, რომ არ დაკარგო სულის ცხონება, იმაზე ზრუნვით, რომ სხეულს შვება მოუტანო, მეტადრე რომ ტკივილი ამით კი არ კლებულობს, არამედ კიდევ უფრო ღრმავდება. ხედავს რა ეშმაკი, რომ ერთგვარ წარმატებას მიაღწია, დაგაწყებინა დრტვინვა, ღუმელში ცეცხლს უმატებს და გიმძიმებს სნეულებას, რომ მისი სურვილი აასრულო. ამგვარად, როგორც ვთქვი, ტკივილი რომ შემცირდეს, არა ჯერ არს ამის გაკეთება; ხოლო თუ სარგებლობას არ ღებულობ, რისთვის იღუპავ თავს? მაგრამ შენ გაჩუმება არ შეგიძლია? ასეთ შემთხვევაში ჰმადლობდე ღმერთს; ადიდე იგი ვინც ამ ღუმელში (განსაცდელისა) გამოგცდის შენ. დრტვინვის ნაცვლად ადიდე. მაშინ ჯილდოც დიდი იქნება, და ტკივილიც ასატანი. ასევე ამბობდა იობიც:“უფალმა მომცა, უფალმა წაიღო“სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა“. (იობ 1,21;2,10). მაშ მხნედ გადაიტანე ყოველივე, რაც შეგემთხვევა: ეს შენთვის მოწამეობრივი ღვაწლია. მოწამეობა როდია, ვინმეს უბრძანო მსხვერპლი შესწიროს კერპებს და არ შეწიროს, არამედ გადაწყვიტოს უმალ დაფლითონ, ვიდრე ბრძანებული აღესრულოს. მოწამეობის გვირგვინს მოვიპოვებთ, როდესაც ვინმე, მიუხედავად ტკივილისა, გადაწყვეტს დაითმინოს, არ დრტვინავდეს, არაფერი თქვას შეუფერებელი. მაშ იობმა იმის გამო კი არ დაიდგა გვირგვინი, რომ ბრძანება მიიღო მსხვერპლი შეეწირა და არ შეწირა, არამედ იმისთვის, რომ მხნედ გადაიტანა მწუხარებანი და პავლეც ამის გამო განდიდდა, რომ მადლობით გადაიტანა გამათრახება, მწუხარებანი და ყოველივე სხვა.