„... არსებობს კიდევ ერთი სახეობა ლოცვისა – ეს არის წერილობითი ლოცვა. ვინც იერუსალიმში ყოფილხართ, ალბათ, გინახავთ გოდების კედელი, რომელიც ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე არსებობდა. ესაა დიდი უზარმაზარი ქვებით აშენებული კედელი, სადაც მიდიან ებრაელები და არა მარტო ისინი, წერენ ლოცვას, თავის თხოვნას ნაპრალებში დებენ და ლოცულობენ, რომ ღმერთმა შეუსრულოს იგი. ქრისტიანულ სამყაროშიც იყო ასეთი წესი, როცა ადამიანი წერდა და უფალს ან რომელიმე წმიდანს ევედრებოდა.
მოგიყვანთ ერთ მაგალითს: თქვენ იცით, მეოთხე საუკუნეში ცხოვრობდა დიდი მამა და მღვდელმთავარი – იოანე ოქროპირი, კონსტანტინოპოლისა და ბიზანტიის იმპერიის მთავარეპისკოპოსი. ძალიან მძიმე იყო მისი ცხოვრება. დიდება, დევნა და შეურაცხყოფა თითქოს სულ თან სდევდა მას. ეს ის მღვდელმთავარია, რომელსაც მეფემ თავისი შესამოსელი გადასცა და ამის შემდეგ აქვთ მღვდელმთავრებს ასეთი სამოსი. ის, რითაც ახლა მე ვარ შემოსილი, ესეც სამეფო შესამოსელია. ეს თეთრი არის ომოფორი. ეს ნიშნავს „მორწმუნე ერს” და გულისხმობს იმას, რომ მღვდელმთავარი ვალდებულია, თავისი მხრით ატაროს ერი.
წმიდა იოანე ოქროპირი მეფესა და დედოფალს ამხელდა თავიანთი არასწორი მოქმედების გამო. მათ შორის იმდენად დაიძაბა ურთიერთობა, რომ მეფემ და დედოფალმა იგი ციხეში ჩასვეს. შემდეგ გაგზავნეს შორეულ ქვეყანაში – სომხეთში; შემდეგ კი ჩამოიყვანეს საქართველოში, აფხაზეთში და იმ სოფელში მიიყვანეს, რომელსაც კომანი ეწოდება. სოხუმიდან ის დაახლოებით 15 კილომეტრითაა დაშორებული. ეს ის ადგილია, სადაც წმიდა მოწამე ვასილისკოს წყაროა. იგი ბიჭვინთის ციხეში უნდა ჩაესვათ. იქ წმიდა იოანე ოქროპირმა თავისი უკანასკნელი წირვა შეასრულა და წარმოთქვა ისტორიული სიტყვები: „დიდება ღმერთს ყველაფრისათვის“ – ესე იგი, სიხარულისთვის, წამებისთვის; დიდება და მადლობა შესწირა უფალს და იქ გარდაიცვალა. დღესაც არის ქვის სარკოფაგი, რომელშიც წმიდა იოანე ოქროპირი იყო ჩასვენებული და იქვე, საკურთხეველთან იყო დაკრძალული.
გავიდა თითქმის 40 წელი. სამეფო ტახტი უკვე მეფე-დედოფლის შვილს ეკავა. კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა, პროკლემ, მიმართა ახალ მეფეს, გადმოვასვენოთ წმიდა იოანე ოქროპირი კონსტანტინოპოლში, დავაბრუნოთ იგი თავის კათედრაზეო. მართლაც, იმპერატორმა გამოგზავნა დელეგაცია. ამოთხარეს ის ადგილი, ნახეს სარკოფაგი და იხილეს უხრწნელი სხეული წმიდა იოანე ოქროპირისა. რა თქმა უნდა, იმ სარკოფაგს ვერ წაიღებდნენ, რადგან, ძალიან მძიმე, შესაძლოა, ტონაზე მეტიც ყოფილიყო. მათ სურდათ, ამ სარკოფაგიდან ამოეღოთ წმიდა იოანე ოქროპირის სხეული და კონსტანტინოპოლში გადაესვენებინათ. მაგრამ, მოხდა სასწაული: წმიდა იოანე ოქროპირის სხეული ვერავითარი ადამიანური ძალით ვერ ამოიღეს სარკოფაგიდან. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ წმიდა იოანე ოქროპირს არ სურდა უკან დაბრუნება. ისევ დაბრუნდა დელეგაცია კონსტანტინოპოლში და ყოველივე მეფესა და მთავარეპისკოპოს პროკლეს მოახსენეს – წმიდა იოანე ოქროპირი, როგორც ჩანს, განრისხებულია და არ გვპატიობსო. მაშინ მთავარეპისკოპოსმა პროკლემ ურჩია მეფეს – მისწერე წერილი როგორც ცოცხალს და შენი მშობლების სახელით პატიება სთხოვეო. მართლაც, მეფემ დაწერა წერილი, მოაწერა ხელი, დაასვა თავისი სამეფო ბეჭედი და ხელმეორედ წამოვიდა დელეგაცია საქართველოში, აფხაზეთში. და აი, მოხდა სასწაული – როგორც კი ეს წერილი ხელში ჩაუდეს, თავისუფლად ამოიღეს მისი წმიდა ნეშტი სარკოფაგიდან და კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. ეს იმის ნიშანი იყო, რომ წმიდა იოანე ოქროპირმა აპატია და შეუნდო ის ცოდვა, რომელიც ჩაიდინეს ამ მეფის მშობლებმა.
ეს მაგალითი მეტყველებს იმაზე, რომ ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. მე მინდა მოგმართოთ თქვენ და მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, გარდა იმისა, რომ ჩვენ უფლის მიმართ ვლოცულობთ, მივმართავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, მივმართავთ აგრეთვე წმიდანებს – წმიდა ნიკოლოზს, წმიდა პანტელეიმონს, წმიდა გიორგის და სხვებს, როცა დაგებადებათ სურვილი, შეგიძლიათ, დაწეროთ წერილი და დადოთ წმიდა ადგილზე, სადაც ხატებია დაბრძანებული, სადაც ლოცულობთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, იმ ხატთან დადოთ, რომელ წმიდანსაც მიმართავთ; მთავარია, გულით სთხოვოთ, გულიდან ამოვიდეს თქვენი ლოცვა. უფალი, ღვთისმშობელი თუ ეს წმიდანი აუცილებლად შეისმენს მას. გეძლევათ ლოცვა და კურთხევა, რომ ხშირად გამოიყენოთ ეს მაგალითი, რომელიც მე მოგახსენეთ და გაგახსენეთ. ამას ძალიან დიდი ძალა აქვს...“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ქადაგებიდან