გლახაკებს თხოვნა შეჰფერით, ცოდვით დაცემის შედეგად დაგლახაკებულ ადამიანებს კი - ლოცვა.
ლოცვა არის დაცემული და მონანული ადამიანის მიქცევა ღმრთისკენ, ლოცვა არის დაცემული და მონანული ადამიანის გლოვა ღმრთის წინაშე, ლოცვა არის დაცემული, ცოდვით მოკლული ადამიანის შინაგანი სურვილების, ვედრების, სულთქმის განდობა ღმრთისთვის.
სინანულის პირველი გამოცხადება, პირველი მოძრაობა არის გულწრფელი გლოვა. ესაა გულითადი ლოცვის ხმა, რომელიც წინ უსწრებს გონებით ლოცვას. და მალე გონებაც, გულის ხმას აყოლილი, ლოცვის აზრებად ჩამოყალიბებას იწყებს.
ღმერთი არის ერთადერთი წყარო ყოველი სიკეთისა, ლოცვა კი - დედა და თავი ყოველი სათნოებისა (კიბე, 28-ე თავი), როგორც ადამიანის ღმერთთან შეერთების გზა და ამგვარი ერთობის მდგომარეობა. ლოცვა ითვისებს სათნოებებს ყოველი სიკეთის წყაროსგან - ღმრთისგან, და აკუთვნებს ადამიანს, რომელიც ცდილობს ლოცვის გზით ღმერთთან ერთობა შეინარჩუნოს.
ღმერთისკენ მიმავალი გზა არის ლოცვა, ხოლო საზომი ამ გზისა - სხვადასხვა სულიერი მდგომარეობა, რომლებსაც რიგრიგობით გადის სწორად და მუდმივად მლოცველი.
ისწავლე სწორად ლოცვა, ხოლო როდესაც სწორად ლოცვას შეისწავლი, გამუდმებით ილოცე, ეს კი ცხონების მოპოვებას გაგიადვილებს. ცხონება თავის დროზე ენიჭება სწორად და მუდმივად მლოცველს, და ეს უეჭველი სიცხადით ეუწყება გულს.
იმისათვის, რომ ლოცვა სწორი იყოს, აუცილებელია, იგი სულის სიგლახაკით განმსჭვალული, დამდაბლებული და შემუსრვილი გულისაგან მოდიოდეს. ყველა სხვა მდგომარეობა გულისა, სანამ იგი სული წმიდის მიერ არ განახლებულა, მიიჩნიე შეუფერებლად (და იგი არის კიდევაც ასეთი) მონანული ცოდვილისთვის, რომელიც ღმერთს ცოდვების შენდობას და ვნებების ტყვეობისგან გათავისუფლებას ევედრება.
მოსეს კანონი ისრაიტელთ უბრძანებს ყოველი მსხვერპლი ერთი, ღმერთისაგან დაწესებული ადგილიდან შესწირონ. სულიერი კანონიც ერთ სულიერ ადგილს უჩენს ქრისტიანებს ყოველი მსხვერპლის, განსაკუთრებით კი უწმინდესი მსხვერპლის, ლოცვის შესაწირად - ეს ადგილია სიმდაბლე (პიმენ დიდის განმარტებით).
ღმერთს არ სჭირდება ჩვენი ლოცვა! სანამ ჩვენ ვთხოვდეთ, მანამდეც ანიჭებს თავის უხვ წყალობას, ვინც არაფერს ითხოვს მისგან. ლოცვა ჩვენ გვჭირდება: იგი ადამიანს ღმერთის თვისად ჰყოფს. უმისოდ ადამიანი უცხოა ღმერთისთვის. ხოლო რაც უფრო მეტს მეცადინეობს, იწვრთნება ლოცვაში, მით უფრო უახლოვდება მას. ლოცვა არის სიცოცხლესთან ზიარება; მის მიტოვებას სულისთვის უხილავი სიკვდილი მოაქვს.
რაც ჰაერია ფიზიკური სხეულისათვის, იგივეა სულიწმიდა სულიერი ცხოვრებისათვის. სული ლოცვის მეშვეობით სუნთქავს ამ წმიდა, საიდუმლო ჰაერით.
გაღვიძებისთანავე შენი პირველი აზრი ღმერთისკენ მიმართე; ღმერთს შესწირე შენი ფიქრის ჩანასახი, რომელსაც ჯერ არავითარი ამაო შთაბეჭდილება არ შეხებია. როდესაც დასაძინებლად მიდიხარ და ემზადები სიკვდილის ამ მსგავსებას მისცე თავი, დაე, შენი უკანასკნელი ფიქრიც მარადისობას და მის მეუფეს - ღმერთს ეკუთვნოდეს.
ერთ-ერთ წმიდა ბერს ანგელოზმა აუწყა, თუ აზრების რა თანმიმდევრობაა ღმრთისათვის სათნო ლოცვისას: „პირველ ყოვლისა დიდება აღვუვლინოთ და მადლობა შევწიროთ ღმერთს მის აურაცხელ სიკეთეთა წილ. შემდეგ გულწრფელად, შემუსრვილი გულით ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები, დაბოლოს, დიდი სიმდაბლით, შეგვიძლია ჩვენი ხორციელი და სულიერი საჭიროებებიც წარვუდგინოთ. ოღონდ მათი შესრულება-არშესრულება უფლის ნებას მივანდოთ“ (წმ. იოანე კიბისაღმწერელი, „კიბე“, თავი 28).
ლოცვის საწყისი მიზეზი არის სარწმუნოება: „მრწმენა მე, რომლისათვისცა ვიტყოდე“ (ფსალმ. 115,1), ანუ აღვუვლენ ლოცვას მოწყალე ღმერთს, რომელმაც ინება და მამცნო ლოცვა და მიბრძანა ლოცვისთვის ყურის მიპყრობა.
„ყოველსა, რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ“ (მარკ. 11,24), თქვა უფალმა. ამიტომ განაგდე ყოველი ეჭვი და ორგულება და განუშორებლად შეუდექ ლოცვით უფალს, რამეთუ მან გვამცნო: „ჯერ არს მარადის ლოცვა, და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლუკ. 18,1), ანუ მოწყინებამ არ შეგვიპყროს ლოცვის სიძნელის გამო. ეს სიძნელე, განსაკუთრებით დასაწყისში, მძიმე და აუტანელია თავისუფლად ხეტიალს შეჩვეული გონებისათვის.
ნეტარია სული, რომელიც თავისი ლოცვით დაუცხრომლად აკაკუნებს ღმრთის მოწყალების კარზე და შესჩივის მისი „წინამოსაჯულის“ (ლუკ. 18,3) - ცოდვის ძალადობას, დაუცხრომლად აწყენს თავს სულგრძელ უფალს: თავის დროზე მას სიხარული მიეფინება სიწმინდისა და უვნებელობისთვის.
ღმერთი ზოგჯერ დაუყოვნებლივ ისმენს ჩვენს ლოცვას, ზოგჯერ კი, უფლის სიტყვისამებრ, „სულგრძელ არს“ (იქვე, 18,7) ჩვენს მიმართ, ანუ მაშინვე არ გვისრულებს სათხოვარს: იგი ხედავს, რომ ჩვენს დასამდაბლებლად საჭიროა გადადოს თხოვნის შესმენა, რათა დავიღალოთ, დავინახოთ ჩვენი უძლურება, - ეს უძლურება მაშინვე თვალშისაცემი ხდება, როგორც კი საკუთარი თავის ამარა ვრჩებით.
ლოცვა, როგორც ღმერთთან საუბარი, თავისთავად მაღალი სიკეთეა, ხშირად ბევრად უფრო მეტიც იმაზე, რასაც ადამიანი თხოულობს. ამიტომ მოწყალე ღმერთი ზოგჯერ არ უსრულებს კაცს თხოვნას, მაგრამ უნარჩუნებს ლოცვას, რათა მან არ დაკარგოს, არ მიატოვოს ეს უმაღლესი სიკეთე მას შემდეგ, რაც შეუსრულდება სასურველი, გაცილებით ნაკლებად ფასეული თხოვნა.
ღმერთი არ უსრულებს კაცს თხოვნას, რომლის შესმენასაც შეიძლება თვითონ ამ კაცისათვის საზიანო შედეგები მოჰყვეს, არც იმ ვედრებას ისმენს, რაც ღმრთის წმიდა ნების წინააღმდგომი, მისი ყოვლად ბრძნული, მიუწვდომელი განგების საპირისპიროა.
ღმრთის განგების საწინააღმდეგოს ითხოვდა წმ. მოსე ღმრთისმხილველი - აღთქმულ მიწაზე შესვლას და არ იქნა შესმენილი (2 სჯლ. 3,26): წმ. დავით მეფეც ევედრებოდა ღმერთს სნეული შვილის გადარჩენას - მარხვით, თავზე ნაცრის დაყრით და ცრემლით ევედრებოდა (2 მეფ.12), მაგრამ არც მისი ისმინა ღმერთმა. და შენც, თუ ღმერთი არ ისმენს შენს ლოცვას, მოწიწებით დაემორჩილე მის ყოვლად წმინდა ნებას: იფიქრე, რომ ჩვენთვის დაფარული მიზეზების გამო უფალმა არ შეასრულა შენი თხოვნა.
მათ, ვინც ღმერთისგან ამქვეყნიურ სიკეთეებს ითხოვს ხორციელ გულისთქმათა დასაკმაყოფილებლად, წმ. იაკობ მოციქული ეუბნება: „ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ, რათა გულისთქმათა შინა თქუენთა განილინეთ“(იაკ. 4,3).
ამა სოფლის მეფესთან შეხვედრა რომ მოგველის, დიდი გულმოდგინებით ვემზადებით: ვცდილობთ გავიგოთ, რა შინაგანი განწყობა უნდა გვქონდეს მასთან საუბრის დროს, რათა უეცრად გრძნობას არ ავყვეთ და რაიმე სიტყვა ან ქცევა არ დაგვცდეს ისეთი, რაც მას არ ეამება, წინასწარ ვფიქრობთ, რა ვთქვათ, რომ მეფეს ვასიამოვნოთ და მისი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ; ვეცდებით გარეგნულადაც ისე გამოვიყურებოდეთ, მისი ყურადღება მივიქციოთ. მით უფრო შეგვფერის ჯეროვანი მომზადება, როდესაც მეფეთა მეფის წინაშე წარდგომა და მასთან საუბარი მოგველის.
„კაცი პირსა ოდენ ხედავნ, ხოლო ღმერთი გულთმეცნიერ არს“ (1მეფ. 7,3). მაგრამ ადამიანის გულის განწყობა ყველაზე მეტად აისახება მის სახეზე, მის გარეგნობაზე, ამიტომ ლოცვისას სხეული მოწიწებას უნდა გამოხატავდეს. იდექი თავჩაღუნული, როგორც მსჯავრდებული, ნუ მისცემ თავს ზეცად ახედვის უფლებას; ხელები ჩამოშვებული გქონდეს ანდა უკან დაიკრიბე, თითქოს თოკებით გქონდეს შეკრული, როგორც დანაშაულის ადგილას შეპყრობილ დამნაშავეს. დაე შენი ხმა იყოს გოდების ხმა, სასიკვდილო იარაღით მოწყლულ ანდა სასტიკი სენით გვემულ ადამიანებს რომ აღმოხდებათ ხოლმე.
„ღმერთი გულთმეცნიერ არს“. ის ხედავს ჩვენს ყველაზე დაფარულ, ყველაზე ფაქიზ აზრებსა და გრძნობებს, მთელ ჩვენს აწმყოსა და მომავალს; ღმერთი ყოველგან არის. ამიტომ ლოცვისას ისე იდექი, თითქოს თვით ღმერთის წინაშე იდგე. და ეს ასეც არის! შენ დგახარ შენი მსაჯულისა და სრულუფლებიანი მეუფის წინაშე, რომელზეც მთლიანად არის დამოკიდებული შენი ხვედრი დროსა და მარადისობაში. ნუ დაუშვებ, რომ ეს დგომა მისი უღირსობის გამო დროებითი და საუკუნო სასჯელის მიზეზად გექცეს.
როდესაც ლოცვისთვის ემზადები, დაუტევე ამა სოფლის ყოველი ზრუნვა და ფიქრი. ნუ მიაქცევ ყურადღებას ნურავითარ გარეშე აზრს, ლოცვის დროს გაჩენილს, რაც არ უნდა საჭიროდ, მნიშვნელოვნად და შესანიშნავადაც გეჩვვნებოდნენ ისინი. მიეცი ღმერთისა ღმერთს, წარმავალი ცხოვრებისათვის ხარკის გადახდას კი ყოველთვის მოასწრებ. არ შეიძლება ერთდროულად ღმერთს ემსახურებოდე ლოცვით და თან გონება გარეშე ფიქრებით გქონდეს დაკავებული.
ლოცვის დაწყებამდე შენს გულში ღმრთის შიშისა და წმიდა მოწიწების საკმეველი აკმიე. დაფიქრდი იმაზე, რომ ურიცხვი ცოდვით განარისხე ღმერთი, რომ შენს ცოდვებს ღმერთი უფრო უკეთ ხედავს, ვიდრე შენი სინდისი; ეცადე შენი სიმდაბლით მოულბო გული მსაჯულს. გაფრთხილდი! ნუ განარისხებ ღმერთს დაუდევრობითა და კადნიერებით: მას ასე ნებავს, რომ თვით მის უახლოეს, უწმიდეს ანგელოზთა წესნი მის წინაშე უდიდესი შიშითა და მოწიწებით იდგნენ (ფსალმ. 88,3).
შენი სულის შესამოსელი უბრალოებით უნდა ბრწყინავდეს. აქ ზედმეტია ყოველგვარი სირთულე! ლოცვას არ უნდა ერეოდეს მზაკვრული გულისსიტყვები და გრძნობები ცუდმედიდობისა, ფარისევლობისა, მაჩვენებლობისა, კაცთმოთნეობისა, საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენისა, გემოთმოყვარებისა - ამ ბნელი და მყრალი ლაქებისა, მლოცველ ფარისეველთა სულიერ სამოსელს რომ ამჩნევია.
მარგალიტებისა და ალმასების, ოქროსა და ვერცხლის ნაცვლად უბიწოებით, სიმდაბლით, სიმშვიდისა და სულიერი სიბრძნის ცრემლით შეიმკე თავი, ამ ცრემლის მოპოვებამდე კი - სინანულის ცრემლით; ბავშვური, ანგელოზებრივი უბოროტობა შეიმოსე: ეს არის უძვირფასესი სამკაული! როდესაც მეუფე მეუფეთა სულის ამ სამკაულს იხილავს, თავისი წყალობით მოხედავს მას.
ყოველი, თუნდაც ყველაზე მძიმე წყენის მიტევება ლოცვაში წარმატების მოპოვების უპირველესი პირობაა: „და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაამე ბოროტი ვისთვისმე, რაითა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი. ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი“ (მარკ. 11,25-26). „ლოცვა ძვირისმოხსენისა მსგავს არს თესლსა, კლდესა ზედა დათესილსა“, - თქვა წმ. ისააკ ასურმა.
ზომიერი, კეთილგონივრული, მუდმივი თავშეკავება ჭამა-სმაში ხორცს სიმსუბუქეს ანიჭებს, გონებას წმენდს და აფხიზლებს, რაც ლოცვისთვის მომზადებასაც უწყობს ხელს. მუცლის დაუმჭირველობა ამძიმებს და ასუქებს ხორცს, გულს ასასტიკებს, გონებას აბნელებს, რადგან მუცლიდან ტვინამდე უამრავი ორთქლი და გაზი ადის. როდესაც გამაძღარი კაცი ლოცვას იწყებს, მაშინვე ერევა ძილი და სიზარმაცე, მისი წარმოდგენა უამრავ ტლანქ ოცნებას თხზავს, გულს არ ძალუძს ლმობიერების განცდის მოპოვება.
რამდენადაც მავნეა ჭამაში თავშეუკავებლობა, იმდენადვე მავნეა უზომო მარხვა. ხორციელი უძლურება, რომელიც უჭმელობისგან ჩნდება, არ აძლევს ადამიანს საშუალებას, საჭირო რაოდენობითა და ჯეროვანი ძალით ილოცოს.
ლოცვების რაოდენობა ყოველი ადამიანისთვის მისი ცხოვრების წესის, აგრეთვე მისი სულიერი და ხორციელი ძალების შესაბამისად უნდა დადგინდეს. ქვრივის მიერ ეკლესიაში მიტანილი ორი კონდრატი (მთელი მისი ქონება ხომ სულ ეს იყო) მართლმსაჯული ღმერთის სასწორზე უფრო მეტად დაფასდა, ვიდრე მდიდართა დიდძალი შესაწირავი, მათი ქონების მხოლოდ მცირე ნაწილს რომ შეადგენდა. ასევე განსაჯე ლოცვის შესახებაც: საკუთარ თავს შენი ძალების შესაფერისი რაოდენობა დაუწესე, გახსოვდეს მონაზონთა დიდი მოძღვრის დარიგება: „თუკი უძლურ ხორცს აიძულებ მის ძალებს აღმატებული საქმეები იტვირთოს, ამით სულში სიბნელეს უშვებ, ანუ მისთვის შფოთი მოგაქვს და არა სარგებლობა“ (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 85).
ჯანმრთელსა და ძლიერ სხეულს მისი აგებულების შესაბამისი ლოცვითი ღვაწლიც მოეთხოვება. იმავე დიდმა მამამ თქვა: „ყოველი ლოცვა, რომელსაც ხორციელი შრომა და შემუსრვილი გული არ ახლავს, უმწიფარ ნაყოფს ემსგავსება; ამიტომაც ასეთი ლოცვა არის უსულო“ (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 11).
თუ საზოგადო სამსახურით ხარ დაკავებული (ხოლო მონაზონი - მორჩილებებით), და ამიტომ არ შეგიძლია იმდენი ილოცო, რამდენიც გინდა, ეს ნუ შეგაშფოთებს: სამსახური, რომელსაც კაცი წესიერად და პატიოსნად ასრულებს, ამზადებს მას გულმოდგინე ლოცვისათვის - ამ დროს ხარისხი ცვლის რაოდენობას. ლოცვაში წარმატებას ისე არაფერი უწყობს ხელს, როგორც ღმრთის სათნო საქმიანობით დაკმაყოფილებული სინდისი.
სახარების მცნებების შესრულება გულსა და გონებას სუფთა, ლმობიერ ლოცვაში შეეწევა, ჭეშმარიტი ლოცვა კი წარმართავს სულს გრძნობდეს, ფიქრობდეს, მოქმედებდეს სახარების მცნებების თანახმად.
მოყვასისადმი მოწყალება და მის წინაშე თავის დამდაბლება, გარეგანი საქმეებით გამოხატული და გულში დანერგილი, რაც გულის სიწმინდესთანაა შეერთებული (განსაკუთრებით აუცილებელია სიძვის გულისსიტყვებისა და განცდებისაგან გათავისუფლება), ლოცვის ძალასა და საფუძველს შეადგენენ (წმ. ისააკ ასური, სიტყვები 56,57). ისინი თითქოს ფრთებია - მათ გარეშე ლოცვა ცას ვერ აღწევს, მათ გარეშე არ ძალუძს ასცდეს მიწას, ანუ თავი დააღწიოს ამაო სოფლის სიბრძნეს: იგი ისე იზიდავს, როგორც რაღაც მახე ან ბადე; ლოცვა იმღვრევა, იბილწება, ისპობა მის მიერ.
ლოცვის სული არის ყურადღება. როგორც სხეული კვდება უსულოდ, ისევე ლოცვა - უყურადღებოდ. უყურადღებოდ წარმოთქმული ლოცვა ამაო მეტყველებად იქცევა, ხოლო ამგვარად მლოცველი მათ უტოლდება, ვინც ამაოდ ახსენებს ღმერთის სახელს.
აუჩქარებლად წარმოთქვი ლოცვის სიტყვები, ნუ მისცემ გონებას განბნევის ნებას, არამედ ლოცვის სიტყვებში ჩაკეტე. ვიწრო და ძნელია ეს გზა თავისუფლად ხეტიალს შეჩვეული გონებისათვის, მაგრამ მხოლოდ ამით შეძლებ ყურადღების მოპოვებას. ვინც ყურადღების უდიდეს სიკეთეს იგემებს, ის მისკენ სავალი გზის სიძნელესაც შეიყვარებს.
ყურადღება არის ღმრთის მადლის თავდაპირველი ნიჭი, რომელიც ზეციდან ევლინება ლოცვის ღვაწლის მოთმინე მუშაკს.
მადლისმიერ ყურადღებას წინ უნდა უსწრებდეს საკუთარი მცდელობა ყურადღების მოსაპოვებლად. ასეთი მცდელობა იქნება საქმით დამტკიცება იმისა, რომ ადამიანს სურს მადლისმიერი ყურადღების მოხვეჭა. საკუთარი ყურადღება გულისსიტყვებისა და ოცნებების მიერ იმღვრევა, მადლისმიერი ყურადღება კი ურყევი სიმტკიცით დგას.
აუკრძალე შენს თავს ლოცვის დროს გონების განბნევა, მოიძულე ოცნება, სარწმუნოების ძალით დაუტევე ყოველი ზრუნვა, ღმრთის შიშის ლახვარი აძგერე გულს - და მაშინ ადვილად მიეჩვევი ყურადღების მოკრებას.
მლოცველი გონება ჭეშმარიტებას უნდა ეყრდნობოდეს. რაც არ უნდა მიმზიდველი და მშვენიერი იყოს ოცნება, რაკიღა გონების საკუთარი, თვითნებური გამონაგონია, ღმრთაებრივი ჭეშმარიტების მდგომარეობიდან გამოჰყავს იგი ცრუ წარმოდგენისა და ხიბლის მდგომარეობაში აგდებს, ამიტომაც არის ლოცვისას ოცნება აკრძალული.
ლოცვის დროს გონება გულმოდგინედ უნდა დავიცვათ ყოველგვარი ხილული წარმოდგენებისგან, უარვყოთ ყოველი სახე, ჩვენს წარმოსახვაში გაჩენილი, რამეთუ ამ დროს გონება უხილავი ღმერთის წინაშე დგას, რომლის წარმოდგენა რაიმე ნივთიერი ფორმით შეუძლებელია. და თუ გონება მაინც მიიღებს ამგვარ სახეებს, ისინი იქცევიან გაუმჭვირვალე ფარდად, ზღუდედ ღმერთსა და გონებას შორის. „ის, ვინც ლოცვის დროს ვერაფერს ხედავს, ღმერთს ხედავს“, - თქვა ღირსმა მელეტი აღმსარებელმა („ლოცვისათვის“).
თუ ლოცვის დროს ხილულად წარმოგიდგა ქრისტეს, ანგელოზის ან რომელიმე წმიდანის სახე - საერთოდ, რაიმე სახე - ნურავითარ შემთხვევაში ნუ მიიღებ მას გამოცხადებად, ნუ დაუწყებ საუბარს, თორემ უეჭველად მოტყუვდები და საშინელ ზიანს მიაყენებ სულს, რაც არაერთს დამართნია. სული წმიდით განახლებამდე ადამიანს არ ძალუძს წმინდა სულებთან ურთიერთობა. მას, ვინაიდან ჯერაც დაცემულ სულთა სფეროში, მათ ტყვეობასა და მონობაში იმყოფება, მხოლოდ მათი ხედვა შეუძლია. ამიტომ თუკი დემონებმა შენიშნეს კაცს საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა და ხიბლისაკენ მიდრეკილება, ნათლის ანგელოზების ან თვით ქრისტეს სახით წარუდგებიან მას, რათა სულს წარწყმედა მოუმზადონ.
წმ. ხატები წმ. ეკლესიის მიერ მიღებულია ღმრთისმოშიში აზრებისა და განცდების გასაღვიძებლად და არა ოცნებების აღსაძრველად. როდესაც მაცხოვრის ხატის წინაშე დგახარ, იდექი, როგორც თვით უფალ იესო ქრისტეს წინაშე, რომელიც თავისი ღმრთაებრიობით ყოველგანმყოფია, და თავისი ხატის მეშვეობით იმ ადგილას არის, სადაც ეს ხატია. ღმრთისმშობლის ხატის წინაშეც ისე უნდა იდგე, როგორც თვით ყოვლადწმიდა ქალწულის წინაშე, მაგრამ გონება დაიცავი ყოველგვარი ხილული წარმოდგენებისგან. ძალიან დიდი განსხვავებაა ღმერთის არსებობის განცდას, მის წინაშე დგომასა და უფლის წარმოდგენას შორის. ღმერთის არსებობის განცდა სულს მაცხოვნებელი შიშით ავსებს, მოწიწებით განმსჭვალავს, უფლისა და მის წმინდანთა წარმოდგენა კი გონებას ერთგვარ ნივთიერ თვისებებს ანიჭებს, ცრუ, ამპარტავნულ წარმოდგენას უქმნის საკუთარ თავზე და ხიბლში აგდებს.
მაღალი მდგომარეობაა ღმერთის არსებობის განცდა! მისი მეშვეობით გონება თავიდან ირიდებს გარეშე გულისსიტყვებთან საუბარს, რომლებიც ებრძვიან ლოცვას; მისგანვე იშვება განსაკუთრებული მღვიძარება სულისა, რომელიც იცავს ადამიანს ცოდვისაგან, თუნდაც ეს სულ მცირე ცოდვა იყოს. ღმერთის არსებობის განცდა ყურადღებიანი ლოცვით მიიღწევა; მის მოხვეჭას ძალიან უწყობს ხელს წმ. ხატების წინაშე მოწიწებით დგომაც.
ლოცვის სიტყვები, ყურადღების მიერ განსულიერებულნი, ღრმად სწვდებიან სულს, ასე ვთქვათ, გულს განმსჭვალავენ და მასში ლმობიერებას აღძრავენ. გაფანტული ლოცვა კი მხოლოდ სულის ზედაპირს ეხება და არავითარ კვალს არ ტოვებს მასზე.
ყურადღება და ლმობიერება სული წმიდის ნიჭებად მიიჩნევა. მხოლოდ სული წმიდას ძალუძს მიმოტაცებას აყოლილი გონების ტალღების შეკავებაო, თქვა წმ. იოანე კიბისაღმწერელმა. სხვა ნეტარმა მამამ კი ესეც თქვა: „როდესაც ჩვენთან ლმობიერებაა, მაშინ თვით ღმერთია ჩვენთან“.
ვინც ლოცვის დროს მუდმივ ყურადღებასა და ლმობიერებას მიაღწია, იმან ის ნეტარებებიც მოიხვეჭა, სახარებაში გულის სიგლახაკე და გლოვა რომ ეწოდება. მან უკვე დაარღვია ვნებათა ჯაჭვები, უკვე იხილა სულიერი თავისუფლების გემო, უკვე ატარებს თავის თავში ცხონების საწინდარს. ნუ მიატოვებ ლოცვის გზის ვიწრობებს და მაშინ მიაღწევ წმინდა მშვიდობას, საიდუმლო შაბათს: შაბათს ხომ ყოველგვარი ამქვეყნიური საქმიანობა წყდება, აღარც ბრძოლა და მოღვაწეობა გრძელდება; ნეტარი უვნებელობის მდგომარეობაში, გონების მიმოტაცების გარეშე, წმიდა ლოცვით წარუდგება სული ღმერთს და მასშივე პოვებს განსვენებას. მისი უსაზომო სახიერების რწმენით განმსჭვალული, მის ყოვლად წმიდა ნებას მინდობილი.
ლოცვის მუშაკში წარმატება თავიდან ყურადღების განსაკუთრებული მოქმედებით ვლინდება; დროდადრო ლოცვა მოულოდნელად მოიცავს გონებას და მას ლოცვის სიტყვებში კეტავს. შემდგომში ლოცვა გაცილებით მუდმივი და ხანგრძლივი ხდება: გონება თითქოს ეჯაჭვება ლოცვის სიტყვებს და მათ მიერ გულთან შეერთებას აღწევს. დაბოლოს, ყურადღებას უეცრად ემატება ლმობიერება, ე.ი. ადამიანი იქცევა ლოცვის ტაძრად, ღმრთის ტაძრად.
შესწირე ღმერთს არა მგზნებარე და ცეცხლოვანი, არამედ ჩუმი და მდაბალი ლოცვა. როდესაც ლოცვის საიდუმლო მღვდელმსახური გახდები, მაშინ ღმერთის კარავში შეხვალ და იქიდან აავსებ წმინდა ცეცხლით ლოცვის სასაკმევლეს, ხოლო არაწმინდა ცეცხლის, ანუ სისხლის ბრმა, ნივთიერი განხურვვბის შეწირვა ყოვლადწმიდა ღმერთისათვის აკრძალულია.
ლოცვის წმინდა ცეცხლი, ღმერთის კარვიდან აღებული, არის წმიდა სიყვარული, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანებს სული წმიდით ენიჭებათ (რომ. 5,5). ის კი, ვინც ცდილობს საკუთარი სისხლისმიერი ლოცვა შეუერთოს ლოცვას, ხიბლისა და საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენის ტყვეობაშია: მას ეჩვენება, რომ ღმერთს ემსახურება, მაგრამ სინამდვილეში განარისხებს მას.
ლოცვაში ნუ ეძიებ ტკბობას, იგი სრულიად არ შეეფერება ცოდვილ ადამიანს. ცოდვილის მისწრაფება ტკბობისაკენ უკვე თავის მოტყუებაა. ეძიე, რათა გაცოცხლდეს შენი მკვდარი, გაქვავებული გული, რათა მისი კარი საკუთარი ცოდვილობის, საკუთარი არარაობის განცდისათვის გაიღოს, რათა მან დაინახოს და აღიაროს ეს ცოდვილობა და ეს არარაობა. მაშინ იშვება შენს სულში ლოცვის ჭეშმარიტი ნაყოფი - სინანული; მაშინ აღმოგხდება კვნესა ღმრთის წინაშე და ლოცვით შეჰღაღადებ მას საკუთარი სულის უბადრუკი მდგომარეობიდან, ასე უეცრად რომ გახდა შენთვის ხილული; მაშინ ილოცებ, როგორც დილეგიდან, როგორც კუბოდან, როგორც ჯოჯოხეთის უფსკრულიდან.
სინანული შობს ლოცვას და ასმაგად მრავლდება თავისი ასულისგან.
ლოცვისას ტკბობა მხოლოდ ღმრთის წმიდა რჩეულთა, სული წმიდით განახლებულ ჭურჭელთა ხვედრია. ვინც სისხლის დუღილს, ცუდმედიდობასა და გემოთმოყვარებას აყოლილი, საკუთარ თავში თხზავს ტკბობას, ის ცრუ წარმოდგენის სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. ამგვარი შეთხზვისაკენ განსაკუთრებით მიდრეკილია სული, ხორცის ნებაზე ცხოვრებით დაბნელებული და ამპარტავნებით შეცდენილი.
ლოცვისა და სინანულის მიერ შობილი განცდებია სინდისის შემსუბუქება, სულიერი მშვიდობა, მოყვასთან და ცხოვრებისეულ გარემოებებთან შერიგება, კაცთა მიმართ მოწყალება და თანაგრძნობა, ვნებების დათრგუნვა, ამა სოფლისადმი გულგრილობა, ღმერთის მორჩილება, ცოდვილ გულისსსიტყვებსა და მიდრეკილებებთან მედგარი ბრძოლა. აი, ამ განცდებით დაკმაყოფილდი, რადგან მათში ცხონების სასოებას ხედავ. თავი დაანებე მაღალი სულიერი მდგომარეობისა და ლოცვითი აღტაცების ნაადრევ ძიებას. სინამდვილეში ისინი სრულიადაც არ არიან ისეთები, როგორადაც ჩვენ წარმოგვიდგენია: სული წმიდის მოქმედება, რომლისგანაც მაღალი ლოცვითი მდგომარეობა ჩნდება, ხორციელი გონებისათვის მიუწვდომელია (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 55).
ისწავლე ლოცვა მთელი გონებით, მთელი სულით, მთელი სიმტკიცით. მკითხავ, ეს რაღას ნიშნავსო? - ამის გაგება მხოლოდ გამოცდილებით არის შესაძლებელი. ეცადე მუდმივად და ყურადღებით ილოცო: ასეთი ლოცვა შენს კითხვაზე პასუხს გამოცდილების მონიჭების გზით გაგცემს.
მძიმედ, მოსაწყენად, მშრალად ეჩვენება ლოცვის ღვაწლი მხოლოდ ხრწნად საგნებს მიჯაჭვულ გონებას. ძალიან ძნელად შესაძენია ლოცვის ჩვევა, ხოლო როდესაც ეს ჩვევა ჩნდება, იგი დაულევნელი ნუგეშინისცემის წყაროდ იქცევა.
როგორც ვთქვით, ლოცვა არის ყოველი სათნოების დედა. მაშ, მოიპოვე იგი! მასთან ერთად კი შენი სულის ჭერქვეშ შემოვლენ მისი შვილებიც და სულს ღმრთის საკურთხევლად აქცევენ.
ყოველი საქმის დაწყების წინ ილოცე; ამით მოუხმე ღმრთის კურთხევას და ამის მიხედვითვე განსაჯე შენი საქმეები: აზრი ლოცვის შესახებ ხელს აგაღებინებს უფლის მცნებების საწინააღმდეგო საქმეზე.
ვინც ყოველი საქმის დაწყებამდე და ყოველი სიტყვის თქმამდე ღმერთს ევედრება შეწევნასა და კურთხევას, ის თითქოს ღმრთის წინაშე, მისი ხელმძღვანელობით ატარებს ცხოვრებას. ასეთი ჩვევა ძალიან გამოსადეგია. ბარსანაბოს დიდმა თქვა, რომ არაფერია გონებაზე უფრო სწრაფი და არაფერია უფრო მოსახერხებელი, ვიდრე ყოველი აუცილებლობის დროს გონების ღმერთისკენ მიქცევა (პასუხი 216).
ცხოვრების მძიმე გარემოებებში განსაკუთრებით გაამრავლე ლოცვა ღმრთის წინაშე. ლოცვაში სჯობს გამოსავლის ძიება, ვიდრე კაცობრივი გონების ცარიელ მსჯელობაში, თანაც, ეს მსჯელობა ხომ უმეტესწილად უნაყოფოა. უმჯობესია სარწმუნოებითა და ლოცვით ყოვლად ძლიერ ღმერთს დავეყრდნოთ, ვიდრე მერყევი მსჯელობითა და ვარაუდებით - საკუთარ უძლურ გონებას.
ლოცვისას ნუ იქნები უგუნური, რათა შენი ჭკუასუსტობით ღმერთი არ განარისხო: ის, ვინც მეუფეთა მეუფეს რაიმე შეურაცხს სთხოვს, თვით ღმერთს შეურაცხყოფს. ისრაიტელებმა არად ჩააგდეს დიდი სასწაულები, რომლებიც ღმერთმა მათთვის უდაბნოში აღასრულა და ითხოვეს მისგან მუცლის განძღომა: „იყოღა საჭმელი პირსა მათსა, და რისხვა ღმრთისა აღხდა მათ ზედა“ (ფსალმ. 77,30-31).
ღმერთს მისი დიდებულების შესაფერისი ლოცვები უნდა აღუვლინო. სოლომონმა ითხოვა მისგან სიბრძნე და მიიღო, სიბრძნესთან ერთად კი მრავალი სხვა სიკეთეც მიეცა, რამეთუ გონივრულად ითხოვდა. ელისე ევედრა ღმერთს სული წმიდის მადლის მონიჭებას - ორჯერ მეტისას, ვიდრე მის დიდ მოძღვარს ჰქონდა, და ღმერთმა ისმინა მისი.
ის, ვინც ლოცვაში ხრწნად, მიწიერ სიკეთეებს ითხოვს, მამაზეციერის რისხვას იმკის. ანგელოზნი და მთავარანგელოზნი - ღმერთის ეს დიდებულნი - თვალს გადევნებენ ლოცვის დროს, ხედავენ, რას ითხოვ ღმერთისგან. მათ უკვირთ და უხარიათ, როდესაც მიწიერი კაცი სწყდება მიწას და რაიმე ზეციურის მონიჭებას ითხოვს; და პირიქით, სწუხან, როდესაც კაცი ივიწყებს ზეცისას და თავის მიწას, ხრწნად სიკეთეებს ევედრება ღმერთს.
ჩვენ გვამცნეს, რომ ვიყოთ ყრმანი ბოროტისათვის და არა ყრმანი გონებით (1კორ. 14,20). ლოცვისას უარყავი ამქვეყნიური გონება, მრავლისმეტყველი და თავმომწონე, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჭკუასუსტები ვიყოთ. საჭიროა სრული, სულიერი გონება, სიმდაბლითა და უბრალოებით სავსე, რაც ხშირად სიტყვით კი არა, სიტყვას აღმატებული ლოცვითი დუმილით გამოიხატება. ლოცვითი დუმილი გონებას მაშინ ეუფლება, როდესაც მის წინაშე უეცრად იშლება ახალი, სულიერი ცნებები, ამა სოფლისა და ამა დროის სიტყვებით გამოუთქმელი, როდესაც ღმერთის არსებობის განსაკუთრებით ცოცხალი განცდა ჩნდება. ღმრთის უსაზომო დიდების წინაშე დუმდება მისი უძლური ქმნილება - ადამიანი.
მრავლისმეტყველება, რომელსაც უფალი განიკითხავს წარმართებში, არის წარმავალ სიკეთეთა გამუდმებული თხოვნა, ერთობ მაღალფარდოვანი ფორმით გამოხატული: თითქოს მჭევრმეტყველური სამკაულები, ხმის ჟღერადობა და სიმძლავრე ისევე მოქმედებდეს ღმერთზე, როგორც ხორციელ კაცთა სმენასა და ნერვებზე. ღმერთმა სწორედ ეს მრავლისმეტყველება განიკითხა და არა ხანგრძლივი ლოცვა, როგორც ეს ზოგიერთ მწვალებელს ჰგონია. თვით უფალმა აკურთხა ხანგრძლივი ლოცვა თავისი მაგალითით: „და ღამესა ათევდა ლოცვითა (ანუ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა)“ (ლუკ. 6,12), გადმოგვცემს სახარება.
ღმრთის სათნომყოფელთა ლოცვების ხანგრძლიობა მრავლისმეტყველების კი არა, მათში ლოცვის დროს შობილი უხვი სულიერი განცდების შედეგია. ამ განცდების ძალითა და სიმდიდრით, ასე ვთქვათ, უქმდება დრო: ამიერიდან იგი უფლის წმინდანთათვის მარადისობად იქცევა.
როდესაც მლოცველი თავის წმინდა ღვაწლში წარმატებას აღწევს, მაშინ მის შინაგან განწყობას ფსალმუნებისა და სხვა დაწერილი ლოცვების კითხვა აღარ ესადაგება. მეზვერის ლოცვა და სხვა მოკლე ლოცვები უკეთ გადმოსცემს გულის უდიდეს, გამოუთქმელ სურვილს, ამიტომ ხშირად ღმრთის სათნომყოფელნი ასეთ ლოცვაში ატარებდნენ მრავალ საათს, დღესა და წელიწადსაც კი, ასე რომ ამ ძლიერ, შემოკრებილ ლოცვაში მრავალფეროვნების შეტანის ვერავითარ საჭიროებას ვერ გრძნობდნენ [*].
მწვალებელთა მიერ შეთხზული ლოცვები ძალიან წააგავს წარმართთა ლოცვებს. მათში მრავლისმეტყველება, მიწიერი სილამაზე სიტყვისა, სისხლისმიერი აღგზნება, სინანულის ნაკლებობა, ვნებების შუაგულიდან პირდაპირ ძე ღმრთისას ქორწილში მოხვედრისაკენ სწრაფვა, თავის მოცთუნება. უცხონი არიან ისინი სული წმიდისათვის: მათგან ქრის ბნელეთის სულის, ბოროტი სულის, ტყუილისა და წარწყმედის სულის მომაკვდინებელი სუნთქვა.
დიდი ღვაწლია ლოცვა! წმ. მოციქულებმა ლოცვისათვის, უფლის სიტყვის მსახურებისათვის უარი თქვეს მოყვასის ხორციელ მსახურებაზე: „არა სათნო არს ჩუენდა დატევებაა სიტყვისა ღმრთისაა და მსახურება ტაბლისაი... ხოლო ჩვენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალნეთ“ (საქმე, 6,2-4), ანუ ლოცვის გზით ღმერთთან საუბარი და მოყვასთან ღმერთზე საუბარი, სამგვამოვანი ღმერთისა და განკაცებული ღმერთი სიტყვის ქადაგება აირჩიეს.
გონების ყველაზე მაღალი და ბუნებრივი მდგომარეობა არის ის სიწმინდე, რომელსაც მას განბნევისაგან თავისუფალი ლოცვა ანიჭებს. გონების აღყვანება ღმერთამდე, რომლის თავდაპირველი მიზეზი მიზეზი არის განწმენდილი ლოცვა, წარმოადგენს ზებუნებრივ მდგომარეობას (შდრ. კიბე, სიტყვა 28).
ზებუნებრივ მდგომარეობას აღწევენ მხოლოდ ღმრთის წმიდა სათნომყოფელნი, სული წმიდის მიერ განახლებულნი, ძველი ადამის განმძარცველნი და ახლის შემმოსველნი, რომელთაც ძალუძთ თქმა: „ხოლო ჩვენ ყოველნი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით, მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად, ვითარცა სულისაგან უფლისა“ (2კორ. 3,18). საღმრთო გამოცხადებათა უმეტეს ნაწილს ისინი ლოცვის დროს ღებულობენ, ანუ იმ დროს, როდესაც სული განსაკუთრებით მომზადებულია, განსაკუთრებით განწმენდილია, განწყობილია ღმერთთან ერთობისათვის (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 16). ასე იხილა პეტრე მოციქულმა ლოცვისას ცით გარდამომავალი ტილო (საქმე 10,11); ასე იხილა კორნილიოს ასისთავმა უფლის ანგელოზი (იქვე, 3); ასევე, როდესაც პავლე მოციქული იერუსალიმის ტაძარში ლოცულობდა, უფალი ეჩვენა და უბრძანა, დაუყოვნებლივ წასულიყო იერუსალიმიდან: „წარვედ, რამეთუ ნათესავთა შორიელთა მიგავლინო შენ“ (იქვე, 22,17-21), უთხრა უფალმა პავლეს.
ლოცვა, ისევე როგორც სინანული, ღმერთმა გვამცნო. ლოცვის დასასრული, ისევე როგორც სინანულისა, ერთია - შესვლა ზეცათა სასუფეველში, ღმრთის სასუფეველში, რომელიც ჩვენშია. „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“ (მათ. 4,17): „სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს“ (ლუკ. 17,21). „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით, და განგეღოს თქუენ. რამეთუ ყოველი, რომელი ითხოვდეს, მიიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოვოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს... მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაა, რომელნი სთხოვდენ მას“ (ლუკ. 11,9-13). „ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაა რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა? გეტყვი თქუენ: ყოს შურის-გებაი მათთვის ადრე“ (ლუკ. 18,7-8). შესასვლელი ზეცათა სასუფევლისა, რომელიც წმ. ნათლისღებით ყოველი ქრისტიანის გულშია დანგრგილი, არის ამ სასუფეველზე ზრუნვა სული წმიდის მოქმედებით.
იჩქარე ლოცვა, ცხონებას მოწყურებულო სულო, იჩქარე შეუდგე უფალს და მის თანხმლებ ურიცხვ მოწაფეს; ქანანელი დედაკაცის მსგავსად შეჰღაღადე ღმერთს (მათ. 15,22-28), ნუ დაგაღონებს მისი ხანგრძლივი უყურადღებობა, სულგრძელად დაითმინე ყოველგვარი მწუხარება და შეურაცხყოფა, ღმერთის მიერ შენზე დაშვებული. ლოცვაში წარმატების მოსაპოვებლად აუცილებელია განსაცდელების შეწევნა. შენი სარწმუნოებისათვის, შენი სიმდაბლისათვის, დაუცხრომელი ლოცვისათვის უფალი განუგეშებს და განკურნავს შენს ასულს, ვნებებისაგან გვემულს, ანუ განკურნავს შენს გულისსიტყვებსა და განცდებს: ვნებიანს უვნებელად აქცევს, ცოდვილს - უცოდველად, ხორციელს - სულიერად. ამინ.
[*] - მღვდელმონაზონმა სერაფიმე საროველმარ, რომელმაც განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ლოცვაში, ათასი დღე-ღამე გაატარა ქვაზე მდგომმა და მღაღადებელმა: „ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას“ (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე).