„ნუ სცემ ადგილსა ბოროტსა უფლებად ჩემდა” „დამიცევ მე მზაკვრებათაგან
წინააღდგომისათა” (ძილისაგან აღდგომის ლოცვა). ჩქარობს, ჩქარობს ეშმა დაუჯერებლად
და გამუდმებით იპყრობს ადამიანებს, რათა საუკუნოდ წარწყმიდოს. ადამიანები კი
თვლემენ, უქმად არიან და სძინავთ თავიანთ ამქვეყნიურ ამაოებაში, თავიანთ
მიკერძოებაში ანგარებითი ხასიათისა, მუცლისა, სიძვისა, თამაშისა (თეატრი და
კარტი)*, მოდისა, სამწერლობო, სიზმრითი და ყოველგვარი სახისა, - იღუპებიან
ათასობით, როგორც ბუზები... იჩქარეთ, იჩქარეთ, ქრისტიანენო, იხსენით თქვენი სულები,
ვინემ დროა, ვიდრე ელის და სულგრძელებს უფალი, სანამ ჯერაც არ დახშულა სასუფევლის
კარი. მოვიდნენ სალოსნი მეტყველნი: „უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ! ხოლო მან მიუგო და
ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, არა გიცნი თქუენ” (მათე 25, 11-12). უფალი კი როგორ
ჩქარობს აცხოვნოს მართალნი, ყურადღებიანნი და შემართულნი; ყოველ ჟამს, ყოველ წუთს
ჩქარობს და ყოველგვარ შეწევნას წარმოჰგზავნის. „უფალმან მწყსოს მე და მე არაი
მაკლდეს. ადგილსა მწვანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასვენებელთასა
გამომზარდა მე. მოაქცია სული ჩემი და მოძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა
მისისათვის” (ფსალმუნი 22, 1-3).
ჰოი, იჩქარეთ მაშ, ცოდვილნო, ცხონებისაკენ!
მტერი არ თვლემს – დღედაღამ, სიზმრად თუ ცხადში ცოდვისაკენ გვიზიდავს და ჩვენს სულში სულისმკვლელ ვნებებს ასაზრდოებს. იფხიზლე, ადამიანო, ჯვარს აცუ ვნებები, განსაკუთრებით, გემოთმოყვარება და ყველა ხორციელი ცოდვა.
დღევანდელი ხილული წუთისოფელი მხოლოდ აჩრდილია მომავალი სულიერი, უკვდავი ზესთასოფლისა, მერმე დამდგომი ცოცხალთა ქვეყნისა. გონივრულია განა აჩრდილთან იყო შერთული და არა თვით ჭეშმარიტებასთან, არა მომავალ, ჭეშმაიტად ნამდვილ სოფელთან და საუკუნო დღესთან? „რამეთუ წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ” (1 კორინთელთა 7, 31); იცვლება წელიწადის დრონი, მიწყივ იცვლება ატმოსფერო; გვარი წარვალს და სხვა გვარი მოვალს; მეფე მეფეს ცვლის; წარმავალნი არიან როგორც დიდნი, ასევე, არაფრით გამორჩეული ადამიანები და ყოველი ტალანტი მათი; ყვავილივით დაჭნობადია ადამიანური სილამაზე და ჩირქად იქცევა; წარვალს სახე დღისა და ხატი ღამისა; უსასრულოდ მრავალფეროვანია იერი ყვავილთა და ყოველგვართა მცენარეულობათა – ბინდისფერია სოფელი და ყოველივე ხრწნადი. ერთი მხოლოდ ღმერთია უცვალებელი და გუშინ და დღეს ერთი და იგივე, ყოვლადსახიერი, ყოვლადწმიდა, ყოვლადბრძენი, ყოვლადშვენიერი, ყოვლადნეტარი, საუკუნო, ყოვლადძლიერი. და სული ადამიანური, მის ხატად შექმნილია, - თუკიღა მიემთხვია სიწმინდეს.
უფალო, დე ნუ დაუშვებ, საკუთარი თავი წარმოვიდგინო, როგორც თითქოსდა რომელიმე ადამიანზე უკეთესი, არამედ ვფიქრობდე ჩემს თავზე, როგორც ყველაზე უკანასკნელზე და რათა არავის განვიკითხავდე, ხოლო საკუთარ თავს კი - მკაცრად.
იცით თუ არა თქვენ, ვისაც გევალებათ იცოდეთ, რომ მთელი ამჟამინდელი რევოლუცია შედეგია, პირველ ყოვლისა, სარწმუნოებიდან განდგომისა, ჩვენი ღვთივსაყვარელი, წმინდა, სასიცოცხლო მართლმადიდებლობიდან, რომელსაც თავის თავში გააჩნია აუცილებელი ძალები ყველაფერი მოაწესრიგოს – როგორც ჩვენი შინაგანი, ისე გარეგანი სამყარო, პოლიტიკაც, ყოველგვარი საოჯახო, სამოქალაქო და ეკონომიური ცხოვრება.
საჭიროა ბრძოლა გადაუდებელი, განუწყვეტელი თითოეულ ვნებასთან, რომელიც არსებობს და ფესვგადგმულია ჩვენში. აბა მითხარ, რომელ ვნებას სძლიე შენში და რომელი მოაკვდინე? განა არ ცოცხლობენ ისინი აქამომდე შენში და განა არ მოგწყლავენ, ნუთუ ეს არ გაშფოთებს შენ? აღსდექ და სძლიე ყველა ვნებას, ამ აზრობრივ ამალეკს, შენში მყოფსა და შენთან შესისხლხორცებულს. „ანუ რაჲ შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაჲ ნაწილ-უც მორწმუნეს ურწმუნოჲსა თანა?” (2 კორინთელთა 6,15).
იაზროვნე, განსაჯე და გრძნობდე ამგვარად, ზეცაშია ცნობილი ყველა შენი აზრი, გრძნობა და განწყობა შენი სულისა: როდესაც შენ ზიხარ, წევხარ, დგახარ, მუშაობ, ლოცულობ, გალობ, კითხულობ, საუბრობ – ყველაფერი, სავსებით ყველაფერი ცნობილია და ამიტომაც იცხოვრე ფრთხილად, იფიქრე და შეიგრძენ ჯანსაღად, იცხოვრე სჳნიდისისა და მაცხოვრისა და ღვთის მცნებებით, გულწრფელი იყავი ადამიანებთან ურთიერთობაში, უბრალოდ, მზაკვრობის გარეშე, კეთილგანწყობით, სუფთად და წმინდად ევედრე ღმერთს და წმინდანებს, გულმოდგინედ, კეთილმოკრძალებით.
ნუ შეგშურდება ძუნწი და გულქვა მდიდრებისა, ღარიბ-ღატაკი ხალხის ხარჯზე რომ გამდიდრებულან უმართებულოდ. იღუპებიან ისინი ამაოებასა და თავიანთ შენაძენში და სავსებით განვარდნილან ღვთისაგან. „ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ” (2 პეტრე 3, 10). მაშ, ნუ შეჰნატრი ხორციელად განმდიდრებულთ, დამვიწყებელთ უკვდავი სულისა, არამედ ილოცე მათთვის, დაღუპულთათვის, სულით დაბნელებულთათვის და გულში ყოველთვის იყოლიე ღმერთი – მორწმუნე ადამიანის ჭეშმარიტი სიმდიდრე...
სევდა მიპყრობს მე იმ ადამიანების გამო, რომელნიც სავსებით არ კითხულობენ ღვთის სიტყვას, არამედ მხოლოდ გაზეთებსა და საერო ლიტერატურას ეცნობიან. ვაი მათ, ღვთის სიტყვისა და მათზე ღვთის ნების უცნობელობის გამო. სამსჯავროზე რა პასუხს მისცემენ ისინი ღმერთს?
ყოველ ადამიანში, ბრძენი რომც იყოს, ბევრი სისულელეცაა, ზოგჯერ სისულელე ამაზრზენი. ყოველ წუთს უფრთხილდი, ადამიანო, საკუთარ თავს, შენსავე სისულელეს: ეს უდიდესი სირეგვნე არის ცოდვა, მისგანაა ყოველგვარი წარწყმედა.
ნუ გაწყრები უსულო საგნებზე და ნუ აძაგებ მათ, როდესაც ისინი ისე არ აწყვია, როგორც საჭიროა, ან საქმეში გაბრკოლებენ. მიეჩვევი საგნებზე განაწყენებას, ადამიანებზეც განაწყენდები სრულიად უმიზეზოდ, სიყვარულიდანაც განვარდები, სიყვარული კი – მთელი სჯულის არსია. გიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავი თვისი.
როდესაც უფლის, ან ღვთისმშობლის, ან წმინდანების ხატის წინაშე ლოცულობ, დაეკითხე შენს თავს: გულწრფელადა და სიყვარულით თუ უმზერ წმინდა ხატებს, სარწმუნოებით? მთელი გულით თუ ლოცულობ, ყოველი შენი ზრახვა და სასოება თუა მათკენ მიმართული? გული შენი ხომ არ თვლემს? შენს აზრს ხომ არ მიერულა? გულის მთვლემარებას ხომ არ გამოთქვამენ შენი ბაგეები?
ჩვენი ცხოვრება განუწყვეტელი გამოცდაა ყოფით გარემოებათა გზით და ადამიანებთან შეჯახებით, - თუ რამდენად ვართ ჩვენ მიდრეკილნი სულითა და გულით სარწმუნოების, სასოებისა და ღვთისადმი სიყვარულისადმი, ჩვენი შემოქმედისა, და მოყვასისადმი სიყვარულისადმი; და რამდენად ვართ მიდრეკილნი ცოდვისადმი და სხვადასხვაგვარი ყოფითი ხორციელი ვნებებისადმი, ანუ ეშმას მორჩილებისადმი, რომელიც ხორციელი ვნებებისა და ამქვეყნიური ხიბლის მიერ მოქმედებს. ნეტარ-არს, რომელიც ღრმად ჩასწვდება ამ თავის დავალებას და მტკიცე ნაბიჯით შეუდგება ღვთისკენ მიმავალ გზას, დამმარცხებელი ხორციელი ცთუნებებისა და ამა სოფლისა, კვეთებული ამსოფლისადმი და თავადისა მისისადმი, განუწყვეტლივ რომ გვაცთუნებს ხორცთა გულისთქმით, გულისთქმით თვალთა და სიამაყით ამსოფლიურით. ღვთის წმინდა სათნომყოფელნი ამ ცხოვრებაში ჩვენთვის სამაგალითონი არიან.
რაჲ მიგცე შენ, უფალო, რამეთუ შენ მიწყალობე შობა და აღზრდა მართლმადიდებელ სარწმუნოებასა შინა და ეკლესიაში და ძვირფას, შეუფასებელ სამშობლოში, რომელშიაც უძველესი დროიდან დანერგულია მართლმადიდებელი ეკლესია! გმადლობ და გადიდებ შენ, როგორც კი ძალმიძს მადლითა შენითა.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა