† ღირსი ეფრემ ასური

ბიოგრაფია

ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, IV საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ნიზიბიაში. მშობლები ღარიბი მოწათმოქმედები – კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. დაუდევარი ჭაბუკი თვით უფალმა გაწვრთნა: ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა.

ეფრემი თავისი სიჭაბუკის წლებზე ასე საუბრობს: “მე უკვე მადლის თანაზიარი ვიყავი; ქრისტეზე დამოძღვრა მამებისაგან მივიღე. ჩემმა ხორციელმა მშობლებმა უფლის შიში ჩამინერგეს. ვხედავდი კეთილმსახურებით მცხოვრებ მეზობლებს, მესმოდა ქრისტესთვის წამებულთა შესახებ; ჩემი მამები ქრისტეს მსაჯულის წინაშე აღიარებდნენ; მე მოწამეთა ნათესავი ვარ”.

განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა ამ ქვეყანას და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი - ნიზიბიის ეპისკოპოსი (ხს. 13 იანვარს). მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებას იხვეჭდა და სულიერებაშიც წარემატებოდა. იაკობი მის ღირსებებს ეკლესიის საკეთილდღეოდ იყენებდა: ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას, ბავშვების სწავლებას სასწავლებელში. წმიდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზეც. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა 14 წლის განმავლობაში მის აღსასრულამდე.

წმ. იაკობმა თავისი მაღალი ღირსებების მცოდნე მოწაფე ნიკეის მსოფლიო კრებაზე წაიყვანა. მრწამსის გადმოცემის დაცვა ცრუ მოძღვართა წინაშე ეფრემის ხვედრად იქცა.

წმ.ეფრემი ქალაქ ედესის სიწმიდეების თაყვანისცემის სურვილით გაემგზავრა ედესაში. როდესაც ქალაქს მოუახლოვდა, ღმერთს სთხოვა, რომ მისთვის ისეთი კაცი გამოეგზავნა, ვისთანაც იგი სულის სასარგებლოდ ისაუბრებდა, მაგრამ ქალაქის კარიბჭესთან იგი ქალს შეეყარა, ვისი გარეგნობაც მის უკეთურ ცხოვრებასა და სამარცხვინო ქცევას საკმაოდ ამხელდა. ასეთი შეხვედრით შეცბუნებული ეფრემი ფიქრობდა, რომ უფალმა მისი ვედრება არ შეისმინა. ამასობაში საპირისპიროდ მომავალი ქალი, რომელიც მას საგანგებოდ უმზერდა, გაჩერდა, რამაც წმიდანი აიძულა ასეთი საყვედურით მიემართა: “რატომ დაგვიწყებია სირცხვილი და მიწას რად არ ჩასცქერი, როგორც ეს კდემამოსილ ქალს შეეფერება?” ქალმა კი უპასუხა, რომ მან მას უნდა უყუროს, რადგან დედაკაცი მამაკაცისგან არის წარმოშობილი, კაცმა კი ქალს კი არ უნდა უცქიროს, არამედ მიწას, ვინაიდან მისგან არის შექმნილი. ეფრემი გაოცდა უცნობი მანდილოსნის პასუხით და ადიდა ღმერთი, რომელმაც ცოდვილი ქალის ბაგეებით დაარიგა და შეაგონა, რომ არც ცოდვილთა უგულებელყოფა შეიძლება.

ერთხელ ეფრემს ქალაქთან ახლოს მდებარე მონასტრის ბერი შეხვდა და შესთავაზა, რომ ედესის მახლობელ რომელიმე მონასტერში შესულიყო და ვინმე ბერის მორჩილებაში ყოფილიყო.

363 წელს, როცა ნიზიბია სპარსელებმა დაიპყრეს, ეფრემმა დატოვა უდაბნო და ერთ-ერთ მონასტერში დაემკვიდრა ქალაქ ედესის მახლობლად. აქ მის გვერდით მოსაგრეობდნენ დიდი მამები, რომლებიც ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდნენ დროს. მათი თავშესაფარი გამოქვაბული იყო, ერთადერთი საკვები კი - მცენარეულობა. ასკეტურ ღვაწლს ღირსი მამა საღვთო წერილის დაუცხრომელ შესწავლას უთავსებდა. უფალმა იგი მოძღვრობის ნიჭით დააჯილდოვა: ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ სულიერი რჩევა-დარიგების მსურველები. ეფრემის ქადაგებებს მსმენელებზე განსაკუთრებული ზემოქმედება ჰქონდა, რადგან ღირსი მამა დარიგებებს საკუთარი თავის მხილებით იწყებდა. წმიდანი მსმენელებს სინანულისაკენ, სარწმუნოებისაკენ და კეთილმსახურებისაკენ მოუწოდებდა, ამხელდა ფართოდ გავრცელებულ არიანელთა ერესს. მისმა მადლმოსილმა სწავლა-მოძღვრებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.

ღირსმა მამამ იღვაწა საღვთო წერილის, კერძოდ კი, მოსეს ხუთწიგნეულის განმარტებისთვის. მას ეკუთვნის მრავალი ლოცვა და საგალობელი. განსაკუთრებით ცნობილია ლოცვები წმიდა სამების, ძე ღვთისას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ, საგალობლები ათორმეტი საუფლო დღესასწაულის განსადიდებლად. ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო“ დიდმარხვაში იკითხება და ქრისტიანებს სულიერი განახლებისაკენ მოუწოდებს. ეკლესია უძველესი დროიდანვე ფრიად აფასებდა ღირსი მამის ნაშრომებს; მიღებული იყო მათი კითხვა მართალთა ლიტურღიაზე, სახარების შემდეგ. ეფრემის ნაწერები ადრევე ითარგმებოდა სხვადასხვა ენებზე.

წმ.ეფრემი ეგვიპტელი მეუდაბნოეების ხილვას ნატრობდა. სწორედ ეგვიპტიდან გავრცელდა მონაზვნობა. მას აგრეთვე სურდა, რომ კაბადოკიის დიდ მღვდელმთავარს – ბასილს შეხვედროდა.

ღირსი ეფრემი ეგვიპტეში ღმრთვრჩეულ ბერს, პაისისა და სხვა მოღვაწეებსაც ეწვია და მათ ცნობიერებაში ღრმთვიგანათლებული კაცის ხსოვნა დატოვა.

ეგვიპტიდან დაბრუნებული ეფრემი კაბადოკიის კესარიაში ჩავიდა და კესარიელ მთავარეპისკოპოს ბასილს ესტუმრა. წმ. ეფრემი აღწერს, თუ როგორ ესაუბრა მას წმ.ბასილი 40 სებასტიელი მოწამის ღვაწლზე და ამ საუბარმა ეფრემის სული მოშურნეობითა და კეთილმსახურებით როგორ აღავსო.

რამდენადაც ეფრემი თვითონ ერიდებოდა ყოველგვარ პატივს, იმდენად ღმერთი განადიდებდა მას, სადაც არ უნდა გამოჩენილიყო.

კესარიიდან ედესისაკენ მიმავალ გზაზე იგი მწვალებელ მოძღვარს შეეყარა, რომელიც ჭაბუკთა გუნდთან ერთად მიდიოდა. ერთ-ერთმა მოწაფემ მწირი ბერი შენიშნა, მას თავხედურად დასცინა და სახეში გაარტყა. მშვიდი ეფრემი მდაბლად გაერიდა მათ. მალე თავხედ ჭაბუკს გველმა უკბინა და მაშინვე მოკვდა. ყველამ იხილა, რომ ეს უფლის სასჯელი იყო იმ წყენისათვის, რაც მან მგზავრს მიაყენა. მათ ეფრემი მოძებნეს და დახმარება სთხოვეს. ეფრემმა ბიჭი გამოაცოცხლა და ამან ბევრი განაწყო ცდომილების მისატევებლად.

ედესიდან დაბრუნების შემდეგ ეფრემი ავად გახდა, ხალხის ტალღები აწყდებოდა მის საცხოვრისს უკანასკნელი დამოძღვრის მისაღებად. აღსასრულის მოახლოების წინათმგრძნობელმა ეფრემმა სასიკვდილო სარეცელზე ანდერძი დაწერა.

თავისი მიწიერი ასპარეზის დასასრულს წმიდა ბერი კადნიერად იმოწმებს ღმერთს თავისი სარწმუნოების სიწმინდეში, რაშიც სხვათა განმტკიცებაც სურდა. ის თავის ანდერძში ამბობს: “ვფიცავ, ვინც იუდამ გასცა და იერუსალიმში გაშოლტეს, ვფიცავ მის სიძლიერეს, ვისაც ღაწვზე სცეს და მის სიდიადეს, ვინც შეფურთხება მოითმინა; ვფიცავ ცეცხლის სამ სახელს და ერთ ღმრთაებრივ არსებას და ნებას, რომ მე არ განვდგომივარ ეკლესიას და ღმრთის ძლიერების წინააღმდეგ არ აღვმდგარვარ. თუკი ჩემს გონებაში მამას ძეზე მაღლა ვაყენებდი, დაე, ნუ შემიწყალოს მან. თუკი მე სულიწმიდას ვამცირებდი, დაე, ბნელმა დაფაროს ჩემი თვალები, და თუ ისე არ ვაღიარებდი, როგორც ვლაპარაკობდი, დაე, განვეგდო გარესკენელის ბნელში. თუკი ამას ყალბად ვლაპარაკობ, დაე, ცეცხლში, ბოროტ სულებთან ერთად ვიწვოდე. თუკი ამას პირმოთნედ ვამბობ, დაე, ნუ შეისმენს უფალი სამსჯავროზე”.

მორწმუნეები ეფრემ ასურის ლოცვას ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში “დილისა” და “ძილის წინ” ლოცვების შემდეგ კითხულობენ. ამ დროს სრულდება თექვსმეტი მეტანია. პირველი სამი მუხლის მერე – სამი დიდი მეტანია, შემდეგ თორმეტი მცირე და განმეორებით ლოცვის ბოლოს – ერთი დიდი მეტანია.

ლოცვა ეფრემ ასურისა

“უფალო და მეუფეო ცხორებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყუარეობისასა და ცუდად მეტყუელებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).

ხოლო სული სიწმიდისაი, სიმდაბლისაი, მოთმინებისაი და სიყუარულისაი მომმადლე მე, მონასა შენსა (მეტანია).

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათაი და არა განკითხვად ძმისა ჩემისაი, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე. ამინ (მეტანია).

ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე (12-ჯერ მცირე მეტანიებით).

უფალო და მეუფეო ცხორებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყუარეობისასა და ცუდად მეტყუელებისასა ნუ მიმცემ მე.

ხოლო სული სიწმიდისაი, სიმდაბლისაი, მოთმინებისაი და სიყუარულისაი მომმადლე მე, მონასა შენსა.

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათაი და არა განკითხვად ძმისა ჩემისაი, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე. ამინ (მეტანია).

ახალი სტილით 10 თებერვალი წმიდა ეფრემ ასურის ხსენების დღეა