ჩამოთვლის რა ფსალმუნთმთქმელი წინასწარმეტყველი შესაქმის სხვადასხვა საქმეებს და სჭვრეტს რა მათში ღვთის სიბრძნეს, აღფრთოვანებით მოცული შესძახებს: „ვითარ განსდიდნენ საქმენი შენნი, უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“. ჩემს სიტყვას კი ვინ იქმს ღირს-შესატყვისს საგნისა, ვკადნიერდები რა ძალისაებრ, ყოვლისშემქმნელი სიტყვის (ლოგოსის) ამ სოფლად ხორციელი მოსვლა შევაქო? რამეთუ თუკი ყოველივე საკვირველებითაა აღვსილი და ის რომ არარსებული მყოფობაში მოდის, წარმოადგენს ღვთიურსა და დიდებულ საქმეს, რამდენად უფრო უსაკვირველესია და უღვთიურესი და ჩვენგან შესხმის ღირსია ის, რაც ქმნილებათა რიგიდან ღმერთი იქმნა და არა უბრალოდ ღმერთი არამედ სწორედ იმად (იქმნა), რაც ჭეშმარიტად ღმერთს წარმოადგენს და ეს მაშინ, როდესაც ჩვენმა ბუნებამ ვერ შესძლო და არც ისურვა თავისი ღირსება შეენარჩუნებინა, რა ღირსებაშიაც ის იყო შექმნილი და რის გამოც სავსებით სამართლიანად იქნა დამდაბლებული დედამიწის უკანასკნელ ელემენტამდე? და იმდენად დიდებული და ღვთიურია, გამოუთქმელი და მიუწვდომელი, ის რომ ჩვენი ბუნება თანაზიარი შეიქმნა ღვთისა და ამ გზით უკეთეს მდგომარეობაში დაბრუნება მოგვენიჭა, რომ თვით ანგელოზთათვის და კაცთათვის, წინასწარმეტყველებისთვისაც კი, ვინც სულით სჭვრეტდნენ, ეს (განკაცება) დარჩა ჭეშმარიტად შეუცნობელად და საუკუნითგან დაფარულ საიდუმლოებად. და რას ვამბობ: მანამდის, ვიდრე აღსრულდებოდა? და მაშინაც, როცა ახდა, რჩება საიდუმლოდ: არა იმ აზრით ახდა თუ არა, არამედ იმ აზრით როგორ ახდა, აღესრულა; ჩვენ გვწამს, მაგრამ არ ვუწყით; თაყვანს-ვსცემთ, მაგრამ არ გამოვიკვლევთ; და თაყვანს-ვსცემთ და გვწამს მხოლოდ სული წმიდის მიერ. „ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან“ (1 კორ. 2.11) და სწორედ მისი საშუალებით ვსცემთ თაყვანს და მის მიერ ვლოცულობთ, ამბობს მოციქული.
ეს საიდუმლოება რომ მიუწვდომელია არა მარტო კაცთათვის, არამედ თვით ანგელოსთა და მთავარანგელოსთათვის, ცხადად გვიჩვენებს დღევანდელი დღესასწაულიც. რამეთუ, როდესაც მთავარანგელოსმა ახარა ქალწულს მუცლადღება და ეს ქალწული დაეკითხა თუ რა გზით მოხდებოდა ეს თქვა რა: „ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?“. ვერ შესძლო მთავარანგელოსმა მიმხვდარიყო თუ რა სახით მოხდებოდა მუცლად-ღება და ღმერთს მოუხმო: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ“. იგივე მოხდებოდა, ვინმეს მოსესთვის რომ ეკითხა: როგორ შეიქმნა ადამიანი მტვრისაგან მიწისა? როგორ შეიქმნა მტვრისგან ძვლები, ძარღვები და ხორცი; უგრძნობელისაგან როგორ წარმოიქმნა გრძნობები? აგრეთვე, ადამის ნეკნიდან როგორ შეიქმნა სხვა ადამიანი? ამ ძვლიდან როგორ წარმოიქმნა შინაგანი ორგანოები ან ძარღვებიდან და ფორებიდან სხვადასხვა ნოტიო გამონაყოფი ან ყველაფერი დანარჩენი? მაშ ასე, ვინმეს რომ ეკითხა მოსესთვის, ის იმაზე მეტს არ იტყოდა, რომ ყველაფერი ეს ღმერთმა მოიმოქმედა, ვინც აიღო მტვერი ქვეყნისაგან და შექმნა ადამი, და ადამის ერთ-ერთი ნეკნიდან შექმნა ევა; ასე რომ მან თქვა ვინ იყო შემოქმედი, მაგრამ რა გზით მოხდა ეს არ თქვა. ასევე გაბრიელმაც სული წმიდა და ძალი მაღლისა რომ აღასრულებს უთესლო შობას, თქვა, მაგრამ რა გზით არ თქვა, რამეთუ თუ ამის შემდეგ მან ელისაბედი ახსენა, რომ სიბერესა და სიბერწეში მუცლად-იღო, ამით მხოლოდ ის თქვა, რომ ღვთის წინაშე არცერთი სიტყვა არ დავარდება. მაინც რა შეეძლო გაემჟღავნებინა იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომლის ძალითაც ქალწულს მუცლად უნდა ეღო ან ეშვა? მართალია მთავარანგელოზის მიერ ქალწულისადმი თქმული, რაღაც ძალიან დიდს მოიცავს თავის თავში, მაგრამ, იმავდროს, მან უფრო გააღრმავა საიდუმლოება. რამეთუ იგი ამბობს: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ“. რა მიზნით? იმად, რომ ის, ვინც უნდა იშვას არაა წინასწარმეტყველი, და არც უბრალოდ ადამიანი, როგორც ადამი, არამედ „შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის“ და მაცხოვარი და მხსნელი კაცთა მოდგმისა მეუფე საუკუნო. რამეთუ, როგორც მთის მწვერვალებიდან დაგორებული ქვა-ღორღი საბოლოოდ ციცაბო კლდეებისა და უფსკრულების საკბილო ხდება, ასევე ჩვენც სამოთხესა და მის ნეტარ ცხოვრებაში, მოცემული მცნებებიდან განვარდნილნი, მრავალი უბედურებისაგან ვიქმენით მონადირებული. რამეთუ, როგორც წყევის შედეგი, არა მარტო მიწამ აღმოუცენა ჩვენს მამამთავარს უსულო ეკალი და კუროს თავი, არამედ ბევრად უფრო უარესი ვიწვნიეთ ჩვენ, მრავალგვარი ეკალი ბოროტი ვნებებისა და საძაგელნი კუროს თავნი ცოდვისა. და ჩვენმა მოდგმამ მხოლოდ ის სევდა როდი მიიღო ხვედრად, რაც როგორც წყევის შედეგი ჩვენს პირველ დედას ხვდა წილად, არამედ, შეიძლება ითქვას, მთელი ჩვენი ცხოვრება იქცა ერთიან სევდად და ტანჯვად. მაგრამ მას მერე, რაც ჩვენმა შემქმნელმა კაცთმოყვარე ღმერთმა, თავისი მოწყალებით მოსდრიკნა ცანი, ქალწულისაგან შეისხა ჩვენეული, ადამიანური ბუნება, მან განაახლა იგი და დაუბრუნა, უფრო მეტიც აიყვანა ღვთიურსა და ზეციურ სიმაღლეზე. ფიქრობდა რა აღესრულებინა, უკეთ რომ ვთქვათ დღეს სისრულეში მოეყვანა საუკუნო განზრახვა, როგორც მახარებელი ლუკა ამბობს, მან წარმოჰგზავნა მთავარანგელოსი გაბრიელი: „ქალაქად გალილეასა, რომლისა სახელი ნაზარეთ, ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ“.
მაშ, ღმერთი ქალწულთან წარმოჰგზავნის მთავარანგელოზს, რომელსაც უნარჩუნებს რა ქალწულებას, ერთი მხოლოდ ხარების ძალით ხდის თავის დედად; იმიტომ რომ თუკი იგი მუცლად-იღებს თესლისაგან, შობილიც უკვე აღარ იქნებოდა ახალი ადამიანი, არც უცოდველი არ იქნებოდა იგი, არც ცოდვილია მაცხოვარი; რამეთუ შვილთასხმისაკენ ხორცის მოძრაობა, ღვთის ჩვენზე განგებულებას უწესრიგოდ ერწყმის რა, ამგზით ეუფლება ჩვენს მონაცემებს და მათ არცთუ თავისუფალს წარმოაჩენს ცოდვათაგან. ამადაც თქვა დავითმა: „უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“. მაშასადამე, ღვთის მუცლად-ღება თესლისაგან რომ მომხდარიყო, იგი ახალი ადამიანი არ იქნებოდა, არც დასაბამი ახალი და სულაც უბერებელი ცხოვრებისა; რამეთუ იგი ძველი ჭედურობის თანამონაწილე რომ ყოფილიყო და მემკვიდრე პირველმშობლის ცოდვისა, მაშინ ვერ შესძლებდა თავის თავში წმინდა ღვთაების სისავსე ეტარებინა და თავისი ხორცი გაეხადა ამოუწურავი წყარო კურთხევისა (განწმენდისა), ისევე როგორც ვერ შესძლებდა, პირველწინაპართა შებილწვა თავისი ძალის სიუხვით განებანა, ან შემდგომში, ყოველივე არსებული აეძულებინა რათა განწმენდილიყო. ამიტომაც არა ანგელოსი, არა ადამიანი, არამედ თავად უფალი, განკაცდა რა ქალწულის საშოში და ჰგიებდა რა უცვალებელ ღმერთად, მოვიდა და გვაცხოვნა ჩვენ.
შეჰფეროდა, რომ ქალწულსაც ჰყოლოდა თავისი უთესლო ჩასახვის მოწმე და შემწე იმაში, რაც ღვთის სახლის მნეობაში აღესრულებოდა. ან რა იყო ეს? ბეთლემში ჩასვლა, სადაც ზეციური ანგელოსები ამცნობდნენ და ადიდებდნენ მესიის შობას? ტაძარში მისვლა, სადაც სვიმეონსა და ანნას, უნდა დაემოწმებინათ, მომავალი ყრმა, როგორც უფალი სიცოცხლისა და სიკვდილისა? იროდისაგან ეგვიპტედ ლტოლვა, ან დაბრუნება ეგვიპტიდან, წმინდა წინასწარმეტყველებათა თანახმად, ან სხვა, რისი ჩამოთვლის აუცილებლობაც არაა? ამ მიზნით იყო შერჩეული იოსებ დამწინდველი და ქალწულთან წარმოგზავნილი ანგელოსი, რომელიც თხოილი იყო ქმრისაგან, რომლისა სახელი იოსებ. ეს გამოთქმა ხომ: „სისხლისაგან და ტომისა დავითისა“, ორივეს ეკუთვნის: იმიტომ, რომ ორივე ქალწულიცა და იოსებიც თავის გვარს დავითს უკავშირებენ. და „სახელი“, ნათქვამია, „ქალწულისაჲ მის მარიამ“, რაც თარგმანში „ქალბატონს“ ნიშნავს, ეს სიტყვა კი ქალწულის ღირსებასაც წარმოაჩენს და ქალწულებასაც ამოწმებს (ლათინური თარგმანი ამატებს: ის, რაც არასდროს არ შეიძლება დაირღვეს) და მისი ცხოვრების წესის განსაკუთრებულობას, მოსწრაფებას და ეს ერთი სიტყვით შეიძლება ამგვარად გადმოიცეს ყოვლადუბიწოობა. რამეთუ ქალბატონებრივად (ანუ ჭეშმარიტი დიდებულებით) ატარებდა რა ნიშანდობლივ სახელს ქალწული, ჰქონდა სრული სიწმინდე, იყო რა ქალწული ხორცითაც და სულითაც და სულიერი ძალებითაც და განმსდიდრდებოდა ყოველი ხორციელი გრძნობებით, არ ჰქონდა რა თუნდაც იოტისოდენა რაიმე საკდემელი (საკიცხველი); და ყოველივე იმდენად სისავსით და დამტკიცებულად ვთქვათ, როგორადაც ეს ქალბატონს შეჰფერის, ყველაფერში დაურღვეველად ყოველი დროისთვის; იგი როგორც დახშული კარი საუნჯისა და დაბეჭდული წიგნი, რომელიც თვალთაგან საიდუმლო ნაწერებს იფარავს; ამადაც დაიწერა მასზე: „ესე არს წიგნი დაბეჭდული“, და „დახშული იქნება კარი, და ვერვინ განვლოს მის შორის“.
ღირსების თვალსაზრისით სხვა მიზეზის გამოც წარმოადგენს ქალწული ქალბატონს, სახელდობრ როგორც მთავარი ყოველთა ზედა, როგორც ქალწულობაში მუცლად-მღებელი და ღვთიურად მშობი ბუნებისდა მიხედვით ყოვლისა სოფლის მეუფისა და კიდევ იგი ქალბატონია, არა მხოლოდ როგორც თავისუფალი მონობისაგან და ღვთიური მთავრობის თანამონაწილე, არამედ, ასევე, როგორც კაცთა მოდგმის განთავისუფლების წყარო და ძირი და განსაკუთრებით კი თავისი გამოუთქმელი და სახარულევანი შობის ძალით; რამეთუ, დედაკაცი თხოილი ქმრისაგან, უფრო ბატონს ჰგავს, ვიდრე ქალბატონს და, განსაკუთრებით, ევას წყევის, მრავალსალმობიერი და მწუხარებით აღსავსე მშობიარობის თანახმად: „მწუხარებით შვნე შვილნი შენნი, და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი, და იგი გეუფლებოდის შენ“; განათავისუფლებდა რა კაცთა მოდგმას ამ წყევისაგან, დედა-ქალწულმა ამის ნაცვლად ანგელოსისაგან ხარება და კურთხევა მიიღო: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. როგორც მომავალს კი არ ამცნობს მას, როცა ეტყვის: „უფალი შენ თანა“, არამედ მას ამცნობს იმას, რომ მარიამისთვის უხილავს ხედავს როგორც უკვე აღსრულებადს. ან გულისხმა-ჰყოფს რა მას, როგორც ღვთიურ და ადამიანურ ნიჭთა თავშესაყარს და ღვთიური სულის ყოველგვარ მადლთა მიერ შემკულად, მთავარანგელოსი გაბრიელი მას ჭეშმარიტად „მიმადლებულად“ ჰქადაგებს, ხოლო ხედავს რა გაბრიელი მას, თითქოს, როგორც უკვე მუცლად-მღებელს იმისა, ვისშიაც საუნჯეა ყველა იმათი და წინასწარ ხედავს რა, რომ ეს მიდგომილება მარიამისათვის არაა დაკავშირებული სიმძიმილთან და შობაც სალმობათა გარეშე იქნება, იგი ქალწულს მოუწოდებს სიხარულისკენ, და მას, მხოლოდ ერთს, აცხადებს დედათა შორის სამართლიანად კურთხეულადა და დიდებულად: რამეთუ არ ყოფილა არავინ, თუნდაც სახელოვან, დედაკაცთაგან ისეთი, ვინც თავისი სახელით ღვთისმშობელ ქალწულს გაუტოლდებოდა.
მაგრამ ქალწულმა, გამოკვლევის გარეშე როდი მიიღო მისალმება, ხედავდა რა მას, შიშობდა, ხომ არ იყო იგი რომელიღაც მაცთური ანგელოსი, რომელსაც უგუნურნი ხიბლში შეჰყავს, მსგავსად იმისა როგორც ევა აცთუნა, და ჯერეც სავსებით არ ესმოდა, თუ რაში მდგომარეობდა მისი ღმერთთან სიახლოვე, რომლითაც მას ახარეს. შეძრწუნდა, როგორც წერია, მისი სიტყვისგან, მტკიცედ ეპყრა რა გულში ქალწულების აღთქმა. „და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ ამის გამოც მთავარანგელოსი, მიმადლებულ ქალწულს ღვთისათვის სათნო შიშს მაშინვე განუქარვებს, ეტყვის რა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა“. როგორია ეს მადლი? როგორიც ერთი მხოლოდ ძალმოსილს ხელეწიფება აღასრულოს, და რომელიც საუკუნეთა შექმნამდის ერთი მხოლოდ შენა გაქვს დანარჩუნებული. რამეთუ „აჰა, ესერა მუცლად-იღო“; ხოლო გესმის რა მუცლად-ღების შესახებ, ეუბნება ის, სულაც ნუ იფიქრებ, რომ შენი ქალწულება (ქალწულების აღთქმა) გაუქმდება და ამიტომაც განგაშს ნუ ეძლევი და ნუ შეძრწუნდები; რამეთუ, როდესაც ქალწულს ეთქმის სიტყვა „ესერა შენ მუცლად-იღო“ მიუთითა მან ეს ნიშნავს, რომ მუცლად-ღება ბინას დაიდებს ქალწულობასთან.
მაშ ამბობს „აჰა მუცლად-იღო“ „და ჰშვე ძე“; ფლობ რა იმას, რასაც ფლობ დაურღვეველი ქალწულობის შენარჩუნებითაც, შენ მუცლად-იღებ და შობ ძე მაღლისას. რამეთუ ეს, წლებით ადრე განჭვრიტა რა, ესაიამაც თქვა: „აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე“, და რა: „წარსდგა წინასწარმეტყველი დედაკაცის წინაშე“. როგორ წარდგა წინასწარმეტყველი დედაკაცის წინაშე? ისევე, როგორც ამჟამად ანგელოსი წარდგა წინაშე მისსა; რამეთუ, რასაც ახლა ხედავდა მთავარანგელოსი, ეს იმ წინასწარმეტყველმაც იხილა მაშინ და იწინასწარმეტყველა. რაც შეეხება გამოთქმას „წინასწარმეტყველი (დედაკაცი)“ იგი ქალწულს მიეკუთვნება, რამეთუ მას წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონდა, რაშიაც მისი ღვთისადმი სახარებისეული საგალობელი დაგვარწმუნებს (ლუკა I.46-55). მაშასადამე, ნათქვამია, ესაია წარსდგა წინასწარმეტყველის წინაშე, წინასწარმეტყველური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, და მანაც მუცლად-იღო და ვიდრე შობდა, განერა მშობიარობის სალმობას და შვა ძე. მთავარანგელოსი კი ამჟამად ეტყვის: „ჰშვე ძე და უწოდო სახელი მისი იესუ (რაც თარგმანებით ნიშნავს „მხსნელი“), ესე იყოს დიდ“. ხოლო ისაია კი კვლავაც იტყოდა: „საკვირველი მზრახველი, ღმერთი ძლიერი, მთავარი, თავადი სოფლისა, მამა მერმეთა საუკუნეთა“. ამასთან მოჰყავს შესატყვისობაში მთავარანგელოსსაც, ამბობს რა: ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს“.
რად არ თქვა მან: ესე არს დიდი და ძე მაღლის“, არამედ „ესე იყოს“ და „ეწოდოს“? იმიტომ, რომ იგი ქრისტეს მხოლოდ ადამიანურ ბუნებაზე ამბობს, და ამასთან იმასაც აცხადებს, რომ იგი ყველასაგან იქნება შეცნობილი და ყველასაგან აღიარებული. რადგანაც, მოგვიანებით პავლე მოციქულსაც უნდა ეთქვა: „ღმერთი გამოჩნდა ხორცითა... იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა“ (1 ტიმოთესადმი 3.16). ხოლო ანგელოსი კი დაუმატებს, იტყვის რა: „და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თვისისა, და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ“, ხოლო იგი, ვისი მეუფებაც საუკუნოა და არა აქვს დასასრული იგი ღმერთია. მაგრამ მას ამასთან მამად დავითი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ამავე დროს ადამიანიცაა. ამგვარად, ის, ვინც უნდა იშვეს არის ღმერთი და იმავ დროს ადამიანი. ძე კაცისა და ძე ღვთისა, მიმღებელი ღვთისა და მამისა ზეცათაისა, როგორც ადამიანი შეუცვალებელი სუფევისა, როგორც ამას ხედავდა და წინასწარ ამცნობდა დანიელი, იტყოდა რა: „დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა... აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე. მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა... მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა“ (დანიელი VII.9,13,14).
ხოლო დაჯდება დავითის საყდარზე და გამეფდება იაკობის სახლზე: იმის გამო, რომ იაკობი, ჭეშმარიტად ყველა ღვთისმოსავის პატრიარქია, ხოლო დავითი, უპირველესი მეფეთა შორის, რომელიც ღვთისმოსავად და ღვთისსათნოდ მეფობდა ქრისტეს ხატად, რომელმაც პატრიარქული და სამეფო მსახურება ერთ ზეციურ საწყისში შეჰრთო. მადლმოსილმა ქალწულმა კი, რა ისმინა ეს არაჩვეულებრივი და ღვთიური სიტყვები მთავარანგელოზისაგან მისი მისამართით წარმოთქმული: „უფალი შენ თანა“ და „აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე“ მეუფე საუკუნოდ ძე მაღლისა, იკითხა: „ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?“ რამეთუ მართალია ფრიად სულიერსა და ხორციელ ვნებებზე აღმატებულს მახარებ, მაგრამ ეს კია, შენ მამცნობ მიდგომილებაზე, მუცლად-ღებასა და შობაზე, რომელიც მიდგომილებას მოჰყვება ხოლმე. მაგრამ ეს როგორ იქნება ჩემთან, „რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?“ ამას კი ქალწული ამბობდა არა იმიტომ, რომ არ სჯეროდა ანგელოზის ნათქვამის, არამედ შეძლებისდაგვარად სურდა, შეეტყო, როგორ მოხდებოდა, და აუწყებდა ანგელოსი: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის“; რამეთუ შენ ჭეშმარიტად წმიდა ხარ მიმადლებულო ქალწულო, ამბობს ანგელოსი, სული წმიდა კი გარდამოვა შენზედ, თავის მხრივ, უფრო ამაღლებული კურთხევის შემეცნების გზით, მოაწყობს რა და წინასწარ-განამზადებს ღვთიურ მოქმედებას და ძალი მაღლისა დაგფარავს შენ, რითაც განგამტკიცებს შენ და იმავ დროს დაგფარავს რა და შეგეხება რა თავად შეიქმს შენში ადამიანურ ბუნებას თავისთვის, ისე რომ შობილი იყოს წმიდა, ძე ღვთისა, ძალი მაღლისა, რომელიც ადამიანურ ფორმას იღებს; აი, ელისაბედი, შენი ნათესავი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ბერწი იყო, ახლა სიბერის ჟამს, ღვთის ნებით, მუცელში საკვირველად ატარებს ნაყოფს, „რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა, ყოველი სიტყვაჲ“. ამის პასუხად როგორ მოიქცა მადლმოსილი ქალწული და მისი ღვთიური და შეუდარებელი სული? თავის მხრივაც, ღმერთს მიმართავს იგი და მისდამი განჰფენს ლოცვას, როდესაც მთავარანგელოზს ეტყვის: „თუკი სული წმიდა, როგორც შენ ამბობ, გარდამოვა ჩემ ზედა, რათა უფრო მეტად განმწმიდოს მე და განამტკიცოს ჩემი ბუნება, რათა შევძლო მე მაცხოვნებელი ნაყოფის მიღება; თუკი ძალი მაღლისა დამფარავს მე, რათა ადამიანურად ჩამოაყალიბოს ჩემში ის, ვინც არსებით ღმერთია და ამ გზით შეჰქმნას უთესლო შობა; თუკი, ის, ვინც იშობა წმიდაა და ძე ღმრთისა, და ღმერთი და მეფე საუკუნო, რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყვა, მაშინ „აჰა მხევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!“ და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი, დატოვა რა მის საშოში ხორცთან შეუღლებული, შემოქმედი ყოველივესი, და (ხორცთან) ამგვარი შეუღლების გზით, რომლის მსახურიც ის შეიქმნა, მიანიჭა სოფელს ხსნა. ისაიამაც იმის მეშვეობით, რაც იხილა და რისი ნეტარად განცდის ღირსიც შეიქმნა, მკაფიოდ მოასწავა ეს წინასწარ: რამეთუ მან იხილა, რომ სერაფიმმა ზეციური, გონიერი საკურთხევლიდან უშუალოდ კი არ აიღო ნაკვერჩხალი, არამედ საკვერცხულის დახმარებით და მისითვე შეეხო წინასწარმეტყველის ბაგეებს, მისცემდა რა და განწმენდდა. იგივეს გულისხმობდა, რასაც ეს დიდებული ხილვა საკვერცხულისა, რაც მოსემ იხილა, სახელდობრ, ხილვა შეუწველი მაყვალისა. ვინ არ უწყის, რომ ქალწული ესე დედაჲ შეუწველი მაყვალიცაა და საკვერცხულიც, რომელმაც შეუწველად მიიღო ღვთიური ცეცხლი თავის თავში მუცლად-ღებით, ანგელოზის მსახურებისას, შეაუღლა რა ამ სოფლის ცოდვის განმდევნელი ადამიანურ მოდგმასთან და ამ გამოუთქმელი შეერთებით ჩვენ სავსებით განგვწმინდა? მაშასადამე, ქალწული-დედა წარმოადგენს ერთადერთ თითქოსდა სამანს შექმნილ და შეუქმნელ ღვთიურ ბუნებათა შორის. და ყველა, ვინც უწყის ღმერთი, შეიცნობს მასაც როგორც ადგილს დაუტევნელისა; და ყველა ღვთის მადიდებელი, ღვთის შემდეგ უგალობს მასაც. იგია მიზეზი მის მოსვლამდე კაცთა მოდგმაზე გადმოსული ყველა კურთხევისა და ნიჭისა და წინამდგომი ამჟამინდელთა და მეოხი საუკუნოთა. იგია საფუძველი წინასწარმეტყველთა, დასაბამი მოციქულთა, სიმტკიცე მოწამეთა, საძირკველი მასწავლებელთა. იგია დიდება მიწაზე მყოფთა, სიხარული ცათა შინა დამკვიდრებულთა, სამკაული ყოველთა ქმნილებათა. იგია დასაბამი და წყარო და ძირი, ცათა შინა ჩვენთვის განმზადებულისა სასოებისა, რომლის მიღებისაცა ღირს-ვიქმნეთ ყოველნი მისი ჩვენზედა ლოცვითა, სადიდებელად მამისაგან უწინარეს საუკუნეთასა შობილისა და მერმეთა დროთა მისგან განხორციელებულისა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა