† წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
სწავლება ლოცვის შესახებ
თუ განუწყვეტლივ გვემახსოვრება ღმერთი და მისი წყალობანი, უკვე ვეღარ შევძლებთ ბოროტებაზე ფიქრს.
წინასწარმეტყველის სიტყვებია: მოგიჴსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ (ფს. 62:7). კაცი მუდამ უნდა ფიქრობდეს ღმერთზე, განსაკუთრებით ღამით, როცა გონება მოსვენებულია; როცა უფლის გახსენებით შეეძლება თვითგანსჯა და ამ ფიქრებზე დაუნჯება. თუ დღისით შევეცდებით უფალზე ფიქრს, ჩვენს გონებაში შემოჭრილი სხვა საზრუნავი და შფოთი ამის საშუალებას არ მოგვცემს.
ღამით კი შეგვიძლია, განუწყვეტლივ ვფიქრობდეთ ღმერთზე:
მაშინ სული დამშვიდებული და უშფოთველია, იგი ნავსაყუდელშია და უსაფრთხოდ გრძნობს თავს. წინასწარმეტყველი გვეუბნება: რაჲ სთქუათ გულთა შინა თქუენთა, სარეცელთა თქუენთა ზედა შეინანეთ (ფს. 4:5). საჭიროა, დღისითაც არ ვივიწყებდეთ ამას, მაგრამ ამ დროს თქვენ უამრავი საზრუნავი გიჩნდებათ და თავს იქცევთ ყოფითი საქმეებით. ამიტომ სარეცელზე მაინც გაიხსენეთ ღმერთი, იფიქრეთ მასზე ცისკრის ჟამს. თუ ამას დილით გავაკეთებთ, შემდგომ ყველა საქმეს
სრულიად დაუბრკოლებლად შევუდგებით; თუ სასოებითა და ლოცვით წინასწარ ლმობიერვყოფთ ღმერთს, შემდეგ უკვე საერთოდ ვეღარ შევხვდებით მტერს და თუ მაინც შევეყრებით
მას, სიცილადაც არ გვეყოფა, რაკი მოწყალე ღმერთი გვეყოლება მცველად.
ვაჭრობა ომია, ყოველდღიური საქმიანობა - ბრძოლა, მღელვარება და ქარიშხალი, ამიტომაც გვჭირდება ძლიერი საჭურველი - ლოცვა; გვჭირდება ზურგის ქარიც; უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, რათა დღე განვვლოთ ხომალდის დაღუპვისა და იარების გარეშე. ყოველდღე უამრავი წყალქვეშა რიფი გვხვდება, რაზედაც ჩვენი ხომალდი ხშირად იმსხვრევა და იძირება - ამიტომაც გვჭირდება ლოცვა, განსაკუთრებით დილით და ღამით. თუ ის, ვინც რაღაც დროს ადამიანებთან
შერკინებას აპირებს, გულდასმით ემზადება ამისთვის, გაცილებით მეტად გვმართებს მუდმივი გარჯა და ზრუნვა ჩვენ, ვისი მთელი ცხოვრებაც ბრძოლაა.
დაე, ჩვენ ყოველი ღამე შუაღამიანის ლოცვად გვექცეს; ვეცადოთ, რომ ჩვენ - დღისით გარეთ გამოსულებს - არ დაგვცინონ - თუ დაცინვა გვაკმარეს!... მაგრამ ჩვენს წინაშეა მამა ღმერთის მარჯვენით მჯდომარე თავად გვირგვინი მოღვაწეთა - ქრისტე, რომელიც ყურადღებით გვისმენს, ხომ
არ ვიტყვით რაიმე უხამსსა და უსარგებლოს. ის ხომ მსაჯულია არა მხოლოდ ჩვენი საქმეებისა, არამედ სიტყვებისაც.
მაშ, საყვარელნო, მღვიძარებაში განვვლოთ მთელი ღამე: თუ მოვისურვებთ, გამოგვიჩნდებიან შემფასებლებიც - თითოეულ ჩვენგანთან ანგელოზი მყოფობს. ამიტომაც, ზრუნვის საგნად გავიხადოთ ერთადერთი რამ - როგორმე მივიღოთ ჯილდო და დავიდგათ გვირგვინი.