† წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ხიბლისათვის

მოწაფე: ჩამომიყალიბე ხიბლის ზუსტი და ამომწურავი განსაზღვრება. რა არის ხიბლი?

ბერი: ხიბლი არის კაცობრივი ბუნების ტყუილით შერყვნა. ხიბლი უკლებლივ ყველა ადამიანის მდგომარეობაა, და ეს მდგომარეობა ჩვენს წინაპართა დაცემითაა გამოწვეული. ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ (წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის მე-3 სიტყვის დასაწყისი). ამის ცოდნა ხიბლისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა.

ყველანი ცთუნებულნი ვართ, ყველანი ხიბლში ვართ, ყველანი ვტყუვდებით და ჭეშმარიტებამ უნდა გაგვანთავისუფლოს, ხოლო ჭეშმარიტება არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე (იოანე, 8, 32). შევითვისოთ ეს ჭეშმარიტება რწმენის გზით, შევღაღადოთ იმავ ჭეშმარიტებას და იგი ამოგვიყვანს იმ უფსკრულიდან, რომელშიც თავის მოტყუებისა და ეშმაკთა საცთურის გამო ვიმყოფებით. საბრალოა ჩვენი ყოფა! იგია საპყრობილე, რომლისგანაც ხსნას ვევედრებით უფალს მისი სახელის აღიარებით (ფსალმ. 114,10), იგია ბნელეთი, რომელშიც „დევნა მტერმან სული ჩუენი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოვრება ჩუენი“ (ფსალმ. 142, 3), და ტყუილი მეცნიერება (I ტიმ. 6, 20) რომლითაც ეს სოფელია სნეული, თუმცა სოფელი ამ სნეულებას არ აღიარებს და პირიქით, სრულყოფილ სიჯანსაღედ სახელდებს მას, იგია ხორცი და სისხლი, რომელთაც „სასუფეველი ღმრთისა დამკვიდრებად ვერ ძალ-უც“ (I კორ. 15, 50), იგია მარადიული სიკვდილი. მას კურნავს და განაქარვებს მხოლოდ უფალი იესო ქრისტე, რომელიცაა „აღდგომა და ცხოვრება“ (იოანე, 11, 25). ასეთი გახლავთ ჩვენი მდგომარეობა და მისი ხედვა ახალ საბაბს გვაძლევს გლოვისათვის. ცრემლით შევღაღადოთ უფალ იესო ქრისტეს, რათა გაგვათავისუფლოს საპყრობილისაგან, აღმოგვიყვანოს მიწიერ უფსკრულთაგან და სიკვდილის საცეცებისაგან გვიხსნას. წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს: „უფალი ჩუენი იესო ქრისტე იმიტომ მოგვევლინა, რომ ისურვა ტყვეობისა და უბოროტესი ხიბლისაგან ჩვენი გათავისუფლება“ (მე-3 სიტყვა).

მოწაფე: ეს ახსნა ჩემი გონებისთვის ნაკლებად მისაწვდომია, უფრო უბრალო განმარტება მჭირდება.

ბერი: კაცთა მოდგმის წარსაწყმედად დაცემულმა ანგელოზმა ტყუილი იხმარა (დაბ. 3,13). ამიტომ თქვა უფალმა, რომ ეშმაკი „მტყუვარ არს, და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარ არს... რამეთუ იგი კაცისმკვლელი იყო დასაბამითგან“ (იოანე, 8,44). ტყუილის ცნება უფალმა მჭიდროდ დაუკავშირა კაცისკვლის ცნებას, რამეთუ ეს უკანასკნელი არის აუცილებელი შედეგი პირველისა. სიტყვა „დასაბამითგან“ იმაზე მიუთითებს, რომ ტყუილი სულ თავიდანვე კაცისკვლისათვის იხმარა ეშმაკმა, და მას აქეთ მუდამ იყენებს ამ იარაღს კაცთა წარსაწყმედად. მტყუვარი აზრია დასაბამი ყოველი ბოროტებისა! მტყუვარი აზრია დასაბამი თავის ცთუნებისა და ეშმაკთა საცთურისა. ტყუილის მეშვეობით ეშმაკმა მარადიული სიკვდილით მოსწყლა კაცობრიობა ძირშივე, ჩვენი წინაპრების სახით. ისინი მოიხიბლნენ, ანუ ტყუილი აღიარეს ჭეშმარიტებად, და ამით უკურნებელ, სასიკვდილო ცოდვაში ჩაცვივდნენ, რაც ჩვენმა პირველმა დედამაც დაგვიმოწმა: „გუელმან მაცთუნა მე და ვჭამე“ (დაბ. 3,13). მას აქეთ ჩვენი ბუნება, ბოროტის შხამით დაგესლილი, ნებსით და უნებლიეთ ესწრაფვის ბოროტს, რომელიც სიკეთედ ეჩვენება ჩვენს გამრუდებულ ნებას, გაუკუღმართებულ გრძნობასა და გონებას. ნებსით - იმიტომ რომ ჩვენში ჯერ კიდევ არის დარჩენილი ბოროტსა და კეთილს შორის არჩევანის თავისუფლება, უნებლიეთ - იმიტომ რომ ეს ნარჩენი თავისუფლებისა არაა სრული თავისუფლება, იგი ცოდვითაა შერყვნილი და მისი გავლენით მოქმედებს. ჩვენ ასეთებად ვიბადებით, შეუძლებელია არ ვიყოთ ასეთები და ამიტომ უკლებლივ ყველანი თავის მოტყუებისა და ეშმაკის საცთურის მდგომარეობაში ვიმყოფებით. თუკი ამ კუთხით შევხედავთ ადამიანების დამოკიდებფლებას სიკეთესა და ბოროტებასთან, იმ მდგომარეობას, რომელიც უკლებლივ ყოველი კაცის ხვედრია, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ხიბლის საკმაოდ გასაგები განსაზღვრება: ხიბლი არის კაცის მიერ ჭეშმარიტებად მიღებული ტყუილის შეთვისება. ხიბლი თავიდან აზროვნების წესზე მოქმედებს, როდესაც აზროვნება მიიღებს მას და გაუკუღმართდება, ხიბლი მაშინვე გადაეცემა გულს და იმასაც რყვნის, ხოლო როდესაც კაცის მთელ არსებას დაიპყრობს, მერე უკვე მის ყოველ ქცევას განსაზღვრავს და თვით ხორცსაც წამლავს, რამეთუ შემოქმედმა ხორცი განუყოფლად დაუკავშირა სულს. ხიბლი არის წარწყმედის ანუ მარადიული სიკვდილის მდგომარეობა.

დაცემის დღიდან მოყოლებული კაცი თავისუფალი მისადგომია ეშმაკისათვის (წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი, ციტატა ნიკიფორე მონაზვნის სიტყვიდან, ფილოკალია, ტ. II, აგრეთვე მაკარი დიდი, სიტყვა 7, თავი 2). ეშმაკს აქვს ამის უფლება: ადამიანი თავისი ნებით დაემორჩილა მის ხელმწიფებას, რაკი ღმრთის მორჩილება უარყო, ღმერთმა გამოიხსნა კაცი. გამოხსნილ კაცს თავისუფალი არჩევანი აქვს - დაემორჩილოს ან ღმერთს, ან ეშმაკს, და ეს თავისუფლება შეუზღუდველი რომ იყოს, ეშმაკს კაცთან მისადგომი გზა შეუნარჩუნეს. ცხადია, ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს უწინდელ მორჩილებაში დაიტოვოს კაცი, ანდა კიდევ უფრო მეტადაც დაიმონოს, ამისთვის კი ძველსა და ნაცად იარაღს - ტყუილს ხმარობს. იგი ეყრდნობა ჩვენს მისწრაფებას საკუთარი თავის ცთუნებისაკენ და ცდილობს მოგვხიბლოს და მოგვატყუოს, ვნებებს გვიღვიძებს, მათ დამღუპველ მოთხოვნებს სიკეთის საფარველში ხვევს და ცდილობს ვნებების აყოლაზე დაგვითანხმოს. ვინც ერთგულია ღმრთის სიტყვისა, არ აძლევს თავს ამის ნებას, თრგუნავს ვნებებს და წინაღუდგება ეშმაკს (იაკობი 4,7). ასეთი კაცი სახარების მცნებებს მისდევს, ებრძვის თავის ცთუნების სურვილს, სძლევს ვნებებს, თანდათან თავისუფლდება დაცემულ სულთა გავლენისაგან და ხიბლის მდგომარეობიდან გადადის ჭეშმარიტებისა და თავისუფლების მდგომარეობაში (იოანე, 8,32), რომელსაც კაცს ღმრთაებრივი მადლი ანიჭებს. ქრისტეს სწავლებისაგან განდრეკილი, საკუთარ ნებასა და გონებას აყოლილი ადამიანი მტერს ემორჩილება და თავის ცთუნებიდან გადადის ეშმაკის საცთურის მდგომარეობაში. თავისუფალი ნების ბოლო ნარჩენებსაც კარგავს და სრულიად ემონება ეშმაკს. ეშმაკის საცთურში მოხვედრილი ადამიანების მდგომარეობა სხვადასხვანაირია, გააჩნია, უპირატესად რომელ ვნებასაა კაცი აყოლილი და დამონებული, და გააჩნია ამ დამონების ხარისხს. თუმცა კი ყველა, ვინც ეშმაკის საცთურში ჩავარდა, ხიბლის მდგომარეობაში იმყოფება და ეშმაკის ტაძარსა და იარაღს წარმოადგენს, მარადიული სიკვდილის კერძია და ჯოჯოხეთის ჯურღმულებში დამკვიდრება მოელის.

მოწაფე: ჩამოთვალე ეშმაკის საცთურის სახეები, რომელთაც არასწორი ლოცვა იწვევს.

ბერი: ეშმაკთა საცთურის ყველა სახე, რომელიც მოღვაწეს ებრძვის, იქიდან ჩნდება, რომ ლოცვას საფუძვლად სინანული არ უდევს, სინანული არაა ლოცვის საწყისი, სული, მიზანი. წმ. გრიგოლ სინელი ამბობს: „თუ კაცს არასწორი წარმოდგენა აქვს თავის თავზე და მაღალი ლოცვის მოპოვებაზე ოცნებობს, და ამას ესწრაფვის არა ჭეშმარიტი, არამედ სატანური მოშურნეობით, მას ეშმაკი ადვილად ხვევს თავის ბადეში, ის უკვე ეშმაკის მსახურია“. ყოველი კაცი, ვინც ცდილობს შევიდეს ძე ღმრთისას ქორწილში წმიდა და სპეტაკი სამოსლით კი არა, რომელსაც სინანული ანიჭებს, არამედ ძონძებით, ანუ ძველი ადამიანის ცოდვებითა და თავის ცთუნებით დამძიმებული, შორს, ბნელ გარესკნელში, ეშმაკის საცთურში ვარდება. „და განგიზრახებ შენ, რაჲთა იყიდო ჩემგან ოქრო, გამოხურვებული ცეცხლითა, რაჲთა განმდიდრე და სამოსელი სპეტაკი შეიმოსო, და არა გამოცხადნეს სირცხვილი სიშიშულისა შენისა, და საოლავნი, რაჲთა იოლვნე თუალნი შენნი, რაჲთა ხედვიდე. მე რომელნი მიყუარან, ვამხილებ და ვსწავლი. ეშურვებოდენ უკუე, და შეინანე“ (გამოცხ. 3,18-19). სინანული და მისი ყოველი გამოვლინება: გულის შემუსრვილება, გლოვა, ცრემლი, თავის ყვედრება, ხსოვნა და წინასწარგანცდა სიკვდილისა, ღმრთის სამსჯავროსი და მარადიული სატანჯველისა, ღმრთის არსებობის განცდა, შიში ღმრთისა - ყოველივე ეს ღმრთის ნიჭებია, და თანაც უძვირფასესი, მთავარი და თავდაპირველი ნიჭები, მარადიული და უმაღლესი ნიჭების საწინდარი. სინანულის ნიჭების მიუღებლად მარადიული ცხოვრების ნიჭების მიღება შეუძლებელია. წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: „დაღაცათუ დიდთა მოღვაწებათა აღვასრულებდეთ და გული ჩვენი ულმობელად იყოს, ვუწყითმცა ვითარმედ ვსცთებით“ (სიტყვა 7,82). სინანული, გულის შემუსრვილება, გლოვა სწორად წარმართული ლოცვის ნიშანია, თუ ისინი არ გაგვაჩნია, მაშასადამე თავის მოცთუნების, ხიბლის ან უნაყოფობის მდგომარეობაში ვართ. ერთიცა და მეორეც, ანუ ხიბლი და უნაყოფობა, არასწორად წარმართული ლოცვის უცილობელი შედეგია, არასწორად წარმართული ლოცვა კი განუყოფელია თავის მოცთუნებისაგან.

არასწორი ლოცვის ყველაზე სახიფათო სახე ისაა, როდესაც მლოცველი თავისი წარმოსახვით თხზავს ოცნებებსა და სურათებს, რომელთაც თითქოს საღმრთო წერილიდან სესხულობს, სინამდვილეში კი ამ წარმოსახვის წყაროა მლოცველის მდგომარეობა, მისი დაცემულობა, ცოდვილობა, თავის ცთუნება. ამ სურათებით კაცი ხარკს უხდის არასწორ წარმოდგენას საკუთარ თავზე, ცუდმედიდობასა და ამპარტავნებას, მოკლედ, თავს იტყუებს. ცხადია, ჩვენი დაცემული ბუნების მიერ შეთხზული ოცნების სურათები სინამდვილეში არ არსებობს, ესაა ტყუილი და მოგონილი, რაც ასე შეითვისა და შეიყვარა დაცემულმა ანგელოზმა. მეოცნებე ლოცვის დაწყებისთანავე სცილდება ჭეშმარიტების სფეროს და ტყუილის სფეროში გადაინაცელებს, და ნებსით ემონება სატანას.

წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი მეოცნების ლოცვასა და მის ნაყოფს ასე აღწერს: „იგი ზეცისკენ აღაპყრობს ხელებს, თვალებსა და გონებას“ - კლოპშტოკისა და მილტონის მსგავსად - „და წარმოიდგენს ღმრთაებრივ საკრებულოებს; ზეციურ სიკეთეებს, ანგელოზთა დასებს, წმინდანთა სავანეებს - მოკლედ, მისი წარმოსახვა შემოკრებს ყველაფერს, რაც კი ოდესმე საღმრთო წერილში წაუკითხავს, და ლოცვის დროს წარმოადგენს, ცას შეჰყურებს, ყოვლივე ამით სულს ღმრთაებრივი სიყვარულისკენ აღაგზნებს, ზოგჯერ ოხრავს და ტირის. ამრიგად, გული თანდათან ამაყდება, მაგრამ გონება ამას ვერ ხვდება. კაცს ჰგონია, რომ რასაც განიცდის, ღმრთის მადლის ნაყოფია, უფლის მიერ მის სანუგეშებლად მოვლენილი, და ღმერთს ევედრება, მუდამ ამ მდგომარეობაში ამყოფოს. სწორედ ესაა ხიბლის ნიშანი. ასეთი კაცი, თუნდაც სრულ მდგომარეობას იმარხავდეს, მაინც ვერ გაექცევა ჭკუიდან შეშლასა და სიგიჟეს. და თუ ამას როგორღაც გადაურჩა, სულიერ განსჯას, სათნოებასა და უვნებლობას ვერასოდეს მოიპოვებს. ამგვარად ცთუნებული ხშირად ნათელს ჭვრეტს ხორციელი თვალით, ყნოსვით ნელსუნნელებას აღიქვამს ანდა რაღაც ხმები ჩაესმის. ზოგიერთი მათგანი ეშმაკეულად იქცა, ჭკუიდან შეიშალა და ერთი ადგილიდან მეორეზე ხეტიალი დაიწყო, ზოგმა ნათლის ანგელოზად გარდასახული ეშმაკი შეიწყნარა, მოიხიბლა და სიკვდილამდე ასე დარჩა, რადგან არც ერთი ძმის რჩევა არ მიიღო, ზოგმა, ეშმაკისაგან ჩაგონებულმა, თავი მოიკლა - უფსკრულში გადაიჩეხა ანდა თავი ჩამოიხრჩო. ვინ მოთვლის ეშმაკის ათასნაირ, გამოუცნობ მზაკვრობებს? თუმცა, რაც გითხარი, იქიდანაც ყოველი გონიერი კაცი ადვილად მიხვდება, რა მავნეა სულისათვის ასეთი ლოცვა. ზემოთ ჩამოთვლილი უბედურებები უფრო მეტად დაყუდებულ ბერებს შეემთხვევა ხოლმე, მონასტერში, ძმებთან ერთად მცხოვრებს ეს შეიძლება არც დაემართოს, მაგრამ ერთი კია - მთელი მისი ცხოვრება უნაყოფოა“ (სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი, ყურადღებისა და ლოცვის პირველი სახის შესახებ, ფილოკალია, ტ. I).

ყველა წმ. მამა, ვინც სულიერი ლოცვის შესახებ წერდა, არა მარტო ოცნების სურათების განზრახ დახატვას გვიკრძალავს, არამედ გვასწავლის, ჩვენი ნებითა და თანაგრძნობით არ მივიდრიკოთ იმ ოცნებებისა და ჩვენებების მისაღებად, რომლებიც ჩვენი ნებისაგან დამოუკიდებლად, მოულოდნელად გვეცხადება. ესეც ხშირია ლოცვის დროს, განსაკუთრებით მდუმარების ღვაწლში მყოფთა შორის. ღირსი მამა გრიგოლ სინელი ამბობს: „ნურაფრით ნუ მიიღებ, თუკი რაიმეს იხილავ ხორციელი თვალით ანდა გონებით, შენს გარეთ თუ შიგნით, სულერთია, ქრისტეს სახე ექნება მას, ანგელოზის, თუ რომელიმე წმინდანის, ნურც იმას მიაქცევ ყურადღებას, რაიმე ნათელი თუ გეჩვენა... მღვიძარე იყავ და გაფრთხილდი, ნუ მისცემ თავს ნებას რაიმეს ერწმუნო, ნუ გამოხატავ თანხმობასა და თანაგრძნობას, ნუ იჩქარებ ენდო რაიმე ხილვას, თუნდაც იგი ჭეშმარიტი და კეთილი იყოს, განურჩეველი და გულგრილი იყავი მის მიმართ, დაიცევ გონება შენი ხილვებისაგან, ნურავითარ გამოსახულებებს ნუ შეათხზეევინებ და ნურავითარ გამოსახულებებს ნუ დაამჩნევ მას. ვინც რაიმეს წარმოიდგენს გონებით ან ხორციელი თვალით, თუნდაც ეს ღმრთისაგან იყოს, და მიიღებს მას, იოლად ვარდება ხიბლში, ან ხიბლისადმი თავის მიდრეკილებას მაინც ამჟღავნებს, რაკი ნაჩქარევად და განუსჯელად ღებულობს ხილვებს. ახალმოსულმა მთელი ყურადღება გულით ლოცვას უნდა დაუთმოს, მხოლოდ ეს მოქმედება მიიჩნიოს ხიბლისაგან დაცულად, და სხვა არაფერი გაიკარონ მანამ, სანამ უვნებობას მიაღწევდეს. ღმერთი არ განგვირისხდება, თუ ხიბლის შიშით უკიდურესი სიფრთხილით მოვეკიდებით ჩვენს თავს. ღმერთს ისიც კი არ განარისხებს, თუ კაცი ნამდვილად მის მიერ მოვლენილ ხილვას არ შეიწყნარებს. პირიქით, აქებს მას ასეთი გონიერებისათვის“. წმ. ამფილოქე, სიყრმიდან მონაზონი, სიჭარმაგის წლებში და სიბერეში  უდაბნოში იყო დაყუდებული - გამოქვაბულში გამოკეტილმა და მდუმარების დამმარხველმა დიდ სულიერ საზომს მიაღწია. დაყუდებულ ცხოვრების მეორმოცე წელს ღამით ანგელოზი ეჩვენა და უთხრა: „ამფილოქე! წადი ქალაქში და დამწყსენ სულიერნი ცხოვარნი ჩემნი! - ამფილოქემ თავისი ჩვეულებრივი მოღვაწეობა განაგრძო და ყურადღება არ მიუქცევია ანგელოზის ბრძანებისათვის. მეორე ღამეს კვლავ ეჩვენა ანგელოზი და გაუმეორა ბრძანება, თან დაუმატა, ეს ბრძანება ღმრთისაგანააო. ამფილოქე არც ამჯერად დაემორჩილა ანგელოზს, რადგან მოხიბლვისა ეშინოდა და ახსოვდა მოციქულის სიტყვები: „თვით იგიცა ეშმაკი იცვალისვე ანგელოზად ნათლისა“ (2 კორ. 11,14). მესამე ღამეს კვლავ გამოეცხადა ანგელოზი, დიდებისმეტყველება აღუვლინა უფალს და ამით დაარწმუნა ამფილოქი, რამეთუ დაცემული სულნი ღმრთის დიდებას ვერ იტანენ. ანგელოზმა ხელი მოჰკიდა ბერს, სენაკიდან გაიყვანა და ახლომდებარე ეკლესიისაკენ გაუძღვა. ეკლესიის კარი თავისთავად გაიღო, იგი ზეციური ნათლით იყო განათებული, შიგნით მრავალი წმიდა მამა იდგა, სპეტაკ სამოსელში გამოწყობილი, მზესავით გაბრწყინვებული სახეებით. მათ ამფილოქე ქალაქ იკონიის ეპისკოპოსად აკურთხეს (მას ეკლესია 23 ნოემბერს იხსენიებს). ღირსი ისააკ და ნიკიტა პეჩორელები კი პირიქით მოიქცნენ და საშინელი უბედურება დაიტეხეს თავს. მათ ახალი დაწყებული ჰქონდათ დაყუდებული ცხოვრება და გამოუცდელები იყვნენ, ამიტომ განუსჯელად მიენდნენ ჩვენებას. ისააკს ეჩვენა დემონთა დასი, ნათლით შემოსილი: ერთს ქრისტეს სახე მიეღო, დანარჩენებს - წმიდა ანგელოზთა. ნიკიტამ ჯერ ნელსურნელება იგრძნო ჰაერში და ჩაესმა ხმა, ვითომდა ღმრთისგან, მერე კი ეშმაკი გამოეცხადა ანგელოზის სახით (მღვიმის პატერიკი). გამოცდილი ბერები ბევრად ნაკლებად ენდობიან საკუთარ თავს, ვიდრე ახალმოსულნი, განსაკუთრებით მოღვაწეობის სურვილით განხურვებულნი. წმ. გრიგოლ სინელი სიყვარულით აფრთხილებს საცთურში ჩავარდნისაგან მდუმარების ღვაწლს შედგომილ მონაზონს, ვისთვისაც მისი წიგნია დაწერილი: „მინდა გარკვეული წარმოდგენა გქონდეს ხიბლის შესახებ: იმიტომ მინდა, რომ შეძლო ხიბლისაგან თავდაცვა, რათა შესაფერისი ცოდნით აღჭურვილი მოშურნეობის საბაბით რაიმე ხიფათს არ გადააწყდე და სული არ წარიწყმიდო. კაცის თავისუფალი ნება მიდრეკილია ჩვენს მტრებთან ურთიერთობისკენ, მეტადრე ახალი, გამოუცდელი მოღვაწეების ნება, რამეთუ ისინი ჯერ კიდევ ეშმაკის გავლენის ქვეშ იმყოფებიან“ (დასახელებული წერილი). მართებული ნათქვამია: ხიბლისკენ იხრება, მისკენ მიილტვის ჩვენი თავისუფალი ნება, რადგან ყოველგვარი ხიბლი ხარკს უხდის არასწორ წარმოდგენას საკუთარ თავზე, ჩვენს ცუდმედიდობასა და ამპარტავნებას. „ეშმაკები ახალმოსულებისა და ურჩების გარშემო დაძრწიან, გულისსიტყვებისა და დამღუპველი ოცნებების ქსელებს ხლართავენ, დაცემას უმზადებენ მათ. ახალმოსულთა ქალაქი ჯერ კიდევ ბარბაროსთა ხელშია... იოლად ნუ აჰყვები იმას, რაც გეჩვენება, არამედ იყავი დინჯი, დიდი სიფრთხილით დაიმარხე კეთილი, ბოროტი კი განაგდე. იცოდე, მადლისმიერი ნიჭები ცხადნი არიან, მათი მოცემა დემონს არ შეუძლია. ვერც სიმშვიდეს მოგვცემს, ვერც მყუდროებას, ვერც სიმდაბლეს, ვერც სოფლის მოძულებას. იგი არ თრგუნავს ვნებებსა და გემოთმოყვარეობას, როგორც ამას მადლი სჩადის“. ეშმაკის მოქმედების ნაყოფია: განლაღება - ქედმაღლობა, მედიდურობა, ამპარტავნება, მოკლედ, ბოროტების ყველა სახე. ასე რომ, იმის მიხედვით, თუ როგორ მოქმედებს შენს სულში გაბრწყინებული ნათელი, შეგიძლია შეიცნო, ღმრთისაგანაა იგი, თუ სატანისაგან (ფილოკალია, ტ. I, ხიბლისათვის). უნდა დავუმატოთ, რომ ამის დანახვა მაღალ საზომს მიწევნულ ბერებს ძალუძთ და არა ახალმოსულებს. ღირსი გრიგოლ სინელი, მართალია, ახალმოსულს ესაუბრება, მაგრამ ისეთ ახალმოსულს, რომლისთვისაც მდუმარების ღვაწლია ახალი, თორემ მონაზვნობა კარგა ხნის მიღებული აქვს და ასაკოვანიც გახლავთ, ასე ჩანს წიგნიდან.

მოწაფე: თვითონ ხომ არ გინახავს ვინმე, ვინც არასწორი ლოცვის ამ სახემ გაიტაცა და ეშმაკის საცთურში ჩავარდა?

ბერი: მინახავს. ერთი პეტერბურგელი მოხელე განსაკუთრებით ბევრს ლოცულობდა და ამის გამო უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თავის მოღვაწეობასა და მის შედეგებზე ესაუბრა ღმრთისმშობლის საფარველის ეკლესიის დეკანოზს, კოლობნაში. დეკანოზმა სანკტ-პეტერბურგის ეპარქიის ერთ-ერთი მონასტრის მონახულებისას მავან ბერს სთხოვა გასაუბრებოდა ამ მოხელეს. დეკანოზმა სრულიად მართებულად შენიშნა, რომ „მოხელის უცნაურ მდგომარეობას უფრო უკეთ ახსნიან მონასტრის მკვიდრნი, რადგან ისინი უფრო იცნობენ ასკეტური მოღვაწეობის წვრილმანებსა და შემთხვევითობებს“. ბერი დათანხმდა. გარკვეული ხნის შემდეგ მოხელე მონასტერში ჩავიდა. მისი და იმ ბერის საუბარს მეც ვესწრებოდი. მოხელემ მყისვე თავისი ხილვების მოყოლა დაიწყო, თქვა, რომ იგი ლოცვის დროს მუდამ ხედავს ხატებიდან გადმოსულ ნათელს, ყნოსვით ნელსურნელებას აღიქვამს, არაჩვეულებრივ სიტკბოს გრძნობს და ა.შ. ბერმა მოუსმინა და ჰკითხა: „თავის, მოკვლაზე ხომ არ გიფიქრიაო?“ „როგორ არა“, მიუგო მოხელემ, „ერთხელ უკვე გადავხტი შადრევანში, მაგრამ ამომათრიეს“. გაირკვა, რომ მოხელე წმ. სვიმეონის მიერ აღწერილ არასწორი ლოცვის სახეს იყენებდა, ამით აღაგზნებდა სისხლსა და წარმოსახვას, ამ მდგომარეობაში კაცს გაძლიერებული ლოცვისა და მარხვისაკგნ უჩნდება მიდრეკილება. საკუთარი თავის მოტყუების მდგომარეობას, რომელშიც კაცი ნებსით იგდებს თავს, ეშმაკი თავის მზაკვრობასაც უმატებს, და კაცი თავის მოცდუნებიდან ეშმაკის საცთურის სფეროში გადადის. მოხელემ ხორციელი თვალით იხილა ნათელი, მის მიერ აღქმული ნელსურნელება და სიტკბო ასევე ხელშესახები იყო. ამის საპირისპიროდ, წმინდანების ხილვები და მათი ზებუნებრივი მდგომარეობები სულიერ სფეროს ეკუთვნის (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 55). მოღვაწე მხოლოდ მაშინაა მზად ამისათვის, როდესაც ღმრთაებრივი მადლი გაუნათლებს სულიერ თვალს. ამ დროს ცოცხლდება სხვა სულიერი განცდები, რომლებიც აქამდე იყვნენ მასში (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, სიტყვა სარწმუნოებაზე, ფალოკალია, ტ. I). ამ მადლისმიერ ხილვებში წმინდანთა ხორციელი გრძნობებიც მონაწილეობენ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ხორცი ვნებებისაგან თავისუფლდება და უვნებო ხდება. ბერმა სცადა დაერწმუნებინა მოხელე, თავი დაენებებინა ასეთი ლოცვისათვის, აუხსნა, რომ მისი ლოცვაც არასწორია და თვით მდგომარეობაც, მაგრამ მან აღშფოთებით უარყო რჩევა - როგორ ვთქვა უარი აშკარა მადლზეო?

მოხელეს რომ ვუსმენდი, გამოუთქმელი სიბრალული ვიგრძენი ამ კაცის მიმართ, და თან როგორღაც სასაცილოდაც მეჩვენა. მაგალითად, მან ასეთი რამ ჰკითხა ბერს: „დიდი სიტკბოსაგან პირში ნერწყვი მიგროვდება და იატაკზე წვეთავს ხოლმე, ვაითუ ეს ცოდვაა?“ მართლაც, ეშმაკის საცთურში ჩავარდნილი კაცი სიბრალულს იწვევს, როგორც ჭკუიდამ შეშლილი და გულითა და გონებით მაცთური სულის ტყვეობაში მყოფი. და ამასთან ერთად სასაცილოცაა - სასაცილოდ აქცევს ეშმაკი, რომელმაც ჯერ ცუდმედიდობითა და გონების ამაღლებით მოხიბლა და მერე დასცინა. თვითონ მოხიბლულნი ვერც თავიანთ ტყვეობას გრძნობენ და ვერც იმას, რომ უცნაურად იქცევიან. 1820-29 წლების ზამთარი პლოშჩინის უდაბნოში გავატარე. მაშინ იქ ერთი მოხიბლული ბერი ცხოვრობდა. მან ხელი მოიჭრა, ეგონა ამით სახარების მცნებას ასრულებდა, და ვინც ყურს დაუგდებღა, ყველას უყვებოდა, რომ მისი მოკვეთილი ხელი წმიდა ნაწილად იქცა, რომ იგი ინახება და თაყვანისიცემება მოსკოვის სვიმეონის მონასტერში, და რომ ბერი პლოშჩინის უდაბნოში, 500 ვერსის მანძილზე გრძნობს, როცა წმ. სვიმეონის მონასტრის არქიმანდრიტი და ძმები ამ ხელს ემთხვევიან ხოლმე. ამ დროს ბერი ცახცახს იწყებდა და ხმამაღლა ქშინავდა, თვითონ ეს ლოცვის შედეგი ეგონა, მაყურებელს კი გაუკუღმართებულად ეჩვენებოდა, რაც მხოლოდ სიბრალულისა და დაცინვის ღირსია. მონასტერში მცხოვრები ობოლი ბავშვები ერთობოდნენ ამ სანახაობით და ბერის თვალწინ იმეორებდნენ მის მოძრაობებს. ბერი ბრაზდებოდა, ხან ერთ ბავშვს გამოეკიდებოდა, ხან მეორეს, და თმით ითრევდა. მონასტრის ვერც ერთმა გამოცდილმა ბერმა ვერ შეძლო მისი დარწმუნება, რომ ხიბლის მდგომარეობაშია და სულიერი აშლილობა სჭირს.

როდესაც მოხელე წავიდა, ბერს ვკითხე, საიდან მოგიგიდათ აზრად, თავის მოკვლის შესახებ გეკითხათ-მეთქი. მამიპასუხა: „როგორც საღმრთო გლოვის დროს მოდის უჩვეულო სიმშვიდის გრძნობა, ნუგეშინისმცემელი მგლოვარეთა, ისევე მტყუვარი ტკბობის დროს, რომელსაც ეშმაკის საცთური გვანიჭებს, არის წუთები, როდესაც ხიბლი თითქოს მჟღავნდება, და ჩანს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. საშინელი წუთებია! აუტანელია ამ წუთების სიმწარე და მათ მიერ მოგვრილი სასოწარკვეთილების განცდა. ამ მდგომარეობის მიხვდეით მოხიბლული წესით უნდა ხვდებოდეს, რომ ხიბლის ტყვეობაშია, და სცადოს მისგან თავის დაღწევა, მაგრამ ვაი, რომ ხიბლის დასაწყისი ამპარტავნებაა, ნაყოფი კი - უკიდურესი ამპარტავნება. მოხიბლული ღმრთაებრივი მადლის ჭურჭელად მიიჩნევს თავს და არაფრად აგდებს ახლობელთა მხსნელ შეგონებებს, როგორც ეს წმ. სვიმეონმა შენიშნა. ამასობაში სასოწარკვეთილების შემოტევები უფრო და უფრო ძლიერდება, ბოლოს კაცი ჭკუიდან იშლება და თავს იკლავს. ამ საუკუნის (XIX ს.) დასაწყისში რუსეთის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობდა სქემოსანი მონაზონი თეოდოსი, რომელმაც მონასტრის ძმებისა და ერისკაცების პატივისცემა მოიპოვა მკაცრი მოღვაწეობით. ერთხელ ჩვენება ჰქონდა, თითქოს სამოთხეში მოხვდა. ბერი მონასტრის წინამძღვართან მივიდა, დაწვრილებით უამბო ხილვა და სინანული გამოთქვა, რომ სამოთხეში თავისი თავის გარდა ძმათაგან ვერავინ ნახა. ეს მომენტი მხედველობიდან გამორჩა წონამძღვარს, შეკრიბა ძმები, ბერის ნაამბობი გადასცა და უფრო გულმოდგინე მოღვაწეობისკენ მოუწოდა. მალე ბერს რაღაც უცნაერობები შენიშნეს. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ საკუთარ სენაკში იპოვეს ჩამომხრჩვალი“. 

მე თვითონ ერთი ასეთი შემთხვევა მახსოვს: ერთხელ ათონიდან ფულის შესაგროვებლად ჩამოსული მღვდელმონაზონი მეწვია. მისაღებ სენაკში დავსხედით. მან მითხრა: „ლოცვა-ჰყავ ჩემთვის, მამაო, ბევრსა ვჭამ და ბევრი მძინავს“. ამას რომ მეუბნებოდა, მისგან გამომავალი უცნაური მხურვალება ვიგრძენი ღა ვუპასუხე: „არც ბევრსა ჭამ და არც ბევრი გძინავს, მაგრამ მითხარი, რაიმე განსაკუთრებული ხომ არა გჭირს?“ და ვთხოვე, შინაგან სენაკში შემომყოლოდა. წინ გავუძეხი, სენაკის კარი შევაღე და გუნებაში ღმერთს შევევედრე, ჩემი დამშეულ სულისთვის რაიმე სარგებლობა მიეცა ათონელი ბერის საშუალებით, თუ ის ღმრთის ჭეშმარიტი მონა იყო. მართლაც, რაღაც ჰქონდა ამ კაცს განსაკუთრებული. შინაგან სენაკში რომ დავსხედით, ვთხოვე: „წყალობა-ჰყავ და მასწავლე ლოცვა, მამაო. შენ მონაზონთა საეკლესიო სამყოფელოში ცხოვრობ, ათასი მონაზონი გყავს გარშემო. ასეთ ადგილას და მონაზონთა ასეთ საკრებულოში უეჭველად იქნებიან დიდი მლოცველები, რომლებმაც ლოცვის საიდუმლოებები იციან და გადასცემენ მათ მოყვასს, როგორც ამას სჩადიოდნენ გრიგოლ სინელი და გრიგოლ პალამა, აგრეთვე ბევრი სხვა ათონელი წმიდა მამა“. მღვდელმონაზონი მყისვე დამთანხმდა მოძღვრობაზე და უცებ - ვაიმე! - მგზნებარედ დამიწყო ზემოთ გადმოცემული არასწორი ლოცვის სწავლება. რას ვხედავ: საშინლადაა განხურვებული, სისხლიც უდუღს და წარმოსახვის უნარიც გაზვიადებული აქვს! იგი კმაყოფილი და აღტაცებულია თავის თავით, მოკლედ, აშკარად მოხიბლულია! ვაცალე ლაპარაკი და მერე ნელ-ნელა, მოწაფის ტონით, დავუწყე მოყოლა, თუ რას ამბობენ წმ. მამები ლოცვის შესახებ, ძირითადად ფილოკალიას ვეყრდნობოდი. მერე ვთხოვე, აეხსნა ეს სწავლება. ათონელი ბერი სრულიად გაოგნდა: იგი საერთოდ არ  იცნობდა წმ. მამების სწავლებას ლოცვის შესახებ! ცოტა ხნის შემდეგ ვუთხარი: „მამაო, პეტერბურგში რომ ჩამოხვალ, სასტუმროში ზედა სართულზე ნუ აიღებ ოთახს, ქვედა სართული გერჩივნოს“. რატომო? გაუკვირდა. „იმიტომ, რომ თუკი ანგელოზები მოულოდნელად პეტერბურგიდან პირდაპირ ათონზე გაფრენას დაგიპირებენ, თუ დაუვარდი, სიკვდილს ვერ ასცდები, ხოლო თუ ქვედა სართულიდან წაგიყვანენ, უბრალო დამტვრევით გადარჩები“. „შენ წარმოიდგინე“, მითხრა ბერმა, „უკვე ბევრჯერ მიფიქრია ლოცვაზე მდგომს, ანგელოზები ამიყვანენ და ათონზე დამსვამენ-მეთქი!“ გაირკვა, რომ მღვდელმონაზონი ჯაჭვებს ატარებს, თითქმის არ სძინავს, ცოტას ჭამს, და ისე სცხელა, რომ ზამთარში თბილი ტანსაცმელი არ სჭირდება. საუბრის ბოლოს ასეთი ხერხი ვიხმარე: ვთხოვე ათონელ ბერს, რომ მას, როგორც მმარხველსა და მოღვაწეს, გამოეცადა წმ. მამების მიერ გადმოცემული ლოცვის მეთოდი: გონებამ არავითარი ოცნება არ უნდა გაიკაროს, მთლიანად ლოცვის სიტყვებში დაინთქას და, როგორც იოანე კიბისაღმწერელი გვირჩევს, „ისწრაფე აღყვანებად გონებისა შენისა და შეყენებად სიტყვათა შენთა ლოცვასა შინა“ (სიტყვა 28, მუხლი 27). ამავე დროს გული თანაშეეწევა გონებას ცოდვებზე ტირილით, როგორც ღირსმა მაკარიმ თქვა: „გონება, რომელიც ლოცვის დროს დაცულია გაფანტულობისაგან, გულს შეაიწრებს, ხოლო „გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს“ (ფსალმ. 50, სიტყვა მათ შესახებ, ვისაც ჰგონია, რომ საქმეთაგან განმართლღება, თავი 31, ფილოკალია, ტ. I). ბერს ვუთხარი: „ამ ხერხს რომ გამოსცდი, მეც გამაგებინე შედეგი, ჩემთვის ასეთი ლოცვა შეუძლებელია ჩემი ცხოვრების წესის გამო-მეთქი“. ათონელი ბერი ხალისით დამთანხმდა.

რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა და მითხრა: „ეს რა მიყავი?“ რა-მეთქი, ვკითხე. „როგორც კი ვცადე ყურადღებით მელოცა და გონება ლოცვის სიტყვებში ჩამეკეტა, ყველა ხილვა გაქრა და ვეღარ დამიბრუნებია“. ამის შემდეგ ათონელი ბერისთვის აღარ შემიტყვია ის თავდაჯერება და კადნიერება, რაც პირველი შეხვედრისას ასე თვალშისაცემი იყო და რაც დამახასიათებელია მოხიბლულთათვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ წმინდანები არიან, ანდა მაღალ სულიერ საზომს მიწევნულნი. მან ჩემი მდაბიო რჩევის მოსმენაც კი მოისურვა. ვუთხარი, გარეგნული ცხოვრების წესით სხვა მონაზვნებისაგან გამორჩევას მოერიდე, რადგან ასეთ გამორჩეულობას კაცი ამპარტავნებამდე მიჰყავს-მეთქი (კიბე, 4,110). მან მოიხსნა ჯაჭვები და მე გადმომცა. ერთი თვის შემდეგ ისევ მოვიდა და მითხრა, რომ აღარ სცხელა, თბილი ტანსაცმელი სჭირდება და ბევრადაც მეტი სძინავს. ისიც დაუმატა, ათონის მთაზე ბევრი ბერი, მათ შორის ისეთებიც, წმინდანის სახელი რომ აქვთ გავარდნილი, ლოცვის სწორედ ამ ხერხს მიმართავენ და სხვებსაც ასწავლიანო. რა გასაკვირია? წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი რვა საუკუნის წინ ცხოვრობდა და ისიც იმას ჩიოდა, შინაგანი ლოცვით ძალიან ცოტა ლოცულობსო (ლოცვის მესამე სახის შესახებ, ფილოკალია, ტ. I). წმ. გრიგოლ სინელმა, XIV საუკუნის მოღვაწემ, ათონის მთაზე რომ მივიდა, აღმოაჩინა, რომ ამ მთის მრავალრიცხოვან მონაზვნებს არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ შინაგან ლოცვაზე და მხოლოდ ბაგით ლოცულობდნენ (ღირსი გრიგოლ სინელის ცხოვრება, ფილოკალია, ტ. I). მონახულების შემდეგ წერდა, რომ სულიერი ლოცვით მლოცველთა რიცხვი უკიდურესად შემცირდა (სკიტეს ტიბიკონის შესავალი). არქიმანდრიტი პაისი ველიჩკოვსკი ათონის მთაზე 1747 წ. ჩავიდა მოლდავეთიდან. იგი კარგად გაეცნო ყველა მონასტერსა და სკიტეს, ესაუბრა ბევრ ბერს, რომლებიც წმ. მთაზე ყველაზე გამოცდილ და წმიდა მონაზვნეგად ითვლვბოდნენ. როდესაც პაისიმ სიტყვა ჩამოაგდო წმ. მამებზე, რომლებიც შინაგანი ლოცვის შესახებ წერდნენ, გაირკვა, რომ ამ მამების ნაწერები კი არა, მათი სახელებიც არასოდეს სმენოდათ. ფილოკალია მაშინ ჯერ კიდევ არ იყო თარგმნილი ბერძნულიდან. შინაგანი ლოცვა თავგანწირვას მოითხოვს, თავგანწირვას კი ცოტანი ბედავენ. საკუთარ თაში ჩაკეტილი, საკუთარ ცოდვათა ხედვით შეძრწუნებული, მრავალსიტყვაობასა და საერთოდ, ეფექტებსა და მსახიობობას განრიდებული კაცი უცნაურად, გაუგებრად, არასრულფასოვნად ეჩვენება ადამიანებს, ვისთვისაც უცნობია მისი საიდუმლო მოღვაწეობა. განა ასე ადვილია კაცისთვის საზოგადოების აზრის არად ჩაგდება? ანდა საზოგადოებამ ვით იცნოს ჭეშმარიტი შინაგანი ლოცვით მლოცველი, თუკი თვითონ ეს მოღვაწეობა სრულიად უცხოა მისთვის? მოხიბლული კაცი კი სულ სხვაა! არც ჭამს, არც სვამს, არც სძინავს, ზამთარში მხოლოდ ანაფორა აცვია, ყველას რაღაცას ასწავლის და ყველას ამხილებს კადნიერი უტიფრობით, არასწორი, ნივთიერი, ვნებიანი განხურვებით, და თვით ეს კადნიერება არის შედეგი დამღუპველი, საშინელი განხურვებისა. მოკლედ, „ნამდვილი წმინდანია“! თავიდანვე შეიმჩნეოდა საზოგადოების ლტოლვა ასეთების მიმართ. წმ. პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: „თავს-ცა იდებთ, უკუეთუ ვინმე დაგიმონებს, უკუეთუ ვინმე შეგჭამს, უკუეთუ ვინმე ამაღლდების თქუენ-ზედა, უკუეთუ ვინმე პირსა გცემს“ (2 კორ. 11, 20). პავლე მოციქული იმასაც წერს, რომ როდესაც თვითონ კორინთოში ჩავიდა, კადნიერად და თავხედურად როდის ეჭირა თავი, არამედ მისი საქციელი აღბეჭდილი იყო სიმდაბლით, „სიმშვიდითა და სახიერებითა ქრისტესითა“ (2 კორ. 10,1). დასავლეთის ეკლესიის მოღვაწეთა უმრავლესობა, (რომელთაც ეს ეკლესია უდიდეს წმინდანებად შერაცხავს) მას შემდეგ, რაც იგი გამოეყო აღმოსავლეთის ეკლესიას და დატევებულ-იქნა სული წმიდისაგანაც, ჩემს მიერ აღწერილი არასწორი მეთოდით ლოცულობდა და ცრუ ხილვებს ხედავდა. ეს ცრუ-წმინდანები სასტიკად იყვნენ ეშმაკისაგან მოხიბლულნი. ხიბლი უკვე თავისთავად აღმოცენდა ღმრთის გმობის საფუძველზე, რომლითაც მწვალებლებმა სარწმუნოების დოგმატური მხარე დაამახინჯეს. დასავლეთის ეკლესიის მოხიბლულ მოღვაწეთა მოქმედება ყოველთვის გონებადაბნელებული კაცის მოქმედება იყო, რაც არანორმალური ნივთიერი და ვნებიანი განხურვების შედეგია. ასეთ მდგომარეობაში გახლდათ ეგნატე ლოიოლა, იეზუიტების ორდენის დამაარსებელი. მას წარმოსახვის უნარი იმდენად ჰქონდა განხურვებული და დახვეწილი, რომ მისივე თქმით, ოდნავი დაძაბვისთანავე თვალწინ წარმოუდგებოდა სამოთხე და ჯოჯოხეთი. ეს ხილვა მხოლოდ ადამიანის წარმოსახვის ნაყოფი არ იყო, ამისთვის წარმოსახვა არ კმარა, ხილვის ავტორი გახლდათ ეშმაკი, რომელიც კაცის ნაკლულ მოქმედებას თავის მძლავრ მოქმედებას უმატებდა, თუმცა ეს ხდებოდა კაცის თავისუფალი ნების საფუძველზე, რომელმაც არასწორი მიმართულება აირჩია და შეითვისა. ცნობილია, რომ ჭეშმარიტ წმინდანებს ხილვები ენიჭებათ მხოლოდ ღვთაებრივი განგებითა და ღმრთაებრივი ქმედებით, და არა კაცის ნებითა და კაცის მცდელობით, ამასთან, ეს ხდება მოულოდნელად და ძალიან იშვიათად, ღმრთის განსაკუთრებული განგებულებით, და არა შემთხვევით, სხვათა შორის (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 36). მოხიბლულთა განსაკუთრებული მოღვაწეობა ჩვეულებრივ, საშინელი გარყენილების მსგავსია. სწორედ ეს გარყვნილებაა მოხიბლულთა მდგომარეობის შეფასების საშუალება. ამას ისტორიული გადმოცემები და მამათა თხზულებებიც მოწმობს. ღირსი მაქსიმე კაფსოკალივი ამბობს: „მაცთური სულის მხილველი ხშირად მრისხანებისა და მძვინვარებისკენაა მიდრეკილი, მისთვის უცხოა სიმდაბლისა და ლოცვის ნელსურნელება, ანდა ჭეშმარიტი ცრემლი. პირიქით, მუდამ თავს იქებს საკუთარი სათნოებებით, ცუდდიდებასაა აყოლილი და უშიშრად ეძლევა მაცთურ ვნებებს (ღირსი მაქსიმე კაფსოკალივისა და ღირსი გრიგოლ სინელის საუბრიდან).

მოწაფე: ახლა ჩემთვის ცხადია, რომ ამ სახის ლოცვა არასწორია და იგი თავის ცთუნებასა და ხიბლთანაა დაკავშირებული. გთხოვ, განმიმარტო არასწორი ლოცვის სხვა სახეები და მათთან დაკავშირებული ყალბი მდგომარეობები.

ბერი: ხომ ვთქვით, რომ გონებისმიერ არასწორ ლოცვას ხიბლამდე მივყავართ, და გულით არასწორ ლოცვასაც იგივე მოსდევს. როდესაც ვნებებით სავსე სულა წმიდის მადლით განუახლებელი გონებით სულიერი ჩვენებების ხილვას მიველტვით, ეს უკიდურესი ამპარტავნების ნიშანია, და ზუსტად ასეთივე ამპარტავნება და განუსჯელობაა, როდესაც მოუმზადებელი გული ესწრაფვის წმიდა, სულიერ, ღმრთაებრივ განცდებს. არაწმიდა გონება, საღმრთო ხილვებს მოწყურებული, თავის თავში თხზავს ამ ხილვებს, ამით თავს იტყუებს და ხიბლში ვარდება. ასევე გული, რომელსაც ღმრთაებრივი სიტკბოებისა და სხვა ღმრთაებრივი განცდების შეგრძნება სურს, თვითონ იგონებს მათ, თავს იტყუებს, იხიბლება და იღუპება, რამეთუ ტყუილის სამფლობელოში შედის: ეშმაკებთან ამყარებს კავშირს, მათ გავლენას ემორჩილება და მათვე ემონება.

ჩვენი დაცემული ბუნების გამო გულის განცდათა შორის ერთადერთი შეიძლება გამოვიყენოთ უხილავი ღმრთისმსახურებისათვის: მწუხარება ჩვენი ცოდვების, დაცემისა და წარწყმედის გამო, მწუხარება, რომელსაც გლოვა, სინანული, გულის შემუსრვილება ეწოდება. ამას საღმრთო წერილიც გვიმოწმებს: „რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკურთხი არა გთნდეს“ (ფსალმ. 50, 18). არც ერთი ეს განცდა, ცალ-ცალკე და ყველა ერთად, არ არის სათნო უფლის წინაშე, როგორც ცოდვით შებილწული და დაცემით შერყვნილი. „მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთგან არა შეურაცხყოს“ (ფსალმ. 50, 19). ეს მსხვერპლი თავის უარყოფაა, ამ მსხვერპლის შეწირვით ყველა სხვა მსხვერპლი თავისთავად უქმდება, სინანულის განცდა ახშობს ყველა სხვა განცდას. იმისათვის, რომ სხვა განცდების მსხვერპლი ღმერთს სათნო-ეყოს, ჯერ ღმრთაებრივი ნება უნდა გარდამოვიდეს ჩვენს სიონზე, ჯერ ჩვენი დანგრეული იერუსალიმის კედლები უნდა აღდგეს. ღმერთი მართალია და ყოვლადწმიდა, მისთვის სათნოა მხოლოდ მართალი და წმიდა მსხვერპლი, რომლის შეწირვაც ჩვენს კაცობრივ ბუნებას მხოლოდ განახლების შემდეგ ძალუძს. შებილწული მსხვერპლისა და ყოვლადდასწველის მიღება მას არ ნებავს. ვეცადოთ განვიწმინდოთ სინანულით, „მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლადდასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი“ (ფსალმ. 50, 21) - ზვარაკი, ანუ სული წმიდის მადლით განახლებული კაცის განცდები.

პირველი მცნება, რომელიც მაცხოვარმა მისცა მთელ კაცობრიობას, სინანულია: „მიერთიგან იწყო იესო ქადაგებად და სიტყუად: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“ (მათე, 4, 17). ეს მცნება თავის თავში იტევს და მოიცავს ყველა სხვა მცნებას. იმათ, ვისაც არ ესმოდა სინანულის ძალა და მნიშვნელობა, მაცხოვარმა არაერთხელ უთხრა: „ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რა არს: წყალობა მნებავს და არა მსხუერპლი“ (მათე, 9,13). ეს ნიშნავს: უფალმა შეიწყალა დაცემული და წარწყმედილი კაცთა მოდგმა და ყველას მიანიჭა სინანული, როგორც ერთადერთი გზა ხსნისა, რამეთუ ყოველი ადამიანი დაცემისა და წარწყმედის კერძია. უფალი არ მოითხოვს, არც კი სურს კაცთაგან მსხვერპლი, რომლის გაღებაც მათ არ ძალუძთ, მას მხოლოდ ის უნდა, რომ ადამიანებმა თვითონ შეიწყალონ საკუთარი თავი, სცნონ თავიანთი უბადრუკება და განთავისუფლდნენ მისგან სინანულის გზით. ზემოთ მოყვანილ ნათქვამს უფალმა საშინელი სიტყვები დაუმატა: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“. ვის გულისხმობს მართლებში? ბედკრულებს, რომლებიც, საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენით ცთუნებულნი, მიიჩნევენ, რომ სინანული მათთვის აუცილებელი არ არის, და ამიტომ ან საერთოდ უარყოფენ, ან ნაკლებად ზრუნავენ მასზე. რა უბედრებაა! ამიტომაც უარყოფს მათ მაცხოვარი, ამიტომაც კარგავენ ცხოვნების შესაძლებლობას. „ვაი სულს“, ამბობს ღირსი მაკარი დიდი, „რომელიც ვერ გრძნობს თავის წყლულებს, ვისი ბუნებაც უკვე შერყვნილია ბოროტის მიერ და თვითონ კი ჰგონია, რომ მისთვის სრულიად უცხოა ბოროტება. ასეთ სულს უკვე აღარ მოიხილავს და აღარ სწამლობს სახიერი მკურნალი, რამეთუ მან ნებსით დაუტევა ზრუნვა საკუთარ წყლულებზე. და თავისი თავი საღი უნაკლო ჰგონია. „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთაო“ (მათე, 9,12), ამბობს უფალი“ (მაკარი დიდი, სიტყვა მე-6 სიყვარულისათვის, თავი 16). რა სისასტიკეა საკუთარი თავის მიმართ სინანულის უარყოფა! სინანულის არად ჩაგდებაში საკუთარი თავისადმი საშინელი სიცივე და უსიყვარულობა გამოსჭვივის. ხოლო ის, ვინც თავის თავს ექცევა სასტიკად, შეუძლებელია მოყვასის მიმართ იყოს მოწყალე. და პირიქით, ვინც თავის თავს შეიწყალებს და სინანულის გზას დაადგება, მოყვასის მიმართაც შემწყნარებელი ხდება. აქედან ცხადია შეცდომის მთელი სიმძიმე: კაცი ართმევს სულს თვით ღმრთისაგან მონიჭებულ სინანულს, რომელიც არსებითი და აუცილებელია მისთვის და ყოველგვარი წესრიგის საწინააღმდეგოდ, ღმრთაებრივი კანონის საწინააღმდეგოდ, ცდილობს გააღვიძოს გულში ის განცდები, რომლებიც თავისთავად უნდა აღმოცენდნენ სინანულით განწმენდის შემდეგ, და ასეთი განცდები უკვე სულ სხვა ხასიათისანი არიან (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 55). ამის შესახებ ხორციელ კაცს არავითარი წარმოდგენა არა აქვს, რამეთუ სულიერი განცდები სრულიად უცხოა იმ გულისათვის, რომელიც მხოლოდ ხორციელ და მშვინვიერი განცდებით ცხოვრობს.

ყველამ იცის, თუ რა უბედურება ეწიათ იუდეველ მწიგნობრებსა და ფარისევლებს მათი არასწორი სულიერი მიმართულების გამო, ისინი არა მხოლოდ უცხო ექმნენ ღმერთს, არამედ ღმრთის მტრებად და ღმრთის მკვლელებადაც იქცნენ. სწორედ ასეთ უბედურებას იტეხენ თავს მლოცველები, რომლებიც თავიანთი მოღვაწეობისაგან სინანულს გამორიცხავენ. ისინი ცდილობენ გულში ღმრთის სიყვარულის, ტკბობისა და აღტაცების განცდები გააღვიძონ და ამ დროს კი ხელს უწყობენ საკუთარ დაცემას, უცხო-ექმნებიან ღმერთს, სატანასთან ამყარებენ ურთიერთობას და სული წმიდის მტრობით სნეულდებიან. საშინელია ხიბლის ეს სახე: იგი პირველივით დამღუპველია, მაგრამ ნაკლებად თვალსაჩინო: იშვიათად მთავრდება ჭკუიდან შეშლით ან თვითმკვლელობით, მაგრამ სრულიად განხრწნის გულსა და გონებას. ამ მდგომარეობას წმ. მამებმა „წარმოდგენა“ უწოდეს (ღირსი გრიგოლ სინელი, სიტყვა 108,128, ფილოკალია, ტ. I). ამ სახის საცთურს გულისხმობს წმიდა პავლე მოციქული, როდესაც ამბობს: „ნუვინ თქუენ მძლე გექმნებიან, უნდეს თუ სიმდაბლითა და წესითა ანგელოზთაათა, რომელი-იგი არა იხილა, განიკითხვიდეს ამაოდ განლაგებული გონებითა მით ხორცთა მისთაჲთა“ (კოლას. 2, 18). ამ საცთურში ჩავარდნილ კაცს თავის თავზე ექმნება წარმოდგენა, რომ მრავალი ღირსებისა და სათნოების მფლობელია, იმასაც კი ფიქრობს, რომ სული წმიდის ნიჭები აქვს მიმადლებული. წარმოდგენა შედგება ყალბი ცნებებისა და ყალბი განცდებისაგან, და ამ თვისებით მთლიანად ტყუილის მამის - ეშმაკის სფეროს ეკუთვნის.

მლოცველი, რომელიც ცდილობს თავის გულში ახალი კაცის განცდები გააღვიძოს, ისე რომ ამის არავითარი ძალა არ შესწევს, თხზავს საკუთარ, ყალბ განცდებს, რომლებსაც მაშინვე უერთდება დაცემულ სულთა გავლენა. კაცი ამ არასწორ განცდებს ჭეშმარიტად და მადლისმიერად აღიქვამს და მათი შესაბამისი წარმოდგენაც უყალიბდება. ეს განცდები გულს ეთვისება, თანდათან ძლიერდება და კვებავს ყალბ წარმოდგენებს. ცხადია, ასეთი არასწორი მოღვაწეობისაგან ჩნდება თავის მოტყუება და ეშმაკის საცთური - „წარმოდგენა“. წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი ამბობს „წარმოდგენა არ აძლევს საშუალებას კაცს, რომ მართლაც ის იყოს, რადაც თავი წარმოუდგენია. ვისაც თავისი თავი უვნებო ჰგონია, ვერასოდეს განიწმინდება ვნებათაგან, ვინც ფიქრობს, რომ სული წმიდის მადლითაა სავსე, ვერასოდეს მოიხვეჭს მას, ვისაც თავი წმინდანთა შორის შეურაცხავს, ვერასოდეს მოიპოვებს სიწმინდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველი, ვინც თავის თავს რაიმე სულიერ მოღვაწეობას, სათნოებას, ღირსების ან თვით მადლის მიერ ნიჭებს მიაწერს, ვინც თავს იტყუებს და ინუგეშებს „წარმოდგენით“, ის კარს უხშობს სულიერ მოღვაწეობასაც, ქრისტიანულ სათნოებებსაც და ღმრთაებრივ მადლსაც, და ფართო გზას უთმობს ცოდვასა და ეშმაკებს. „წარმოდგენით“ შეპყრობილებს არავითარი ძალა არ შესწევთ სულიერი წარმატებისა, მათ მოისპეს ამის საშუალება, რამეთუ ტყუილის სამსხვერპლოზე მიიტანეს ადამიანის მთელი მოღვაწეობისა და ცხოვნებას საწყისი - წარმოდგენა ჭეშმარიტების შესახებ. საოცარი სილაღე უჩნდებათ ამ სახის ხიბლით შეპყრობილებს: ისინი თითქოს ტკბებიან თავიანთი თავით, თავიანთი მოცთუნებული მდგომარეობით, და ეს მდგომარეობა მადლისმიერი ჰგონიათ, ცუდმედიდობითა და ამპარტავნებით არიან სავსე, შესახედავად კი მდაბალნი ჩანან იმათ თვალში, ვინც მხოლოდ გარეგნობის მიხედვით მსჯელობს და არა ნაყოფით, როგორც მაცხოვარმა გვიბრძანა (მათე, 7,16; 12,33), ანდა „წურთვნილი გონებით“, როგორც მოციქული იტყვის (ებრ. 5,14). ესაია წინასწარმეტყველმა კარგად აღწერა „წარმოდგენის“ ხიბლის მოქმედება დაცემულ ანგელოზში, მოქმედება, რომელმაც აცთუნა და დაღუპა ეს მთავარანგელოზი: „ხოლო შენ სთქუ გულსა შინა შენსა: ზეცად მიმართ აღვიღე, ზედაჲთ ვარსკვლავთა ცისათასა დავდგა საყდარი ჩემი, დავჯდე მთასა ზედა მაღალსა, მთათა ზედა მაღალთა ჩრდილოთ. აღვიდე ზედა ღრუბელთა და ვიყო მსგავს მაღლისა. ხოლო აწ ჯოჯოხეთადმი შთახდე და საფუძველთა მიმართ ქუეყანასათა“ (ესაია, 14,13-15).

მოწაფე: თავად თუ შეხვედრიხარ ამ სახის ხიბლით შეპყრობილებს? 

ბერი: ასეთები ბევრნი არიან. ყოეელი კაცი, ვისაც არ გააჩნია შემუსრვილი სული, ვინც თავის თავს რაიმე ღირსებებსა და დამსახურებებს მიაკუთვნებს, ყოველი, ვინც განუხრელად კი არ მისდევს მართლმადიდებელი ეკლესიის წავლებას, არამედ თავისი გონებით, თავისი აზრით ან უცხო სჯულის მოძღვრების მიხედვით განიხილავს ამა თუ იმ  დოგმატს და გადმოცემას, „წარმოდგენითაა“ სნეული. იმის მიხედვით, თუ რამდენადაა კაცი გადახრილი სწორი გზიდან და რამდენად ჯიუტად მისდევს ამ ცთომილებას, შესაძლებელია ხიბლის ხარისხის განსაზღვრა.

უძლურია კაცი, უსათუოდ შემოგვეპარება ხიბლის რაიმე სახე, დაიპყრობს ჩვენს არსებას და განგვაშორებს უფლის მადლს. მაკარი დიდი შენიშნაგს, რომ არ არსებობს კაცი, სრულიად თავისუფალი ამპარტავნებას ვნებისაგან, და არც „წარმოდგების“ ხიბლისაგან თავისუფალი კაცი არსებობს სადმე. იგი თვით პავლე მოციქულს ებრძოდა, და საკურნებლად ღმერთი მძიმე განსაცდელებს მოუვლენდა ხოლმე. კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წმ. პავლე წერს: „რამეთუ არა მნებავს უმეცრება თქუენი, ძმანო, ჭირისა მისთვის ჩენისა, რომელი-იგი შეგვემთხვია ჩვენ ასიას შინა. რამეთუ გადარეულად დაგვიმძიმდა ჩვენ უფროს ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვამდე ჩვენდა ცხოვრებისაცა. არამედ თვით თავით თვისით განჩინება იგი სიკუდილისა მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩვენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან იგი აღადგინნის მკუდარნი“ (2 კორ. 1,8-9).

ამიტომ უნდა ვიღვიძოთ, რომ არავითარი კეთილი საქმე ან თვისება, ბუნებრივი ნიჭი, თვით მადლისმიერი მდგომარეობა არ მივაკუთვნოთ ჩვენს თავს, მოკლედ, არავითარი ღირსება არ მივიწეროთ. „ანუ რა გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს“ (I კორ. 4,7) ღმრთისაგან? ღმრთისაგანა გაქვს ამქვეყნიური ყოფაცა და მეორედ შობაც, აგრეთვე ყველა ბუნებრივი თვისება, ყველა ნიჭი, სულიერიცა და ხორციელიც. ჩვენ ღმრთის მოვალენი ვართ, და ამ ვალს ვერასოდეს გადავიხდით. სწორედ ამ თვალთახედვიდან აღმოცენდება ჩვენი სულის მდგომარეობა, რომელსაც უფალმა „გულის სიგლახაკე“ უწოდა და რომელიც „წარმოდგენის“ ხიბლის საპირისპიროა, მისი დამარხვა გვამცნო და იგი სათნო-ეყო ღმერთს (მათე, 5,3). დიდი უბედურებაა, როდესაც ადამიანები ეკლესიის დოგმატებიდან და ზნეობრივი სწავლებიდან, სული წმიდის სწავლებიდან უხვევენ თავიანთი მჩხრეკელი გონების კარნახით. ესაა „სიმაღლე, ამაღლებული მეცნიერებასა ზედა ღმრთისასა“ (2 კორ. 10, 5). ასეთი ამაღლებულა გონება უნდა დავამდაბლოთ და ქრისტეს დავუმორჩილოთ.

მოწაფე: არსებობს რაიმე კავშირი ხიბლის ამ ორ სახეს შორის?

ბერი: ცხადია, არსებობს. პირველი სახის ხიბლი მუდამ დაკავშირებულია მეორესთან „წარმოდგენით“. ის, ვინც მაცთურ სურათებს თხზავს წარმოსახვის ბუნებრივი უნარის მეშიეობით, მერე ამ სურათებს ოცნებით ხლართავს და მთელ თავის არსებას გამოგონილი მხატვრობის მომხიბლავ, მძლავრ ზეგავლენას უმორჩილებს, უცილობლად წარმოიდგენს, რომ ეს მხატვრობა ღმრთაებრივი მადლითაა შექმნილი, ხოლო ოცნებით გამოწვეული განცდები მადლისმიერი განცდებია.

მეორე სახის ხიბლი, ანუ „წარმოდგენა“ არ თხზავს მაცთურ სურათებს, იგი იმით კმაყოფილდება, რომ იგონებს ყალბ  მადლისმიერ განცდებსა და მდგომარეობებს, რომელთაგანაც იშვება ყალბი არასწორი წარმოდგენა საერთოდ მთელ სულიერ მოღვაწეობაზე. ამ ხიბლით შეპყრობილს ყალბი წარმოდგენა ექმნება ყველაფერზე, რაც კი გარს აკრავს, იგი მოტყუებულია შიგნიდანაც და გარედანაც. ოცნება „წარმოდგენის“ ხიბლით სნეულშიც ძლიერად მოქმედებს, მაგრამ მოქმედებს მხოლოდ განყენებულ სფეროში. ასეთ დროს კაცი იშვიათად ან საერთოდ არ წარმოიდგენს სამოთხეს, ზეციურ სავანეებსა და სამყოფელებს, არაამქვეყნიურ სინათლესა და ნელსუნნელებას, ქრისტეს, ანგელოზებსა და წმინდანებს, მაგრამ სამაგიეროდ იგონებს ყალბ სულიერ მდგომარეობებს: ახლო კავშირს ქრისტესთან (თომა კემპიელის „ქრისტეს მიბაძვა“, წიგნი 2, თავი 8), შინაგან საუბარს მასთან (იქვე, წიგნი 3, თავი I), საიდუმლო გამოცხადებებს, შეძახილებს, ტკბობას, აქედან უჩნდება ყალბი წარმოდგენა საკუთარ თავსა და ქრისტეანულ მოღვაწეობაზე, საერთოდ არასწორი აზროვნება და არასწორი განწყობა, და ხან საკუთარი თავით ტკბობას ეძლევა, ხან განხურვებასა და აღტაცებას. ეს მრავალფეროვანი განცდები დახვეწილი ცუდმედიდობისა და გემოთმოყვარების ნაყოფია, მათი ზემოქმედების შედეგად სისხლში ცოდვა და ხიბლი იბუდებს, კაცს კი ყოველივე ეს მადლისმიერ ტკბობად ეჩვენება. თვით ცუდმედიდობასა და გემოთმოყვარეობას აღვიძებს ამპარტავნება - „წარმოდგენის“ ხიბლის ეს განუყრელი თანამგზავრი. ეშმაკთა სიამაყესთან წილნაყარი საზარელი სიამაყეა ორივე სახის ხიბლით შეპყრობილთა მთავარი თვისება. პირველი სახის ხიბლით სნეულები ამპარტავნებას აშკარა შეშლილობამდე მიჰყავს, მეორე სახის ხიბლით დაავადებულთა მდგომარეობა კი რომელსაც საღმრთო წერილი „გონების განხრწნას“ უწოდებს (2 ტიმ. 3,8), ნაკლებად თვალშისაცემია, გარეგნულად სიმდაბლის, ღმრთისმოსაობისა და სიბრძნის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს ხიბლი ადვილად იცნობა მწარე ნაყოფით. ვინც თავის თავს დიდ ღირსებებსა და სიწმინდეს მიაწერს და „წარმოდგენის“ ხიბლშია ჩავარდნილი, მზადაა ყოველგვარ მზაკვრობაზე, ორგულობაზე, ტყუილსა და უსჯულრებაზე. ასეთები მტრობით არიან აღვსილნი ჭეშმარიტების მსახურთა მიმართ და საშინელი სიძულვილით ესხმიან თავს, რაკიღა ისინი არ აღიარებენ მოხიბლულებში მდგომარეობას, რომელსაც თვითონ მადლიერად მიიჩნევენ და ასეთადვე წარუდგენენ დაბრმავებულ სოფელს.

მოწაფე: კი მაგრამ, ხომ არსებობს ჭეშმარიტად მადლისმიერი სულიერი მდგომარეობებიც, როდესაც ადამიანი სულიერ ტკბობასა და სიხარულს განიცდის, სულს ქრისტეანობის საიდუმლოებები ეცხადება, გული გრძნობს სული წმიდის მოქმედებას და ქრისტეს მოღვაწე სულიერ ხილვათა ღირსი ხდება?

ბერი: ცხადია, არსებობს. მაგრამ ეს მდგომარეობები მხოლოდ იმ ქრისტეანებისთვისაა მისაწვდომი, ვინც ქრისტეანულ სრულყოფილებას მიაღწია. ვინც მანამდე სინანულით განიწმინდა და მოემზადა. საერთოდ სინანული, სიმდაბლის ყველა სახით, მეტადრე სულის სიგლახაკით, გლოვით გამოხატული, თანდათან ასუსტებს ადამიანში ცოდვის გავლენას. ასეთი სინანულის მოსაპოვებლად საკმაო დროა საჭირო, და ეძლევა ჭეშმარიტ თავდადებულ მოღვაწეს ღმრთის განგებით, რომელიც ფხიზლად იცავს ასეთ მოღვაწეს. ვნებებთან ბრძოლა ძალიან სასარგებლოა, ყველაზე მეტად სწორედ ამით მოვიპოვებთ სულის სიგლახაკეს. მსაჯული ჩვენი და ღმერთი ჩვენი ზრუნავს უმჯობესისათვის სულისა ჩვენისა, ამიტომაც სულგრძელებს და გვიან ჰყოფს შურისგებას ჩვენი მტრის - ცოდვის წინააღმდეგ (ლუკა 18,7). როდესაც ვნებები ძალიან სუსტდებიან (ეს კი უფრო ცხოვრების დასასრულს ხდება), მაშინ ნელ-ნელა ჩნდება სულიერი მდგომარეობები, რომლებიც სრულიად განსხვავდება „წარმოდგენით“ შეთხზული მდგომარეობებისგან. ჯერ ერთი, მოდის მადლისმიერი გლოვა, განბანს და განასპეტაკებს სულის ტაძარს იმ ნიჭების მისაღებად, რომლებიც, სულიერი კანონის თანახმად, გლოვას მოჰყვება. ხორციელ კაცს არავითარი წარმოდგენა არა აქვს სულიერ მდგომარეობაზე, მან არც კი იცის, რა არის მადლისმიერი გლოვა: ამ მდგომარეობების შეცნობა მხოლოდ გამოცდილებითაა შესაძლებელი (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 55).სულიერი ნიჭები ღმრთაებრივი სიბრძნით გაიცემა, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ სიტყვიერმა ჭურჭელმა, რაიმე ნიჭის მისაღებად გათვალისწინებულმა, შეძლოს ამ ნიჭის დატევნა. ახალი ღვინო გახეთქავს ძველ თხიერს (მათე 9,17)! შენიშნულია, რომ ჩვენს დროში სულიერი ნიჭები უდიდესი ზომიერებით გაიცემა, იმ სისუსტის შესაფერისად, რომელიც საერთოდ მთელ ქრისტეანობასა აქვს დაუფლებული, ღმერთი იმდენს მიჰმადლის კაცს ამ ნიჭებს, რაც მხოლოდ მისი სულის საცხოვნებლადაა საკმარისი და პირიქით, „წარმოდგენა“ კი უზომო სიუხვითა და აჩქარებით გასცემს თავის „ნიჭებს“.

სულიერ მდგომარეობათა საერთო დამახასიათებელი ნიშანია ღრმა სიმდაბლე და სიმდაბლისმოყვარეობა, ამასთან შეერთებულია საკუთარი თავის ყოველ კაცზე უარესად შერაცხვა, სახარებით ნამცნები სიყვარული მოყვასისადმი, მისწრაფება სოფლისაგან განდგომისაკენ. „წარმოდგენა“ აქ ფეხს ვერ მოიკიდებს, რამეთუ სიმდაბლე ნიშნავს საკუთარ ღირსებათა უარყოფას, მხსნელის აღიარებას, ყოველი სასოების მასზე დაფუძნებას, ხოლო „წარმოდგენა“ - ღმრთისაგან ბოძებულ ღირსებათა საკუთარი თავისთვის მიკუთვნებას და არარსებულ ღირსებათა გამოგონებას. იგი საკუთარ თავზე ამყარებს სასოებას და გულგრილად, სხვათა შორის აღიარებს მაცხოვარს, თავისი თავის განსადიდებლად ადიდებს ღმერთს, როგორც ამას ფარისეველი სჩადიოდა (ლუკა 18,11). „წარმოდგენით“ შეპყრობილნი უფრო ხშირად გემოთმოყვარეობას ეძლევიან, იმის მიუხედავად, რომ საკუთარ თავს ისეთ მაღალ სულიერ მდგომარეობებს მიაკუთვნებენ, რომლის მსგავსი სწორ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში არსად ჩანს, ცოტანი ახერხებენ არ დაემონონ გემოთმოყვარეობას, და ისიც იმიტომ, რომ მათში ბატონობს უპირველესი ვნებათა შორის - ამპარტავნება.

მოწაფე: შეიძლება თუ არა, რომ „წარმოდგენად“ სახელდებული ხიბლისაგან გაჩნდეს რაიმე ხელშესახები, თვალსაჩინო უბედურებები?

ბერი: ამ ხიბლისაგან წარმოიშვა დამღუპველი წვალებები, განხეთქილებები, უსჯულოება, ღმრთის გმობა. მისი ყველაზე მძიმე, ხილული შედეგია არასწორი, თვითონ კაცისა და მის გარშემომყოფთათვის მავნე საქმიანობა. ეს ის ბოროტებაა, რომელიც, იმის მიუხედავად, რომ აშკარა და ყოვლისმომცველია, მაინც ნაკლებად თვალშისაცემია და ამდენად, ნაკლებად მისახვედრი. „ხიბლით“ შეპყრობილებს ყველასათვის აშკარა უბედურებებიც ემართებათ, მაგრამ იშვიათად. “წარმოდგენას“ გონება საშინელ შეცდომამდე კი მიჰყავს, მაგრამ შეშლამდე, როგორც ეს ოცნებას სჩვევია - არა. ვალაამის კუნძულზე, შორეულ, განმარტოებულ ქოხში ცხოვრობდა სქემოსანი მონაზონი პორფირი, მას მეც ვიცნობდი. ლოცვის ღვაწლი ჰქონდა აღებული, არ ვიცი კი, კერძოდ როგორი ლოცვისა. არასწორად რომ ჰქონდა წარმართული ეს საქმე, ამის მიხვედრა სქემოსანი მონაზვნის საყვარელი წიგნის მიხედვითაც შეიძლება. ესაა დასავლეთის ეკლესიის მწერლის თომა კემპიელის „იესო ქრისტეს მიბაძვა“, რომლითაც ხელმძღვანელობდა კიდეც. ეს წიგნი „ხიბლის“ მდგომარეობიდანაა დაწერილი. შემოდგომის ერთ საღამოს მისი სენაკის ახლოს მდებარე სკიტეს ბერები მოინახულა. გამომშვიდობებისას მათ გააფრთხილეს, ყინულზე ნუ გადახვალ, ეს-ესაა მოიყინა და ძალიან თხელი ფენააო. პორფირის უდაბნოს და სკიტეს ლადოგის ტბის ღრმა ყურე ჰყოფდა და მისთვის ხმელეთით უნდა შემოევლო. პორფირიმ წყნარად, გარეგნული სიმდაბლით უპასუხა, მე უკვე მსუბუქი ვარ, და წავიდა. ცოტა ხანში განწირული ყვირილი შემოესმათ. სკიტელი ბერები შეშფოთდნენ, გარეთ გაცვივდნენ. უკუნეთი სიბნელე იყო, სანამ იმ ადგილს მიაგნეს, სადაც უბედურება მოხდა, სანამ მოიფიქრეს, როგორ ამოეყვანათ, ხელში უსულო სხეულიღა შერჩათ.

მოწაფე: შენ „ქრისტეს მიბაძვა“ ახსენე და ისიც თქვი, ხიბლის მდგომარეობიდანაა დაწერილიო, მაგრამ მას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს თვით მართლმადიდებელი ეკლესიის შვილთა შორისაც!

ბერი: სწორედ ეგ თაყვანისმცემლები არიან, ბევრს რომ ლაპარაკობენ წიგნის ღირსებებზე და არც კი ესმით რას სჩადიან. „მიბაძვის“ 1834 წლის რუსული გამოცემის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ერთი ფრიად განსწავლული კაცი, - რუსი, მარილმადიდებელი, - ამბობდა: „თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, საღმრთო წერილის შემდეგ თამამად მივუჩენდი ადგილს კემპიელის წიგნს იესო ქრისტეს მიბაძვის შესახებ“. ამ შეუვალი მსჯელობის ავტორი სრულ უპირატესობას ანიჭებს უცხო სჯულის მწერალს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. მამების წინაშე, ხოლო საკუთარ აზრს მთელი ეკლესიის აზრზე მაღლა აყენებს, იმ ეკლესიისა, რომელმაც წმიდა საეკლესიო კრებებზე ღმრთივსულიერად შერაცხა წმიდა მამების ნაწერები, და გვამცნო მათი კითხვა არა მხოლოდ ეკლესიის შვილთა სულიერი სწავლებისთვის, არამედ საეკლესიო საკითხების გადაწყვეტის დროსაც ისინი დაგვიდგინა სახელმძღვანელოდ. მამების ნაწერებში უდიდესი სულიერი, ქრისტეანული და საეკლესიო საგანძურია დამარხული - ესაა წმიდა ეკლესიის დოგმატური, ზნეობრივი სწავლება. ჩანს, „მიბაძვამ“ ზემოთხსენებული კაცი იმ მდგომარეობაში ჩააგდო, საიდანაც მან ასეთი განუსჯელი, ასეთი მცდარი ასეთი სავალალო დასკვნა გამოიტანა [1].

ეს გახლავთ სწორედ ხიბლი და საკუთარი თავის ცთუნება. იგი ყალბი წარმოდგენებისგანაა შექმნილი, ყალბი წარმოდგენები კი ამ წიგნიდან მიღებული არასწორი გრძნობებისგან ჩნდება. წიგნში ცხოვრობს და სუნთქავს ბოროტი სული, რომელიც აცთუნებს მკითხველს, ათრობს მომწამვლელი სიცრუით, რომელიც დახვეწილი ამპარტავნებით, ცუდმედიდობითა და გემოთმოყვარეობითაა შეზავებული. წიგნს მკითხველი პირდაპირ ღმერთთან კავშირისკენ მიჰყავს, ისე რომ მანამდე სინანულით განწმენდის აუცილებლობას არ აღიარებს, ამიტომაც იწვევს განსაკუთრებულ თანაგრძნობას იმათ შორის, ვინც ვნებებითაა შეპყრობილი, ვისთვისაც უცნობია სინანულის გზა, ვინც არაა დაცული თავის ცთუნებისა და ხიბლისაგან, ვისი ცხოვრებაც მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. მამების სწავლებით არაა წარმართული. წიგნი ძლიერ ზემოქმედებას ახდენს სისხლსა და ნერვებზე, აღაგზნებს მათ, და ამიტომ განსაკუთრებით მოსწონთ გრძნობებს დამონებულ ადამიანებს: ამ წიგნით შეიძლება ისე დატკბე, რომ თან არც უხეშ, გრძნობისმიერ ტკბობაზე თქვა უარი. ამპარტავნება, დახვეწილი გემოთმოყვარეობა და ცუდმედიდობა წიგნში ღმრთის მადლის მოქმედებადაა წარმოდგენილი. ხორციელი ადამიანები გაფაქიზებულად აღიქვამენ საკუთარი მრუშობის სიმყრალეს და აღტაცებას გრძნობენ ტკბობისაგან, რომელიც ეძლევათ უშრომლად, თავგანწირვის გარეშე, სინანულის გარეშე, ვნებებითა და გულისთქმებით სავსე ხორცის ჯვარზე გაკვრის გარეშე (გალ. 5,24), დაცემის მდგომარეობის მიღებთ. თავიანთ სიბრმავესა ღა ამპარტავნებას აყოლილნი პირუტყვული ვნებების სარეცლიდან ხალისით გადადიან კიდევ უფრო ცოდვიანი სიყვარულის სარეცელზე, რომელიც დაცემულ სულთა საკუთრებაა. ერთი ქალი, რომელიც ყველაზე მაღალ და განათლებულ საზოგადოებას ეკუთვნის და გარეგნულად მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია, წმინდანს უწოდებს გარდაცვლილ ლუთერანელ ქალს და ასე აფასებს მის ცხოვრებას: „მას ვნებიანად უყვარდა ღმერთი, მხოლოდ ღმერთზე ფიქრობდა, მხოლოდ ღმერთს ხედავდა, კითხულობდა მხოლოდ სახარებასა და „მიბაძვას“, რომელიც მეორე სახარებაა“. ამ სიტყვებით სწორედ ის მდგომარეობაა გადმოცემული, რომელიც „მიბაძვის“ მკითხველებსა და თაყვანისმცემლებს ეუფლებათ. ფაქტიურად იგივეს ამბობს ცნობილი ფრანგი მწერალი ქალი ქ-ნი სევინიე ცნობილ ფრანგ პოეტზე, უფროს რასინიზე: „მას ისე უყვარდა ღმერთი, როგორც ადრე - თავისი ხარჭები“ - ასეთი კადნიერი ფორმით ჩამოაყალიბა მწერალმა თავისი აზრი. ცნობილი კრიტიკოსი ლა არპი, რომელიც თავიდან ათეისტი იყო, მერე კი არასწორად გაგებულ და დამახინჯებულ ქრისტეანობამდე მივიდა, იწონებს ქ-ნ სევინიეს ამ გამონათქვამს და ამბობს: „გული, რომლითაც დამბადებელი და დაბადებული უყვართ, ერთია, თუმცა ამ ორი სიყვარულის შედეგები იმდენადვე განსხვავებულია, რამდენადაც მათი ობიექტები“. რასინი გარყვნილებიდან „წარმოდგენის“ ხიბლის მდგომარეობაში გადავიდა. ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს პოეტის ბოლო ორ ტრაგედიაში: „ესთერსა“ და „გოთოლიაში“. რასინის „მაღალმა“ ქრისტეანულმა აზრებმა და განცდებმა ადგილი ჰპოვეს მუზებისა და აპოლონის [2] ტაძარში - თეატრში, თან აღტაცება და ტაშისცემაც გამოიწვიეს. „გოთოლია“ რასინის საუკეთესო ნაწარმოებად აღიარეს და ზედიზედ ორმოცჯერ წარმოადგინეს სცენაზე. ამ ტრაგედიის სული „მიბაძვისას“ ემთხვევა. ჩვენ გვწამს, რომ კაცის გულში არსებობს პირუტყვული გულისთქმა, რომელიც დაცემულ სულთა გულისთქმასთანაა კავშირში. ჩვენ ისიც გვწამს, რომ გულში არსებობს აგრეთვე სულიერი გულისთქმა, რომელიც წმიდა ანგელოზთა გულისთქმას ეთანხმება. იმისათვის, რომ გვიყვარდეს ღმერთი და ღმერთში - მოყვასი, აუცილებელია განვიწმინდოთ პირუტყვული გულისთქმისაგან. მაგრამ სული წმიდა მხოლოდ იმ ადამიანს განწმენდს, ვინც თავისი ცხოვრებით გამოხატავს განწმენდის სურვილს. გული ზნეობრივი მნიშვნელობით სწორედ გულისთქმასა და სხვა სულიერ ძალებს ეწოდება, და არა სხეულის ნაწილს - გულს.

ხორციელ კაცთაგან განსხვავებით სულიერი ადამიანება მყისვე გრძნობენ „მიბაძვიდან“ გამომავალ სიმყრალეს და ზურგს აქცევენ მას. უდაბნოში დაყუდებულ ბერს, ესაიას, შინაგანი ლოცვის დიდ მოღვაწეს, ერთხელ წაუკითხავს ნაწყვეტები „მიბაძვიდან“. ბერი მყისვე ჩასწვდა მის მნიშვნელობას, გაიცინა და თქვა: „ოჰო! ეს წიგნი „წარმოდგენის“ მდგომარეობიდანაა დაწერილი. აქ არაფერია ჭეშმარიტი, ყველაფერი გამოგონილია. როგორადაც წარმოუდგენია თომას სულიერი მდგომარეობები (თუმცა გამოცდილებით არაფერი იცის მათ შესახებ), ისევე აღუწერია ისინი“. ხიბლი, ერთი მხრივ, მძიმე სანახაობაა, რადგან უბედურებაა, და მეორე მხრივ - სასაცილო, რადგან უაზრობაა, კირილო-ნოვოზერსკის მონასტრის არქიმანდრიტი თეოფანე, ცნობილი მკაცრი ცხოვრებით, თავისი უბრალოების გამო მხოლოდ ხორციელ მოღვაწეობას მისდევდა და სულიერზე ნაკლები წარმოდგენა ჰქონდა. იმათ, ვინც მისი ხელმძღვანელობით ცხოვრობდა, თავიდან ურჩევდა „მიბაძვის“ წაკითხვას, მაგრამ აღსასრულამდე რამდენიმე წლით ადრე აკრძალა და მისთვის დამახასიათებელი უბრალოებით ამბობდა: „ადრე „მიბაძეა“ სულისათვის სარგო წიგნი მეგონა, მაგრამ ღმერთმა გამომიცხადა, რომ იგი პირიქით, მავნე ყოფილა“. ასევე ფიქრობდა გამოცდილი ბერი, მღვდელმონაზონი ლეონიდე, რომელმაც ოპტინის უდაბნოს ზნეობრივ წარმართებას ჩაუყარა საფუძველი. ყველა ამ მოღვაწეს მე პირადად ვიცნობდი. ერთმა თავადმა, მართლმადიდებლური სულისკვეთებით აღზრდილმა, რომელიც კარგად იცნობდა ე.წ. მაღალ საზოგადოებას, თავის ქალიშვილს ხელში „მიბაძვა“ რომ დაუნახა, აუკრძალა ამ წიგნის კითხვა და უთხრა: „მე არ მინდა, რომ შენ ღმერთის წინაშე კეკლუცობას დაეჩვიო“. ძალიან ზუსტი შეფასებაა!

მოწაფე: არსებობს თუ არა ხიბლის სხვა სახეები? 

ბერი: თავის ცთუნებისა და ეშმაკის საცთურის ყველა კერძო სახე ხიბლის ამ ორ სახეში შედის და ჩნდება ან გონების, ან გულის არასწორი მიმართულებისაგან. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული „წარმოდგენის“ ხიბლი. თავის ცთუნებისა და ხიბლის მდგომარეობას სრულიად სამართლიანად მიაკუთვნებენ ამ მონაზვნების სულიერ განწყობასაც, რომლებიც უარყოფენ იესოს ლოცვასა და საერთოდ, შინაგან ლოცვას, და მხოლოდ გარეგნული მოღვაწეობით კმაყოფილდებიან, არ აცდენენ საეკლესიო წირვა-ლოცვას და ყოველთვის ასრულებენ სენაკის ლოცვის წესს, რომელიც მარტოდენ ფსალმუნებისა და ზეპირი ლოცვებისაგან შედგება. ასეთები ვერ გაექცევიან „წარმოდგენის“ ხიბლს, როგორც ამას ბერი ბასილი გვიხსნის გრიგოლ სინელის წიგნის წინასიტყვაობაში, თვითონ ბასილი კი ძირითადად ეყრდნობა ღირსი გრიგოლ სინელისა და ღირსი სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის ნაწერებს. ნიშანი იმისა, რომ „წარმოდგგნა“ შეეპარა, მოღვაწისათვის ეს უნდა იყოს: იწყებს ფიქრს, რომ უკვე მღვიძარე ცხოვრებით ცხოვრობს, ამპარტავნება იპყრობს, და არაფრად აგდებს და აუგად მოიხსენიებს სხვა ადამიანებს, საკუთარ თავს კი სამწყსოს გაძღოლისა და პატრონობის ღირსად მიიჩნევს, იმ ბრმის მსგავსად, სხვა ბრმებს რომ მიუძღვის (ფილოკალია, ტ. I, „ყურადღებისა და ლოცვის მეორე სახისათვის“). ზეპირი  და ხმამაღალი ლოცვა მაშინაა შედეგიანი, როდესაც იგი ყურადღებასთანაა შეერთებული, რაც ერთობ იშვიათად გვხვდება, რამეთუ ყურადღებას ძირითადად იესოს ლოცვის მეშვეობით ვსწავლობთ.

თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ

 


[1] - „მიბაძვა“ თავიდან თვით დასავლეთის ეკლესიამ დაგმო, ინკვიზიცია მას სდევნიდა. შემდეგ დევნა შეწყდა და პირიქით, მფარველობად შეიცვალა, რადგან მიხვდნენ, რომ წიგნი პროპაგანდის კარგი იარაღია იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც დაკარგეს ქრისტიანობის ჭეშმარიტი წვდომა და მისადმი ზერელე დამოკიდებულებაღა შერჩათ. პაპის პროპაგანდაში იგულისხმება იმ აზრის გავრცელება, რომელიც პაპს სურს თავს მოახვიოს კაცობრიობას - ესაა დებულება, რომ პაპის ძალაუფლება არის უზენაესი, თვითმპყრობელური და განუსაზღვრელი. პროპაგანდა, ამ დებულების დანერგვას ისახავს მიზნად და ნაკლებ ყურადღებას კი უთმობს თვით სწავლების ხარისხს, მისთვის მისაღებია ყოველივე, რაც მის მიზანს ემსახურება, მისაღებია თვით ქრისტეს რწმენა, კერპთმსახურებასთან შეერთებული.

[2] - მუზები და აპოლონი ძველ წარმართთა ბერძენთა და რომაელთა ღმერთებია. მათ ხელოვნების მფარველობას  მიაწერდნენ.