ჩვევებს აქვს ბუნებრივი თვისებების მსგავსი ძალა; უფალი იესო ქრისტეს მიმდევარმა უნდა მოიხვეჭოს კეთილი ჩვევები და განერიდოს მავნეს.
ყმაწვილო, იყავი კეთილგონიერი და წინდახედული! სიყმაწვილეში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე მიაქციე კეთილი ჩვევების შეძენას; მოწიფულობასა და სიბერეში გაიხარებ ყმაწვილკაცობის წლებში უშრომელად შეძენილი სიმდიდრის გამო.
ნაკლებმნიშნველოვნად ნუ ჩათვლი შენი სურვილის შესრულებას, ერთი შეხედვით სულ მცირედისასაც: ყოველი შესრულება სურვილისა აუცილებლად დატოვებს სულზე თავის შთაბეჭდილებას, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ძალზედ ძლიერი და საწყისი დაუდოს დამღუპველ ჩვევას.
იცოდა კი ბანქოს მოთამშემ, როდესაც პირველად იღებდა ხელში ბანქოს ქაღალდს, რომ თამაში მას ვნებად ექცეოდა? იცოდა კი ლოთობის სენით შეპყრობილმა, როდესაც სვამდა პირველ ჭიქას, რომ ამით თვითმკვლელობას იწყებდა? ასე ვუწოდებ ამ უბადრუკ, სულისა და ხორცის დამღუპველ ჩვევას.
ხშირად ერთ გაუფრთხილებელ მზერას მიუყენებისა გულისათვის ჭრილობა, ხოლო რამოდენიმეჯერ განმეორებულს ისე გაუღრმავებია იგი, რომ ძლივს განკურნებულა მრავალი წლის ლოცვით, ღვაწლითა გლოვით.
აღმზრდელნო და მოძღვარნო! ასწავლეთ ყმაწვილებს კეთილი ჩვევები! განაშორეთ ისინი მანკიერ ჩვევებს, როგორც დიდ უბედურებას.
მანკიერი ჩვევები ბორკილებია ადამიანისათვის; ისინი მას ზნეობრივ თავისუფლებას ართმევენ და ვნებების მყრალ ჭაობში ყოფნას აიძულებენ.
ადამიანის დაღუპვისათვის ერთი მანკიერი ჩვევაც საკმარისია; იგი მუდმივად გაუღებს სულში შესასვლელ კარს ყველა ცოდვასა და ვნებას.
მიეჩვიე, იყო მორიდებული; თავი შეიკავე ყოველგვარი კადნიერებისაგან, მოყვასსაც კი ნუ შეეხები უკიდურესი საჭიროების გარეშე და მორიდების ჩვევა დაგეხმარება უმანკობის დიდი სათნოების მოპოვებაში. შენი მახლობლები იგრძნობენ შენში დამკვიდრებულ საწინდარს მორიდებისას და კრძალულებით განეწყობიან შენდამი, თითქოსდა თრთოდენ სიწმინდის კეთილსურნელების წინაშე.
არაფერი ისე არ არყევს უმანკოებას, როგორც კადნიერი, თავისუფალი ქცევის ჩვევა, უარმყოფელი მორიდების კანონებისა.
მიეჩვიე თავშეკავებას ჭამაში; თავშეკავებით სხეულს მიანიჭებ ჯანმრთელობასა და სიმტკიცეს, გონებას კი - განსაკუთრებულ სიმხნევეს, ესოდენ საჭიროს ცხოვნების საქმეში და დიდად მარგებელს ამქვეყნიურ საქმიენობაშიც.
ღორმუცელობა სხვა არაფერია, თუ არა ბოროტად გამოეყენებით დაზიანებული ბუნებრივი მოთხოვნილების უგუნური, დაუკმაყოფილები დაკმაყოფილება.
მიეჩვიე ყველაზე უბრალო საკვებს. მას მიჩვეული ადამიანისათვის იგი ყველა რჩეულ კერძზე გემრიელია, არაფერს ვამბობ იმაზე, თუ რამდენად უფრო ჯანმრთელია იგი.
როგორ თავისუფლებასა და ზნეობრივ ძალას ანიჭებს ადამიანს უბრალო საკვების მიღების ჩვევა, ერთი შეხედვით ასე უმნიშვნელო, მატერიალური ჩვევა! ამასთან ადამიანი საჭიროებს სულ მცირე ხარჯებს სასმელ-საჭმელზე, სულ მცირე დროსა და ზრუნვას მის მოსამზადებლად. თუ უბრალო საკვებს მიჩვეული ადამიანი ღარიბია, მას მძიმე ტვირთად არ აწევს საკუთარი სიღარიბე.
მეტად მძიმეა მდიდრული და ნატიფი სასმელ-საჭმელიდან უბრალო საზრდოზე გადასვლა! ბევრს გარემოებათა გამო იძულებით მოუხდა ასეთი გადასვლა და ამ დროს ბევრმა ჯანმრთელობაც დაკარგა და ზნეობრივადაც შეირყა. ამ უბედურებისაგან მათ მხოლოდ უბრალო საკვების მიღების კეთილგონივრული და დროული ჩვევა იხსნიდა.
ყველა წმიდანი ძლიერ ზრუნავდა, რათა შეეძინა არა მხოლოდ ზომიერად ჭამას, არამედ უბრალო საკვების მიღების ჩვევაც. პეტრე მოციქულის ყოველდღიური საკვები ღირდა რამდენიმე სპილენძის მონეტა.
საშინელი სენია ლოთობა! ეს არის ვნება, რომელიც სხეულში სურვილისადმი დათმობით შედის და ბუნებრივი თვისების ძალას ჩვევისაგან იღებს.
ქრისტეს მსახური უნდა მოერიდოს არა მხოლოდ ლოთობას, არამედ ბევრი ღვინის მიღების ჩვეულებასაც, რომელიც განახურვებს სხეულს და აღძრავს მასში პირუტყვულ მოთხოვნილებებს. „ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე“ (ეფეს. 5, 18), - თქვა მოციქულმა. ღვინის მიღება ნებადართულია მეტად მცირე რაოდენობით. ხოლო ვისაც არ ძალუძს, შემოიფარგლოს ღვინის ზომიერად მიღებით, ის უკეთ მოიქცევა, თუკი საერთოდ უარს იტყვის მასზე.
პიმენ დიდმა თქვა: „მოღვაწეს ყველაზე მეტად ფხიზელი გონება სჭირდება“. ღვინო ადამიანს ართმევს შესაძლებლობას, გონება ფხიზლად შეინარჩუნოს. როდესაც მოღვაწე ღვინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, მაშინ მის დასუსტებულ და დაბნელებულ გონებას გარშემოერტყმიან წინააღმდგომნი, მას კი აღარ შესწევს მათთან ბრძოლის ძალა. ღვინის ზემოქმედებით შებოჭილი მოღვაწე ცოდვის უფსკრულში წარიტაცება! ერთ წამში იღუპება ხანგრძლივი ღვაწლის ნაყოფი, რადგან სულიწმიდა განეშორება ცოდვით შებილწულს. აი, რატომ თქვა ღირსმა ისაიამ, ეგვიპტელმა მეუდაბნოემ, რომ ღვინის მოყვარულნი ვერასოდეს მიიღებენ სულიერ ნიჭებს: ადამიანში მყოფობისათვის ეს ნიჭები მოითხოვენ მუდმივ სიწმინდეს, რაც მხოლოდ მუდმივი სიფხიზლის დროს არის შესაძლებელი.
ვერცხლისმოყვარეობა, სიფიცხე, მედიდურობა, თავხედობა - სულის ეს ავთვისებიანი სნეულებანი დაცემული ბუნების ბიწიერი გატაცებების ხელშეწყობით წარმოიშობა. სნეულება ძლიერდება, მწიფდება და ჩვევის საშუალებით იმონებს ადამიანს.
ამ კანონს მისდევს ხორციელი გულისთქმაც, მიუხედავად იმისა, რომ იგი ბუნებრივია დაცემული ადამიანისათვის. ნეტარია ის ყმაწვილი კაცი, რომელიც გულისთქმის მოქმედების პირველივე გამოჩენისას გულისხმაყოფს, რომ არ უნდა დანებდეს გულისთქმას და ღვთის სჯულითა და კეთილგონიერებით უნდა დააცხროს იგი. თუკი დავთრგუნავთ გულისთქმის პირველ მოთხოვნებს, იგი ადვილად დაემორჩილება გონებას, მოთხოვნებსაც უფრო სუსტად წამოაყენებს და ბორკილდადებულ ტყვეს დაემსგავსება. გულისთქმის დაკმაყოფილება აძლიერებს მოთხოვნებს. გულისთქმა, რომელსაც მისი ხანგრძლივი და მუდმივი დაკმაყოფილების გზით გონებისაგან გადაეცემა ადამიანზე. ძალაუფლება ტირანივით მეუფებს სხეულზე და სულზე და ღუპავს ორივეს.
საერთოდ, ადამიანში ყველა ვნება მათდამი დათმობის გამო ვითარდება; გახშირებული დათმობა მიდრეკილებას ჩვევად აქცევს, ჩვევა კი გახდის ვნებას ადამიანის მოძალადე მბრძანებლად. „ეშმაკებზე მეტად გეშინოდეს ბოროტი ჩვევების“, - თქვა ღირსმა ისააკ ას??იწყებს ცოდვიანი სურვილი ან გატაცება, მან უარი უნდა ვუთხრათ. მეორეჯერ იგი იმოქმედებს უფრო სუსტად, და ბოლოს მთლიანად დაცხრება. მაგრამ, თუკი მას დავიკმაყოფილებთ, იგი მუდამ ახალი ძალით იმოქმედებს, უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებას მოიპოვებს ჩვენს ნებაზე, და ბოლოს წარმოშობს ჩვევას.
ცოდვები, რომელთა ჩადენასაც ჩვენ მივეჩვიეთ, მისი სიმძიმის მიუხედავად მსუბუქი გვეჩვენება. სულისათვის შემზარავია ახალი ცოდვა და იგი დიდხანს ვერ გაბედავს მის ჩადენას.
ვნებები ბოროტი ჩვევებია, სათნოებები კი - კეთილი. აქ საუბარია ადამიანის მიერ ცხოვრებისა და მოღვაწეობის მეშვეობით შეძენილ და შეთვისებულ ვნებებსა და სათნოებებზე. ზოგჯერ მამათა ნაწერებში ვნებებად იწოდება ჩვენში დაცემით გამოწვეული სნეულებების სხვადასხვა თვისებები, ცოდვიანობის სხვადასხვა სახეები, რომლებიც საერთოა ყველა ადამიანისათვის; ამ ვნებებით ჩვენ ვიშვებით; სათნოებებად კი იწოდება ადამიანის ბუნებრივი კეთილი თვისებები. ასეთი ვნებები და სათნოებები ადამიანს არ დაასვამენ არანაირ გადამწყვეტ ბეჭედს; მას დაასვამს მიდრეკილება, რომელსაც შევითვისებთ ჩვენი ნებით და შევისისხლხორცებთ მისი მუდმივი ან ხშირი დაკმაყოფილებით, მისი მოთხოვნების მუდმივი შესრულებით.
ქრისტეს მსახური რაც შეიძლება თავისუფალი უნდა იყოს ბოროტი ჩვევებისაგან, რათა მათ არ დააბრკოლონ მისი სვლა ქრისტესაკენ. იგი უნდა განეშოროს არა მარტო აშკარად ცოდვიან ჩვევებს, არამედ საერთოდ ყველა ჩვევას, რომელსაც მიჰყავს ცოდვასთან, როგორიცაა ფუფუნების, განცხრომის, გაფანტულობის ჩვევები.
ზოგჯერ სულ უმნიშნველო ჩვევა გვიბორკავს ფეხებს და გვტოვებს მიწაზე, მაშინ როცა ჩვენი ადგილი ზეცაშია.
ყმაწვილო! გიმეორებ მხსნელ შეგონებას: სანამ გაქვს ზნეობრივი თავისუფლება, მოერიდე მავნე ჩვევებს, როგორც ბორკილებსა და საპყრობილეს; შეიძინე კეთილი ჩვევები, რომლებიც დაიცავენ, განამტკიცებენ და დაბეჭდავენ შენში ზნეობრივ თავისუფლებას.
თუკი ვინმე მოზრდილ ასაკში ქრისტეს მსახურებას გადწყვეტს, მაგრამ საუბედუროდ უკვე აქვს მოხვეჭილი ბევრი მანკიერი ჩვევა - მაგალითად, ფუფუნებისა და განცხრომის, რომლებიც სულს ჩვეულებრივ მოდუნების მდგომარეობაში ამყოფებენ, იგი არ უნდა მიეცეს სევდასა და ეჭვებს, არამედ მამაცურად უნდა ჩაებას ბოროტ ჩვევებთან ბრძოლაში და ღვთის შეწევნით გამარჯვებასაც მოიპოვებს.
მტკიცე ნებას, ქრისტეს მადლით განათლებულსა და განმტკიცებულს, ყველაზე ღრმად ფესვგამდგარი ჩვევების დამარცხებაც კი შეუძლია.
პირველად ჩვევა სასტიკად ეწინააღმდეგება იმას, ვინც მისი უღლისაგან თავის დახსნას მოისურვებს, დასაწყისში მოაჩვენებს, რომ მისი ძლევა შეუძლებელია; მაგრამ დროის მანძილზე, ჩვევასთან მუდმივი ბრძოლითა და მისდამი განუწყვეტელი დაუმორჩილებლობით, იგი უფრო და უფრო სუსტდება.
თუ ბრძოლის პროცესში რაიმე მოულოდნელი გარემოების გამო დამარცხება მოგიწევს, ნუ შეცბუნდები და ნუ ჩავარდები უიმედობაში: ხელახლა დაიწყე ბრძოლა.
ღმერთი მანკიერი ჩვევების წინააღმდეგ ძალდატანებით ბრძოლას ადამიანს მოწამეობად შეურაცხავს, და ამ ბრძოლაში გამარჯვებულს აღმსარებლის გვირგვინით შეამკობს, როგორც ქრისტეს სჯულისათვის მებრძოლს.
მოწყალე და ყოვლისშემძლე უფალი ყველა მასთან მიმსვლელს მიგივიღებს და ხელს გამოგვიწვდის, რათა შეეწიოს ჩვენს უძლურებას. ამიტომ თუნდაც მთლიანად ბოროტ ჩვევებში, როგორც მძიმე ბორკილებში, იყო ჩაფლული, ნუ დაკარგავ თავისუფლების მიღების იმედს. ჩაები უხილავ ბრძოლაში, იბრძოლე მამაცურად და მუდმივად, დიდსულოვნად დაითმინე შენი დამარცხებები. ზოგჯერ ღმერთი ჩვენი თავის ანაბარა გვტოვებს, რათა გამოცდილებით შევიცნოთ, თუ რა უღონონი ვართ ჩვენს მარტოობაში, და ამ შემეცნების მიზეზით განუშორებლად ვიიყოთ ღმერთთან, რამეთუ მხოლოდ მას ძაულძს დაამარცხოს ცოდვა მათში, ვისაც ჭეშმარიტად სწყურია, იხილოს თავის თავში ცოდვა დამარცხებული. ამინ.
თარგმნა ნიკოლოზ ვარაზანაშვილმა