† წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

სინანულისათვის

„შეინანეთ და გრწმენინ სახარებისა! შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“ (მარკ. 1, 15). ესაა ღმერთკაცის ქადაგების პირველი სიტყვები. უფალი დღემდე გვიმეორებს ამ სიტყვებს სახარების მეშვეობით.

როდესაც მიწაზე მეტისმეტად მომძლავრდა ცოდვა, მაშინ მაღლით ყოვლადძლიერი მკურნალი მოგვევლინა. იგი მოვიდა ჩვენი დევნულების, გვემისა და ვაების ქვეყანაში, რომლის ყველა სატანჯველი ჯოჯოხეთის საუკუნო ტანჯვათა წინამავალია, და გვახარა ხსნა, სასოება, კურნება ყოველთა კაცთა, გამონაკლისის გარეშე. შეინანეთ!

სინანულის ძალა ღმრთის ძალაზეა დაფუძნებული - მკურნალიც ყოვლადძლიერია და მის მიერ მოვლენილი კურნებაც. დედამიწაზე ქადაგების ჟამს უფალი განკურნებისაკენ მოწოდებს ყველას, ვინც ცოდვით იყო სნეული, მას არავითარი ცოდვა არ მიუჩნევია უსაშველოდ, და დღესაც ყველას მოუწოდებს, აღუთქვამს და მიჰმადლის კიდეც ყოველი ცოდვის მიტევებას, ყოველი სატკივარის კურნებას.

ჰოი, სტუმარნო ამა სოფლისანო! თქვენ, ვისაც გიზიდავთ ფართო გზა, ამქვეყნიური ზრუნვის, შექცევის და მხიარულების შეუნანებელი ხმაურით სავსე, თქვენ, ვინც ამ გზით ყველასათვის ცნობილი და ყველასაგან დავიწყებული აღსასრულისკენ - პირქუში კუბოსკენ და კიდევ უფრო პირქუში მარადისობისკენ მიექანებით, შეჩერდით! ჩამოიბერტყეთ ამაო სოფლის ხიბლი, მუდამ მონობაში რომ გამყოფებთ! ისმინეთ, რას გამცნებთ მაცხოვარი, ჯეროვანი ყურადღება მიაგეთ მის სიტყვებს! „შეინანეთ და გრწმენინ სახარებისა, შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“.

სტუმარნო ამა სოფლისანო, შეისმინეთ ეს მთავარი, მხსნელი შეგონება, სხვაგვარად ისე მიაღწევთ საფლავს, ხრწნილებისა და მარადისობის კარიბჭეს, რომ სწორ წარმოდგენას ვერც მარადისობაზე მოიპოვებთ და ვერ საკუთარ მოვალეობებზე ამ მარადისობაში შეჯიბრის წინ, და მხოლოდ სამართლიან სასჯელს განიმზადებთ თქვენი ცოდვების გამო. ცოდვათა შორის კი, უმძიმესია მაცხოვრის სიტყვების არად ჩაგდება, მაცხოვრის შეურაცხყოფა. შეინანეთ!

ცრუ და მაცთურია ამქვეყნიური ცხოვრების გზა: ახლადმოსულს იგი ათასგვარი მოვლენებით სავსე უსასრულო აპარეზად ეჩვენება, იმას კი, ვინც უკვე გალია იგი, ფუჭი ზმანებებით მოფენილ უმოკლეს ბილიკად. შეინანეთ!

სახელიც, სიმდიდრეცა და სხვა ხრწნადი უპირატესობებიც, რომელთა მოხვეჭასაც დაბრმავებულმა ცოდვილმა მთელი ამქვეყნიური ცხოვრება, სულისა, და ხორცის ყველა ძალა შეალია, უნდა დატოვოს იმ წუთებში, როდესაც სულს იძულებით შემოაძარცვავენ სამოსს - სხეულს და ანგელოზები წარადგენენ ღმრთის სამსჯავროზე, კაცთათვის უცნობ და კაცთაგან დავიწყებულ სამსჯავროზე. შეინანეთ!

ძმებო! სახარების შუქზე მიუკერძოებლად დავაკვირდეთ ჩვენს ცხოვრებას - არარაობაა იგი! ყველა მის სიკეთეს გვტაცებს სიკვდილი, ხშირად კი, სიკვდილზე უფრო ადრეც ვკარგავთ სხვადასხვა მოულოდნელ გარემოებათა გამო. ეს ხრწნადი, მსწრაფლწარმავალი სიკეთეები არც კი არიან იმის ღირსნი, რომ სახელად სიკეთეს ვუწოდებდეთ. მათ უფრო ტყუილის სახელის შეჰფერით. ამ ქსელში გაბმულნი და შიგ გახლართულნი აკლდებიან ზეციურ, ჭეშმარიტ, მარადიულ სიკეთეებს, რომელთაც გვანიჭებს ქრისტეს სარწმუნოება და შედგომა ქრისტესი, სახარების მიხედვით ცხოვრების საიდუმლო გზა. შეინანეთ!

რა მწარედა ვართ დაბრმავებულნი! რა ნათლად ჩანს ამ დაბრმავებით ჩვენი დაცემა! ვხედავთ ჩვენს ძმათა სიკვდილს. ვიცით, რომ ჩვენც უცილობლად, და ვინ იცის, იქნებ ძალიან მალეც, მოგველის იგი, რამეთუ კაცთაგან არავინ დარჩენილა სამუდამოდ ამქვეყნად. იმასაც ვხედავთ, რომ ბევრს სიკვდილამდე უმუხთლებს ხოლმე წუთისოფელი და ყოველდღიური სიკვდილის მსგავს სატანჯველში ვარდება. და ასეთი აშკარა გამოცდილების მიუხედავად მაინც ისე მიველტვით დროებით სიკეთეებს, როგორც რაღაც უცვალებელსა და მარადიულს. მხოლოდ მათზეა მიჯაჭვული ჩვენი გულისყური! ღმერთი დაგვავიწყდა! დაგვავიწყდა დიადი და თანაც სასტიკი მარადისობა. შეინანეთ!

გვიმტყუნებს, ძმებო, უცილობლად გვიმტყუნებს ყველა ხრწნადი სიკეთე: მდიდარს - სიმდიდრე, სახელოვანს - სახელი, ჭაბუკს - სიჭაბუკე, ბრძენს - სიბრძნე. ერთადერთი, მარადიული, უმთავრესი სიკეთის მოხვეჭა ხელეწიფება კაცს - ესაა ჭეშმარიტი შეცნობა ღმრთისა, მასთან შერიგება და შეერთება, რასაც ქრისტე გვანიჭებს. მაგრამ ამ უზენაეს სიკეთეთა მოსაპოვებლად აუცილებელია დავუტევოთ ცოდვილი ცხოვრება და მოვიძაგოთ. შეინანეთ!

შეინანეთ! და რას ნიშნავს სინანული? ეს ნიშნავს შევინანოთ ჩვენი ცოდვები და მეტად აღარ ვცოდოთ - ასე უპასუხა ამ შეკითხვას პიმენ დიდმა. ამ გზით მრავალი ცოდვილი წმინდანად იქცა და მრავალმა უსჯულომ მართლის სახელი დაიმკვიდრა.

შეინანეთ! მოიკვეთეთ არა მარტო აშკარა ცოდვები - კაცისკვლა, პარვა, მრუშობა, ცილისწამება, ტყუილი, არამედ განაგდეთ დამღუპველი შექცევა, ხორციელი ტკბობა, არაწმიდა ოცნებები, უსჯულო ზრახვები - ყველაფერი, უკლევლივ ყველაფერი, რასაც სახარება გვიკრძალავს, გულწრფელი სინანულის ცრემლში განბანეთ უწინდელი ცოდვილი ცხოვრება.

სასოწარკვეთილი და სულიერ დახსნილებას მიცემული ნუ ეტყვი შენს თავს: „მძიმე ცოდვებში ჩავვარდი, ამდენი ხნის ცოდვილი ცხოვრებით ბოროტი ჩვევები შევიძინე, ისინი თითქოს ბუნებრივ თვისებებად მექცნენ, ამიტომ ჩემთვის უკვე შეუძლებელია სინანული“ (მაკარი დიდი, სიტყვა 7, თავი 2). ამ უიმედო აზრებს ჩაგძახის შენი ცხოვრების მტერი, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ ხედავ და არ იცნობ (მაკარი დიდი, იქვე). იცის ეშმაკმა სინანულის ძალა, შიშობს იმან არ გამოსტაცოს შენი თავი კლანჭებიდან და ცდილობს გაგიტყუოს ჭეშმარიტი გზიდან, ამისთვის ღმრთის ყოვლადძლიერ წამალს, სინანულს, უძლურებას სწამებს.

ვინც სინანული დაგიწესა, შენი შემოქმედია, რომელმაც არარაისგან შეგქმნა. მით უფრო ძალუძს კვალად აღგაშენოს, ძალუძს შესცვალოს შენი გული. ცოდვისმოყვარე გულის აქციოს ღმრთისმოყვარედ, გრძნობადი, ხორციელი, ავისმზრახველი, ვნებას დამონებული გული სუფთა, განწმენდილ გულად ქმნას.

ძმებო! გულისხმავყოთ ღმრთის გამოუთქმელი სიყვარული კაცთა დაცემული მოდგმისადმი. უფალი განკაცდა, რათა ამით თავს-ედო ადამიანების წილხვედრი სასჯელი, და თავისი ჯვარცმით გამოეხსნა დამნაშავენი. რამ მოიყვანა იგი აქ, მიწაზე, ჩვენი დევნულების მხარეში? სიმართლემ ჩვენმა? არა! იგი მოიყვანა იმ უბადრუკმა ყოფამ, რომელშიც ჩვენი ცოდვილი ცხოვრების გამო ჩავცვივდით.

გავმხნევდეთ, ცოდვილნო! ჩვენთვის, სწორედ ჩვენთვის აღასრულა უფალმა დიადი საქმე თავისი განკაცებისა, ჩვენს სნეულებებს მოხედა მიუწვდომელი მოწყალებით. დავუტევოთ მერყეობა! დავუტევოთ სასოწარკვეთილება და ეჭვები! შევიმოსოთ სარწმუნოება, გულმოდგინება, მადლიერება და შევუდგეთ სინანულს. ხოლო სინანულის მეშვეობით შევურიგდეთ ღმერთს. „და უშჯულომან უკუეთუ მოაქციოს ყოველთაგან უშჯულოებათა, რომელნი ქმნნა, და დაიცვნეს ყოველნი მცნებანი ჩემნი, და ყოს მსჯავრი და სიმართლე და წყალობა, ცხოვნებით ცხოვნდეს და არა მოკუდეს. ყოველნი უსამართოებანი მისნი, რომელნი ქმნნა, ცხოვნდეს“ (ეზეკ. 18, 21-22). ამას ამცნებს უფალი ცოდვილს თავისი დიდი წინასწარმეტყველის პირი.

ჩვენი სუსტი ძალების შესაბამისად შევემსგავსოთ უფლის დიდ სიყვარულს ჩვენდამი, რამდენადაც შეუძლია შეემსგავსოს უფლის სიყვარულს მისი ხელით ქმნული, დაცემული ნათესავი კაცთა: შევინანოთ! შევინანოთ არა მხოლოდ სიტყვით, არა მხოლოდ ხანმოკლე მონაწილეობით საეკლესიო ღმრთისმსახურებაში და საეკლესიო წესების შესრულებით, რასაც ფარისევლები სჯერდებოდნენ, არამედ ცრემლსა და გარეგნულ ღმრთისმოშიშებასთან ერთად ვყოთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა: ცოდვილი ცხოვრება დავუტევოთ და სახარების მცნებებს მივდიოთ.

„რაჲსათვის მოსწყდებით, სახლო ისრაელისაო?“ (ეზეკ. 18, 31) რისთვის მოსწყდებით მარადიული სიკვდილით, ქრისტეანებო, თქვენი ცოდვების გამო? რისთვის ავსებთ ჯოჯოხეთის ჯურღმულს, თითქოს ქრისტეს ეკლესიაში არც კი არსებობდეს ყოვლისშემძლე სინანული? ეს უსასრულოდ კეთილი ნიჭი მიეცა სახლსა ისრაელისასა - ქრისტეანებს, და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ცოდვის მიუხედავად ერთნაირი ძალით მოქმედებს: განწმენს ყველა ცოდვას, აცხოვნებს ყოველს, ვინც ღმერთს შეუვრდება, თუნდაც ეს მისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მოხდეს.

„რაჲსათვის მოსწყდებით, სახლო ისრაელისაო?“ ქრისტეანები იმიტომ კვდებიან მარადიული სიკვდილით, რომ მთელი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე ერთადერთი რამით არიან გართულნი: ნათლისღების დიდებულ აღთქმას არღვევენ, ცოდვას ემონებიან, უგულვებელყოფენ უფლის სიტყვას, რომელიც მათ სინანულისკენ მოუწოდებს. თვით სიკვდილის წინაც კი, უკანასკნელ წუთებში, ვერ ახერხებენ, რამეთუ არავითარი წარმოდგენა არა აქვთ ქრისტიანობაზე, ან თუ აქვთ, ერთობ ნაკლული და უთავბოლო, რომელსაც სრული უმეცრების სახელი უფრო შეჰფერის, ვიდრე რაიმე ცოდნისა.

„ცხოველ ვარ მე“, იტყვის უფალი, თითქოს იძულებულია ამით დაარწმუნოს ურწმუნონი და გულისხმა შთაბეროს უგულისხმოებს, - „არა მინებს მე სიკვდილი უთნოისა, ვითარ მოქცევა მისი გზისაგან მისისა და ცხოვრება მისი“ (ეზეკ. 33, 11) „რაჲსათვის მოსწყდებით, სახლო ისრაელისაო?“

იცოდა ღმერთმა კაცთა უძლურება, იცოდა რომ ისინი ნათლისღების შემდეგაც განაგრძობდნენ ცოდვილ ცხოვრებას, ამიტომ დააწესა თავის ეკლესიაში სინანულის საიდუმლო, რომელიც აღხოცს ნათლისღების შემდეგ ჩადენილ ცოდვებს. სინანული თან უნდა ახლდეს ქრისტეს რწმენას, წინ უნდა უძღოდეს ნათლისღებას, ხოლო მის შემდეგ უნდა განაქარვოს ქრისტეს რწმენას შედგომილი და ნათელღებული კაცის ცოდვები.

როდესაც იერუსალიმიდან და მთელი იუდეიდან მოდიოდნენ იოანესთან, სინანულის მქადაგებელთან, რათა ნათელეღოთ იორდანეში, თან თავიანთ ცოდვებსაც აღიარებდნენ მის წინაშე. იოანე კიბისაღმწერელი (სიტყვა 4) ამბობს, ეს იმიტომ როდი ხდებოდა, რომ იოანე ნათლისმცემელს მათი ცოდვების ცოდნა რადმე ჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ სინანულის სიმტკიცისათვის, ცოდვების მონანიებასთან ერთად მათი აღიარებაც იყო საჭირო.

იგივე წმიდა მამის თქმით, სულს, რომელმაც იცის, რომ მოვალეა აღიაროს თავისი ცოდვები, ეს ცოდნა აღვირს ასხამს, ეხმარება, რომ აღარ გაიმეოროს ისინი, და პირიქით, აუღიარებელი ცოდვები სიბნელეში ჩადენილს ჰგვანან, მათ გამეორებას არაფერი უდგას წინ.

ცოდვების აღიარებით ირღვევა მათთან კავშირი. ცოდვების სიძულვილი ჭეშმარიტი სინანულის ნიშანია, ღმრთის სათნო ცხოვრების წესის არჩევის ნიშანი. თუ ცოდვების ჩადენას მიეჩვიე, მათ აღიარებასაც მოუხშირე და მალე გათავისუფლდები ცოდვების ტყვეობისგან, მაშინ მსუბუქად და სიხარულით შეუდგები უფალ იესო ქრისტეს.

ვინც ნიადაგ ღალატობს თავის მეგობარს, იმას მეგობრები მტრებად უხდებიან და შორდებიან, როგორც მოღალატეს, მათჲ დაღუპვის მოსურნეს. ასევე, ვინც აღიარებს თავის ცოდვებს, იმას სტოვებენ ისინი, რამეთუ დაცემული ბუნების სიამაყეს ეფუძნებიან და ვერ უძლებენ მხილებას, შერცხვენას.

ვიცნ განზრახ, შეგნებულად სცოდავს იმის იმედით, მერე მოვინანიებო, ის თვით ღმერთის მიმართ იქცევა მზაკვრულად. განზრახ და შეგნებულად მცოდველს უცაბედი სიკვდილი ეწევა და არ ეძლევა ის დრო, რომელიც მოსანანიებლად ჰქონია განსაზღვრული.

აღსარების საიდუმლოთი აღიხოცება ყოველი ცოდვა, ჩადინილი სიტყვით, საქმით, გულისხმისყოფით. იმისათვის, რომ გულიდან ამოიძირკვოს დიდი ხნის ფესვგადგმული ცოდვილი ჩვევები, დროა საჭირო, საჭიროა მუდმივი სინანული. მუდმივი სინანული კი ნიშნავს მუდმივ შემუსვრილებას გულისას, ბრძოლას გულისთქმებსა და გრძნობებთან, რომლებიც გულში ჩაბუდებული ცოდვილი ვნებების გამოვლინებას წარმოდგენენ, ხორციელი გრძნობებისა და მუცლის დათრგუნვას, სიმდაბლით ლოცვას და ხშირ აღსარებას.

ძმებო! ნებსით ცოდვით დავკარგეთ წმიდა უბიწოება, რომლისათვისაც უცხო იყო არა მარტო ცოდვა, არამედ ბოროტის შეცნობაც. ამ უბიწოების სულიერი ნათლით მოსილნი მოვედით სოფლად, შემოქმედის ხელით ქმნულნი, ჩვენ კი ის უბიწოებაც დავკარგეთ, ნათლისღებით განახლების შემდეგ რომ მოგვენიჭა, ჩვენი შესამოსელი, მხსნელის მიერ განსპეტაკებული, ცხოვრების გზაზე ათასგვარი ცოდვით შევბღალეთ. ერთიღა შეგვრჩა განსაბანად - წყალი სინანულისა. და რა მოგველის, თუ განბანის ამ გზასაც უგულებელვყოფთ? წარვუდგებით უფალს ცოდვით დამახინჯებული სულებით, რისხვით მოხედავს ღმერთი შესვარულ სულს და ჯოჯოხეთის გეჰენიას განუჩინებს სასჯელად.

„განიბანენით“, ეუბნება ღმერთი ცოდვილებს, „წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქუენთა წინაშე თუალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქუენთა და მოვედით და შევიტყუნეთ“ (ესაია 1, 16-18). რითი მთავრდება ღმერთის ეს სამსჯავრო, სინანულის სამსჯავრო, რომლისკენაც ღმერთი განუწყვეტლივ მოუწოდებს ცოდვილს მისი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე? თუ კაცი აღიარებს ცოდვებს, თავს-იდებს გულწრფელ სინანულს და ცოდვათა დატევებას, მაშინ ღმერთს თავის სამსჯავროზე ასეთი განჩინება გამოაქვს: „უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო, ხოლო უკუეთუ იყვნენ ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო“ (ესაია 1, 18).

და თუკი ქრისტიანი შეურაცხყოფს ღმერთის ამ უკანასკნელ, მრავალმოწყალე მოწოდებას, მაშინ ეუწყოს ღმრთისგან საბოლოო წარწყმედა: „ხოლო უკუეთუ არა გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახვილმან შეგჭამნესთ თქუენ, რამეთუ პირი უფლისა იტყოდა ამათ“ (ესაია 1, 20), ამენ.

თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ