1. მრავალი მეგობარი მყავდა, სარწმუნო და ჭეშმარიტი, ვინაც იცოდა მეგობრობის წესი და მტკიცედ მისდევდა მას, მაგრამ მრავალთაგან ერთს მაინც გამორჩეულად ვუყვარდი. თავისი სივარულით იგი ბევრად აღემატებოდა სხვა მეგობრებს, თუმცა არც ისინი იყვნენ ჩემდამი გულგრილნი. ყოველთვის ჩემი განუყრელი თანამგზავრი იყო: ერთსა და იმავე მეცნიერებებს ვსწავლობდით და საერთო მასწავლებლები გვყავდა, ერთნაირი წადილითა და გულმოდგინებით ვმეცადინებდით მჭერმეტყველებაში და ერთნაირი სურვილები გვქონდა, რადგანაც ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებდით. ეს ასე იყო მასწავლებლებთან სიარულის დროს, და მერეც, როცა დავასრულეთ სასწავლებელი და ცხოვრების გზის არჩევანის წინაშე დავდექით, ჩვენი აზრები კვლავ ერთმანეთს დაემთხვა.
2. ჩვენი ურთიერთობის სიმტკიცე და დაურღვევლობა სხვა მიზეზებმაც განაპირობა: მამულის უპირატესობით ერთმანეთის წინაშე თავს ვერ მოვიწონებდით, არც ის ყოფილა, რომ მე მოჭარბებული მქონოდა სიმდიდრე, იმას კი უკიდურეს სიღატაკეში ეცხოვრა, ჩვენი ქონება იმდენადვე თანაბარი იყო, რამდენადაც გრძნობები. წარმომავლობაც ერთნაირი გვქონდა, ამნაირად, ყველაფერი უწყობდა ხელს ჩვენს ერთობას.
3. მაგრამ როდესაც მან, ნეტარმა, მონაზვნური ცხოვრება დაიწყო და ჭეშმარიტ სიბრძნისმოყვარეობას შეუდგა, მაშინ კი დაირღვა ჩვენი თანასწორობა. მისი სასწორის ფიცარი შემსუბუქდა და ამაღლდა, მე კი, სოფლის ტრფიალით გზაცთომილმა, ქვე-დავზიდე ფიცარი ჩემი. ჩვენი მეგობრობა უწინდებურად მტკიცე იყო, თუმცა ერთად ყოფნა მოიშალა, რადგან შეუძლებელია ერთად ცხოვრება იმათი, ვინც სხვადასხვა საქმითაა დაკავებული. როცა რამდენადმე გავთავისუფლდი ამქვეყნიური ორომტრიალისაგან, ხელგაშლით მიმიღო, თუმცა ვერც მაშინ ვიცავდით უწინდელ თანასწორობას, რადგან ის უკვე შორს იყო წასული და თან დიდი გულმოდგინებაც გამოიჩინა, ამდენად კვლავ ჩემზე მაღლა იდგა და დიდ საზომს იყო მიღწეული.
4. კეთილი კაცი იყო, ძვირად უღირდა ჩვენი მეგობრობა და იმის მიუხედავად, რომ გაურბოდა ყველანაირ ურთიერთობას, მთელ თავის დროს ჩემთან ატარებდა, თუმცა მე ჩემი დაუდევრობით მაინც ხელს ვუშლიდი. რადგანაც კაცს, რომელიც სამსჯავროსა და თეატრალურ სანახაობებს იყო მიჯაჭვული, შეუძლებელია დიდი დრო გაეტარებინა იმასთან, ვინც მთელი დღე წიგნებს უჯდა და არც კი იხედებოდა საკრებულოსკენ. მაგრამ როცა ეს დაბრკოლებები მოისპო და მეც თავისნაირი ცხოვრების გზას გამიყოლია, მაშინ კი გამოთქვა სურვილი, რომელსაც დიდი ხანია გულში ინახავდა. უკვე არც ერთი წუთით აღარ მშორდებოდა და სულ იმის ჩაგონებაში იყო, რომ თითოეულ ჩვენგანს მიეტოვებინა სახლი და საერთო სამყოფელი გვქონოდა. დამარწმუნა კიდეც, ცოტაც – და ასეც მოხდებოდა.
5. მაგრამ დედაჩემის დაუცხრომელმა ვედრებამ დამაბრკოლა და ამიტომ ვეღარ გავახარე ჩემი მეგობარი, უფრო უკეთ, ვერ შევძელი მისგან შემოთავაზებული პატივის მიღება. დედამ რომ ჩემი განზრახვა გაიგო, ხელი ჩამკიდა, თავის ოთახში გამიყვანა, იმ საწოლთან დამსვა, რომელზეც მშვა, თვალთაგან ცრემლთა ნაკადი წასკდა, და ამ ცრემლებზე მწარე სიტყვები მოაყოლა. ქვითინებდა და მეუბნებოდა: “შვილო, დიდხანს არ დამცლია მამაშენთან ყოფნის სიხარული, ღმერთმა ასე ინება (ანთოსისი, მღვდელმთავარ იოანე ოქროპირის დედა, ოცი წლისა დაქვრივდა). მისმა სიკვდილმა, შენს დაბადებას მალე რომ მოჰყვა, შენ ობლობა გარგუნა, მე კი – ნაადრევი ქვრივობა და ქვრივობის სიმწარე, რომელსაც მხოლოდ ის გაიგებს კარგად, ვისაც გამოუცდია. არავითარ სიტყვებს არ ძალუძს აღწეროს ის ქარიშხალი და ის განცდები, თავს რომ დაატყდება ყმაწვილ ქალს, რომელმაც ახლახან დატოვა მამის სახლი, ჯერაც გამოუცდელია და უეცრად აუტანელი მწუხარება შეემთხვევა, თანაც იძულებულია იტვირთოს საზრუნავი, რაც მის ასაკსაც აღემატება და ბუნებასაც. ცხადია, მან მსახურთა დაუდევრობაც უნდა გამოასწოროს, მათი დანაშაულიც შენიშნოს, ნათესავების ხრიკებიც ჩაშალოს, მანვე უნდა გაუძლოს მეზვერეთა შევიწროებას, მათ მკაცრ მოთხოვნებს ბაჟის აღებისას. თუ ქმრის სიკვდილის შემდეგ ბავშვი რჩება, თუნდაც გოგონა იყოს, ბევრ ზრუნვას მოითხოვს დედისგან, თუმცა ეს ყველაფერი ფულთან და შიშთან არაა დაკავშირებული. ვაჟიშვილი კი ყოველდღე შიშში ამყოფებს დედას და უფრო მეტ ზრუნვას მოითხოვს. აღარას ვამბობ ფულზე, რომელიც საჭიროა, თუ დედას სურს, შვილი კარგად აღზარდოს. მაგრამ განსაცდელმა ვერ მაიუძულა მამაშენის სახლში სხვა სიძის შემოყვანა, მოთმინებით ვიტანდი ქვრივობის ჭირსა და მრავალ მოწევნულ მწუხარებას.
ჯერ ერთი, უზენაესის შეწევნა მაძლიერებდა, მეორე – ამ ტანჯვაში დიდ ნუგეშს მცემდა შენი სახის ჭვრეტა, რადგან მასში ვხედავდი განსვენებულის ნამდვილ, ცოცხალ ხატებას. როცა ჯერაც ყრმა იყავ და ძლივს ტიტინებდი (ამ დროს ბავშვები განსაკუთრებით საყვარლები არიან), დიდად მიმსუბუქებდი დარდს. მოთმინებით ავიტანე ქვრივობის გასაჭირი, არაფერი მომიკლია მამაშენის დატოვებული ქონებისთვის, ამას ვერ მისაყვედურებ. არადა, ბევრ საბრალო ობოლს ხომ სწორედ ასე დაემართა. არაფერი მომიკლია მამაშენის დანატოვარისათვის და თანაც არ დავრიდებივარ აუცილებელ ხარჯებს, რომ სწავლა კეთილად გაგესრულებინა. არ იფიქრო, თითქოს გაყვედრიდე ყოველივე ამას.
ახლა კი გევედრები: მეორე ქვრივობას ნუ მოაწევ ჩემზე, დაშრეტილ მწუხარებას კვლავ ნუ აღმიძრავ შენი განშორებით, დაელოდე ჩემს აღსასრულს. ვინ იცის იქნებ ახლოსაც იყოს იგი, რამეთუ თქვენ, ჭაბუკნი, ელით დღეთა სიგრძესა, ხოლო ჩვენ, მოხუცებული, სიკვდილსღა მოველით. მამაშენის გვერდით მიწას რომ მიმაბარებ, მერე რა გზასაც გინდა, იმას დაადექი, აღარავინ დაგაბრკოლებს. მაგრამ ვიდრე მე ვსუნთქავ, ჩემთან იყავი, ღმერთს ნუ განარისხებ, ნუ მიქადი ასეთ ხიფათებს მე, ვისაც არაფერი დამიშავებია შენთვის. თუ იმას მაბრალებ, რომ მსოფლიო ზრუნვას გაკისრებ და საკუთარ საქმეებზე ფიქრს გაიძულებ, მაშინ გამერიდე, როგორც მტერსა და ავისმოსურნეს, ნუ შეგრცხვება ნურც ბუნების კანონებისა, ნურც აღზრდისა, ნურც ჩვევისა და ნურც რაიმე სხვა მიზეზისა. ხოლო თუ ყოველ ღონეს ვხმარობ, რომ სრული განსვენება მოგანიჭო ამ სოფელში, მაშ დარჩი ჩემთან, ნუ დამიტევებ. შენ კი ამბობ, ბევრი მეგობარი მყავსო, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ მოგანიჭებს ასეთ განსვენებას, რადგან არავინაა, ჩემსავით რომ ზრუნავდეს შენს კეთილდღეობაზე”.
6. ამას და სხვა ამისთანებს მეუბნებოდა დედა, მეც ყველაერი ჩემს დიდსულოვან მეგობარს მოვახსენე. ის კი ამ სიტყვებს როდი დასჯერდა, პირიქით, მეტი დაჟინებით ჩამაგონებდა ადრინდელი განზრახვის შესრულებას. ამ ყოფაში ვიყავი – იგი ხშირად მევედრებოდა, მე კი არ ვეთანხმებოდი – რომ უეცრად ხალხში ხმა დაირხა, თითქოს ჩვენი ეპისკოპოსის პატივში აყვანა იყო განზრახული. ამ ამბავმა ორივე შეგვაშფოთა. შიშმა და გაურკველობამ შემიპყრო: შემეშინდა, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ არ მომხდარიყო ჩემი ხელდასმა, გაურკვევლობა კი იმიტომ დამეუფლა, რომ ხშირად ვფიქრობდი და ვერ გამეგო, საიდან გაუჩნდათ ადამიანებს ასეთი აზრი ჩემს შესახებ. კარგად ვუკვირდებოდი საკუთარ თავს და ვერაფერს ვპოულობდი ჩემში ესოდენ პატივის ღირსს. ამ დროს მეწვია ჩემი დიდსულოვანი მეგობარი და საიდუმლოდ მამცნო ეს ამბავი, მას ეგონა, რომ ჯერ არაფერი ვიცოდი, თანაც მთხოვა ახლაც უწინდელივით ერთნაირად განგვესაჯა და ერთნაირად მოვქცეულიყავი. მარწმუნებდა, რა გზაც არ უნდა აირჩიო, ჩვენი ხელდასხმის მსურველთ დამორჩილდები თუ გაექცევი, მეც უეჭველად შენთან ერთად ვიქნებიო. აშკარად ვხედავდი, რომ იგი მართლაც ყველაფრისათვის მზად იყო და ვიფიქრე, რომ მთელ საეკლესიო საზოგადოებას დიდ ვნებას მოვუტანდი, თუ საკუთარი უძლურების გამო ქრისტეს სამწყსოს მოვაკლებდი ჩინებულ და წინამძღვრობის შემძლე ყმაწვილებს, ამიტომ არ გავუმხილე ჩემი გულისთქმა, თუმცა იმ დრომდე მისთვის არც ერთი ჩემი აზრი არასოდეს დამიმალავს. ვუთხარი, ამ საკითხზე ბჭობა სხვა დროისთვის გადავდოთ, საჩქარო არაფერია-მეთქი, ადვილად დავარწმუნე, რომ არ ეზრუნა ამაზე და მტკიცე იმედი ჰქონოდა ჩემი თანადგომისა, თუკი ნამდვილად დაგვიპირებდნენ ასეთ რამეს.
მცირე ხნის შემდეგ, როცა მოვიდა კაცი, ვისაც ჩვენი ხელდასხმა უნდა აღესრულებინა, მე დავიმალე. ჩემი მეგობარი კი, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა, სხვა საბაბით გაიწვიეს და მან იტვირთა ეს უღელი, სრულიად დარწმუნებულმა, რომ პირობის თანახმად მეც მას მივყვებოდი, ანუ, უფრო უკეთ, ეგონა რომ თვითონ მომყვებოდა მე. ზოგიერთი იქ მყოფები, რაკი დაინახეს, რომ ბასილი ჩიოდა რატომ წამომიყვაენოთო, გაკვირვებულები გაიძახოდნენ: “საოცარი იქნება, თუ ის, ვინც უფრო თამამ კაცად იყო მიჩნეული (ანუ მე), დიდი სიმდაბლით მიიღებს მამათა განჩინებას, ეს კი, უფრო კეთილგონიერი და თავმდაბალი, წინ აღუდგება მამებს და დაიწყებს ცუდმედიდობას, უარყოფას და ცილობას”.
ისიც დაემორჩილა ამ სიტყვებს, ხოლო როცა შეიტყო, რომ მე გავიქეცი, მოვიდა ჩემთან მწუხარებით აღვსილი, ახლოს დამიჯდა, რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ სულიერი მღელვარებით შეძრულმა სიტყვა ვერ დასძრა თქმად. როგორც კი ხმის ამოღებას დააპირებდა, მყისვე ჩერდებოდა, რადგან ურვა არ აცლიდა სიტყვის დადმთავრებას. ცრემლმორეული და შეძრწუნებული რომ ვიხილე (თანაც მიზეზი კარგად ვიცოდი), გავიცინე, დიდი სიხარული გამოვხატე, მის ხელს დავწვდი და ვეამბორე, მერე ღმერთს მადლობა შევწირე, რომ ჩემმა ხერხმა გამოიღო ის კეთილი ნაყოფი, რომელსაც ყოველთვის ვნატრობდი. ჩემი სიხარული და აღტაცება როცა იხილა და შეიტყო, რომ ადრევე მივმართე ამ ხერხს, კიდევ უფრო შეშფოთდა და დამწუხრდა.
7. როდესაც სულიერი მღელვარება ოდნავ დაუცხრა, მითხრა: თუკი მე უკვე უგულებელმყავ და აღარაფრად მაგდებ (არ ვიცი კი, რისთვის), საკუთარ პატივზე მაინც გეფიქრა. ეხლა ყველას მიეცი ლაპარაკის საბაბი, ყველა იმას გაიძახის, ცუდმედიდობის გამო აირიდა ეს მსახურებაო, და ერთი კაციც არ გიცავს ამ ბრალდებისაგან. მე კიდევ გარეთ ვეღარ გავსულვარ, იმდენი ხალხი მოდის ყოველდღე და მსაყვედურობს. ნაცნობები, სადმე ქალაქში თვალი თუ მომკრეს, განზე გავყავართ და მეტწილად ყვედრებით მავსებენ: “ხომ იცოდი მისი ზრახვები (აკი არაფერს გიმალავდა), არ უნდა დაგეფარა, რას ფიქრობდა და ჩვენთვის უნდა გეთქვა, ჩვენ კი, ცხადია, ყოველ ღონეს ვიხმარდით მის მოსანადირებლად”. მე კიდევ ვწითლდები და მრცხვენია მათთვის იმის თქმა, რომ არ ვიცოდი შენი განზრახვა, არ მინდა მეგობრობა პირმოთნეობად მიიჩნიონ. და თუნდაც ეს მეგობრობა მართლაც თვალთმაქცობა იყოს (და ასეცაა, ამას ხომ ვერ უარყოფ შენი ახლანდელი საქციელის შემდეგ), უცხოთაგან, ვინც ასე თუ ისე გვიცნობს, მაინც უნდა დავფაროთ ჩვენი ცუდი ურთიერთობა.
მე ვერ ვბედავ ვუთხრა მათ სიმართლე, ის, რაც ჩვენს შორის იყო, ამიტომ იძულებული ვარ გავჩუმდე, თვალები მიწამდე დავხარო და მოვერიდო შემხვედრთ. პირველ ბრალდებას რომც ავცდე (ჩვენი მეგობრობის არაგულწრფელობის შესახებ), უსათუოდ სიცრუეს მაინც შემწამებენ. ისინი არასოდეს დამიჯერებენ, რომ შენ ბასილიც სხვებს გაუტოლე, იმათ, ვინც არ უნდა იცოდეს შენი საიდუმლო. თუმცაღა მე ეს დიდად არ მადარდებს: შენ ასე გწადდა. მაგრამ როგორ გადავიტანთ სხვა ბრალდებათა სირცხვილს? ზოგი სიამაყეს მოგაწერს, ზოგი – პატივმოყვარეობას, ხოლო უფრო ულმობელი მაბრალობელნი ერთშიც გადანაშაულებენ და მეორეშიც, და იმასაც დასძენენ, რომ ჩვენ შეურაცხვყავით თვით ამომრჩეველნი, მათზე კი ასე ამბობენ: “სამართლიანად მიიღეს, რაც დაემართათ, თუმცა მეტ უპატიობას იმსახურებდნენ იმისთვის, რომ ესოდენ პატივცემული კაცები უგულებელყვეს და აირჩიეს ყმაწვილები, ჯერ კიდევ გუშინ მსოფლიო ზრუნვით შეპყრობილნი. მათ ის იყო ცოტა ხნით ნაცრისფერი კაბები გადაიცვეს (იმ დროს მონაზვნები ჩვეულებრივ ნაცრისფერი ემოსათ) და თავი დამდაბლებულებად მოგვაჩვენეს, რომ უეცრად ისეთ ღირსებაში აიყვანეს, სიზმრადაც კი არ მოლანდებიათ. ისინი, ვინც სიყრმიდან ღრმა სიბერემდე მოღვაწეობაში არიან, ხელქვეითთა ხარისხში რჩებიან, და მათ განაგებენ მათივე შვილები, რომელთაც არც კი სმენიათ მართვა-გამგებლობის კანონების შესახებ”. ასეთი და კიდევ უფრო მეტი ყვედრებით მაწყინებენ და აღარ ვიცი, რით ვიმართლო თავი მათ წინაშე. გვედრი, მასწავე რამე.
ვფიქრობ, შენ უბრალოდ და უმიზეზოდ არ გაიპარებოდი და აშკარა ბრძოლას არ გამოუცხადებდი ამ დიდებულ კაცებს, ეს ნაბიჯი ალბათ რაღაც მოფიქრებული და გარკვეული მიზნისთვის გადადგი. აქედან ვხვდები, რომ თავდასაცავი სიტყვაც გექნება.
მაშ მითხარი, რა სამართლიანი მიზეზი შეგიძლია წარვუდგინოთ ჩვენს მაბრალობლებს. ხოლო იმას, მე რომ უსამართლოდ მომექეცი, არ გსაყვედურობ. არ გსაყვედურობ არც სიცრუეს, არც ღალატს, არც შენდამი ჩემი კეთილგანწყობის არად ჩაგდებას. მე ჩემი სული მოგიტანე და ჩაგაბარე, შენ კი ისე ცბიერად მომექეცი, თითქოს რაღაც უსიამოვნებებს მოელოდი ჩემგან. თუ სასარგებლოდ გიჩნდა ეს განზრახვა (ეპისკოპოსად არჩევა), მაშინ ამ სიკეთეს არ უნდა გარიდებოდი, ხოლო თუ საზიანოდ, მაშინ ჩემთვისაც უნდა აგეცილებინა, რადგან, შენივე თქმით, ყოველთვის ყველას გერჩივნე. შენ კი ყველაფერი იღონე იმისთვის, რომ მე ჩავვარდნილიყავი, და არავითარ მზაკვრობასა და თვალთმაქცობას არ დაერიდე იმის წინააღმდეგ, ვინც ყოველთვის უბრალოდ და უზაკველად გექცეოდა. თუმცაღა, აკი გითხარი, სრულიად არ გსაყვედურობ ამას და არ გადანაშაულებ იმ მარტოობისათვის, რომლისთვისაც გამწირე. შეწყდა თათბირები, რომელთაგან ხშირად ვღებულობდით სიამოვნებასაც და საკმაო სარგებელსაც. მაგრამ ყოვეივე ამას თავს ვანებებ და ვითმენ უსიტყვოდ და მშვიდად, არა იმიტომ, რომ შენი საქციელი უწყინარი იყო, არამედ იმიტომ, რომ შენთან მეგობრობის პირველი დღიდანვე წესად დივიდე – არასოდეს გაიძულო თავის მართლება, რაც არ უნდა მაწყენინო. საკმაო ვნება რომ მომაყენე, შენ იცი, თუკი გახსოვს, რას ამბობდნენ ჩვენზე უცხონი და ჩვენ თვითონაც. კერძოდ, რომ ჩვენთვის ფრიად სასარგებლოა ერთსულოვნების დაცვა და ურთიერთობის სიყვარულით თავის შემოზღუდვა. სხვანი იმასაც კი ამბობდნენ, რომ ჩვენი ერთობა ბევრისთვის იქნებოდა სასარგებლო. თუმცა მე არასოდეს მიფიქრია, რომ შემიძლია სხვებს გამოვადგე. ის კი ვიცოდი, რომ ერთსულოვნება გარეშე მტერთაგან დაგვიცავდა, და ეს არ იქნებოდა უმნიშვნელო სარგებელი. ამას ყოველთვის დაუღალავად გახსენებდი ხოლმე. ეხლა მძიმე დროა. ავის მოსურნე ბევრია, ჭეშმარიტი სყვარული გაქრა, მისი ადგილი დამღუპველმა სიძულვილმა დაიკავა: “უწყოდი რამეთუ შორის საფრხეთასა წარვლი და გარე ქალაქისა ჯებირისა ხვალ” (ზირ. 9,18). მრავალნი არიან, ვისაც ახარებს ჩვენს თავს მოწეული უბედურებები, ისინი ყოველი მხრიდან გარემოგვადგენ, თანამლმობი კი არავინაა, ანდა ძალიან ცოტანი.
გაფრთხილდი, მას მერე, რაც ერთმანეთს დავშორდებით, უფრო მეტი დაცინვა და ზიანი არ დავიტეხო თავს. “ძმაი ძმისა შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი და მაღალი და ძლიერ არს, ვითარცა სამეუფოი მოზღუდვილი” (იგავთა 18,19). ნუ დაარღვევ ამ ერთობას, ნუ დაამხობ ამ სიმაგრეს. დაუცხრომლად გიმეორებდი ამას და ამაზე მეტსაც, მაშინ როცა არაფერი ვიცოდი და სრულიად ჯანსაღად გთვლიდი ჩემთან დამოკიდებულებაში, მხოლოდ გრძნობათა სიჭარბის გამო გთავაზობდა მკურნალობას საღსალამთს. თურმე არ ვიცოდი, რომ წამალს სნეულს ვაძლევდი და ამნაირად მე საბრალომ ვერაფერს მივაღწიე, ვერავითარი სარგებელი ვერ მივიღე ასეთი მზრუნველობისათვის. შენ მეყვსეულად უარყავი ყოველივე და მსუბუქი ხომალდივით გამიშვი გაშლილ ზღვაში, არც კი ცდილხარ წარმოგედგინა მრისხანე ტალღები, მე რომ უნდა შევებრძოლო. თუკი საიდანმე დამატყდა ცილისწამება, დაცინვა ანდა რაიმე სხვა შეურაცხყოფა და მტრობა (ეს კი ალბათ ხშირად მოხდება), ვის შევევედრო, ვის ვაუწყო ჩემი ურვა, ვინ შემეწევა, ვინ მოიგერიებს ჩემს შეურაცხმყოფელთ, ვინ აიძულებს მათ მტერობის შეწყვეტად, ვინ მანუგეშებს და შემეწევა სხვათა უჯერო საქციელის გადატანაში? არავინ მივის, რადგან შენ შორს განუდექი ამ სასტიკ ბრძოლას და ჩემი ხმაც კი არ გწვდება. იცი კი, რა ბოროტება ჩაიდინე? აღიარებ კი ამ მარცხის შემდეგ მაინც, რა უკურნებელი წყლულება მომაყენე? მაგრამ მოდი, ამას თავის დავანებოთ: რაც მოხდა, იმას უკვე ვეღარას ვუშველით, ვერც გამოუვალი ვითარებიდან ვიპოვით გამოსავალს. მაგრამ რა ვუთხრათ უცხოებს? რითი დავიცვათ თავი მათი ბრალდებებისაგან?
8. ოქროპირი: დამშვიდდი, მივუგე მე, მზადა ვარ არა მარტო მაგაზე გიპასუხო, არამედ შევეცდები, რამდენადაც შევძლებ, იმაშიც ვიმართლო თავი, რასაც შენ მპატიობ. თუ გინდა, სწორედ აქედან დავიწყებ თავდაცვას. ფრიად უმადლო, განუსჯელი და ბოროტი კაცი ვიქნებოდი, უცხოთა აზრზე რომ მეფიქრა და მათი ყვედრების დასაცხრობად ყველა ღონე მეხმარა, იმას კი არ ვცდილიყავ, რომ ჩემს უდანაშაულობაში დამერწმუნებინე შენ, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს და ვინც იმდენად მიბრალებს, რომ არ მადანაშაულებს იმაშიც კი, რაშიც, მისივე თქმით, დამნაშავე ვარ, ის, ვინც თავის თავს არად აგდებს და კიდევ ჩემზე ფიქრობს. მაშინ ხომ დიდ უყურადღებობას გამოვიჩენდი ჩემთვის ესოდენ მზრუნველი მეგობრის მიმართ.
ამნაირად, რითი შეურაცხგყავი? აი აქედან დავიწყებ ჩემს თავდაცვას. იმით, რომ ხერხი ვიხმარე და დაგიმალე ჩემი განზრახვა? მაგრამ ეს ბოლოს სასარგებლო გამოდგა შენთვისაც და იმათთვისაც, ვისაც შენი თავი ჩავაბარე დამალვის წყალობით. თუკი დამალვა ყველა შემთხვევაში ბოროტებაა და არასოდეს შეიძლება მისი გამოყენება, თუნდაც კეთილი საქმისთვის, მაშინ მზადა ვარ მივიღო ის სასჯელი, რომელსაც შენ განმიჩინებ. თუმცა რაკი შენ არასოდეს დათანხმდები ჩემს დასჯას, მე თვითონ დავისჯი თავს ისე, როგორც მოსამართლენი სჯიან ხოლმე ბრალმდებელთაგან მხილებულ დამნაშავეებს. და თუკი დამალვა ყოველთვის არ არის მავნე, არამედ კარგი ან ცუდი ხდება კაცის განზრახვის მიხედვით, მაშინ ნუღარ მაბრალებ, რომ მოტყუვდი, დამტკიცე, რომ ხერხი ბოროტი საქმისათვის ვიხმარე. სანამ ეს არ დამტკიცებულა, მანამდე არ უნდა მაყვედრო და მაბრალო, პირიქით, თუ ვინმე ხერხს კეთილი მიზნით იყენებს, ის ქების ღირსია და არა საყვედურის. თავის დროზე და კეთილი განზრახვით ნახმარ ფანდს ისეთი სარგებლობა მოაქვს, რომ მრავალი დასჯილა კიდეც მისი გამოუყენებელობისათვის. მოდი გაიხსენე უსაჩინოესნი მხედართმთავართა შორის, ძველთაგან მოყოლებული, და დარწმუნდები, რომ მათი გამარჯვებები უფრო ხშირად ხერხის შედეგი იყო, და ასეთები უფრო სახელგანთქმულნი არიან, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ ძალით იგებდა ომს. ეს უკანასკნელნი ფულისა და ხალხის დიდი ხარჯით მოიპოვებენ ხოლმე გამარჯვებას, ისე რომ ვერავითარ მოგებას ვერ ნახულობენ მისგან. მძულველნი ძლეულებზე ნალკებ როდი არიან შეჭირვებულნი ჯარის დაღუპვისა და ხაზინის გაღატაკებისაგან. თანაც ისინი მთლიანად ვერ ტკბებიან თავიანთი გამარჯვებით, რადგან ხშირად მასში საკმაო წილი უდევთ დამარცხებულებსაც, რომლებიც ძლეულნი არიან მხოლოდ ხორცით, სულით კი ზეობენ. რომ არ დაცემულიყვნენ და მხნეობა არ დაეკარგათ, ისინი არასოდეს დამარცხდებოდნენ. ხერხის წყალობით გამარჯვებული კი მეტოქეს არა მარტო უბედურებას შეამთხვევს, სასაცილოდაც კი იგდებს ხოლმე. პირველ შემთხვევაში ორივე, მძლეველიცა და ძლეულიც, თანაბრად იღებს ქებას სიმამაცისათვის, ხერხის მოშველიების შემთხვევაში კი ნადავლი მთლიანად გამარჯვებულებს რჩებათ და რაც მთავარია, ქალაქში მოაქვთ გამარჯვების უხინჯო სიხარული. გულის სიუხვე და ხალხის სიმრავლე სხვაა და კეთილგონიერება კიდევ სხვა: პირველი განილევა ომში განუწყვეტელი ხმარებისას, და ბოლოს საერთოდაც ქრება. კეთილგონიერება კი, რაც უფრო ხშირად ინებებენ, მით უფრო მატულობს. და არა მხოლოდ ომში, მშვიდობიან დროსაც შეიძლება ხერხისაგან დიდი და უეჭველი სარგებლობის მიღება. ეს ეხება არა მარტო საზოგადო, არამედ ოჯახურ საქმეებსაც. მაგალითად, ქმრის დამოკიდებულებას ცოლისადმი და ცოლისას – ქმრისადმი, მამის დამოკიდებულებას შვილისადმი, მეგობრის დამოკიდებულებას მეგობრისადმი და თვით შვილის დამოკიდებულებას მამისადმი. ასე მაგალითად, საულის ასული ვერ დაიხსნიდა თავის ქმარს საულის ხელიდან, ხერხი რომ არ ეხმარა, მისმა ძმამ კი (იოანათანმა), თავისი დისგან გადარჩენილის ახალი საფრთხისაგან ხსნა რომ უნდოდა, იგივე ფანდი გამოიყენა (I მეფეთა, 19,20).
ბასილმა თქვა: ყოველივე ეს მე არ მეხება, არც მტერი ვარ და არც მეტოქე, და არც მაწყინებელი, პირიქით, მუდამ შენს ნება-სურვილს ვუთანხმებდი ჩემს გულისთქმას და ისე ვიქცეოდი, როგორც მიბრძანებდი.
9. ოქროპირი: ჰოი, ჩემო საკვირველო და კეთილო კაცო! იმიტომაც ვთქვი წინასწარ, რომ მხოლოდ ომში და მტრების წინააღმდეგ კი არა, მშვიდობიანობის ჟამს, უსაყვარლეს ადამიანთა მიმართაც კი ზოგჯერ სიკეთის მომტანია ხერხის ხმარება. იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ნამდვილად სასარგებლოა არა მხოლოდ იმათთვის, ვინც იყენებს ხერხს, არამედ იმათთვისაც, ვის მიმართაც იყენებენ, მიდი რომელიმე ექიმთან და ჰკითხე, როგორ მკურნალობენ სხეულებს, და გეტყვის, რომ ექიმები ყოველთვის თავიანთ ხელოვნებას როდი სჯერდებიან, ხანდახან ხერხსაც ხმარობენ და ისე განკურნავენ ხოლმე ავადმყოფს. როდესაც ავადმყოფის ახირებული ხასიათი ანდა თვით სენის სიმძიმე ექიმის რჩევებს არ ემორჩილება, მაშინ მკურნალი ხერხს მიმართავს.
გინდა გიამბო ერთ ხერხს, ექიმს რომ უხმარია? ვიღაც კაცს უეცრად ძლიერი ხურვება შეეყარა, სიცხე სულ უფრო მატულობდა. ავადმყოფი უარყოფდა ყველა საშუალებას, რასაც მხურვალების ჩაქრობა შეეძლო, და სთხოვდა, ევედრებოდა ყველა მნახველს, მოეტანათ მისთვის ბევრი ღვინო, რომ მტანჯველი წყურვილი მოეკლა. მაგრამ ვინც ამ თხოვნის შესრულებას დასთანხმდებოდა, ის არა მხოლოდ ხურვებას გაამძაფრებდა, სიშლეგესაც შეყრიდა საბრალოს. როცა საექიმო ხელოვნება უძლური აღმოჩნდა და არავითარი საშუალება აღარ არსებობდა, აი მაშინ გამოჩნდა ხერხის დიდი ძალა. ექიმმა აიღო თიხის ჭურჭელი, ღუმელიდან ახლად გამოღებული, ღვინოში ამოავლო, ცარიელი ამოიღო და წყლით აავსო. ავადმყოფის ოთახი ფარდებით დააბნელებინა, ხერხი რომ არ გამჟღავნებულიყო, და სნეულს მიაწოდა ჭურჭელი, ვითომდა ღვინით სავსე. მას კი, სანამ ფიალას ხელში აიღებდა, ჯერ ღვინის სუნმა დაახვია თავბრუ, და იმის გაგება აღარ შეეძლო, რა მისცეს. ყნოსვას მინდობილმა, სიბნელით ცდუნებულმა და ძლიერი ნდომით აღგზნებულმა დალია წყალი დიდი ხალისით. წყურვილი რომ მოიკლა, მყისვე შეუმსუბუქდა ხურვება და მოსალოდნელ საფრთხესაც გადაურჩა. მაგრამ ექიმების ყველა ხერხი რომ ჩამოვთვალოთ, სიტყვა ძალიან გამიგრძელდება. ისიც უნდა ითქვას, რომ ექიმი არა მხოლოდ ხორციელ, არამედ სულიერ სალმობათა სამკურნალოდაც ხშირად სწორედ ასეთ წამალს იყენებს. ასე მაგალითად, ნეტარმა პავლემ მრავალი ათასი იუდეველი მოიყვანა ქრისტესთან (საქმე 21, 20-26). ამ განზრახვით წინადასცვითა მან ტიმოთე, და ეს მაშინ, როცა გალატელთა მიმართ წერდა: ”აჰა ესერა მე, პავლე გეტყვი თქუენ: უკუეთუ წინადაიცვითოთ, ქრისტემან თქუენ არაი გარგოს” (გალატ. 5,2; საქმე 16,3). ამიტომაც ინახავდა სჯულს, მაშინ როცა თვლიდა, რომ ამაო არს სჯული ქრისტიანისთვის (ფილიპ. 3, 7-9). დიდია ასეთი ხერხის ძალა, ოღონდ იგი ბოროტი განზრახვით არ უნდა გამოიყენოს კაცმა. ანუ უფრო უკეთ, მას ხერხი კი არა ერთგვარი კეთილგონიერება და ხელოვნება უნდა ეწოდოს, რაკი ძალუძს გამოუვალ მდგომარეობიდან მრავალი გამოსავლის მონახვა და სულიერ ნაკლულევანებათა კურნება. ამნაირად, მე არ ვუწოდებ ფინეზს მკვლელს, თუმცა კი მან ერთი დარტყმით ორი კაცი განგმირა (რიცხვთა 25,8). ასევე არც ელიას – ასი მოკლული მხედრის და მათი მხედართმთავრებისათვის, ანდა სისხლის დიდი ნიაღვრისათვის, რომელიც დააქცია ეშმაკთა ქურუმების მოსვრის დროს (IV მეფეთა, 1,3; მეფეთა 18). თუ ეს გამოვეპარა მხედველობიდან, და თუ ვინმე მხოლოდ საქმეთა მიხედვით განსჯის, ისე რომ არ მიხედავს კაცის ზრახვებს, მას შეუძლია აბრაამს შვილის მკვლელობა დააბრალოს, მის შვილსა და შვილიშვილს კი – ბოროტისყოფა და სივერაგე, რადგან პირველი (იაკობი) თავისი ძმის პირველშობილებას დაეუფლა, მეორემ კი (მოსემ) ეგვიპტის საგანძური ისრაელის მხედრობაში გაიტანა (შესაქმე 27; გამოსვლ. 12, 35-36). მაგრამ არა, არა, ნუ ვიქნებით ესრეთ უგუნურ! ჩვენ არათუ ბრალს არ ვდებთ მათ, არამედ ვადიდებთ, რადგან ღმერთმა განადიდა ისინი ამ საქმეთათვის. სამართლიანად უნდა ეწოდოს მაცდური იმას, ვინც ხერხს ბოროტი განზრახვით იყენებს, და არა იმას, ვინც კეთილგონიერების თანახმად იქცევა. ხშირად საჭირო ხდება ხერხის გამოყენება, რათა ამ ხელოვნებით უდიდეს სარგებელს მიაღწიონ, სწორი გზით მავალს კი ხანდახან საკუთარი განზრახვის გამჟღავნება ექცევა ახლობელთა დაღუპვის მიზეზად.
1. კეთილი მიზნით ხერხიც უნდა მოიშველიოს კაცმა. ასეთ შემთხვევაში მას ხერხი კი არა, სანაქებო წინდახედულება უნდა ეწოდოს. ამის დასტურად, ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ რაც ვთქვი, ისიც საკმარისია სარწმუნებლად, ამიტომ სწორედ რომ მოსაწყენი იქნებოდა მაგის თაობაზე სიტყვის გაგრძელება. ისღა რჩება, თავად დამერწმუნო, ნამდვილად გარგო თუ არა ჩემმა საქციელმა?
თქვა ბასილიმ: “როგორ მარგებს შენი წინდახედულება, კეთილგონიერება თუ რაც გსურს ის უწოდე, თუკი მართლაც დამარწმუნებს, რომ არ ვარ შენგან მოტყებული?”
ოქროპირი: გეგულება შენ, ქრისტეს სიტყვების მიხედვით აღსრულებული, ქრისტეს სიყვარულის დამადასტურებელ საქმეზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა საქმე? მაცხოვარი, თავთა მოციქულს, პეტრეს, რომ მიმართავდა, უთხრა: “პეტრე, გიყუარ მეა?” (იოანე 21, 15-16) და როცა მან აღიარა მისი სიყვარული, უთხრა მაცხოვარმა: თუ გიყვარვარ, “დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი” (იოანე 21, 17). იმიტომ კი არ ჰკითხა მოძღვარმა ეს მოწაფეს, რომ არ იცოდა, უყვარდა თუ არა იგი ნამდვილად პეტრეს (განა შეიძლება ეს არ ცოდნოდა ყოველთა გულთამხილველს?), არამედ იმიტომ, რომ ეჩვენებინა ჩვენთვის, თუ როგორ ზრუნავს იგი თავის სამწყსოსა ზედა. თუ ეს გასაგებია, ისიც ნათელი უნდა იყოს, თუ რა დიდსა და გადმოუთარგმანებელ ჯილდოს განიმზადებს მტვირთველი იმ შრომისა, რომელიც თავად ქრისტემ, ასე ძვირად შეაფასა. ჩვენი და იმ ხალხის ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ფარებსა და მსახურებზე ზრუნავს, ფულზეა აგებული და მიუხედავად ამისა, მაინც ის გვგონია, რომ ისინი ასეთ ზრუნვას ჩვენი სიყვარულის გამო იჩენენ. მაცხოვარმა სამწყსო თვისი, ფულითა და სხვა რამეთი კი არა, საკუთარი სიკვდილის ფასად გამოიხსნა, საფასურად საკუთარი სისხლი გაიღო, მაშ როგორი უნდა იყოს ის ჯილდო, რომელსაც ქრისტე ამ სამწყსოს მწყემსმთავართ მიაგებს? ამიტომ იყო, როცა მოწაფემ უპასუხა: “უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ” (იოანე 21, 17) და მან თავად უფალი, სიყვარული თვისი დაიმოწმა. მაცხოვარი ამაზე არ შეჩერებულა, არამედ სიყვარულის ნიშანზე მიუთითა მას. ასე რომ, იმის ჩვენება კი არ სურდა, თუ როგორ უყვარდა იგი პეტრეს – ეს მისთვის უამრავი რამით იყო ცობილი – არამედ იმისა, თუ როგორ უყვარს ეკლესია თვისი და ამიტომ კეთილად მიაჩნია განსწავლა პეტრესი და ყოველი ჩვენთაგანისაც, რათა ვჰყოთ ზრუნვაი დიდი მისსა ეკლესიასა ზედა.
რატომ იყო, რომ არ დაინდო უფალმა ძე თვისი მხოლოდშობილი? იმიტომ, რომ მტრად ქცეული საკუთარი ერი მოეკრიბა თავისაკენ და ექცია იგი “ერად მოგებულად” (ტიტ. 2,14). რატომ დასთხია მან სისხლი თვისი? იმიტომ, რომ შემოეკრიბა ის საცხოვარი, რომელიც მიანდო პეტრესა და მემკვიდრეებს მისას. უმიზეზოდ როდი უთქვამს ქრისტეს: “ვინმე არს სარწმუნოი იგი მონაი და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თვისმან მონათა თვისთა ზედა?” (მათე 24,25). თითქოს ამ სიტყვებსაც გაუგებრობის იერი დაჰკრავს, მაგრამ არა არის რა მიუწვდომელი მისთვის, ვინაც წარმოსთქვა ისინი. სამწყსოსადმი თავისი განუსაზღვრელი სიყვარულის ჩვენება სურდა უფალს, ამიტომ ჰკითხა პეტრეს, გიყვარვარ თუ არაო და არა იმიტომ, თითქოს არ ცოდნოდა, უყვარდა თუ არა იგი მოწაფეს თვისას. ხოდა სიტყვებიც “ვინმე არს სარწმუნოი იგი მონაი და ბრძენი”, იმიტომ როდი უთქვამს, თითქოს არ ცოდნოდეს, ვინ იყო მისი ერთგული და ბრძენი მონა. ამით მან გვიჩვენა, თუ რა იშვიათია ასეთი მონა და რა მნიშვნელოვანი – საქმე, მასზე მინდობილი. და ჯილდოც, ნახე, როგორია: “ყოველთა ზედა მონაგებთა დააადგინოს იგი” (მათე 24,27).
2. კიდევ თუ გეპარება ეჭვი შენი მისამართით ნახმარი ფანდის სიკეთეში, რომელსაც მოჰყვება ზედამხედველობა უფლის ყოველსა სამკვიდრებელსა ზედა და ქმნა იმისა, რისი აღსრულებითაც, როგორც ქრისტემ თქვა, პეტრე უნდა გამხდარიყო უფროისი სხვათა მოციქულთა შორის. პეტრე – “გიყუარ მე უფროის ამათსა? – აძოვენ კრავნი ჩემნი” (იოანე 21,15). არადა, ხომ შეეძლო ეთქვა: “თუ გიყვარვარ, შეუდექი მარხვას, იძინე შიშველ მიწაზე, იფხიზლე მარადჟამს, დაიცავ შეჭირვებულნი, ეყავ ობოლთ მაგიერი მამისა და დედისა; მაგრამ რას ამბობს, ყოველივე ამის ნაცვლად? “აძოვენ კრავნი ჩემნი”. ამის აღსრულებას, რაც ახლა ვთქვი, ბევრი კაცი და ქალიც კი, თვით სამწყსოდანაც, ადვილად შეიძლებდა. მაგრამ როცა საქმე ეკლესიის წინამძღოლობასა და უამრავ სულზე ზრუნვას ეხება, ყოველნი დედანი და მამათა უმეტესობაც, ასეთ დიდ საქმეს, უნდა მოერიდონ. ეს უნდა იტვირთონ იმათ, რომელნიც მრავალთ ისევე აღემატებიან სათნოებით, როგორც საული აღემატებოდა თავისი სხეულის სიდიდით ებრაელთ (I მეფეთა 10,23), და უფრო მეტადაც. ამასთან, ასეთ დროს, სხეულის სიდიდეს კი არ უნდა მიექცეს იმდენად ყურადღება; მწყემსი ისევე უნდა განსხვავდებოდეს სამწყსოსაგან, როგორაც გონიერი პირუტყვისაგან.
მავანს, შეიძლება მგლებმა, ავაზაკებმა, ან რაიმე სხვა უბედურებამ მოუსრას ფარა. ეს ამბავი ბატონმა იქნება კიდეც შეუნდოს მწყემსს. პასუხი რომც აგებინონ ამის გამო, დანაკლისი ფულით უნდა ზღოს. მაგრამ თუკი კაცი, მასზე მინდობილ, გონიერ ქრისტეანთა სამწყსოს განაბნევს, იგი ქონებას როდი ვნებს, არამედ სულს თვისას. ასე რომ, მას ფრიად მნიშველოვანი და უძნელესი მოღვაწეობა ელის. იგი არც მგლებს ებრძვის, არც ავაზაკებისა ეშინია და არც იმის ფიქრი აქვს, სენმა არ მომისრასო ფარა. მაშინ, ვისთან აქვს ომი და ვის ებრძვის? მოუსმინე, რას ამბობს ნეტარი პავლე: “რამეთუ არა არს ბრძოლად ჩუენი სისხლთა მათ მიმართ და ხორცთა... არამედ სოფლის მპყრობელთა მათ მიმართ ამის ბნელისათა” (ეფ. 6,12). ხედავ, საშინელს, მძვინვარე ლაშქარს მტრისას, რკინის საჭურველი მას არ სჭირდება; საკუთარ არსებაშივე უდევს ყველანაირ იარაღზე უფრო მეტი ძალა. სამწყსოს სხვა, კიდევ უფრო მეტად კადნიერი და დაუნდობელი ჯარიც მოუხდება ხოლმე, მისი ნახვაც გინდა? მაგის დანახვაც იმ სიმაღლიდან (წმინდა წერილიდან) თუა შესაძლებელი. პირველ ლაშქარზე, რომ გვიამბობდა, მანვე გვამცნო სხვების შესახებაც: “რამეთუ ცხად არიან საქმენი ხორცთანი, რომელი არიან: სიძვანი, მრუშებანი, არა-წმიდებანი, ბილწებანი, კერპთ-მსახურებანი, წამლობანი, მტერობანი, ხდომანი, შურობანი, გულის წყრომანი, წვალებანი, შფოთებანი” (გალ. 5,19; II კორ. 12,20) და სხვანი მრავალნი. ყველა არ ჩამოუთვლია, დანარჩენების ცნობა ჩამოთვლილის მიხედვით მოგვანდო. ამასთან, თუ ნახა სამწყსოს დარბევის მსურველმა, მწყემსნი უტყვნი და ბრძოლის ჟამს გაქცეულნი, აღარ ეომება მათ, სამწყსოს დატაცებას ჯერდება. მაგრამ თუ მწყემსს ვერ სძლია მტერმა, მთელი სამწყსო რომ მიიტაცოს, მაინც არ დაოკდება. ან უნდა სძლიოს მწყემსს ან თავად უნდა დარჩეს მისგან ძლეული, ისე არ შეწყვეტს ბრძოლას.
გარდა ამისა, ცხვარს ადვილად შეატყობს კაცი გასაჭირს. შიმშილი იქნება ეს, სენი, ჭრილობა, თუ სხვა რაიმე ზიანის მომტანი. ეს ამბავი განკურნებას ძალინ უწყობს ხელს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება აჩქარებს განკურნებას, დაავადების ძლევის საქმეს. სახელდობრ, რა? ცხვარმა თავის ნებით არ ისურვა წამლის მიღება, მწყემსთ უფლება აქვთ, რომ დააძალონ წამალი. თუ საჭირო გახდა მოწვა (რაიმე ნაწილისა), ან მოკვეთა, ადვილად შეკრავენ ცხვარს და არ გაუშვებენ გარეთ, თუ არგებთ, ერთ საკვებს – მეორეთი შეუცვლიან, წყალზეც არ მიუშვებენ, და მოკლედ, ყველაფერს რაც განკურნებისთვის იქნება საჭირო, ადვილად გააკეთებენ და მოახერხებენ.
3. მაგრამ ადმაიანში სწორედ სენია მიჩქმალული და ძნელად დასანახი. რამეთუ “ვინმე უკუე იცის კაცმან კაცისაი, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა” (I კორ. 2,11). ჰოდა, როგორ იხმარ წამალს იმ სენის მიმართ, რომლის თავისებურების შესახებაც არაფერი იცი, ის კი არა, ხშირად იმასაც ვერ მიმხვდარხარ, კაცი ავადაა თუ არა? თუ სნეულებას აღმოაჩენენ, მკურნალებს კიდევ უფრო მეტი სირთულეები ელით. განა ექიმის უფლებები ისე ვრცელდება ადამაინებზე, როგორც მწყემსისა – ცხვრებზე?! აქაც საჭირო ხდება ხოლმე შეკვრა, საზრდელის აკრძალვა, მოწვა და მოკვეთა. მაგრამ ამ შემთხვევაში, მკურნალობა უნდა წარიმართოს უშუალოდ სნეულის, და არა მკურნალის ნებით. ეს ყველაფერი კარგად იცოდა კაცმა გასაოცარმა (პავლემ), და ამიტომ უთხრა კორინთელთ: “არა თუ უფლებით რას სარწმუნოებასა მაგას თქუენსა ზედა, არამედ თანაშემწენი ვართ სიხარულისა (II კორ. 1,24). ქრისტიანთ, ყველასაგან განსხვავებით, უფრო ძლიერად ეკრძალებათ ცოდვილთა ძალით გამოსწორება, გარეშენი და წარმართთა მოსამართლეები დამნაშავეთ კანონების მიხედვით ასამართლებენ, უფლებამოსილნი არიან მათზე და ამიტომ; ამ კანონის ძალით, დამნაშავეთაგან ძველი ჩვეულებების უკუგდებას იძულების წესით ითხოვენ. აქ კი, ცოდვილი ძალით კი არა, შეგონებით უნდა მოიყვანო გამოსწორების გზამდე. რჯულის მიხედვით, ჩვენ არ გვეძლევა ცოდვილთა გამოსწორების სხვაგვარი უფლება. რომც გვქონდეს, ამ უფლებას მაინც ვერ გამოვიყენებთ, რადგან ღმერთი მხოლოდ მას აჯილდოებს, ვინც თავისი ნებით განუდგება საქმესა საძრახსა და არა იძულებით. სწორედ დიდი ხელოვნებაა საჭირო, სნეული ისე დაარწმუნო მკურნალობის აუცილებლობაში, მოძღვართან თავისი ნებით მივიდეს და მადლობელიც დაგირჩეს. სამკურნალოდ იძულებით მიყვანილმა, საკვრელთაგან თავის დაღწევა თუ მოინდომა (და მას აქვს ამის უფლება), თუ შეიძულა სიტყვები განმკვეთელი უფროის რკინისა, უფრო მეტადაც გაიუბედურებს თავს, რადგან ეს უარყოფა მას ახალ ჭრილობას შესძენს და სამკურნალო საშუალება უმძიმესი დაავადების მიზეზად ექცევა. ასე რომ, ძალით, სნეულის ნების წინააღმდეგ, არავის ძალუძს მისი განკურნება.
4. თუკი იოლი საშუალებებით მიუდექი მას, ვისაც ძლიერი მკურნალობა სჭირდება, ან არ ჩაუჭერი ჭრილობა ისე ღრმად, როგორც საჭირო იყო, რა გამოვა? ჭრილობის ნაწილს უწამლებ, ნაწილს – ვერა. თუკი არ დაზოგავ და ისე მოახდენ სათანადო გაკვეთას, ავადმყოფმა შეიძლება ვერ გაუძლოს წამებას და უარი თქვას ყველაფერზე: წამალზე, გადახვევაზე. შეიძლება სულაც შემოიგლიჯოს ყველაფერი და თავი უფსკრულს მისცეს. მე შემიძლია გიჩვენო შენ ხალხი, უკიდურესად გაბოროტებული, ამ ზომამდე ისინი სწორედ სასჯელმა მიიყვანა, რომელიც მათ ცოდვების შესაბამისად დაედოთ. ადვილი არ უნდა იყოს ცოდვათა მიხედვით სასჯელის განსაზღვრა, ცოდვილთა ამტანობის გათვალისიწინება, არც ის, რომ ჭრილობა შეკერვისას უფრო მეტად არ დაზიანდეს ან ცოდვილს, აღდგენის მცდელობაში, უფრო მეტად არ ავნო რაიმე და არ დასცე იგი. თუ სუსტებსა და უძლურებს, რომელნიც უფრო მეტად არიან მიცემულნი ამ სოფლიურ სიტკბოებას, და თავიც კი მოაქვს საკუთარი წარმომავლობითა და უფლებებით, თანდათან და ნელ-ნელა განვაყენებთ ცოდვათაგან, ისინი სრულებით თუ არა, ნაწილობრივ მაინც შეიძლებენ საკუთარ ბიწიერებათაგან განთავისუფლებას. მაგრამ თუ ვინმე ერთბაშად მოინდომებს მათ გამოსწორებას, შეიძლება მცირედი გამოსწორების საშუელბაც კი მოუსპოს ამით.
სულს, თუნდაც ერთხელ ძალით სირცხვილეულს დაეუფლება უგრძნობელობა და აღარ ისმენს სიტყვებს უწყინარს, არც რისხვას შეეპუება, სათნოებასაც კი არ მიიკარებს და ემსგავსება ქალაქს, რომელზედაც თქვა წინასწარმეტყველმა: “შესახედავი მეძავისა იქმნა შენდა უსირცხვილოებად ყოველთა მიმართ” (იერემია 3,3), ამიტომაა, რომ მწყემსს მოეთხოვება კეთილგონიერება დიდი, თვალი – ყოვლისმხედველი, რათა სრულყოფილად შეიძლოს სულის დაკვირვება. ბევრს არ ძალუძს რაკი მკაცრი მკურნალობის ატანა, განფიცხდება და კარგავს სასოებას ხსნისას, ბევრია ისეთიც, რომელთაც არ დაედოთ ცოდვათა შესაბამისი სასჯელი და ეს გახდა მიზეზი მათი უფრო მეტი უზრუნველობისა, უკეთურებისა და ცოდვისა. ასე რომ, მოძღვარის ვალიც ისაა, კარგად გამოსცადოს ცხოვარნი მისნი, სრულყოფილად გამოიძიოს საქმენი მათნი და მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა, რათა გულმოდგინება მისი არ იყოს ფუჭი და ამაო. და მარტო ეს როდია მისი მოღვაწეობის სიძნელე, ეკლესიისაგან განდგომილი წევრების კვლავ დაბრუნება ურთულესი საქმეა. ფარა, თავისი მწყემსის კვალს მისდევს, მას მიჰყვება. რომელიმე მათგანი სწორ გზასა და კარგ საძოვარს თუ ჩამორჩა, იყიალებს ერთ ხანს ფლატესა და უნაყოფო მიწაზე. საკმარისია, ერთხელ, ხმამაღლა დაიყვიროს მწყემსმა, რომ მყისვე შეიყარონ ცხოვარნი განბნეულნი. მაგრამ თუ ადამიანი განუდგება რწმენის სწორ გზას, მოძღვარს დიდი შრომა, გულმოდგინება და მოთმინება მართებს.
ადამიანის არც ძალით მოქცევა შეიძლება, არც დაშინებით იძულება. იმ ჭეშმარიტებამდე, რომელსაც განუდგა, მისი მიყვანა შეგონების გზით უნდა მოხდეს. რა მხნეობა და ძლიერი სულია საჭირო, რომ არ მოუძლურდე და არ წარგეკვეთოს სასოება გზააბნეულთა ცხოვრებისა, სულ რომ გახსოვდეს: “მო-ხოლო თუ-სცეს მათ ღმერთმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა და განიფრთხონ საფრთხისაგან ეშმაკისა” (II ტიმ. 2, 25-26). ამიტომ იყო, მოწაფეებთან საუბრისას რომ თქვა უფალმა: “ვინმე არს სარწმუნოი იგი მონაი და ბრძენი?” (მათე 24,57) მოქალაქობის* მტვირთველს თავისი თავისათვის მოაქვს სიკეთე, ხოლო ღვაწლი მწყემსისა მთელ ერს სწვდება. როცა განმკითხველი შეჭირვებულთა და არაფრის მქონეთ ფულით ან სხვა რამით უმართავს ხელს, იგი ამით ერთგვარად ეხმარება ახლობელთ. მაგრამ მისი ქმედება იმდენად მცირეა მოძღვრის ღვაწლთან შედარებით, რამდენადაც სულია სხეულზე მაღალი. სწორედ, რომ სამართლიანად ამბობს უფალი, რომ ზრუნვა მისსა სამწყსოსა ზედა სხვა არაფერია, თუ არა მისდამი სიყვარულის გამოვლინება.
ბასილი: და შენ განა არ გიყვარს ქრისტე?
ოქროპირი: მიყვარს და მუდამაც მეყვარება, მაგრამ მეშინია არ შევურაცხყო სიყვარული ჩემი.
თქვა ბასილიმ: განა იქნება გამოცანა და ამაზე უფრო ბნელი? ქრისტემ უბრძანა მოყვარულთა მისთა მწყემსვა ცხოვართა თვისთა. და შენ, იმიტომ ამბობ მწყემსვაზე უარს, რომ თურმე უფალი გიყვარს.
ოქროპირი: ვუთხარი, არაფერია ჩემს სიტყვებში გამოსაცნობი. პირიქით, ძალიან მარტივია და ნათელი. რომ შემეძლოს ამ საქმის მაცხოვრის ნებისაებრ აღსრულება და მაინც თავს ვარიდებდე მას, ჩემი სიტყვები მართლაც გაუგებარი იქნებოდა. მაგრამ თუკი ვამბობ, რომ ამ საქმისათვის საკუთარი უძლურება მხდის-მეთქი ურგებს, მაშინ რაღაა ჩემს სიტყვებში გაუგებარი? მეშინია, ჩემზე მონდობილ ძლიერსა და ჯანმრთელ ქრისტიანულ სამწყსოს, ჩემი უყურადღებობით არ ევნოს რაიმე და არ განმირისხდეს უფალი, რომელმაც თვისთა ცხოვართა გამოხსნისა და ცხოვნებისათვის დასდვა თავი თვისი.
თქვა ბასილიმ: არ ამბობ მართალს. და თუ ამბობ, ეგ სიტყვები, რომელთა მეშვეობითაც ჩემი ურვის გაქარწყლებას ცდილობდი, სწორედ რომ ჩინებული დადასტურებაა იმისა, რომ წუხილი ჩემი ჯეროვანია და სამართლიანი. ადრეც ვხვდებოდი, ფანდს ადვილად რომ აგნებდი, არც ჩემი გაცრუება გიჭირდა; მაგრამ ახლა, რომ გიყურებ რა ძლიერად ცდილობ ბრალდების აცილებას, უფრო ნათლად ვხედავ, რა უბედურებასაც მწიე. თუკი შენ მსახურებას იმ აზრით განერიდე, რომ სული შენი უძლურ არს და ვერმტვირთველ ამ უღელისა, მაშინ მე შენზე უწინ, თავად რომ ძლიერადაც მდომოდა, მაინც უნდა გაგერიდებინე ამ საქმისაგან, მით უმეტეს, რომ იცოდი ჩემი აზრი მაგის თაობაზე. ახლა კი რა გამოვიდა, შენს თავზე იზრუნე, მე – დაგავიწყდი. ო, ფრიად სასურველი კი იქნებოდა, მართლაც რომ დაგვიწყებოდი, მაგრამ შენ ხომ განგებ წარმართე ყველაფერი ისე, რომ ჩემს მძებნელთ ხელიც კი შეეწყოთ. იმას ვერ ვიტყვი, თითქოსდა ხალხის ლაპარაკს ემოქმედოს შენზე და ჩემში რაღაც დიდსა და საოცარს ხედავდე. მე არ ვეკუთვნი იმ ხალხს, ქებასა და გაკვირვებას რომ იმსახურებენ, მაგრამ ასეც რომ იყოს, განა შეიძლება ხალხის ნათქვამის დაჯერება?! მე და შენ რომ ერთად, გვერდიგვერდ არ ვიყოთ ნაცხოვრები, ხალხის ნათქვამის ყურადღება, გარკვეულად, საპატიო მიზეზადაც ჩაგვეთველებოდა. მაგრამ თუკი შენზე უფრო ახლოს არავინ მიცნობს, თუკი ჩემი სულისა ყველაზე მეტად, ვიდრე მშობელთა და აღმზრდელთა ჩემთა, შენ გაგეგება, მაშინ რით გინდა დამარწმუნო, რომ ამ სახიფათო საქმეს განგებ არ შემყარე? მაგრამ, გავანებოთ ეხლა მაგას თავი. არ მინდა თავის მართლება გაიძულო. ის მითხარი, რა ვუპასუხოთ მბრალდებელთა ჩვენთა?
ოქროპირი: თუნდაც ათასჯერ მომიტევო, სანამ ჩემით არ გავიმართლებ თავს შენს წინაშე, მანამ მაგის შესახებ არაფერს ვიტყვი. როგორც შენ ამბობ, რომ არ მცნობდი და ისე მიმეყვანე მაგ მდგომარეობამდე, მაშინ ჩემი უცოდინრობა გამამართლებდა კიდეც, მაგრამ რაკი გიცნობდი და თანაც ძალიან კარგად, ამიტომ აღარ რჩება არანაირი საპატიო მიზეზი ჩემი გამართლებისა. მაგრამ მე სულ სხვას გეტყვი: რადგანაც ამ საქმეში დიდი გამოცდილების ქონაა საჭირო, ის ვინც მავანის მღვდელმთავრად წარდგინებას განიზრახავს, არ უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ხალხის ნათქვამით, არამედ ამასთან ერთად და ყველაზე მეტად და პირველ რიგშიაც, ხალხზე უწინ, თავად უნდა იყოს დარწმუნებული მავანის შესაძლებლობებში.
ნეტარი პავლეს სიტყვები: “არამედ ჯერ არს, რაითა წამებაიცა კეთილი აქუნდეს გარეშეთაგან...” (I ტიმ. 3,7) არ უგულებელყოფს მკაცრი და სარწმუნო გამოცდილების საჭიროებას, მაგრამ ამასთან ხსენებული მოწმობა როდი მიაჩნია ასეთი პირების ღირსების უმთავრეს ნიშნად. ამაზე უწინ, მან ბევრი რამ თქვა და მერე დასძინა, რომ ამორჩევისას, ამ ერთი ნიშნით კი არ უნდა დავკმაყოფილდეთ, არამედ იგი უნდა გავითვალისწინოთ დანარჩენებთან ერთად. ხალხის ნალაპარაკევით ადვილად მოტყუვდება კაცი. მაგრამ წინასწარი და მკაცრი გამოცდილების შემდეგ აღარ რჩება არანაირი საფრთხე. ამიტომ იყო, დანარჩენების მერე, რომ ახსენა მან მოწმობა “გარეშეთაგან”. ამაოდ როდი უთქვამს: “სარწმუნო არს სიტყუაი... კეთილსა საქმისა გული ეტყვის” (I ტიმ. 3,1), მაგრამ დაუმატა “და გარეშეთაგან”. მას სურდა განემარტა ჩვენთვის, რომ მოწმობას გარეშეთაგან მკაცრი გამოცდილება უნდა უძღოდეს წინ. და რადგანაც მე საკუთარ მშობლებზე უკეთ გიცნობდი, რაზედაც თავად დამემოწმე, საცა სამართალია, ყველანაირი ბრალი უნდა მომეხსნას.
თქვა ბასილიმ: ვინმემ რომ შენი გასამართლება მოინდომოს, სწორედ მაგ მიზეზით ვერ გაგამართლებს. განა არ გახსოვს, უამრავჯერ მითქვამს და შენი თვალითაც გინახავს უძლურება ჩემი სულისა, მცირედი დაბრკოლებისას რომ უმალ სულიერად ვეცემოდი? მაგაზე არ იყო განა, მუდამ რომ დამცინოდი?
ოქროპირი: მახსოვს და არ უარვყოფ, რომ მსგავსი სიტყვები შენგან გამიგონია. მაგრამ მართლა კი არ ვიცინოდი, არამედ ხუმრობით. ისე კი, მაგის შესახებ კამათს არ ვაპირებ. გულწრფელობას არც მაშინ მოვითხოვ შენგან, როცა იმ სათნოებათა გახსენებას მოვყვები, რომელიც უკვე მოიპოვე. მაგრამ თუკი ჩემს შეწინააღმდეგებას იმ აზრით დაეპირები, თითქოს მე ვტყუოდე რაიმეს, მაშინ მართლა აღარ დაგინდობ და დაგიმტკიცებ, რომ ეგ უარყოფა სამართლიანობით კი არა, თავმდაბლობით მოგდის და ამის დასატკიცებლად სხვა რამეს კი არა, ისევ შენ საქმეებსა და სიტყვებს მივმართავ. პირველ რიგში, გკითხო მინდა: იცი, რა ძალა აქვს სიყვარულს? ქრისტეს არ უხსენებია არცერთი იმ სასწაულთაგანი, რომელიც მოციქულთ უნდა აღესრულებინათ, მაგრამ ის კი თქვა: “ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას” (იოანე 13,35), პავლე კი ამბობს: “აღმსარებელი შჯულისაი არს სიყუარული” (რომ. 13,10) და თვინიერ მისსა, ყველანაირ ტალანტი ურგებიაო (I კორ. 13,12). აი, ეს განძი პირველი, თვისება, ქრისტეს მოწაფეთა სხვათაგან გამომარჩეველი, წყალობა გარდამეტებელი, შენ სულში ვნახე მტკიცედ დანერგილი, ვიხილე ნაყოფიცა მისი უხვი.
თქვა ბასილიმ: არ უარვყოფ, მართლაც ბევრს ვზრუნავ და ძალიან ვცდილობ, რომ აღვასრულო ეგ მცნება. მაგრამ ნახევრადაც რომ არ დამიმარხავს იგი, ამაზე თავად უნდა დამერწმუნო, თუკი ტყუილს არ იკადრებ.
ოქროპირი: რაკი ასეა, საბუთებს მოვიშველიებ მეთქი, ვუთხარი, და რითაც ადრე გემუქრებოდი, ახლა აგისრულებ და სწორედაც რომ დაგიმტკიცებ, რომ შენ უფრო თავმდაბლობისაკენ იხრები, ვიდრე სამართლიანობისაკენ. ერთ ამბავს, ახლა რომ მოხდა, იმას მოვყვები, ძველს არ შევეხები, ვინმეს რომ არ ეგონოს, უწინდელი ამბებით ვცდილობდე ჭეშმარიტების დაბინდვას. ამ შემთხვევაში კი დროის სიახლოვე არ მომცემს ნებას, რაიმე ტყუილით გადავფარო.
6. როცა ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს სიამაყესა და კადნიერებაში დასწამეს ცილი და ამით უკიდურესი საფრთხის წინაშე დააყენეს, მაშინ არავის დაუძახია შენთვის საშველად, ბრალდებულსაც არ უთხოვნია შეწევნა, შენით ჩაიგდე თავი საფრთხეში. ასე იყო ეგ საქმე.
შენივე სიტყვებით რომ გამხილო, შენსავე ნათქვამს მოვიგონებ. როცა მაგ საქციელისათვის ნაწილი გკიცხავდა, ნაწილი კი გაქებდა და გადიდებდა, შენ ასე უპასუხე გამკიცხავთ: “რა ვქნა? თუ ჩემი მეგობარი გასაჭირშია, მისთვის სულიც კი უნდა გავწირო, სხვანაირი სიყვარული არ შემიძლიაო”. სრულყოფილი სიყვარული ასე განუმარტა მაცხოვარმა მოწაფეებს: “უფროისი ამისა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის”. შენ სწორედ იგივე აზრი გაიმეორე, ოღონდ სხვა სიტყვებით. ასე რომ, თუკი არ არის ამაზე მაღალი საფეხური სიყვარულისა, შენ უკვე მისულხარ მის უკიდურეს, უმაღლეს წერტილამდე. ახლა მაინც თუ დაგარწმუნე, რომ ბოროტი ნდომით და ზრახვით არ ჩამიგდიხარ საფრთხეში, არამედ წინასწარ ვიცი სარგებელი მაგ საქმისა, ამიტომაც მიგიჩინე ეგ სარბიელი.
ბასილიმ თქვა: ე.ი. შენ ამბობ, რომ ახლობლების დამოძღვრისათვის სიყვარულია საკმარისი?
ოქროპირი: მაგ მიზნის მიღწევისათვის სიყვარული სწორედ რომ უმნიშვნელოვანესი პირობაა, მაგრამ თუ გსურს, რომ შენი კეთილგონიერების დამამტკიცებელი საბუთებიც მოვიყვანო, არ დავაყოვნებ და დაგიმტკიცებ, რომ შენი კეთილგონიერება აღემატება კიდეც შენს სიყვარულს.
ამის გაგონებაზე ალმური მოედო ბასილის და თქვა: ჩემზე საუბარს თავი გავანებოთ. ეგ არც ადრე მითხოვია შენთვის; თუ რაიმე მართებულის თქმა შეგიძლია გარეშეთა შესახებ, სიამოვნებით მოგისმენ. გავანებოთ ამ ამაო კამათს თავი. მითხარი, რა პასუხი გავცეთ შენთვის ესოდენ დიდი პატივის მონიჭების მსურველთ; ან იმ ხალხს რა ვუთხრათ, შენს პატივმდებელთ, ამ ამბის მერე აგდებით რომ გიყურებენ, რითი ვიმართლოთ მათ წინაშე თავი?”
ოქროპირი: თვითონაც ვჩქარობ მაგაზე საუაბრის დაწყებას. რადგანაც შენთან მოვრჩი ლაპარაკს, მაშინ თავდაცვის მაგ ნაწილს მივუბრუნდები. როგორია მათი ბრალდებები, რაში მედება ბრალი? ამბობენ, ამომრჩევლები იმას შეურაცხყო და დაამცირა, რომ მე უარი ვთქვი იმ პატივზე, რომლის მოგებაც მათ ჩემთვის სურდათ. ჯერ ერთი, ის მინდა გითხრა, რომ ხალხი არ დარჩესო შეურაცხყოფილი, ამაზე დარდი უჯეროა მაშინ, თუკი მათ პატივისცემაზე ზრუნვას ღვთის გარდაუვალ გმობამდე მივყავართ. ვინც ამის გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, თუნდაც ძალიან გამწარებული, ჩემი აზრით, საკუთარ თავს ამით დიდად ვნებს.
ის ხალხი, რომელმაც თავისი სიცოცხლე მიუძღვნა ღმერთს და მხოლოდ მას შეჰყურებს, ისეთი კეთილგონიერების საზომს კი უნდა იყოს, ათასჯერაც რომ გამწარდეს, მაინც არ იგრძნოს თავი შეურაცხყოფილად. რაც სხვადასხვა სახის კადნიერებებს შეეხება, არანაირი კადნიერება ფიქრადაც კი არ მომსვლია და ამის დასტურად ესეც გამოდგება: თუკი მე ეს ყველაფერი კადნიერებისა და სიამაყის გამო ჩავიდინე, როგორც ზოგიერთები ამბობენ და რაც შენც არაერთხელ გითქვამს, - რაღაზე უარვყავი ხალხის დიდებული და ფრიად საპატივცემულო და ჩემთვის კეთილის მსურველნი? განა ამართლებს ჩემი საქციელი ჩემთა მბრალმდებელთა სიტყვებს? თუკი უდანაშაულო ხალხის შეურაცხმყოფელი სასჯელის ღირსია, კეთილი ხალხის პატივისმცემელი რატომ არ უნდა იყოს შექების ღირსი? იმას ვერავინ იტყვის, რომ მათთვის მცირე ან დიდი საფასე მქონდეს მიცემული და ამომრჩეველთ თითქოს სამაგიეროს გადახდის სურვილით მიეღოთ ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ, თუ მაინც თქვეს, მაშინ როგორ სასჯელს იმსახურებენ ისინი ამისთვის? თუკი ასეთი რამ აზრადაც არ მომსვლია და სულ სხვა რამის გამო ავაცილე ეს მძიმე უღელი, თუ არ გამამართლებენ, რაღაზე არ უნდა შემინდონ მაინც საკუთარი სულის გაფრთხილება? ოდანავადაც არ მიფიქრია ამომრჩევლების შეურაცხყოფა. ჩემი უარის თქმაც სხვა არაფერია, თუ არა პატივისცემა მათი. ჩემი სიტყვები შეიძლება უცნაურიც გეჩვენოს, არ გაგიკვირდეს, ახლავე განგიმარტავ მათ. ჩემი ხელდასხმა რომ მომხდარიყო, ყველა თუ არა, ისინი, ვისაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს ჩემზე აუგის ლაპარაკი, ადვილად დაეჭვდებოდნენ და ბევრ რამეს იტყოდნენ ჩემზეც და ამომრჩევლებზედაც.
მაგალითად, შეეძლოთ ეთქვათ, რომ ამომრჩევლები სიმდიდრეს აქცევენ ყურადღებას და უპირატესობას გვარიშვილობას ანიჭებენო, ან ასეთი პატივი პირფერობით მოიპოვაო და რა ვიცი, იქნებ ისიც ეფიქრათ, რომ ამომრჩევლები ფულით მოვისყიდე. იტყოდნენ, ქრისტე ამ სამსახურს მეთევზეებს, ბადეებისა და კარების მკეთებელთ განუმზადებდა, ესენი კი უგულებელყოფენო ხალხს – დღენიადაგ მშრომელთ და უპირატესობას ამსოფლიურ მეცნიერებათა და ამაო ცხოვრებას ადევნებულთ ანიჭებენო. რატომ უარყვესო კაცნი ეკლესიასა შინა მშრომელნი და მათ, რომელნიც არც კი მიკარებიან ამ საქმეს და მთელი ცხოვრება ფუჭი მეცნიერებების დაუფლებას რომ მოანდომეს, უცებ, ასეთი პატივი რატომ დადესო? ამას კი არა, ამაზე უარესებსაც იტყოდნენ, მე რომ ეგ თანამდებობა მიმეღო. ახლა კი ძვირისმეტყველების აღარ ექნებათ საბაბი. მე ლაქუცს ვერ დამწამებენ და ამომრჩეველთ ქრთამის აღებას, რასაკვირველია, თუკი ვინმემ განგებ არ მოისულელა თავი. მაგრამ განა ლაქუცითა და ფულის გაღებით მოპოვებულ თანამდებობას სხვას დაუთმობს მავანი, თუკი თვითონ მისი მოპოვებისათვის იხარჯება? ეს ამბავი იმას ემგვანება სწორედ, ვინმეს, უხვი მოსავლისა და გადავსებული ქვევრების ქონის სურვილით, მიწაზე რომ ბევრი ეშრომა და უცებ, ეს ყველაფერი, ამდენი შრომისა და გაჭირვების შედეგი, სხვისთვის მიეცა, რათა იმ სხვას ესარგებლა მოსავლით. იცი, შეიძლება ისიც კი ეთქვათ, რომ ჩემი არჩევა ამომრჩეველთა არაჯანსაღი მოსაზრებების შედეგია, თუმცა ასეთი რამ შორსაა ჭეშმარიტებისაგან, მაგრამ მსურველთ არც ასეთი ცილისწამება გაუჭირდებათ. ახლა კი ჩვენ დავუყოფთ მათ პირს და არ მივცემთ სიტყვის თქმის უფლებას.
ასეთებს, და ამაზე უარესსაც, თავში იტყოდნენ, მაგრამ მერე, როგორც კი სამსახურს შევუდგებოდი, ყველა ჩემი საქციელის გამო, გარდა იმ შეცდომებისა, რაც გამოუცდელობითა და ასაკის გამო შეიძლებოდა მომსვლოდა, მბრალდებელთა წინაშე ყოველდღე თავის მართლებაში უნდა ვყოფილიყავი და ძალა არ მეყოფოდა. ახლა ამომრჩევლებსაც აცილდებათ ბრალდება, თორემ რა დაულევდათ მათ ნიშნის მგებელთ, რას აღარ იტყოდნენ? გამოუცდელ ბავშვებს მიანდესო ასეთი საპატიო და დიდი საქმეები, დაღუპესო სამწყსო ქრისტესი, გასართობად და სახუმარო საქმედ აქციესო ქრისტიანობა. ახლა კი “ყოველმან უშჯულოებამან დაიყოს პირი თვისი” (ფს. 10,6,42), თუმცა შენზედაც შეუძლიათ იგივეს თქმა, მაგრამ შენ საქმით დაამტკიცებ, რომ ჭაღარა არაა სიბრძნის ნიშანი და მსახურებიდანაც ყველა ახალგაზრდა კი არ უნდა იყოს განყენებული, არამედ მხოლოდ სარწმუნოებით ყმაწვილი (ახლად ნათელეღებული), მათ შორის – სხვაობაა დიდი.
----------------------------------------------------
* ქართულ სასულიერო მწერლობაში ეს სიტყვა ნიშნავს სულიერ მოღვაწეობას.
1. ეპისკოპოსობაზე რომ უარი ჩემთა პატივისმცემელთა შეურაცხყოფისა და დამცირების მიზნით არ მითქვამს, ამის დასტურად, ვგონებ, რაც ვილაპარაკე – საკმარისია. ეს საქციელი რომ არც სიამაყის გამო ჩამიდენია, ამასაც, ეხლა, როგორც შევძლებ, ისე დაგისაბუთებ. ჩემთვის რომ ვინმეს ქალაქის ან ჯარის წინამძღოლობა შემოეთავაზებინა და მე უარი მეთქვა, ზოგი სიამაყეს დამწამებდა და მართალიც იქნებოდა. ან არა და იტყოდნენ ამაყი კი არა, უგუნურიაო. მაგრამ როცა საქმე მღვდლობას, ასეთ მაღალ ხელისუფლებას ეხება, რომელიც ისევე აღემატება ყველანაირ ხელისულებას, როგორც სული – ხორცს, მაშინ ვინ უნდა გაბედოს ჩემი სიამაყეში დადანაშაულება? და არაა საოცარი, რომ კაცს, რომელმაც ნაკლებმნიშვნელოვან საქმეზე უარი თქვა, უგუნური უძახო, ხოლო მას, ზეაღმატებულისაგან გარიდებულს, დიდებისმოყვარეობა დასწამო და არა უგუნურება? ეს იმის მსგავსია სწორედ, რომ კაცს, რომელიც უგულისყუროდ ექცევა ხარების ჯოგს, რახან არ უნდა მათი მწყემსვა, უგუნური უწოდო, ხოლო მთელი ამ სოფლის ხალხისა და ჯარის მეუფების უარმყოფელს ამაყი უაძახო და არა უგუნური.
არა, არა, ამის მთქმელი უმალ თავის თავს ადანაშაულებს, ვიდრე მე. რადგან, ვინმე ფიქრით თუ მაინც უშვებს იმას, რომ ადამიანს ძალუძს ასეთი ღირსების შეურაცხყოფა, ამით იგი ნათელს ხდის საკუთარ აზრს იგივე საკითხთან დაკავშირებით. თვითონ რომ არ მიაჩნდეთ იგივე საქმე ჩვეულებრივად ნაკლებმნიშვნელოვნად, ასეთი აზრი ფიქრადაც არ მოუვიდოდათ, აბა რატომ არავინ ფიქრობს იგივეს ანგელოზების ღირსებასთან დაკავშირებით; რატომ არავინ ამბობს, რომ არსებობს კაცი, რომელსაც თავისი სიამაყის გამო არ სურსო მიღწევა ანგელოზებრივი ღირსებისა, ბუნებისა? იმიტომ, რომ ზეციურ ძალებზე დიდი წარმოდგენა გვაქვს; ეს რწმენა შეუძლებელს ხდის იმის ფიქრს, რომ ამ ღირსებაზე უფრო მაღალი რამ არსებობდეს სადმე. ასე რომ, საცა სამართალია, სიამაყეში მე კი არა, მათ უნდა დაედოთ ბრალი, ვინაც მაგას მწამებს. ეგეც არ იყოს, ისინი ვერასოდეს შეძლებენ ამ საქმეში სხვის დადანაშაულებას, თავად რომ არ მიაჩნდეთ იგივე ნაკლებმნიშვნელოვნად. თუ პატივმოყვარეობას მწამებენ, გამოდის, რომ საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან და ებრძვიან. ასე რომ, არ ვიცი, ამის მეტს სხვას რაღას მოიგონებენ, რა უნდა ჰქონდეთ სალაპარკო, თუკი, რა თქმა უნდა, ამაო დიდების სიყვარულს არ დამწამებენ.
2. მაგრამ თუ ფუჭი დიდების მაძიებელი ვარ, რას გავიქეცი, რად არ მივიღე მაშინ ეგ წინადადება? ეგ საქმე ხომ დიდ პატივს მომიტანდა. ჩემს ასაკში, ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ ამსოფლიური ცხოვრებით გატაცებული, უცებ ყველას საოცარ პიროვნებად მოვევლინებოდი, რომელსაც ერგო დიდი უპირატესობა, ამომრჩეველთა ხმების უმეტესობა, თანაც იმ ხალხთან შედარებით, რომელმაც მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა. განა ეს ყველაფერი არ შეუქმნიდა ჩემზე ყველას საოცარს, დიდ წარმოდგენას?! ასე გავხდებოდი ცნობილი და დიდად პატივცემული. ახლა კი ეკლესიაში ხალხის უმეტესობამ, მცირედის გარდა, ჩემი სახელიც არ იცის. ყველამ იქნებ არც ის იცის, რომ უარი ვთქვი ამ საქმეზე. შეიძლება ზოგიერთს, ძალიან ცოტასა და მათ შორის უმრავლესობასაც ისიც კი ჰგონია, რომ მე სულაც არ ვყოფილვარ არჩეული, ან ფიქრობენ, რომ უარმყვეს, როგორც ამ მსახურებისათვის შეუფერებელი. არც იციან, ალბათ, რომ გავიქეცი.
3. ბასილი: - მაგრამ ვინც იცის სინამდვილე, ის ხომ იქნება გაკვირვებული.
ოქროპირი: შენ არ მითხარი, რომ ისინი ამაო დიდების სიყვარულსა და მზვაობარობას გაბრალებენო, ვისგან ველოდე ქების შესხმას? ხალხისაგან? მან არ იცის საქმის ზუსტი ვითარება, მცირე ნაწილისაგან? მათ უკუღმა ესმით ჩემი საქციელი. განა იმათ წინაშე არ ეპირები თავის მართლებას, მაგიტომ არ მოხვედი ჩემთან?! და ღირს ახლა ამაზე ლაპარაკის გაგრძელება? თუნდაც ყველას ცოდნოდა საქმის ნამდვილი ვითარება, მაინც არ უნდა დაედოთ ბრალი ჩემთვის პატივმოყვარეობასა და სიამაყეში. ცოტა მოითმინე და შენც მალე დაინახავ, პატარა საფრთხე რომ არ ელის არა მარტო კაცს, მღვდლობის კადნიერად მიმღებელს, თუკი არსებობს ასეთი ხალხი, რაშიაც ეჭვი მეპარება, არამედ იმასაც, ვინც ამაში სხვას დებს ბრალს.
4. მღვდელმსახურება, სრულიად სამართლიანად, ზეციური განწესებით აღესრულება ამ სოფელში. რამეთუ კაცმა, ანგელოზმა, მთავარანგელოზმა და რომელიმე ქმნილმა ძალამ კი არა, თავად ნუგეშინისმცემელმა განაწესა ეს ხარისხთა მიმდევრობა და ჯერაც ხორცში მყოფი ხალხი გახდა წარმომადგენელი ზეციური მსახურებისა. ამიტომაც ისეთი წმინდა უნდა იყოს მღვდელმსახურების აღმსრულებელი, ვითარცა ცათა შინა, იმ ძალთა წინაშე მდგომარე.
უწინაც საშინელი და დიდებული იყო კუთვნილებანი და მადლი მღვდელმსახურებისა: “ეჟუნები ოქროისაჲ, შორის ბროწეულაკთა მათ... ბროწეულაკები იაკინთისაგან ძოწეულისა და მეწამულისა სთელისა და ზეზისაგან ძახილისა, პალგევატი ზეზისა, ნაფერტები ზეზისა და ძახილისა, კარშავანგები ზეზისა, როპანაკები ზეზისა, სარტყელები ზეზისა, მაშაკები ტყავებისა იგი, საბურველი იგი ტყავებისა მის იაკინთისა, უღელი, ტაბლე, საცეცხლური მისი, ფიალები მისი და ფურცხები მისი რვალისად, სამხარნი იგი ოქროჲსაგან და იაკინთისა და ძოწეულისა სულისა და ზეზისაგან წმინდათა წმინდა, ღრმა სიმშვიდე შიგნით” (გამოსვლ. 38,39). მაგრამ თუ კაცი ჩაუკვირდება ქრისტიანულ მსახურებას, იქვე აღიარებს ჭეშმარიტებას რჯულის შესახებ: “რამეთუ არღა დიდებულ არს დიდებანი იგი ამით ჯერითა გარდარეულისა მისთჳს დიდებისა” (II კორ. 3,10). როცა ხედავ უფალს დაკლულსა და შემოგებებულს, მოძღვარს ამ სამსხვერპლოს წინაშე მდგომარესა და მლოცველს და ყველას, განწმედილს სისხლითა პატიოსნითა, ნუთუ თავი მაინც ამ სოფელში, კაცთა შორის გგონია? ნუთუ არ განვარდება შენგან ყოველი გულისთქმა ხორციელი და არ მიეახლები იმ წამს ზეცას, განწმედნილი სული და გონი, ნუთუ ვერ ჭვრეტს ზეციურს? ჰოი, საოცრება, ჰოი, კაცთმოყვარება ღვთისა! და მჯდომარე მამისა თანა იმ წამს ყოველთა შემწყნარებელთა მისთათვის ხელშესახები და მისაწვდომი ხდება. ყველაფერ ამას რწმენა თვალისა ხედავს. როგორ გგონია, შეიძლება ამის უგულებელყოფა? ვის ძალუძს ქედმაღლობა ამ საიდუმლოს წინაშე?
გინდა იმავე სიწმინდის სხვა სასწაულის საოცრება გიჩვენო? ეცადე, წარმოიდგინო, დაინახო ელია, მის გარშემო უამრავი, ურიცხვი ხალხი, ქვაზე – ზვარაკი. ყველა დუმს, საოცარი სიჩუმეა ჩამოვარდნილი, ლოცულობს მხოლოდ წინასწარმეტყველი და უცებ, ციდან ჩამოვარდნილი ალი ეცემა მსხვერპლს (III მეფეთა 18, 30-38). გასაოცარია, შემაძრწუნებელია ეს ყველაფერი. ახლა ჩვენს მსვხერპლშეწირვაზე გადმოდი, გაცილებით შეძრული და გაოცებული თუ არ დარჩე. წარდგომილ არს მღვდელი, შთამომყვანებელი ცეცხლისა კი არა, სულისა წმიდისა. დიდხანს იმიტომ კი არ ლოცულობს, რომ ალი გადმოვარდეს ციდან და დაიწვას მსხვერპლი, არამედ, რათა ტარიგზე გარდამოსულმა მადლმა აღანთოს და განწმინდოს სული ყოველთა, უფროის ვერცხლისა გამოხურვებულისა. ვის ძალუძს, გონგაცლილისა და უგუნურის გარდა, ამ საშინელი საიდუმლოს უგულებელყოფა? განა არ იცი, დიდებული, საღვთო მადლის შეწევნა რომ არა, კაცი ვერ გაუძლებდა ცეცხლს ამ ტარიგისას, დაიღუპებოდა ერთიანად.
5. ვინც გააცნობიერა ჯერ კიდევ სისხლსა და ხორცში მყოფი კაცის ნეტარ, უკვდავ ბუნებასთან სიახლოვის მნიშვნელობა, მისთვის ნათელი უნდა იყოს, რა პატივით შემოსა სულმან წმინდამან მღვდელმსახური. მათი მეშვეობით აღესრულება მღვდელმოქმედება და სხვა მსახურებანი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სრულყოფისა და ცხონებისათვის. ხალხს, ჯერაც ამ სოფელში მიმოქცეულთ ენიჭებათ განმგებლობა ზეციურისა, უფლება, რომელიც ღმერთს თავისი ანგელოზებისა და მთავარანგელოზებისთვისაც არ უბოძებია, მათთვის არ უთქვამს: “... რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა, და რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა” (მათე 18,18). მეუფეთ, მხოლოდ სხეულის შეკვრის უფლება როდი ეძლევათ. ეს საკვრელი აქაც შებოჭავს სულს და იმ სოფელშიც გაჰყვება. აქ, მღვდლების ნამოქმედარს, იქ, ცაში, ღმერთი დაასრულებს და შეხედულებებს მონათა თვისთა დაამტკიცებს მეუფე. განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთმა მათ ყველა ზეციური უფლება მიანიჭა? და კიდევ: “უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ შეპყრობილ იყვნენ” (იოანე 20,23). განა არსებობს ამაზე დიდი უფლებამოსილება? “არცაღა მამაჲ სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა” (იოანე 5,22). როგორც ვხედავ, ძემ ეს უფლება მთლიანად მღვდლებს უბოძა: მათ ისეთი სიმაღლის ხელისუფლება მიენიჭათ, თითქოს ისინი გასულები იყვნენ უკვე ამ სოფლიდან და ვნებათაგან, განთავისუფლებულთ, დატევებული ჰქონდეთ თითქოს ბუნება ხორციელი. მეფემ რომ რომელიმე მხლებელთაგან კაცთა დატყვევებისა და განთავისუფლების უფლება მიანიჭოს თავის სურვილისამებრ, ასეთი კაცი უმალ გახდებოდა ცნობილი და დაფასებული. მაგრამ როცა მავანს ღვთისაგან ის უფლებამოსილება ეძლევა, რომელიც ისევე აღემატება მას, როგორც ცა დედამიწას და სული ხორცს, ზოგიერთები მასზე მაინც ფიქრობენ, რომ ამ კაცს თითქოს ნაკლებმნიშვნელოვანი პატივი ერგო. განა შეიძლება იმის ფიქრი, რომ ასეთ ჯილდოს, ვინმე თავს უფლებას აძლევს, და უპატიოდ ატარებს? განვაგდოთ ეგ უგუნურება, ჭეშმარიტად უგუნურებაა იმ უფლების უგულებელყოფა, რომლითაც მოგვენიჭება ცხონება და ყოველი აღთქმული სიკეთე. “უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა”. და კიდევ: “უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი მისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არ გაქუნდეს ცხოვრებაჲ თავთა შორის თქუენთა” (იოანე 6,53) და ამას სხვა კი არა, მღვდლის კურთხეული ხელები აღასრულებენ, უფრო სწორედ, მღვდლის ხელების მეშვეობით ხდება ეს ყველაფერი და როგორ გინდა მათ გარეშე აცილება მარადიული ცეცხლისა, მიღება გვირგვინისა განმზადებულისა.
6. მღვდლები ჩვენთვის სახეა იმ კაცთა, რომელთაც ძალუძთ ნათლობის მეშვეობით, ადამიანის მეორედ შობა. მათი მეშვეობით შევიმოსავთ ქრისტეს, დავეფლვით ღვთის ძესთან ერთად, ვხდებით ნაწილნი ეკლესიის სხეულისა, რომლის თავი არს ქრისტე. ამიტომ, საცა სამართალია, მათი არა მარტო უნდა გვეშინოდეს, ვიდრე მეფეთა და ყოველთა ხელისუფალთა, არამედ უფრო მეტ პატივს უნდა ვცემდეთ, ვიდრე ხორციელთა მამათა ჩვენთა. რამეთუ მათ გვშობეს სისხლით და ნებათაგან ხორცთა; მღვდლენი კი არიან მიზეზნი ჩვენი მეორედ შობისა, მარადიული ცხოვრებისა, ჭეშმარიტი თავისუფლებისა და მადლისმიერი ძეობისა. იუდეველ მღვდლებს ძალუძდათ განკურნება ხორციელი სენისა, უფრო სწორედ, მათ ეძლეოდათ ავადმყოფის გასინჯვისა და განკურნება-არგანკურნების დამოწმების უფლება. ჩვენს მღვდლებს კი ეძლევათ არა უბრალოდ გასინჯვა-დამოწმების უფლება, არამედ ძალა სულიერ და ხორციელ ვნებათა სრული განკურნებისა. მათი უპატივცემულობა დათანისა და მისი თანამზრახველების დანაშაულზე უფრო დიდი სასჯელის ღირსია. მართალია, ისინი ძალით ცდილობდნენ იმ ხელისუფლების მოპოვებას (რიცხვ. 16), რომელიც მათ არანაირად არ ეკუთვნოდათ, მაგრამ, ამავე დროს, ესმოდათ კიდეც ამ უფლების მნიშვნელობა, ამიტომაც იყო ასეთი გააფთრებით რომ იბრძოდნენ მის მოსაპოვებლად. ჩვენ დროში, როცა მღვდლობა გაცილებით აღმატებული და უფლებამოსილი გახდა, უპატივცემულობა მისი, რა უნდა იყოს, თუ არა თავსდება დიდი კადნიერებისა? განა სულ ერთი არ არის: შეურაცხყოფ ამ სათნოებას, თუ ძალით მოინდომებ მის მისაკუთრებას? პირველი, სიმძიმის მიხედვით, მეორისაგან ისევე განსხვავდება, რამდენადაც პატივისცემა შეურაცხყოფისაგან. არსებობს კი ისეთი უბადრუკი სული, რომელიც შეურაცხყოფს ამ დიდებულ სათნოებას? თუ არ განცოფებული ბოროტისაგან, სხვა ვინ იზამს ამას? მაგრამ იმას დავუბრუნდეთ, რაზედაც საუბარი გვქონდა. ხუცესთ ღმერთმა უფრო მეტი ძალა მიანიჭა, ვიდრე ხორციელ მშობელთ, არა მარტო დასჯისა, არამედ სიკეთის ქმნისაც. ხორციელ და სულიერ მშობელთა შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც ამ სოფელსა და მომავალ სოფელს შორის. პირველნი, შვილებს ხორციელ სიკვდილს კი არა, სნეულებასაც ვერ ააცილებენ. მეორეთ კი ხშირად უხსნიათ დასაღუპად განწირული სული, ხან უვნებელი სასჯელის მეშვეობით, ხანაც მოსალოდნელ დაცემას თავშივე, დროზე წამლობდნენ, არა მარტო შეგონებითა და სწავლებით, ლოცვის მეშვეობითაც. ისინი მარტო ახალ ადამიანს (ნათლობით) როდი აღმოაცენებენ ჩვენში, მათ ეძლევათ უფლება ცოდვათა ჩვენთა შენდობისა. “უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მას ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვად რაიმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას” (იაკ. 5, 14-15).
გარდა ამისა, შვილებს რომ ჩხუბი მოუვიდეთ ამა სოფლის ძლიერსა და ცნობილ ხალხთან, მშობელნი ამ შემთხვევაშიც ვერ დაეხმარებიან შვილებს. არა და, მღვდელი, ბევრი მორწმუნე წარჩინებულებთან და მეფეებთან კი არა, მათზე განრისხებულ ღმერთთანაც კი შეურიგებიათ. ამის მერე ვინღა უნდა დამწამოს სიამაყე? ის კი არა, ვგონებ პირიქითაც მოხდეს და ამ სიტყვების მერე ხალხმა იმათ კი არ უკიჟინოს სიამაყე და კადნიერება, ვინაც გაექცა ამ პატივს, არამედ მათ, რომელნიც ესწრაფვიან ამ პატივის მოხვეჭას. ქალქის მთავრის უგუნურება და უმოქმედობა, მასაც და მთელ ქალაქსაც დაღუპვის წინაშე აყენებს. როგორ გგონია, რა ძალა უნდა ჰქოდნეს კაცს, ქრისტეს სასძლოს განმამშვენიერებელს, საკუთრივ და მაღლიდან მონიჭებულიც, რომ არ შესცოდოს?
7. პავლეზე მეტად არავის ჰყვარებია ქრისტე, არვის გამოუჩენია მასზე დიდი გულმოდგინება, მასზე დიდი მადლი არავის მინიჭებია. და მიუხედავად ასეთი უპირატესობისა, იგი ძრწის, მინიჭებული უფლებისა და მინდობილი ხალხის გამოც: “ხოლო მეშინის, ნუ უკუე, ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თვისითა, ეგრეთცა განხრწნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართ. და მე უძლურებასა შინა და შიშსა და ძრწოლასა მრავალსა ვიყავ თქუენდა მიმართ” (II კორ. 11.3; I კორ. 2,3). ქრისტეს მიერ მინიჭებულ უფლებებზე უარს ამბობს მესამე ცამდე ასული, ღვთის საიდუმლოებებს ზიარებული კაცი, რომელიც მოქცევის შემდეგ, ყოველ დღე კვდება ქრისტესთვის*; შიშობს, არ სცოდოსო მორწმუნემ და იმიტომ. და თუკი, უფლის ნების გარდამატებულად აღმსრულებელი, რომელიც ყოველთვის მასზე მინდობილი ხალხის სიკეთის ძიებაში იყო, და დავიწყებული ჰქონდა საკუთარი და თავისი უფლებამოსილების შემყურე, მაინც ასეთი შიშითა და ძრწოლით იყო მოცული, მაშინ ჩვენ, რომელნიც ხშირად საკუთარი სარგებელის ძიებაში ვართ და უფლის ნების აღსრულების მაგიერ ვღალატობთ კიდეც მცნებებს მისას, ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ?! – “ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაჰბრკოლდებინ, და მე არა ვჴურვიდი?-ო“, ამბობს იგი (II კორ. 11,29). ასეთი უნდა იყოს ხუცესი. არა, ასეთი კი არა, ამაზე უკეთესი. ეს ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რის თქმასაც ვეპირები. რაღაა ეს? “ვილოცევდ შეჩუენებულყოფად თავსა ჩემსა ქრისტესაგან ძმათათჳს და ნათესავთა ჩემთა ხორციელად” (რომ. 9,3). ვისაც ძალუძს ამ სიტყვების წარმოთქმა, და ვისი სულიც სიწრფოებით ინატრებს ამას, და ასეთი კაცი თუ გაექცა მღვდლობას, მას ნამდვილად უნდა აგებინონ გაქცევის გამო პასუხი. მაგრამ, ის, ვისთვისაც ისევე უცხოა ეს სათნოება, როგორაც ჩემთვის, გაქცევის გამო კი არა, ამ მსახურების მიღებისათვის იმსახურებს გაკიცხვას.
მხედართმთავრის ამორჩევისას, რომელიმე მჭედელს, მეტყავესა ან სხა რაიმე მსგავსი პროფესიის კაცს რომ მოუნდომონ ამ პატივის მიგება, ჩემი აზრით, სწორედ ვერ იზამდა ის კაცი ჭკუას, თუკი არ განშორდებოდა მომავალ საშიშროებას და გაქცევით არ უშველიდა თავს. რომ შეიძლებოდეს, მოძღვარი მარტო სახელად გერქვას და დაკისრებული საქმეც, როგორც გამოგივა, ისე აღასრულო და ამის გამო, არანაირი საშიშროება არ მოგელოდეს, ვისაც მოესურვება, დაე იმან მიძახოს, ამაყიაო. მაგრამ თუკი ამ საქმის მტვირთველს უნდა გააჩნდეს კეთილგონიერება დიდი და ამაზე უწინ, დიდებული მადლი ღვთისა, ზნეობა – გამართული, ცხოვრება – წმინდა, და უამრავი სულიერი სათნოება, არ გამამტყუნო, თუ ტყუილუბრალოდ წახდენა და დაღუპვა არ ვისურვე. ვინმეს რომ ძვირფასეულობებითა და მენიჩბეებით სავსე ხომალდის საჭე მოეჩეჩებინა და ეთქვა: ტირინეისა და ეგეოსის ზღვა გადაცურეო, გავიქცეოდი. რომ ეკითხათ გაქცევის მიზეზი, ვეტყოდი: შემეშინდა, ჩემს გამო ხომალდი არ ჩაძირულიყო-მეთქი. ასეთ დროს, წინდაუხედაობას მხოლოდ ფულადი ზარალი და ხორციელი სიკვდილი მოსდევს და ამის გამო პასუხს არავის აგებინებენ; მაგრამ როცა ხომალდის დანთქმა მოსალოდნელია არა უბრალოდ ზღვაში, არამედ ცეცხლოვან უფსკრულში, სადაც მათ უბრალო სულისა და სხეულის განმყოფი სიკვდილი კი არ ემუქრება, არამედ მარადიული ტანჯვა სულისა და ხორცისა, რა განრისხებთ, რატომ მიწყრებით, რომ ვერ ვქენი განუსჯელობა და ავიცილე თავიდან უბედურება?
8. გთხოვთ, გევედრებით, ნუ იზამთ მაგას. მე კარგად ვიცი ჩემი სუსტი და უძლური სულისა. ვიცი ამ მსახურების მნიშვნელობაცა და სირთულენიც მისი. ხუცესის სულს, ხშირად დაჰფარავენ ხოლმე ტალღები, ზღვაზე რომ ჩნდება ხოლმე ქარის ამოვარდნისას, იმაზე დიდი.
9. პირველი რომ, პატივმოყვარეობა კუნძულია, გაცილებით უფრო საშიში, ვინემ მეიგავეთა მიერ შეთხზული კუნძული სირინოზებისა. ზოგმა შეიძლება ძალიან მშვიდობიანადაც ჩაუაროს მას, ჩემთვის კი ეგ ძალიან სახიფათოა; ის კი არა, ახლა, როცა არანაირი საშიშროება აღარ მემუქრება იმ კუნძულის მიახლოებისასაც კი, შიში მაინც ვერ მომიშორებია. და თუკი ვინმე მაგ ხელისუფლებას მომანდობს, ეგ იგივე იქნება, რომ იმ კუნძულზე მცხოვრებ ურჩხულებს საჯიჯგნად ხელებშეკრებული მიმცეს. რა ურჩხულებიაო ასეთი? მრისხანება, სასოწარკვეთა, შური, მტრობა, ცილისწამება, განკითხვა, სიცრუე, თვალთმაქცობა, მზაკვრობა, გულძვირობა უდანაშაულო ხალხის მიმართ, სიხარული მტერთა გაჭირვების გამო, მწუხარება მათ კეთილდღეობასა ზედა, საკუთარი ქების სურვილი, ვნება ყველანაირი პატივის მიმართ (ეს ვნებს სწორედ სულს ყველაზე უფრო!), სწავლება პირფერული, ალერსი თვალთმაქცური, კაცთმოთნეობა მდაბალი, უგულებელყოფა გაჭირვებულთა, მსახურება მდიდრებისა, საშიში და უგუნური უპირატესობების მინიჭება, მოწყალებანი საშიშნი, როგორც გამცემელთათვის, მიმღებელთათვისაც, მონური შიში, გაუბედაობა, მოჩვენებითი სიმდაბლე, თუალღებითი მხილება და სჯა, უფრო სწორედ, უბრალო ხალხის მიმართ – სიმკაცრე უზომო, ძლიერთა წინაშე – უსიტყვობა. ამდენს კი არა, ამაზე მეტ ურჩხულსაც კი იტევს ის კუნძული და თუკი მათ ერთხელ მაინც მიიტაცეს ვინმე, ისე დაიმონებენ, რომ ბევრ რასმეს, რაზედაც ახლა შეუფერებელია ლაპარაკი, ქალთა გულის მოსაგებადაც კი გააკეთებინებენ. საღვთო კანონმა ქალები განაყენა იმ მსახურებისაგან, მაგრამ ისინი მაინც ცდილობენ მასში თავის შერგვას. რაკიღა თავად არ გააჩნიათ ხელისუფლება, ისინი სხვების მეშვეობით ახერხებენ ყველაფერს და ისეთი ძალით, რომ მღვდლების არჩევა-გადარჩევაც კი მათი სურვილისამებრ ხდება. ასე რომ, უფროსებს ხელქვეითები მართავენ. კაცები კი არა, არამედ ისინი, რომელთაც არა აქვთ უფლება: “მოძღურებად დედათა არა უბრძანებ” (I ტიმ. 2,12). სწავლება კი არა, ნეტარმა პავლემ მათ აუკრძალა: “დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ” (I კორ. 14,34). ერთი კაცი მეუბნებოდა, თითქოს ისე გაკადნიერებულან ქალები, რომ ეკლესიის მსახურთ საყვედურებსაც უცხადებენ და უფრო სასტიკადაც ექცევიანო, ვიდრე ბატონები თავიანთ ქვეშევრდომთ.
10. ნურავინ იფიქრებს, თითქოს ეს ბრალდება ყველას ეკუთვნოდეს. ბევრი დასხლტომია ამ ბადეს და ისინი უფრო მეტნი არიან, ვიდრე ბადეში მოხვედრილნი. ამასთან, თავად მღვდელმსახურებას როდი ვთვლი ამ ჭირთა მიზეზად. ასეთ უგუნურებამდე არ მსურს დავიდე. მკვლელობა რა, მახვილის ბრალია, სიმთვრალე – ღვინისა, ძალა – შეურაცხყოფისა, მხნეობა – განუსჯელი კადნიერებისა? კეთილგონიერნი სათნოების ბოროტად გარდამაქცეველთ დაადანაშაულებენ ყოველთვის. ასე რომ, თავად მღვდლობა სამართლიანად დაგვდებს ბრალს, თუკი ჩვენ მას არასწორად წარვმართავთ და ჩემს ჩამოთვლილ ნაცარტუტათა მიზეზი ხუცობა კი არა, ჩვენა ვართ, რადგან ვბღალავთ მას, როდესაც ამ საქმეს გამოუძიებლად მივანდობთ ხოლმე იმ ხალხს, რომელთაც საკუთარი სულიც კი ვერ უცვნიათ ხეირიანად. ისინი ხალისით ღებულობენ ამ პატივს, არ იციან ამ საქმის სიძნელე და იმიტომ. და როცა შეუდგებიან ამ საქმეს, გამოუცდელობის გამო, თავადაც ბნელში რჩებიან და მათზე მინდობილ ხალხსაც ბევრ ჭირსა სწევენ. მე თვითონაც იგივე დამემართებოდა, ღმერთს რომ არ დავეფარე საფრთხისაგან, მას რომ არ დაეცვა ეკლესიაცა და ჩემი სულიც. მითხარი, შენი აზრით, რატომაა ეკლესიაში ასეთი აღრეულობა? მე მგონი ყველაფერი იმის ბრალია, რომ ამორჩევა და დანიშვნა ყოველგვარი გარჩევა-დაკვირვების გარეშე, ნაუცბათევად ხდება. თავი ჯანმრთელი უნდა იყოს, რომ შეძლოს სხეულში მყოფი სნეულებების დაძლევა. მაგრამ თუკი თვითონაა სუსტი, ვერანაირ დაავადებას ვერ გაუმკლავდება, ის კი არა უფრო დასუსტდება და მთელ სხეულსაც დაღუპავს. ახლაც რომ იგივე არ მომხდარიყო, ღმერთმა ფეხების მდგომარეობაში, (ეკლესიის სხეული), როგორც ვიყავი, ისე დამტოვა. გარდა ამისა, ბასილი, ხუცესს ბევრი სხვა რამ უნდა ჰქოდნეს, რაც მე არ გამაჩნია. და პირველ რიგში, მისი სული სრულიად თავისუფალი უნდა იყოს მღვდლობის წადილისაგან. თუ მას თავიდანვე ექნა ვნება ამ საქმის მიმართ, ამ პატივის მიღებისთანავე ის ვნება კიდევ უფრო აალდება მასში და ვინმემ რომ ამ პატივის აყრა მოუნდომოს, დაკარგულის დასაბრუნებლად არაფერს იგი არ დაერიდება, არც ტყუილს, არც უღირს საქციელს, არც სასყიდლის გაცემას.
ზოგიერთებმა რომ ეს უფლება ეკლესიაში ჩადენილი მკვლელობებისა და ქალაქში ატეხილი დავიდარაბის შედეგად ჩაიგდეს ხელში, ამაზე არაფერს ვიტყვი, ვინმეს რომ არ ეგონოს, რაღაც დაუჯერებელს ჰყვებაო. ჩემი აზრით, სჯობს, რომ კაცმა დროით მოიძიოს კეთილგონიერება და სანამ ჩადენილი ცოდვების გამო სხვას დაუწყებდეს განკითხვას, თავად მოერიდოს ამ საქმეს. ამ შემთხვევაში ღმერთმა შეიძლება რომ შეიწყალოს მავანი, მაგრამ თუ ვინმე ამ ღირსების მოპოვებას უწესოდ დაეპირება, მას აღარ შეიწყალებს უფალი, რამეთუ იგი განარისხებს ღმერთს ერთმანეთზე მიწყობილი დანაშაულებებით.
11. მაგრამ გაბედავს ვინმე ამას? ამ პატივის ძალით მოხვეჭას ხომ არაფერი მოჰყვება უბედურების მეტი. ამ სიტყვებით ნეტარ პავლეს კი არ ვეწინააღმდეგები, არამედ სრულიად ვეთანხმები. რას ამბობს იგი? “უკეთუ ვისმე ეპისკოპოსობა უნდეს, კეთილისა საქმისა გული ეტყვის” (I ტიმ. 3,1). უბედურებას ამ საქმის სურვილს კი არა, ხელისუფლებისა და პირველობის თვითმიზნურ წადილს ვუწოდებ. იგი მთელი გულმოდგინებით უნდა იდევნებოდეს სულიდან, მისი გაჩენისთანავე; სხვანაირად ვერ განთავისუფლდები მისგან, ყველა შენი მოქმედება ამ წადილით იქნება ნაკარნახევი. ვისაც არ სურს ამ პატივის მოპოვება, მას არც მისი დაკარგვის შიში აქვს. ამიტომაა, რომ ის ყველაფერს ქრისტიანისათვის დამახასიათებელი თავისუფლებით აკეთებს. ხოლო ამ პატივის დაკარგვის შიშით შეპყრობილთ უამრავი ჭირი და მონობა მოიცავს ხოლმე, რის გამოც ისინი ხშირად ხალხსაც შეურაცხყოფენ და ღმერთსაც. ასე რომ, ამ წადილით არ უნდა იყოს კაცი შეპყრობილი.
მხნეობასავსე სარდლები თავდადებით იბრძვიან და ვაჟკაცურად ეცემიან. ხუცესებმა, როგორაც ჭეშმარიტად ქრისტიანმა კაცებმა, იგივე უნდა შესძლონ მღვდლობის პატივის მიღებისა და დაკარგვის დროსაც. უნდა იცოდნენ, რომ ხშირად ამ პატივით მარტო ამაღლებას კი არა, დამცრობა-დამდაბლებასაც არანაკლები გვირგვინი მოაქვს.
თუკი ემართლებიან კაცს, რომელსაც არაფერი ჩაუდენია ამ პატივის შეუფერებელი, მასზედ უსამართლოდ აღდგომილნი დაისჯებიან, ხოლო იგი დიდ ჯილდოს მიიღებს: “ნეტარ იყვნეთ, ოდეს გდევნიდნენ და გყვედრიდნენ და სთქუან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა” (მათე 5, 11,18). ასეთი რამ თანამოსამსახურეთ შეიძლება მტრობით, შურით, ვინმეს გულის მოგების მიზნით, ან სხვა უსაფუძვლო მიზეზით დაემართოთ. და როცა მავანს ასეთი რამის გადატანა მოუწევს და რომ მაყვედრებელი მისი უღირსობა ამ დროს დიდად გაუმართავს ხელს, ვგონებ ამას მტკიცება არ სჭირდება.
ამიტომ კარგად უნდა ჩავუკვირდეთ საკუთარ სულს, რომ როგორმე არ გამოგვეპაროს იქ ამ საქმის წადილის ბჟუტვაც კი. ბედნიერია კაცი, თუკი იგი თავიდანვე თავისუფალი იყო ასეთი წადილისაგან; ეს ვნება მას ვერც ამ პატივის მიღების შემდეგ მოერევა. მაგრამ თუკი ვინმემ ამ უფლებამოსილების მიღებამდე იგემა ეს საშინელი და სასტიკი ვნება, არც ვიცი, როგორ გადმოგცე მხურვალება იმ ღუმელისა, რომელშიაც იგი ამ პატივის მიღების შემდეგ აღმოჩნდება. ჰოდა მეც (არ გეგონოს თავმდაბლობას ვიბრალებდე და ვცრუობდე), ძლიერად მსურდა ეს საქმე. მაგან სხვა რამზე ნაკლებ როდი შემაშინა. იძულებული გავხდი, გავქცეულიყავი. ხორციელი სიყვარულით შეპყრობილი სანამ საყვარელი ადამიანის გვერდითაა, იტანჯება ამ ვნებისაგან. როგორც კი დაცილდება მას, მღელვარებაც ცხრება. ასე ემართებათ მღვდლობის წადილით შეპყრობილთ. როგორც კი მიუახლოვდებიან მას, იმ წამს აუტანელი წამება დაეუფლებათ, თუ დაკარგეს ამ პატივის მიღების იმედიც კი, ეგ სურვილიც გაუქრებათ.
12. ასე რომ, ეგ არაა პატარა მიზეზი. და ეს მიზეზი რომ ერთადერთი იყოს, სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ჩემთვის აეცილებინათ ეგ პატივი. მით უმეტეს, თუკი ამას სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანიც ერთვის. რა? მღვდელი მღვიძარე და წინდახედული უნდა იყოს, ყოვლისმჭვრეტელი თვალი უნდა ჰქოდნეს, ყველაფერი უნდა შეამჩნიოს, რადგან თავისი თავი კი არ აბარია მხოლოდ, არამედ უამრავი ხალხი (I ტიმ. 3,2). მე კი სუსტი, დაუდევარი კაცი ვარ, საკუთარი ცხონებისათვის ძლივს ვახერხებ ზრუნვას, ამაზე შენაც დამეთანხმები, თუმცა, ჩემი სიყვარულის გამო ყველაზე მეტად შენ ცდილობ ჩემი სისუსტეების მიჩქმალვას. ნუ დამიწყებ ეხლა მარხვას, მღვიძარებას, მიწაზე წოლასა და სხვა სხეულის დამაჭნობელ საქმეებზე ლაპარაკს. თვითონაც იცი, ეგაც არ ძალმიძს სრულყოფილად. და კიდევაც რომ შემეძლოს ამ საქმეების მთელი სიმკაცრე-სიზუსტით დაცვა, ის სისუსტენი, რაც ნამდვილად გამაჩნია, მაინც იჩენდა თავს, ამიტომაც უსარგებლო იქნებოდა ჩემი მოღვაწეობა. სხეულის დამაჭნობელი ღვაწლი სენაკში მყოფს, რომელიც მხოლოდ თავისი შინაგანი საქმეებითაა დაკავებული, დიდ სარგებლობას მოუტონს. მაგრამ კაცს, უამრავ ხალხზე განაწილებულსა და ხელქვეითებზე მზრუნველს, მხოლოდ ეს ღვაწლი რას არგებს, თუკი არ ექნა, ამასთან ერთად, სული მხნე და ძლიერი?
13. არ გაგიკვირდეს, ასეთი მკაცრი ცხოვრების გვერდით რომ დიდი სულიერი გამოცდილების აუცილებლობაც მოვითხოვო. საჭმელ-სასმელსა და რბილ საწოლზე უარის თქმა, როგორც ჩანს, ბევრს არც უჭირს. განსაკუთრებით კი ბავშვობიდანვე მკაცრ პირობებში გაზრდილთ. იგივე ითქმის ფიზიკურად გაკაჟებულ ხალხზე, მათ ეიოლებათ კიდეც ასეთი ღვაწლი. მაგრამ შეურაცხყოფის, ცილისწამების, მწარე სიტყვის, მდაბიოთა განზრახული და უნებლიე დაცინვის, უფროსებისა და ხელქვეითების უსამართლო შენიშვნების ატანა, ცოტას, ერთი-ორ კაცს თუ შეუძლია. ხდება ისიც, რომ მკაცრი ღვაწლის მტვირთველნი, ვერ უმკლავდებიან ამ უსიამოვნებებს. ასეთ დროს მათ ველური ცხოველის მძვინვარება იპყრობს ხოლმე. ასეთი ხალხი განსაკუთრებით უნდა განერიდონ ეკლესიას. წინამძღოლი ოდნავადაც არ ვნებს მრევლს, თუკი მშიერი და ფეხშიშველი არ დაიარება. მაგრამ მძვინვარე, მრისხანებამორეული, საკუთარ თავსაც ვნებს და ახლობელსაც. კაცს თუ პირველის ტვირთვა არ შეუძლია, ამისთვის მას ღმერთი არ დასჯის, მაგრამ ცუდად განრისხებული “თანამდებ არს იგი გეჰენიისა ცეცხლისასა” (მათე 5,22). სიამაყის ვნებით შეპყრობილი, ამ პატივის მიღების შემდეგ უფრო აღაგზნებს ამ ვნებას. როცა კაცს, რომელსაც მარტო ცხოვრებისას, ან ცოტა ხალხთან ურთიერთობის დროს არ შეეძლო მრისხანების მოთოკვა, ბევრ ხალხს მიანდობენ, იგი მაშინვე იმ მხეცს ემსგავსება, რომელსაც თითქოს ყოველი მხრიდან დასაჭერად დასდევენო. მას თავადაც არ ექნება სიმშვიდე და სხვებსაც ბევრ ჭირს შეჰყრის.
14. ისე არაფერს ძალუძს სული წმინდის და ნათელი აზრების შემურვა, როგორაც მოუთოკავ მრისხანებას, იგი ძლიერად იჩენს ხოლმე თავს. ბრძენს უთქვამს: მრისხანება გონიერსაც დაღუპავსო (იგავ. 15,1). იგი ისე აბნელებს სულის თვალს, რომ კაცი ისე, თითქოს უკუნით ღამეში ბრძოლობდესო, ვეღარ არჩევს მტერ-მოყვარეს, ღირსეულსა და უღირსს, ყველას ერთნაირი მრისხანებით ექცევა და იმის მაგივრად, რომ მოთოკოს ეს ვნება, პირიქით, მისი ნების აღმსრულებელი ხდება; რამეთუ მრისხანებით აღგზნებული სული ერთგვარ კმაყოფილებასაც კი გრძნობს, როცა მის ნებას მიჰყვებიან. ასეთ დროს სრულიად ირღვევა სულიერი სიჯანსაღე. ამას მოჰყვება ხოლმე სიამაყე, უსამართლო მტრობა და სიძულვილი, რაც ხშირად ხდება ხოლმე მიზეზი სხვათა განურჩეველი და უსაფუძვლო შეურაცხყოფისა და კიდევ ბევრი უმსგავსო საქციელისაც. ამ დროს, სული ამ ძლიერი ვნების ტალღის ქვეშაა მოქცეული და მას აღარ რჩება ვნების წინააღდმეგობის უნარი.
ბასილი: არა, ასეთი თვალთმაქცობის ატანა კი შეუძლებელია. ვინ იცის, რომ შენთვის უცხოა ეგ სენი?
ოქროპირი: რაო, ბატონო, გინდა გამაღიზიანო მონანიე ცხოველი, გინდა რომ მაინცდამაინც კოცონთან დამაყენო? არ იცი განა, მაგ ვნებას ნებისყოფით კი არა, მხოლოდ სიმშვიდის სიყვარულით რომ ვერეოდი და ვინაც ასეა მომართული, იგი კიდევაც უნდა გაექცეს ამ საქმეს და თავის თავთან, ან ერთი-ორი მეგობრის საზოგადოებაში დარჩეს. რა უნდა მას ამხელა ზრუნვის უფსკრულის სიახლოვეს? წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ბევრს გადაიყოლებს და თანაც ისინი მოკლებულნი დარჩებიან თავმდაბლობის შეძენის ყველანაირ საშუალებას.
დაქვემდებარებული ხალხის უმრავლესობა მიჩვეულია წინამძღოლის მაგალითად მიჩნევას, ბაძვას მისას. კაცი ქედმაღალი შეძლბეს განა სხვის განთავისუფლებას ქედმაღლობისაგან? მრისხანე წინამძღვრის შემყურე, ისურვებს განა თავმდაბლობას? არა, მოძღვრის ნაკლი არ დაიმალება, ზოგიერთი მათგანი კი ძალიან სწრაფადაც კი ვლინდება. მეომარი, სანამ სახლშია, სუსტიც რომ იყოს, ვინ გაიგებს? მაგრამ ბრძოლაში თუ მოხვდება, იმ წამს გამოაშკარავდება მისი შესაძლებლობები. ასევეა ის ხალხიც, რომელიც თავისთვის, ყოველგვარი მოღვაწეობის გარეშე ცხოვრობს. სანამ ისინი თავისთვის, ცალკე არიან, ვინ რა იცის მათი უძლურებისა? მაგრამ, როგორც კი აირჩევენ ასეთ ხალხს, ისინი იძულებულნი ხდებიან, სამოსივით შემოიძრონ ის მარტოობა, და სული, სხვების დასანახად, უამრავი გარეგნული მოქმედებებით შეჭურვონ. მათ კეთილ საქმეებს სარგებლობაც მოაქვთ, რამეთუ მრავალს აღუძრავენ კეთილ სურვილს. მაგრამ ისინი სულ უფრო დაუდევარნი ხდებიან სულიერ სათნოებათა მოპოვებისათვის, ამიტომაცაა, თავს ვერ იზღვევენ შეცოდებებისაგან და მათი შრომაც აღარ უმსახურებს ქებას. ასე რომ, ხუცესი ყოველმხრივ უნდა ბრწყინავდეს, რათა შეძლოს მისი მრევლის გახარებაცა და განათებაც. როცა ჩვეულებრივი ხალხი ცოდავს, ისინი ამით მხოლოდ საკუთარ თავს ვნებენ და მათი ცოდვაც თითქოს დაფარულიაო. მაგრამ გამოჩენილი და ცნობილი ხალხის შეცოდება ბევრზე მოქმედებს უარყოფითად. იგი ერთგვარად დასცემს კიდეც ხალხში მისწრაფებას კეთილი ღვაწლისაკენ, ხოლო მისით მოხიბლული მხოლოდ სიამაყეს მატებს. უბრალო ხალხის ცოდვა, რომც გამოაშკარავდეს, მნიშვნელოვნად ვერავის ავნებს. მაგრამ მღვდლობის ღირსებას მიღწეული ხალხის საქციელი ყველასათვის დასანახია. მათი მცირედი შეცოდებაც კი, ყველას დიდად მოეჩვენება, რადგან ამ შემთხვევაში ცოდვას კი არ ექცევა, როგორც ასეთი, ყურადღება, არამედ შემცოდებლის პირად ღირსებას. ამიტომ, მღვდელმა რაღაც ანდამატივით იარაღი უნდა მოიშველიოს და ყოველი მხრიდან უნდა მოიზღუდოს თავი, გულმოდგინე, დაკვირვებულ მღვიძარებაში უნდა ატარებდეს თავის სიცოცხლეს, სუსტი და დაუცავი ადგილი რომ არ აღმოუჩინოს ვინმემ სასიკვდილო ჭრილობის მისაყენებლად, რადგან ირგვლივ მყოფნი მზად არიან ავნონ მას რაიმე. ნათქვამი მხოლოდ მტრებსა და მოწინააღმდეგეებზე როდი ვრცელდება, არამედ იმ ხალხზეც, თავი მეგობრებად რომ მოაქვთ. ბაბილონში, ღვთის მადლით, სამი წმინდა ყრმა იყო. სახმილს იყვნენ ისინი მიცემულნი. სწორედ მათ უნდა გავდნენ სულიერად, კაცნი ხუცობის მტვირთველნი, რადგან ცეცხლი, რომელსაც ისინი მიეცემიან ფიჩხით, ფისითა და სელით როდია აალებული. ისინი ნივთიერ ცეცხლს კი არა, შურის ყოვლად დამფერფლავ ცეცხლს მიეცემიან ხოლმე. ეს ცეცხლი მათ ყოველი მხრიდან აქვთ შენთებული და იგი უფრო ძლიერად აღწევს მათში, ვინემ იმ ყრმათა სხეულში. იმ ცეცხლმა, რომ პატარა შემხმარი ნაწილი ნახოს, იმას შეჰყვება და სხვას, მზის სხივივით გაბრწყინებულ ნაწილებსაც მისწვდება გასამურად.
სანამ ყველაფერი წესრიგში აქვს ხუცესს, მანამ ძვირისმზრახველნი ვერაფერს დააკლებენ. მაგრამ, სულ მცირედიც რომ გამოეპაროს, ბოლოს და ბოლოს ადამიანია, ცხოვრების უბობოქრესი ზღვები რომ ჰქოდნეს გადაცურული და უამრავი კეთილი საქმე გაკეთებული, მყვედრებელთ მაინც ვერ გააჩერებ. მცირედი ყველაფერს გადაჰფარავს. თანაც მას ისე კი არ უყურებენ, როგორც ჩვეულებრივ ხორცში მყოფ კაცს, რომელსაც არ შეუძლია არ ჰქონდეს შეცდომები, არამედ როგორც ანგელოზს, რომელსაც დაუშვებელია რაიმე ეშლებოდეს. ტირანი, სანამ ძლიერია და მეფეა, რაკი მისი მორევა არ ძალუძთ, ამიტომ შიში აქვთ მისი და ეპირფერებიან. მაგრამ თუ სისუსტე დაატყვეს, იმ წამს თავს ანებებენ თვალთმაქცობას და გუშინდელი მეგობრები მტრებად, მოწინააღმდეგეებად უხდებიან, მისი სუსტი მხარეების მცოდნენი ძალაუფლებაში ედავებიან. იგივე ემართებათ მღვდლებსაც, სანამ ძლიერია, ვერავინ კადრებს ცუდს, ყველანი პატივით ექცევიან, მაგრამ ოდნავი საბაბი თუ მიეცათ, იგივე ხალხი ძლიერად შეიარაღდება მის წინააღმდეგ და გადაყენებას დაუპირებს, თანაც მას ტირანზე უფრო საშინელ კაცად დასახავენ. ტირანს ყველაზე მეტად თავისი გვამის მცველთა შიში აქვს, მღვდელი თავის ახლობლებსა და თანამოსაუბრეებს უფრთხის. რადგან არავინ ისეთი ძალით არ ცდილობს მასზე უფლების მოპოვებას, როგორც ისინი. მათ ყველაზე კარგად იციან მისი საქმეების მსვლელობისა, ისინი ხომ მის სიახლოვეს არიან; რამე მოხდება და პირველები იგებენ, ცილიც რომ დასწამონ ვინმეს, ამასაც ადვილად დაუჯერებს ხალხი, პატარას დიდზე გაბერავენ და ადვილად ავნებენ უდანაშაულოს და გამართლდება მოციქულის სიტყვები შებრუნებული აზრით: “და თუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა; (I კორ. 12,26). მხოლოდ ღმრთისმსახურების მტვირთველთ შესწევთ ამის ძალა. ასეთი ბრძოლისათვის მიმეტებ? და გგონია, რომ ჩემი სული აიტანს ასეთი სხვადასხვაგვარი სახის ბრძოლებს? როგორ იფიქრე ეგ, ვინ გითხრა? თუ ღმერთმა გამოგიცხადა, მითხარი და დაგემორჩილები და თუკი ასეთი აზრი ხალხის ლაპარაკის მიხედვით შეგექმნა, თავს ნუღარ მოიტყუებ. ჩვენი თავისა ჩვენ უკეთ ვიცით, ვიდრე სხვამ. იმიტომ, რომ “რამეთუ ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაჲ, გარნა სულმანვე კაცისამან” (I კორ. 2,11).
უწინ თუ არა, ვფიქრობ ახლა მაინც რწმუნდები ჩემს სიმართლეში. მე რომ მიმეღო ეგ პატივი, თავსაც და ამომრჩეველსაც სასაცილოდ გავუხდიდი საქმეს და ფრიად ვნებული ისევ იმ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი, რომელსაც ახლა ვეწევი. ბევრს სწადია ეს ხელისუფლება; ეს წადილი შურზე ძლიერია, მაგის გამოა, რომ აუმხედრდებიან ხოლმე იმ ხალხს, რომელთაც ეგ ხელისუფლება მიეცათ. ანგარებისმოყვარე შვილებმა იციან, როგორც კი მოუძლურდებიან მშობლები, დრტვინვას მოჰყვებიან. ზოგიერთი, რომ ხედავს, მავანის მღვდლის მსახურება დიდხანს გაგრძელდა, დრტვინავს ისიც; მისი მოკვლა უსჯულოებად მიაჩნია, ამიტომაცაა, სხვაგვარად ცდილობს ამ ხელისუფლების მოპოვებას, იმ ხუცესის ადგილის დასაკუთრებას, თანაც ყოველი მათგანი იმედიანადაა, მე მერგებაო ეს პატივი.
15. გინდა სხვა ბრძოლაც გიჩვენო, მასაც უამრავი საფრთხე ახლავს თან. წადი, სახალხო დღესასწაულებზე გაიარე, აქ უნდა ხდებოდეს სწორედ უმეტეს წილად საეკლესიო პირების არჩევა და ნახავ, რომ მღვდლის ყველა ხელქვეითი მისივე გმობაშია. არჩევის უფლების მქონენი ჯგუფებად იყოფიან, თანხმობა არც ერთმანეთში აქვთ ხუცესთ და არც ეპისკოპოსთან. ყველა თავისთვისაა, ერთი ერთს ირჩევს, მეორე – მეორეს.
ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ მთავარს, სულიერ სათნოებას, არავინ ითვალისწინებს. პატივის მიგება სულ სხვა რამის მიხედვით ხდება. მაგალითად, იტყვიან, ის იმიტომ უნდა ავირჩიოთ, რომ ცნობილი გვარის შვილიაო, სხვაზე ამბობენ, მდიდარია და ეკლესიის შემოსავლიდან აღარ ისარგებლებსო, მესამეზე იტყვიან, თავისი კეთილი ნებით მოვიდა მოწინააღმდეგე ბანაკიდან და უნდა ავირჩიოთო; ზოგი თავისი ნაცნობის წამოწევას ცდილობს, ზოგი- ნათესავისას, ზოგს მლიქვნელობის გამოც კი ეწევა ასეთი ბედი. მაგრამ საქმისათვის გამოსადეგარ კაცსა და სულიერ სათნოებათა მეტ-ნაკლებ რიგიანობას არავის დაეძებს. მე ძალიან შორს დავიჭერდი თავს და მღვდლის დადგინებისათვის, აქ ჩამოთვლილ თვისებებს არ ვიკმარებდი. ის კი არა, ყველაზე ღვთის მოშიშსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ეს თვისება ამ საქმეში სიკეთის მომტანია და აუცილებელიც, ვერ გადავუწყვეტდი ამ პატივის მიგებას, თუკი მას ღვთისმსახურებასთან ერთად კეთილგონიერებასაც არ დავატყობდი. ბევრი ვიცი, მარტოდმყოფელი და დაყუდებულ ცხოვრებას მიდევნებული, საკუთარი ცხოვრების მარხვით დამაჭკნობელი. ეს ხალხი, განმარტოებით როცა იყო, კიდეც ზრუნავდა საკუთარ სულზე და სათნონი გაუხდნენ უფალს, დღითი დღე მატულობდა მათი სიბრძნის მოყვარეობა. მაგრამ როცა მათ ხალხის უმეცრების გამოსწორება დაევალათ, ზოგმა თავშივე ვერ ივარგა, ნაწილმა იძულებით გააგრძელა მსახურება, მოწყდა საკუთარ ცხოვრებას, სხვებს ვერაფერი არგო, საკუთარ სულს კი დიდი ზიანი მიაყენა. ვინმეს რომ მსახურების დაბალ საფეხურზე ეწიოს ღრმა სიბერე, სწორედ რომ ვერ მივაგებდი, მხოლოდ ასაკის გამო, ასეთ პატივს. ამ ასაკშიც რომ ვერ ივარგოს მერე? ამ სიტყვებს ჭაღარის დამცირების აზრით როდი ვამბობ, და არც იმის დაწესებას მოვითხოვ, რომ მონაზონთა დასიდან არავის მიაგონ პატივი, ხშირად სწორედ ამ დასიდან გამოსულთ გაურთმევიათ ამ საქმისათვის თავი სანაქებოდ. უბრალოდ, ერთის დასაბუთებას ვცდილობ, რომ თუკი ასაკი და ღვთისმსახურებაა არასაკმარისი ხუცობისათვის, მით უმეტეს, მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გამო არ უნდა ხდებოდეს ამ პატივის მიგება. მავანნი სხვა უგუნური მიზეზებითაც ცდილობენ ზოგიერთების წარდგინებას. ნაწილს იმიტომ ირჩევენ სამღვდელო დასში, რომ მოწინააღმდეგეთა ბანაკში არ გადავიდნენო, ზოგის არჩევის მიზეზი კი მისივე უკეთურება ხდება, აქაოდა, არჩევის მერე დაოკდება და აღარ ჩაიდენსო სიბოროტეს. კაცს, სრულიად ურგებსა და ვნებებით სავსეს, რომელსაც ეკლესიაში შესვლის უფლებაც კი არ უნდა ჰქონდეს და თუ რაიმეს იმსახურებს, მხოლოდ სასჯელს, სწორედ მას მიეგება პატივი ხუცობისა. განა იქნება ამაზე მეტი უღმრთოება? მითხარი, კიდევ საძიებელი გვაქვს ღვთის რისხვის მიზეზი, თუკი წმინდა და საშინელი საქმე უწმინდურთათვის გვაქვს მინდობილი დასაღუპად?
როცა საქმეების მართვას მათ მიანდობენ, ვისაც სრულიად არ შესწევს ამის უნარი, მაშინ ეკლესია ოდნავადაც აღარ განსხვავდება ევრიპისაგან**. უწინ, ერში მყოფ ხელისუფლებაზე მეცინებოდა, პატივის მიგებას სულიერი სათნოების გათვალისწინების გარეშე ახერხებენ, მხოლოდ სიმდიდრეს, ასაკსა და ძლიერთა მფარველობას ითვალისწინებენ-მეთქი. ახლა, რომ ვხედავ, იგივე უგუნურება ჩვენთანაც შემოიჭრა, იმათი რა გამიკვირდეს? და რა გასაკვირია ერისკაცების, კაცთმოთნეობისა და ფულის ძიებას აყოლილი ხალხის შეცოდება, თუკი ხალხი, თითქოს ამ სოფელს გაცლილი და მხოლოდ ზეციურის მაძიებელი, ისე ურიგებს უვარგის ხალხს ამ პატივს, თითქოს მიწის მეათედი ჰქონდეთ მათთვის აღთქმული. და მათ ეძლევათ საქმე, რომლისთვისაც მხოლოდ შობილმა ღვთის ძემ დაიმდაბლა თავი თვისი, შეისხა ხორცი და “შთაიცუა ხატი მონებისა” და დაითმინა “ყურიმალსა ცემა და ჰნერწყვად” და მოკვდა ხორციელი, საძრახი სიკვდილით (ფს. 2,7; მათე 26,67).
მერე, ამასაც არ სჯერდებიან და ამ საქმეს სხვა უფრო დიდ უაზრობას მოაყოლებენ ხოლმე; უღირსების დადგენას არ კმარობენ და გამოსადეგარ ხალხს უარყოფენ. თითქოს აუცილებელი იყოს ეკლესიის ორმაგად დაცემა, თითქოს ღვთის რისხვის მოწევნის პირველი მიზეზი არა კმაროდეს, და მეორე დანაშაულსაც ამატებენ. ჩემი აზრით, ორივე დანაშაული, უვარგისი ხალხის მიღებაცა და ვარგისიანთა უარყოფაც იმიტომ ხდება, რომ ქრისტიანულმა სამწყსომ ვერსად ჰპოვოს ნუგეში და სიხარული. და განა მათ უფრო არ ემუქრებათ ცეცხლოვანი გეჰენია, ვიდრე ჩვენ (ხალხს, რომელიც ერიდება ასეთ კადნიერებას)? თუმცა, უფალი ითმენს ამ ბოროტ საქმეებს, ამბობს: “არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი.” (ეზეკ. 33,11). ვინ არ გაუკვირდეს კაცთმოყვარებას მისას? ვინ არ შეუძრწუნდეს წუალობას მისას? ქრისტიანები ხომ მტრებსა და მოწინააღმდეგეებზე მეტად ვნებენ ქრისტესავე კუთვნილებას. ის კი სათნოა, გულმოწყალეა და ყველას სინანულისაკენ მოუწოდებს. დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა! რა ღრმაა უფსკრული შენი კაცთმოყვრებისა, რა მდიდარია შენი სულგრძელება! მდაბიო და უბირი ხალხი, უფლის სახელით რომ მოიპოვეს დიდება, სწორედ მათსავე პატივისმიმგებლის წინააღმდეგ ამხედრდნენ, შეუვალს კადნიერებით შეხედეს, სიწმინდე – შეურაცხყვეს, კეთილს ზურგი აქციეს, მოაცილეს, რათა უკიდურესად დაკნინდეს ყოველივე და მათ, ბიწიერთა, თავისუფლად, სურვილისამებრ შეძლონ აოხრება ყოველივესი. თუკი ამ ავბედობის მიზეზის ძიებას მოჰყვები, იპოვი და მიხვდები, რომ ძირი ერთია, ისინი, ასე ვთქვათ, ერთი დედის შვილები არიან, შურია მათი მშობელი. მაგრამ ეს შურიც მრავალსახოვანია. ამბობენ: ეს იმიტომ უნდა განვაყენოთ, რომ ახალგაზრდააო, სხვა იმიტომ, რომ პირფერობა არ შეუძლიაო. მესამე – წაეკიდაო ვიღაცას. მეოთხეს იმიტომ არ აირჩევენ, რომ სხვას არ დაწყდეს გული, რადგან მისი წარდგენილი უარყვესო. მეხუთეს, კეთილი და თავმდაბალიაო, და, ამიტომ დაიწუნებენ; მოკლედ, მიზეზის მოძებნა არ გაუჭირდებათ, საკმარისად იპოვნიან. სხვა თუ ვერაფერი უშარეს, სიმდიდრეს მოიმიზეზებენ, ან იტყვიან პატივი უცებ კი არა, ნელ-ნელა უნდა მიენიჭოსო და ასე, მიზეზს რა დაულევთ? ჰოდა გეკითხები, რა ჰქნას ეპისკოპოსმა ასეთ ქარაშოტებთან ბრძოლისას? როგორ აღუდგეს ასეთ ტალღებს? როგორ აოტოს თავდამსხმელნი? თუ ჯანსაღი გონით იხელმძღვანელა, მაშინ მასაც და მის ამორჩეულსაც ყველა მტრად მოეკიდება, მათ საწინააღმდეგოდ ამოქმედდებიან, სულ ჩხუბის ატეხვის ცდაში იქნებიან, ამორჩეულთ დაცინვით აიკლებენ, მანამ არ მოეშვებიან, სანამ არ გადააყენებენ და თავის შევრდომილთ არ წამოწევენ ამ ადგილზე. ეს ყველაფერი იმ ამბავს ჰგავს, გემში, მგზავრებად მეკობრეები რომ ჰყავდეს მესაჭეს, რომელნიც მასაც და მის მენიჩბეებსაც ყოველ წამს ათასნაირი მზაკვრობით იკლებენ. არადა, ეპისკოპოსი რომ ამ ხალხს შეუშინდეს და მათ უდები კაცის არჩევაში დაყაბულდეს, ღმერთს განარისხებს, მტრად ექცევა. ჰოდა, რა უნდა იყოს ამაზე საშინელი? არადა, განაწყენებეული მოწინააღმდეგეები ერთმანეთს მხარს მისცემენ და უფრო დამძიმდება მათი ურთიერთობა. წყნარ ზღვაზე, სხვადასხვა მხრიდან წამოსული ქარები თუ ერთმანეთს შეეჯახება, წამოიშლებიან ტალღები, ყალყზე შედგებიან, გაშმაგდება ზღვა, არ დაინდობს მოცურავეთ. როცა უდებ კაცს დაუყენებენ ხოლმე თავში ეკლესიას, კარგავს ეკლესია თავის ჩვეულ სიმშვიდეს, შფოთვა ეუფლება მას და ემსგავსება იგი გემს ზღვაში დანთქმულს.
16. წარმოიდგინე, როგორი უნდა იყოს კაცი, რომელმაც ყველას საკეთილდღეოდ ამდენ ქარიშხლებსა და წინააღმდეგობებს უნდა გაუძლოს?
ჩინებული კაცი უნდა იყოს და არა ამაყი, მკაცრიც და მოწყალეც, განმგებელიცა და ადამიანებთან ურთიერთობის მოყვარულიც, პირუთვნელიცა და მაამებელიც, მკაცრიცა და მშვიდიც, რომ შეძლოს წინააღმდეგობათა გამკლავება. მას სრული უფლება აქვს ღირსეული კაცის მიღებისა, ასევე უფლება აქვს უარყოს კაცი უვარგისი და ამ დროს მხედველობაში უნდა იქონიოს მხოლოდ ეკლესიის კეთილდღეობა და არავითარ შემთხვევაში ვისიმე გულის მოგება. ახლა ხომ ცხადია შენთვის, რატომ ვთქვი ამ საქმეზე უარი. თუმცა, სათქმელი ჯერაც არ დამისრულებია. მინდა, კიდევ რაღაც გითხრა და თუ არ შეწუხდები, მოუსმინე შენს გულწრფელ მეგობარს, რომელსაც სურს თავი იმართლოს შენგანვე წამოსული ბრალდებების გამო. ამ სიტყვების მერე შენ უკეთ გეცოდინება რა პასუხი გასცე ჩემს აუგისმთქმელთ, გარდა ამისა, თავად შენაც, როგორც ამ საქმის მტვირთველს, ვფიქრობ გარგებს ეს საუბარი.
ვინაც ამ საქმის ტვირთვას ეპირება, მან ყოველ მიზეზგარეშე, ყოველი წვრილმანი უნდა გამოიძიოს ამ საქმისა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეს მას. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ როცა ყველაფერი წინასწარვე კარგად ეცოდინება, გაოცებასა და შფოთვას მაინც აცდება. აღარაფერი იქნება, რადგან არაფერი იქნება ახალი და მოულოდნელი. როგორ ისურვებ, საიდან დავიწყო საუბარი, ქვრივების შეწევნიდან, ქალწულებზე ზრუნვიდან თუ სასამართლო საქმეების სირთულეებიდან მოვყვე? თითოეული მათგანი სხვადასხვაგვარ ზრუნვასთანაა დაკავშირებული და გარდა ამისა, ეს საქმე მეტად საფრთხილოა და საშიში.
პირველად ქვრივების შეწევნიდან დავიწყოთ, სხვებთან შედარებით ის თითქოს უფრო ადვილი ჩანს. ერთი შეხედვით, ამ საქმეზე მზრუნველთ თითქოს მხოლოდ ფულთან აქვთო საქმე (I ტ. 5,16), მაგრამ ეს ასე არაა: საჭიროა საქმის გულმოდგინე გამოძიება, მაშინაც კი, როცა მათ სიაში შეტანას ვეპირებით. სხვაგვარად ბევრი უსიამოვნებაა მოსალოდნელი. ზოგიერთი მათგანი ოჯახს ურევს, ქორწინებას არღვევს, ქურდობას, სიმთვრალესა და მსგავსს საქციელებსაც არ ერიდება. ასეთი ხალხის ეკლესიის ხარჯზე შენახვისათვის ღმერთიც დაგსჯის და ხალხის განკითხვასაც ვერ აცდები. ის კი არა, ნაყოფის შემომწირველებმა შეიძლება სულაც აიღონ ხელი ამ საქმეზე. როგორ უნდა მისცე თავს უფლება, რომ განძი, რომელიც ქრისტეს სახელზეა შემოწირული, ქრისტეს მგმობელთ მოახმარო? ამიტომ საჭიროა გულმოდგინე გამოძიება, რომ ამ სიაში მარტო ასეთი ქვრივები კი არა, არამედ ისინიც არ მოხვდნენ, რომელთაც შეუძლიათ თავის რჩენა, რათა არ დაცარიელდეს ეს ტაბლა გლახაკთა. გარდა ამისა, საარსებო მარაგის წყარო უხვი და მოუკლებელი უნდა იყოს. ასე რომ, აქაც დიდი ზრუნვაა საჭირო. თავისთავად სიღატაკე იმითაა ცუდი, რომ დაუნაყრებელი, უმადური და მომთხოვნია. დიდი კეთილგონიერება მართებს კაცს, რომ განკითხვის საბაბის მაძიებელთ ალაპარაკების საშუალება მოუსპოს. ხალხმა, თუ ფულის მიმართ გულგრილი კაცი ნახა, ხომ იმ წუთს გადაუწყვეტენ ამ საქმის მიბარებას. მე კი მგონია, რომ მარტო ეს სულგრძელება არა კმარა ამ საქმისათვის, თუმცა იგი აუცილებელია, რადგან თუ კაცს ეს თვისება არ ექნა, იგი დაღუპავს ამ საქმეს, ვერაფერს არგებს მას და მწყემსს კი არა, მგელს დაემსგავსება. მაგრამ, ამ თვისების გარდა, ასევე აუცილებელია სხვაც – მოთმინებაც, მიზეზი ყოველივე კეთილისა. სიმშვიდე კაცის სულს წყნარ, სიხარულიან საყუდელად აქცევს ხოლმე. ქვრივებს, თავისი ასაკისა და გაჭირვების გამო, და თავისი სქესის გამოც, ერთგვარი, ზომას გადასული კადნიერებაც კი ახასიათებთ. ან ყვირიან უზომოდ, ან ვიღაცას ტყუილუბრალოდ ადანაშაულებენ, იმას უჩივიან, ვისაც უნდა მადლობდნენ, ქებას რომ იმსახურებს ისეთს კიცხავენ, ყველაფერს ამას უდრტვინველი ატანა სჭირდება; არ უნდა გაღიზიანდე უადგილო მოთხოვნებსა და განუსჯელ შენიშვნებზე. ეს ხალხი კი არ უნდა შევურაცხყოთ, არამედ უნდა დავინდოთ მათი მდგომარეობის გამო. გაუბედურებულს თუ უმოწყალოდ მოექეცი, მის ჭირს წყენაც დაემატება და გაუძლიერდება წუხილიც საცოდავს.
ანგარებიანი და მზაობარია კაცის ბუნება. სიღარიბეს კი კეთილშობილი სულის დამცრობაც ძალუძს, მასაც კი აკადნიერებს ერთიდაიგივე თხოვნის გამეორება. ეს ყველაფერი კარგად იცოდა ერთმა ბრძენმა კაცმა და ამიტომაც არიგებდა ყველას, ნუ განრისხდებითო გაჭირვებულთა გამუდმებული თხოვნის გამო, ნურც მათი განუწყვეტელი ჟინიანობა გაგაღიზიანებთო, თორემ შემწედ კი არა, მდევნელად ექცევითო მათ, გვასწავლიდა, იყავით ლმობიერნი, რათა გაჭირვებულთ მოესვლებოდესო თქვენთან (ზირ. 4,8). გაღიზიანებული კაცი თუ მიაგდე (ან რა გინდა უთხრა ავადმყოფს), იგი სხვასთან, ისეთთან წავა, რომელიც აიტანს ამ საცოდავის სისუსტეს და სანამ რამეს უწყალობებდეს, გაამხნევებს, წყნარი, ალერსიანი სიტყვით დამოძღვრავს. თუ კაცი ღიზიანდება ქვრივებზე, შეურაცხყოფითა და შენიშვნებით ავსებს, კიდეც რომ განიკითხოს ისინი და მათ წილსაც გროში რომ არ მოაკლოს სათავისოდ, გაჭირვებულთ ამით ურვას ვერ შეუმსუბუქებს, პირიქით, ასეთი კიცხვა უფრო დაამძიმებს მათ. ქვრივნი, ხორციელი მოთხოვნილებების გამო, ხშირად სირცხვილსაც ივიწყებენ, თუმცა მერე ამას განიცდიან კიდეც ძალიან. ასეა, შიმშილით აღძრული გაჭირვება მათ სირცხვილს ავიწყებს, იგივე უკრძალველობა მერე წუხილის მიზეზად უხდებათ და მათ სულს სხვადასხვა ძალით მოიცავს ხოლმე წყვდიადი სასოწარკვეთისა. მათზე მზრუნველმა იმხელა სულგრძელობა უნდა გამოიჩინოს, რომ როგორმე არ დაამძიმოს შენიშვნებით მათი ურვა, პირიქით, შეძლებისამებრ, მის შემსუბუქებას უნდა ცდილობდეს. გულგახსნილ კაცს, ბევრიც რომ ჰქონდეს, არ ახარებს სიმდიდრე, წუხს და იმიტომ. ასევე, თუკი მავანს წყალობასთან ერთად ალერსიან ან მანუგეშებელ სიტყვასაც ეტყვიან, იგი უფრო გახარებულია და ამგვარი წყალობაც ორმაგად ფასობს.
ეს ჩემი სიტყვები როდია: “შვილო ჩემო! შემწეობას ნუ აყვედრი კაცს, ქველმოქმდებისას ნუ იკადრებ სიტყვას კადნიერს. განა ნამი არ აგრილებს მხურვალებას დღისას? ასევე კეთილი სიტყვა – მეტია ქველ საქმეზე... კეთილ კაცს კი ერთიც უნდა შეეძლოს და მეორეც...” (ზირ. 15, 17-18).
ასე რომ, მზრუნველი მშვიდი უნდა იყოს და წყნარი, გაფრთხილება უნდა შეიძლოს მათი. სხვანაირად ღატაკთა ქონებას დიდი ზარალი მიადგება. ეს საქმე ერთ კაცს ჰქონდა მინდობილი. მას ბევრი ფული შეუგროვებია, მართალია გროში არ მიუსაკუთრებია, მაგრამ გაჭირვებულთათვის ცოტას იმეტებდა და დანარჩენს მიწაში ინახავდა თურმე. ინახა ერთ ხანს ასე, სანამ მტერს არ ჩაუვარდა მიწაში დაფლული ქონება. ასე რომ, დიდი წინდახედულობაა საჭირო, რომ ეკლესიის შემოსავალი ან ზედმეტად არ დაგროვდეს, ან არ განიავდეს. ეკლესიაში შემოსული თანხა უმალ უნდა დაურიგდეს გაჭირვებულთ, კეთილი ნებით შემოწირული ეკლესიის განძს მიემატება. როგორ გგონია, ცოტა ფულია საჭირო ყარიბების მიღება-გასტუმრებისა და ავადმყოფების მოვლისათვის? ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, როცა ხუცესი ფულის შეგროვებას შეუდგება, მშვიდად და გონიერად უნდა წარმართოს ეს საქმე. არ უნდა გააბეზროს ნაყოფის შემომწირველნი, ისინი დაუნანებლად, ხალისით უნდა აკეთებდნენ ამ საქმეს.
აქაც ბევრი გულმოდგინება და თავდადებაა საჭირო, რადგან ავადმყოფები თავდაუცველნი არიან, ამდენად უფრო გაღიზიანებულებიც. ყველაფერი დიდი სიფრთხილითა და ზრუნვით უნდა კეთდებოდეს მათთვის, რადგან ავადმყოფს პატარა რამეც დიდად ავნებს.
17. ქალწულები საუნჯეა ძვირფასი, იგი ყველაზე მაღალი დასია, მათზე ზრუნვისას მეტი სიფრთხილეა საჭირო. რადგან ბევრმა უკეთურმა აქაც მოახერხა თავის შერგვა და სიმწარის მეტი არაფერი მოუტანა ამ დასს. ქვრივი ბევრს ილაპარაკებს, იჩხუბებს ვინმესთან, უსირცხვილობასა და ფარისევლობას იკადრებს, თუ სურვილისამებრ ყველგან ივლის, ამისთვის მას პასუხს ვერავინ მოსთხოვს.
ქალწული კი დიდი ღვაწლით იმოსება, სიბრძნისმოყვარებას ეწირება, მიწაზე ანგელოზებრივი ცხოვრების აღთქმას დებს და სხეულში მყოფი უსხეულო ძალთა მსგავსებას ესწრაფვის. მას არ შეეფერება სახლიდან ზედმეტად გამოსვლა, უჯერო და ამაო საუბრების აყოლა, მაცთურობასა და ძვირისმეტყველებაზე წარმოდგენაც არ უნდა ჰქოდნეს. ასე რომ, დიდი მოფრთხილება და დახმარება ჭირდება. სიწმინდის მტერი ყველაზე მეტად გააფთრებით სწორედ ქალწულებს მიუხდება და ათასგვარი მზაკვრობით იკლებს მათ, მზადაა გადაყლაპოს დასუსტებული და დაცემული. ქალწულებს ემტერება ავი ხალხი, და ყველაფერთან ერთად, ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელი ყველანაირი სიცოფე.
საერთოდ, მათ ორმაგი ბრძოლის ატანა უწევთ: უცხოებთან, გარედან რომ ესხმიან თავს და საკუთარსავე სულში ჩასახლებულ მტრებთან. დიდი შიშის ქვეშაა მათი მზრუნველი, ესაა შიში მოსალოდნელი ჭირისა და საფრთხისა, ღმერთმა არ ქნას და თუ მოხდა რაიმე, არსაქნელი (ზირ. 42,4). თუკი ქალიშვილის უნაყოფობას, გაუთხოვრობასა და ქმართან დაცილებას მამა ასე განიცდის, მაშინ იმან, ვისაც გაცილებით მნიშვნელოვანის ზრუნვა აქვს მინდობილი, რაღა თქვას? ამ დროს, ადამის ძე კი არა, თავად მაცხოვარი განეშორება ქალწულს. და ეს უნაყოფობა უბრალო ბერწობას კი არა, სამუდამო დაღუპვას მოასწავებს. ”ყოველმან ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედოს” (ლ. 3,9). სიძისაგან მოძულებულს განქორწინების ქაღალდს როდი აკმარებენ, მისი განრისხებისათვის იგი საუკუნო ტანჯვას მიეცემა. ხორციელ მამას ქალიშვილის გასაფრთხილებლად ბევრი პირობა აქვს შექმნილი: დედა, აღმზრდელი, მსახურთა სიმრავლე, საიმედო სახლი, ეს ყველაფერი ამ საქმეს ემსახურება. იგი ქალიშვილს უკრძალავს ქალაქის მოედანზე გასვლას, თუ გამოვა, საღამოს ბინდი კედელზე ნაკლებად როდი დაიცავს უცხო თვალისაგან. ესეც არ იყოს, მას არ ჭირდება, როგორც ასეთი, სახლიდან გამოსვლა და ამდენად, მამაკაცის თვალსაც არიდებულია. არც სახლის საზრუნავისა და არც სხვა რაიმეს გამო, მას არ უწევს ასეთი შეხვედრები, რადგან ყველაფერზე მამა ზრუნავს. მას ერთი რამ ევალება მხოლოდ: ან არ მოიმოქმედოს ან არ თქვას, რაიმე, მისი კდემამოსილებისათვის შეუფერებელი.
მამასავით მზრუნველ ეპისკოპოსს კი არა აქვს ქალწულზე ამდენი თვალდევნების საშუალება, ამიტომ უფრო უჭირს. საკუთარ სახლში ქალწულს ვერ მიიყვანს, რადგან მათი ერთ სახლში ცხოვრება უჯეროცაა და საშიშიც. თუნდაც არაფერს ვნებდნენ ისინი ამ ცხოვრებით ერთმანეთს, თუნდაც გამუდმებულად იცავდნენ შეუხებლობის სიწმინდეს, მრავალთა ცთუნებისათვის მათ მაინც მოუწევთ პასუხის გება, და ისინი დაისჯებიან, როგორც ამ ცოდვის მყოფელნი. ასე რომ, რაკი ერთად ცხოვრება შეუძლებელია, ნაკლები საშუალება ეძლევათ ქალწულთა მეთვალყურეობისა: ვერც სწორ საქციელს მოუწოენებენ მათ და მცდარსაც ვერ შეუსწორებენ. ქალწულის სახლიდან გასვლასაც ვერ მიადევნებენ თვალს. იძულებით ხელმომჭირნეობისა და გაჭირვების გამო მან თვითონ უნდა იზრუნოს თავის თავზე. თავის ნებაზე ცხოვრებისათვის, თუ მოისურვებს, უამრავ მიზეზს გამოძებნის და სახლიდან გასვლას ვერავინ დაუშლის. ვინც სახლში ყოფნას მოსთხოვს, კიდევაც უნდა უზრუნველყოს და მოუსპოს სახლიდან გასვლის ყველა მიზეზი: ყველაფერი უნდა მიუტანოს საჭიროებისამებრ და მოსამსახურე ქალიც უნდა მიუჩინოს. პანაშვიდებსა და დაკრძალვებზე არ უნდა უშვებდნენ. ძალუძს, ნამდვილად ძალუძს იმ ეშმაკ გველს, თვით კეთილშიაც კი, ჩანთხევა ბოროტი შხამისა!
ქალწული ყოველ მხრივ დაცული უნდა იყოს და სახლიდანაც წელიწადში რამოდენიმეჯერ, მხოლოდ გადაუდებელი და აუცილებელი საქმეების გამო უნდა გამოვიდეს. თუ ვინმე იტყვის, ეს საქმე ეპისკოპოსს არ ეხებაო, დაე, იმანაც გაიგოს, რომ თუ მოხდა რაიმე, პასუხი უშუალოდ ეპისკოპოსს მოეკითხება, რადგან ევალება თითოეულ ქალწულზე ზრუნვა. ამიტომ, მას უნდა ერჩიოს, რომ თავად განაგოს ეს საქმეები და აიცილოს ბრალდება, რომელიც აუცილებლად დაედება სხვათა შეცოდების გამო, ვიდრე უარი თქვას ამ მსახურებაზე და სხვების გამო პასუხისმგებლობის შიშში იყვეს. ეგეც არ იყოს, როცა ამ საქმეს მარტო თვითონ აკეთებს, ეს ბევრად უკეთესია, მაგრამ როცა იძულებულია სხვებს დაავალოს, ამ საქმისაგან განთავისუფლების, დასვენების მაგიერ, უამრავი უსიამოვნება მოსდის სწორედ იმ ხალხთან, რომელთაც შეიძლება არ გაიზიარონ მისი შეხედულებები და შეეწინააღმდეგონ კიდეც. ყველაფრის თქმა, რაც ქალწულების მოვლასთანაა დაკავშირებული, არც ძალმიძს. ის კი არა, მათი სიაში შეტანაც კი მეტად საფრთხილო საქმეა. სამსჯავრო საქმეები კი (ესეც ეპისკოპოსის მსახურებაში შედის), ისეთ დიდ უსიამოვნებას, ზრუნვასა და სირთულესთანაა დაკავშირებული, რომ საერო სასამართლო მონაგონია. ადვილი არაა სიმართლის პოვნა. ჭირს ნაპოვნი სიმართლის გაფრთხილებაც. ამ დროს ბევრი ფუსფუსისა და ზრუნვის გარდა, საფრთხეც დიდია. ნაწილი სუსტი ხალხისა სამსჯავროში ვერ პოულობს თავის სიმართლეს და სულაც კარგავს ყველანაირ რწმენას. ბევრს, გულნატკენს, ვერ აუტანია მაწყინებელი მისი და ვერც ის, ვინაც დახმარება არ აღმოუჩინა. ისინი არ ითვალისწინებენ არც საქმის, არც ვითარების სირთულეს, არც სამღვდელო ხელისუფლების განსაზღვრულობას, არაფერს ამის მსგავსს. თუ არ გამოიყვანე ამ მდგომარეობიდან, პირდაპირ შეუწყნარებელ მსაჯულებს ემსგავსებიან და აღარაფერი გამართლებს მათ თვალში. ვინაც ამას ვერ მოახერხებს, ათასი რამითაც რომ იმართლოს თავი, განკითხვას ვერ აცდება. რახან სიტყვა დაცემაზე ჩამოვარდა, საყვედურების ერთ მიზეზსაც გეტყვი. ეპისკოპოსმა თუ ყოველდღე არ მოინახულა ქალაქის თავკაცობა, საშინელი უკმაყოფილება ჩამოვარდება, იტყვიან: ნახვა მარტო ავადმყოფს კი არა, ჯანმრთელებსაც ჭირდებათო. ამას ყოველთვის კეთილი მოსაზრებებით როდი ამბობენ, უმრავლესობა საკუთარი წარმოჩენისა და პატივის აღზევების გამო აკეთებს ამას. თუ საჭიროებამ მოითხოვა და მას ეკლესიის კეთილდღეობის გამო, შეძლებულ და ამა სოფლის ძლიერ ხალხთან ხშირად მისვლა მოუწია, იმ წამსვე მითქმა-მოთქმა ატყდება, კაცთმოთნეობასა და ფარისევლობას დასწამებენ. მაგრამ დაცვასა და მისვლა-მოსვლაზე რას გელაპარაკები? ეგ კი არა, ერთი საუბარიც კი საკმარისია უამრავი საყვედურის გასაჩენად. მათმა სიმრავლე-სიმძიმემ კაცი შეიძლება სასოწარკვეთამდე მიიყვანოს. სალაპარაკო ხდება მისი მზერა, მისი ყველაზე უბრალო საქციელიც კი შეიძლება მკაცრი მსჯელობის საგნად იქცეს. ყურადღება ექცევა ხმის ტონს, სახის გამომეტყველებას, სიცილის ზომას. იტყვიან, იმას ხმამაღლა ელაპარაკებოდა, იცინოდაო, მე კი ცოტას მესაუბრებოდა და თანაც უდიერადო. ხალხში ლაპარაკისას, თუკი ყველა არ მოაქცია მზერის არეში, თუ გამორჩა ვინმე, ესეც საწყენად დაურჩებათ. ვის ძალუძს ამ უამრავი საყვედურებისა, ანდა მათი მოწევნისას – თავის დაღწევა და გამართლება? ან საერთოდ არ უნდა გყავდეს ბრალმდებელი, თუკი ეს შესაძლებელია, ან უნდა შეგეძლოს მათი გამკლავება. თუ ეს არ ხერხდება, ზოგიერთს ხომ არც სჭირდება მიზეზი, მათ სწორედ უბრალო ხალხის დადანაშაულება გვრით სიამოვნებას, მათი საყვედურებიც მხნედ უნდა აიტანო.
დამნაშავე ადვილად იტანს ბრალდებას, რადგანაც სინდისზე მკაცრი მსჯავრმდებელი არ არსებობს. თუკი კაცს წინასწარ აქვს მონელებული მკაცრი მსაჯულის საყვედური, სხვისი საყვედურების ატანა ოდნავადაც არ უჭირს. მაგრამ თუკი ადანაშაულებენ კაცს უბრალოს, მას ადვილად მოეკიდება მრისხანება და სასოწარკვეთამდეც კი მივა, ხალხის უმეცრებას თუ არ იქნა წინასწარ შეგუებული.
არა, შეუძლებელია რომ არ აღშფოთდეს, არ შეწუხდეს კაცი, როცა მას არაფრის გამო, უდანაშაულოს, ცილს სწამებენ და განიკითხავენ. ახლა იმ წუხილს არ იკითხავ, როცა მოძღვარს მავანის ეკლესიიდან განკვეთა უხდება? ნეტა მაგ ჭირს წუხილის მეტი არაფერი მოჰქონდეს! ამ დროს დიდი უბედურებაა მოსალოდნელი. საშიშია, რომ ზომაზე მეტად დასჯილს, ნეტარი პავლეს სიტყვებით რომ ვთქვათ: “ნუუკუე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი.” (II კორ. 2,7). ასე რომ, აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო, თორემ შეიძლება, საკურნებლად მიცემულმა საშუალებამ კი არ არგოს კაცს, არამედ ძლიერად ავნოს კიდეც. ამასთან, ყოველი ცოდვის გამო, რომელსაც ავადმყოფი ამ მკურნალობის შედეგად ჩაიდენს, პასუხს ექიმიც აგებს, რომელმაც ვერ შეძლო სნეულის ჯეროვანი მკურნალობა.
როგორ გგონია, რა სასჯელი მოელის კაცს, რომელიც ღვთის წინაშე პასუხს აგებს არ მარტო საკუთარი ცოდვებისთვის, არამედ სხვათა ცოდვათა გამოც. თუკი ჩვენ საკუთარი ცოდვების გახსნებისას ვძრწით და აღარ გვრჩება იმედი მარადიული ცეცხლის აცილებისა, მაშინ უამრავი ხალხის ცოდვებზე პასუხისმგებელი, როგორი ტანჯვის მოლოდინში უნდა იყოს? და ეს რომ მართლაც ასეა, ნეტარი პავლეს სიტყვებს, უფრო სწორედ, მასში ამეტყველებული მაცხოვრის სიტყვებს გახსენებ:
“დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ;” (ებრ. 13,7). რაა ეს, თუ არა მუქარა შემაძრწუნებელი? ამის უარყოფა როგორ იქნება?!
ისე კი, რაც ვთქვი, ვგონებ უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ყველაზე ურწმუნო და მკაცრმა ხალხმაც კი დამიჯეროს, რომ ამ საქმეს (მოძღვრობას), სიამაყის და ამაო დიდების მოყვარების გამო კი არა, ერთადერთის, მომავალი საქმის შიშით გავერიდე, ეს იყო ჩემი გაქცევის მიზეზი.
---------------------------------------------------------------------------------------------------
* შდრ. I კორ. 15,31; რომ. 8, 36-37.
** ევრიპი – ვიწრო სრუტეა ევბერესს, ზიოატიკისა და ატიკის კუნძულებს შორის საბერძნეთში. ბერძნები ამბობენ, აქ წყალი დინების მიმართულებას იცვლისო.
1. ბასილიმ მოუსმინა, მცირე ხანს შეყოვნდა და მერე თქვა: თავად რომ ცდილიყავ ამ ხელმწიფების მოპოვებას, მაშინ შენი შიში გამართლებული იქნებოდა. ვინც თვითონ ესწრაფვის მსახურების მიღებას, ამით საკუთარ თავს ამ საქმის შემძლედ აღიარებს და მერე ვეღარ იტყვის, ესა თუ ის შეცდომა გამოუცდელობით მომივიდაო. ასეთი კაცი თავიდანვე ისპობს გამართლების საშუალებას იმით, რომ ესწრაფვოდა და მიიტაცა კიდეც ეს მსახურება, და რადგან საკუთარი ნებით შეუდგა მას, ვეღარ იტყვის, უნებლიეთ შევცოდე ამა და ამ საქმეში, უნებლიეთ დავღუპე ესა და ეს კაციო. მისი მსჯავრდებელი მიუგებს: “რატომღა ესწრაფვოდი და თავსიდე საქმე, რომელიც შენს ძალებს აღემატებოდა, თუკი გრძნობდი საკუთარ გამოუცდელობას, თუ არც გონი გაგწვდებოდა ამ საქმეზე და არც საკმარისი ჭკუა გქონდა, ვინ გაიძულა? იქნებ გაურბოდი და თავს არიდებდი ამ მსახურებას და ვიღაცამ ძალა დაგატანა?” მაგრამ შენ ამას ვერავინ გეტყვის, იგივეს ვერც საკუთარ თავს უსაყვედურებ, ყველამ იცის, რომ თავად არ ცდილხარ ამ პატივის მიღებას, ყველაფერი სხვებმა მოაწყვეს, და ის, რაც სხვებს ცოდვების მიტევებას უსპობს, შენ გამართლების მიზეზად გექცევა.
ოქროპირი: ღიმილით გადავაქნიე თავი და ჩემი მეგობრის გულუბრყვილობით გაოცებულმა ვთქვი: თავადაც ვინატრებდი, ჩემო კეთილო, ისე იყოს საქმე, როგორც შენ ამბობ, თუმცა იმისთვის კი არა, რასაც გავექცევი, იმის მიღება მინდოდეს. არავითარი სასჯელიც რომ არ მეოლოდეს ქრისტეს სამწყსოზე ურგები და დაუდევარი მზრუნველობისთვის, რაკი ასეთი დიდებული საქმეები დამაკისრეს, ჩემთვის ყველა სასჯელზე მძიმე მაინც ის იქნებოდა, რომ უღირსი გამოვდექი ღმერთის წინაშე, ვინც ეს საქმეები მომანდო. მაშ რატომღა ვინატრებდი, რომ ყველაფერი მართლა ისე იყოს, როგორც შენა თქვი? მხოლოდ იმისთვის, რომ ეს საბრალო და უბედური ადამიანები (ასე ვუწოდებ მათ, ვინც კარგად ვერ გაართვა თავი ამ საქმეს, შენ ათასჯერ რომ თქვა, ძალით მიაღებინეს ეს პატივი და უმეცრებით სცოდესო) გაექცნენ უშრეტ ცეცხლს, მარადიულ მატლს, განკვეთას და ორგულთა თანა დაღუპვას. აბა რა გითხრა? ეგრე არ არის. და თუ გინდა, დაგარწმუნო ჩემი სიტყვების სიმართლეში, დავიწყებ მეფობიდან, რომლის გამოც ისეთ პასუხს არ აგებს კაცი ღმერთის წინაშე, როგორც მღვდლობისთვის. საული, კისის ძე, საკუთარი მცდელობით როდი გახდა მეფე, თავისი სახედრების საძებრად წამოვიდა და მათ შესახებ ეკითხებოდა წინასწარმეტყველს, იმან კი მეფობაზე ჩამოუგდო სიტყვა. მიუხედავად იმისა, რომ ამას წინასწარმეტყველი ეუბნებოდა, საული არ ესწრაფვოდა მეფობას, პირიქით, უარყოფდა და თავს არიდებდა: “ვინა ვარ მე, უფალო, და რაჲ არს სახელი მამისა ჩემისაჲ” (I მეფეთა 9,21). რა მერე? როცა ღვთივ ბოძებული პატივი ბოროტად გამოიყენა, განა ამ სიტყვებმა იხსნა იგი ღმერთის რისხვისაგან? არადა, იმასაც შეეძლო ეთქვა სამოელისათვის, რომელიც ბრალდებებს უყენებდა: “განა მე ვესწრაფვოდი მეფობას? განა ვეძიებდი ამ ხელმწიფებას? მსურდა უბრალო ხალხის ცხოვრებით მეცხოვრა, მშვიდად და უშფოთველად, შენ კი ამ ღირსებისკენ მომიზიდე. შეურაცხ მდგომარეობაში რომ დავრჩენილიყავ, საცთურს ავერიდებოდი, უბრალო და მდაბიო კაცთა შორის მყოფს ამნაირ საქმეს არავინ დამაკისრებდა, ღმერთი არ მომანდობდა ამალეკთა წინააღმდეგ ბრძოლას, ეს რომ არა, ასეთ ცოდვასაც არ ჩავიდენდი”. მაგრამ ეს ერთობ უმწეო თავის მართლება იქნება და არა მარტო უმწეო, არამედ სახიფათოც, რადგან იგი კიდევ უფრო გააძლიერებს ღვთის რისხვას. ის, ვისაც თავის ღირსებაზე მეტი პატივი მიანიჭეს, საკუთარ შეცოდებათა გამართლებას ამ პატივის სიდიდით კი არ უნდა ცდილობდეს, არამედ პირიქით, ღმერთის დიდი მზრუნველობა სასიკეთოდ უნდა წარმართოს. და როცა კაცი იმით ცდილობს თავის მართლებას, რომ ღვთისგან დიდი პატივი მიენიჭა, ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთის მოწყალების ცოდვათა მიზეზად წარმოდგენა. ეს უსჯულო კაცთა წესია, უზრუნველად რომ ატარებენ ცხოვრებას. ჩვენ კი ნუ ვიფიქრებთ ასე და ნუ გავიზიარებთ იგივე უგუნურებას, ყველაფერი ჩვენი ძალებისამებრ უნდა შევასრულოთ, თანაც ენა და გონება კეთილკრძალულად დავიცვათ.
ელისაც (მეფობიდან გადავინაცვლოთ მღვდლობაზე, სიტყვა ხომ ამაზე ჩამოვაგდეთ) არ უცდია ამ ხელმწიფების მოხვეჭა, მაგრამ განა ამან შეამსუბუქა მისი ცოდვა? თუმცა რატომ ვამბობ, არ უცდია მეთქი? რომც მოენდომებინა, მაინც ვერ გაექცეოდა მღვდლობას სჯულის მოთხოვნის გამო, რადგან ის ლევის ტომისაგანი იყო და უნდა მიეღო ეს მსახურება, რომელიც შთამომავლობით გადაეცემოდა. მაგრამ იმანაც დიდი სასჯელი დაითმინა თავის შვილთა თავნებობისთვის (I მეფეთა 4). იუდეველთა პირველმა მღვდელმაც, ვის შესახებაც ბევრი რამ უთხრა ღმერთმა მოსეს, აკი ვერ შეძლო უამრავი ხალხის უგუნურების წინააღდგომა და დაღუპვის საფრთხის წინაშე იდგა, ძმის შუამდგომლობას რომ არ ეხსნა ღვთის რისხვისაგან (გამოს. 32). მოსე რაკი ვახსენე, ჩემი სიტყვების სიმართლეს იმითაც დავადასტურებ, რაც მას შეემთხვა. თვით ნეტარ მოსეს არც უფიქრია იუდეველთა ერისთმთავრობის მოპოვება, როდესაც ეს შესთავაზეს, მაშინაც უარზე იდგა, არ დაჰყვა უფლის მოწოდებას და განარისხა მბრძანებელი (გამოსვ. 4,13). და არა მარტო მაშინ – ამ ხელმწიფების მიღების მერეც მისგან გათავისუფლებასა და სიკვდილს ნატრობდა: “უკეთუ ესრეთ მიყოფ მე, მომკლა მე მოკლვით” (რიცხვთა 11,15). რა მერე? წყლის გამოყვანისას რომ სცოდა (რიცხვთა 20,12), განა ამ უარმა მოუტანეს მას ღვთისგან შენდობა? ანდა სხვა რისთვის დაკარგა აღთქმული მიწა? ყველამ კარგად ვიცით, რომ სწორედ ამის გამო ვერ მიაღწია ამ საოცარმა კაცმა იმას, რასაც მისი ხელმწიფების ქვეშ მყოფთ მიაღწიეს. მრავალი ღვაწლისა და მომქანცველი მსხემობის შემდეგ, ასეთი არაჩვეულებრივი მოგზაურობის შემდეგ მოკვდა იმ მიწის გარეთ, რომლისთვისაც ამდენი შრომა აღიღო, ზღვაოსნობის განსაცდელი დაითმინა და ნავსაყუდელის სიკეთით კი ვერ დატკბა. ხედავ, მხოლოდ მღვდლობის მიმტაცებელიც კი არა, ისინიც, ვინც მას სხვების ძალდატანებით ღებულობენ, თავს ვერაფრით იმართლებენ საკუთარ შეცოდებათა გამო.
თუკი თვით ღმერთის რჩეულთაც, ვინც მრავალგზის უარს ამბობდა პატივის მიღებაზე, ასეთი სასჯელი დაიმსახურეს, თუ ვერაფერმა იხსნა ამ საფრთხისაგან ვერც აარონი, ვერც ელი, და ვერც ის ნეტარი კაცი, წმინდანი, წინასწარმეტყველი, საოცარი, “მშჳდ ფრიად უფროს ყოველთა კაცთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა.” (რიცხვთა 12,3), ვინაც ღმერთს მეგობარივით ესაუბრებოდა (გამოსვ. 33,11), მაშინ ჩვენ, ვინც ასე შორსა ვართ სრულქმნილებისაგან, განა საკმაო გამართლება გვექნება იმის გამო, რომ სულაც არ ვეძიებდით ამ ხელმწიფებას, მით უმეტეს, ეს გამორჩევა ხშირად საღვთო მადლით კი არა, კაცთა მცდელობით ხდება. უფალმა გამოირჩია იუდა, იგი ქრისტეს მოწაფეთა წმიდა დასს შერთო და სხვებთან ერთად მიანიჭა ღირსება. სხვებზე მეტიც კი მიანდო – ფულის გამგებლობა. რა მერე? როდესაც მან ბოროტად ისარგებლა ერთითაც და მეორითაც – იგი, ვის შესახებაც უნდა ექადაგა, გასცა, და ის, რაც სიკეთეში უნდა მოეხმარა, ბოროტად გამოიყენა, განა ამით გადაურჩა სასჯელს? პირიქით, ამით კიდევ უფრო გაზარდა თავისი სასჯელი, და ფრიად სამართლიანადაც, რადგან ღვთისგან მონიჭებული უპირატესობა უფლის შეურაცხყოფისათვის კი არა, მის სათნოდ უნდა გამოვიყენოთ.
ვინც ფიქრობს, დამსახურებულ სასჯელს იმის წყალობით გაექცეს, რომ სხვებზე მეტი პატივი აქვს მინიჭებული, იმის საქციელი აი რას მაგონებს: წარმოიდგინეთ, ქრისტეს სიტყვების გაგონებაზე: “უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა” (იოანე 15,22), ურწმუნო იუდეველთაგან ვინმეს რომ ეთქვა: “რისთვის მოხვედი და იუბნე? რისთვის ჰქმენ სასწაულები? ნუთუ იმისთვის, რომ უფრო მეტად დავსჯილიყავით? მაგრამ ეს ხომ სიშმაგისა და უკიდურესი უგუნურების სიტყვებია. მკურნალი შენს განსარინებლად მოვიდა და არა დასასჯელად, მას შენი შეურაცხყოფა კი არა, სრული განთავისუფლება სურს სალმობისაგან, შენ კი შენი ნებით გაურბიხარ მას, ამიტომ იგემე უმკაცრესი სასჯელი. მკურნალობა რომ მიგეღო, ადრინდელი სნეულებისაგან განიწმინდებოდი, რაკი ვეღარ განიწმინდები, დაისჯები შენს შეცოდებათა გამოც და იმისთვისაც, რომ ამაო ჰქმენ მისი მზრუნველობა შენდამი. ამიტომაც ღმერთი ერთნაირად კი არ დაგსჯის პატივის მიღებამდე და მიღების შემდეგ, არამედ მეორე შემთხვევაში ბევრად უფრო მკაცრადაც. ის, ვისაც წყალობა არ გამოასწორებს, უფრო მეტი სასჯელის ღირსია. მაშასადამე, თუკი ასეთი თავის მართლება უძლურია, როგორც დავამტკიცეთ, და თუკი არ შველის მის მოიმედეებს, არამედ უფრო დიდ საფრთხესაც უქადის, მაშ სხვა საშველი უნდა ვეძებოთ.
ბასილიმ თქვა: რა საშველი? ისეთი შიში და ძრწოლა მომგვარე მაგ სიტყვებით, თავგზა სულ ამებნა.
ოქროპირი: არა-მეთქი, ვუთხარი, გთხოვ და გევედრები, ნუ შეშინდები ასე ძლიერ, არის საშველი: ჩვენ, უძლურთ, არასოდეს უნდა ვიტვირთოთ ეს ხელმწიფება, თქვენ კი, ძლიერთ, ღვთის მადლის მიღების შემდეგ ხსნის იმედი ერთადერთ რამეზე უნდა დაამყაროთ: არაფერი ჩაიდინოთ უღირსი ამ მადლისა და მისი მომნიჭებელი ღვთისა. უდიდეს სასჯელს მიიღებენ ისინი, ვინც საკუთარი მცდელობით მოიპოვა ეს ხელმწიფება და ცუდად აღასრულა ეს მსახურება ან დაუდევრობის, ან უსჯულოების, ან გამოუცდელობის გამო. მაგრამ იგივე არც იმათ მიეტევებათ, ვინც არ ეძიებდა ამ ხელმწიფებას, მათაც არანაირი გამართლება არა აქვთ. ჩემი აზრით, ათასი კაციც რომ მოგიწოდებდეს და გაიძულებდეს მსახურების შესრულებისაკენ, მათ კი არ უნდა დაუჯერო, არამედ წინასწარ უნდა გამოსცადო საკუთარი სული და ყოველივე გულმოდგინედ გამოიკვლიო, და მხოლოდ ამის მერე დაემორჩილო მათ. არავინ ითავებს სახლის აშენებას, სამშენებლო საქმე თუ არ იცის, და არც ავადმყოფის განკურნებას იტვირთავს კაცი, თუ ექიმობისა არაფერი გაეგება, და როგორც არ უნდა დაატანონ ძალა, ისინი უარს იტყვიან და არც შერცხვებათ თავიანთი უმეცრებისა. მაშ ნუთუ ის, ვისაც ამდენ სულზე მზრუნველობა უნდა მიენდოს, დროზე არ გამოსცდის თავის თავს და ყველაზე გამოუცდელიც რომ გამოდგეს, მაინც მიიღებს ამ სამხურებას მხოლოდ იმიტომ, რომ მავანი უბრძანებას, მავანი აიძულებს და მავანის განაწყენება არ სურს? განა ამით თავის თავსაც და მათაც აშკარა უბედურებას არ უმზადებს? არადა, მას შეეძლო ეხსნა საკუთარი თავი, ასე კი სხვებსაც ღუპავს. ვისგან უნდა მოველოდეთ შველას? ვინ მოგვიტევებს? ვინ დაგვიცავს მომავალ სამსჯავროზე? იქნებ ისინი, დღეს რომ ძალას გვატანენ? მაგრამ თავად მათ ვიღა იხსნის იმ დროს? მათ ხომ თვითონ დასჭირდებათ მშველელი, ჯოჯოხეთს რომ გადაურჩნენ. იმის დასტურად, რომ ამ სიტყვებს შენს დასაშინებლად კი არა, საქმის ნამდვილი ვითარების საჩვენებლად ვამბობ, ისმინე, რას ეუბნება ნეტარი პავლე თავის მოწაფეს, ტიმოთეს, ჭეშმარიტ და საყვარელ შვილს: “ხელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხვისა ცოდვათა” (I ტიმ. 5,22). ხომ ხედავ, ჩემთვის ამ პატივის მონიჭების მსურველნი არა მარტო გაკიცხვისაგან, არამედ დიდი სასჯელისაგანაც რომ გადავარჩინე?
2. როგორც არჩეულნი ვერ იმართლებენ თავს ამ სიტყვებით: მე თვითონ არაფერი მომინდომებია, არ მეგონა, ასე თუ მოხდებოდა და იმიტომ არ ავირიდე მღვდლობაო, ისე ვერც მათ ამომრჩევლებს უშველის იმის მომიზეზება, არჩეულს არ ვიცნობდითო. პირიქით, მათი დანაშაული მატულობს კიდევაც იმის გამო, რომ უცნობი კაცი მიიღეს, და ის, რითაც თავის მართლებას ცდილობდნენ, გაკიცხვის მიზეზად ექცევათ. კაცი მონის ყიდვას რომ აპირებს, ჯერ ექიმებს უჩვენებს, მერე თავდებს თხოულობს, მეზობლებსაც გამოჰკითხავს მის ამბებს, და მაინც ვერ ბედავს ყიდვას – კიდევ დროს თხოულობს გამოსაცდელად. როცა კაცს ამ უზენაეს ხელისუფლებას დაუფიქრებლად, ყოველგვარი გამოცდის გარეშე მიანიჭებენ, ან იმიტომ რომ უბრალოდ თვალში მოსდით ეს კაცი, ან ვინმეს გულის მოგება სურთ, ან სულაც მავანის მტრობა უდევთ გულში, რაა ეს, თუ არა დიდი უგუნურება? ვინ დაგვიცავს მაშინ, როცა იმათ, ვინც ვითომ ჩვენ უნდა დაგვიცვას, თვითონ დასჭირდებათ დამცველები? ამგვარად, ამომრჩეველმაც დიდი გამოცდა უნდა მოაწყოს, მაგრამ კაცმა, რომელსაც ირჩევენ – გაცილებით მეტი. თუმცა კი ამომრჩევლები მასთან ერთად დაისჯებიან მის ცოდვათა გამო, მაგრამ არჩეული კი არ თავისუფლდება სასჯელისაგან, არამედ უფრო დიდ სასჯელს ღებულობს, ეს მაშინ, თუ ამომრჩეველნი რაიმე ადამიანური მიზეზით სამართლიანობის საწინააღმდეგოდ არ მოიქცნენ. თუკი მათ ამხელენ იმაში, რომ რაიმე საბაბით მიიღეს აშკარად უღირსი, მაშინ არჩეულის თანაბარ სასჯელს მიიღებენ, ხოლო თუ ურგები აირჩიეს, ისინი შეიძლება მეტადაც კი დაისაჯნონ.
ვინც ეკლესიისთვის მავნე კაცს მიანიჭებს ძალაუფლებას, ის პასუხს აგებს ამ კაცის კადნიერი საქციელისთვის. თუ ამაში უბრალოა და იტყვის, ხალხის აზრმა შემაცდინაო, მაშინ არ დარჩება დაუსჯელი, თუმცა არჩეულზე ცოტა უფრო ნაკლები სასჯელი კი ელის. რატომ? იმიტომ, რომ ამომრჩეველს მართლა შეიძლება ასეთი რამ დაემართოს, შეიძლება მოტყუვდეს კიდეც, არჩეული კი ხომ ვერ იტყვის, ჩემი თავისა სხვებივით მეც არაფერი გამეგებაო. რაკი მას ამომრჩეველზე მეტი სასჯელი ელის, ამიტომ უფრო მეტადაც უნდა გამოსცადოს თავისი თავი. და თუ ისინი თავიანთი უცოდინარობის გამო აიძულებენ მას ამ საქმეს, უნდა განუმარტოს ყველა მიზეზი, ცნოს თავი ამ გამოცდისათვის უღირსად, ამით შეაჩეროს შემცდარნი და გაექცეს ესოდენ მძიმე საქმეს.
რატომაა, რომ როცა სამხედრო საქმეზე, ვაჭრობასა და სხვა ყოფით ამბებზეა ლაპარაკი, ათასი სიკვდილითაც რომ დაემუქრონ, არც მიწის მუშას მოუვა აზრად ზღვაოსნობა, არც მოლაშქრეს – ხნა-თესვა, და არც მესაჭეს – მეომრობა? ალბათ იმიტომ, რომ თითოეულმა მათგანმა იცის, რა საფრთხეც მოელის გამოუცდელობის გამო. და თუ იქ ვიქცევით ასეთი სიფრთხილით, სადაც ზიანი ნაკლებად მნიშვნელოვანია, და ძალის დამატანებელთა მოთხოვნებს არად ვაგდებთ, მაშინ იქ, სადაც უმეცართათვის მღვდლობის მინიჭების გამო სამუდამო ტანჯვაა მოსალოდნელი, როგორ ვიდგებთ თავს ასეთ ხიფათში განუსჯელად, და თანაც იმას ვიმიზეზებთ, სხვები გვაიძულებენო? მაგრამ მსაჯული ჩვენი არ მიიღებს ამგვარ თავის მართლებას. სულიერ ცხოვრებაში ბევრად მეტი სიფრთხილე გვამართებს, ვიდრე ხორციელში, ჩვენ კი მცირე სიფრთხილესაც არ ვიჩენთ.
მითხარი, ვთქვათ ვინმე სამშენებლო ხელოვნებაში გაწაფულად მიგვაჩნია, იმან კი სინამდვილეში არ იცის საქმე, და ეს კაცი მოვიწვიეთ სამუშაოდ, ისიც დაგვყაბულდა, წინასწარ მომზადებული სამშენებლო მასალა მიიღო და დახარჯა ქვა და ხე, აშენებით კი ისეთი სახლი ააშენა, რომელიც მყისვე ჩამოინგრა. განა მას გაამართლებს ის ამბავი, რომ სხვებმა აიძულეს ეს საქმე და თვითონ არ წამოუწყია მშენებლობა? არა, და სრულიად სამართლიანად და საფუძვლიანად. მას მაშინაც უარი უნდა ეთქვა, როცა სხვებმა შესთავაზეს ეს საქმე. და თუკი ქვისა და ხის გამფლანგველი ვერანაირად ვერ ასცდება სასჯელს, მაშინ უამრავ სულთა დამღუპველს განა უშველის სხვების ძალდატანების მომიზეზება სასჯელის აცილებაში? განა ეს მეტისმეტად უგუნურება არ არის? იმას აღარ ვამბობ, რომ ვერავინ ვერავის დაატანს ძალას, თუ კაცის ნება არ არის. მაგრამ დავუშვათ, რომ ვიღაც ათასგვარმა ძალადობამ და სხვადასხვა ხერხმა აიძულა დათმობა, იხსნის კი ეს სასჯელისაგან? არა. გმოძღვრავთ, ნუ მოვტყუვდებით ასე მწარედ და ნურავის მოვაჩვენებთ თავს იმის არმცოდნედ, რაც ჩვილისთვისაც კი გასაგებია. მით უმეტეს, რომ ჩვენს საქმეებზე პასუხისგების ჟამს ასეთი მოჩვენებითი უცოდინრობა არას გვარგებს. შენ თვითონ არ გიძებნია ეს ხელმწიფება, რადგანაც გრძნობდი საკუთარ სისუსტეს? კეთილი და პატიოსანი, იგივე შეგნებით უნდა გეთქვა უარი მაშინაც, როცა სხვები გთავაზობდნენ ამ პატივს. თუ მარტო მაშინ იყავი უმწეო, როცა არავინ გიწვევდა, და როცა გამოჩნდა ხალხი, ვინც შენთვის ასეთი პატივის მონიჭება განიზრახა, უეცრად გაძლიერდი? ეს სასაცილოცაა, ტყუილიც, და უდიდეს სასჯელს იმსახურებს. ამიტომაც მოძღვრავს უფალი გოდოლის აგების მსურველს, არ ჩაყაროს საფუძველი მანამ, სანამ გაარკვევდეს, შეუძლია თუ არა ამ საქმის აღსრულება, რათა იქ მყოფი სასაცილოდ არ აიგდონ (ლუკა 14, 28-29). მაგრამ მისი უბედურება მხოლოდ დაცინვით შემოისაზღვრება, აქ კი სასჯელი იქნება უშრეტი ცეცხლი, კბილთა ღრჭენა, უკუნი სიბნელე, განკვეთა და ორგულთა თანა დაღუპვა.
ჩემს ბრალმდებლებს არ სურთ ამის გაგება, ასე რომ არ იყოს, შეწყვეტდნენ იმის გაკიცხვას, ვინც არ ინდომა ამაოდ დაღუპვა. ჩვენი ამჟამინდელი მსჯელობა პურისა და ქერის დარიგებას, ცხვრებისა და ხარების მწყემსვას ანდა რაიმე ამდაგვარს კი არა, თვით ქრისტეს სხეულს ეხება, რამეთუ ნეტარი პავლეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკლესია თავად ქრისტეს სხეულია (კოლ. 1,18); და ვისაც ის მიანდვეს, მან უნდა იზურნოს ამ სხეულის კეთილდღეობისა და აღმატებულ სრულქმნილებაზე, ყოველმხრივ თვალყურს უნდა ადევნებდეს, რომ რაიმე “მწინკულევანებაჲ არცა ნაოჭ ბრძჳლისა, არცა სხუაჲ რაჲ ესე-ვითარი” არ შეეხოს მის სიკეთესა და მშვენეირებას (ეფ. 5,27). განა რამდენადაც შესწევს ადამიანს ამის ძალა, ეს სხეული მისი უხრწნელი და ნეტარი თავის ღირსად არ უნდა შეინახოს? თუკი მოლაშქრეთა კეთილდღეობაზე მზრუნველებს ჭირდებათ ექიმებიც, ხელმძღვანელებიც, ცხოვრების მკაცრი წესიც, მუდმივი წვრთნაც, და მრავალი სხვა სიფრთხილე (რადგან სულ მცირე წვრილმანი, უყურადღებოდ დარჩენილი, ყველაფერს არღვევს და ანგრევს), მაშ რაღა ითქმის იმათზე, ვინც თავს იდო მზრუნველობა ქრისტეს სხეულზე, და ებრძვის არა ხორცშესხმულ არსებებს, არამედ უხილავ ძალებს? მათ ხომ კაცობრივზე ბევრად აღმატებული სათნოება უნდა ჰქონდეთ და უნდა იცოდნენ სულისთვის სარგო ყოველგვარი მკურნალობა.
3. განა არ იცი, რომ ეკლესიის სხეულს სენი და განსაცდელი მეტად ემუქრება, ვიდრე ჩვენს კაცობრივ სხეულს, უფრო ადვილად ზიანდება და უფრო ნელაც მრთელდება? სხეულის მკურნალებს აქვთ სხვადასხვა წამლები, იარაღები, მრავალფეროვანი საკვები, რაც უხდება ავადმყოფს; ხშირად მხოლოდ თავისებურ ჰავას ანდა დროულ ძილსაც კი განუკურნავს სნეული, ჩვენს შემთხვევაში კი ასეთი საშუალებები უხმარია, და არსებობს ერთადერთი სახე მკურნალობისა – სიტყვით დამოძღვრა. ესაა იარაღი, ესაა საზრდო, ესაა ცეცხლისა და რკინის მაგიერი, რაიმეს მიწვა და მოკვეთა თუ იქნა საჭირო, ისევ სიტყვის ძალამ უნდა გაჭრას, და ამანაც თუ ვერ უშველა, ყველაფერი ამაოა. სიტყვა აღადგენს სულს დაცემულს და მშფოთვარეს, მისი ძალით ეძლევა ნაკლულ სულს სისრულე, იგი ათავისუფლებს სულს ზედმეტისაგან, ასე რომ ყველაფერი, სულის სიმრთელისათვის საჭირო, სიტყვას ძალუძს. სხვისი ცხოვრების მაგალითი დიდად უწყობს კაცს ხელს საკუთარი ცხოვრების კეთილად წარმართვაში, ამ მაგალითის შემხედვარე იგი რაღაცნაირად შეჯიბრისთვის განეწყობა. მაგრამ როცა სული არასწორი დოგმატებითაა დასნეულებული, ამ შემთხვევაში სიტყვა დიდი იარაღია, არა მარტო საკუთარი სამწყსოს დასაცავად, არამედ გარეშეებთან საბრძოლველადაც. ვინმეს რომ ისეთი სულის მახვილი და რწმენის ფარი გააჩნდეს, რომ შეეძლოს სასწაულით დაუყოს პირი ურცხვებს, მას სიტყვა აღარ დაჭირდებოდა. თუმცა, სიტყვა არც მაშინ იქნებოდა უსარგებლო, პირიქით, ფრიად საჭიროც გამოდგებოდა. აკი ნეტარი პავლეც სიტყვით მოქმედებდა, თუმცა განთქმული იყო როგორც სასწაულმოქმედი. სხვანიც მოციქულთა დასიდან გვმოძღვრიან, სიტყვის ძალაზე იზრუნეთო: “განმზადებულ იყვენით მარადის სიტყვის მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქვენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთვის” (I პეტ. 3,15). ყველა მოციქულმა რაიმე სხვა მიზეზით კი არ მიანდო სტეფანეს და მის თანამოსაგრეებს ქვრივებზე ზრუნვა, არამედ იმისთვის, რომ თვითონ დაუბრკოლებრივ შესძლებოდათ სიტყვის მსახურება (საქმე 6,4). ჩვენ რომ სასწაულების მოხდენის ძალა შეგვწევდეს, სიტყვაზე ამდენს არ ვიზრუნებდით, მაგრამ რაკი იმ ძალის ანარეკლიც აღარ შემოგვრჩა და ამავე დროს ყოველი მხრიდან მტრებითა ვართ გარემოცულნი, აუცილებელია, რომ სიტყვით მოვიზღუდოთ თავი, რათა მტრის ისრებმა კი არ მოგვწყლან, არამედ თვითონ ვძლიოთ მას.
4. ამიტომ გულმოდგინედ უნდა ვცდილობდეთ, რათა “სიტყუაჲ იგი ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ თქუენ თანა მდიდრად” (კოლ. 3.16). ჩვენ ერთფეროვანი ბრძოლისთვის როდი ვემზადებით, ეს ომი მრავალფეროვანია და არც მტრები გვანან ერთმანეთს. ისინი ერთნაირ იარაღს როდი ხმარობენ, არც ერთნაირად გვესხმიან თავს. ამიტომ ის, ვინც მათთან აპირებს ბრძოლას, ყოველი მათგანის საომარ ხერხსაც უნდა იცნობდეს. მშვილდოსანიც უნდა იყოს და მეშურდულეც, ჯარის სარდალიც და რაზმის მეთაურიც, მოლაშქრეც და მხედართმთავარიც, ქვეითიცა და ცხენოსანიც, ზღვაზე ბრძოლაც უნდა შეეძლოს და კედლების აღებაც. ბრძოლებში ყველას თავისი წინასწარ განსაზღვრული საქმე აკისრია, ასე ებრძვიან ისინი მომხდურთ. აქ კი სულ სხვაა. თუ გამარჯვების მოწადინე საომარი ხელოვნების ყველა სფეროში არ იქნა გაწაფული, მაშინ ეშმაკი რომელიმე უყურადღებოდ დარჩენილ ადგილას შეუშვებს მპარავს და ცხვრებს მოიტაცებს, მაგრამ თუ დაინახავს, რომ მწყემსი ყოვლისმცოდნეა და კარგად ერკვევა მის ხრიკებში, ამას ვეღარ გაბედავს. ამგვარად, ყოველმხრივაა საჭირო თავის მოზღუდვა. სანამ ქალაქი ყველა მხრიდანაა დაცული, მანამ საფრთხე არსაიდან ემუქრება და სასაცილოდ იგდებს გარშემორტყმულებს. მაგრამ თუ ვინმემ კედელი მოანგრია, ან თუნდაც ჭიშკარი იყოს, მაშინ გალავანი აღარაფეში არგია, ყველა სხვა კედელი მთელიც რომ დარჩეს. ასევეა უფლის ქალაქიც. როდესაც მას ყოველი მხრიდან კედლების ნაცვლად მწყემსის შორსმჭვრეტელობა და კეთილგონიერება იცავს, ყოველი თავდასხმა სირცხვილად და დაცინვად ურჩება მტერსაც, ქალაქის მკვიდრნი კი უვნებლად რჩებიან, მაგრამ თუ ვინმემ გალავნის მცირე ნაწილი მაინც მოარღვია, აქედან იღებს სათავეს სრული დაცემა. რა ხეირია, თუ მწყემსი კარგად ებრძვის წარმართებს, ქალაქს კი ამასობაში იუდეველები ანადგურებენ? ანდა ორივე მათგანს სძლევს, მაგრამ მანიქეველნი ძარცვავენ? ანდა თუ ამათაც დაამარცხებს, ბედის შესახებ სწავლების გამავრცელებელნი კი ქალაქს ააოხრებენ?
თუმცაღა რა საჭიროა ეშმაკური წვალების ჩამოთვლა? თუკი მწყემსს კარგად არ ძალუძს ყველა მათგანის მოგერიება, მგელი ერთი ასეთი წვალების მეშვეობით მრავალ ცხვარს შთანთქავს. სამხედრო საქმეში მოწინააღმდეგისგან ყოველთვის შეიძლება ელოდე გამარჯვებასაც და დამარცხებასაც, აქ კი სულ სხვანაირადაა საქმე. ხშირად ბრძოლაში ისეთი მტერი იმარჯვებს, რომელიც თავიდან არ ემზადებოდა საბრძოლველად და დიდად არ იწუხებდა თავს, წყნარად იჯდა და იცდიდა. კაცი, რომელსაც ასეთ საქმეში ნაკლები გამოცდილება აქვს, საკუთარ თავს თავისივე მახვილით სწყლავს და სასაცილო ხდება მეგობრების თვალშიც და მტრების წინაშეც. მაგალითად (შევეცდები ნათქვამი მაგალითით დაგიდასტურო), ვალენტინისა და მარკიონის მიმდევრები და მათივე მსგავსი სნეულებით შეპყრობილნი საღვთო წერილის წიგნებიდან გამორიცხავენ ღმერთისგან მოსესთვის მიცემულ სჯულს, იუდეველნი კი მას ისეთ პატივს სცემენ, რომ ახლაც, როცა უკვე აღარ არის ამის დრო, უფლის ნების საწინააღმდეგოდ ცდილობენ ზედმიწევნით დაიცვან იგი. ღვთის ეკლესია კი გაურბის ორივე უკიდურესობას და საშუალო გზას ადგას – არც სჯულის უღელქვეშ ყოფნას ეთანხმება და არც მის გმობას. ეკლესია ქებას უძღვნის სჯულს მისი განქარვების შემდეგაც, რადგანაც იგი თავის დროზე სასარგებლო იყო. და ის, ვინც ორივე წვალებასთან აპირებს ბრძოლას, ამ წინასწორობას უნდა იცავდეს. თუ კაცი იუდეველთა დამოძღვრას დაეპირება და იტყვის, დრო აღარ არის ძველი სჯულისმდებლობის დაცვისაო, და ამის თვის უმოწყალოდ გალანძღავს სჯულს, მწვალებლებს სჯულის დაგმობის საბაბს მისცემს, თუ მათ გაჩუმებას მოინდომებს და უზომოდ დაუწყებს ქება-დიდებას სჯულს, როგორც ამჟამად აუცილებელს, მაშინ იუდეველები აუწევენ ხმას. საბელიოსისა და არიოზის საცთურით შეპყრობილნიც ხომ ზომიერების დაკარგვის გამო განუდგნენ ჭეშმარიტი რწმენის გზას. და თუმცა ერთნიცა და მეორენიც ქრისტიანების სახელს ინარჩუნებენ, მაგრამ თუ ვინმე კარგად გამოიკვლევს მათ სწავლებას, მიხვდება, რომ პირველნი სახელის გარდა სხვა არაფრით განსხვავდებიან იუდეველთაგან, არიოზის სწავლება კი ძალიან ჰგავს პავლე სამოსატელის წვალებას, და ორივენი შორს არიან ჭეშმარიტებისაგან. აქ დიდი საფრთხეა, ვიწრო და საჭირველი გზაა, ორივე მხრიდან კლდეები რომ აკრავს, და კიდევ შიში იმისა, რომ ვინმე ერთ მტერთან ბრძოლაში მეორემ არ მოწყლას. მაგალითად, თუ კაცი იტყვის, ღმერთი ერთიაო, საბელიოსი ამ სიტყვებს მყისვე თავისი უგუნური სწავლების სასარგებლოდ აქცევს, თუ განსხვავებას წარმოაჩენს და ერთს მამას უწოდებს, მეორეს – ძეს, მესამეს კი სული წმიდას, მაშინ არიოზი გამოცხადდება და სახეთა სხვადასხვაობას არსის სხვადასხვაობაზე გადაიტანს. გაქცევა გვმართებს საბელიოსის უსჯულო აღრევისა და არიოზის უგუნური განყოფისგანაც, აღვიაროთ ერთარსი და სამ პირად ცნობილი ღმერთი: მამა, ძე და სული წმიდა, ამნაირად მოვუჭრით გზას ერთსაც და მეორესაც. აქ შეიძლებოდა ბევრი სხვა სიძნელის ჩამოთვლა, რომელთაც თუ კაცი მხნედ და გულმოდგინედ არ შეებრძოლა, თვითონვე დარჩება მრავალგან მოწყლული.*
5. მოყვასთა შორის განხეთქილებებზე რაღა ვთქვა? ისინი გარეშე თავდასხმებზე ნაკლებად საშიშნი კი არა, პირიქით, წინამძღვრისთვის უფრო ძნელად მოსაგვარებელიც არიან. ერთნი, ცნობისწადილით შეპყრობილნი, ამაოდ ცდილობენ ისეთი საგნების გამოკვლევას, რისი ცოდნაც უსარგებლოა და თან გაგებაც შეუძლებელი. სხვანი ღმერთისგან მისი განგების ახსნას მოითხოვენ და ამ დიდი უფსკრულის გაზომვას ლამობენ; რამეთუ “განკითხვანი შენნი”, ამბობს საღვთო წერილი, “უფსკრულ მრავალ” (ფს. 35.7). ცოტაა ისეთი, რწმენასა და ცხონებაზე რომ ფიქრობდეს, სამაგიეროდ მრავალნი არიან, ვინც ეძიებს და იკვლევს იმას, რისი პოვნაც შეუძლებელია და რისი ძებნაც შეურაცხყოფს ღმერთს. როცა ძალით ვცდილობთ იმის გაგებას, რისი გამოცხადებაც უფალს არ სურს, იგი მაინც არ მოგვეცემა (როგორ შეიძლება იმის გაგება, რაც არაა ღვთის ნება?), ამგვარი ცნობისმოყვარეობით კი საფრთხეში ვაგდებთ თავს. და მაინც, ასეთ ვითარებაშიც კი, ის ვინც ძალით გააჩუმებს მიუღწეველის მჩხრეკელთ, საყვედურს მიიღებს სიამაყისა და უმეცრებისათვის. ამიტომ წინამძღვარს დიდი კეთილგონიერების გამოჩენა მართებს, რომ სხვებსაც აარიდოს ფუჭი შეკითხვები და თავადაც გაექცეს ზემოთქმულ ბრალდებებს. ამას ყველაფერს სიტყვა შველის, სხვა შემწეობა არ არსებობს. და ვინმეს არ გააჩნია ეს ძალა, მის ხელში მყოფ ადამიანთა სულები მუდამ ღელვატეხილი ხომალდის მდგომარეობაში იქნებიან, მე ვგულისხმობ ყველაზე სუსტსა და ცნობისმოყვარე ადამიანებს. ამიტომ მღვდელი ყოველ ღონეს უნდა ხმარობდეს სიტყვის ძალის მოსაპოვებლად.
ბასილიმ თქვა: მაშ რატომ არ ცდილობდა ამ ძალის მოპოვებას პავლე და არც რცხვენოდა თავისი სიტყვის სიმწირისა, ის ხომ აშკარად აღიარებს თავის თავს უმეცრად და თანაც ამას წერს ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ, რომლებიც განთქმულნი იყვნენ მჭევრმეტყველებით და ამით ძალიანაც მოჰქონდათ თავი? (II კორ. 11,6).
ოქროპირი: სწორედ მაგიტომ, აკი ვთქვი, რომ მრავალი კიდეც დაიღუპა და ნაკლებად მოშურნე გახდა ჭეშმარიტი სწავლების მიმართ. რადგან ისინი სწორედ ვერ წვდებოდნენ მოციქულის აზრის სიღრმეს და კარგად ვერ იგებდნენ მისი სიტყვის არსს, ამიტომაც მთელ თავიანთ დროს ძილსა და თვლემაში ატარებდნენ, ხოტბას იმ უმეცრებას კი არ ასხამდნენ, რომელსაც პავლე თავის თავს მიაწერდა, არამედ იმას, რომლისგანაც პავლე უფრო შორს იყო, ვიდრე რომელიმე ადამიანი ამ ქვეყანაზე. თუმცა მოდი ეს საკითხი სხვა დროისთვის გადავდოთ, ახლა კი აი რას გეტყვი: ვთქვათ, პავლე მართლაც იმ აზრით იყო უვიცი, რასაც ისინი გულისხმობდნენ. როგორ ეხება ეს ახლანდელ ადამიანებს? პავლეს სიტყვაზე გაცილებით უფრო დიდი ძალა ჰქონდა, და ამ ძალას ბევრად მეტი შეეძლო, მხოლოდ გამოჩენა პავლესი, როცა ხმას არც კი იღებდა, შიშის ზარს სცემდა ბოროტ სულებს, და ყველა ახლანდელი მოღვაწე ერთად რომ შეიკრიბოს, ურიცხვი ლოცვებითა და ცრემლებით ვერ იქმოდნენ იმას, რაც ოდესღაც პავლეს პირსახოცმა შეძლო (საქმე 19,12). პავლე თავისი ლოცვით მკვდრებს აღადგენდა და სხვა ისეთ სასწაულებს იქმოდა, რომ წარმართებს ღმერთი ეგონათ (საქმე 14,11). და ჯერ კიდევ ამ სოფლის დატოვებამდე მესამე ცაზე იქნა აყვანილი და ისეთი სიტყვები მოისმინა, რომელთა დატევნაც კაცობრივ ბუნებას არ ძალუძს (II კორ. 12, 2-4).
ახლანდელ ადამიანებს კი (მე არ ვაპირებ რაიმე ცუდის ან უსიამოს თქმას, ამასაც მათ დასაგმობად როდი ვამბობ, უბრალოდ თავად ვარ გაოცებული) ნუთუ არ ეშინიათ საკუთარი თავის ასეთ კაცთან გატოლებისსას? სასწაულებს თავი დავანებოთ და ამ ნეტარის ცხოვრებას მივუბრუნდეთ, გადავხედოთ მის ანგელოზებრივ მოღვაწეობას, და იქ უფრო მეტი აღმატებულება გამოჩნდება ქრისტეს მეომრისა, ვიდრე მისივე სასწაულებში. ვის შეუძლია აღწეროს მისი გულმოდგინება, სიმშვიდე, მუდმივი ხიფათი, განუწყვეტელი ზრუნვა, მოუკლებელი ფიქრი ეკლესიებზე, თანალმობა უძლურთა მიმართ, მრავალი მწუხარება, ხშირი დევნა, ყოველდღიური სიკვდილი? (II კორ. 11, 24-28; I კორ. 9,22).
რომელმა კუთხემ ქვეყნისა, რომელმა მიწამ, რომელმა ზღვამ არ უწყის ამ მართალი კაცის საქმენი? პავლეს უდაბნოც იცნობდა, და ხშირადაც ღებულობდა თავის სავანეში მისი ხიფათიანი ცხოვრების დროს. მას დაუთმენია ყველა სახის მანქანება და ყველანაირი ძლევაც მოუპოვებია, არასოდეს შეუწყვეტია მოღვაწეობა და გვირგვინების მოხვეჭა. არ ვიცი როგორ გავერთე ისე, რომ ამ დიდი კაცის შეურაცხყოფა ვიწყე, მისი მხნეობა აღემატება ყოველგვარ სიტყვას, მით უფრო ჩემსას, იმდენად აღემატება, რამდენადაც მჭერმეტყველებაში დახელოვნებულნი მჯობნიან მე. მაგრამ ამის მიუხედავად (ნეტარი საქმის შესრულებისთვის კი არა, განზრახვისთვის განმსჯის), არ დავდუმდები, ვიდრე არ ვიტყვი იმას, რაც ჩემს მიერ ზემოთ თქმულს იმდენადვე აღემატება, რამდენადაც პავლე – სხვა ადამიანებს. რა არის ეს? ამდენი საგმირო საქმის ჩადენისა და ურიცხვი გვირგვინის მიღების შემდეგ პავლე ნატრობდა გეენიაში ჩასვლას და მარადი ტანჯვის დამკვიდრებას, რათა იუდეველთათვის, რომლებსაც ხშირად ქვებით ჩაუქოლავთ და მზად იყვნენ მოეკლათ კიდეც იგი, ხსნა მოეპოვებინა და ისინი ქრისტეს შედგომოდნენ (რომ. 9,3). ვის ყვარებია ასე ძლიერ ქრისტე, თუ შეიძლება ამას სიყვარული ეწოდოს და არა რაღაც სხვა, სიყვარულზე უფრო დიდი? და მას, ზეგარდმო ამდენი მადლის მიმღებელს, მას, ვისაც თავის მხრივაც უამრავი სიქველე გააჩნდა, როგორღა უნდა გავუტოლდეთ? განა არსებობს ქვეყნად ამაზე უფრო კადნიერი საქციელი? და რომ იგი მართლაც არ ყოფილა უმეცარი არანაირი აზრით, ვეცდები ეგეც ახლავე დაგიმტკიცო.
მათ მიაჩნიათ, რომ უმეცარი მხოლოდ იგი როდია, ვინც საერთო მჭერმეტყველებაში არ არის განსწავლული, არამედ ისიც, ვისაც არ ძალუძს ჭეშმარიტი სწავლების დაცვა. მართალსაც ამბობენ. პავლემ თავის თავს უემცარი უწოდა მხოლოდ ერთი აზრით, და ამის დასტურად ზუსტი გამიჯვნაც გააკეთა, თქვა რომ “დაღათუ უცებ ვარ სიტყვით, არამედ არა ცნობითაცა” (II კორ. 11,6). მე რომ ეკლესიის მწყემსისაგან მოვითხოვდე ისოკრატეს სიტყვაკაზმულობას, დემოსთენეს ძალას, თუკიდიდეს მნიშვნელოვნებასა და პლატონის სიღრმეს, მაშინ პავლეს ამ ნათქვამზე მითითება მართებული იქნებოდა, მაგრამ ამჯერად ყოველივე ამასა და ნატიფ გარეგნულ მოკაზმულობას თავს ვანებებ და არც სიტყვების წარმოთქმას და გადმოცემაზე ვფიქრობ. დაე იყოს ვინმე სიტყვაძუნწი, ჰქონდეს გაუწაფავი, უბრალო საუბარი, ოღონდ უმეცარი ნუ იქნება დოგმატების შეცნობასა და მათ სწორედ გულისხმისყოფაში, და საკუთარი დაუდევრობის დასაფარავად ამ ნეტარ კაცს ნუ წაართმევს მის უდიდეს ღირსებას და უმთავრეს დამსახურებას.
7. ერთი მითხარი, როგორ შეჰქონდა პავლეს არეულობა დამასკოში მცხოვრებ იუდეველთა შორის, როცა ჯერ კიდევ არ იქმოდა სასწაულებს? როგორ დასძლია ელინისტები? რისთვის წარგზავნეს ტარსუსში? იმისთვის ხომ არა, რომ სიტყვით მძლავრობდა და იქამდე მიიყვანა ისინი, რომ დამარცხება ვერ აიტანეს, გამძვინვარდნენ და გადაწყვიტეს მოეკლათ იგი? (საქმე 9). მაშინ იგი ჯერ კიდევ არ იქმოდა სასწაულებს, ამიტომ ვერავინ იტყვის, ხალხს მისი საკვირველმოქმედების ამბავი სმენოდა და მასთან მებრძოლები მხოლოდ იმიტომ მარცხდებოდნენო; ამ დრომდე იგი მარტოოდენ სიტყვით იმარჯვებდა. გაიხსენე, როგორ ებრძოდა მათ, ვინც ანტიოქიაში იუდეველთა მსგავსად ცხოვრებას აპირებდა? (გალ. 2) და არეოპაგის წევრი, ყველაზე ცრუმორწმუნე ქალაქის მკვიდრი, განა სწორედ ქადაგების შემდეგ არ გახდა მისი მიმდევარი თავის ცოლთან ერთად? (საქმე 17,34) ევტიხი რატომღა ჩამოვარდა ფანჯარიდან? იმიტომ ხომ არა, რომ გვიან ღამემდე პავლეს სწავლებას ისმენდა? (საქმე 20,9) თესალონიკსა და კორინთოში როგორღა იყო? ანდა ეფესოსა და თვით რომში? განა მთელ დღეებსა და ღამეებს წმიდა წერილის ახსნა-განმარტებაში არ ატარებდა? სტოიკოსებსა და ეპიკურელებთან მის ბრძოლებზე რაღა ვთქვათ? (საქმე 17,18) ყველაფრის ჩამოთვლა რომ მოვინდომოთ, სიტყვა მეტისმეტად გაგვიგრძელდება. ამგვარად, რაკი გაირკვა, რომ სასწაულებამდეც და სასწაულების ჩადენის დროსაც პავლე ხშირად ხმარობდა სიტყვას, როგორღა გაბედავენ უმეცარი უწოდონ იმას, ვისი საუბარი და მეტადრე ქადაგება ყველას აოცებდა? რატომ მიიღეს ლიკაონელებმა მერკურიუსად? ისინი (პავლე და ბარნაბა) ღმერთებად რომ მიიღეს, ეს სასწაულების გამო იყო, მაგრამ პავლე რომ მერკურიუსად მიიჩნიეს, ამის მიზეზი უკვე სასწაულები კი არა, სიტყვა იყო (საქმე 14,12). რითი აღემატება ნეტარი პავლე სხვა მოციქულებს? მის სახელს რატომ ახსენებენ მთელ მსოფლიოში განსაკუთრებულად? რატომ ვადიდებთ მას ყველაზე მეტად არა მარტო ჩვენ, არამედ იუდეველნი და წარმართნიც კი? იქნებ მისი ეპისტოლეებისთვის, რომლებითაც მან არგო არა მხოლოდ მაშინდელ მორწმუნეებს, არამედ იმ დროიდან აქამომდე მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ასევე არგებს ყველას, ვინც ქრისტეს მეორედ მოსვლამდე იცხოვრებს, და ასე იქნება, ვიდრე კაცთა მოდგმა იარსებებს? მისი ნაწერები ეკლესიებს ანდამატისგან ნაგები კედელივით იცავს; პავლე დღესაც ჩვენს შორის დგას, როგორც უმამაცესი მეომარი, “და წარმოვსტყუენავთ ყოველსავე ცნობასა მორჩილებად ქრისტესა, და განმზადებულად გუაქუს შურის-გებად ყოვლისა ურჩებისა” (II კორ. 10, 5-6). ყოველივე ამას იქმს პავლე ჩვენთვის დატოვებული საოცარი, საღვთო სიბრძნით სავსე ეპისტოლეების მეოხებით. მისი ნაწერები მხოლოდ ცრუ სწავლებათა დასახმობად და ჭეშმარიტის დასაცავად კი არ გვჭირდება, ღვთისმსახურებით ცხოვრებაშიც დიდად გვარგებს. ეკლესიის წინამძღვარნი მათი მეოხებით დღესაც განაგებენ, სრულყოფენ და სულიერად ამშვენიერებენ წმინდა ქალწულს, რომელიც პავლემ ქრისტესთან დაწინდა (II კორ. 11,2). ამ ეპისტოლეებით იგერიებენ ისინი ეკლესიაზე მოწეულ ვნებებს და იცავენ მის ჩვეულ სიმართლეს. ასეთი საკურნებელი წამლები დაგვიტოვა “უმეცარმა” კაცმა, ამ წამლების ძალას კარგად იცნობს ის, ვინც მათ ჭეშმარიტი რწმენით მიმართავს. აქედანაც ჩანს, რომ პავლემ დიდი გულმოდგინება გამოიჩინა ამ საქმეში.
8. ისიც მოისმინე, რას ამბობს მოწაფისადმი მიწერილ ეპისტოლეში: “ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა” (I ტიმ. 4,13). მერე ამის ნაყოფზეც ლაპარაკობს: “ამას რაჲ ჰყოფდე, თავიცა შენი აცხოვნო და მორჩილნიცა შენნი.” (I ტიმ. 4,16). და კვალად: “ხოლო მონისა უფლისა არა ჯერ-არს ლალვაჲ, არამედ რაჲთა იყოს მყუდრო და სახიერ ყოველთა მიმართ, მასწავლელ, უმანკო,” (II ტიმ. 2,24). და კვალად: “ხოლო შენ დაადგერ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს და გრწმენა, უწყი, ვისგან გისწავიეს; და რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი, რომელნი შემძლებელ არიან განბრძნობად შენდა ცხორებისათჳს სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა.” და იქვე: “ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერი და სარგებელი სამოძღურებელად არს და სამხილებელად და განსამართლებელად და სასწავლელად სიმართლისა, რაჲთა აწვე იყოს ღმრთისა იგი კაცი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებულ.” (II ტიმ. 3, 14-17). ისმინე, რას წერს პავლე ტიტეს, ეპისკოპოსად დადგინების შესახებ რომ ესაუბრება: “ჯერ-არს ეპისკოპოსისა თავს-მდებელ მსგავსად მოძღურებისა მის, სარწმუნეობისა სიტყჳსა, რაჲთა შემძლებელ იყოს ნუგეშინის-ცემადცა მოძღურებასა მას შინა სიცოცხლისასა და სიტყჳს- მგებელთა მათ მამხილებელ.” (ტიმ. 1, 7-9).
განა შეუძლია უმეცარ კაცს, როგორადაც მას ვიღაცეები მიიჩნევენ, ამხილოს და დაადუმოს მოწინააღმდეგენი? ანდა თუ კაცი უმეცრად უნდა დარჩეს, რაღა საჭიროა წერა-კითხვის ცოდნა? ეს ყველაფერი ტყუილი და მომიზეზებაა, უზრუნველობისა და სიზარმაცის შესანიღბად მოგონილი. მაგრამ ეს ხომ მღვდლებს ეხებათ, გვეტყვიან, რადგან ჩვენ ახლა მღვდლებზე ვლაპარაკობთ. ეს რომ სამწყსოსაც ეხება, ამის დასტურად მოისმინე, რას ამბობს პავლე სხვა ეპისტოლეში: “და სიტყუაჲ იგი ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ თქუენ თანა მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა;” (კოლ. 3,16). და კვალად: “სიტყუაჲ თქუენი მარადის მადლითა ვითარცა მარილითა შეზავებულ იყავნ, რაჲთა უწყოდით, ვითარ-იგი შეჰგავს თქუენდა თჳთოეულისა სიტყჳს-მიგებაჲ.” (კოლ. 4,6). და სიტყვები: “განმზადებულ იყვენით მარადის სიტყჳს მიგებად ყოვლისა” (I პეტ. 3,15). და თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე ამბობს: “ამისთჳსა აღაშენებდით ურთიერთსა, ვითარცა-ეგე ჰყოფთცა.” (I თეს. 5,11). ხოლო როცა მღვდლებზე საუბრობს, ამბობს: “რომელნი კეთილად ძღოდიან ხუცესნი, ორის ნაწილის პატივის ღირს იყვნედ, უფროჲს ხოლო რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა.” (I ტიმ. 5,17). ესაა სწავლების ყველაზე სრულყოფილი ხერხი, როცა განსწავლულნი საქმეებითაც და სიტყვებითაც იმ ნეტარი ცხოვრებისკენ მიჰყავთ, რომლისკენაც ქრისტემ მოგვიწოდა, იმიტომ რომ მხოლოდ საქმენი არ კმარა სწავლებისათვის. ეს ჩემი კი არა, თვით მაცხოვრის სიტყვებია: “ხოლო რომელმან ყოს და ასწავლოს, ამას დიდი ერქუას სასუფეველსა ცათასა” (მათე 5,19). “ქმნა” რომ “სწავლებას” ნიშნავდეს, ეს მეორე სიტყვა ტყუილად ყოფილა, საკმარისი იქნებოდა “რომელმან ყოს”, მაგრამ ერთისა და მეორის გამიჯვნით უფალი გვიჩვენებს, რომ ერთია დამოკიდებული საქმეზე და მეორე – სიტყვაზე, და ამ ორ ნაწილს სჭირდება ერთმანეთი, რათა შენობა სრულყოფილი იყოს. ხომ გესმის, რას ეუბნება ეფსელ ხუცესებს ქრისტეს რჩეული ჭურჭელი: “ამისთჳს იღჳძებდით და მოიჴსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქუენისასა.” (საქმე 20,31). რაღა საჭირო იყო ცრემლი ანდა სიტყვიერი სწავლება, როცა მოციქულის ცხოვრება ასე ანათებდა? ეს ცხოვრება დიდ შემწეობას გამოგვიჩენდა მცნებათა შესრულებაში, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაშიც მხოლოდ მისი ცხოვრების მაგალითმა ქნა ყველაფერი.
9. როცა დოგმატების შესახებ ატყდება დავა და ყველა ერთი და იგივე ნაწერის საფუძველზე იკამათებს, მაშინ რაღა ძალა ექნება ცხოვრებას? რა ხეირია მრავალი ღვაწლისგან, თუ ვინმე ამ ღვაწლის შემდეგ თავისი გამოუცდელობის გამო წვალებას შეუდგება და ქრისტეს სხეულს განშორდება? ბევრი ვიცი, ვისაც ასე დაემართა. რას არგებს მაშინ კაცს მოთმინება? არაფერს, სწორედ ისე, როგორც უსარგებლოა მრთელი რწმენა გარყვნილი ცხოვრებისას. ამიტომ ის, ვინც სხვების მასწავლებლად არის დადგინებული, თავად ყველაზე უფრო გამოცდილი უნდა იყოს ასეთ კამათებში. თუნდაც თვითონ არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდეს და წინააღმდგომთაგან არა ევნოს რა, მისი გამგებლობის ქვეშ მყოფმა უბრალო ადამიანებმა თუ დაინახეს, რომ მათი წინამძღვარი დამარცხდა და ვერაფერს უპასუხებს მოწინააღმდეგეს, ამაში ამ კაცის სისუსტეს კი არა, თვით მოძღვრების უძლურებას დაინახავენ. ამგვარად, ერთი კაცის გამოუცდელობის გამო მრავალი ადამიანი დაიღუპება. თუ მთლიანად მოწინააღმდეგის მხარეზე არ გადავლენ, ეჭვი მაინც შეეპარებათ იმაში, რაშიც ადრე დარწმუნებულნი იყვნენ. მოძღვრის დამარცხება მათ სულებში ისეთ ქარიშხალს იწვევს, რომ უბედურება ხომალდის დაღუპვით მთავრდება. თუ როგორი წარწყმედა და ცეცხლი დაატყდება თვით უბედურ მოძღვარს თითოეული დაღუპული სულისთვის, ამაზე აღარაფერს ვიტყვი – შენც კარგად იცი. მაშ სიამაყის ბრალია თუ ცუდმედიდობის, ამდენი ხალხის დაღუპვის მიზეზად გახდომა რომ არ მსურს და არც ის მინდა, საკუთარ თავს იმაზე მეტი სასჯელი დავატეხო, რაც იქ მომელის? ვინ გამამტყუნებს? არავინ, თუკი რა თქმა უნდა, ვინმემ განზრახ არ ისურვა ჩემი ამაოდ გაკიცხვა და სხვისი უბედურების ჟამს მსჯელობებით გართობა.
-------------------------------------------------------------------------------------------------------
* ვალენტინე და მარკიონი – წვალებათა მოთავეები, მათ მიმდევრებს ვალენტინელები და მარკიონელები ეწოდათ (II ს.);
საბელიოსი და პავლე სამოსატელიც – წვალებათა ფუძემდებლები არიან (III ს.); არიოზი – არიოზელთა წვალების მოთავე (IV ს.).
1. თუ რა გამოცდილი უნდა იყოს ჭეშმარიტებისათვის ბრძოლაში მოძღვარი, ამაზე უკვე საკმარისად ვილაპარაკე. ახლა ორიოდ სიტყვის თქმა იმ საგანზეც მინდა, რომელიც მრავალი ხიფათის მიზეზად იქცევა ხოლმე. უფრო სწორად, დამნაშავე ეს საგანი კი არა, ისინი არიან, ვინც არ იცის მისი კეთილად გამოყენება, თვითონ მას კი მრავალი სიკეთის მოტანა შეუძლია, თუ საქმეს თავიანი და მოშურნე კაცი მოჰკიდებს ხელს. რა საქმეა ეს? ესაა დიდი ღვაწლი საკრებულოებში ხალხის წინაშე საუბრისა. ჯერ ერთი, სამწყსოს უმეტესად არ სურს მოსაუბრეს ისე შეხედოს, როგორც მოძღვარს, მოწაფის მდგომარეობაზე მაღლა დგება, და საერთოდ სანახაობაზე მოსულის როლს არჩევს. როგორც სანახაობებზე იყოფიან ჯგუფებად და ერთნი ერთის მხარეს იჭერენ, მეორენი კი მეორისას, აქაც სწორედ იგივე ხდება, როგორადაც არიან განწყობილნი მოსაუბრის მიმართ, იმის მიხედვით ისმენენ. სიძნელე მარტო ეს კი არა, სხვაცაა. თუ რომელიმე მოსაუბრემ თავის სიტყვებს სხვისი აზრიც მიუმატა, უფრო მეტ საყვედურს იმსახურებს, ვიდრე სხვისი ქონების მიმტაცებელი; ხშირად ნამდვილად რომ არავის არაფერს დასესხებია, მასზედაც კი უჩნდებათ ასეთი ეჭვი. რაღა სხვის ნააზრევზე ვლაპარაკობ? ხშირად კაცი საკუთარსაც ვერ იყენებს. ადამიანები უმეტესად სარგებლობის კი არა, სიამოვნების მისაღებად უსმენენ მოძღვარს, თავი ტრაგიკოსების ან კათარისტების წარმოდგენაზე ჰგონიათ, ჩვენს მიერ ზედმეტად მიჩნეული კაზმულსიტყვაობა კი მათთან ისევე ფასობს, როგორც სოფისტებთან.
2. ამგვარად, აქაც ჩვენნაირ უძლურს რომ ბევრად აღემატება, ისეთი სულით ძლიერი კაცია საჭირო, მან უნდა შეძლოს ხალხის არიდება უჯერო და უსარგებლო სიამოვნებას, უნდა მიაჩვიოს სასარგებლო საუბრის მოსმენას, და თვითონ კი არ უნდა გახდეს ხალხის გულისთქმათა სათამაშო, არამედ უნდა გაუძღვეს და დაიმორჩილოს იგი. ამას მხოლოდ ორი რამით თუ მიაღწევს კაცი: ქების უგულვებელყოფით და სიტყვის ძალით. ერთი მათგანიც რომ აკლდეს, უმისოდ მეორეც უსარგებლო იქნება. თუ მისი მოძღვრება, ვინც ქება მოიძულა, არ არის “მადლითა ვითარცა მარილითა შეზავებულ” (კოლ. 4,6), ასეთი კაცი კარგავს ხალხის პატივისცემას და არას არგებს თავისი დიდსულოვნება. თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ტაშსა და დიდებას ეტრფის, ხალხსაც და საკუთარ თავსაც საკმაო ვნებას მოუტანს, რადგან ქება-დიდების სიყვარულით შეპყრობილი ეცდება მსმენელის საამებლად ილაპარაკოს და არა სულის სარგოდ. ვთქვათ, პირველი არ არის ქების სიყვარულით შეპყრობილი და არც კაცთმოთნეობის გამო იქმს რაიმეს, მაგრამ თუ ლაპარაკი არ შეუძლია, ვერც არგებს ხალხს, რადგანაც უმწეოა ქადაგების დროს. მეორეს კი, ქება-დიდება რომელსაც უყვარს, თუმცა შეუძლია სულის სარგო რამ უთხრას ხალხს, მაგრამ ტაშისცემას დახარბებული მხოლოდ იმას სთავაზობს, რაც მათ ყურთასმენას ეამება.
3. ამგვარად, კარგ მოძღვარს ეს ორივე სიკეთე უნდა გააჩნდეს, რათა ერთის უქონლობამ მეორეც არ განაქარვოს. ვთქვათ, ვინმე უზრუნველად მცხოვრებთ ამხილებს ხალხის წინაშე და ამ დროს აირია, წაიბორძიკა, გააწითლა სიტყვის სიმწარემ – მის ნათქვამს მყისვე დაეკარგება მნიშვნელობა. მხილებულნი მასზე შურს იმით იძიებენ, რომ სასაცილოდ აიგდებენ უმწეო მჭერმეტყველებისათვის და ამით საკუთარი ნაკლის მიჩქმალვას შეეცდებიან. ამიტომ მოძღვარი კარგ მეეტლესავით უნდა იყოს დახელოვნებული ორივე საქმეში, რათა საჭიროებისამებრ გამოიყენოს ერთიცა და მეორეც. სრულიად უნაკლოს ყველანაირი უფლება ენიჭება ხელქვეითთა დასჯისაც და განთავისუფლებისაც, უამისოდ კი ასეთი ხელისუფლების მოპოვება ძნელია. სხვაფრივ, დიდსულოვნება მხოლოდ ქება-დიდების არად ჩაგდებას როდი გულისხმობს, ის სხვა საგნებზეც ვრცელდება, რათა სიკეთე ნაკლული კი არა, სრულყოფილი იყოს.
4. კიდევ რას უნდა ვეკრძალვოდეთ? შურსა და სიძულვილს. მეტისმეტად არ უნდა გვეშინოდეს უსამართლო ბრალდებებისა (წინამძღვარს კი უსათუოდ მოელის განუსჯელი ყვედრება) და არც მთლად უნდა უგულვებელვყოთ ისინი, თუნდაც ცრუ იყოს ეს ბრალდებები, თუნდაც ცუდი ადამიანებისგან წამოსული, მაშინვე უნდა ვცადოთ მათი ჩახშობა. ვინმეს შესახებ კარგი ან ცუდი აზრის არსებობას ყველაზე მეტად განუსჯელი ხალხი უწყობს ხელს, მას წესად აქვს დაუფიქრებელი მოსმენა და ლაპარაკი, განურჩევლად იმეორებს ყველაფერს და ჭეშმარიტება სულ არ ანაღვლებს. ამიტომ არ უნდა უგულებელვყოთ ხალხი, ცუდი ეჭვები აღმოცენებისთანავე უნდა დავთრგუნოთ, და თუნდაც ჩვენი მაბრალებელი ყველაზე უფრო უგუნური ადამიანები იყვნენ, მაინც უნდა შევძლოთ მათი დარწმუნება. არაფერი უნდა გამოგვრჩეს ისეთი, რასაც უკუღმართი აზრის გაქარწყლება შეუძლია. თუ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ და მაბრალობლები მაინც არ მოეგებიან გონს, მაშინ კი მართლაც აღარაფერი დაგვრჩენია მათი უგულვებელყოფის გარდა. ვისაც ამგვარი უსიამოვნებები სძლევს, ის ვერასოდეს იქმს რაიმე შესანიშნავსა და საქებარს. სასოწარკვეთილებამ და განუწყვეტელმა მოუსვენრობამ კაცი შეიძლება გატეხოს, არაქათი გამოაცალოს. მღვდელი, როგორც მამა თავის მცირეწლოვან შვილებს, ისე უნდა ექცეოდეს სამწყსოს წევრებს. პატარების წყენა, ტირილი და მათგან მოყენებული შეურაცხყოფა ჩვენში სიძულვილს არ იწვევს, დიდად არც მათი ალერსი გვაღელვებს. მღვდელიც ამის მსგავსად, არც ქებამ და არც უსამართლო კიცხვამ არ უნდა შეაშფოთოს. ძნელია ეს, ძნელი და ვფიქრობ, შეუძლებელიც. არ ვიცი, ყოფილა კი ოდესმე ქვეყნად მოკვდავთაგანი, ვისაც სმენია თავისი ქება და არ გახარებია. და ვისაც ეს უხარია, იმას, რა თქმა უნდა, ენატრება კიდეც ქების გაგონება და უსათუოდ სძლევს სევდა და სასოწარკვეთა, ნაღველი და მოწყინება დაეუფლება, როცა ქება მოაკლდება. მდიდრები, ვიდრე ქონება აქვთ, მოლხენით არიან, გაღარიბდებიან და ბედს უჩივიან, ფუფუნებას მიჩვეულნი სიღატაკეს ვერ ეგუებიან. ქებას დახარბებულნიც ასე არიან: მათ ერთგვარი სულიერი შიმშილი მხოლოდ მაშინ კი არ სტანჯავთ, როცა კიცხავენ, არამედ მაშინაც, თუ იშვიათად აქებენ, ანდა თუ ყური მოჰკრეს სხვების ქებას. როგორ ფიქრობ, რამდენი შრომისა და უსიამვონების გადატანა მოუწევს ასეთი ვნებით შეპყრობილ ადამიანს, რომელიც სწავლების ღვაწლს შესდგომია? შეუძლებელია, ზღვა ხანდახან მაინც არ აღელდეს, და ასეთი კაცის სული ზრუნვამ და მწუხარებამ რომ არ აამღვრიოს, ესეც შეუძლებელია.
5. ვისაც სიტყვის ძალა აქვს მინიჭებული (ასეთი კი ცოტაა), იმასაც კი განუწყვეტელი შრომა მართებს. კაცს სიტყვის ძალა დაბადებიდან როდი დაჰყვება, იგი სწავლის შედეგია, და თუ მუდმივი მეცადინეობით და გულმოდგინებით არ იხვეწება, ამ ხელოვნებამ უდიდეს სრულქმნილებასაც რომ მიაღწიოს, მაინც შეიძლება განქარდეს. ამგვარად, ფრიად განსწავლულნი უფრო მეტადაც უნდა შრომობდნენ, ვიდრე ნაკლებად განათლებულნი, რადგან მათ უდებებას სხვადასხვა შედეგი მოჰყვება – განსწავლულთა უდებება გაცილებით საზიანოა. უმეცართ არავინ გაკიცხავს, თუ განსაკუთრებულს ვერაფერს იტყვიან, მჭერმეტყველებით განთქმულნი კი დიდ ყვედრებას იმსახურებენ, თუ ყოველთვის მათზე გავრცელებული აზრის შესაფერისად ვერ ილაპარაკეს. თანაც პირველთ უბრალო წარმატებისთვისაც შეიძლება დიდი ქება ხვდეთ წილად, განსწავლულნი კი, თუ ვერ შეძლეს სიტყვებით ხალხის შეძვრა და გაოცება, ქებას კი არა, გაკიცხვას დაიმსახურებენ. ხალხი სიტყვას შინაარსის კი არა, მქადაგებელზე არსებული აზრით აფასებს. ამიტომ კარგი მჭერმეტყველი ყველაზე გულმოდგინედ უნდა შრომობდეს. ის თავს ვერ იმართლებს კაცთა ბუნების საერთო ნაკლით, ყველაფრის ცოდნა და მოსწრება შეუძლებელიაო, და თუ მისი საუბრები არ შეეფერება მასზე არსებულ მაღალ აზრს, უმალ ხალხის გაკიცხვას და დაცინვას დაიმსახურებს. იმას არავინ ფიქრობს, რომ უეცრად მოსული სასოწარკვეთილება, შფოთვა, ზრუნვა და ხშირად მრისხანება გონებას უბნელებს ადამიანს, სიცხადეს აკლებს მის სიტყვებს. და საერთოდაც, კაცი ხომ ვერ იქნება ყოველთვის ერთნაირი, და ყველაფერსაც ხომ ვერ მოასწრებს, ხანდახან ისიც ბუნებრივია, რომ შესცოდოს, საკუთარ თავზე სუსტიც აღმოჩნდეს. ეს, როგორც გითხარი, ნაკლებად ანაღვლებთ. ადანაშაულებენ მქადაგებელს და ისე მსჯელობენ მასზე, როგორც ანგელოზზე. და საერთოდ, ასეთია ადამიანი: მოყვასის დიდსა და მრავალრიცხოვან სათნოებებს არაფრად აგდებს, ხოლო როგორც კი რაიმე თუნდაც უმნიშვნელო, როდის-როდის მომხდარი შეცდომა გამჟღავნდება, იმას მაშინვე გამოჩხრეკს, მყისვე მოეჭიდება და აღარ ივიწყებს. სწორედ ამ მცირესა და უმნიშვნელოს დაუჩრდილავს მრავალი დიდი კაცის სახელი.
6. ხომ ხედავ, ჩემო კეთილო და საკვირველო კაცო, სიტყვით ძლიერს რომ განსაკუთრებული გულმოდგინებაც უნდა ჰქონდეს და ამასთან ერთად ისეთი მოთმინება, რომელიც სულაც არ ესაჭიროება ჩემს მიერ ადრე მოხსენიებულებს. მრავალნი შეაიწრებენ მას უბრალოდ და უმიზეზოდ, თუმცა არ გააჩნიათ რაიმე ხელჩასაჭიდი, მაგრამ იმისთვის ემტერებიან, ყველა პატივს რომ სცემს. მხნედ უნდა მოვითმინოთ მათი ბილწი სიძულვილი. ისინი არც კი ცდილობენ წყეული, უმიზეზო სიძულვილის მალვას, აგინებენ და კიცხავენ ადამიანს, არც ფარულ ცილისწამებას თაკილობენ და არც აშკარა მტრობას. თუ სული ყოველი ასეთი უსიამოვნებისთანავე წუხილსა და მრისხანებას მიეცემა, ვერაფრით ვერ შეინარჩუნებს სიმხნევეს და სევდა მოაუძლურებს. შეურაცხმყოფელნი მარტო თვითონ როდი ებრძვიან ღირსეულს, არამედ ცდილობენ სხვისი ხელითაც იმოქმედონ, ვინმე ისეთს ამოირჩევენ, სიტყვის თქმაც რომ არ შეუძლიათ, ქება-დიდებით აავსებენ და ისეთ სათნოებებს მიაწერენ, სულ რომ არ გააჩნია. ზოგი ამას უგუნურებით სჩადის, ზოგი კიდევ უმეცრებისა და შურის გამო, უღირსის განსადიდებლად კი არა, ღირსეულის დასამცირებლად. მხნე კაცს მხოლოდ მათთან როდი უხდება ბრძოლა, არამედ ხშირად მთელი ხალხის უმეცრებასთანაც. შეუძლებელია, ყველა მსმენელი განათლებული იყოს, ხშირად კრებულის უმეტესობა უბირი ხალხია, დანარჩენები მათ კი აღემატებიან, მაგრამ მაღალი მჭერმეტყველების ცოდნისაგან მაინც შორს არიან, და ერთი-ორი კაცი თუ მოიძებნება ისეთი, ეს ცოდნა რომ გააჩნდეს. ამიტომ ხდება, კარგ მჭერმეტყველს რომ ნაკლებ ტაშს უკრავენ, ხანდახან საერთოდ არც არავინ აქებს. მხნედ უნდა დავუხვდეთ ასეთ უსამართლობას, თუ უმეცრებით მოსდით, მივუტევოთ, თუ შურის გამო იქცევიან ასე, დავიტიროთ, ვითარცა საბრალონი და ბედშავნი, და გვწამდეს, რომ ჩვენს ძალას ვერც ერთი დააკლებს რამეს, ვერც მეორე. კარგი მხატვარი, თავისი ხელოვნებით სხვებზე აღმატებული, როცა დაინახავს, რომ მხატვრობაში სრულიად გაურკვეველი ადამიანები მის მიერ დიდი გულმოდგინებით დახატულ სურათს სასაცილოდ იგდებენ, სულით არ უნდა დაეცეს და არ უნდა იფიქროს, სურათი მართლა ცუდიაო, და არც უვარგისი სურათი უნდა მიიჩნიოს საოცრად და შესანიშნავად მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ძალიან მოსწონთ უმეცართ.
7. კარგი მხატვარი თვითონ უნდა იყოს თავის ქმნილებათა მსაჯული, მათ მხოლოდ მაშინ შეიძლება ეწოდოს კარგი ან ცუდი, როცა თავად შემოქმედის გონება გამოუტანს ამ ქმნილებებს ამა თუ იმ მსჯავრს; უცხოთა უმართებულო და მცდარ აზრზე ფიქრიც კი არ ღირს. ასევე უნდა იქცეოდეს მოძღვრობის ღვაწლს შედგომილი: არ უნდა უგდებდეს ყურს ქებას, და არც მისმა მოკლებამ უნდა დააღონოს, თავისი სწავლებანი ისე უნდა შეადგინოს, რომ ღმერთს სათნო-ეყოს (ეს უნდა იყოს მისი წესი და ერთადერთი მიზანი სწავლებისა, და არა ტაში და ქება-დიდება), თუკი ადამიანები ქებას ასხამენ, ნუ უარყოფს მას, თუ არა და ნუ ეძებს და ნუ მისტირის, რადგან საკმარისი და საუკეთესო ნუგეშისცემა ამ შრომისთვის ის იქნება, თუ მოძღვარი იგრძნობს, რომ თავის სწავლებას ღვთის სათნოდ წარმართავს.
8. მართლაც, ის, ვინც განუსჯელ ქება-დიდებას ეტრფის, ვერავითარ სარგებელს ვერ მიიღებს ვერც მრავალი ღვაწლის, ვერც სიტყვის ძალის შედეგად, რადგან ხალხის უგუნური კიცხვის ვერ-დამთმენი სული სიმხნევეს კარგავს და სიტყვის დახვეწის ხალისი უქრება. ამიტომაც ყველაზე მეტად უნდა ვეცადოთ მოვიძულოთ ქება-დიდება, უამისოდ შეუძლებელია სიტყვის ძალის შენარჩუნება. და იმ კაცსაც კი, რომელსაც სრულიად არ გააჩნია ძალა სიტყვისა, არანაკლებ ესაჭიროება ქების მოძულება, რადგან ხალხისგან თუ ქებას ვერ ეღირსა, უსათუოდ ჩავარდება მრავალ ცოდვაში. მჭერმეტყველებით განთქმულთ რომ ვერ გაუტოლდება, ვეღარ გადაურჩება მათდამი მტრობას, შურს, ამაო ყვედრებას და სხვა უმსგავს ვნებებს, და ყველაფერს იკადრებს, სულსაც კი წაიწყმედს, ოღონდაც მოიპოვოს დიდება კაცთაგან. გარდა ამისა, საკმარისი გულმოდგინებითაც ვეღარ შეუდგება ამ ღვაწლს, რადგან სულს ერთგვარი უძლურება შეიპყრობს. დიდი შრომის გაწევამ და ამის წილ მცირე ქების მიღებამ შეიძლება მართლაც მოქანცოს და დააძაბუნოს კაცი, რომელსაც ჯერაც არ მოუძულებია ქება. მიწადმოქმედი, როცა იძულებულია ქვიანი და უნაყოფო მიწა დაამუშაოს, მალე დაანებებს თავს საქმეს, თუ შრომა ძალიან არ უყვარს და შიმშილისა არ ეშინია. თუ ისინი, რომელთაც დიდი ძალა აქვთ სიტყვისა, მაინც განუწყვეტლივ უნდა მეცადინეობდნენ ამ ძალის შესანარჩუნებლად, მაშ რაღა ითქმის წინასწარ მოუმზადებელ კაცზე, რომელმაც ამაზე სიტყვის წარმოთქმის დროს უნდა იფიქროს? რა სიძნელეები, რამდენი უსიამოვნება და შფოთვა უნდა დაითმინოს ამ დროს, მცირე წარმატება მაინც რომ მოიპოვოს. და თუ ვინმე ისეთმა მოიხვეჭა ამ საქმეში სახელი, ვინც მის შემდეგ აირჩიეს ანდა მასზე უფრო დაბალი ხარისხი აქვს, მაშინ ხომ ღვთაებრივი სული უნდა ჰქონდეს, სიძულვილმა და ურვამ რომ არ შეიპყროს. როცა კაცი უფრო მაღალ ხარისხშია და მასზე დაბლა მდგომი რაღაცით აღემატება, ამის მხნედ გადატანა ჩვეულებრივ სულს (და არც ჩემს სულს) არ ძალუძს – ეს ანდამატის სიმტკიცის კაცთა თვისებაა. ეს უსიამოვნება კიდეც ასატანია, როცა მჯობნი თავმდაბალი და მოკრძალებული ადამიანია, მაგრამ თუ იგი კადნიერიცაა, ამაყიც და პატივმოყვარეც, მაშინ პირველს ყოველდღე სიკვდილს ანატრებინებს, ისე გაუმწარებს სიცოცხლეს; ამას აშკარა ქედმაღლობითაც მიაღწევს და ფარული დაცინვითაც, თანდათან ჩამოართმევს ხელისუფლებას, შეეცდება ყველა სფეროში შეავიწროვოს და ყოველთვის ექნება მტკიცე დასაყრდენი, რადგან სიტყვაც უჭრის, ხალხიც კეთილადაა მისდამი განწყობილი და სამწყსოც მის მხარეზეა. განა არ იცი, რომ ქრისტიანებს მჭერმეტყველების მიმართ დიდი სიყვარული გაეღვიძათ, და რომ მჭერმეტყველნი დიდ პატივში არიან არა მხოლოდ წარმართებთან, არამედ “სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისათა” (გალ. 6,10). ვინ გადაიტანს სირცხვილს, როცა მისი ლაპარაკის დროს ყველა დუმს, ყველას უმძიმს მოსმენა, სიტყვის დამთავრებას ისე მოელიან, როგორც დასვენებას, მეორეს კი, ძალიანაც რომ გაუგრძელდეს სიტყვა, მოთმინებით უსმენენ, წუხან, როცა ის ოდნავ შეყოვნდება და მრისხანება იპყრობთ, როცა ის გაჩუმებას დააპირებს?
ყოველივე ამას შენ გამოუცდელობით უმნიშვნელოდ მიიჩნევ, მაგრამ ამან შეიძლება გულმოდგინება ჩაუკლას და სულის სიმხნევე დაუკარგოს კაცს, და ამ საფრთხეს მხოლოდ მაშინ გადაურჩება, თუ თავისუფალია ყველა ადამიანურ ვნებათაგან, თუ ესწრაფვის დაემსგავსოს უხორცო ძალებს, რომლებიც არც შურს ემონებიან, არც დიდებისმოყვარებას, არც რაიმე სხვა სისუსტეს. თუკი მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც დათრგუნავს ამ მოუხელთებელ, დაუძლეველ და მძვინვარე მხეცს ანუ ხალხის ქება-დიდებას და მას მრავალრიცხოვან თავებს დააყრევინებს, ან უფრო უკეთ, ვინც ძირშივე ჩაახშობს ამ ბოროტებას, ის შეძლებს ყველა თავდასხმის მოგერიებას და თვითონ ისეთივე უვნებელი დარჩება, როგორც მყუდრო ნავსაყუდელში მყოფი, ხოლო ვისაც დიდებისმოყვარეობისთვის თავი ჯერაც ვერ დაუღწევია, ის სულს იმძიმებს მრავალგვარი ბრძოლით, განუწყვეტელი შფოთით, ურვითა და ბევრი სხვა ვნებით. ბევრი სხვა სიძნელეც არსებობს ისეთი, რაზედაც ის, ვისაც სინამდვილეში არ გამოუცდია ისინი, ვერ ილაპარაკებს.
1. რაც გითხარი, ეგ ყველაფერი აქ, ამ სოფელში მოგველის, მაგრამ როგორი ასატანი უნდა იყოს ყოფა იქ, სადაც პასუხს ყველაზე, ვინც კი მოგვანდეს, სათითაოდ გვაგებინებენ? იქ ხომ სირცხვილით არ შემოიფარგლება სასჯელი, მარადიული სატანჯველი გველის. “დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ” (ებრ. 13,17). უწინაც მითქვამს, არც ახლა დავდუმდები. სულს მიძრწუნებს მაგ მუქარის შიში. და თუკი მავანმა, რომელმაც აცდუნა მხოლოდ ერთი მცირედთაგანი და “უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა”; და ყოველნი, რომელნი ჰგუმენ ძმათა უძლურ გონებასა, ამით ქრისტეს წინაშე სცოდავენ (მთ. 16,6; I კორ. 8,12), მაშინ რა სასჯელი უწევთ, რა მოელით იმათ, რომელთაც ერთი, ორი და სამი კი არა, უამრავი კაცის სული დაღუპეს? გამოუცდელობით მათი გამართლება არ იქნება, არცოდნასაც ვერ მოიმიზეზებენ, არც ასეთი მობოდიშება უშველით: გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, იძულებულნი ვიყავითო. ასეთნაირი თავის მართლება, რომც იყოს შესაძლებელი, ეს უმალ ქვეშევრდომს შეჰფერის საკუთარი ცოდვების თავის მართლებისას, ვიდრე წინამძღვარს სხვისი ცოდვების გასამართლებლად. რატომ? რატომ და მავანთა უდებების გამოსწორებისა და ბოროტთან მომავალი ბრძოლის ჟამიერად ცნობისათვის დადგინებული ვეღარ იმართლებს თავს უცოდინრობით და ვერ იტყვის: საყვირის ხმა არ გამიგია, ომის დაწყების ჟამი ვერ ვცანო. იგიო, ეზეკიელი ამბობს, იმისთვისააო სწორედ დადგინებული, რომ თავად ჩაჰბეროს სხვების გასაგონად საყვირს და ამცნოს მათ მომავალი უბედურება. რატომ ელის კაცს თუნდაც ერთი ადამიანის დაღუპვის შემთხვევაშიაც გარდუვალი სასჯელი – “და ებგურმან უკეთუ იხილოს მახჳლი მომავალი და არა საყჳრ-სცეს საყჳრსა და არ დაუნიშნოს ერსა, და ერმან არა დაცვა-ყოს და ზედამოსრულმან მახჳლმან მიიღოს მათგან სული, იგი უკუე ცოდვისათჳს თავისა თჳსისა მიღებულ იქმნა, ხოლო სისხლი მისი ჴელისაგან ებგურისა გამოვიძიო.” (ეზ. 33,6). ნუღარ მითრევ ესოდენ განულტოლველ პასუხისმგებლობაში. ჩვენ ხომ ჯარის წინამძღოლობასა და მიწიერ მუფებაზე არა გვაქვს საუბარი, არამედ საქმეზე, რომელიც ანგელოზებრივი სათნოების მქონეს თუ ძალუძს.
2. მზის სხივზე წმიდა სული უნდა ჰქონდეს მოძღვარს, წამითაც რომ არ მიატოვოს სული წმიდამ, იმის თქმა რომ შეძლოს: “ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე” (გალ. 2,20). თუკი უდაბნოში მცხოვრებთ ქალაქის, ბაზრისა და იქაურ ხმაურს განშორებულთ გამუდმებით, როგორც ნავსაყუდელში, ისე მიუციათ თავი მყუდროებისათვის და ესეც კი არ უკმარიათ საკუთარი ცხოვრების უსაფრთხოებისათვის, ამიტომაც უამრავ სხვა კრძალვის საშუალებებს მისცემიან და ყოველმხრივ მოუზღუდავთ თავი, უდიდესი სიფრთხილით ცდილან ყველაფრის ლაპარაკს და კეთებას, რათა უდიდესი სასოებითა და ჭეშმარიტი სინდისით, რამდენადაც შესწევს კაცს ამის უნარი, შესძლონ მიახლება უფლისა, როგორ გგონია, რა ძალა და სიმტკიცე უნდა ჰქონდეს სულიერ მოძღვარს, რათა დაიცვას სული ყოველგვარი არაწმიდებისაგან და დაუზიანებლად შეინარჩუნოს მშვენება თავის სულისა? მას გაცილებით მეტი ყურადღება სჭირდება, ვიდრე იმათ და ვისაც დიდი სიწმიდე სჭირდება, იგი უფრო მეტად აღმოჩნდება ხოლმე შესვარვის საფრთხის წინაშე, თუკი მთელი ძალისხმევითა და გამუდმებული მღვიძარებით არ გახდა სული თავისი ამ საქმეთაგან შეუვალი.
მშვენებას პირისახისას, საამო მიხვრა-მოხვრას, გამართულ სიარულს, სინაზეს ხმისას, ღაწვთა და თვალთა შეფერვას, გრუზა თმის ნაწნავს, სურნელს მისას, სამოსს ძვირფასს, ნაირ-ნაირ ოქროს სამკაულს, სილამაზეს ძვირფასი თვლებისას, ნელსაცხებელთა კეთილსურნელებას და ყოველივე იმას, რასაც ასე მიელტვის მდედრთა სქესი, ძალუძს სულის შეშფოთება, თუკი მტკიცე უმანკოებით არ იქნა სული დაცული. ისე კი, ყოველივე ეს რომ შფოთვას იწვევს, სულ არაა გასაკვირი. მაგრამ ეშმაკს რომ სულის მოწყლვა და ვნება, ამით კი არა, ამის საწინააღმდეგოთიც კი ძალუძს, ესაა საოცრად გაუგებარი და გასაკვირი. ზოგი, ამ მახეს თავდაღწეული, სრულიად განსხვავებულ, სხვა ბადეში აღმოჩნდა. შეუხედავთ პირ-სახე, მოუვლელი თმა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი, ულაზათო გარეგნობა, უხეში სიტყვა-პასუხი, გაუმართავი ლაპარაკი, მოუხეშავი სიარული, უსიამო ხმა, გაჭირვებული ყოფა, შეურაცხი შესახედაობა, მიუსაფრობა და სიმარტოვე – ყოველივე ეს თავიდან სიბრალულს აღძრავს კაცში, შემდეგ კი საბოლოოდ დაღუპავს კიდეც მას.
3. ბევრნი, ოქროს ნივთებს, ნელსაცხებლებს, ტანსაცმელსა და სხვა ამგვარ ბადეებს გაქცეულნი, რაც უკვე ვთქვი, ამათგან განსხვავებულ სხვა მახეებში ადვილად გაბმულან და დაღუპულან. თუკი კაცის სულს ბრძოლისა და ყოველმხრივი განსაცდელის მიზეზი უხდება სიღატაკეცა და სიმდიდრეც, სილამაზეცა და უბრალო გარეგნობაც, ზრდილიცა და უხეში სიტყვა-პასუხიც, და საერთოდ ყველაფერი, რაც კი ჩამოვთვალე, მაშინ რამ უნდა დაამშვიდოს ესოდენ უამრავი ბადეთა შორის მყოფი? სად პოვოს თავშესაფარი, იმაზე არაფერს ვამბობ, ძალით რომ დაუპიროს ვინმემ ცდუნება (ამისაგან თავის დაღწევა არც ისე ძნელია), რომ გადაარჩინოს სული თავისი არაწმიდა გულისთქმათაგან აღძრულ შფოთვას? პატივზე, უამრავი ჭირის მიზეზზე, არაფერს ვამბობ. უმანკოების დამარხვით, მდედრთაგან მონიჭებული პატივის ზემოქმედება ერთგვარად სუსტდება, მაგრამ მათ ხშირად დაუმარცხებიათ კაცი, რომელსაც ჯერაც ვერ უსწავლია გამოუდმებული მღვიძარება ასეთ მზაკვრობათა წინააღმდეგ; ხოლო მამაკაცთაგან მონიჭებულ პატივს თუ ვინმე დიდი გულგრილობით არ მოეკიდება, მას ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ვნება – მონური კაცთმოთნეობა და უგუნური მზუაბრობა დაეუფლება. ერთის მხრივ, ის იქნება მაქებელთა წინაშე იძულებით დამცირებული, მეორეხ მხრივ კი, ამ ხალხისაგან მიღებული პატივით გამედიდურებული მდაბიოთა წინაშე. ასე მიექანება იგი უგუნურების უფსკურლს. ამის შესახებ უკვე ვილაპარაკე და რა ვნებაა ამისაგან მოსალოდნელი, საკუთარი გამოცდილების გარეშე, კარგად ამას ვერავინ გაიგებს. და არა მარტო ეს, ბევრი სხვა გარდაუვალი ხიფათიც ელის ხალხში მყოფს. ჰოდა ყოველივე ამისაგან უდაბნოს მოყვარული თავისუფალია, თუკი რომელიმე ცოდვილმა გულისთქმის აყოლით რაიმე მსგავსი წარმოიდგინა, ეს წარმოდგენა სუსტია ხოლმე და ადვილადაც ქრება, რადგან გაჩენილ ალს თვალი ვერ კვებავს გარედან. მონაზონი მხოლოდ საკუთარ თავზე აგებს პასუხს და თუ მაინც უწევს ვინმეზე ზრუნვა, მცირეა მათი რიცხვი. და თუნდაც მრავალი იყოს, თუმცაღა, როგორც წესი, ისინი გაცილებით ცოტანი არიან ეკლესიის მრევლთან შედარებით, მათზე ზრუნვა წინამძღვარს მაინც გაცილებით უადვილდება არა მარტო რიცხობრივი სიმცირის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ყოველივე ამსოფლიურისაგან ისინი თავისუფალნი არიან, მათ არც შვილზე უწევთ ზრუნვა, არც ცოლზე. წინამძღვრის სრულ მორჩილებაში იმყოფებიან, მოსახერხებელი ხდება საერთო საცხოვრებელში ყოფნა, სადაც შესაძლებელია ყველა ცოდვის შემჩნევა, გამოძიება და გამოსწორება. სათნოებათა მოპოვებას ცოტათი როდი უწყობს ხელს წინამძღვართა ასეთი გამუდმებული თვალყური.
4. მღვდელთა უმეტესი ნაწილი, ამათგან განსხვავებით, ამსოფლიური საზრუნავითაა შეიწრებული, ამის გამო სულიერი ცხოვრების საქმეთა წარმართვისათვის ისინი ნაკლებად არიან განწყობილნი. ამიტომაც მოძღვარმა, რომ იტყვიან, უნდა დღენიადაგ სიტყვა თესოს, რათა სხვა თუ არაფერი, განუწყვეტელი დამოძღვრით მაინც განმტკიცდეს მსმენელში სწავლება. გარდარეული სიმდიდრე, დიდი უფლებამოსილება, ფუფუნებისაგან შობილი უზრუნველობა და ბევრი სხვაც, აშთობს ნათესს; ხშირად კი ისეა სარეველა მოდებული, რომ თესლს ზედაპირამდეც ვერ მიუღწევია. მეორეს მხრივ, უზომო მჭმუნვარება, სიღარიბეს მოყოლილი გაჭირვება, განუწყვეტელი წუხილიცა და სხვაც, ზემოჩამოთვლილის საწინააღმდეგო, უშლის ხელს ღვთაებრივ საგნებზე დაფიქრებას. და რაც ცოდვებს შეეხება, მოძღვრისათვის მათი მცირე ნაწილიც კი არ იქნება ცნობილი, ან რაინაირად ეცოდინება, როცა მრევლის უმეტესობას სახითაც ვერ ცნობს? ხალხთან დაკავშირებული მისი ვალდებულებები ასეთ მოუხერხებელ პირობებთანაა გადაწნული. და თუკი ვინმე დაეპირება მისი ვალდებულების ღვთის წინაშე გამოკვლევას, ნახავს, რომ ის (მონაზონი) ვალდებულებები, ამასთან შედარებით – არაფერია; იმდენად დიდსა და მოსწრაფე გულმოდგინებას მოითხოვს ეს უკანასკნელი.
ის, ღმერთს რომ მთელი ქალაქის, ქალაქი რამ მათქმევინა, მთელი მსოფლიოს ცოცხალთა და მიძინებულთა ცოდვების შენდობას ევედრება, თავად ის, როგორი უნდა იყოს? ჩემი აზრით, ამ ლოცვისათვის, მოსესა და ილიას კადნიერებაც არაა საკმარისი. იგი ისე შეუვრდება უფალს, თითქოს მამააო ყოველთა, თითქოს მას მიანდესო ყოველი სოფელი, ისე თხოვს და ევედრება იგი ყველასათვის ომებისა და ამბოხებების შეწყვეტას, მშვიდობასა და კეთილდღეობას, ყოველგვარი მძიმე განსაცდელის ჟამს, კერძო იქნება ეს თუ საყოველთაო, მსწრაფლ შემწეობას. ამიტომ ყველას, ვისზედაც ლოცულობს, ისე უნდა აღემატებოდეს იგი ყველაფერში, როგორაც წინამძღოლი თავის მფარველობის ქვეშ მყოფთ. და როცა ის მოუხმობს სული წმიდას, აღასრულებს საშინელ მსხვერპლშეწირვას და ხშირად მიეახლება კიდეც ყოველთა მეუფეს, მითხარი ერთი, ვის გვერდით დავაყენოთ ეს კაცი, როგორი სიწმიდე და ღვთის მოშიშება უნდა მოვთხოვოთ მას? აბა, დაფიქრდი, რა ხელებმა უნდა აღასრულოს ასეთი მსახურება, რა ენამ უნდა წარმოსთქვას ასეთი სიტყვები, ვისზე (სულზე) სუფთა და ნათელი უნდა იყოს სული, მიმღებელი სული წმიდის ესოდენი მადლისა? ამ დროს ანგელოზები წარუდგებიან მღვდელს, გარს შემოერტყმის სამსხვერპლოს ზეციურ ძალთა მთელი კრებული და ღაღადებს, მასზე მდებარეს სადიდებლად, ის მოქმედებები, რაც მაშინ აღესრულება, საკმარისია ამის სარწმუნებლად.
ოდესღაც ასეთი ამბავი მოსვისმინე ერთი კაცისაგან. ხუცესი ყოფილა ერთი, საოცარი კაცი, გამოცხადებების არა ერთხელ მხილველი, მას უამბია, ერთხელ ასეთი ჩვენების ღირსი გავხდიო: სწორედ ღვთის მსახურების ჟამს უცებ, დაუნახავს (რამდენადაც ეს მისთვის შესაძლებელი იყო), სიმრავლე ანგელოზთა, ნათლით ყოფილან მოსილნი, სამსხვერპლოს გარშემო, თავდახრილნი, ვითარცა მოლაშქრენი მეფის წინაშე წარდგომილნი, ისე მდგარან. მე მჯერა ეს. გარდა ამისა, სხვამაც მიამბო, მავანისაგან მოსმენილი კი არა, არამედ თავად გამხდარა ღირსი იმის დანახვისა და გაგებისა, თუ რა ელის ამ სოფლიდან განსასვლელად მომზადებულს, თუკი ის წმიდა სინდისით ეზიარა წმიდა საიდუმლოს, უკანასკნელი ამოსუნთქვისთანავე, თურმე ანგელოზები შემოეხვევიან გარს, წაუძღვებიან აქედან მიმავალს. შენ კი ვერ მოგითმენია და გინდა მიზიდო სული ჩემი ესოდენ წმიდა საიდუმლოს და ჭუჭყიან სამოსში მყოფს მღვდლის ღირსების მონიჭებას მიპირებ. ასეთნი კი ქრისტემ განაგდო თანამოსაუბრეთა საზოგადოებიდან. ისე უნდა ბრწყინავდეს მოძღვრის სული, ვითარცა სხივი მსოფლიოს მანათობელი. ჩემს სულს კი არაწმიდა სინდისის წყვდიადი აკრავს, იგი მუდმივად ამ ბნელშია ჩაძირული, არ ძალუძს, ოდესმე მაინც შეხედოს კადნიერებით მეუფეს თვისას. მღვდელი მარილია სოფლისა (მთ. 5,13). შენ უზომოდ გიყვარვარ და შემეჩვიე, მაგრამ ჩემი უგუნურება და გამოუცდელობა ყველაფერში, შენს გარდა, ვინ აიტანოს?
მღვდელი, რომელიც შეიქმნება ღირსი ასეთი დიდებული მსახურებისა, მხოლოდ სუფთა კი არა, ფრიად კეთილგონიერი და ბევრ რამეში გამოცდილიც უნდა იყოს, ერისკაცთა ნაკლებად როდი უნდა იცოდეს საერო ამბები, ამასთან, მთაში მცხოვრებ მონაზონზე უფრო მეტად უნდა იყოს ყველაფრისგან თავისუფალი. და რადგანაც მას უწევს ურთიერთობა კაცებთან, რომელთაც ჰყავთ ცოლები, ზრდიან შვილებს, განაგებენ მონათ, ფლობენ დიდ სიმდიდრეს, აღასრულებენ საზოგადო საქმეებს და მინიჭებული აქვთ ხელისუფლებაც, ამდენად იგი მრავალმხრივი კაციც უნდა იყოს, ვამბობ მრავალმხრივი-მეთქი, და არა ცრუ, მზაკვარი და პირფერი, არამედ აღსრულებული უდიდესი თავისუფლებითა და გამბედაობით, თუმცა დათმობაც უნდა შეძლოს; მდგომარეობის მიხედვით თავმდაბალიც უნდა იყოს და მკაცრიც. ყველა ქვეშევრდომთან ერთნაირი მოქცევა არ ივარგებს. განა ექიმმა ერთი წამალი უნდა იხმაროს ყველანაირი ავადმყოფის განკურნებისას, ან მენავისთვის ერთი ხერხის ცოდნა კმარა ქარებთან ბრძოლისას?
ეკლესიის ხომალდს გამუდმებული ქარები ააღელვებენ ხოლმე, ეს ქარები მხოლოდ გარედან როდი შემოიჭრებიან, არამედ შიგნითვე აღიძვრიან და ამიტომაც მოეთხოვება მღვდელს უდიდესი ყურადღება და გამებდაობა.
5. ყველა ეს მრავალმხრივი მოქმედება ერთი მიზნისაკენ, ღვთის დიდებისა და ეკლესიის აღშენებისაკენაა მიმართული. დიდია ღვაწლი და შრომა მონაზონისა. მაგრამ ეს შრომა ვინმემ რომ მოძღვრის კარგად წარმართულ შრომას შეუდაროს, იმხელა განსხვავებას იპოვის მათში, რა განსხვავებაცაა მეფესა და ჩვეულებრივ ერისკაცში. თუმცა მონაზონთ დიდი შრომა უწევთ, მაგრამ ამ ღვაწლში მონაწილეობს სულიც, სხეულიც, უკეთ რომ ვთქვათ, დიდი ნაწილი სხეულის მეშვეობით სრულდება და თუ იგი არ იქნა მაგარი, გულმოდგინება გულმოდგინებად დარჩება, საქმედ არ იქცევა. ფიცხელ მარხვას, მიწაზე წოლას, მღვიძარებას, დაუბანლობას, მძიმე შრომასა და ასე შემდეგ, რაც სხეულის მოუძლურებას ემსახურება, უნდა ანებოს თავი, თუკი სხეული არაა მაგარი და ვერ უძლებს განკაფვას. აქ კი წმიდა სულიერი მსახურებაა და ამ სათნოების გამოსავლენად სხეულის სიჯანსაღე არაა აუცილებელი. განა გვიხსნის ჩვენ სხეულის სიმაგრე სიამაყისაგან, მრისხანებისა და კადნიერებისაგან? ჩვენ ხომ მღვიძარენი, უმანკონი და თავმდაბალნი უნდა ვიყოთ, ხომ უნდა გაგვაჩნდეს ყველა ეს თვისება, რაც ნეტარმა პავლემ ჩამოთვალა ჩინებული მოძღვრის დახატვისას? (I ტიმ. 3,2).
იგივეს ვერ ვიტყვით მონაზონთა სათნოებების შესახებ. ხალხის წინაშე სანახაობების მომწყობთ ხომ ჭირდებათ – თოკი, ბორბლები და ხმლები; სიბრძნისმოყვარეს კი მთელი თავისი მოღვაწეობა სულში აქვს გადატანილი და გარეგნული არაფერი სჭირდება. აქაც ასეა სწორედ. მონაზონს ჯანსაღი სხეული და შესაფერისი საცხოვრებელი სჭირდება, ისეთი, ძალიანაც რომ არ იყოს ხალხისაგან მოწყვეტილი და თან უდაბნოს სიმყუდროვეც გააჩნდეს, თანაც ჰაერის კეთილშეზავებულობაც არ უნდა მოაკლდეს, რადგან ისე არაფერი ვნებს მარხვისაგან მოუძლურებულთ, როგორც კეთილშეუზაველობა ჰაერისა.
6. იმაზე არ დაგიწყებ ეხლა ლაპარაკს, თუ როგორ იჭირვიან მონაზონნი სამოსის შეძენაზე, გამოკვებაზე, ისინი ხომ თავად ზრუნავენ საკუთარ თავზე. მოძღვარს კი არ ადგას ეს გასაჭირი, უზრუნველად ცხოვრობს (სამწყსოში), ურთიერთობებით, რომელიც მას არ ვნებს; შემეცნებულს იგი სულის საგანძურში ათავსებს. თუ ვინმე ხალხისაგან განშორებასა და თავის თავში განმარტოებას მიელტვის, ეს თავადაც მოთმინების ნიშნად მიმაჩნია და მაინც, ეს არაა სულიერი მხნეობის დამაჯერებელი საბუთი. მესაჭის ხელოვნება ნავთსაყუდელში როდი შეიმჩნევა. მაგრამ თუკი გაშლილ ზღვაში, ქარიშხალში შეიძლებს ვინმე გემის შველას, მასზე ვერავინ იტყვის, არაა მესაჭე ჩინებული.
7. ჰოდა ის, რომ თავის თავთან განმარტოებით მყოფი მონაზონი არ შფოთავს და ბევრს და მძიმე ცოდვებს არ ჩადის, ამან უზომოდ არც უნდა გაგვაკვირვოს; იგი ხომ განშორებულია ყველაფერს, რაც აღიზიანებს და აშფოთებს სულს. მაგრამ თუკი იტვირთებს ხალხის მსახურებას, თავს იდებს მათი ცოდვების ზიდვას და შეინარჩუნებს სიმტკიცესა და შეურყევლობას და სულის მართვას ღელვის დროსაც ისევე შეიძლებს, როგორაც სიმშვიდეში მყოფი, ნამდვილად იქნება ღირსი ტაშისცემისა და სწორედ რომ უნდა გაკვირდეს ყველა, რადგან ეს ნათელი დადასტურება იქნება მისი სულიერი მხნეობისა. ამიტომ, ნურც შენ გაგიკვირდება მე, მოედნებსა და ხალხთან ურთიერთობებს გაქცეულ კაცს, ბევრი მყვედრებელი რომ არ მყავდეს. რომ არ ვცოდავ, მაგანაც არ უნდა გაგაოცოს, რადგან არ მიომია, და არ დამცემდა, არავის შევბმივარ და ვინ დამჭრიდა? მითხარი, ვინ უნდა ამხილოს და გამოაჩინოს ჩემი ბიწიერება. ამ ჭერმა და სენაკმა? მათ ხომ არ შეუძლიათ ლაპარაკი. დედაჩემმა, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ჩემი ხასიათი? მაგრამ ჩვენ ხომ სხვადასხვა მისწრაფებების ხალხი ვართ, უთანხმოებაც არასოდეს მოგვსვლია. ასეც რომ ყოფილიყო, გინახავს კი დედა, რომელსაც რაღაც მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე დაეწყოს საკუთარი შვილის მხილება სხვათა წინაშე? ვინმემ რომ ჩემი სულის გულმოდგინე გამოცდა მოინდომოს, მრავალ სისუსტეს მიპოვნის და ეს შენც, სხვათა წინაშე ჩემს ქებას დაჩვეულმა, კარგად იცი. ამას ყველაფერს სიმდაბლე რომ არ მალაპარაკებს, ამაზე გვქონდა უკვე საუბარი და გაიხსენე, რას ვამბობდი ამის თაობაზე. აკი გეუბნებოდი: ჩემთვის ვინმეს არჩევანი რომ შემოეთავაზებინა, სად ისურვებდით კეთილი სახელის მოპოვებას, სამღვდელო წარმომადგენლობასა თუ მონაზვნობაშიო, ათასჯერ ვირჩევდი მეთქი პირველს. შენს წინაშე ხომ გამუდმებით შევნატროდი იმათ, ვინაც კარგად შეძლო ამ მსახურების წარმართვა, იმაში კი ალბათ, ვერავინ შემედავება, რასაც ვნატრობდი, რომ შემძლებოდა, არ გავექცეოდი. მაგრამ რა ვქნა? არაფერია ეკლესიის წარმომადგენლობისათვის ისეთი უსარგებლო, როგორც მცონარება და უზრუნველობა, თუმცა ეს ახლა რაღაც საოცარ ღვაწლადაც კი ითვლება. მე კი ეგ თითქოს ჩემი უვარგისობის კრეტსაბმელადაც მიმაჩნია, რითაც საკუთარ ნაკლოვანებებს ვჩქმალავ, არ ვშვრები მათ გამომჟღავნებას. ვინც ასეთ უმოქმედობასა და დიდ სიმყუდროვეში ცხოვრებას მიეჩვია, კიდეც რომ გააჩნდეს დიდი ნიჭი ამ საქმისა, მაგ უმოქმედობისა გამო ღელავს და შფოთავს, უვარჯიშოდ ტოვებს მას და ამით საკუთარი ძალის არც თუ ისე მცირე ნაწილს წარაგებს. ამასთან ერთად, ჭკუასუსტიცა და მჭერმეტყველების შეჯიბრებაში გამოუცდელიც თუ იქნა, რა დღეშიაც მე ვარ, ამ მმართველობის მიღებისთანავე, მასა და ქვისგან ნათალ ძეგლში, განსხვავება არ იქნება.
ამიტომაა, ასეთ მოღვაწეობას მიდევნებულთაგან ცოტა თუ ტვირთულობს მოძღვრის ღვაწლს, და მათი უმრავლესობაც კი, უვარგისი აღმოჩნდება ხოლმე; ეცემიან სულით, უსიამო, მძიმე შედეგების განცდა უწევთ და ეს სრულებით არაა გასაკვირი. თუ კაცი მხოლოდ ერთი სახის ღვაწლს ეწევა, სხვაგვარი ღვაწლის წინაშე იგი ისეთივე უძლურია, როგორიც კაცი სრულიად უმოღვაწეო.
მღვდლების სარბიელზე გამოსულს პატივი განსაკუთრებულად უნდა სძაგდეს, რისხვას უნდა სძლიოს და დიდი კეთილგონიერებით უნდა იყოს შემკული, მაგრამ მარტომყოფელს არ ჭირდება ამაში ვარჯიში. მას არ უწევს ხალხთან ყოფნა, გაღიზიანება მათგან, რომ რისხვის მოთოკვას მიაჩვიოს თავი; არც მაქებარი და ტაშისმცემელი ხალხი აკრავს, ქების უგულებელყოფა რომ ისწავლოს, საეკლესიო საქმეთა საჭირო კეთილგონიერებისთვისაც მცირე შრომა უწევთ. ამიტომაა, როცა იტვირთებენ იმ ღვაწლს, რომელიც არ გამოუცდიათ, ვერ სწვდებიან, ბრკოლდებიან, ირევიან და გარდა ამისა, სათნოებას ვერ იძენენ. ბევრს ისიც კი ეკარგება, რაც მოსვლისას ჰქონდა.
8. თქვა ბასილიმ: რა გამოდის, ნუთუ ის ხალხი უნდა დავადგინოთ ეკლესიის მმართველობაში, რომელნიც ერში მიმოიქცევიან, ამსოფლიური საქმეების ზრუნვას გადაგებულნი ვარჯიშობენ ჩხუბსა და შფოთში და უსამართლობით აღვსილნი მიელტვიან ფუფუნებას?
ოქროპირი: ვუთხარი, დამშვიდდი-მეთქი, ნეტარო კაცო. მოძღვრის არჩევისას მათზე ფიქრის გავლებაც კი უჯეროა. ის, ვინც ხალხში იცხოვრებს, ექნება მათთან ურთიერთობა და მრთელი და შეუმღვრეველი სიწმინდის, სიმშვიდის, ღვთისმოშიშების, მოთმინებისა და მონაზონისათვის დამახასიათებელი თვისებების დაცვას, მარტომყოფელებზე მეტად შეიძლებს, ის უნდა ავირჩიოთ. დაყუდებულს, რომც ჰქონდეს ბევრი სისუსტე, დამალავს მათ და ხალხთან ურთიერთობის გარეშე საქმეს შეიძლება არც დააჩნდეს იგი, მაგრამ როცა წარდგება ასეთი კაცი ყველას წინაშე, ვერაფერს მიაღწევს იმის გარდა, რომ თავს საცინლად აიგდებს და დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ღვთის განგება რომ არა, ჩემს თავს რომ ეგ ცეცხლი აარიდა, მეც იგივე მეწეოდა. ასეთ კაცს რომ გამოჩინებულ ადგილას დაადგენენ ხოლმე, იგი ვეღარ დაიმალება, ყოველთვის მხილებული იქნება. ვითარცა ცეცხლი ლითონს ყველანაირს, ისე გამოცდის ხოლმე სამღვდელო დასი ადამიანთა სულებს, უმალ გამოაჩენს, მრისხანეა, სულმოკლე, პატივმოყვარე, ამაყი თუ სხვა რაიმე ვნება ჭირს; ასე ავლენს ყველანაირ სისუსტეს და არა მარტო ავლენს, უფრო მძიმესა და დაუოკებელსაც ხდის მათ.
ხომაა სხეულის მოწამლული ნაჭრილობევი ძნელადგანსაკურნებელი, ასევე, აღგზნებული და გაღიზიანებული ვნება, ჩვეულებრივ, უფრო განფიცხდება ხოლმე და დამონებული უფრო და უფრო დიდ შეცდომაში შეჰყავს. თავის თავის მიმართ უყურადღებო კაცს ისინი პატივმოყვარეობის, მედიდურობის, ანგარების, ფუფუნების, უზრუნველობისა და უდებებისაკენ მიაქცევენ და ნელ-ნელა ითრევენ მათგან ბადებულ ვნებებში.
ხალხში ბევრმა რამემ შეიძლება შეასუსტოს გულმოდგინება სულისა და ღვთისკენ სწრაფვა. პირველ რიგში, ქალებთან ურთიერთობამ. შეიძლება რომ მოძღვარმა, მწყემსმა, მის ერთ ნაწილზე, მამაკაცებზე იზრუნოს და მეორე, ანუ ქალები, რომლებიც უფრო დიდ ზრუნვას საჭიროებენ, რადგან უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ცოდვისაკენ, უყურადღებოდ დატოვოს? ეპისკოპოსმა, მეტად თუ არა, თანასწორად მაინც უნდა იზრუნოს მათ ჯანმრთელობაზე. თუ ავად არიან, ვალდებულია, რომ მოინახულოს ისინი, თუ იჭირვიან – ანუგეშოს, უდებნი ამხილოს და გაჭირვებულთYშეეწიოს. ამ საქმეების აღსრულებისას კი, ვინაც გულმოდგინედ არ მოიზღუდავს თავს, ეშმაკი თავს დასასხმელად ბევრ გზას მოუნახავს. თავშეკავებული ქალის კი არა, უმანკოებადამარხული ქალის მზერაც კი აჩნდება სულს, აშფოთებს მას, ალერსი – აცთუნებს, პატივი – იმორჩილებს, და სიყვარული მხურვალე – მიზეზი ყოველთა სიკეთეთა, თუ არ იქნა სწორად წარმართული, იქნებ ურიცხვი ჭირის მიზეზადაც იქცეს. ამასთან, ეს გამუდმებული საქმიანობა ტყვიასავით ამძიმებს სიმახვილეს გონებისას, რომელსაც ფრინველივით უნდა შეეძლოს სიმაღლეებისაკენ ზეაღფრენა, და თუ მოიცვა მრისხანებამ სული, იგი შიგნით ერთიანად გაიკვამლება და დაბნელდება. და ვინც ჩამოთვალოს ყველა ის ავი მოქმედებანი – წყენა, კიცვხა, შენიშვნები მდაბალთა და მაღალთა, გონიერთა და უგუნურთა?
9. მართებულ განსჯას მოკლებული ხალხი განსაკუთრებულად ანგარიშიანები არიან, გამართლებასაც უცებ აღწევენ. კეთილ მოძღვარს არა აქვს მათი შეძულების უფლება, ხალხის ბრალდებებს დიდი თავმდაბლობით მომზადებული უნდა სცემდეს პასუხს – გულისკლებასა და რისხვას უკეთესია შეუნდოს მათ უგუნური შენიშვნები. თუკი ნეტარი პავლე გაფრთხილდა, მოწაფეებმა ბრალი არ დამდონო პარვაში და სხვებს მიანდო ფულის გამგებლობა – “ვერიდებით ამას, ნუ ვინმე გუგმობდეს ჩუენ სიმტკიცისა ამისათჳს, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ.” (II კორ. 8,20). ჩვენ ვითომ რად არ გვმართებს ზრუნვა იმისათვის, რომ თუნდაც ცრუ, განუსჯელი და ჩვენი ღირსებისათვის ერთობ შეუფერებელი ავი ეჭვი ავირიდოთ. ჩვენ ხომ არანაირი ცოდვისაგან არა ვართ ისე შორს, როგორც პავლე – პარვისაგან. ნამდვილად უგუნურება იყო ამ ნეტარ და გასაოცარ კაცზე მსგავსი ეჭვის მიტანა. და მიუხედავად იმისა, რომ ეს აზრი განუსჯელი იყო და იგი მხოლოდ გიჟს თუ შეიძლებოდა მოსვლოდა ფიქრად, პავლემ მაინც მოსპო მისი გაჩენის მიზეზი; მას არ შეურაცხყვია ხალხი განუსჯელი, არ უთქვამს: ვინ იფიქრაო ჩემი მსგავს რამეში დადანაშაულება, როცა სასწაულებითა და ჩუმი, მშვიდობიანი ცხოვრების ნირით და პატივისცემის გრძნობით განვმსჭვალეო ყველა? პირიქით, მან შეიცნო და დაუშვა ასეთი ეჭვის გაჩენის შესაძლებლობა და ძირიანად მოთხარა იგი, უფრო სწორედ, მისი გაჩენის საშუალებაც კი მოსპო. რატომ? “რამეთუ წინაწარ განვიზრახავთ კეთილსა, არა ხოლო წინაშე უფლისა, არამედ წინაშე კაცთაცა.” (II კორ. 8,21).
ასე და უფრო მეტადაც კი უნდა ვცდილობდეთ ავი ლაპარაკების არა მარტო მოსპობასა და ჩაჩუმებას, არამედ შორიდანვე იმის ცნობასაც, თუ საიდან ჩნდება იგი და არ უნდა ვუცადოთ იმ დროს, სანამ იგი ხალხის ენას მოედებოდეს. იმიტომ, რომ მერე ადვილი აღარაა მისი მოსპობა, ძნელია ერთობ და ალბათ შეუძლებელიც და სახიფათოც, საშიშია, ხალხს არ ვავნოთ რაიმე. მოკლედ, აღარ უნდა გავჩუმდე, რას მივდევ მიუღწეველს? აქაური სიძნელეების ჩამოთვლა იგივეა, ზღვის არწყვა რომ მოინდომოს კაცმა. თუკი ის, ვინაც ყველანაირი ვნებისაგან თავისუფალია, რაც სხვათა შორის, შეუძლებელია, სხვისი ცოდვების გამოსწორებისას მაინც უზომო ჭირისათვისაა განწირული, მაშინ საკუთარი სისუსტეების მქონემ, წარმოიდგინე ერთი, რა უძირო შრომა უნდა გასწიოს, რა განსაცდელი უნდა გაიაროს, სხვათა და საკუთარი ვნებების ძლევის მსურველმა?
10. თქვა ბასილიმ: და შენ, ახლა, მარტომყოფელს, განა შრომა და ჯაფა არ გაწევს?
ოქროპირი: ახლაც მაწევს-მეთქი, ვუთხარი. განა შეიძლება ესოდენ მძიმე შრომის მტვირთველი თავისუფალი და უზრუნველი იყოს ღვაწლისაგან? მაგრამ გაშლილ ზღვასა და მდინარეში ცურვა ერთია განა? ამ საზრუნავთა შორისაც იგივე განსხვავებაა. სწორედ რომ შემეძლოს სხვებისათვის რგება რაიმესი, ამას თავადაც ვუსურვებდი ახლა თავს და ჩემი გულმოდგინე ლოცვის საგანიც ეგ იქნებოდა. მაგრამ რაკი არავის შველა არ შემიძლია, როგორმე საკუთარი თავის გამოხსნა თუ შევიძელი ქარიშხლისაგან, დავჯერდები ამასაც.
თქვა ბასილიმ: ნუთუ ეგ მართლა დიდი საქმე გგონია? და საერთოდ, არავის არ გინდა რაიმე არგო, ისე ფიქრობ სულის ცხონებას?
ოქროპირი: კარგად, სამართლიანად მსჯელობ-მეთქი, ვუთხარი. არც მე მგონია, რომ ვინმე, ახლობლის გამოხსნისათვის თუ არაფერი გააკეთა, ისე ცხონდეს. უბედურ მონას, ტალანტი რომ შეუმცირებია, იმან არაფერი არგო. რომ არ გაამრავლა ტალანტი, და არ გააორკეცა იგი, მაგან დაღუპა (მთ. 25, 24-30). ისე კი ვფიქრობ, სამსჯავროზე ახლა, როცა მკითხავენ, სხვას რატომ არ უშველეო, უფრო მცირედი სასჯელი მაკმარონ, ვიდრე მაშინ, ასეთი პატივის მიღების შემდეგ უარესი რომ შევიქმენი და პასუხს სხვათა და საკუთარი თავის დაღუპვის გამო რომ მომთხოვენ. როცა ისრაიტელთ დიდი უპირატესობა მიენიჭათ უფლისაგან, მათ მას მერე შესცოდეს უფალს, ამიტომ იმსახურებდნენ ისინი დიდ სასჯელს თვისთა ცოდვათა გამო, ამიტომ იყო ასე ძლიერად რომ ამხელდა მათ ღმერთი.
უფალს წინასწარმეტყველებამდე ადრე სურდა ეჩვენებინა მღვდელთა ცოდვები რომ უფრო მძიმე სასჯელს იმსახურებს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანისა და მსხვერპლშეწირვის დადგენისას ბრძანა: მთელი ხალხის ცოდვათა გამოსახსნელი მსხვერპლის ტოლი ზვარაკი შეეწირათ მღვდლის შეცოდებათა გამო (ლევ. 4). ამით მან დაგვანახა, ნაჭრილობევს მღვდლისას სწორედ ისეთი შეწევნა ჭირდებაო, როგორაც წყლულებს მთელი ხალხისას, ერთად აღებულს. ისინი რომ უმძიმესი არ ყოფილიყო, ასეთი შეწევნა არ იქნებოდა საჭირო. ამასთან, ეს ცოდვა თავისთავად კი არაა მძიმე, არამედ იმიტომ, რომ მას მღვდელი, ასეთი დიდი პატივის მქონე კაცი იქმს. მაგრამ რაღა ამ მსახურებაში მყოფ კაცებზე ვლაპარაკობ? მღვდლების ქალიშვილთ, არნაირი კავშირი რომ არ აქვთ მღვდლობასთან, თავიანთი მამებისათვის მინიჭებული პატივის გამო, ერთი და იგივე ცოდვების ჩადენისას, გაცილებით მკაცრი სასჯელი ელით, ვიდრე უბრალო ხალხის ქალიშვილთ. მაგალითად, ერთმაც იმრუშა და მეორემაც – პირველს გაცილებით მძიმე სასჯელი ელის, ვიდრე მეორეს (ლევ. 21,9).
12. ხედავ რა ძლიერად გვამცნობს უფალი, წინამძღოლს უფრო ძლიერი სასჯელი ელის, ვიდრე ქვეშევრდომს? მღვდლის ქალიშვილს, სხვა ქალიშვილთაგან განსხვავებით, მამის გამო, უფალი მეტად სჯის. და მასაც, ვინაც ხუცესის ქალი აცდუნა, უფრო მძიმე სასჯელი ელის. და სრულიად სამართლიანადაც, რადგან ვნებული მარტო წინამძღოლი როდი რჩება, არამედ იღუპება მისი შემყურე ყველა სუსტი სულის პატრონი. სწორედ ამის ჩვენება სურდა წინასწარმეტყველს, ეზეკიელს, ამიტომაც განასხვავა ვერძთა და ცხვართა სამსჯავრო ერთმანეთისაგან (ეზეკ. 34,17). ახლა მაინც თუ გახდა შენთვის ნათელი, უმიზეზო რომ არ ყოფილა ჩემი შიში? ნათქვამს ამასაც დავუმატებ: სულიერმა ვნებებმა რომ ერთნაირად არ დამრიონ ხელი, ამისათვის ახლაც დიდი ჯაფა მიწევს, მაგრამ ამ შრომას როგორღაც ვიტან, ამ ღვაწლს არ გავურბივარ. პატივმოყვარეობა ახლაც შემომიტევს ხოლმე, თუმცაღა ვებრძვი და წინ აღვუდგები, მაგრამ ვაღიარებ: მისი მონა ვარ მაინც. ზოგჯერ ამ დამონებული სულის მხილებასაც ვახერხებ. ახლაც მეახლებიან ხოლმე მავნე წადილები, მაგრამ ძლიერ ცეცხლს ვერ მინთებენ, თვალი ვერ აწვდის გარედან იმ ცეცხლს საწვავს და იმიტომ. ის, რომ სხვამ ვისიმეს ავი ილაპარაკოს და ვუსმინო, მაგისგან თავისუფალი ვარ, მოლაპარაკე არავინ მყავს. კედლებს, რასაკვირველია, ლაპარაკი არ შეუძლიათ. რისხვას კი, გარკვეულად, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის გარემოცვაში არ ვიმყოფები, მაინც ვერ გავექცევი. ხშირად, ძლიერად არა, მაგრამ მაინც ამიალებს ხოლმე გულს ურიგო ხალხის, მათი საქციელების მოგონება. ამ ალს იმით ვშრეტ, რომ ვაგონებ ხოლმე თავს, თუ რაოდენ უჯერო და ჭირის მომტანია საკუთარი უდებების დატევება და ახლობელთა ვნებების ჩხრეკა. მაგრამ ხალხში გარეული და მოუსვენრობაშეპყრობილი, გულისთქმების ასეთი შეგონებებით მართვას ვეღარ შევიძლებ, ძალა აღარ მეყოფა. და ისე, როგორც კლდეებს შორის აქაფებული ნიაღვარი გაიტაცებს ხოლმე კაცს, რომელიც აშკარად წინასწარვე ხედავს იმ განსაცდელს, რომლისკენაც მიექანება და საშველი მაინც ვერაფერი მოუფიქრებია, მეც, ვნებათა ტალღებში მოქცეულს, თუმცა კი შემრჩება გონი მომავალი სასჯელის განჭვრეტისა, რომელიც დღითი დღე გაიზრდება, მაგრამ ახლანდელივით საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და იმ გამძვინვარებული მხეცებისაგან განკრძალვას, რიგიანად ვეღარ შევიძლებ.
მე სუსტი, დიდბუნებოვნებას მოკლებული სული მაქვს და მას ადვილად სძლევენ არა მარტო ეს ვნებანი, არამედ უსაშინლესი მათ შორის – შური, მას არ ძალუძს ქებისა და ძაგების მშვიდად ატანა. პირველი უზომოდ ამედიდურებს, მეორე – ურვაში აქცევს. მძვინვარე მხეცები, თუ ისინი ჯანზე არიან, მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით კი გამოუცდელებს – ადვილად სძლევენ. მაგრამ თუ ვინმემ შიმშილით მოაუძლურა ისინი, დააოკებს კიდეც მათ მძვინვარებას და ძალის დიდ ნაწილსაც წაართმევს. ასე რომ, მათთან ბრძოლაში, არც თუ ისე მამაცი კაციც კი ივარგებს. სულიერ ვნებებსაც იგივე ჭირთ: ვინც საღი გონების ქვეშ ამყოფებს მათ, აუძლურებს კიდეც ვნებებს, მაგრამ თუ კვებავს, ამით ურთულეს ბრძოლას განიმზადებს და მთელ ცხოვრებას მათ შიშსა და მონობაში ატარებს. რით იკვებებიან ეს მხეცები? დიდების მოყვარება – პატივითა და ქებით, სიამაყე – ხელისუფლებითა და ბატონობის ზეობით, შური – ახლობელთა განდიდებით, ვერცხლის მოყვარება – გამღებელთა სიუხვით, განუკრძალველობა – ქალებთან ხშირი შეხვედრებითა და ფუფუნებით, სხვა კიდევ სხვა რამეთი და ასე.
ხალხში გამოსულს ეს მხეცები ძლიერად დამესხმიან თავს, სულს გამიტანჯავენ, შიშში მომაქცევენ, ძალუმად გამიჭირდება მოგერიება მათი. მაგრამ აქ თუ დავრჩი, დიდი ძალისხმევა კი დამჭირდება მათ მოსარევად, და მაინც, ღვთის მადლით, დაოკდებიან ისინი და ჩემამდე მათი ღრიალის ხმა თუ მოაღწევს. ამიტომაც ვრჩები ამ სენაკში, როგორც კაცი შეუვალი, ურთიერთობებისა და ადამიანების მოძულე და ვითმენ ასეთსა და ამის მსგავს კიცხვას, თუმცა დიდი ხალისით ავიცილებდი მათ, მაგრამ რაკი ამის გაკეთების შესაძლებლობა არ მეძლევა, ვწუხვარ გულშემუსრვილი. ხალხში შეუძლებელია ჩემთვის ნამდვილ უსაფრთხოებაში ყოფნა. ამიტომ გთხოვ, ნუ გაამტყუნებ ესოდენ მძიმე მდგომარეობაში მყოფს, შეიბრალე იგი. თუმცა მე ჯერ კიდევ ვერ დაგარწმუნე შენ. ამიტომაც დროა, ისიც გითხრა, რაც აქომამდე უცნობი იყო შენთვის. იქნებ ზოგს დაუჯერებლადაც მოეჩვენოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ შემრცხვება მისი გამხელა. თუმცა ეს სიტყვები უამრავ ჩემს ცოდვასა და უილაჯო სინდისს გამოაჩენს, მაგრამ რაკი მელის სამსჯავრო ყოვლისმხილველი მეუფისა, ხალხისაგან ამის დაფარვამ რა მარგოს? რა დამრჩა გაუმხელელი?
მას მერე, რაც ეს განზრახვა მაცნობე (ეპისკოპოსად არჩევა), შიში და სასოწარკვეთა დამეუფლა, სხეულის ერთიანი დასუსტების საშიშროების წინაშე ვიდექი. რომ წარმოვიდგენდი ქრისტეს სასძლოს სულიერ სილამაზესა და სიწმიდეს, სიბრძნესა და დიდებულებას, მერე საკუთარი სისუსტეების გახსენებაზე გაუჩერებლად დავტიროდი მათ, თავს უბედურს ვუწოდებდი, ვკვნესოდი, გაოგნებული საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ვის გაუჩნდა ასეთი აზრი? ასეთი რა შეცოდა ღვთის ეკლესიამ? რით განარისხა მან მეუფე თვისი ისე, რომ შერცხვენისათვის გაიწირა და მე, ყოვლად უღირსს ყოველთა შორის, განსაგებლად მომეცა-მეთქი?
ხშირად ვფიქრობდი ასე ჩემთვის, ვერც ვერეოდი აზრს ესოდენ განუსჯელს, დასუსტებულივით მეცლებოდა ძალა. არც რა მესმოდა, ვერც რას ვხედავდი. ეს განფიცხება გამივლიდა (იგი ზოგჯერ ხელს შემიშვებდა ხოლმე) თუ არა, მას ცრემლები და სასოწარკვეთა ცვლიდა. მერე, ხანგრძლივი ცრემლთა დენის შემდეგ კვლავ შიში დამეცემოდა და მაშფოთებდა, მარღვევდა, გონებას მირყევდა. ასეთ ტალღებში გავატარე ის დრო, შენ არაფერი იცოდი, გეგონა კი, ჩემთვის, წყნარად ვცხოვრობდი.
ახლა კი გაგიმხელ მღელვარებას ჩემი სულისას: იქნებ ამის მერე მაინც შეწყვიტო საყვედურები და შემიბრალო. მაგრამ, როგორ, როგორ დაგანახო? ამის ნათლად დანახვა რომ შეძლო, გული უნდა გაგიშიშვლო. მაგრამ რაკიღა ამის გაკეთება შეუძლებელია, ვეცდები, როგორც შევძლებ, მკრთალად მაინც წარმოგიდგინო წყვდიადი და სასოწარკვეთა ჩემი სულისა.
ვთქვათ, მთელი ამ სოფლის მეფის ქალწული სასძლო შეიქმნა და იგი გამოირჩევა არაჩვეულებრივი სილამაზით, ხოლო ბუნება მისი დიდად აღემატება ადამიანის ბუნებას საერთოდ და ყველა ქალისას, ერთად აღებულს, სულიერი სათნოებით შორს იტოვებს ყველა კაცს, ახლა ცხორებულთა და აწი რომ დაიბადებიან იმათაც და კეთილზნეობა მისი აღემატება სიბრძნის მოყვარების ყველა მოთხოვნას, ხოლო კეთილხატება – ჩრდილში აქცევს ყველანაირი სხეულის მშვენებას. დავუშვათ, რომ ნეფე ამ ქალწულში მხოლოდ ამის გამო კი არაა ასე შეყვარებული, არამედ მასში რაღაც უფრო განსაკუთრებულს გრძნობს და იმდენადაა მიჯაჭვული მასზე, რომ ყველა ვნებიან თაყვანისმცემელს, ვინც კი ოდესმე ჰყოლია ამ ქალს, აღემატება. მერე ისიც წარმოვიდგინოთ, ამ შმაგმა მიჯნურმა უცებ საიდანღაც შეიტყო, რომ მის გასაოცარ სატრფოზე ქორწინდება ვიღაც სხვა კაცი და თანაც უბირი, მდაბიო წარმოშობისა, გარეგნულად გონჯი და ყველანაირად უვარგისი.
გასაგებად დაგიხატე ჩემი მწუხარება? განა საჭიროა კიდევ ამ აღწერის გაგრძელება? ვგონებ ჩემი სასოწარკვეთის გამოსახატავად საკმარისია. ეს მაგალითი მხოლოდ ამიტომ მოგიყვანე. ხოლო ჩემი შიშის საზომის და გაოცების გამოსახატად სხვა მაგალითს მივმართავ.
ვთქვათ, ქვეითთა, ცხენოსანთა და მეზღვაურთაგან შემდგარი ჯარია. ვთქვათ, ზღვა დაფარა ურიცხვმა ხომალდმა, ხოლო ველებსა და მთათა მწვერვალებს ცხენოსანთა და ქვეითთა რაზმები მოედო. და ლაპლაპებს მზე ბრინჯაოს იარაღზე, ჩაჩქანებსა და ფარებზე ირეკლებიან სხივები და ცას სწვდება ფლოქვთა ცემისა და ჭიხვინის ხმა; ვთქვათ, აღარაფერი ჩანს ქვეყნად ბრინჯაოსა და რკინის გარდა, არც ზღვა, არც მიწა. და ვთქვათ დაიძრა მათ წინააღმდეგ ხალხი ველური და დაუოკებელი. ვთქვათ, კიდეც დადგა ჟამი ბრძოლისა. მერე ვინმემ რომ მოიყვანოს სოფელში გაზრდილი ყრმა, რომელსაც არაფერი უნახავს და ხელში არაფერი სჭერია სტვირისა და არგანის გარდა, და შემოსოს იგი ბრინჯაოს აბჯრით, ჩაატაროს რაზმების წინ, აჩვენოს რაზმები მეთაურებითურთ, მეისრეები, მეშურდულეები, სარდლები და მხედართმთავრები, მძიმედ შეიარაღებული მეომრები, მხედრები და შუბოსნები, ხომალდები თავისი მეთაურებით, უამრავი მეომრითა და შიგ ჩაწყობილი საჭურველით, ვთქვათ, მერე აჩვენონ მას მოწინააღმდეგეთა რაზმები დაწმასნილ ფლატეებსა და მიუდგომელ მთებზე განლაგებული მრისხანე სახის ხალხი, მათი საჭურველი და იარაღის დიდი მარაგი. ცხენები მათი, ჯადოსნური მფრინავი ცხენების დარი, მეჭურჭლეთუხუცესნი მათნი, თითქოს ჰაერში მოარულნი, რომელთაც ყველანაირი ძალის და სახის ჯადოსნობის უნარი შესწევთ. დავუშვათ, რომ მას მერე ომის ყველა საშინელება უამბონ: ღრუბლები შუბთა და ისართა, ნატყორცნი ისრებისაგან გაჩენილი წყვდიადი და სიბნელე, დაჩრდილული მზის სხივები, ღამე უკუნეთი, მტვერი, თვალთა დამთხრელი, უფროის ბნელისა, ნაიღვარი სისხლისა, კვნესა დაცემულთა, გოდება ფეხზე დარჩენილთა, მკერდნი დაცემულთა, სისხლში ამოვლებული ბორბლები, უმხედრებოდ შთენილი ცხენები, ურიცხვი გვამების შემყურე ხალხის თავბრუსხვევა და დაცემა მიწაზე, სადაც ყველაფერი, სისხლი, მშვილდი და ისარი, ფლოქვები ცხენებისა, თავები ადამიანებისა, ხელი, ფეხი, წვივი, კისერი და მკერდი განგმირული, ხმალზე შემხმარი ტვინი კაცისა, გადატეხილ ხმლებზე წამოგებული თვალები ადამიანისა – ერთმანეთშია არეული. ვთქვათ, ზღვის ბრძოლის უბედურებანიც ჩამოუთვალონ: შუა წყალში მდგარი ცეცხლმოდებული და ჩაძირვის პირს მისული ხომალდები, მასზე მყოფი მეომრები, მეხომალდეთა ყვირილი, ტალღების შხუილი, მებრძოლთა გოდება, ხომალდს მიხეთქილი, ზღვის აქაფებული ადამიანის სისხლით ნაღები ტალღები, გვამებით მოფენილი გემბანები, ხომალდებისათვის გზის ჩამხერგავი, დახრჩობის პირზე მისული, ნაპირისაკენ მოსროლილი, ტალღებზე მოფართხალე მეზღვაურები, ნათლად რომ წარმოუდგნენ ომის ყველა ზარგანხდილებას, დავუშვათ, რომ ტყვეობის, მონობის, მძიმე რომაა ყველანაირ სიკვდილზე, იმის უბედურებაც უთხრან და ამის მერე, ყველაფერს რომ უამბობენ, უბრძანონ, ამ წამსვე შეჯექიო ცხენზე და თავს იდეო ამ ჯარების მეთაურობა. როგორ გგონია, ეყოფა კი ძალა იმ ყრმას, ეს ამბები ბოლომდე მოისმინოს და იქვე, ყველაფრის დანახვის მერე, სული არ განუტეოს?
13. არ გეგონოს, საქმეს სიტყვებით ვაზვიადებდე. ეს მხოლოდ გეჩვენება ასე და ისიც იმიტომ, რომ ჩვენ სხეულში, როგორაც სატუსაღოში, ისე ვართ გამომწყვდეულნი და უხილავთაგან არ ძალგვიძს რაიმეს ხილვა. ჩემი ნათქვამი გადაჭარბებულად ნუ მოგეჩვენება. ოდესმე რომ შენი თვალით განახა მოქურუხებული გალაშქრება და გამძვინვარებული ტაკება ეშმაკისა, ისეთ დიდსა და შემაძრწუნებელ ბრძოლას იხილავდი, რომელთანაც ჩემს მიერ აღწერილი არაფრად მოგეჩვენებოდა. აქ არც რკინაა, არც ბრინჯაო, არც ცხენი და ეტლი, არც ცეცხლი და ისარი და არც მათი მსგავსი საგნები, არამედ სხვა, ჩამოთვლილზე გაცილებით საშიში საჭურველია. ამ მტერს არც აბჯარი უნდა და არც ფარი, არც ხმალი, არც შუბი, სულის მოსაწყვლელად კი ამ ჯარის ერთი სახეობაც კმარა, თუკი არ იქნა სული მხნე და უპირველეს ყოვლისა, თავად სიმხნე მისი, ღვთის განგებით განმტკიცებული. რომ შეიძლებოდეს განძარცვა სხეულისა, ანდა მასშივე, სუფთად და უშიშრად, საკუთარი თვალებით ეშმაკის აღლაშქრების დანახვა, სისხლის ნიაღვარსა და უსულო გვამებს კი არა, სულთა უმოწყალო გვემასა და მის იარებს იხილავდი და ჩემს მიერ აღწერილი ომი, ახლა რომ გისურათებდი, ბავშვურ თამაშად, უმალ გასართობადაც კი მოგეჩვენებოდა, ვიდრე ომად; იმდენად უამრავნი არიან ძლეულნი ყოველდღე! ამ ჭრილობებს ისეთი სიკვდილი როდი მოსდევს, როგორიც სხეულისას, არამედ რამდენადაც სული განსხვავდება სხეულისაგან, იმდენად ის პირველი სიკვდილი – მეორისაგან. დაჭრილი და დაცემული სული სხეულივით უგრძნობლად როდი გდია, არამედ აქვე ეწამება სინდისის ქენჯნისაგან; განსვლისას კი განისჯება და მარადიულ ტანჯვას მიეცემა. ვინმე თუ ეშმაკისაგან მოწეული ჭრილობის ტკივილს არ გრძნობს, ამ უგრძნობლობით უფრო დიდ უბედურებას განუმზადებას თავს. რადგან პირველი იარის ვერგანმცდელს, მალე მოეწევა მეორეცა და მესამეც. უწინდელი იარების უგულებელმყოფელსა და უზრუნველ კაცს, უწმიდური ბოლო ამოსუნთქვამდე მისდევს დასაცემად. მისი მტერობის სახეობათა გაგებას თუ მოინდომებ, ნახავ რარიგ ძლიერი და მრავალფეროვანია ისინი. არავინ იცის სიცრუისა და მზაკვრობის იმდენი სახე, რითაც იგი ამ ძლიერებას იძენს, როგორაც ამ არაწმიდამ. არავის ძალუძს ისეთი შეურიგებელი მტრობა თავისი ყველაზე უბოროტესი მტერისა, როგორც მას, ამ მზაკვარ ეშმაკს ადამის მოდგმის მიმართ. ახლა ის გულმოდგინებაც რომ დაგვანახა, როგორითაც იგი ამ ბრძოლას ეწევა, ამ მხრივ ხომ მართლაც სასაცილო იქნებოდა მისი ადამიანებთან შედარება. ვინმემ რომ ყველაზე მძვინვარე და სასტიკი მხეცი ამოირჩიოს და იგი მის განცოფებას შეუდაროს, ნახავს, რაოდენ მშვიდნი აღმოჩნდებიან პირველნი მათთან შედარებით. ისეთი მძვინვარება ამოძრავებს მას ჩვენი სულების წინააღმდეგ! ეგეც არ იყოს, ის ბრძოლები (ადამიანთა შორის), ხანმოკლეა და ბევრი შესვენებებიც ახლავს თან. ჩამოღამება, მოქანცვა ბრძოლისაგან, საკვების მიღება და სხვა ყველა დანარჩენი, ჩვეულებრივ, ასვენებს მებრძოლს, მას ეძლევა იარაღის მოხსნის, საკვებითა და სასმელით ან სხვა რაღაცით გადახალისების საშუალება, რაც ძალების აღდგენას ემსახურება. მაცდურთან ბრძოლისას, თუკი იარების აცილება გსურს, ძილი და საჭურვლის მოხსნა არ იქნება.
ორიდან ერთი უნდა ირჩიოს კაცმა უსათუოდ: ან უნდა აიყაროს იარაღი და დაეცეს და დაიღუპოს, ან სულ შეიარაღებული უნდა იყოს და იფხიზლოს. ეს მტერი მუდამ საჭურველასხმულია, ჩვენს უზრუნველობას უთვალთვალებს და გაცილებით მეტს ზრუნავს ჩვენი დაღუპვისათვის, ვიდრე ჩვენ – საკუთარი ცხოვრებისათვის. ვინც მუდმივად არ ფხიზლობს, მას განსაკუთრებულად იმიტომაც უჭირს მასთან ბრძოლა, რომ იგი უხილავია და დაცემაც უეცრად იცის (ამიტომ მას მეტი ვნებაც ძალუძს). და შენ ის გინდოდა, რომ ქრისტეს ლაშქარს ამ ბრძოლაში მე წავძღოლოდი? თუკი ის, ვისაც ყველას პატრონობა და მართვა ევალება, მათზე სუსტი და გამოუცდელი იქნა, მინდობილ ხალხს, თავისი გამოუცდელობით, ეშმაკის გზას გაუყენებს. ასეთი კაცი, ქრისტეს კი არა, ეშმაკს უდგება მსახურად. რას ოხრავ, რა გატირებს? ტირილი კი არა, რაც მოხდა, იმის გამო მხიარულება და სიხარული გვმართებს.
თქვა ბასილიმ: კი, მაგრამ, ჩემი მდგომარეობის გამო, შენგან განსხვავებით, მე უზომო მწუხარება მმართებს. რადგან, უკეთ მხოლოდ ახლა შევიტყვე, რა განსაცდელშიაც მომაქციე. შენთა მყვედრებელთ რა ვუპასუხო-მეთქი, იმის გასაგებად მოვდიოდი. შენ კი მიშვებ და ახალ საზრუნავს მკიდებ ძველის ნაცვლად. ახლა იმას კი არ ვწუხვარ, შენს მაგივრად იმათ რა პასუხი გავცე, არამედ იმას, საკუთარი თავისა და ცოდვების გამო ღმერთთან როგორ ვაგო პასუხი. გთხოვ და გევედრები, ოდნავ თუ მაინც გენაღვლება “რაოდენი რაჲ ნუგეშინის-ცემაჲ არს ქრისტეს მიერ, და რაოდენი ნუგეშინის-ცემაჲ სიყუარულისაჲ, რაოდენი რაჲ ზიარებაჲ სულისაჲ, რაოდენი რაჲ მოწყალებაჲ და წყალობაჲ” (ფილიპ. 2,1) (რადგან თავად იცი, ყველაზე მეტად შენი გამოისობით მოვექეცი ამ განსაცდელში) ხელი გამომიწოდე, რაც კი გამამხნევებს, ყველაფერი გააკეთე, ყველაფერი მითხარი. მცირე ხნითაც არ მისცე თავს ჩემი მიტოვების უფლება; ისე ქენი, ეს ცხოვრება, ვიდრე უწინ, იმაზე უფრო დიდ მეგობრობაში, შენთან ერთად განვლიო.
ოქროპირი: ღიმმორეულმა ვუთხარი: რით უნდა დაგეხმარო ამისთანა ზრუნვის მტვირთველს, რა უნდა გარგო? მაგრამ რაკიღა შენი სურვილი ასეთია, სასოს ნუ წარიკვეთ, ჩემო ნეტარო. ყოველთვის, როცა კი საქმეებისაგან განთავისუფლებულს დასვენების საშუალება მოგეცემა, შენს გვერდით ვიქნები, განუგეშებ, თუ რამე შემეძლება, არაფერს დავიშურებ. ამაზე უფრო ატირდა, წამოდგა, წამოვდექი, მოვეხვიე, თავზე ვეამბორე, გაცილებისას ვარიგებდი: მოწეულს მხნედ დაუხვდი-მეთქი. მწამს, როგორაც ქრისტე, რომელმაც მოგიწოდა და მოგანდო ცხოვარი თვისი, ისეთ კადნიერებას მოიპოვებ ამ მსახურებით, რომ მეც ამ ქვეყნიდან გასულს, იმ განსაცდელში მყოფს, სამუდამო სავანისაკენ შენ წამიძღვები-მეთქი.
თარგმნეს მანანა ჩიქვანაიამ და რუსიკო ბუაჩიძემ