წმინდა დიმიტრი როსტოველი

ბიოგრაფია

წმიდა დიმიტრი როსტოველი (ერისკაცობაში - დანიელ ტუპტალო) 1651 წელს დაიბადა დაბა მაკაროვოში, კიევის მახლობლად, კეთილმსახური კაზაკის ოჯახში. 1662 წელს წმიდანი კიევო-მოგილიოვის კოლეგიაში მიაბარეს. პირველად სწორედ აქ გამოვლინდა მისი არაჩვეულებრივი ნიჭი: დანიელმა საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული და ლათინური ენები და რიგი კლასიკური მეცნიერებებისა. 1668 წლის 9 ივლისს ნეტარი ბერად აღიკვეცა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის პატივსაცემად დიმიტრი დაარქვეს. 1675 წლის გაზაფხულამდე იგი კიევის წმიდა კირილეს სახელობის მონასტერში მოღვაწეობდა. 1675 წლის 23 მაისს ჩერნიგოველმა მთავარეპისკოპოსმა ლაზარემ დიმიტრი მღვდელ-მონაზვნად აკურთხა. რამდენიმე წლის მანძილზე ნეტარი მამა უკრაინის, ლიტვისა და ბელორუსიის სხვადასხვა ტაძრებსა და მონასტრებში აღასრულებდა ღვთისმსახურებას.

1684 წელს კიევო-პეჩორის ლავრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბარლაამმა, რომელიც კარგად იცნობდა თავისი ყოფილი მოწაფის განსწავლულობის, სამეცნიერო მუშაობისაკენ მიდრეკილებისა და ლიტერატურული ნიჭის შესახებ, მღვდელ-მონაზონ დიმიტრის დაავალა წმიდანთა ცხოვრების მთელი წლის საკითხავების შედგენა. ამ დროიდან მოყოლებული, წმიდა მამის მთელი ცხოვრება ამ გრანდიოზული მოცულობის სამუშაოს შესრულებას მიეძღვნა. მუშაობა ძალების საოცარ დაძაბვას ითხოვდა. საჭირო იყო მრავალი სხვადასხვა წყაროს შეკრება, შეჯერება და სათქმელის გადმოცემა ისეთი ენით, რომელიც გადმოსაცემი საგნის ღირსების შესაფერიც იქნებოდა და მორწმუნეთათვის მისაწვდომიც. ღვთის მადლი შეეწეოდა ნეტარს მუშაობის მთელი ოცი წლის მანძილზე. ამ ხანებში დიმიტრი მონაცვლეობით რამდენიმე მონასტრის წინამძღვარიც იყო.

მოსაგრის ღვაწლმა პატრიარქ ადრიანეს ყურადღება მიიპყრო. 1701 წელს პეტრე I-ის ბრძანებით დიმიტრი მოსკოვში გამოიძახეს, სადაც 23 მარტს კრემლის მიძინების ტაძარში ციმბირის მიტროპოლიტად დაასხეს ხელი და ქალაქ ტობოლსკში გაგზავნეს. მცირე ხანში მისი სამეცნიერო ღვაწლის მნიშვნელობისა და ჯანის სისუსტის გამო წმიდა მღვდელმთავარი როსტოვ-იაროსლავის კათედრაზე გადაიყვანეს, სადაც 1702 წლის 1 მარტს ჩავიდა როსტოვის მიტროპოლიტის ხარისხით. აქ ნეტარი ფრიად დაშვრა საეკლესიო ღვთისმსახურების გასამართავად და სტაროობრიადული რასკოლის სამხილებლად, ზრუნავდა ღვთისმსახურთა განსანათლებლად, დააარსა სასწავლებელი მღვდელმსახურთა შვილებისათვის. წმიდა დიმიტრის პირადი ცხოვრება მკაცრი მარხვით, ლოცვით და ქველისსაქმეებით იყო გაბრწყინებული. იგი ბევრს ლოცულობდა და ყველას ურჩევდა, მუდამ ხსომებოდათ სიკვდილის დღე და საათის ყოველი ზარის ჩამოკვრაზე ლოცვები აღევლინათ მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი. მღვდელმთავარს ყველასთვის ღია ჰქონდა სახლის კარები, ყველას ალერსიანად და თავაზიანად ეპყრობოდა. უსაზღვრო იყო მისი გულმოწყალება გლახაკების, ქვრივებისა და ობლების მიმართ: იგი მთხოვნელებს არასოდეს ისტუმრებდა უარით, თვითონ კი მხოლოდ აუცილებლით კმაყოფილდებოდა. წმიდა მამა მშვიდობით მიიცვალა 1709 წლის 28 ოქტომბერს. ანდერძისამებრ ტაძარში დაკრძალეს. ეკლესიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს საფლავი გათხარეს და აღმოაჩინეს, რომ ძლიერ ნესტიან მიწაში ჩასვენებულ მღვდელმთავრის ნეშტს ხრწნილების არანაირი კვალი არ ეტყობოდა. ცხედართან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. 1752 წლის 21 სექტემბერს აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. 1757 წლის 22 აპრილს დიმიტრი როსტოველი წმიდათა დასში შერაცხეს.

ნეტარი მამის ხსენება აღესრულება წელიწადში ორჯერ, 21 სექტემბერსა და 28 ოქტომბერს. 21 სექტემბერი მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანების დღეა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.