წმინდა ეკლესიამ დიდმარხვის შუალედში მარხვის შესამსუბუქებლად უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის გამოსვენება დააწესა. ვინც ჭეშმარიტად მარხულობს, იგი უეჭველად უნდა განიცდიდეს ხორცთა წუხილს, მასთან სულის შეუპოვარ ბრძოლას და ამ ყველაფრის გარდა, – მანქანებას ეშმაკისას, რომელიც ჩვენს სულზე მოქმედებს გულისთქმათა გზით, რომელთაც დიდი სევდა მოაქვთ, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქრისტიანულ ცხოვრებაში არასრულყოფილნი და განუმტკიცებელნი არიან. სწორედ ამგვარნი მმარხველნი, დე, ანუგეშოს თაყვანისცემისათვის, გულითადი ჭვრეტისა და ამბორებისათვის, ამჟამად გამოსვენებულმა ცხოველსმყოფელმა ჯვარმა უფლისა, დე, აღამსუბუქოს ღვაწლი მათი; დე, ნუ მოაკლდებიან მისგან ნუგეშინისცემას არაჭეშმარიტად მმარხველიც და საერთოდ – უმარხველნიც; დე, ემთხვიოს მასზედ მაცხოვარს; დე, ჯვრიდან ასწავლოს ღვთიურმა ვნებულმა ქრისტიანის მნიშვნელოვანი მოვალეობა – მარხვა და ცოდვისმოყვარულ ხორცთა ჩვენთა მოკვდინება. იმდენად, რამდენადაც ჯვარი თავისთავად სიყვარულზე სასაუბროდ განგვაწყობს, ამჟამად ჩვენც ვიტყვით რასმე ჯვარზე განცხადებული ღვთის ჩვენდამი სიყვარულის დიდებულებაზე, რათა ქრისტიანთა გაციებულ გულებში ღვთისა და ქრისტიანის შესაფერისი ცხოვრებისადმი სიყვარული აღვანთოთ. მართლაცდა, შემოქმედი ღმერთის მიერ თავისი ქმნილებისადმი – ადამიანისადმი სიყვარულის რაგვარი უფსკრული გამოიხატა ჯვარზე. შემოქმედმან ცისა და ქვეყანისამან, – ყოველთა ხილულთა და არახილულთა, მან, რომელმან დაჰკიდნა ცასა ზედა მზე, მთოვარე და ურიცხვნი ვარსკვლავნი; მან, რომელმან განჰფინა ჰაერი საარსებოდ (განსასვენებელად) ყოველთა სულდგმულთა, რომელმან მიმოჰღვარა მდინარენი პირსა ყოვლისა ქვეყანისასა; ვინაც დაჰფარა მიწა ყოველი მწვანვილითა და კვლავაც განამრავლებს, აღმოაცენებს და ჰკვებავს ყოველსა ცოცხალსა ქმნილებასა, მხოლოდშობილმან ძემან ღვთისამან ნებითა თვისითა თავს-იდვა, განკაცებულიყო სიცოცხლიდან სიკვდილად ადამიანისა დაცემულისა ცხონებისათვის; იგი ყველაფერზედ უფრო მტანჯველ სიკვდილს დაითმენს მისთვის ჯვარზე, და თანაც სიკვდილს – ყველაზე უფრო საკიცხველს, რათა მისი ვნებები მართლმსაჯული ზეციური მამის მიერ შერაცხულიყო, ვითარცა საკუთარი ვნებები ყოველი დროისა და ადგილის კაცობრიობისა; რათა ამ გზით, მისდამი რწმენითა და სიყვარულით შესაკუთრებული კაცობრიობა დაიხსნას ჯოჯოხეთის წარმოუდგენელ სატანჯველთაგან და მეორე სიკვდილისაგან. ადამიანიც, ხედავს რა დაუბინდავი თვალითა გულისათა დიდებული, ყოვლადძლიერი ღმერთის უსაზღვრო სიყვარულს ცოდვილი ადამიანისადმი, შეუძლებელია ღვთის უკიდეგანო სიყვარულის შეგრძნებით არ ატირდეს; – და ისიც ღვრის სიყვარულისა და მადლიერების ცრემლებს, არმქონე სხვა რაიმე შესაწირისა, გარდა ცრემლებისა მისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ცრემლები ჩვენი სიყვარულისა. მაგრამ ღვთის ამგვარ სიყვარულს რით პასუხობს უმეტესობა? უგრძნობელობით, მზადყოფნით კვალაც ჯვარს აცვას თავის სულში ძე ღვთისა ყველა შესაძლო მანკიერებებით, თავისი ცოდვილი ხორცის გაძლიერებული მაამებლობით ისე, რომ მრავალმა ჩვენგანმა თითქოს დაივიწყა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს ჯვარზე გადატანილი ვნებები, უმეტესობა ცხოვრობს არა ზეცისათვის და არცა სულისათვის, არამედ მიწისა და საკუთარი სხეულისათვის, და ძალითი-ძალად, ეკლესიის განწესებისაებრ, თანხმდება, სხეულს რამდენიმე დღით უარი უთხრას ზედმეტი ჭამა-სმისაგან. მაშ, ჩვენ ყველა საშუალებით გავურბივართ ჩვენსავ ცხონებას; ევნო ჩვენთვის მაცხოვარი ჯვარზე, ჩვენ კი არც გვსურს ამ ვნებებზე რაიმე ვიცოდეთ; ჩვენი ხსნისათვის მცნებად მოგვცა, თითოეულმა ავიღოთ საკუთარი ჯვარი და თანაწარვყვეთ მას ზეციური დიდებისაკენ, ჩვენ კი ამის გაგონებაც არ გვსურს; მიგვითითა, როგორც წამალზე, თვისთა ხორცთა მოკვდინებაზე ვნებებითა და გულისთქმებითურთ, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვცდილობთ, ვნებები დავიკმაყოფილოთ, გულისთქმანი ავისრულოთ. და რა? დასასრულიც მსგავსივე იქნება. და შთავინთქმებით მარადიული ცეცხლით, და გეჰენიის ალში წვეთსაც არავინ მოგვცემს ენის გასაგრილებლად, იმის გამო რომ აქ გვქონდა მრავალგვარი გასაგრილებლები, ათასგვარი სიამოვნებანი ცოდვილი ხორცისთვის. ნუ იქნებინ, უფალო! ვიჩქაროთ ჯვრისაკენ, ვიდრეღა ჯვარცმული ჯერაც გვიწყაროებს თვისთა წყალობათა. ამინ.