მრწამს უფალი იესუ ქრისტე –
მომავალი განსჯად ცხოველთა და მკუდართა
(მრწამსის მე-7 წევრი)
ვინ იტყვის ამგვარად? ყოველი ქრისტიანი. და თუ ყოველი ქრისტიანი, უეჭველია – მეც და თითოეული თქვენთაგანიც.
ძმანო და დანო, თქვენ გულითადად გწამთ, რომ მიწისაგან შობილთა მართალი მსაჯული, იესუ ქრისტე, მოვალს განსჯად ცოცხალთა და შესვენებულთა, და თითოეული ან მარადიული ნეტარებისთვის აღსდგება, ანდა საუკუნო განკითხვისთვის? მზადა ხართ შეხვდეთ ყოველთა მსაჯულს და ყოველი სიტყვისა და საქმისთვის პასუხი მისცეთ საშინელ სამსჯავროზე? გაქვთ კეთილი საქმეები? – მაგრამ რა საჭიროა შეკითხვა? ქრისტიანთა ცხოვრებიდან და საქმიანობიდან აშკარად ჩანს, რომ დაივიწყეს მართალი მსაჯული, განკითხვის დღე, საუკუნო სიცოცხლე და დღითი-დღე გამალებით მიექანებიან წარსაწყმედელისაკენ, რომლის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვთ. ისინი ჩქარობენ ნუგეში აქ, მიწაზევე ჰპოვონ, რათა მარადისობაში – ზეცაში დაკარგონ. ძვირფასი დროის ფლანგვა სიამოვნებებში საზრუნავად გაუხდიათ, ხოლო სულისათვის სასარგებლოდ რომ გამოიყენონ, (ამ სოფლიდან) განსვლისათვის რომ განამზადონ საქმენი თვისნი (იგავთა 24, 27) საამისოდ არავინ ზრუნავს.
საუკუნო სიხარულის მსურველი ნაკლებად ესწრაფვის მიწიერს, – იტყვის კონსტანტინოპოლის პატრიარქი გენადი, ხოლო ჩვენთან კი მიწიერი სიხარული თითქმის განუწყვეტელია. მრავალი ისე ცხოვრობს, თითქოს არასდროს მოკვდება და პასუხს არ მისცემს განვლილი გზისთვის. ხომ არ იმედოვნებენ, რომ სიკვდილის წინ შეინანებენ და სრულ შენდობას მიიღებენ? რა თქმა უნდა, ღმერთი არც მეთერთმეტე ჟამის მუშაკს, ანუ მთელი გულით მისკენ მიქცეულს უარყოფს. მაგრამ თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში გულით უმეტესწილად განშორებული იყავით ღვთისგან: ფიქრობთ, რომ ადვილია გულის ღვთისაკენ შემობრუნება? შეძლებთ ასე იოლად სიკვდილის წინ სინანულის გრძნობის გაღვიძებას? ჰოჲ, ძმანო! სწორედ მაშინ გაჯიუტდება გული თქვენდა წარსაწყმედელად. არაერთხელ გავმხდარვარ მოწმე, რაოდენ უმძიმთ მონანულთ და როგორ იბნევიან აღსასრულის წინ ისინი, ვინც გამოსწორებას არ ფიქრობდნენ და სიცოცხლეშივე არ სჩვეოდათ სინანული. არა, ძმანო! მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვისაა ჯილდო ქრისტიანული აღსასრული. ძალისაებრ თქვენისა სინანულით განვლეთ მთელი ცხოვრება: და თქვენ გექნებათ მშვიდი აღსასრული წრფელი სინანულით.
მაშ ასე, განემზადეთ სამსჯავროსათვის, საშინელი სამსჯავროსათვის, მართალი სამსჯავროსათვის, ერთადერთი და საბოლოო სამსჯავროსათვის, რომელსაც მოჰყვება ან მარადიული ნეტარება, ან დაუსრულებელი ტანჯვა. ნუ გიკვირთ, ასე გადაჭრით რომ ვამბობ: ჭეშმარიტება მეფურია: მას აქვს უფლება ამგვარად ილაპარაკოს. ამასთან ხამს ვილაპარაკო განკითხვისთვის მოსამზადებლად. როდესაც სულს უზრუნველობა-მცონარების გამო საუკუნო წარწყმედა ელოდება, მაშინ ზომებიც გადამჭრელი უნდა იყოს, სწორედ მაშინ, როგორც არასდროს, საჭიროა ჭეშმარიტების ღაღადება. როდესაც ხედავენ, რომ ადამიანს ცეცხლსა თუ წყალში აშკარა დაღუპვა მოელის, განა ამ შემთხვევაში გადაჭრით არ მოქმედებენ? ეს იმიტომ, რომ თუ ამგვარად არ მოიქცევიან, მაშინ ადამიანი დაიღუპება. ჩვენც სწორედ ასეთი მოქმედებითა და მომავალი სამსჯავროს შიშით უნდა გამოვიხსნიდეთ შთანმთქმელი ცეცხლისაგან: ვაი, რომ არც ჩვენ ვართ შორს მარადიული ცეცხლისაგან, ბევრს შესაძლოა, ერთი ნაბიჯი აშორებს მისგან. ძმაო! დაფიქრდი, შესაძლებელია ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან (ლუკა 12, 20): და ჯოჯოხეთში, სატანჯველში... ცეცხლსა მას შინა აღმოჩნდე. მაშ ასე, განემზადეთ სამსჯავროსათვის, განემზადეთ ამდღევანდელი დღიდანვე; ჰქმენით საქმენი კეთილნი ვიდრე დღე არს: თუ არა, მოვალს ღამე სიკვდილისა, ოდეს ვერვის ხელ-ეწიფოს საქმედ. მეტისმეტად ვემონებოდით ამაოებას. დროა, გამომცდელი თვალით შევხედოთ საცოდავ სულს. მიაშურეთ ეკლესიას; ოხრავდეთ თქვენთა ცოდვათათვის; ეკლესიასთან ერთად შიშით ელოდეთ დიდსა მას დღესა განკითხვისასა. ეკლესიას მუდამ ახსოვს სამსჯავრო: დილითაც და დღისითაც და ღამითაც; რიჟრაჟიდან მიმწუხრამდე მოაგონებს თავის შვილებს იმ დიდ დღეზე, რომელმაც კაცთა მოდგმის ბედი უნდა გადაწყვიტოს; მისი სულიერი შვილები კი წუთიერ თავბრუდამხვევ სიამოვნებებზე ფიქრს შეუპყრია, ფიქრს იმაზე, რაც რამოდენიმე წუთით სასიამოვნო თავბრუსხვევას მოჰგვრის, გულს გაუმხიარულებს, მიწიერ საქმეთა ბადეში გაჰხვევს. უფალი, ჭეშმარიტება, ცხოვრება (ანუ მაცხოვარი. – მთარგმ. შენიშვნა) ჰქუხს თავისი ხმით თავისსავე მომავალ, გარდაუვალ სამსჯავროზე, შეგვაგონებს, ვიღვიძებდეთ და ვილოცვიდეთ (მარკოზი 13, 33; ლუკა 21,36), რათა გადავურჩეთ გაკიცხულთა მწარე ხვედრს; მოციქულები გვარწმუნებენ, რომ მსაჯული წინაშე კართა დგას (იაკობი 5, 9)... ჩვენ კი, თითქოს, ამის გაგონებაც არ გვსურს. ზოგიერთები ფიქრობენ და ამბობენ: რისი საშინელი სამსჯავრო! უფალი მოწყალეა: შეგვიწყალებს; ჩვენ ხომ უფრო მეტად უძლურების გამო ვსცოდეთ და არა გაბოროტებით, არა გასასტიკებით... არ კი გაიაზრებენ, რომ მხოლოდ მოწყალეთ შეიწყალებენ (მათე 5, 7), რომ სასჯელი უწყალო არს მათთვის, რომელთა არა ჰყონ წყალობაჲ (იაკობი 2, 13). სადღა გაქვთ მოწყალების საქმეები, როცა აშკარაა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავთ?
ძმანო! ღმერთმა ნუ ქნას, თქვენც იქ აღმოჩნდეთ, სადაც მდიდარი, რომელიც განსცხრებოდა დღითი დღედ. თუკი იქ აღმოვჩნდებით: გვიან იქნება, წვეთი წყალი ვითხოვოთ ენის განსაგრილებლად, გვიან იქნება საკუთარ მოყვასს ვინმე გამოვუგზავნოთ, რათა ისინიც არ მოხვდნენ იქ (ლუკა 16, 19-31).
იღვიძებდით უკვე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისა მოვიდეს. (მათე 25, 13). ამინ.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა