† წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ჩემი გოდება

რა სიტყვა წავუმძღვარო ამ ჩემს გოდებას? რა არის ის პირველი მწუხარე აზრი, სიტყვით გამოთქმას რომ მოვუხერხებ? ყოველი მათგანი ერთნაირად მძიმეა: როგორც კი წარმოგიდგება გონებაში, გეჩვენება, რომ სწორედ ისაა ყველაზე მწარე; ყოველი მათგანი მტკივნეულ დაღს ამჩნევს გულს. ქვითინი მახრჩობს, სიტყვები გულში ვეღარ ეტევიან და გადმოხეთქვას ლამობენ, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით უკანვე ბრუნდებიან და სულში უცნაურ შფოთს იწვევენ. თუ გონების თვალს წარსულს მივაპყრობ, იქ ცთუნებების, ცოდვების, დაცემების ჯაჭვი მხვდება! ცხოვრების იმ ნაწილს გადავხედავ, რაც ჯერ კიდევ დამრჩა გასავლელი, და ძრწოლა მეუფლება: ესეც ჩემს მწარე გამოცდილებას ემყარება. საკუთარ სულს მივუბრუნდები? სანუგეშოს ვერაფერს ვხედავ! იგი მთლიანად წყლულებით არის დაფარული: არ არსებობს ისეთი ცოდვა, მისთვის უცნობი რომ იყოს, არ არსებობს დანაშაული, რომლის ბეჭედიც არ აჩნდეს! ხორცი კი - საბრალო ხორცი! ხრწნილების სუნი სცემს ჩემს ყნოსვას! „არცა ხრწნილებამან უხრწნელებაი დაიმკვიდროს“ (1კორ. 15,50). შენი ხვედრია სიკვდილის შემდეგ საფლავის წყვდიადი, აღდგომის შემდეგ კი - ჯოჯოხეთისა! რა ელის ჩემს სულს ხორცთან გაყრის შემდეგ? რა იქნებოდა, ნათლისა და მშვიდობის ანგელოზი შეგებებოდა და მასთან ერთად ედემის ნეტარ სავანეში გაფრენილიყო? მაგრამ რისთვის უნდა მოევლინოს ანგელოზი? რა სათნოებას, რა ღვაწლს ნახავს მასში, ზეციურ მკვიდრთა ღირსს? არა! ჩემს სულს ალბათ უფრო შავ დემონთა, დაცემულ ანგელოზთა ხროვა შემოერტყმის გარს, ისინი ჰპოვებენ ჩემში მსგავსებას საკუთარ თავთან, საკუთარ დაცემასთან, ჰპოვებენ საკუთარ ცოდვილ ჩვევებს, ღმრთის წინააღმდგომ ნებას - და წაიყვანენ ჩემს სულს თავიანთ სამყოფელში, საუკუნო, სასტიკი სატანჯველის ადგილას, მარადიული წყვდიადისა და დაუშრეტელი ცეცხლის, განუწყვეტელი, დაუსრულებელი წამებისა და ვაების სამკვიდრებელში.

ასეთად ვხედავ ჩემს თავს და მოვთქვამ. ცრემლი ხან მსუბუქად მინამავს თვალებს, ხან უხვად მოედინება ღაწვებიდან სამოსზე ან სარეცელზე, ზოგჯერ კი შრება და მხოლოდ სულს მოიცავს მწარე ქვითინი. ვტირი გონებით, გულით, ხორცით, მთელი ჩემი არსებით, გლოვა განმსჭვალავს არა მხოლოდ გულს, არამედ სხეულის ყველა ასოს. ისინი უცნაურად და გამოუთქმელად მონაწილეობენ ამ ჩემს გლოვაში და ტკივილსაც განიცდიან.

სულო ჩემო! ვიდრე საუკუნო ცხოვრებაში გადასვლის საბოლოო, გარდუვალი ჟამი დამდგარა, იზრუნე საკუთარ თავზე. მიეახლე, შეუდექი ღმერთს გულწრფელი, დაუცხრომელი სინანულით, ღმრთისმოშიში ცხოვრებით, მიჰყევი მის მცნებებს. უფალი მრავალმოწყალეა, უსაზომოდ მოწყალე, იგი ყველას ღებულობს, ვინც მას შეუვრდება, აღხოცს ცოდვილთა ცოდვებს, კურნავს დაძველებულ, მყრალ, სასიკვდილო წყლულებს, ნეტარებას ანიჭებს ყველას, ვისაც სწამს იგი და ვინც ემორჩილება. განიხილე შენი ამქვეყნიური ცხოვრება სულ თავიდან, განიხილე ღმრთივბოძებული უდიდესი სიკეთეები, ღმერთს მიანდე შენი ბედი, ეცადე მისი წმინდა ნება დანერგო შენს სულში და მის ყოვლად სახიერ და ყოვლად ბრძნულ განწესებებს დაემორჩილო. მოციქული ამბობს: „რამეთუ უკეთუმცა თავთა თვისთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით“ (1კორ. 11,30).

დაბადებამდე არავინ ყოფილა ჩემი შუამდგომელი შემოქმედის წინაშე, რათა თავისი ყოვლად ძლიერი ბრძანებით არაარსიდან არსად მოვეყვანე. ერთადერთი ჩემი შუამდგომელი იყო ღმერთის, მისივე თანადაუსაბამო სახიერება. მე ისე გავჩნდი, არც კი ვიცოდი, რომ ვარსებობდი, ვარსებობდი, როგორც არაარსი. ვაი, რომ გავჩნდი უკვე დაცემული, ცხოვრება დავიწყე უკვე მომკვდარმა: „რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“ (ფსალმ. 50,7). ჩემი არსებობის სათავეში ერთად იდგნენ სიცოცხლე და სიკვდილი. მე არ ვიცოდი, კარგად არც კი მესმოდა, რომ ვცხოვრობ, რომ ცოცხალი უკვე მოვკვდი, რომ ვარსებობ და, ამასთან, წარწყმედილი ვარ.

რა საიდუმლოა ეს: ადამიანის ცოდვათა შინა შობა? როგორ შეიძლება მკვდარი იყოს ის, ვისაც ჯერ არ უცხოვრია? ვისაც ჯერ ნაბიჯიც არ გადაუდგამს და უკვე დაეცა? ვისაც ჯერ არაფერი გაუკეთებია და უკვე სცოდა? როგორ ხდება, რომ წინაპრებს ათასწლეულებით დაშორებული შვილიშვილები მათი ცოდვების თანაზიარნი ხდებიან? მოწიწებით შესცქერის ჩემი გონება ღმრთის განგებას, არ ესმის იგი, არც კადნიერდება გამოიკვლიოს, მაგრამ ხედვით კი ხედავს და უკვირს - და ადიდებს მიუწვდომელ, გამოუკვლეველ ღმერთს.

ჩემი ცოდვათა შინა შობა იყო თვით არყოფნაზე დიდი უბედურება! განა არ არის უბედურება, იშვე მსწრაფლწარმავალი ამქვეყნიური ცხოვრებისათვის, მერე კი მარადიულად ჯოჯოხეთის წყვდიადსა და სატანჯველში დაემკვიდრო! ხელისამპყრობვლი არავინა მყავს, მე თვითონ კი არ ძალმიძს დამღუპველი უფსკრულიდან თავის დაღწევა - იქიდან მხოლოდ ღმრთის მარჯვენა ამომიყვანს. ღმერთმა ჩემი მშობლებისაგან მშვა არსებობისთვის და თავით თვისით მშობს ცხონებისათვის: განმბანს ცოდვათა ბილწებისაგან, სული წმიდით განმაახლებს ნათლისღების ემბაზში, მიმრქმელისაგან იღებს ჩემი ერთგულების აღთქმებს, თავის სახელს მარქმევს, თავის ბეჭედს მადებს, თავისი ღმრთაების, თავისი მეუფების თანაზიარად მხდის. ჩემს თავს სასწაულები ხდება, გამოუთქმელი სიკეთეები მეძლევა, მე კი ამ დროს ვერაფერს ვგრძნობ და ვერაფერს ვხვდები, საკუთარ არსებობასაც კი ვერ აღვიქვამ. უფალო, შენ გადმომხედე, უსიტყვო ყრმა როცა ვიყავი! ჩვრებში გახვეულმა, უგუნურმა, ვერარას შემძლემ, რა მოგაგე შენ? როგორ მიიღე ჩემი აღთქმები და, მიიღე რა, თან შენი ნიჭებიც მიბოძე? ვხედავ შენს მიუწვდომელ სახიერებას და მიკვირს! ახლაც არ ძალმიძს იმაზე მეტი, რაც უდღეურ ყრმას შემეძლო: ენას და გონებას დავიდუმებ, ყრმასავით ტირილს და ცრემლებს შემოგწირავ.

რა მივაგე ღმერთს იმ სიკეთეთა წილ, ასე უხვად რომ მომანიჭა მაშინ, როდესაც არც კი მესმოდა, რა მეძლეოდა? რასაც მანამდე ვიქმოდი, იმავეს განვაგრძობდი: არ მესმოდა და ვერ ვხედავდი მათ. მზერა ამა სოფელს მივაპყარი: აქაური განცხრომა, აქაური, წარმავალი მსახურება ადამიანის ერთადერთ საქმედ, ერთადერთ დანიშნულებად მიმაჩნდა. ჩემთვის სიკვდილი არ არსებობდა! ამქვეყნიური ცხოვრება მარადიულად მეჩვენებოდა - იმდენად უცხო იყო სიკვდილზე ფიქრი! მარადისობა! ჩემი მზერა მის გამოუცნობ სიშორეს ვერ სწვდებოდა! ვიცოდი აღმოსავლეთის ეკლესიის დოგმატები და მწამდა ისინი, მაგრამ ჩემი ცოდნაც და სარწმუნოებაც მკვდარი იყო. რაში მდგომარეობს ადამიანის დაცემა ან მისი ცხონება, რა ნიშნები ახასიათებთ მათ ან რა მტკიცება? ამის არავითარი ცოცხალი, გამოცდილებით დამოწმებული ცოდნა არ მქონდა. ღმერთის მცნებებად მხოლოდ ძველი აღთქმის ათი მცნება მიმაჩნდა, მაცხოვრის მცნებები კი, მისი ყოვლადწმინდა სიტყვები, უბრალო რჩევა-დარიგებები მეგონა, რომელთა შესრულება სასარგებლოც არის და საქებარიც, მაგრამ აუცილებელი მოვალეობა კი - არა. ამგვარად, ღმრთის გამოუთქმელი მადლი, ნათლისღებით მოცემული, სახარებისეული ტალანტის მსგავსად, უმეცრების ჩვრებში იქნა გახვეული და ღრმად დაიფლა მიწაში, ანუ წარმავალი ცოდნის მოპოვებისათვის ზრუნვაში; ზემოდან კი დროებით წარმატებებსა და ტკბობაზე, ამაო სოფლის ამაო ნათლის მსახურებაზე ფიქრის ფერფლი წაეყარა.

ბავშვობა მწუხარებებით სავსე მქონდა. ამაშიც შენს ხელს ვხედავ, ღმერთო! არავინ მყავდა, გულისნადები რომ გამენდო; ამიტომ ღმრთის წინაშე დავიწყე გულის გადაშლა, სახარებისა და წმიდანთა ცხოვრებების კითხვას შევუდექი. სახარებას ჩემგან მხოლოდ აქა-იქ გამჭვირვალე ფარდა ფარავდა, მაგრამ შენი პიმენები, ღმერთო, შენი სისოები და მაკარები ჩემზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდნენ. გონება, რომელიც ხშირად მაღლდებოდა ღმერთთან ლოცვით და კითხვით, თანდათან მშვიდობასა და განსვენებას ანიჭებდა სულს. თხუთმეტი წლის ყმაწვილი ვიყავი, როდესაც რაღაც განუზომელმა მშვიდობამ დაისადგურა ჩემს გულსა და გონებაში. მაგრამ მე თვითონ ვერაფერს ვხვდებოდი და მეგონა, რომ ეს იყო ყოველი ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობა.

ასეთი გახლდით, როდესაც, ჩემი სურვილისა და მოწოდების წინააღმდეგ, სამხედრო და თან სამეცნიერო სამსახურს შევუდექი. თუმცა მაშინ ვერც გავბედავდი, ვერც შევძლებდი რაიმე სურვილი მქონოდა, რადგან ჯერ არ მეპოვნა ჭეშმარიტება, ვერ ვხედავდი ისე ნათლად, რომ მისი ფლობა მომესურვებინა. ჩემი ყურადღება საერო მეცნიერებებმა, ადამიანის დაცემული გონების ნაყოფმა მიიპყრო: მათკენ ვისწრაფოდი მთელი ჩემი სულიერი ძალებით, განყენებული საქმეები და რელიგიური განცდები კი განზე დამრჩა. ამსოფლიურ ზრუნვაში თითქმის ორი წელი გავიდა. ჩემს სულში გაჩნდა საშინელი სიცარიელე, შიმშილი, რაღაც ბუნდოვანი სევდა - ღმერთის შიმშილი. დავიწყე გლოვა საკუთარი უდებებისა, ვწუხდი, რომ დავიწყებას მივეცი ჩემი სარწმუნოება, ვგლოვობდი ჩემს მიერ დაკარგულ ტკბილ მშვიდობას, იმ სიცარიელეს, რომელიც მის სანაცვლოდ შევიძინე და რომელიც ასე მამძიმებდა, მაშინებდა, სულით ობლობის, სიცოცხლის დაკარგვის განცდით მავსებდა! და მართლაც, ეს იყო ტანჯვა სულისა, რომელმაც თავისი ჭეშმარიტი სიცოცხლე - ღმერთი დაკარგა. მახსოვს, იუნკრის მუნდირში გამოწყობილი, პეტერბურგის ქუჩებში მოვდიოდი, თვალთაგან კი ცრემლები მცვიოდა! ახლა რატომ ვეღარ ვტირი ისე? ახლა ხომ უფრო მეტად მჭირდება ცრემლი! ნახევარი ცხოვრება გავლიე, დღეები, თვეები და წლები უწინდელზე სწრაფად გადიან - საფლავისაკენ მიიჩქარიან, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია, სადაც აღარც სინანულია შესაძლებელი და აღარც გამოსწორება.

ამ დროისათვის ჩემი წარმოდგენები უკვე მომწიფდა: რელიგიაში გარკვეულობას ვეძიებდი. გაუცნობიერებელი რელიგიური გრძნობები აღარ მაკმაყოფილებდა, მსურდა ნამდვილის, ნათელის, ჭეშმარიტის დანახვა. იმხანად ჩრდილოეთის დედაქალაქს სხვადასხვა რელიგიური იდეები იტაცებდა, რომლებიც განუწყვეტელ ცილობასა და შუღლში იყვნენ ერთმანეთთანჩემს გულს არცერთი არ მოსწონდა, არ ენდობოდა, უფრთხოდა მათ. ამ მწარე ფიქრებში გავიხადე იუნკრის მუნდირი და ჩავიცვი ოფიცრისა. მენანებოდა იუნკრის მუნდირი: მასში შემეძლო ტაძარში შევსულიყავი, ჯარისკაცებს, მდაბიო ხალხს შევრეოდი და რამდენიც მინდოდა, იმდენი მეტირა და მელოცა. ყმაწვილ კაცს გართობისა და მხიარულების არავითარი სურვილი არ გამაჩნდა! ეს სოფელი არაფრით მიზიდავდა: ისე გულგრილი ვიყავი მისდამი, თითქოს იქ არც კი არსებულიყო რაიმე საცთური! და ჩემთვის მართლაც არ არსებობდა - გონება მეცნიერებათა შესწავლით მქონდა დაკავებული და თან ცნობისწადილი მკლავდა: მსურდა გამეგო, სად იმალება ჭეშმარიტი სარწმუნოება, სად იმალება ჭეშმარიტი სწავლება მის შესახებ, დოგმატური და ზნეობრივი შეცდომებისაგან თავისუფალი.

ამასობაში კაცობრივი ცოდნის უმაღლესი, უშორესი ჰორიზონტებიც დავლანდე. ამ კიდესთან მდგომი, მეცნიერებებს ვეკითხებოდი: „რას აძლევთ კაცს საკუთრებად? ადამიანი მარადიულია და მისი საკუთრებაც მარადიული უნდა იყოს. მიჩვენეთ ეს მარადიული საკუთრება, ეს სარწმუნო საუნჯე, კუბოს კარს იქით რომ გამყვება! ჯერჯერობით მხოლოდ იმ ცოდნას ვხედავ, ასე ვთქვათ, დროებით მფლობელობაში რომ მეძლევა - ის სულის ხორცთან გაყრისთანავე ქრება. რას ემსახურება მათემატიკა? მისი შესწავლის საგანი ნივთიერებაა. იგი გვიხსნის ნივთიერების გარკვეულ კანონებს, გვასწავლის მის აღრიცხვასა და გაზომვას, ამ ცოდნის ამქვეყნიურ ცხოვრებაში გამოყენებას. მათემატიკა მიგვითითებს, რომ ნივთიერების საზღვრებს მიღმა შესაძლებელია უსასრულო სიდიდის, როგორც იდეის არსებობა; ამ იდეის ზუსტი შეცნობა და განსაზღვრა ლოგიკურად შეუძლებელია ყოველი გონიერი, მაგრამ შეზღუდული არსებისათვის. მათემატიკა მიგვითითებს რიცხვებსა და ზომებსაც, რომლებიც, ზოგი თავისი სიდიდის, ზოგი კი სიმცირის გამო, კაცთბრივი კვლევისათვის მიუწვდომელია; იგი მიგვანიშნებს აგრეთვე იმ ცოდნის არსებობას, რომლის მიმართაც ადამიანს თანდაყოლილი მიდრეკილება აქვს, მაგრამ მეცნიერებას არ ძალუძს ამ ცნობისწადილის დაკმაყოფილება. მათემატიკა მხოლოდ ირიბად გვეუბნება, რომ არსებობენ ჩვენი გრძნობების საზღვრებს მიღმა მყოფი საგნები.

ფიზიკა და ქიმია ნივთიერების სხვა ტიპის კანონებს ხსნიან. სანამ მეცნიერებას მოჰკიდებდა ხელს, ადამიანმა არც კი იცოდა ამ კანონების არსებობა. აღმოჩენილმა კანონებმა უამრავი სხვა, ჯერ კიდევ უცნობი კანონის არსებობა გამოავლინეს. ზოგიერთი მათგანი, კაცობრიობის მთელი მცდელობის მიუხედავად, დღესაც ამოუხსნელია, ზოგიერთის ამოხსნა კი საერთოდ შეუძლებელია ადამიანის ძალებისა და შესაძლებლობების შეზღუდულობის გამო. ერთი ჭკვიანი და მჭევრმეტყველი მეცნიერი, როდესაც ქიმიის შესავალს კითხულობდა, ამბობდა კიდეც: „მე მგონი, ჩვენ სწორედ იმისათვის ვსწავლობთ ამ მეცნიერებას, რომ გავიგოთ - არაფერი ვიცით და შეუძლებელიცაა ვიცოდეთ, იმდენად ზღვა მასალა იშლება ჩვენს თვალწინ და იმდენად უმნიშვნელოა ჩვენს მიერ მოპოვებული მცირეოდენი ცოდნა“. ქიმია სრულიად ხელშესახებად ამტკიცებს, რომ ნივთიერებას, რომელსაც თითქოს თავისი საზღვრები უნდა ჰქონდეს, შეუძლებელია ჩასწვდეს და განსაზღვროს კაცის გონება, მასალის მასშტაბებისა და უამრავი სხვა მიზეზის გამო. ქიმია თვალს ადევნებს ნივთიერების თანდათანობით დაწვრილებას და კაცისათვის ძნელად აღსაქმელ გაფაქიზებამდე დაჰყავს; ნივთიერების ამ უწვრილეს მდგომარეობაში ჯერ კიდევ ჩანს მისი სირთულე და შემადგენელ ნაწილებად დაყოფის შესაძლებლობა, თუმცა ასეთი დაყოფა უკვე შეუძლებელია. ადამიანი ვერ ხედავს ნივთიერების დაყოფის ზღვარს, ისევე როგორც რიცხვებისა და ზომის ზრდის დასასრულს. კაცი ხვდება, რომ უსასრულო უნივთო უნდა იყოს და პირიქით, ყოველივე სასრული ნივთიერია. მაგრამ ეს არის განუსაზღვრელი იდეა, განსაზღვრული მხოლოდ თვითონ ამ იდეის არსებობაა. ამასთან, ფიზიკა და ქიმია მარტოოდენ ნივთიერის ფარგლებში ტრიალებენ, ადამიანისა და ადამიანთა საზოგადოების წარმავალი, ამქვეყნიური ცოდნის საზღვრების გაფართოებას ემსახურებიან.

დასახელებულ მეცნიერებებზე კიდევ უფრო ნეგატიურია ფილოსოფია, რომლითაც განსაკუთრებით მოაქვს თავი დაცემულ კაცს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ყოველთვის ნივთიერ ცდებს ემყარებიან, რითაც ამტკიცებენ თავიანთი თეორიების სისწორეს, ეს უკანასკნელნი ამგვარი მტკიცებულებების გარეშე მეცნიერულად მიუღებელნი იქნებოდნენ. ფილოსოფიას არ გააჩნია საშუალება, ცდების გზით გადაჭრით ამტკიცოს რაიმე. სხვადასხვა ფილოსოფგური სისტემების სიმრავლე, სრულებით რომ არ ეთანხმებიან და პირიქით, უპირისპირდებიან კიდეც ერთმანეთს, უკვე ამხილებს, რომ ეს ყველაფერი კაცობრივი ამაო სიბრძნეა, ჭეშმარიტ ცოდნას არც ერთი ეს სისტემა არ ფლობს. რამხელა ასპარეზი ეძლევა ფილოსოფიაში თვითნებობას, ოცნებებს, გამონაგონს, ენაწყლიან ბოდვას, ესოდენ მიუღებელს ზუსტი მეცნიერებებისათვის! ამის მიუხედავად, ფილოსოფია ჩვეულებრივ მეტად კმაყოფილია საკუთარი თავით: მის ცრუ ნათელთან ერთად სულში შემოდის საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა, ქედმაღლობა, ცუდმედიდობა, მოყვასისადმი აგდებული დამოკიდებულება; დაბრმავებული სოფელი მას, როგორც თავისიანს, უხვად მიაგებს პატივსა და ქება-დიდებას. ვინც ფილოსოფიის მიერ მიცემული ცოდნით კმაყოფილდება, ის არამცთუ ვერ ღებულობს სწორ წარმოდგენას ღმერთზე, საკუთარ თავზე, სულიერ ცხოვრებაზე, არამედ პირიქით, გაუკუღმართებული, გონების განმხრწნელი წარმოდგენებით ავადდება; ასეთ კაცს, როგორც ტყუილით მოწყლულსა და დაზიანებულს, აღარ ძალუძს რაიმე საერთო ჰქონდეს ჭეშმარიტებასთან. „ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თვისითა ღმერთი“ (1კორ. 1,21), ამბობს მოციქული. „რამეთუ ზრახვაა იგი ხორცთაჲ სიკუდილ არს... ზრახვაა იგი ხორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა, რამეთუ სჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერცა ძალუც“ (რომ. 6,7-8), რამეთუ ეს (საღმრთო სჯულის მორჩილება - მთარგმნ.) მას არ სჩვევია. „ეკრძალენით, ნუ ვინმე იყოს წარმტყუენველ თქუენდა სიბრძნის მოყუარებითა და ცუდითა საცთურითა მოძღურებისა მისებრ კაცთაჲსა, წესთა მათებრ ამის სოფლისათა და არა ქრისტეს მიერ, რამეთუ მას შინა დამკვიდრებულ არს ყოველივე სავსება ღმრთეებისაი ხორციელად“ (კოლ. 2,8-9). ფილოსოფია არის კაცის დაცემის ნაყოფი, მისი გავლენით გონება ხდება მატყუარა (ანუ იგი იძენს ამ თვისებას - სიცრუეს - მთარგმნ.), ნიღბავს, იცავს და ასაზრდოებს საკუთარ დაცემას. ფილოსოფიას ეშინია ჭეშმარიტი სწავლებისა, როგორც სასიკვდილო განაჩენისა თავისი თავისთვის (2კორ. 1,9). სწორედ ფილოსოფია აგდებს ჩვენს სულს ცრუ წარმოდგენის, სულის წარწყმედის მდგომარეობაში. ეს კარგად ჩანს მოციქულის ზემოთ მოყვანილი სიტყვებიდანაც: იგი ხომ ყველას, ვისაც ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნება და მიღება სურს, უბრძანებს უარყოს დაცემული კაცობრიობის ამაო სიბრძნის მიერ მოცემული ცოდნა. „ნუვინ თავსა თვისსა აცთუნებნ: უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რაითა იყოს იგი ბრძენ“ (1კორ. 3,18). ჭეშმარიტი ფილოსოფია (სიბრძნისმოყვარება) ერთადერთში - ქრისტეს სწავლებაში მდგომარეობს: „ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე“ (იქვე, 1,24) [*]. ვინც სიბრძნეს ქრისტეს მიღმა ეძიებს, ის უარყოფს ქრისტეს, უარყოფს სიბრძნეს, იძენს და ითვისებს დაცემულ სულთა კუთვნილ მტყუან გონებას (გონების თვისებას, რომელიც მოვლენების საღად აღქმას უშლის ხელს - მთარგმნ.).

გეოგრაფიაზე, გეოდეზიაზე, ენათმეცნიერებაზე, ლიტერატურასა და სხვა მეცნიერებებზე, ხელოვნების ნებისმიერ სახეზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია: ყოველი მათგანი ამა სოფლისათვის არის შექმნილი, ისინი უსარგებლონი ხდებიან კაცისათვის ამქვეყნიური ცხოვრების დასრულებისთანავე, ხშირად კი კარგა ხნით ადრეც. და თუკი მთელ ჩემს ამქვეყნიურ ცხოვრებას იმ ცოდნის შეძენას მოვანდომებ, სულის ხორცთან გაყრის უმალ რომ მიმატოვებს, რას წავიღებ თან უხეში ნივთიერების საზღვრებს იქით? „მეცნიერებებო! თუ თქვენ ეს ძალგიძთ, მომეცით რაიმე სამუდამო, დადებითი, რაიმე ხელშეუვალი და სარწმუნო, ადამიანის კუთვნილების ღირსი რომ იყოს!“ მაგრამ ისინი პასუხად დუმდნენ.

დამაკმაყოფილებელი, არსებითად საჭირო, სასიცოცხლოდ აუცილებელი პასუხისათვის სარწმუნოებას მივმართავ. მაგრამ სადა ხარ, სად იმალები, წმიდაო და ჭეშმარიტო სარწმუნოებავ? მე ვერსად გპოვე ფანატიზმში, რომელსაც არ ადევს უბრალოების, სახარებისეული სიმდაბლის ბეჭედი, იგი განხურვებითა და ცუდმედიდობით სავსეა. ვერც ეკლესიისგან განდგომილ, თვითნებურ სწავლებაში გნახე, რომელმაც თავისი სისტემა მოიგონა და თავმომწონედ აცხადებს, თითქოს ახალი, ჭეშმარიტი ქრისტიანობა აღმოაჩინა - და ეს ხდება ძე ღმრთისას განხორციელებიდან 18 საუკუნის შემდეგ! ო, რა მძიმე გაურკვევლობაში იყო ჩემი სული! რა სასტიკად იტანჯებოდა! უნდობლობის რამსიმაღლე ტალღები მებრძოდნენ - საკუთარი თავისა და ყოველივე იმის მიმართ, რაც გარს მაკრავდა, რაც ხმაურობდა და გუგუნებდა ჩემს გარშემო; ეს უნდობლობა კი იქიდან წარმოსდგა, რომ ჭეშმარიტება არ ვიცოდი და ვერ ვხედავდი.

მაშინ დავიწყე ხშირად, ცრემლებით ლოცვა ღმრთის წინაშე: შევთხოვდი, არ დაეშვა შეცდომის მსხვერპლად ჩემი ქცევა, ეჩვენებინა სწორი გზა, რათა მისკენ მიმემართა გულისა და გონების უხილავი სვლა. უეცრად რაღაც აზრი წარმომიდგა... გულმა ისე იგრძნო თავი, როგიარც მეგობრის მკერდს მიყრდნობილმა. ეს აზრი შთამაგონებდა შემესწავლა სარწმუნოება უშუალოდ წყაროებიდან, ანუ წმ. მამათა ნაწერებიდან. „მათი სიწმიდე იმის საწინდარია, რომ შეგიძლია ენდო“, - ჩამძახის იგი: ვემორჩილები. ვახერხებ ღმრთის სათნომყოფელთა ნაწერების მოპოვებას, მოწყურებული ვეწაფები კითხვას, ღრმად ვიკვლევ. ერთს რომ წავიკითხავ, მერე მეორეს ვკიდებ ხელს; ვკითხულობ, კიდევ ერთხელ გადავიკითხავ, ვსწავლობ. რამ გამაკვირვა სულ პირველად მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. მამათა ნაწერებში? მათმა თანხმობამ, საოცარმა, დიდებულმა თანხმობამ. მათი პირით თვრამეტი საუკუნე ერთად ამოწმებს ერთ, საღმრთო სწავლებას! როდესაც შემოდგომის ნათელ ღამეს ცას ავხედავ და ურიცხვ ვარსკვლავს დავინახავ, სულ სხვადასხვა სიდიდისანი რომ არიან, მაგრამ მაინც ერთ ნათელს გამოსცემენ, ჩემს თავს ვეუბნები: ასეთები არიან მამათა ნაწერებიც. როდესაც ზაფხულის დღეს ზღვას გავყურებ და უამრავ ხომალდს ვხედავ, თეთრი გედების მსგავსად რომ აუშვიათ აფრები და ერთი ქარის ქვეშ ერთი მიზნისკენ, ერთი ნავსაყუდელისკენ მიისწრაფვიან, ვფიქრობ: ასეთები არიან მამათა ნაწერებიც. როდესაც ხალხმრავალ, კარგად შეწყობილ გუნდს ვუსმენ, რომელშიც მრავალი სხვადასხვა ხმა ერთ საღმრთო საგალობელს გალობს, ვამბობ: ასეთები არიან მამათა ნაწერებიც. და მაინც, რა სწავლებას ვნახულობ მათთან? ყველა წმ. მამა ერთხმად იმეორებს, რომ ცხონების ერთადერთი გზა არის წმ. მამათა რჩევა-დარიგებების განუხრელი მიყოლა. მამები ამბობენ: „გინახავს ვინმე, ცრუსწავლებით შეცდენილი და არასწორი მოღვაწეობით დაღუპული? მაშ იცოდე, რომ იგი საკუთარ თავს, საკუთარ გონებას, საკუთარ აზრებს ენდო და არა მამათა სწავლებას“ (აბა დოროთე, მე-5 სწავლა) - მამათა სწავლებას, რომლისაგანაც შედგება ეკლესიის დოგმატური და ზნეობრივი გარდამოცემა. ეკლესია ასაზრდოებს თავის შვილებს ამ სწავლებით, როგორც ფასდაუდებელი საუნჯით.

ეს აზრი ჩამაგონა ღმერთმა, რომლისგანაც არის საწყისი ყოველი სიკეთისა, რომლისგანაც არის კეთილი აზრიც - ასე ამბობენ მამები, ასე ჩანს თვით საქმის არსიდანაც. ეს აზრი იყო ჩემთვის პირველი ნავმისადგომი ჭეშმარიტების ქვეყანაში, აქ ჰპოვა ჩემმა სულმა თავშესაფარი ღელვათა და განსაცდელთაგან. კეთილი, მაცხოვნებელი აზრი იყო! ეს იყო უძვირფასესი ნიჭი ყოვლად სახიერი ღმერთისა, რომელსაც ნებავს ყოველი კაცის მოქცევა და ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე დადგომა! ეს აზრი გახდა საძირკვლის ქვა ჩემი სულის შენობის ასაგებად! ეს აზრი გახდა ჩემი გზამკვლევი ვარსკვლავი! ის მუდამ მინათებდა გულისა და გონების გზას - მრავალი ტანჯვითა და განსაცდელით სავსეს, ვიწროს, უხილავს! როდესაც რელიგიურ სამყაროს ამ თვალით შევხედე, მივხვდი: ყველა შეცდომის თავი და თავი სწორედ ამ აზრის არცოდნა, არქონა, მისი დავიწყებაა.

აი, ესენია ღმერთის მიერ ჩემდამი უხვად მონიჭებული სიკეთეები! ესაა უხრწნელი საუნჯე, ნეტარი საუკუნო ცხოვრების გზას რომ მიჩვენებს, ღმრთაებრივი სიბრძნისა და სახიერების საყდრიდან ჩემთვის ზეგარდამო მოვლენილი. რით მივაგო მადლობა ჩემს კეთილისმყოფელს? იქნება იმით, რომ მთელი ჩემი ამქვეყნიური ცხოვრება მის ძიებას, მის მსახურებას შევწირო? მაგრამ განა ეს მადლიერება იქნება? ამით ხომ ახალ, უდიდეს სიკეთეს მოვუტან საკუთარ თავს? ღმერთმა, თვით ღმერთმა, მხოლოდ კეთილი აზრის მეშვეობით უკვე განმაშორა ამაო სოფელს. სოფლის შუაგულში კი ვცხოვრობდი, მაგრამ საერთო, ფართო, გათელილ გზას არ მივდევდი: ერთმა კეთილმა აზრმა განცალკევებულ ბილიკს გამიყენა, გრილ, ცხოველმყოფელ წყაროს დამაწაფა, ნაყოფიერი მიწები მიჩვენა - მშვენიერი, მაგრამ ალაგ-ალაგ ველური და სახიფათო, უფსკრულებით დასერილი, უკიდურესად განმარტოებული, იქ იშვიათად თუ სტუმრობს მგზავრი.

წმ. მამათა კითხვამ დამარწმუნა: მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში უეჭველად შესაძლებელია ცხონება, რასაც მოკლებულნი არიან ევროპის რელიგიები, რადგან მათ ვერ შეინარჩუნეს ქრისტეს უძველესი ეკლესიის დოგმატური და ზნეობრივი სწავლება. წმ. მამათა კითხვამ დამანახა, თუ რა თავს-იდო ქრისტემ კაცობრიობისათვის, რაში მდგომარეობს ადამიანის დაცემა. რატომ არის აუცილებელი მაცხოვარი, რა არის ცხონება, რომელიც მოგვანიჭა და ახლაც გვანიჭებს უფალი. წმ. მამათა კითხვამ ჩამაგონა: უნდა განავითარო, განიცადო და დაინახო საკუთარ თავში ცხონების შესაძლებლობა, უამისოდ ქრისტეს სარწმუნოება მკვდარია, ქრისტიანობა კი - ცარიელი სიტყვა და უსიცოცხლო სახელწოდება. წმ. მამათა კითხვამ მასწავლა დამენახა მარადისობა, როგორც მარადისობა, რომლის წინაშე არარაობაა ათასი წელი, არამცთუ ჩვენი, ნახევარი საუკუნით გამოზომილი ცხოვრება. ამგვარმა კითხვამ მიმახვედრა, რომ ეს ცხოვრება საუკუნო ცხოვრებისათვის სამზადისში უნდა გაატარო, როგორც წინკარში ემზადებიან ხოლმე მეფის ბრწყინვალე დარბაზში შესასვლელად. ისიც დავინახე, რომ ყოველგვარი ამქვეყნიური საქმე, განცხრომა, პატივი, უპირატესობა მხოლოდ სათამაშოებია, დიდი ბავშვები რომ თამაშობენ და ამ თამაშში საუკუნო ნეტარებას აგებენ. რა არის ქრისტეს წინაშე ყოველივე მსოფლიო? იმ ქრისტეს წინაშე, რომელიც არის ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც აძლევს საკუთარ თავს საუკუნო ნიჭად და საკუთრებად მტვერს - ადამიანს? არ ღირს ხილული სოფელი იმად, რომ მას ვემსახუროთ და მისკენ მივმართოთ მთელი ჩვენი ძალისხმევა! რას აძლევს ეს სოფელი თავის მსახურებს? ჯერ სათამაშოებს, მერე კი კუბოს, ხრწნილებას, ბნელით მოცულ, ბუნდოვან მომავალს, ახლობელთა მწარე დატირებას და შემდგომ - დავიწყებას. ქრისტეს მსახურებს კი სხვა ჯილდო ელით: ამსოფლიურ ცხოვრებას ისინი ჭეშმარიტების შესწავლასა და საკუთარი თავის მის მიხედვით წარმართვაში ატარებენ. მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტების მიერ გარდაიქმნებიან, სული წმიდის ბეჭედი ეძლევათ და ისე გადადიან მარადისობაში, რომელსაც უკვე კარგად იცნობენ, რომელშიც საკუთარ თავს ნეტარება განუმზადეს, რადგან ცხონების საწინდარი მიცემული აქვთ: „ხოლო ჩვენ ღმერთმან გამოგვიცხადა სულისა მიერ თვისისა“ (1კორ. 2,10), ამბობს მოციქული. ეს სავსებით ნათლად გადმოსცეს წმ. მამებმა თავიანთ წმიდა ნაწერებში.

მაშინ გამიცივდა გული ამა სოფლის, მისი სამსახურის, მისი დიდებულების, მისი სიტკბოების მიმართ! გადავწყვიტე მიმეტოვებინა ეს სოფელი, მიწიერი ცხოვრება კი ქრისტეს შეცნობის, ქრისტეს შეთვისებისათვის გამომეყენებინა. ამ განზრახვით დავიწყე საერო და სამონასტრო სამღვდელოებაზე დაკვირვება. აქაც საკმაო შრომა მომიხდა, ამ შრომას კიდევ უფრო ამძიმებდა ჩემი სიყმაწვილე და გამოუცდელობა. მაგრამ ყველაფერს კარგად ვხედავდი და მონასტერში მისვლისას ჩემთვის არაფერი ყოფილა ახალი ან მოულოდნელი. რამდენი რამ ეღობებოდა წინ სოფლიდან ჩემს გამოსვლას! ყველას აღარ ჩამოვთვლი. თვით ჩემი ხორცი ჩამძახოდა: „სად მიგყავარ? მე ხომ უძლური და სნეული ვარ! ხომ ნახე მონასტრები, კარგად გაიცანი მათი მდგომარეობა: იქაური ცხოვრება შენთვის აუტანელი იქნება ჩემი უძლურების, შენი აღზრდისა და მრავალი სხვა მიზეზის გამო“. ჩემი გონებაც ხორცის საბუთებს ეთანხმებოდა. მაგრამ სხვა ხმაც ჩამესმოდა, ალბათ, სინდისის ან იქნებ მფარველი ანგელოზის ხმა, რომელიც მეუბნებოდა: „ეს შენი ვალია, აუცილებელი ვალი“! ეს ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მის წინაშე გონების საბუთები, ხორცის საწყალობელი, თითქოსდა საფუძვლიანი ჩივილი არარაობად ჩანდა. მონასტერში მივედი ყოველგვარი აღგზნების, აღტყინების გარეშე, თითქოს გულის დაუძლეველი ძახილით დატყვევებული, რაღაც გამოუთქმელი და ამოუხსნელი მოწოდების პასუხად.

მონასტერში ისე თვალდახუჭული და დაუფიქრებლად შევედი, როგორც გონდაკარგული ადამიანი ხტება ცეცხლში ან უფსკრულში, ანდა როგორც სისხლიან შეტაკებაში ებმება უეჭველ სიკვდილზე მიმავალი, გულის ძახილს აყოლილი მეომარი. ჩემი გზამკვლევი ვარსკვლავი, კეთილი აზრი, გზის მანათობლად მეწვია მონასტრის განმარტოებასა და მდუმარებაში, უფრო სწორად, მონასტრის სიბნელესა და მონასტრის ქარიშხლებში. მამების სწავლებით, ჩვენი დროისათვის მონაზვნური ცხოვრების ერთადერთი სახეა შესაფერისი: მამათა ნაწერების ხელმძღვანელობით ცხოვრება, რასაც ჩვენი თანამედროვე წარმატებული მონაზვნების რჩევა-დარიგებები დაემატება, ოღონდ ეს უკანასკნელნი ისევ და ისევ მამათა ნაწერებს უნდა შევადაროთ. ეკლესიის პირველი საუკუნეების მამები განსაკუთრებით გვირჩევენ ღმრთივსულიერი მოძღვრის მოძებნას, მის სრულ, უსიტყვო მორჩილებაში ყოფნას: ამ გზას უწოდებენ უმოკლესს (და იგი ასეთიც არის), უმტკიცესს, ღმერთისთვის განსაკუთრებით სათნოს. იმ დროიდან ათასი წლით დაშორებული მამები თავიანთ წინამავალთა სიტყვებს იმეორებენ, მაგრამ უკვე ჩივიან, რომ ღმრთივსულიერი მამების რიცხვი უკიდურესად შემცირდა, რომ უამრავი ცრუსწავლება გაჩნდა, ამიტომ ისინი მორწმუნეებს სახელმძღვანელოდ სთავაზობენ საღმრთო წერილსა და წმ. მამათა ნაწერებს. ჩვენზე ცოტა ხნით ადრე მცხოვრები მამები ამბობენ, რომ ღმრთივსულიერი მამები ძველი დროის კუთვნილებაა, ჩვენ კი გადაჭრით გვირჩევენ საღმრთო წერილსა და წმ. მამათა ნაწერებს დავეყრდნოთ, ხოლო ჩვენი თანამედროვე მამებისა და ძმების რჩევები უკიდურესი სიფრთხილითა და წინდახედულებით მივიღოთ. მინდოდა წინამძღვარი მყოლოდა, მაგრამ ვერსად ვპოვე ისეთი, რომელიც სრულიად დამაკმაყოფილებდა, რომელიც მამათა სწავლების ცოცხალი განსახიერება იქნებოდა. თუმცა ბევრი რამ არსებითად საჭირო და აუცილებელი შევიტყვე, რაც ჩემი სულის შენობას საძირკვლად დაედო. ღმერთმა განუსვენოს ჩემი სულის კეთილისმყოფელებს ადგილსა „მწუანილოვანსა, ადგილსა განსასუენებელსა“ (ფსალმ. 22,1), ღმერთმა კიდევ უფრო მეტი სულიერი წარმატება და ნეტარი აღსასრული მიჰმადლოს მათ, ვინც ჯერ კიდევ ამ სოფელში აგრძელებს მსხემობას!

აქვე ვიტყვი ჩემს მდაბიო სიტყვას დღევანდელ მონასტრებზე - ეს სიტყვა მრავალი წლის დაკვირვების შედეგია. იქნებ ქაღალდზე გადმოტანილმა ამ სიტყვამ ვინმეს არგოს კიდეც! მოუძლურდა მონაზვნური ცხოვრება, როგორც საზოგადოდ, ქრისტიანული ცხოვრება, მოუძლურდა მონაზვნური ცხოვრება იმიტომ, რომ იგი მჭიდრო კავშირშია ქრისტიანულ სამყაროსთან, რომელიც, უშვებს რა მონასტრებში სუსტ ქრისტიანებს, აღარ უნდა მოითხოვდეს მათგან ძველი მონაზვნების მსგავს ძლიერ მონაზვნებს. უწინ ხომ ერში მცხოვრები ქრისტიანებიც უხვად იყვნენ მიმადლებულნი სათნოებებითა და სულიერი ძალით. მაგრამ მონასტრები, როგორც სული წმიდის მიერ დაწესებულნი, ჯერ კიდევ ჰფენენ თავიანთ სხივებს ქრისტიანობას, მათგან ჯერ კიდევ შეუძლია სულიერი საზრდოს მიღება მორწმუნეს, იქ ჯერ კიდევ დაცულია სახარების მცნებები, ჯერაც მკაცრად იმარხავენ დოგმატურ და ზნეობრივ მართლმადიდებლობას; იქ იშვიათად, ძალზე იშვიათად, მაგრამ მაინც მოიპოვებიან სული წმიდის ცოცხალი ფიცრები. საგულისხმოა, რომ ყველა სულიერი ყვავილი და ნაყოფი იმათ სულებში აღმოცენდა, ვინც მონასტრის შიგნით და გარეთ ურთიერთობებს გაურბოდა, სულის ნიადაგს საღმრთო წერილისა და წმ. მამათა ნაწერების კითხვით აპოხიერებდა, ვინც სარწმუნოებას იმარხავდა და მდაბალი, მაგრამ ძლიერი სინანულით განსულიერებული ლოცვით ლოცულობდა. სადაც ამგვარი სამუშაო არ სრულდება, იქ მიწაც უნაყოფოდ რჩება.

რაში მდგომარეობს მონაზვნური წვრთნა, რისთვისაც არსებობს თვით მონაზვნობა? უფლის ყველა მცნების, ყველა სიტყვის შესწავლაში, გულისა და გონების მიერ მათ შეთვისებაში. მონაზონს ადამიანის ორი ბუნების ხედვა ძალუძს: დაზიანებულის, ცოდვილის, რომელსაც საკუთარ თავში ხედავს; და განახლებულის, წმიდის, რომელსაც სახარებაში ჭვრეტს. ძველი აღთქმის ათი მცნება უარყოფს უხეშ ცოდვებს, სახარება კი თვით ცოდვით სნეულ ბუნებას კურნავს, რომელმაც დაცემის შედეგად ცოდვილი თვისებები შეიძინა. მონაზონს სახარების ფონზე უხდება ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ აზრებთან, ხორციელ გულისთქმებთან, სახარებისადმი მტრულად განწყობილ ამ სოფელთან, ბნელ სოფლისმპყრობელებთან - ეშმაკებთან, რომლებიც ცდილობენ თავიანთ ტყვეობაში ამყოფონ იგი. ყოვლადძლიერი ჭეშმარიტება ათავისუფლებს ადამიანს (იოან. 8,32), მონობისაგან გათავისუფლებულს ყოვლად სახიერი სული წმიდა თავისი ბეჭდით აღბეჭდავს, განაახლებს, ახალი ადამის ღირსებას ანიჭებს. ქრისტიანობის სრულყოფილება მონაზვნობაში მიიღწევა, ხოლო მონაზონნი არიან ნათელნი ამა სოფლის ზრუნვასა და მსახურებაში ჩაფლულ თავიანთ ძმათათვის, რომელთაც არ ძალუძთ არც სახარების ღრმად შეცნობა, არც მთელი სავსებით მისი გაცოცხლება საკუთარ თავში. მონაზვნობაზე მსუბუქად ან აგდებულად მსჯელობა მხოლოდ მას სჩვევია, ვისაც ქრისტიანის სახელი კი ჰქვია, მაგრამ ქრისტიანობაზე ერთობ ზერელე, მშრალი წარმოდგენა აქვს.

იმისათვის, რომ მონაზონში სახარებისეული თვისებები განმტკიცდეს და გაძლიერდეს, აუცილებელია მწუხარებები და განსაცდელები. უნდა გამოიცადოს მისი სიმდაბლე, მოთმინება და სარწმუნოება; უნდა გამოიცადოს, არის თუ არა მისთვის სახარება, ქრისტეს სიტყვები და მცნებები, მათში ჩადებული საუკუნო ცხოვრება ამა სოფლის ყველა სიკეთეზე, გარეგნულ პირობებსა და ჩვევებზეზე, თვით სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი? თავიდან ძალიან გვიმძიმს განსაცდელების გზაზე დადგომა, მაგრამ მათ გარეშე არ ისწავლება ყველა შეურაცხყოფის მიტევება, მტრის სიყვარული, ყველაფერში ღმრთის განგების ხედვა - ესენია უმაღლესი, უმნიშვნელოვანესი სახარებისეული მცნებები, მოყვასთან მიმართებბში დასაცავი. ხოლო თუ ჩვენი შინაგანი კაცი სახარების მცნებების მიხედვით არ გარდაიქმნა, იგი ვერ გახდება სული წმიდის სამკვიდრებელი. „და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა“ (ფსალმ. 118,131), ამბობს დავით მეფე. სული წმიდის გარდამოსლვის გარეშე ქრისტიანული სრულყოფილება არ არსებობს. მწუხარებებსა და განსაცდელებს საღმრთო წერილი და წმ. მამები ღმრთის უდიდეს ნიჭად მიიჩნევენ. ისინი წარმოადგენენ მოსამზადებელ სამუშაოს დაყუდებისთვის, რომელიც არის უდიდესი განწმენდა ანუ უდიდესი კურთხევაც. დაყუდების ღვაწლის წინამავალ მწუხარებებს მამები ადარებენ ქრისტეს ვნებებს ჯვარზე ასვლის წინ, თვითონ დაყუდებას კი - ჯვარცმასა და დაფლვას, რომელსაც აღდგომა მოსდევს.

ყოველივე ეს მე მამათა ნაწერებიდან შევიტყვე. მაოცებდა ღმრთის განგების მიერ მის მსახურთათვის მოხაზული წმინდა სისტემა, მხურვალე სიყვარულით შევუდექი ამ საკვირველი სისტემის ჭვრეტას. განსაკუთრებით მომწონდა ბარსანაბოს დიდის სწავლება: მეჩვენებოდა, რომ იგი პირდაპირ მე მომმართავდა, ისე ადვილად ითვისებდა ჩემი სული. „როდესაც ისმენ მოციქულის სიტყვებს: „ყოველსა შინა ჰმადლობდით“ (1თეს. 5,18), მოემზადე, რომ მართლაც ყველაფრისათვის მადლობას სწირავდე ღმერთს“, - სწერს იგი თავის ერთ-ერთ მოწაფეს, რომელსაც ზოგადსაცხოვრებელი მონასტრის ქურიდან დაყუდებული ცხოვრებისთვის ამზადებდა, - „სულერთია, მწუხარება იქნება ეს, განსაცდელი, ნუგეშინისცემა თუ ხორციელი სნეულება, ყველაფრისათვის ღმერთს მადლობდე, და იმედი მაქვს, შენც შეხვალ მის განსასვენებელში (ებრ. 4,3); რამეთუ „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (საქმე 14,22). ამრიგად, ნურაფერში შეგეპარება ეჭვი, ნუ შედრკება შენი გული, არამედ გახსოვდეს მოციქულის სიტყვა: „დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების დღითი დღედ“ (2კორ. 4,16). თუ ტანჯვას ვერ დაითმენ, ვერც ჯვარზე ახვალ, ხოლო თუ პირველად ტანჯვას დაითმენ, მაშინ განსასვენებელშიც შეხვალ და იქ დაიწყებ დაყუდებულ ცხოვრებას, გექნება სული, უფლის მიერ განმტკიცებული და მარადის მისდამი შენამსჭვალები“(მე-2 პასუხი).

სხვა ძმამ დიდ მამას უთხრა, რომ დაყუდება სურდა. მან მიუგო: „ძმაო! თუ კაცს ვალები აქვს, სადაც არ უნდა იყოს, მაინც მოვალედ დარჩება, სანამ ვალს გადაიხდიდეს, სულერთია, სოფლად იცხოვრებს თუ ქალაქად, ვერსად იქნება გულმშვიდად. ხოლო როდესაც ამ ვალების გამო კაცთაგან შეურაცხყოფას დაიმსახურებს, შერცხვება, როგორღაც იშოვის ფულს და გადაიხდის, მაშინ გათავისუფლდება და შეეძლება სადაც მოისურვებს, იქ იცხოვროს - კაცთა შორის თუ განმარტოებით. ასევე მონაზონიც, როდესაც თავისი ძალისაებრ დაითმენს შეურაცხყოფას, გინებას, ყოველგვარ გასაჭირს, მაშინ ისწავლის სიმდაბლეს და სულიერ მოღვაწეობას. სიმდაბლისა და მოღვაწეობისათვის მიეცემა მას ცოდვათა მიტევება, როგორც საღმრთო წერილი ამბობს: „იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი“ (ფსალმ. 24,18). დაფიქრდი, რამდენი შეურაცხყოფა და გინება დაითმინა უფალმა იესო ქრისტემ ჯვარცმამდე და მხოლოდ ყოველივე ამის შემდეგ ეცვა ჯვარს. ასევე ვერავინ მოიპოვებს ჭეშმარიტსა და ნაყოფიერ დაყუდებას, ვერავინ მიაღწევს სრულყოფილების წმიდა განსასვენებელს, თუ მანამდე ქრისტესთან ერთად არ ევნო, თუ ყველა მისი ტანჯვა არ დაითმინა, გვახსოვდეს მოციქულის სიტყვები: „უკეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ“ (რომ. 8,17). არ შეცდე: სხვა გზა ცხონებისა, გარდა ამისა, არ არსებობს. უფალი შეგეწიოს თავისი წმიდა ნებით, მტკიცე კლდეზე დაამყაროს შენი სულის შენობა, როგორც სახარებაში აღგვითქვა: „ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე“ (1კორ. 10,4). (პასუხი 342).

მონასტერში მისვლისთანავე განსაწმენდელი წყალივით დაიწყეს მოსვლა მწუხარებებმა. ეს გახლდათ შინაგანი ბრძოლაც, ხორციელი მწუხარებებიც, ნივთიერი გასაჭირიც; საკუთარი უმეცრებით, გამოუცდელობით, უგუნურებით გამოწვეული განსაცდელებიც. კაცთაგან მოვლენილი მწუხარებები ზომიერი იყო, - მათ განსაკუთრებული ასპარეზი ესაჭიროებოდათ. ღმრთის მიუწვდომელი განგებით ჩრდილოეთის დედაქალაქის მახლობლად მდებარე ერთ მონასტერში აღმოვჩნდი, რომელსაც ერში ცხოვრებისას ყურადღებასაც არ ვაქცევდი, - იგი ჩემი სულიერი მიზნებისათვის ყოველმხრივ გამოუსადეგრად მიმაჩნდა. 1833 წელს სერგის უდაბნოს წინამძღვრად დამადგინეს. მონასტერი სტუმართმოყვრულად არ დამიხვდა: იქ ჩასვლის პირველსავე წელს მძიმე სენმა დამრია ხელი, მეორე წელიწადს მეორე სნეულება მოჰყვა, მესამეს - კიდევ ერთი; მათ გავატანე ჩემი ისედაც მწირი ჯანმრთელობის ნაშთები, გამოვიფიტე, განუწყვეტელ ტანჯვაში ვატარებდი დღეებს. დაიწყო საშინელი შური, ლანძღვა-გინება, ცილისწამება; მძიმე, ხანგრძლივი, დამამცირებელი სასჯელების მსხვერპლი გავხდი - ყოველგვარი სამსჯავროს, გამოძიების გარეშე; ისე მექცეოდნენ, როგორც პირუტყვს, როგორც უსულო თოჯინას. აქ დამხვდნენ მტრები, ჩემდამი შეურიგებელი სიძულვილით აღსავსენი და ჩემი დაღუპვის მოსურნენი; აქვე გამხადა ღირსი უფალმა გამოუთქმელი მშვიდობისა და სიხარულისა, მანახა სულიერი სიყვარულისა და სიტკბოების გემო მაშინ, როდესაც მტერი ჩემს მოკვლას ლამობდა, და მაშინ ამ მტრის სახე ნათლის ანგელოზის სახედ მეჩვენა. მაშინ შევიტყვე გამოცდილებით ქრისტეს დუმილის მნიშვნელობა პილატესა და იუდეველ მღვდელმთავართა წინაშე. რა ბედნიერებაა, იყო მსხვერპლი იესოს მსგავსად! თუმცა არა! რა ბედნიერებაა, ჯვარცმული მაცხოვრის გვერდით იდგე, როგორც ოდესღაც ჯვარს ეცვა ნეტარი ავაზაკი, და მასთან ერთად სულის სიღრმიდან გულწრფელად ღაღადებდე: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ლუკ. 23,42).

ორმოც წელს მიტანებულმა, სნეულებებით გატანჯულმა, მრავალი მწუხარებით გვემულმა, დაჩაჩანაკებულმა, თვით ჩემი ხორციელი უძლურების გამო ქმედითი ცხოვრებისათვის გამოუსადეგარმა, რა გითხრათ ჩემს ხვედრზე? ვერავის ვხედავ, ვისი სვე-ბედიც ჩემთვის სანუკვარი ან შესაშური იყოს. მე ვარ ცოდვილი, ყოველგვარი სასჯელის - ახლანდელის თუ საუკუნოს - ღირსი, მაგრამ არავის ხვედრს არ შევნატრი! საშინელი ძრწოლა მიპყრობს საკუთარ ცოდვათა მხედველს, მაგრამ საშინელ ცოდვილთათვისაც ხომ არის მაცხოვარი! ამა სოფლის ძლიერნო, ეკლესიის მწყემსნო, მამანო და ძმანო! თქვენი სამსახურისათვის უკვე აღარ გამოვდგები. ან რა სამსახური შეუძლია სნეულებებით შეპყრობილ, სარეცელს მიჯაჭვულ, გამოუსვლელად სენაკში მყოფ ადამიანს? განმაგდეთ, განმაგდეთ, როგორც უხმარი მონა, ტვირთად რომ გაწევთ! არავითარი სათხოვარით, არავითარი საზრუნავით არ დაგამძიმებთ. არაფრად მინდა არც დაჩრდილული ბაღი, სურნელოვანი ყვავილებით შემკული, არც უამრავი მსახური; ქრისტეს გულისთვის მომხედავს ერთი მდაბალი მონაზონი, პურსა და შესამოსელსაც ვინმე ქრისტიანი მომაწვდის. არ მინდა სამყოფელად ვრცელი პალატები, არავითარი ამქვეყნიური გართობა და მხიარულება არ მიზიდავს. გამიშვით, გამიშვით სნეული, არას მაქნისი! სადმე, დედაქალაქის ხმაურს მოშორებული, ქალაქებსა და სოფლებს გარეთ, ვპოვებ ჩუმსა და მყუდრო, ყველასათვის უცნობ თავშესაფარს, იქ გავატარებ კუბოს კარამდე დარჩენილ დღეებს. ჩემი ავადმყოფობა მაიძულებს ვეძებო განმარტოება. გნებავთ იცოდეთ - ნუთუ ჩემს სულში არავითარა სურვილი არ იმალება? თქვენს ცნობისწადილს დავაკმაყოფილებ: ცოდვილი ვარ და სინანული მწყურია.

თავს ვანებებ ადამიანებს: ისინი მხოლოდ ბრმა იარაღები არიან ღმერთის ხელში, იმას სჩადიან, რასაც ღმერთი უბრძანებს ანდა დაუშვებს. ადამიანებს იმიტომ მივმართე, რომ მსურდა მოყვასის სიყვარულისა და პატივისცემის ხარკი გადამეხადა - ყველაზე საამური ხარკი, რომელიც ახარებს გულს მოხარკისას. თავის საზრუნავში, თავის ამაოებაში ჩაფლული, გართობასა და წარმატებებს გამოდევნებული ეს სოფელი ვერც კი შეამჩნევს ჩემს სიტყვებს: მისთვის უცხო და უცნაურია ხმა, სინანულისა და დაყუდების მაძიებელი სულის სიღრმიდან ამოსული.

მიუწვდომელო, ყოვლად ძლიერო, ყოვლად სახიერო, ყოვლად ბრძენო ღმერთო და უფალო ჩემო, შემოქმედო და მაცხოვარო! ცრემლით შეგივრდები მე, საბრალო მტვერი, შენს მიერ არაარსიდან არსად მოწოდებული, განცდის, ფიქრისა და სურვილის უნარით მომადლებული! შენ ხედავ ჩემს გულს, იმასაც ხედავ, ნამდვილად ის სიტყვაა თუ არა დამარხული გულში, რის წარმოთქმასაც ვაპირებ ბაგით და გონებით! შენ მანამდე იცი, რა მინდა გთხოვო, სანამ ამ თხოვნას სიტყვით გამოვთქვამდე, და შენ განაგებ, უნდა შესრულდეს თუ არა ეს სათხოვარი. მაგრამ შენვე მიბოძე თავისუფალი ნება, ამიტომაც ვკადნიერდები შენს წინაშე გამოვთქვა ჩემი უბადრუკი, შეჭირვებული, წყლულებით დაფარული გულის წადილი! ნუ შეისმენ ჩემს გულისნადებს, ნუ შეისმენ ჩემს ლოცვას, ნუ შეასრულებ ჩემს ნებას, არამედ დაე იყოს ნება შენი, ის, რასაც ჩემთვის შენი ყოვლად წმიდა, ყოვლად ბრძენი განგება აირჩევს და დაადგენს! მაგრამ მე მაინც ვიტყვი ჩემს გულისნადებს, გამოვთქვამ იმას, რისკენაც ჩემი თავისუფალი ნება მიისწრაფის! სინანულისა კარი განმიღე, კაცთმოყვარე! სიძვაში განვვლე ჩემი ცხოვრება, მეთერთმეტე ჟამს მივაღწიე, ძალა გამომეცალა, დაუძლურებულ ხორცს აღარც მცნებების შესრულება შეუძლია, აღარც მსახურება: მომეცი ნება სინანული მაინც შემოგწირო, რათა სრულიად უსასოოდ არ დავტოვო წუთისოფლის სასტუმრო. ხედავ ჩემს უძლურებას, სულიერსა და ხორციელს. არ ძალმიძს ვნებათა და ცთუნებათა წინააღდგომა! შენ გამიძეხი მდუმარებისა და დაყუდებისკენ, რათა იქ მთლიანად - გულით, გონებით, ხორცით - სინანულს მივცე თავი... სინანული მწყურია! მოწყალეო უფალო, მომიკალი ეს დაუძლეველი, მტანჯველი წყურვილი: მომმადლე სინანული! ესოდენ დიდთა და ურიცხვთა სიკეთეთა მომნიჭებელო, სრულყავ და აღავსე ისინი სინანულის ბოძებით! ყოვლად წმიდაო მეუფეო, ნუ მომაკლებ იმ მადლს, რომლის მოცემასაც, ჩემი უგუნურებით, ამდენი ხანია, გევედრები; არ ვიცი, რას ვითხოვ, არ ვიცი, ძალმიძს კი მისი მიღება, არ ვიცი, შევინარჩუნებ კი მას, თუ მივიღებ? ერთმა შენმა მსახურმა, სული წმიდის მიერ განწმენდილმა და განათლებულმა, თქვა: „დაყუდების გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი სინანული“ (ისააკ ასური, სიტყვა 41). ამ სიტყვამ განგმირა ჩემი ცოდვილი სული, მეხსიერებაში ჩამრჩა და ბასრი ხანჯალივით მკენწლავს ყოველ გახსენებაზე. რაკი ვერ ვხედავ სინანულს საკუთარ თავში, აღარ ვიცი, რა ვიღონო: თავის იძულებას ვცდილობ, მაგრამ უნებლიეთ ვაწყდები სხვადასხვა საზრუნავს, განბნევის მიზეზს, და ისინი მტაცებენ სინანულს. ვერ ვახერხებ მის შენარჩუნებას ათას შფოთსა და ზრუნვას შორის, გამირბის, ხელიდან მისხლტება, სიცარიელესა და უიმედობაში მტოვებს.

მოწყალეო უფალო! მომმადლე მე სინანული, დაყუდებაში შობილი - მუდმივი, სულისა და ხორცის ბილწებისაგან განმწმენდელი, სინანული, რომელიც მიანიჭე ყველას, შენს მიერ მოწოდებულსა და გამორჩეულს, მათ, ვისი სახელებიც სიცოცხლის წიგნში შეიტანე, ვინც ღირსი გახადე მარად შენი დიდების ხედვისა და შენდამი დიდებისმეტყველებისა. სინანულის ნიჭი ჩემთვის ამა სოფლის მთელ საგანძურზე ძვირფასი და სანუკვარია. დაე, სინანულით განწმენდილმა დავინახო შენი უბიწო ნება, დავინახო შენკენ მომავალი წრფელი გზა და ერში მცხოვრებ ჩემს ძმებსაც ვამცნო იგი!

თქვენ კი, ერთგულო მეგობრებო, ჩემთან ქრისტესმიერი სიყვარულის ძაფებით შეერთებულნო, ნუ გამიწყრებით, ნურც იგლოვთ ჩემთან გაყრას. ხორცით გშორდებით, რათა სულით მოგიახლოვდეთ; ერთი შეხედვით მკარგავთ, სინამდვილეში კი მომიპოვებთ. მიმანდეთ სინანულს, იგი დაგიბრუნებთ ჩემს თავს განწმენდილს, განათლებულს და მაშინ გამცნობთ ცხონების სიტყვას, უფლის სიტყვას.

სინანულისა კარი განმიღე, კაცთმოყვარე უფალო, მომმადლე მე საუკუნო ცხონება ყველა ჩემს მეგობართან ერთად, ვინც შემიყვარა შენი გულისთვის, რათა ყველანი ერთად საუკუნო ნეტარებაში, გამოუთქმელ სიხარულსა და სიტკბოებაში ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, ერთ, სამწმიდაარსება ღმერთს, რომელმაც გამოუცხადა კაცთა მოდგმას წყალობა და სიყვარული - ყოველგვარ სიტყვას, ყოველგვარ წარმოდგენას აღმატებული! ამინ.

 

დაიწერა 1847 წლის 7 იანვარს. ამ დროს არქიმანდრიტმა ეგნატემ, სრულიად შერყეული ჯანმრთელობის გამო, ითხოვა გათავისუფლება სერგის მონასტრის წინამძღვრობისგან და ფსკოვში, ბაბაევოს მონასტერში გაშვება პენსიაზე, მაგრამ მხოლოდ შვებულება მისცეს და 9 თვე გაატარა ბაბაევოში (რუსული გამოცემის რედაქტორის შენიშვნა).

 


[*] - „ქრისტეს გარეშე არ არსებობს სიმართლე, განწმენდა, გამოხსნა; ყოველი სიბრძნე ქრისტეს გარეშე სისულელეა, ყოველი მართალი-ცოდვილი, წმიდა-არაწმიდა. მაშ რაღაა ჩვენი საკუთრება? უძლურება, ხრწნილება, ბოროტება, ცოდვები“. (ტიხონ ვორონეჟელი, ტომი 15, წერილი II (ეპისკ. ეგნატეს შენიშვნა)