და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა,
ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუკუნესა (მატთ. კე, მვ)
არა უმიზეზოდ დააწესა, ძმანო ქრისტიანენო, წმიდამან ეკლესიამან წარკითხვა დღეს სახარებისა მის, რომელიცა გამოხატავს მეორედ მოსვლასა და საშინელსა სამსჯავროსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. მოახლოებულ არიან დღენი ლოცვისა და მარხვისანი, რომელთა შინა ჩვეულება გვაქვს ჩვენ, მართლ-მადიდებელთა ქრისტიანეთა, მონანება და მიღება წმიდისა საიდუმლოისა; ამისათვის წმიდა ეკლესია ადრითგან გვამზადებს ჩვენ, რათა ღირსად აღვასრულოთ საღმრთო ვალი ესე ჩვენი და სიწმიდით განვატაროთ დღენი დიდისა მარხვისანი. ერთსა მახლობელსა წარსულსა კვირიკესა წარკითხულ იქნა ეკლესიაში სახარებისაგან იგავი მეზვერისა და ფარისევლისა, რომლითა მაცხოვარმან გვასწავა ჩვენ, თუ ვითარ ჯერ-არს ლოცვა და მონანება. მეორესა კვირიაკესა იგავითა უძღებისა ვისწავეთ ჩვენ, ვითარ დაამდაბლებს ცოდვა კაცსა და ვითარ მამა ჩვენი ზეციერი ელის მონანებასა კაცისა ცოდვილისა და სიხარულით მიიღებს კაცსა მონანულსა. ბოლოს დღეს წარკითხულითა სახარებითა საშინელისა სამსჯავროისათვის წმიდა ეკლესია შეგვაგონებს ჩვენ, ვითარი ხვედრი მოელის კაცსა ცოდვილსა და მართალსა.
ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არცა ერთი ჰაზრი და წარმოდგენა ისრე არ განაღვიძებს გონებასა და გულსა კაცისასა და ვერ განაფხიზლებს მას, ვითარცა აზრი და წარმოდგენა საშინელის მის და შემაძრწუნებელისა წამისა, ოდესცა კაცი თვით პირისაგან ღვთისა გაიგონებს უკანასკნელსა დაუსრულებელსა მისსა განჩინებასა. ბრძენი და ფრიად გამოცდილი იესო ზირაქ იტყვის წიგნსა შინა თვისსა: ყოველსა შინა საქმეთა შენთა მოიხსენებდ უკანასკნელსა შენსა და უკუნისამდე არა სცოდო; ხოლო უკანასკნელი ყოვლისა კაცისა არის საშინელი სამსჯავრო, და უკეთუ კაცი ყოველ დროს და ყოველთა საქმეთა შინა მისთა წარმოიდგენს საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა, მრავლისა ცოდვისაგან დაიცავს იგი თავსა თვისსა. ვიფიქროთ, ძმაო, ამაზედ.
აქა, ამ ქვეყანაზედ კაცი, თუმცა ადვილად და ხშირად სცოდავს, გარნა ის იმედი აქვს, რომ ცოდვასა მისსა არავინ არ შეიტყობს. ყოველი კაცი თავის მომწონე არის; ყოველ კაცს ეშინიან, რომ ვინმემ ცუდი რაიმე არ იფიქროს მას ზედა; ყოველი კაცი ცდილობს, რომ დამალოს და დაჰფაროს ყოველი ცოდვაი თვისი და ცუდნი თვისებანი. ცოდვას უყვარს სიბნელე და დუმილი; ეს უეჭველია და ჭეშმარიტი, რომ, უკეთუ კაცს არ შეეძლოს ამ სოფელში დაფარვა ცოდვისა თვისისა, უკეთუ იგი დარწმუნებული იყოს, რომელ იმავე წამს, როდესაც ცოდვას იქმს, ცოდვა მისი შეტყობილ-იქმნება ყოველთა კაცთაგან, - მაშინ იგი არ გაბედავდა და ვერ იქმოდა მრავალთა თვისთა ცოდვათა.
გარნა წარმოიდგინე, ძმაო ჩემო, რომელ ამ საშინელ დროს, ესე იგი, მეორედ მოსვლასა უფლისასა, წინაშე პირისა ყოვლისა ქვეყანისა გამოჩნდება ყოველი შენი ცოდვა. უკეთუ აქაც, ამ წუთ სოფელში ზოგჯერ ისრე შეგრცხვება ხოლმე შენ, თუ დიდ შეკრებულებაში პატივი არა-გცეს, ან ცუდი რამე სთქვეს შენზედ, ანუ შენ მეგობარზედ, რომელ თითქმის აღარც იცი, სად დაიმალო სირცხვილისაგან, წარმოიდგინე, ვითარი სირცხვილი და განკიცხვა გექმნება მაშინ, ოდეს ცა და ქვეყანა, ყოველნი მცნობნი და უცნობნიცა შეიტყობენ შენსა სიცუდესა და წარწყმედასა. ამ სოფელში შენ, რასაკვირველია, გყვანან მრავალნი მეგობარნი და მოყვარენი; ფრიად გეწყინება, რომ იმათ ცუდი რაიმე შეიტყონ შენზედ. წარმოიდგინე, რომ არათუ მხოლოდ იგინი, არამედ მრთელი ქვეყანა, ანგელოზნი და კაცნი გიხილავენ შენ მდგომარედ მარცხენით წარწყმედულთა შორის. ჰოი ვითარი სირცხვილი და გამოუთქმელი შემუსვრა დაგეცემა შენ ამ ჟამად! იქმნება ამ ქვეყანაზედ მრავალთა მიაჩნდი შენ კეთილ კაცად და ღვთის-მოყვარედ, იქნება აქ ატყუებდი მოყვასთა შენთა კეთილითა სახითა და გარეშეობითა. გარნა მუნ გამოჩნდება, რომ ესე ყოველი იყო სიცრუე; იქ შეიტყობენ ყოველნი, რომ ღვთის-მოყვარება შენი იყო მხოლოდ თვალ-ღება, სიმართლე გქონდა შენ მხოლოდ ენასა ზედა და გული შენი იყო აღვსებულ ბოროტებითა და უსჯულოებითა.
მეორედ, ძმანო ჩემნო, ამ სოფლად თუმცა ვსცოდავთ ჩვენ, გარნა ყოველთვის გვაქვს იმედი ოდესმე მოვინანოთ ცოდვა ჩვენი, თუმცა ვარღვევთ ხშირად სჯულსა, გარნა მრავალ მიზეზსა მოვიგონებთ ჩვენდა სანუგეშოდ და მრავალ-ფერად დავაჩუმებთ სინიდისსა ჩვენსა. სინიდისი ჩვენი ხშირად შეკრული არის და დაბნელებული ამ ქვეყანაზედ, გარნა იმ საშინელ დღეს კაცსა ცოდვილსა მოესპობა ყოველი თავის გასამართლებელი მიზეზი და ყოველი ნუგეში. რით-ღა გაიმართლებს მაშინ თავსა თვისსა კაცი წარწყმედილი? რით დააჩუმებს სინიდისსა თვისსა? აღაო დარჩა დრო მონანებისა: მან გაიგონა უკანასკნელი განჩინება იგი, იქმნა რა განყოფილ მართალთაგან და დადგინებულ შორის წარწყმედულთა. სინიდისი მისი, განთავისუფლებული ყოველთა ცბიერთა და ცრუთა ჰაზრთა და მიზეზთაგან, იწყებს ტანჯვასა და ქენჯნასა მისსა უწყალოდ. ყოველნი მისნი სიტყვანი და საქმენი ამ ქვეყანისანი, ვითარცა ლაშქარნი უწყალონი, წინა დაუდგებიან მას დაიწყებენ შეძრწუნებასა და შემუსვრასა მისსა. ამღვრეულნი და გაშტერებულნი შიშით და ურვით, მაშინ იწყებენ ცოდვილნი ყვედრებასა და მოძაგებასა თავისა თვისისასა. მაშინ მოგაგონდება შენ, ძმაო. ყოველი შენი ბოროტება თვითოეულად: რაოდენი ჟამი დაჰკარგე შენ უქმად და უნაყოფოდ სულისა შენისათვის! რაოდენი მადლი და ნიჭი ღვთისა გააუქმე შენ ცოდვათა და უსჯულოებათა შინა! რაოდენგზის ღმერთმან მოგცა შენ შემთხვევა მონანებისა და მოქცევისა, გარნა შენ უგულებელ ჰყავ იგი; რაოდენ-გზის მრავალ-ფერად შეგაგონებდა შენ იგი, გარნა შენ დაჰშთი ყრუ და ბრმა ყოველთვის. რასა ვფიქრობდი მე უბედური? ეტყვი შენ მაშინ გოდებით და ტირილით თავსა შენსა. ვის ვემსახურებოდი მე? ვის შევწირე ყოველი ძალი და გონება ჩემი? გარნა ამაოდ იქმნება მაშინ ყოველი შენი კვნესა და გოდება, ამაოდ აღიპყრობ ხელთა შენთა. გათავდა ჟამი მონანებისა; მოისპო დრო შეწყალებისა და მოწყალებისა; თქმულ არს საშინელი იგი: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა. მაშინ აღსრულდება შენზედა წინასწარ-თქმული უფლისა მიერ: აჰა ესერა მოვლენ დღენი, რომელთა შინა იწყონ სიტყვად მთათა, დამეცნინ ჩუენ ზედა და ბორცვთა, დამფარენით ჩვენ. კაცი ცოდვილი, მიმავალი ჯოჯოხეთად, დასწყევლის მაშინ დღესა შობისა თვისისასა; იგი ისურვებს, როგორმე მოსპოს და განაქარვოს თავი თვისი, გარნა ამაოდ იურვის იგი: უმაღლესმან სიმართლემან და მართლ-მსაჯულებამან ღვთისამან მიაგო მას მსგავსად საქმეთა მისთა და ვინ წინააღუდგების განჩინებასა მისსა!
ამას ყოველსა დაუმატე ესეცა: ამ ქვეყანაზედ, რაც უნდა საშინელი ჭირი შეემთხვიოს კაცსა, მაინც ანუგეშებს თავსა თვისსა მით, რომელ ოდესმე გათავდება ჭირი მისი. ვსთქვათ, რომელ ერთი რაიმე ისრეთი უბედურება შეემთხვევა კაცსა აქა, რომ სიკვდილამდე უნდა ითმენდეს მას, გარნა სიკვდილით მაინც მოსპობს უბედურებასა მისსა. ხოლო უკანასკნელი ესე სამსჯავრო მით უმეტეს არს საშინელ და შემმუსვრელ სულისა, რომელ განჩინება მისი იქმნება უკანასკნელი, წარწყმედა და ტანჯვა ცოდვილისა დაუსრულებელი. წარმოიდგინე გევედრები, ძმაო ჩემო, მდგომარეობა ცოდვილისა კაცისა გეენიას შინა გარესკნელსა; უფსკრულსა შინა და სიბნელესა ტარტაროზისასა ცოდვილნი იტანჯებიან გამოუთქმელად და არც ექმნება დასასრული ტანჯვასა მათსა.
ხოლო ვინ გამოხატავს ბედნიერებასა და ნეტარებასა მართალთასა! ვის შეუძლიან იგრძნოს სიტკბოება გულისა მათისა, ოდესცა იგინი ისმენენ სიტყვასა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისა! გათავდა ყოველი მათი შრომა და მწუხარება! მიიღეს მათ გვირგვინი, რომლისათვისცა იგინი იღვწოდენ და ურვიდენ ამ ქვეყანაზედ; იხილეს მათ იგი, რომელსა სული მათი ეძიებდა მარადის; შეერთდნენ იგინი მასთან, რომელიცა იყო წადილი და მისწრაფება მათი ამ სოფელში. განსძღენ იგინი ხილვითა და სიტყვითა ტკბილისა და საყვარელისა მის მეუფისა, რომლისათვის ჰშიოდა და ჰსწყუროდა მათ ამ ქვეყანაზედ. და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუკუნესა.
ხოლო აწ გლოცავ თქვენ, საყვარელნო, ვიდრემდის დრო გვაქვს, ვიდრემდის ღმერთი ითმენს ჩვენს ცოდვასა, ხშირად, მარადის წარმოიდგენდეთ საშინელსა ამა ხატსა მეორედ მოსვლისასა და მით გააფრთხილებდეთ თავსა თქვენსა. ხოლო გსურსა შეიტყო, რით შეგიძლიან განრინება ცოდვილთა ხვედრისა და მიღება იმ ჟამად ნაწილისა მართალთასა? ვსეცა გვესმა დღეს წარკითხულისა სახარებისაგან. მაცხოვარი ეტყვის მარჯვენით მდგომარეთა: მშიოდა და მეცით ჭამადი; მწყუროდა და მასვით მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ; შიშველ ვიყავ შემმოსეთ; საპყრობილესა შინა ვიყავ და მოხვედით ჩემდა. აჰა რა აცხოვნებს კაცსა! ჰყავ შენცა ესე, უკეთუ გსურს ცხოვრება. ამინ.