† წმიდა წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

სნეულებაზე

კვლავ მოხვედი, მზაკვარო, და რამდენადაც ვხვდები, დაბრუნდი, რათა დაგლიჯო ჩემში უშინაგანესი გულისა ჩემისა. შენ გინდა, რომ ამ ცხოვრების ძლიერი ან ხშირი დარტყმებისაგან დაეცეს ჩემში წმინდა ხატება. ძლიერ სხეულს დაეცი თავს და ძალა გამომაცალე ქუსლიდან თხემამდე, თავის ნებაზე მიუშვი ის წვენები (ვაჟირი), რომლითაც ღმერთმა ჩემში მშრალ ნივთიერებას სინოტივე მოჰგვარა, მსგავსად იმისა, როგორადაც სამყაროს დამამყარებელმა სიბრძნემ, სითბოს სიცივე შეჰრთო, რათა ამ გაწონასწორებით სხეულის შენაწევრება იქნეს შენარჩუნებული და მეც ვისწავლო, აქედან ცხოვრებაში განხეთქილებებს გავექცე. მოხვედი მომაკვდინებელი ზრახვებით და მე უბედურს შენი მწარე სიბოროტის მთელი შხამი გადმომანთხიე. ის არ იკმარე, მძიმე სიბერეს რომ მივათრევდი და მწუხარებას - ტრინაკრის ფლატეთა სიმძიმეს. მე ასევე მთანგავს მტანჯველი და შთანმთქმელი სნეულება, წლიდან წლამდე რომ ხრავს ჩემს ნაწევართ. არამედ ვტირი და მოვთქვამ, როგორც მონადირის ხაფანგში მოხვედრილი ძლიერი ლომი.

არ მიყვარს თავმომწონე ლაპარაკი, არც ყველასთვის მოსაწონი თუნდაც უმეტესად მხიარული საუბრები, არც ქალაქის ბაზრობები, არც წალკოტები, არც აბანოები, არც სხვა რამ საცდური ცხოვრებისა. ეს ყველაფერი - არც უწინ მიზიდავდა, იმ ჟამიდან, რაც მიწიერს განვერიდე და ქრისტე მივიქვი. ვტირი კი იმას, რომ აღარ მიმზერს ქრისტეს ცხოველმყოფელი თვალი, რომელიც ოდესღაც მზრუნველად მიცქერდა, წინაგანმსაზღვრავდა დიდებისათვის ჯერეთ უბიწოდ მშობლის საშოში მყოფს, გამომიხსნიდა ცივი ზღვისაგან და ვნებათაგან. ვტირ, რომ ხელი ვუშვი ღვთივგანბრძნობილი ხალხის სადავეებს, - თუმცაღა არა მე თვითონ, მაგრამ ეს კია, ხელთ არ მიპყრია. ეს ხალხი კი უწინ აღფრთოვანებაში მოდიოდა ჩემი სიტყვისაგან, როდესაც ჩემთა ბაგეთაგან სამნათელი ცისკარი ადგებოდა. როგორც ძუძუთაგან გამოზრდილი ყრმა, მშობლის ხელებში მოქცეული, ტუჩებით გამომშრალ კერტებს ეწაფება და სწოვს, დედას კი არ ძალუძს მისი ჟინის მოკვლა. ასევე ეს ხალხიც თავისი სასმენელით ჩემს ბაგეს მოჰკვრია და სწყურია წყარო, რომელიც უწინ მრავალთათვის უხვად გამოადინებდა წყალს, აწ კი წვეთიც არ მოჟონავს მისგან. თუმცა სხვები ტკბილ წყალს ადენენ, მსმენელნი მაინც მოწყენილნი არიან, რადგან აღარ ისმის სიტყვა მათი მამისა. რა იქნა ჩემი შუაღამიანის საგალობლები, რომლებზეც, როგორც განსულიერებულ ქვებზე, მტკიცედ მედგა ფეხები, ან მარტო რომ ვსაუბრობდი ქრისტესთან, ან ხალხთან ერთად რომ ვატკბობდი სმენას მუხლმიმოგდებით წმინდად აღვლენილი ჰიმნების მიერ. სადაა სასიამოვნო გადაღლა მოდრეკილ მუხლთა, როცა მწარე ცრემლებს ვაფრქვევდი, ან ბინდმორეულ აზრებს თავს ვუყრიდი? ხელები რა იქნა, მშიერთა გამომზრდელი ან სნეულთა მსახური? სადამდე მიდის უძლურება ძალადაკარგულ ნაწევართა! აღარ აღვაპყრობ ხელთა ჩემთა წმინდა ძღვნის წინაშე, რათა ზიარ-ვიქმნე ქრისტეს დიდთა ვნებათა; აღარ აღვწერ კეთილადმძლე მოწამეთა სათნო სახეებს და მათ ძვირფას სისხლს ქადაგებებით პატივს აღარ მივაგებ. ჩემს წიგნებს ობი მოჰკიდებია, დაუმთავრებელია ქადაგებები; ვინ იქნება ჩემდამო კეთილგანწყობილი, ისინი რომ დააბოლოვოს? ჯერაც ცოცხალს, ყველაფერზე სიკვდილი გადამეფარა; მოუძლურდა ჩემი სიცოცხლე და იმ ხომალდზე უფრო სუსტია, ერთიანად რომ დაშლილა.

თუმცა, როგორც არ უნდა მდევნიდე შენ, ??, აროდეს მოგიდრეკ მუხლთა გულისა ჩემისათა. მოუწყვლელი, შენგან დაუმარცხებელი წარვალ დედისა ჩემისა - მიწად. დაე მატლი სჭამდეს საკბილოს, გველო. დაღრღენი კანი, კაცისმკვლელო, სულს კი ვერ მოწყლავ. ქრისტეს მივუბრუნებ მისგანვე ბოძებულ ხატებას ღმრთისას. ოდესღაც შეჰკარ დიდებული იობი: თვითონვე შერცხვი, ის კი დიდმა ზედამდგომელმა გვირგვინოსან-ჰყო, გამარჯვება იობისა სახელოვანი გახადა, ოდეს ხმა-ჰყო და მრჩობლად დაუბრუნა ყოველივე, რაც კი წარტაცე. ამგვარია ქრისტეს გულმოწყალების კანონი!

მაგრამ ბრძანე, ქრისტე, ჩემი მრთელყოფა! შენი სიტყვა კურნებაა ჩემთვის. ახალი ლაზარე ვარ მკვდართა შორის; მითხარ მე: აღსდექ! და სიტყვისაებრ შენისა განცოცხლდება მკვდარი. სხვა განრღვეული ვარ, ცხედარსა ზედა უძრავად მდებარე; მითხარ მე: განმტკიცდი! და მეც აღვემართები, აღვიღებ ცხედარს და წარვალ. მსურს შენი სამოსლის ფესვთაგან ხელთა ჩემთა მიერ წარვიტაცო ძალი სამკურნალო; ჩემს დამჭკნარ სხეულში შეაჩერე სისხლის სწრაფი ნაკადულები! მე, შენი მონაპოვარი, ქედს ვიხრი შენს წინაშე, როგორც ქანანელი ქვედადრეკილი; ჰე , აღმადგინე მე, მეუფეო! ზღვა ბორგავს, შენ კი განისვენებ ძილითა ტკბილითა; განიღვიძე მსწრაფლ და სიტყვისაებრ შენისა დაცხრება მღელვარება.

ვდრტვინავ; სნეულება მოიცავს ჩემს ნაწევართ, რამეთუ ვერვინ გაექცევა მოკვდავთა საერთო ხვედრს, მეც ერთი მათგანი ვარ, ესრეთ ბრძანებს ღმერთი, რათა არავინ გაბედოს ჩვენგან თვალთაცა ზე-აღხილვად და ცისბინადრად თავის მიჩნევა, არამედ ყოველი, მომლოდინე დიდებულისა ღვთის შემწეობისა, გრძნობდეს თავის თავში ძლიერ აღძვრას ღვთისმოსაობით. თუმცა, არა იმდენად სნეულების გამო ვდრტვინავ: ის ხომ ჩემი სულიერი მხარისთვის ერთგვარი განწმენდაცაა, ხოლო განწმენდას კი ყველა საჭიროებს, რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს. მაგრამ უფრო მეტად ჩემს მწუხარებას ჩაფიქრებიან სულმოკლენი; ვშიშობ, მათგან ვინმე არ დაბრკოლდეს, ხედავენ რა ჩემს უბედურებას. კაცთაგან მცირედნი თუ არიან სულმტკიცენი, ვინც სიყვარულით იღებენ ღვთისაგან ნებისმიერ მონახულებას, სიამოვნების მომგვრელია იგი, თუ წუხილის მომტანი და იციან, რომ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, თუმცა კი იგი ღვთიური სიბრძნის სიღრმეშია დაფარული (წყვდიადი გარემოდებულ-არს მისა). პირიქით, ბევრნი ღვთისმოსავებს დასცინიან კიდეც, როდესაც ისინი უძლურდებიან, და ამბობენ მათზე, რომ მათი ღვთისადმი მსახურება დაუჯილდოვებელი დარჩა; უფრო მეტიც, ასეთებს გონებაში სრულიად შეუფერებელი აზრიც კი უყალიბდებათ, თითქოს ამქვეყნად ყველაფერი შემთხვევით იყოს მოწყობილი, და თითქოს ცათა შინა მყოფი ღმერთი არ განაგებდეს კაცობრივ საქმეებს; ასე რომ არ იყოს, ამბობენ ისინი, მაშინ ჩვენთან სხვაგვარი ვითარება იქნებოდაო.

მოიხსენე ესე, მაღალო, და შეეწიე მსახურსა შენსა; ნუ სირცხვილეულ-მყოფ ჩემი სიცოცხლის მიმწუხრზე! შენი მსახური ვარ, დავასხამ ხელთა ჩემთა შენს ძღვენზე და იმათ თავზე, რომელნიც თვითონ მიხრიან თავს, სნეულებათა თვისთა შინა შემწედ მომიხმობენ. მოწყალე იქმენ ქრისტე! უკეთუ არ გსურს კურნება ჩემი, მომეც მე ძალი მოთმინებისა! სრულად ნუ განმძარცვავ მე პატივისაგან, სიტყვაო, ოღონდ ნურც დამამძიმებ; ულაგმოდ ნუ დამტოვებ, მაგრამ დიდ ვნებასაც ნუ შემამთხვევ! დეზი მკარ, ნეტარო და არა შუბი! დაე ჩემმა ხომალდმა ცარიელმა არ იცუროს ცხოვრების ზღვაზე, მაგრამ არც გადატვირთულმა. სიმაღლე ათავხედებს, მწუხარება კი დანთქამს ღამის წყვდიადში. შეჰრთე სასჯელი უვნებელობას! გაამპარტავნების გზაზე შემდგარი, შენ შემაჩერე, შემიბრალე ღონემიხდილი! ჯერაც დროა შეწყალებისა, მართლმსაჯულო! ზეგარდამო მოვლენილთა განსაცდელთა შინა გათანგული გევედრები, ესალბუნე ჭაღარასა ჩემსა და თვით მოკვდინებულთა ნაწევართა. მაგრამ რა საჭიროა ზედმეტობანი? ძალმიძს კი ღვთაებას კანონები დავუდგინო? წარმიძეღუ, ქრისტე, მსახურსა შენსა, სადაცა უწყი!

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა