მაშ შევიმუსროთ სული ჩვენი, დავიმდაბლოთ გული. რამეთუ ამგვარ მდგომარეობაში შევძლებთ დიდი სიფხიზლით ლოცვის აღვლენასა და ცოდვათა აღიარებით ზეგარდმო დიდი მადლის მოწვევასაც. რომ დავრწმუნდეთ, ამგვარი სულები სათნოა მეუფისათვის, უსმინე რას ამბობს თავად იგი:“ვის მივაპყრობ მზერას-გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს“ (ესაია 66,2). ამიტომ ქრისტემაც თავის მოწაფეებთან საუბარში თქვა:“ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუნებაი სულთა თქუენთა“.(მათე 11,29). რამეთუ ვინც მართლაც იმდაბლებს თავს, არასდროს ღიზიანდება, მოყვასს არ უბრაზდება, რამეთუ სული მისი დამდაბლდა და მხოლოდ საკუთარ თავზე ზრახავს და ამგვარად განწყობილ სულზე ნეტარი რა შეიძ;ლება იყოს! ამგვარი ადამიანი დღემუდამ ქარიშხლისაგან დაცულ უსაფრთხო ნავსაყუდარში ზის და აზრთა აღუშფოთებლობით ტკბება. ამიტომაც თქვა ქრისტემ:“და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი“. მაშ თუ ამ ვნებათა დამაცხრობელი სიმშვიდით ტკბება, მაშინ პირიქით, ზარმაცი, უზრუნველი და უცოდინარი ადამიანი, რომელმაც არ იცის, როგორ ალაგმოს მუდამ მშფოთვარე ვნებები, შინაურ ბრძოლას ეწევა და, თუმცა არავინაა, შფოთავს და დიდი გრიგალი ტრიალებს მასში; როგორც კი ტალღები აიფოფრება და ბოროტ სულთა ქარიშხალი ატყდება, იგი ფსკერზე იძირება და მესაჭის გამოუცდელობის გამო ხომალდი იღუპება.
ამიტომაც ჯერ-არს ფხიზლობა და ღვიძილი განუწყვეტელი ზრუნვა სულის ცხონებისათვის, რამეთუ ქრისტეანი ყოველთვის უნდა ებრძოდეს ვნებებს, გონებაში უნდა ჰქონდეს ყოველთა მეუფისაგან მოცემული მცნებები, მათ მიერ იცავდეს თავს, შესაფერისი სახით სარგებლობდეს ღვთის ჩვენდამი სულგრძელებით, არ ელოდეს მართლაც გამოცდას და მდაბლდებოდეს, რათა ჩვენზედაც არ იყოს თქმული:“რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძებდიან მას“(ფს.77,34).