ქრისტე არ დასჯერდა სიკვდილსა და ჯვარს, არამედ კეთილინება ღატაკი, უსახლკარო, შეუმოსავი, საპყრობილეში შემწყვდეულიყო, დაეთმინა სნეულებანი, ოღონდ თავისკენ მიეზიდე. „თუ არ მაჯილდოებ იმისთვის, რომ შენთვის ვევნე,-ამბობს იგი,-ჩემი სიგლახაკე მაინც შეიბრალე. თუ არ გსურს შეიბრალო ჩემი სიგლახაკე, შეგძრას ჩემმა სნეულებამ, მოწყალე იქმენ ჩემი ბორკილების შემხედვარე. თუ არც ეს მოგდრეკს კაცთმოყვარებისკენ, უმნიშვნელო თხოვნას მაინც მიაქციე ყურადღება. გთხოვ არა რაიმე ძვირფასს, არამედ პურის ნატეხს, თავშესაფარს, ერთადერთ მანუგეშებელ სიტყვას. მიუხედავად ყველაფრისა თუ მაინც შეუვალი რჩები, გახდი უფრო კეთილი, ცათა სასუფევლისათვის, ჩემ მიერ აღთქმული ჯილდოების გამო მაინც. მაგრამ შენ ამათაც არაფრად აგდებ? სინანულად განგაწყოს თუნდაც ბუნებრივმა გრძნობამ, მხედავ რა შეუმოსავს, და მოიგონე ის შეუმოსავობა, რომელიც შენთვის ჯვარზე დავითმინე. ხოლო თუ ამის გახსენება არ გსურს, წარმოიდგინე სიშიშვლე, რომელსაც გაჭირვებულთა სახით ვითმენ. მაშინაც შენთვის ვიყავი გაჭირვებული, და ამ ჟამადაც, ოღონდ კი, ან ამან ან იმან შეგძრას და რამენაირი გულმოწყალება მოისურვო. შენთვის ვმარხულობდი და კვლავაც შენთვის ვითმენ შიმშილს. მწყუროდა ჯვარცმულს, მწყურის გლახაკთა სახით, ოღონდ ან ამით ან იმით მოგიზიდო ჩემკენ და შენივ ცხონებისთვის გქმნა კაცთმოყვარე. მართალია ჩემგან დავალებული ხარ საზღაურით, ჩემთა აურაცხელთა კეთილისმყოფელობათა გამო, მაგრამ მე შენსგან ვითხოვ არა როგორც მოვალისაგან, არამედ, გვირგვინოსანგყოფ, როგორც ნიჭისთვის, და ამ მცირედისთვის განიჭებ ცათა სასუფეველს. მაგრამ ვამბობ:“მიხსენ სიგლახაკისგან“, ანუ: „განმადიდრე მე“, თუმცა მე შენთვის გავღატაკდი, პურს გთხოვ მე, სამოსელს, მცირეოდენ ნუგეშს შიმშილობის ჟამს. როდესაც საპყრობილეში ვარ, არ გაიძულებ, ბორკილები ამყარო, საპყრობილედან გამომიყვანო, არამედ მხოლოდ ამ ერთს, -მომინახულო შენთვის შებორკილი, ამასაც დიდ სიკეთედ ჩაგითვლი, მხოლოდ ამ ერთისთვის გჩუქნი ზეცას. მართალია უმძიმესი ბორკილებისგან გიხსენი, მაგრამ მე თავად ვჯერდები იმას, რომ მოისურვე ჩემი-შებორკილების მონახულება. რა თქმა უნდა, უამისოდაც გვირგვინოსანგყოფ, თუმცა მსურს შენი მოვალე ვიყო, მსურს გვირგვინი გარკვეულმა კადნიერებამაც მოგიტანოს. ამიტომ მართალია თავადაც ძალმიძს თავის რჩენა, მაინ დავდივარ და ვითხოვ; შენს კართან ვდგავარ ხელგანრთხმეული. თავად შენთვის მსურს, რათა დამაპურო. რამდენადაც მიყვარხარ, იმდენადაც მსურს რაიმე ვიხმიო შენი სუფრიდან, როგორც მეგობრებს სჩვევიათ. და ვიქები ამით მთელი ქვეყნიერების წინაშე, ყველას გასაგონად; ყველა შემთხვევაში ვამცნობ შენს შესახებ, ყველას ვაჩვენებ ჩემს დამპურებელს.
ჩვენ გვრცხვენია იმისი, ვინც ჩვენ გვასაზრდოებს, და ვცდილობთ არავინ იცოდეს მის შესახებ. მაგრამ ქრისტე, იმდენად რამდენადაც ძლიერ ვუყვარვართ, თუკი თავად ვდუმვართ, ყველას უყვება მრავალი ქებით, თუ როდის რა იყო, და არ რცხვენია თქვას, რომ ჩვენ იგი შევმოსეთ, იყო რა შიშველი, დავაპურეთ, როდესაც შიოდა. ყველაფერს ამას რომ გავიაზრებთ, მხოლოდ ქებაზე ნუ შევჩერდებით, არამედ ჩვენი სიტყვები საქმითაც აღვასრულოთ. რას უნდა ნიშნავდეს ეს ტაშისკვრა? რას უნდა ნიშნავდეს ეს მღელვარება? თქვენგან მე მხოლოდ ერთს მოველი-დამტკიცების საქმით, დამორჩილების გამოცდილებით. ესაა ჩემი ქება, ასაა შენაძენი, ესაა ჩემთვის დიადემაზე უფრო ბრწყინვალე! მაშ, აქედან გასვლისას თქვენთვის და ჩემთვისაც გვირგვინი შემითხზეთ გლახაკთა ხელებით, რათა აწინდელ ცხოვრებაშიც ვსაზრდოობდეთ კეთილი იმედით, და მომავალ ცხოვრებაში გადასახლებულთაც აურაცხელი სიკეთეები მივიღოთ. ღმერთმა მოგვანიჭოს ყოველივე ეს ჩვენ ყველას მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამასა და წმიდასა სულსა აწ და საუკუნეთა უკუნისამდე. ამენ