† წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
ქრისტეს შობის დღესასწაულობის ისტორიული სინამდვილე
(იულიანური კალენდრის მიხედვით )
და
მისი დაცვის აუცილებლობა
ქრისტეს შობა, დრო, ისტორიული მემკვიდრეობა და ეკლესიის ტრადიცია

ის, რაც ერთხელ შეიწყნარა ეკლესიამ, როგორც გადმოცემა და დაამტკიცეს კრებებმა, არ უნდა დაირღვეს"
"არა გვავქს საფუძველი დავარღვიოთ ის,
რაც ეკლესიის გადმოცემითა და
კრებათა დადგენილებებით გვებოძა"
(წმ. იულიუს I, რომის პაპი) (1).

ნაწილი I


შესავალი



ბოლო დროს აკადემიური ღვთისმეტყველების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ქრისტეს შობის დღესასწაულობის საკითხი რამოდენიმეჯერ წამოჭრა. მაგალითად, ანდრია კურაევი ქრისტეს ეკლესიის ძველი ტრადიციისადმი პატივისცემის ელემენტარული გამოვლინების გარეშე, წინადადებითაც კი გამოვიდა ქრისტეს შობის დღესასწაულობა 31 დეკემბრისთვის გადაეტანათ. ამგვარი მოთხოვნის ველურობაზე არც კი შევჩერდებით, ჩვენ მას მხოლოდ სხვა არსებულ შეხედულებებთან ერთად გავითვალისწინებთ.

ქრისტეს შობის თარიღის ზუსტი განსაზღვრის პრობლემა ბიბლიურმა და ისტორიულმა მეცნიერებამ საბოლოოდ ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყიში გადაწყვიტა, რის შედეგადაც მივიდნენ დასკვნამდე, რომ VI საუკუნის მოღვაწის, დიონისე მცირის წელთაღრიცხვაში არსებობს შეცდომა, რომელიც ქრისტეს შობიდან იწყება, და რომელიც შესაძლოა 4-6 წელს უტოლდება (2), ქრისტეს შობის დღესასწაულობის თარიღის სიზუსტესთან დაკავშირებული პრობლემა ან პარალელურად ან კიდევ მოგვიანებით წარმოიშვა.

დასავლურმა ღვთისმეტყველებამ, XIX-XX საუკუნეებში ეს საკითხი "მეცნიერულად" გადაწყვიტა, სადაც უპირატესობა საეკლესიო ჩვეულების მეთოდოლოგიის კრიტიკას მიენიჭა. იმ პერიოდში მზარდი დასავლური კრიტიკის პოზიცია დაიკავა ცნობილმა რუსმა მეცნიერ-ისტორიკოსმა და ღვთისმეტყველმა, სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო სასულიერო აკადემიის პროფესორმა ვ. ვ. ბოლოტოვმა. სამწუხაროდ, რუსული საღვთისმეტყველო სკოლის ამ გამოჩენილმა და ნიჭიერმა მეცნიერმა უარი თქვა დასავლური "სამეცნიერო" აზრის კრიტიკულ განხილვაზე, უფრო სწორედ საეკლესიო ისტორიის სფეროში მის მიერ არჩეულ მეთოდოლოგიაზე.

კალენდრულ რეფორმასთან დაკავშირებულ თავის მოხსენებაში, რომელიც ვ. ვ. ბოლოტოვმა რუსეთის ასტრონომიულ საზოგადოებას წარუდგინა, ბოლოტოვმა ბრწყინვალედ დაამტკიცა ერთის მხრივ, ალექსანდრიული პასქალიისა და იულიანური კალენდრის დაცვის, მეორეს მხრივ კი დასავლეთის ქვეყნების მისდამი მობრუნების აუცილებლობა. მიუხედავად ამისა, ბოლოტოვი წერს: "შეუძლებელია დავუშვათ, რომ ძველ ეკლესიას ქრისტეს 25 დეკემბერს შობის ისტორიული "გადმოცემა" გააჩნდა, რადგან მთელი აღმოსავლური ეკლესია (III ს. მიწურულს და IV ს. დასაწყისს) ღმრთის განცხადების დღეს, ანუ 6 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულად მიიჩნევდა" (3).

მაგრამ ამგვარი დასკვნა მოკლებულია სიზუსტეს, რადგან იერუსალემის ეკლესიაში, ჯერ კიდევ ქრისტეს შობის დღესასწაულობის დაწესებამდე, და მისი, როგორც ცალკე დღესასწაულად ზეიმობამდე, ღმრთის განცხადება ქრისტეს შობასთან არ ასოცირდებოდა (4). გამოჩენილი პროფესორის ასეთ პოზიციას უეჭველად გააჩნდა თავისი საფუძველი, რომელიც ჭეშმარიტი საეკლესიო აზროვნებისა და შეგნების სერიოზული დაცემის ისტორიული დრო-ჟამით იყო განპირობებული. იმ დროს საღვთისმეტყველო მეცნიერება ნაწილობრივ საეკლესიო ღვთისმოსაობისა და გადმოცემის საწინააღმდეგოდ მიდიოდა და მეტიც, საკმაოდ გაბედულადაც აკრიტიკებდა. ამიტომაც, არ არის შემთხვევითი, რომ აკადემიური სტუდენტობა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში უკვე მოწამლული იყო სულიერი სკეპტიციზმით, ხელსაყრელი ნიადაგი გახდა რევოლუციური იდეებისა და ტენდენციების აღმოსაცენებლად.

ხოლო, რაც შეეხება ქრისტეს შობის ზეიმობის პირობითობასთან დაკავშირებულ ყველა "მეცნიერულ" არგუმენტს, საეკლესიო-ისტორიული დამწერლობის შესწავლის ეს არასწორი მეთოდოლოგია, მისი დეტალური შესწავლის შემდეგ,  შეიძლება დავიყვანოთ ერთ ძალზედ სერიოზულ მიზეზამდე - ეს გახლავთ ჭარბი რაციონალიზმის ბატონობა თვით სასულიერო პირთა ცნობიერებაშიც კი.

აქ უპრიანი იქნება დავიმოწმოთ მიტროპოლიტ იეროთეოსის (ვლახოსი) მეტად მნიშვნელოვანი დასკვნა: "ჭეშმარიტება, წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და წმიდა მამათა მიერ, გამოცხადებით გვეძლევა. ამგვარად, არსებობს იდენტური გამოცდილება ორივე აღთქმაში, - ძველშიც და ახალშიც. და, რა თქმა უნდა, დაუშვებელია გამოცხადების შედარება ან ფილოსოფიასთან ან კიდევ ფილოსოფოსთა ჰიპოთეზებთან. ჩვენ უსიტყვოდ უნდა მივიღოთ ეკლესიური ჭეშმარიტება. მართლმორწმუნეობა იმაშია, რომ არ გეეჭვებოდეს ღმრთითშთაგონებულ მამათა სწავლებისა. მწვალებლები თავიანთი ბრძენმეტყველებითა და ჰიპოთეზებით გამოცხადების სიტყვას ცვლიან და სულიერად წამლავენ ქრისტეანებს. ნებისმიერი, ვინც კავშირს გაწყვეტს  ქრისტესთან და მისი გზიდან გადაუხვევს, სინამდვილეში ურწმუნო და უღმრთოა. გარდა ამისა, ათეიზმი ეს არის უვიცობა, ღმრთის უგულებელყოფა და მასთან ურთიერთობის არქონა.

მწვალებლები კი ათეისტები არიან, რადგან მათ არ სწამთ ღმრთისა ისე, როგორც ის წინასწარმეტყველთ, მოციქულებსა და მამებს გამოეცხადა; ამიტომაც მათ სწამთ თავიანთი, არარსებული ღმრთისა. ასე, რომ წმ. გრიგოლ პალამას მთელი ბრძოლა სრულიად გამართლებულია" (5).

დღეს აუცილებელია ღრმა სინანულით შევიგნოთ და გავითვალისწინოთ, რომ ეკლესია სულ უფრო და უფრო ნაკლებად აღიქმება და განიცდება როგორც ქრისტეს მისტიკური სხეული, როგორც განსაკუთრებული, ახალი ცხოვრება, რომელიც, როგორც წმ. გრიგოლ პალამა ბრძანებდა, სულიწმიდის სუნთქვითა და მონაბერით არის გამსჭვალული. ჭეშმარიტების ალღო, ის ღვთაებრივი და სულიერი ნიჭი, რომლითაც ამოწმებდნენ და განსაზღვრავდნენ წმიდა მამაები საეკლესიო დადგენილებებს მსოფლიო კრებათა ეპოქაში, დაიკარგა, ის უკვე აღარ არის ხელმძღვანელი პრინციპი ეკლესიაში (6).

მოჭარბებული ნდობა საკუთარი მსჯელობისა და გონიერებისადმი და მის საფუძველზე აღმოცენებული "სამეცნიერო არგუმენტაციისადმი", რომელიც ამავე "მეცნიერული თვალსაზრისით" ეჭვ ქვეშ აყენებს სახარებისეულ მოვლენათა ფაქტებს, იმთავითვე ცდომილი მეთოდოლოგიაა, რადგან ამგვარ მეთოდს საფუძვლად პერსონალური, წინასწარ აკვიატებული აზრი უდევს. ამას კი, თავის მხრივ, მივყავართ სერიოზულ კატასტროფამდე - მართლმადიდებლური აზროვნებისა და შეგნების დაკარგვამდე.  

საეკლესიო გადმოცემა და ტრადიცია, რომელიც არის არა მიწიერი, კაცობრივი, არამედ ზეგარდმო, ღმრთისგან ბოძებული მოვლენა და გამოცხადება, ანტიეკლესიური მიმდინარეობისა და აზროვნების მიერ ცინიზმითა და მედიდური ირონიით აღიქმება. ხოლო საეკლესიო ტრადიციის დაცვა რაღაც "უხერხულ", "მიუღებელ", "არაინტელექტუალურ" მოქმედებად მიიჩნევა. ამასთან მივიწყებულია ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი და ფუნდამენტალური საწყისი წმიდა მამებისეული ანთროპოლოგიისა - მსჯელობა (λόγος) და ცნობიერება (διάνια) ყოველთვის აღიქმება და განიხილება, როგორც უფრო დაბალი ნაწილი ადამიანის შემადგენელი ბუნებისა, ვიდრე სული, გული და გონება. სულის მიერ ხდება ზეგარდმო გამოცხადება მიღება და ამის შემდეგ ადამიანის გონების განათლება, რის შემდეგაც, ცნობიერება, რომელიც გამოცხადების ჭშმარიტებას ექვემდებარება, და არა საკუთარი დაცემული და ცოდვილი ცნობიერების ლოგიკას, სწორ და მართებულ მუშაობას შეუდგება (7).



დასავლეთში, 25 დეკემბერს ქრისტეს შობის ზეიმობის დამადასტურებელი

ისტორიულ-დოკუმენტალური მოწმობები

მაშ ასე, გადავიდეთ ქრისტეს შობის დღესასწაულობის ჩასახვის ე. წ. "მეცნიერული" თვალსაზრისის მოკლე მიმოხილვასა და შეფასებაზე. ამ თვალსაზრისის თანახმად, IV საუკუნემდე ძველ ეკლესიას ეს დღესასწაული არ სცოდნია (8). ქრისტეს შობა (Nativitati Domini, Η Γέννησης του Χριστού), როგორც დამოუკიდებელი დღესასწაული პირველად რომის ეკლესიაში, IV საუკუნის პირველ ნახევარში ჩნდება. ის შემოაქვს რომის პაპ იულიუს I-ს. მის დროს ქრისტეს შობას უკვე აღარ დღესასწაულობენ 6 იანვარს და 25 დეკემბერზე გადააქვთ. ჩვეულებისამებრ, ზოგიერთი ისტორიკორი 336 წლის 25 დეკემბერს უთითებს ან კიდევ ფიქრობენ, რომ ეს ცოტა უფრო ადრე, წმიდა იმპერატორ კონსტანტინეს დროს მოხდა (9).  


მაგრამ ამ აზრს არ გააჩნია ისტორიული დასაბუთება. ერთადერთი ხელმოსაჭიდი მომენტი ამგვარი დასკვნისთვის გახლავთ წმ. კირილე იერუსალიმელის მიმოწერა წმ. იულიუს I-თან. მიუხედავად ამისა, ეს წყარო შეუძლებელია იყოს და არც არის მტკიცებულება იმისა, რომ ქრისტეს შობის დღესასწაულობა რომში,  განცალკევებულად და 25 დეკემბერს, მხოლოდ 336 წლიდან აღინიშნებოდა. მეტიც, წმ. რომის პაპი იულიუსი, თავის სახელგანთქმულ ეპისტოლეში ანტიოქიელთა მიმართ, თავს წარმოაჩენს როგორც საეკლესიო ტრადიციისა და კრებათა დადგენილებების ბეჯითი მიმდევარი. ამიტომაც, დაშვება იმისა, თითქოსდა ქრისტეს შობის დღესასწაული მის დროს დაწესდა, სხვა არაფერია, თუ არა რომის ეკლესიის ძველი ტრადიციების დარღვევა, რომლებსაც რომის ეპისკოპოსები სასტიკად გაურბოდნენ. არსებობს ამის დამამტკიცებელი მოწმობებიც - მაგალითად, საკუთარი პასქალიის პრინციპული დაცვა და ალექსანდრიულის ასეთივე პრინციპულობით უარყოფა.

ქრისტეს შობის დღესასწაულის გვიანდელი დაწესების სასარგებლოდ კრიტიკულ ლიტერატურას მოჰყავს არგუმენტი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა 25 დეკემბერს ამ დღესასწაულის დაწესება დაკავშირებული იყო მცდელობასთან წინააღმდეგობა გაეწიათ სატურნალიებისა და მიტრას საპატივცემოდ გამართული წარმართული დღესასწაულებისთვის, რომლებიც რომის იმპერიის დედაქალაქში იმართებოდა (11). კერძოდ, პროფესორი მ. სკაბალანოვიჩი წერს: "იმისთვის, რათა ქრისტეანები ჩამოეშორებინათ წარმართული დღესასწაულისთვის (ანუ "ღმერთ" სატურნის ზემობისთვის - რედ.), ამბობენ, რომ რომში 6 იანვრიდან 25 დეკემბერში გადაიტანეს ქრისტეს შობის ხსენების დღე" (12).   

ძირითადად, ხელოვნურად შექმნილი მთელი "მეცნიერული" თეორია, რომლის მიხედვითაც თითქოსდა სატურნალიას ან "მიტრას დაბადების" დღეს ქრისტეს შობის დღესასწაული სპეციალურად ჩაანაცვლეს, მოტანილი არგუმენტების დეტალური შესწავლის შემდეგ აჩვენებს, რომ სერიოზულ საფუძვლებს მოკლებულია. ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებათა და ქრისტეს, როგორც "სიმართლის მზის" სახელწოდების შეტოლება მზის წარმართულ ღვთაებასთან, უბრალოდ სასაცილოა და მიამიტური. რამეთუ ქრისტე, არა როგორც ზეციური მნათობი, არამედ როგორც სულიერი მზე მოგვფენს ჭეშმარიტ შემეცნებასა და განათლებას; მას დემონთა მსახურების უკუნი სიბნელიდან ნათელში გამოჰყავს ადამიანები, მაშინ როდესაც მზის ღმერთი, თავისი რელიგიური ორგიებითა და კულტებით, პირიქით, ცოდვაში აგდებდა თავის მიმდევართ, რყვნიდა და უკუნ სიბნელეში ჰყრიდა. არ არის შემთხვევითი, რომ სატურნალიებმა ძველად "ორგიის" მეტად მრავლისმეტყველი სახელწოდება მიიღეს (13).     

რაც შეეხება პროფ. მ. სკაბალანოვიჩის არგუმენტს დასავლეთში 6 იანვარს ღმრთის განცხადების დღესასწაულობასთან დაკავშირებით, აუცილებელია აღინიშნოს, რომ რომის კალენდარზე დაყრდნობით, დასავლეთში, კერძოდ კი რომის ეკლესიაში, ღმრთის განცხადება საერთოდ არ აღინიშნებოდა. ღმრთის განცხადების დღესასწაული დასავლეთში პირველად ვენაში, 360 წელს აღასრულა იულიანემ (14). რაც შეეხება ქრისტეს შობის დღესასწაულს, ისეთ უეჭველ ისტორიულ ძეგლშიაც კი, როგორიცაა რომის კალენდარი Philocalian Calendar (P.L., XIII, 675), ქრისტეს შობის დღესასწაული 364 წლისთვის დაკავშირებულია 25 დეკემბერთან და "ბეთლემში ქრისტეს დაბადების დღედ" იწოდება (VIII kal. ian. natus Christus in Betleem Iudeæ) (15).  

ამავე წყაროში ხსენებას ქრისტეს შობის შესახებ ვპოულობთ იანვრის კალენდებამდე რვა დღით ადრე, ანუ ეს დღე ემთხვეოდა 25 დეკემბერს (16). გარდა ამისა, ნეტარი ავგუსტინეც გვაძლევს მოწმობას იმისა, რომ ღმრთის განცხადება აღმოსავლური წარმომავლობის დღესასწაული გახლდათ, რომელიც სამყაროსთვის ქრისტეს განცხადებისა და მისი პირველი სასწაულის აღსანიშნავად აღესრულებოდა (17). ასე, რომ პროფ. მ. სკაბალანოვიჩის მოცემული არგუმენტი კრიტიკას ვერ უძლებს. რაც შეეხება შობის დაწესებას სატურნალიების ნაცვლად, ამასთან დაკავშირებით ვპოულობთ ბრწყინვალე კონტრარგუმენტს პროფ. ჯემს რობერტსონთან, რომელიც წერს: "აზრი იმის შესახებ, თითქოსდა შობის დღესასწაული დაწესებული იყო იმისთვის, რათა ამ დროის წარმართულ ზეიმობას ჩანაცვლებოდა, უარიყოფა იმ ვითარებით, რომ ძველი ქრისტეანები, რომელთაგანაც მოდის ეს დღესასწაული (შობა - რედ.), წარმართთა ზეიმებს საკუთარ დღესასწაულებს კი არა მარხვებს უპირისპირებდნენ. ასე მაგალითად, დასავლეთში სამდღიანი მარხვა წლის დასაწყისში დაწესებული იყო სატურნალიების საპირისპიროდ" (18).   

ქრისტეს შობის დღესასწაულობის გვიანდელი წარმომავლობის უარსაყოფად ჩვენ გაგვაჩნია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოწმობა ორი ჰომილიის სახით, რომელიც სწორედ ქრისტეს შობის დღესასწაულზეა წარმოთქმული წმ. გრიგოლ საკვირველთმოქმედის მიერ (19). ამ ჰომილიათა წმ. გრიგოლისადმი კუთვნილება ეჭვმიუტანლად ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში დადასტურდა. წმ. გრიგოლი თავის ჰომილიებში ქრისტეს შობის დღესასწაულს "უდიდეს დღესა" და "სასიხარულო დღეს" უწოდებს. ის, რომ ქრისტეს შობა ნეოკესარიაში უკვე III საუკუნეში აღესრულებოდა, მოწმობს არა მარტო ჰომილიების სახელწოდება, რამედ მისი შინაარსიც, რომელშიც მკაცრად არის გადმოცემული უფლის ქალწულისგან შობის ისტორია. "დღეს, ჩვენს საცხოვნებლად, ქალწულისგან იშვება ქრისტე, მაგრამ არა თავისი ბუნებით (ანუ ღვთაებრიობით - რედ.). საუკუნეთა უწინარესი და გამოუთქმელი შობა, ოდენ შობილმა უწყის,  ხოლო ამჟამინდელი შობა, რომელიც არა ბუნებითად არის (იგულისხმება ღვთაებრივი ბუნება - რედ.) მხოლოდ სულიწმიდის მადლმა უწყის; პირველი შობა - ჭეშმარიტია, ხოლო უკანასკნელი - მდაბალი და დაკნინებული - მტკიცე და სარწმუნო. ღმერთი იშვა ღმრთისგან; და იმავე ღმერთმა ქალწულისგან მიიღო კაცობრივი ხორცი" (20).  

ქრისტეს შობას საკუთარ სიტყვებს დასავლეთის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მამა და ღვთისმეტყველი, რომის წმიდა პაპი, ლეონ დიდიც უძღვნის. წმ. ლეონი ცნობილია სწორედ როგორც განკაცების, ღმრთის სიტყვის განხორციელების ღვთისმეტყველი და ამით მანიქეველებისა და მონოფიზიტების მკაცრი მამხილებელი (21). ხოლო წმ. ფლაბიანე კონსტანტინოპოლელისადმი მიწერილი მისი ეპისტოლე მთელი ეკლესიის ცნობიერებაში წმ. ლეონის დიდი ტომოსის სახით შევიდა. ეს ტომოსი შესულია ასევე ქალკედონის IV მსოფლიო კრების განსაზღვრებებში, სადაც უფალ იესუ ქრისტეს განკაცების საიდუმლოს განმარტება დეტალურად არის მოცემული. თავის საშობაო ჰომილიებში წმ. ლეონი ქრისტეს დაბადებას ასე ამკობს: "ეს არის დღე არჩეული კაცობრივი ბუნების აღსადგენად" (die que in sacramentum humanae restituciones electus est)22, «днём нашего искупления (die redeptionis novae)... რომელიც, ... ყოველწლიური წრებრუნვის წყალობით კვლავ და კვლავ გვიბრუნდება" (23).  

რომაელი მღვდელმთავარი ლეონი, ისევე როგორც მისი წინამორბედები, არსად მსჯელობენ ქრისტეს შობის დღესასწაულის დაწესების ისტორიაზე, მათთვის ეს დღესასწაული რეალური მოვლენის განცდაა, რომელიც "იმპერატორ ავგუსტუსის აღწერის დროს მოხდა". მათთვის მთავარია მსმენელ სამწყსოს გაუხსნან "საყოველთაო რწმენა" (catholica fides) და "ცხონების საიდუმლო" (souae sacramentis gaudaet) (24). ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ ეკლესიის ისეთი ცნობილი ისტორიკოსი, როგორიცაა ჯემს რობერტსონი, განყოფილებაში "ეკლესიის წეს-ჩვეულებების შესახებ იმპერატორ კონსტანტინეს დრომდე", წერს: "მაცხოვრის შობა, როგორც ჩანს რომში 25 დეკემბერს აღინიშნებოდა; ხოლო აღმოსავლეთის ეკლესია იანვრის მეექვსე დღეს ღმრთის განცხადებას ზეიმობდა..." (25).  თუმცა, როდესაც ამგვარ დასკვნას აკეთებს, ისტორიულ-დოკუმენტური ხასიათის არავითარ მითითებას არ გვაძლევს. სავარაუდოდ ეს გამოწვეულია მოგვიანებით, დასავლეთში ამ დღესასწაულისადმი დამოკიდებულების ცნობილი, ისტორიული კონტექსტის გამო, რომელიც მაინც ერთ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც კარგად ასახა თავის ჰომილიაში წმ. იოანე ოქროპირმა: "ისმინე და ნუ დაეჭვდები, რადგან ჩვენ ეს დღე მათგან გადმოგვეცა, ვინც ამ ქალაქში (ანუ რომში - ავტ.) ცხოვრობდნენ და ოდითგანვე ზეიმობდნენ მას ძველი გადმოცემის თანხმიერად" (26).

პრინციპში, რომისგან აღმოსავლეთისთვის ქრისტეს შობის ზეიმობის ტრადიციის ეს "გადაცემა" უფრო ადრე ვერ მოხდებოდა რამოდენიმე მიზეზის გამო, რომელთაგან ერთ-ერთად აღმოსავლეთში გამუდმებული არიანული არეულობები უნდა დასახელდეს. უეჭველად, მთელი ეკლესიის მიერ ქრისტეს შობის საკითხი შეიძლებოდა I მსოფლიო კრებაზეც დამდგარიყო, მაგრამ, როგორც ცნობილია, მისი ძირითადი მიზანი არიოზის სწავლების გარკვევაში და მსოფლიო კრების მისდამი დამოკიდებულების გამომუშავებაში მდგომარეობდა. გარდა ამისა პასექის (ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის) ზეიმობის საკითხი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ქრისტეს შობის ზეიმობისა, რადგან პასექი ეკლესიის მთელი ლიტურგიკული ცხოვრების ცენტრია, და მის გარშემო ოდითგანვე მიმდინარეობდა კამათი და დაპირისპირება.

წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებში ყურადღება უნდა მივაპყროთ იმასაც, რომ აღმოსავლეთში ეკლესიამ ამ დღესასწაულის დაწესება ერთსულოვნად მიიღო. ის წერს: "ყოველთვის მწყუროდა ამ დღის ხილვა, და არა მარტო ხილვა, არამედ მთელს მორწმუნე ერთან ერთად მისი ზეიმობა, ამიტომაც, განუწყვეტლივ ვლოცულობდი, რათა ჩვენი კრებული ისეთი სრული ყოფილიყო, როგორიც ახლაა. ამრიგად, ეს ნანატრიც აღგვისრულდა. მართალია, ჯერ ათი წელიც არ გასულა, რაც ეს დღე ცნობილი და ახლობელი გახდა ჩვენთვის, მაგრამ უკვე ძლიერ გაითქვა სახელი თქვენი მონდომებისდა წყალობით თითქოსდა ოდითგანვე და მრავალი წლის წინ გადმოგვცემოდა. ამიტომაც, არ შეცდება ის, ვინც მას ერთსა და იმავე დროს, ძველსა და ახალ დღესასწაულს უწოდებს, - ახალია ის იმიტომ, რომ სულ ახლახან შევიტყვეთ მის შესახებ, ხოლო ძველია, რადგან ძველებს უტოლდება ასაკით და წლიდან წლამდე მათთან ერთად იზრდებოდა" (27)  

მოგვიანებით ჩვენ განვიხილავთ იულიანური კალენდრით 25 დეკემბერს ქრისტეს შობის ზეიმობის დამადასტურებელ იმ სხვა არგუმენტებსაც, რომლითაც იმ დროს ცხოვრობდა მთელი ეკლესია.


წყარო: Православный Апологет.




წყაროები და კომენტარები:


1. Epistola julii ad antiochenos

2. შესანიშნავი ისტორიულ-აგიოგრაფიული გამოკვლევა მიუძღვნა ლუკა მახარებლის ცნობას ქრისტეს დაბადების დროის შესახებ "სირიაში კვირინუსის გამგებლობისას" ნ. ნ. ოპარინმა (Судьи, приговорившие себя. Археология Нового Завета, часть IV, гл. 6. Император, исполнивший библейское пророчество). არცთუ ურიგო გამოკვლევა წარმოადგინა ერნს რაიტმაც (Библеская археология., ггл 9 Палестина во времена Христа). თავში "არქეოლოგია და სახარება", ის წერს: "ჩვენ გაგვაჩნია გარკევული ინფორმაცია სულპიციუს კვირინიუსის შესახებ. ის იყო რომაელი სენატორი, რომელიც ქრისტეს შობამდე 10-7 წლებში, მცირე აზიაში ამბოხის ჩასახშობად გაიგზავნა. ის რომაელი მმართველი გახდა 6-9 წლებში ქრისტეს შობიდან, ანუ აღწერის ჩატარების დროს, რომელმაც გალილეაში ებრაელთა აჯანყება გამოიწვია. როგორც ჩანს, ეს აღწერა უკვე იესუს დაბადების შემდეგ ტარდებოდა, რადგან ცნობილია, რომ ის ჰეროდე დიდის სიკვდილამდე დაიბადა (ლკ. 1:5; მათე 2:1). 4-ე წელს ქრ. შობამდე კვირინიუსი შესაძლოა ყოფილიყო მმართველი და ქრისტეს შობამდე 3-2 წლებშიც. მაგრამ ეს სავარაუდო პერიოდიც ჰეროდეს გარდაცვალების შემდგომ პერიოდს ემთხვევა. მოცემული ქრონოლოგიური პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.

იესუს ამქვეყნიური მსახურების წლები ტიბერიუსის მმართველობის პერიოდს ემთხვევა (14-37 წწ.), როდესაც პონტიუს პილატე იუდეის მმართველი გახლდათ (26-36 წწ.), ჰეროდე ანტიპა - გალილეისა და ტრანსიორდანიის ნაწილის ტეტრაქი (4 წ. ქრ. შ.-მდე - 34 წ. ქრ. შობის შემდეგ). ეს ცნობები მოტანილია ლუკას სახარებაში (3:1)".

3. იხ. დანართი V. ვ. ვ. ბოლოტოვის მოხსენება (Доклад В. В. Болотова / на заседании 31 мая 1899г.//Журналы заседаний Комиссии по по проведению календарной реформы в России при Русском Астрономическом обществе, с. 15).

4. ჯერ კიდევ 385 წ. Silvia ad Bordeaux-ის ( Etheria, ეთერია) მოგონებებში დაცულია ბეთლემში აღსრულებული "შობის" ზეიმობა. ეს იყო "ღამისეული მსვლელობა ეპისკოპოსისა" ბეთლემშში და მისი უკან დაბრუნება იერუსალემში ლიტურგიის აღსასრულებლად (CATHOLIC ENCYCLOPEDIA. Christmas).

5. Metropolitan Hierotheos of Nafpaktos. St. Gregory Palamas as a hagiorit, ch/ 12 Empirical theology, a) Truth and Church. «The truth is given by revelation, to the Prophets, Apostles and Fathers. Thus there is identity of experiences in both the Old and the New Testaments. And of course the Revelation is not comparable to the philosophy and conjecture of the philosophers. We must accept this truth of the Church. Right belief is that one does not doubt the teaching of the Godbearing Fathers.

By their conjectures the heretics alter the words of revelation and as a result they poison the Christians. Anyone who apostatises and breaks off his link with Christ is really faithless and godless. Furthermore, atheism is ignorance of God, and non-communion with Him. The heretics are atheists because they do not believe in God as He has been revealed to the Prophets, Apostles and Fathers, and so they believe in a non-existent God. Thus all the struggles of St. Gregory are justified».

6. ამ პრინციპის შესახებ იხ. პროფ. პროტოპრესტვიტერის იოანე რომანიდისის:  Fr. John Romanides Orthodoxy as the Official Religion of the Roman State http://2.bp.blogspot.com/-kFzn-dXNqZk/TutzCvH-6DI/, ასევე მიტრ. იეროთეოს ვლახოსის შესანიშნავი ნაშრომი: Metropolitan Hierotheos of Nafpaktos. The mind of the Church. კერძოდ ის წერს: "The Church is not a human organisation, but a Divine-Human Organism. It is not a human corporation, but the Divine-human Body of Christ. The source of the Church is this God Himself. It is not men's invention, it is not a fruit and result of men's social need, but it is the sole place of man's salvation....In the Church all the problems are solved. We are not speaking of an abstract Christianity which we link with an ideology, but of a Church which is a communion of God and man, of angels and men, of earthly and heavenly, of man and world. The Church is "a meeting of heaven and earth". Peace, justice, etc. , are not simply some social conventions, but gifts which are given in the Church".

7. წმ. გრიგოლ პალამა. წმ. ისიხასტების შესახებ, წიგნი 2.

8. Philip Schaff. History of the Christian Church, Volume II: Apostolic Christianity A.D. 100-325, σελ. 141. არ არსებობს აშკარა ნაკვალევი ქრისტეს შობის ზეიმობისა 4-ე საუკუნემდე, ერთის მხრივ ალბათ იმიტომ, რომ ღმრთის განცხადების ზეიმობა ორივე დღესასწაულს შეიცავდა, მეორეს მხრივ იმიტომ, რომ ქრისტეს შობა, რომლის დაბადების დღე არსებითად უცნობია, ქრისტეანთა გონებაში მივიწყებულ იქნა მისი სიკვდილისა და აღდგომისგან განსხვავებით. მას დასავლური (რომი) წარმომავლობა გააჩნია, და აღმოსავლეთში მოგვიანებით, კერძოდ, 4-ე საუკუნის შუაწლებში შემოვიდა, რამეთუ იოანე ოქროპირი თავის ჰომილიაში, რომელიც მან სავარაუდოდ 386 წლის 25 დეკემბერს წარმოთქვა, მსჯელობს შობის ცალკე დღესასწაულობაზე, რომელიც ანტიოქიაში დიდი ხანი არ იყო რაც დამკვიდრდა.

9. Oscar Cullmann, Cahiers Théologiques de l’Actualite Protestante, «Noël dans l’Église Ancienne», Αρ. 25, σελ. 9,

10. PL. VIII, 964 sqq. ამ წერილში წმ. კირილე პაპ იულიუსს სთხოვს: "მითითებული დოკუმენტებიდან, რომელიც იმპერატორმა ტიტუსმა რომში წაიღო, ნაპოვნი იქნას ქრისტეს შობის ზუსტი თარიღი. Catholic Encyclopedia, Chrismas, Jeruslem. P.S. ჩვენ ვერ ვიპოვეთ ეს მიმოწერა, რადგან ვატიკანის დოკუკმენტებში პატროლოგიის მოცემული ტომი ამ მიმოწერას არ შეიცავს. В Iulius I - Monumenta Genuina - MLT – MGR. Migne - Patrologia Latina - Volumen 008: Col 0873 — 0926A, ანუ 964 col. არ არსებობს.

11. იხ. М. Скабалланович. Рождество Христово.Киев. 1916, с. 179

12. იქვე. გვ. 181. ერთხმად, თითქოსდა ერთი მეორის მიყოლებით იმეორებენო, რითაც შექმნეს ქრისტეს შობის 25 დეკემბერს დაფუძნების მიზეზის იდელოგია, ყოველგვარი კრიტიკული ანალიზის გარეშე ამის შესახებ წერენ ისეთი ავტორები, როგორებიც არიან: Philip Schaff, History of the Christian Church, Volume I: Apostolic Christianity A.D. 1-100, σελ. 80, 294• Volume III: Nicene and Post-Nicene Christianity. A.D. 311-600, pp. 232, 233: The Origins of Christmas, Joseph F. Kelly, 2004, σελ. 68-70: "Feast of Saturnalia:Encyclopedia of Religion and Ethics, James Hastings, 2003, Kessinger Publishing, Μέρος 6, σελ. 609: "სატურნალიები რომში წარმოადგენდნენ უმრავლესობისთვის სასიხარულო შობის წინასახეს".

13. Σατουρνάλια Από τη Βικιπαίδεια, την ελεύθερη εγκυκλοπαίδεια. http://el.wikipedia.org/wiki/Σατουρνάλια. "In 3rd-century AD sources and later, Saturn is recorded as receiving dead gladiators as offerings (munera) during or near the Saturnalia. [71] These gladiatorial events, ten days in all throughout December, were presented by the quaestors and sponsored with funds from the treasury of Saturn. [72] The practice of gladiatorial munera was criticized by Christian apologists as a form of human sacrifice.[73] Although there is no evidence of this practice during the Republic, the offering of gladiators led to later theorizing that the primeval Saturn had demanded human victims. Macrobius says that Dis Pater was placated with human heads and Saturn with sacrificial victims consisting of men (virorum victimis). [74] The figurines that were exchanged as gifts (sigillaria) may have represented token substitutes.  [75]" http://en.wikipedia.org/wiki/Saturnalia "ჩვენი ერის მესამე საუკუნის და გვიანდელი წყაროები, სატურნს აიგივებდნენ მასთან, ვისთვისაც სატურნალიების დროს ან მასთან მიახლოებულ დღეებში მსხვერპლად (munera) მკვდარი გლადიატორები უნდა შეეწირათ. გლადიატორთა ეს შებრძოლებები ათი დღე მიმდინარეობდა, ან კიდევ მთელი დეკემბრის თვის განმავლობაში. ბრძოლებს წარმოადგენდნენ კვესტორები და მათ სატურნის საგანძურიდან აფინანსებდნენ. გლადიატორ-მსხვერპლთა (munera) პრაქტიკა მძაფრ კრიტიკას განიცდიდა ქრისტეან აპოლოგეტთა მხრიდან, რადგან ეს იყო ადამიანთა მსხვერპლშეწირვის ფორმა. თუმცა, რესპუბლიკის არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში ამ პრაქტიკის არსებობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ხოლო გლადიატორთა მსხვერპლად შეწირვა გვიანდელ თეორეტიზირებას დაექვემდებარა, რადგან სატურნი, პირველი მითოლოგიის მიხედვით, ადამიანთა მსხვერპლშეწირვას ითხოვდა. მაკრობიუსი ამბობს, რომ მამა ზევსს ადამიანთა თავებით აშოშმინებდნენ, ხოლო სატურნი მსხვერპლად ცხოველებს ითხოვდა, რომლებიც მამრებისგან შედგებოდნენ (virorum victimis). ადამიანის ფიგურები, რომლებიც საჩუქრების (sigillaria) სახით შეიწირებოდა, სავარაუდოდ, მსხვერპლის სანაცვლოდ მიჰქონდათ".

14. Джемс Робертсон., с. 231

15. М. Скабалланович. Указ. Сочин., с. 179 Encyclopedia Catholica, Christmas, Rome

16. Encyclopedia Catholica, Christmas, Rome «The significant entry is "Chr. Cæsare et Paulo sat. XIII. hoc. cons. Dns. ihs. XPC natus est VIII Kal. ian. d. ven. luna XV," i.e. during the consulship of (Augustus) Cæsar and Paulus Our Lord Jesus Christ was born on the eighth before the calends of January (25 December), a Friday, the fourteenth day of the moon. ». იხ. ასევე Calendarium Anticuam Furii Dionysii Filocali ANNO CCCCLIV Polemei Silvi ANNO CCCCIII CONSCRIPTUM, სადაც ქრისტეს შობის დღესასწაული და უფლის განცხადება ცალ-ცალკეა მითითებული, შესაბამისად 25 დეკემბერს სატურნალიების შემდეგ (DECEMBER bj VIII. N. Invicti CMXXX. VIII. Natalis Domini corporalis. Solstitium et intium hiberni) ქრისტეს ხორციელი შობა. და ყველაზე უშუალო დღეები მზის ნაბუნიაობისა. p. 688; და იანვრის თვის 6-ე დღისა (Mensia Januarius ff VIII. Idus. Epiphania, quo die, interposltis temperibus, stella magis Dominum natum nuntiabat, et aqua vinum facta, vel in amne Jordanis Salvator baptizatus. Auster interdum Favonius), ღმრთის განცხადების დღე, როდესაც მოგვებს მიეგზავნათ ვარსკვლავი, რომელმაც აუწყა მათ, რომ უფალი იშვა; წყალი ღვინოდ გარდაიქცა, ანუ იორდანეში უფალი მოინათლა (სამხრეთ-დასავლეთი ქარი დროდადრო). p. 676.

17. Aug. Serm. SCII, 1

18. Джемс Робертсон., с. 331

19. ეს ჰომილიები ჟაკ მინის ბერძნულ პატროლოგიაში (Migne PG, t.)  არ მოიპოვება, ხოლო თხზულებათა მეორე ნაწილში შეტანილი ორი ჰომილია ხარებასთან დაკავშირებით დასავლელი პატროლოგები განაკუთვნებენ სადავო თხზულებათა კატეგორიას. მიზეზი რამოდენიმეა. მიუხედავად ამისა, პროფ. ნ. საგარდამ ბრწყინვალედ დაამტკიცა მათი აუთენტურობა.

20. Творения свт. Григория Чудотворца и свт. Мефодия. М. Паломник. 1996, Беседа на Рождество, VIII, с. 261

21. საკმაოდ კარგად არის ცნობილი მისი ტრაქტატები ევტიქისა და მანიქეველების წინააღმდეგ, რომლებიც შევიდა მისი თხზულებების კორპუსში, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი დღემდე არ არის თარგმნილი და არც საკმარისად არის გამოკვლეული.

22. In Nativitate Domini Sermo V, 1 PL. 55

23. In Nativitate Domini Sermo I. 1, PL 55

24. In Nativitate Domini Sermo V, 5. PL. 55

25. გვ. 156

26. Беседа в день Рождества Спасителя нашего, Твоерния, т.1, кн.1, с., 395

27. იქვე. გვ. 395