† წმიდა ეფრემ ასური

აღსარება

ბოროტი ჩვეულებების ქსელში გახვეულს მიხარია, რომ შეკრული ვარ. ვიძირები თვით ბოროტების უფსკრულში და ეს მახარებს. მტერი ყოველდღიურად მიახლებს ბორკილებს, რამეთუ ხედავს, როგორ მიხარია მათი მრავალფეროვნება.

ეს ყველაფერი ღირსია მოთქმისა და ტირილის და ისაა სირცხვილი და თავის მოჭრა, რომ შეკრული ვარ საკუთარი სურვილებით. კიდევ საშინელებაა ის, რომ შეკრული ვარ იმავე ჯაჭვებით, რომელთაც მტერი დამდებს და მოვაკვდინებ თავს იმავე ვნებებით, რომლებიც მას ახარებს.

ვიცი, რა საშინელ ხლართებში ვარ გაბმული და გულსმოდგინედ ვცდილობ, დავფარო გარეგნული კეთილსახიერებით. შესახედავად შემკული ვარ კეთილმსახურების სამოსელით და სული კი აფორიაქებულია ბილწი გულისთქმებით. მნახველის წინაშე ვარ კეთილშობილი, შინაგანად კი ყოვლად უხმარი.

სინდისი მამხილებს ამის გამო და მე თითქოს მინდა გავთავისუფლდე საკუთარი ბორკილებიდან, ყოველდღიურად სულთქმითა ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ კვლავაც იმავე ბადეში ვიხლართები.

საცოდავი ვარ, საბრალო და უსუსურია ჩემი ყოველდღიური სინანული, რამეთუ არ გააჩნია მყარი საფუძველი. ყოველდღიურად ვქმნი სახლის საფუძველს, მაგრამ ჩემივე ხელით ვანგრევ მას.

ჯერ ვერ დაუდვია კეთილი საწყისი ჩემს სინანულს, ხოლო ბოლო არ უჩანს ბოროტ დაუდევრობას. დავმონებულვარ ჩემს დამღუპველ ვნებებს, მტრის ბოროტ ნებას – მომაკვდინებელს ჩემსას... ველი იმედად სინანულს და სიკვდილამდე თავს ვიტყუებ ამაო დაპირებებით. ყოველთვის ვამბობს, რომ მოვინანიებ (შევინანებ) და არასდროს ვნანობ, სიტყვით თითქოსდა მხურვალედ მონანული ვარ, ხოლო საქმით შორს ვარ სინანულისაგან.

რა მომელის განკითხვის დღეს, როდესაც ღმერთი თავის სამსჯავროზე ყველაფერს გამოაჩენს! რა თქმა უნდა, განვისჯები სამუდამო ტანჯვისათვის. უკეთუ აქვე ცრემლებით არ შევაწყალებ თავს მსაჯულსა ჩემსა.

მას შემდეგ რაც შევიცანი ჭეშამრიტება, მე გავხდი მკვლელი და შეურაცხმყოფელი. ვკამათობ უნიშვნელოზე. შურიანი და სასტიკი თანამცხოვრებთა მიმართ, უწყალო ღატაკთა მიმართ, მრისხანე, მოკამათე, ჯიუტი, ზარმაცი, გამაღიზიანებელი, ბოროტად მოაზროვნე, მიყვარს მორთული სამოსელი და აქამომდე ჯერ კიდევ ჩემშია უამრავი ბილწი აზრები: თავმოყვარეობა, განფიცხება, ნაყროვანება, გემოთმოყვარება, მზვაობორბა, ამპარტავნება, ბოროტის მოსურნეობა, განკითხველობა, ფარული ჭამა, მოწყინება, გულძვირობა, შურისგება.

არაფერი ვიცი და თავზე დიდად ვფიქრობ, დაუსრულებლად ვცრუობ და მატყუარებზე კი ვმრისხანებ, წამიბილწავს ტაძარი ჩემი არაწმინდა გულისთქმათაგან, მემრუშეთ კი მკაცრად განვიკითხავ, განვიკითხავ დაცემულებს, თვითონ კი განუწყვეტლივ ვეცემი, განვიკითხავ ბოროტ მეტყველებს, თვითონ კი ქურდი და ავად მტყველი ვარ; დავდივარ ნათელი მზერით, თუმცა მთლიანად შებილწული ვარ.

ეკლესიაში და ტრაპეზზე მსურს პირველობა, ვხედავ ახალდამწყებს და ვმედიდურობ, მონაზვნებთან ვმზვაობრობ, ცდას არ ვაკლებ, რათა სასიამვნოდ ვეჩევნო ქალებს, დიდებულად – უცხოებს, თავისიანებს კი – ბრძნად და აზრიანად, გონიერებს – სრულყოფილად, კეთილმსახურებისათვის – განსწავლული ვარ, უგუნურები ვითარცა პირუტყვნი მეზარებიან.

შეურაცხყოფისათვის შურს ვიძიებ, თუ პატივში ვარ, პატვისმცემელთ ვიზიზღებ, თუ რაიმეს მთხოვენ, სამართლიანად ვედავები. სიმართლის მთქმელს მკაცრად ვრაცხ; მხილებული – ვმრისხანებ, ხოლო უკეთუ მეპირფერებიან, არცთუ უკმაოფილო ვარ.

არ მსურს ღირსეულის პატივისცემა, ხოლო თავად უღირსი პატივს ვითხოვ. არ მსურს თავი შევიწუხო და თუ სხვა არ მომემსახურება, მასზე ვმრისხანებ; სხვებთან ერთად არ მსურს მუშაობა, ხოლო თუ მე არ დამეხმარებიან, ვბოროტმეტყველებ მათზე.

გასაჭირში მყოფ ძმას ამაყად უარს ვეუბნები, ხოლო როდესაც თვითონ ვსაჭიროებ დახმარებას, მას მივმართავ. ვერ ვიტან ავადმყოფს, თვითონ კი როცა ავად ვარ, მსურს ყველად ვუყვარდე. მაღალთ არ ვიცნობ, დაბალნი მეზიზღებიან.

თუ თავი შევიკავე უგუნური სურვილისაგან, ვმზვაობრობ, თუ წარმატებული ვარ მღვიძარებაში, ურჩებისა და შეპასუხების ქსელში ვეხვევი, თუ თავი შევიკავე უსაქმურობისაგან, ვიძირები თავმომწონეობასა და ქედმაღლობაში, თუ დაუცალებლად ვლოცულობ, მამარცხებენ გაღიზიანება და მრისხანება, თუ ვხედავ ვინმეში სათნოებას, ყურადღებას არ ვაქცევ.

მოვიძულე ამა სოფლის სიამენი, მაგრამ ვერ დავეხსენი მათზე ამაო სურვილს. თუ ვხედავ ქალებს, ვმხიარულდები, გარეგნულად მდაბალი ვარ, სულში კი გონებამაღალი, ერთI შეხედვით არ ვარ მომხვეჭელი, სინამდვილეში კი ქონების მოყვარულობით განიცდები. დასანახად მოვწყდი ამა სოფელს, თუმცა კვლავ მასზე ვფიქრობ.

მსახურების დროს ვსაუბრობ, გონება მეფანტება, ამაოებაზე ვფიქრობ; ტრაპეზის დროს უქმად ვმეტყველებ, ვეშურები საჩუქრებს, თანამონაწილე ვარ სხვათა დაცემისა, ჩართული ვარ დამღუპველ ქიშპში.

ასეთია ჩემი ცხოვრება, რამდენ ცუდს წინააღვუდგენ ჩემს ხსნას. ამპარტავნება, ქედმაღლობა, მზვაობრობა არ მაძლევენ საშუალებას მოვიხილო საკუთარი წყლულები და ვუმკურნალო მათ. აი, ჩემი ქველი საქმეები! ესოდენ მრავალი ცოდვით მიტევს მტერი. ყველაფერი ამის შემდეგ მე წყეული ვეძიებ განდიდებას სიწმინდით, ცოდვებში მცხოვრებს მსურს, რომ მრაცხდენ მართალთა თანა.

მხოლოდ ერთით ვიმართლებ თავს, ეშმაკმა მაცდუნა, მაგრამ განა ამან გაამართლა ადამი? რა თქმა უნდა კაენსაც ეშმაკმა ასწავლა, მაგრამ ისიც ვერ გადაურჩა განკითხვას. რა უნდა ვქნა, როდესაც ღმერთი მომკითხავს! არავითარი გამართლება არა აქვს ჩემს დაუდევრობას.

ვაი, რომ მეუფლა ცოდვა და მომნახა სადგომი თვისი, დღითი-დღე უფრო დამცემს და მითრევს თავის უფსკრულში. მეც, წყლული არ დავცხრები უფლის განრისხებისაგან. არ მეშინია ჯოჯოხეთის ჩაუქრობელი ცეცხლის და არ მაძრწუნებს დაუსრულებელი ტანჯვა.

ო, ვითარ მეუფლებიან ცოდვიანი ვნებები! ო, როგორი ბატონობა აქვს ბოროტსა და გაიძვერა გველს მოქმედებს რა ბუნებაზე, მებაჭრება და მაძლებს ბეს, რომ გონება ცოდვას მივყიდო. მარწმუნებს, რომ ხორცს ვაამო მისი სულის სამსახურში ჩაყენების მიზეზით. გემოთმოყვარებით ძლეული ვეძლევი თავშეუკავებელ ძილს და სრულიად ვაკლდები სულის მსახურებას, როდესაც ვლოცულობ, შთამაგონებს ფიქრს ამაო სიამოვნებაზე და ამით, როგორც რკინის ჯაჭვით იპყრობს ჩემს სუსტ გონებას და როდი მოუფონებს საკვრელებს, თუმცა კი გონება ცდილობს გაქცევას.

ამგვარად დარაჯობს ცოდვა გონებას და მიხშობს ხედვის კარს. მტერი გამუდმებულად მეთვალყურეობს ჩემს გონებას, რომ იგი არ მივიდეს ღმერთთან თანხმობაში და არ შეეწინააღმდეგოს ხორცის გაყიდვას, რისთვისაც მომივლენს არეულ ფიქრებს, რათა დამარწმუნოს, რომ განსჯისას, არც კი მოიკითხავენ ასეთ წვრილმანებს, თითქოსდა შეუძლებელიც კი არის ცოდნა მსგავს გულისთქმათა და რომ ყოველივე მსგავსად ამისა, მიეცემა დავიწყებას.

მაგრამ თვალწინ წარმომიდგენია მხილებული ჩემი თავი. და ვიცი, რომ მომევლის სასჯელი. მოვიხილავ ჩემს ცოდვებს, ღმერთო და ვხედავ რა მათ სიმრავლეს, ვამბობ: ჰოი, ვითარ მოიწია ჩემ ზედა ეგზომი უბედურება; ენა ჩემი ლამაზად საუბრობს, საქციელი კი სასირცხვილო და საძულველია. ვაი, მე უბედურს იმ დღეს, როდესაც განცხადდება ყველა საიდუმლო.

ფრიად მშვენიერია ჩემი სიტყვები სხვებისათვის, საქმეები კი საზიზღარია, სხვებს კი ვასწავლი წესიერებას ამა სოფელში, თვითონ კი საცოდავი ვეძლევი ვნებებს.

დღენი ჩემნი წარივლტნენ და განილივნენ ცოდვათა ქმნაში, არც ერთი დღე სიმართლიათვის არ მიმსახურია. როგორც კი მონანული გადავწყვეტდი აღარ მეცოდა, ცბიერი ეშმაკი მაშითვე მიპყრობდა თავისი სიძულვილით.

სეირნობისას თავს ვაჩვენებ როგორც ბრძენი და მართალი. ოდეს სხვა სცოდავს, დავცინი და აბუჩად ვიგდებ. ვაი, რომ განცხადდებიან ჩემი უშჯულოებანიც და შევრცხვები!

ნეტაც არ დავბადებულიყავი! ხომ არ გამრყვნიდა ეს წარმავალი წუთისოფელი, მისი არ მხილველი არ ვიქნებოდი დამნაშავე, არ შევიბილწებოდი ცოდვებით და არ შემეშინდებოდა სასამართლოსი და წამების.

როგორც კი აღვთქვამ მონანიებას, მაშინვე ვუბრუნდები და ვვარდები იმავე ცოდვებში. მახარებს ცოდვებში გატარებული დრო და ვფიქრობ, რომ ვაკეთებ სანაქებო საქმეს.

ვაი, ჩემს თავს! აქამდე არ მიფიქრია იმაზე, რომ მელოდება გეენა.

მაცდურ ნებას შევყავარ ცოდვაში; ხოლო როცა ვცოდავ, ვაბრალებ სატანას, მაგრამ ვაი, რომ იგი არ მაიძულებს, მე თვითონ ვარ მიზეზი ჩემი ცოდვებისა, ვცოდავ ჩემივე ნებით.

მადლი შენი მოსული ჩემს გულთან, იხილავს რა მასში ბილწ გულისთქმათა სიმყრალეს უმალვე განეშორება, რადგან ვერ ჰპოვებს თავის შესასვლელს და შესაძლებლობას დასახლდეს ჩემში თავისი ნებისაებრ.

გლახაკი ვარ, გველისაგან განძარცული; უძლური გახრწნილებით შეკრული; არ გამაჩნია ძალა ცოდვით დათრგუნულს, დავკარგე შენგან მომადლებული ნიჭი და ამიტომ არ გამაჩნია სრულყოფილი კეთილგონიერება. დავკარგე შენთან ურთიერთობა, ამიტომ არ ვიცი, საით მივდივარ. არაფერი მაქვს, თუ რამე გამაჩნია, ისიც მხოლოდ შენის დიდი მოწყალებით მოცემული, უკიდურესად გლახაკი ვარ, თუ კი გავმდიდრდები, ეს იქნება მხოლოდ შენგან ბოძებული და ახლაც შენია ის და ადრეც შენი იყო.

ვითხოვ მხოლოდ მადლს – ვაღიარებ, რომ მხოლოდ შენს მიერ გადავრჩები! – თუ გადავრჩი!