ვისურვებდი ფრთამალ მტრედად გადავქცეულიყავ, ან მერცხლად, რათა გავექცე ადამიანურ ცხოვრებას, ან რომელიმე უდაბნოში დავსახლდე და მხეცებთან ერთად ვიცხოვრო საერთო თავშესაფარში, რამეთუ ისინი ადამიანებზე ერთგულნი არიან. იქ ვისურვებდი, ჩემი ერთდღიანი ცხოვრება გამეტარებინა უცრემლოდ; სასჯელის შიშის გარეშე; მხეცებთან შედარებით ერთი უპირატესობა მქონოდა - გონება, რომელმაც ღვთაება უწყის და განღმრთობილია. იქ, მშვიდ ცხოვრებას დაწაფებული, ნათელს ნათელზე შევიმატებდი, ან მაღალ სვეტზე ასული, ხმამაღლა ღაღად-ვჰყოფდი დედამიწის ბინადართადმი:
მოკვდავნო კაცნო, დათხეული სინოტივის ნაშობნო, თქვენ არარანო, რომელნიც ცხოვრობთ რა სიკვდილით, გულზვაობთ ამაოთი! კიდევ დიდხანს აპირებთ, რჩებით რა ცრუ თუ აშკარად ზმანებული სიზმრების სათამაშოდ, უმიზნოდ დაეხეტებოდეთ დედამიწაზე? შეხედე, შენივ საკუთარი გონებით ყველაზე მაღლა ასულო, როგორ აღვხდი მეც ასევე ზევით იმის გამო, რომ ღმერთმა მომანიჭა უდიდესი მეცნიერება (ცოდნა) სასარგებლოსი და საზიანოსი; ხოლო ყველაზე ზევით ნანაობს გონება. ვინ ნორჩი იყო და ძლიერი, დიდება - მეგობართა, მაღლა ეჭირა თავი და მოქნილი სხეული ჰქონდა. სხვა კი განთიადის შვენიერი ვარსკვლავი იყო, გაზაფხულის დარი მამაკაცთა შორის და ყველას ყურადღებას იქცევდა. ვინ გმირობით სახელოვანი; ის იარაღით არევსი; სხვა ასპარეზზე მხეცებთან უჩინებულესი მორკინალი და მთებზე ატოლებდა მათ თავის დიდებას. ვინ ნადიმებსა და მდიდრულ ვახშმებზე იხარჯებოდა; ხმელეთს, ზღვასა და ჰაერს მისი სტომაქისთვის საზრდო მოჰქონდა. მაგრამ ამჟამად იგი ნაოჭებს დაუფარავს და დაჩაჩანაკებულია; ყველაფერს დაუკარგავს ფერი; მოვიდა სიბერე და გაფრინდა სილამაზე; სტომაქმა მომსახურებაზე უარი უთხრა; ადამიანის რაღაც ნაწილი ჯერეც ცოცხალია, უმეტესი კი უკვე საფლავშია. ვიღაც ყოველგვარი განსწავლულობით ქედმაღლობს, ვინ - თავისი კეთილშობილების მდიდრულ აკლდამებზე მაღალი აზრისაა, ან იმაზე, რომ მანაც მოახერხა პატარა გრაგნილებზე თავისი სისხლი (და მოდგმა) აღებეჭდა; ვინ თავისი მტკიცე რჩევებით დიდგულობს ქალაქებში და იმით, რომ ყველას პირზე მისი სახელი აკერია. სხვამ უსაზომო ქონება შეიკრიბა და გონებაში კიდევ ახალს ამატებს; ვინ მაღალ სკამზე ზის და აღფრთოვანებულა, რომ ხელში მართლმსაჯულების სასწორი უპყრია; სხვა მეწამული სამოსლით შემოსილა და თავზე სამეფო დიადემა ადგას, მბრძანებლობს დედამიწაზე, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად და თუმცაღა მოკვდავია, გაბღენძილა არა მოკვდავური იმედებით. - ეს ყოველივე ამჟამად, რაღაც დროის შემდეგ კი - მტვერი; მონანი და სკიპტრისმპყრობელნი, ლუკმა-პურის მეძიებელნი და სიმდიდრით თვითკმაყოფილნი - ყველანი თანასწორნი გახდებიან, ყველა მათგანისთვის ერთი წყვდიადია, საერთო სავანე, და ამაყთათვის ის ერთი უპირატესობაა, რომ მათ უფრო ხმამაღლა დასტირიან, საფლავი უფრო მდიდრული აქვთ და წარწერაც საფლავის საცოდავ ქვაზე მეტხანს შემორჩება. ადრე იქნება თუ გვიან, ყველა მოკვდავისთვის ერთი ხვედრია. საბოლოოდ თითოეულისგან მხოლოდ დაფშვნეტილი, ნახევრადდალეული ძვლებიღა დარჩება და შიშველი თავისქალა. ამოიწურა ფუფუნება; მაგრამ აღარც სიღატაკეს აწუხებს შრომა, უცნობი სნეულება, სიძულვილი, დამთხვეულობა, მეტის სურვილი, მოუთვინიერებელი სითავხედე. ყველაფერი დასამარდა, ყველაფერმა იყუჩა გარდაცვლილთან ერთად მანამდე, ვიდრე მკვდრეთით აღმდგართა კვალდაკვალ არ გამომზეურდება.
ვხედავ რა ყოველივე ამას, შვილნო, ყური მიუგდეთ ჩემს რჩევებს (შვილები შემიძლია გიწოდოთ, რაკიღა თქვენზე მეტი ხანია, მივათრევ მიწაზე სიცოცხლეს)! ზურგს ვაქცევთ რა ამ სოფელს, ყოველივეს რაც შფოთს გვგვრის ამქვეყნად, რითაც აცთუნებს მიწისზევითა მეფე - ეს სხვისი საკუთრების მიმტაცებელი, მავნებელი და კაცისმკვლელი, ანუ სიმდიდრეს, დიდებას, პირველობას, გვარიშვილობას, მტკნარ ბედნიერებას, გავიქცეთ, რაც შეიძლება სწრაფად, ზეცაში, სად გამოუთქმელ სამნათელის ირგვლივ ჰბრწყინვენ მრავალნი შვენიერებანი. სხვები კი დე, ეცემოდნენ კამათლებივით აქეთ თუ იქეთ და სიამოვნებას ამაში ხედავდნენ, ან წყვდიადით თვალებდაბნელებულნი და კედელსმიყრდნობილნი მიჰყვნენ ერთმანეთს!
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
„გოდებანი გრიგოლისანი“, თბილისი, 2000 წ.