სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
უფლის მიერ საყვარელო ძმანო და დანო, მიიწურა პეტრე-პავლობის მარხვის ერთი კვირა და ვფიქრობ, ის, ვინც სწორად მარხულობდა, ვინც ერთგვარ ღვაწლს ეწეოდა არა თუ მხოლოდ მარხვით, არამედ ლოცვით, მღვიძარებით, წმინდა წერილისა და წმინდა მამათა შესწავლით, რაღა თქმა უნდა, იგრძნობდა თავის თავში, რომ მინავლდა ბოროტი გულისთქმები და იმატა სინანულმა.
სწორედ ამის გამო გადავწყვიტე მექადაგა ერთ-ერთ ისეთ მძვინვარე ვნებაზე რვა უმთავრეს ვნებათაგან, როგორიც სიძვაა. არის მეორე გარემოებაც. ის, რასაც ჯერ კიდევ სინას მთაზე ღმერთი საძაგლად შეჰრაცხდა (თვით ათ მცნებაში შეიტანა - „არა იმრუშო“ - რამდენად მნიშვნელოვანი და მომაკვდინებელი უნდა ყოფილიყო იმ შვიდ სასიკვდინე ცოდვათაგან ეს ცოდვა), დღეს პირიქით, კარგ რადმე ითვლება. გამალებით მიდის, თუ შეიძლება ითქვას, პროპაგანდა სხეულის, დიონისური ტრფიალების, სიბილწის კულტისა, განსაკუთრებულად კი - პრესითა და ტელევიზიით. ალბათ, შემთხვევითიც არ არის. განა ჩვენ თვითონ, ჩვენმა ერმა არ დაუშვა რამოდენიმე წლის წინ თბილისის, კერძოდ ორთაჭალის, ერთ-ერთ ამაღლებულ გორაკზე აგებულიყო ე.წ. რიტუალების სასახლე, რომელშიც (ადრეც არაერთგზის გვისაუბრია) ხდებოდა პაროდირება ქრისტეს საიდუმლოებათა - ნათლისღებისა და გვირგვინობა-ჯვრისწერისა. სასახლის ეზოში კი აღმართულია, ბილწი დიონისეს კერპი. ვფიქრობ, მანამდის ჩვენ სულებსა და გულებში აღვმართეთ ამ საძაგელი ეშმაკის კერპი. შემდეგ გარეთაც გამოვიტანეთ. ახლა კი ცხოვრების წესად ვიქციეთ მისი მონება, რასაც სხვაგვარად შეიძლება ეწოდოს ე.წ. ამერიკული ცხოვრების წესი (ჩასწვდით ამერიკის სულს!), რომელიც ძალუმად და მძაფრად მკვიდრდება ჩვენს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რასაც ახლავს მრავალი სხვა მანკიერებანიც. რა არის მიზეზი ამ ვნების გამოწვევისა ჩვენში, გაღრმავება-გამრავლებისა, სად არის სალბუნი და მკურნალობა?
მსურს ღვთივდიდებული პავლეს შეგონება წავუმძღვარო ამ სიტყვას. იგი მიმართავდა - თავის სულიერ შვილებს და, ვფიქრობ, საუკუნეთა აქეთ - თითოეულ ჩვენთაგანსაც: „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისა დამკ დრებულ არს თქუენ შორის? რომელმან ტაძარი ღმრთისა განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან: რამეთუ ტაძარი ღმრთისა წმიდა არს; რომელ-ეგე ხართ თქუენ“ (1 კორ. 3.16,17). სხვაგან პავლე ამბობს, განა არ იცით, რომ ეგ ტაძარი სული წმიდისა - ჩვენი სხეული, რომელიც ვნების საგნად ვაქციეთ, უფრორე მეტია, ვიდრე ტაძარნი ქვათანი, რადგან ეს ქვის ტაძარი საყოველთაო აღდგომაში არ მიიღებს მონაწილეობას, სხეული კი, რა გზითაც არ უნდა იყოს სიკვდილით მომკვდარი, აღსდგება მკვდრეთით, შეიქმნება რა სულიერი და თანამონაწილე გახდება, იმისდა მიხედვით, ვინ როგორ იცხოვრა, ან საუკუნო სიხარულისა, ან მარადიული სიკვდილისა. „და ესემცა უწყით, - ამბობს სხვა ეპისტოლეში, ეფესელთა მიმართ, - რამეთუ ყოველსა მეძავსა (და ჩამოთვლის ასევე სხვა ცოდვებს)... არა აქუს მკ დრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა“ (ეფეს. 5.5), თავისთავადაც „ ორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისა დამკვიდრებად ვერ ძალ-უც, არცა ხრწინლებამან უხრწნელება დაიმკვიდროს.“ (1 კორ. 15.50). ჩვენი სხეული დროებითი სახლია, როგორც პავლევე ამბობს სხვაგან, ეშმაკი კი ყველაფერს აკეთებს, ჩვენი ცხოვრების ღერძად რომ აქციოს. თუმცა განა თვითონ ადამიანის ანატომიურ აგებულებაში არ გაამჟღავნა ჩვენმა შემოქმედმა, უფალმა ღმერთმა, თუ რას მიანიჭა უპირატესობა ადამიანში? ის, რომ გონება, სულის გონიერი ნაწილი, უპირატესია გვამთან, სხეულთან, შედარებით თუნდაც იქიდან ჩანს, რომ თავი გვამზე მაღლა დგას და ზეცაზე მიუთითებს წმ. იოანე ოქროპირის მიხედვით.
რა არის გამომწვევი სიძვისა? ხუთი მთავარი მიზეზი არსებობს მამათა სწავლებით (თავის დროზე ჩამოგითვლით). ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი ჩვენში სიძვის გაღრმავება-გამრავლებისა არის გემოთმოყვარება და ნაყროვანება, ჭამა-სმა გადამეტებული. თვით ანატომია, ადამიანის აგებულება აჩვენებს, რომ ეს ნამდვილად ასეა. შემთხვევითი არ არისო, - ამბობს წმინდა ისააკ ასური - რომ სასქესო ორგანო კუჭის ქვემოთაა. რასაც და რამდენსაც ჩააყრი სტომაქს, იმით გიპასუხებს შენი დაცემული ბუნება.
ეგვიპტის ერთ-ერთი უდაბნოდან ბერი ვინმე ამოვიდა ალექსანდრიაში. მოგეხსენებათ, რომ წმ. მამები სულიერ ღვაწლთან ერთად, როგორიცაა წმინდა ლოცვა, ფსალმუნთა ღაღადება, წმინდა წერილისა და მამათა შესწავლა, ხორციელ ღვაწლსაც მისდევდნენ. ხორციელ ღვაწლს განეკუთვნებოდა ხელსაქმეც. ხომ გახსოვთ, ერთხელ, როცა ანტონი დიდი მოწყინებაში ჩავარდა განგრძობილი ლოცვების გამო, ჩვენება ჰქონდა ღვთისაგან; ანგელოზი ბერის სახით ეჩვენა, რომელიც ხან ლოცულობდა გულმხურვალედ, ხან კი ხელსაქმეს აკეთებდა და ამით მიანიშნა: რამდენადაც ადამიანური ბუნება უძლურია და განუწყვეტლივ ლოცვა, როგორც ზეციურ სერაბინ-ქერაბინთ არ ძალუძს, ამდენად საჭიროა, სულიერ მოღვაწეობას ხორციელი საქმეც შეანაცვლოს - მუხლთა დრეკა, ფიზიკური შრომა და სხვ. ბერები თავის თავს თვითონ ირჩენდნენ. ზოგს ბოსტანიც ჰქონდა, ან ბაღჩა. ვინც უფრო დიდი მამა იყო, ესეც კი ხელს უშლიდა, გონება რომ მოეკრიბა ლოცვის დროს, ამიტომ მხოლოდ ხელსაქმეს ირჩევდნენ. ჩვეულება სკვნილის მარცხენა ხელზე ტარებისა აქედან მოდის; მარჯვენა ხელით საქმეს აკეთებდნენ, უმეტესად, ვთქვათ, ეგვიპტეში პალმის რტოებისაგან, დანაკის კუდებისგან სფირიდებსა და კალათებს წნავდნენ, მარცხენა ხელით კი სკვნილი ეპყრათ, როგორც სულიერი ლახვარი ეშმაკის წინააღმდეგ და იესუს ცეცხლოვან ლოცვებს აღავლენდნენ. ერთის სიტყვით, ერთ-ერთი ეგვიპტელი მამა ჩამოდის ალექსანდრიაში, რათა ხელსაქმე გაჰყიდოს და პური შეიძინოს. პავლე მოციქულიც ამბობს, რომ ხორცის სახმართ გულის სათქმელად ნუ იქმთო, ე.ი. ის, რაც აუცილებელია არსებობისათვის, თვითმიზნად ნუ გაიხდითო. უფალიც გვამხილებდა: ნუ იქნებით წარმართებივით, ნუ იფიქრებთ, რა სჭამოთ, რა ჩაიცვათ... განიცადეთ ფრინველები არცა ხნავენ, არცა თესენ და ღვთისაგან თავის წილ საზრდოს იღებენ და თვით უმდიდრესი სოლომონ მეფეც კი ველის შროშანზე ლამაზად ვერ იმოსებოდაო (მათე 6.28,29). მაშ ბერმა ნახელავი (ხელსაქმე) ჩამოიტანა ალექსანდრიაში. აქ განკვირვება დაეცა, ე.ი. გამოცხადება ჰქონდა და ხედავს, რომ მთელს ქალაქს ვეებერთელა გველეშაპი შემორტყმია და განურჩევლად ყველას - დიდსა თუ პატარას, მდიდარსა და ღარიბს, ქალსა თუ კაცს, სასულიეროთა თუ საეროთა, შთანთქავს და მოწყვეტს. გაუკვირდა და შეძრწუნებულმა შესძახა: ღმერთო, რა არის ეს, რას ნიშნავს? ზეციდან ხმა მოესმა: გველი და ყოველივე ის, რასაც ხედავ, სახეა ხორციელი გულისთქმებისა, რომელიც ყოველივეს ადამიანში წარწყმედს და შთანთქავს. ე.ი. ერთ-ერთი მძვინვარე დემონი და ის გონიერი გველი, რომელიც ჩვენ გვებრძვის, მეტადრე ქრისტიანებს, ყოფილა გემოთმოყვარეობა და ნაყროვანება, რომელიც მრავალი ბოროტების მიზეზი ხდება, მათ შორის, ულოცველობისა, სიძვით განხურვებისა და ბოროტი გულისთქმებით ხორცთა აღძვრისა.
საერთოდ, ჯერ კიდევ ძველი ფილოსოფოსები, მათ შორის უდიდესი - არისტოტელე - ამბობდა, რომ ადამიანში ჩადებულია ნეტარების სურვილი, მაგრამ ბევრში ვაგლახ რომ დამახინჯებულია წარმოდგენა ნეტარებაზე. რა დრო დადგა, რომ დღეს ხორციელ გარყვნილებას სიყვარულსა და მეგობრობას უწოდებენ! რამდენადაც, მაშ, ნეტარების სურვილი ყველა ადამიანშია ჩადებული, თითოეული ჩვენთაგანი ცდილობს, მეტ-ნაკლებად დაიკმაყოფილოს იგი. წმინდა მამები ჩვენში ერთ-ერთ უდიდეს სათნოებად განიხილავენ განმსჯელობას და გონივრულობას, გონება კი სწორედ იმისთვის მოგვანიჭა უფალმა (გონივრულობა ხომ სიტყვა „გონებიდან“ მოდის), რომ ავი და კარგი გავარჩიოთ. ჩვენ კი მოვწყდებით, როგორც ფსალმუნში გვიწერია, ვითარცა პირუტყვნი.
აი რას ამბობს სიამოვნებათა შესახებ გრიგოლ ნოსელი, ბასილი დიდის ძმა, მასავით დიდი ღვთისმეტყველი: „სიამოვნება ერთ-ერთი დიდი მტერია ადამიანისა, რომელიც სხვადასხვა გრძნობების გზით შემოდის ადამიანში, განსაკუთრებით კი ჭამა-სმაში უზომობით, ნაყროვანებით“, რომლის უკიდურესი გამოვლინებაა სიმთვრალე და ვაი, რომ თვით დედაკაცები დათვრებიან დღეს, ერთ დროს ეწამებოდნენ, მამულს შვილებს უზრდიდნენ, ახლა კი სიძვა-გარყვნილებით ფსკერს მიაღწიეს დაცემისა. სხვათაშორის გარყვნილება, განსაკუთრებით - ასეთ ქალაქებში, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ გამრავლდა შავი და თეთრი მაგია. მაგიას ძირთადად როგორც აღსარებებიდან, საუბრებიდან და მამათაგან შევიტყვეთ, ორი მიზეზის გამო მიმართავს დაცემულ ადამიანთა უმეტესობა: ერთნი ანგარების მიზნით. აი, მაგალითად, მოხუცებული მეზობელი ჰყავს, სურს მისი ბინა მიიტაცოს, ცდილობს, რომ მალე გაისტუმროს იმქვეყნად და მიმართავს ჯადოსნობას და ის დედაკაცი, თუ ეკლესიური არ არის, ამ ჯადოსნობისა და გრძნეულების ძალით, ბრძოლას უყოფს რა ეშმაკი, უძლურდება. მსურს მოგითხროთ ასეთი რამ: რამოდენიმე ხნის წინ ამ ტაძარში ამოიყვანეს ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც შიშნეულობა ჰქონდა და მან ლოცვისა და ღვთიური მოწყალების შედეგად შვება იგრძნო, მაგრამ როგორც იმ ათი კეთროვანიდან ცხრამ, ამ გოგონამაც მადლიერების ნაცვლად ზურგი აქცია ქრისტეს და მის ეკლესიას და კვლავ შთაინთქა მიწიერი ცხოვრების მწვირეში. გამოხდა ხანი. ერთ-ერთ მოლას მიმართა, თითქოსდა ავი თვალის გამო რომ გამოელოცა. გრძნეულმა საკუთარი ხელით შელოცვილი ქონი წაასმევნია სახლში. რას ნიშნავს შელოცვა მოლისაგან ან მკითხავისაგან? ვთქვათ აიღებს, მგლის ქონს ან ქინძისთავს, ნებისმიერ საგანს, მოუხმობს თავის მასწავლებელს - ეშმაკს - და სთხოვს, რომ მაგიური ანუ სატანური ძალები შევიდეს ამ ნივთში. შემდეგ ოჯახში მიიტანენ, წასცხებენ თუ დაამაგრებენ ლეიბში, სარჩულსა თუ ბალიშში (ეს უფრო გავრცელებულია) და ამ ოჯახში იწყება არეულობა, შფოთი, უსიამოვნება... ხშირად, სიყვარულით შექმნილი ოჯახი დაღუპვისა და დაშლის პირას მიდის. ამაზედ არაერთი საუბარი მომისმენია. ყოველივე ამის შემდეგ ჩვენგან ხსენებული გოგონას ოჯახში დაეწყოთ დემონების გამოცხადება. მათ შორის ამ ქალიშვილსაც. ასე გრძელდებოდა მთელი ექვსი თვე. კვლავ შველისთვის მოგვმართეს. ღვთის მადლით, რომელიც შვიდჯერ სამოცდაათჯერ გვასწვლის მიტევებას, სახლი ვაკურთხეთ. დემონური ძალები განქარდნენ, იძლიენ.
მაშ, ერთი მიზეზი იმისა, რომ დღეს ასე ხშირად მიმართავენ და გავრცელებულია ჯადოსნობა, ყოფილა ანგარება. მეორე მიზეზი არის მეძაობა. ისეთი საშინელებები მომისმენია, - მეძავთა ჯადოსნური ნამოქმედარი, - რასაც მე უხერხულობის გამო, ვერ ვიტყვი მეტადრე წმინდა ტაძარში ვდგავარ, ამაღლებულ ამბიონზე. სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი! პირუტყვი ამას თუნდაც იმიტომ ვერ გააკეთებს, რომ უბრალოდ ვერ მოისაზრებს.
ამ და მრავალი ბოროტების გამრავლებას დღეს დიდად უწყობს ხელს ცისფერი ეკრანიც, რომელსაც ცისფერ ეშმას ვუწოდებდი: პორნოგრაფია, სადიზმი, გრძნეულება, ექსტრასენსორული და სხვა გზით ზომბირება... ვფიქრობთ, უსაფუძვლო არაა ღირსი იოანე ბრიტანელის წინასწარმეტყველური ვარაუდი, რომ ბოლო ჟამს ანტიქრისტე ტელევიზიით მიმართავს მთელ კაცობრიობას.
მართალია, ქართველებს თავი მორწმუნეებად მოგვაქვს, სინამდვილეში მსოფლმხედველობით მატერიალისტები ვართ. შევიქენით უკიდურესად გემოთმოყვარენი, სახმართმოყვარენი, ჰედონისტები. ვაგლახ რომ ჩვენთვის ყველა გზა კუჭზე გადის. ახლა ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს: როგორ, მამაო, საერთოდ, არ არის საჭირო არც ჭამა, არც სმა, არც შესამოსელი? ვინ გითხრათ, ჩემო კეთილო? აკი პავლე მოციქულიდან მოგახსენეთ, საჭიროა, მაგრამ თვითმიზანი არ უნდა გახდეს. განიხილეთ მაგალითი: ეგვიპტეში მოღვაწეობდა დიდი მამა, იოანე საჭურისი, იოანე მოკლე და პირველად როცა უდაბნოში თავის ძმასთან, დანიელთან ერთად გავიდა სულიერი ცხოვრებისათვის, გამოუცდელს ეშმაკმა ასეთი აზრი მოჰგვარა ერთხელაც. ნახეთ, როგორც თვით ქრისტეს, მასაც წმ. წერილიდან მოუტანა ციტატა და ცდუნებაში ლამობდა მის ჩაგდებას. არ დაერიდა ქრისტეს და როგორღა დაერიდებოდა უმეცარს, ჯერ კიდევ სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელ იოანეს. მისივე შინაგანი ხმით, როგორც ჩვენ ვუწოდეთ, მისივე „მე“-თი უთხრა: სახარებას არ კითხულობ, იოანე? განა იქ არ გიწერია ცის ფრინველი არც ხნავს, არც თესავს; შენც, რაკი ანგელოზის სქემა შეიმოსე, ანგელოზივით უნდა იცხოვრო და რად გინდა ან სამოსელი, ან საჭმელი, ან სასმელი, გაიხადე და გადი უდაბნოში. გაიხადა სამოსელი, თუმცა დანიელი, ძმა აყენებდა, ჯიუტად გაიჭრა უდაბნოში. ღვთის განგებით - საშინელი ყინვა ჩამოვარდა. ითმინა ამპარტავანმა და ვეღარ მოითმინა. ხორცი ესხა ბოლოს და ბოლოს. მერე კი მიხვდა, რომ თურმე სამოსელზე ზრუნვაც საჭიროა. აკანკალებულმა გათენებისას ძმას მიუკაკუნა. დანიელი მიხვდა ყველაფერს. მასზე სულიერი აღმოჩნდა. ერთხანს ხმა არ გასცა, მერე, როცა ტირილი დაიწყო იაონემ, გაეპასუხა:
- ვინ ხარ და რა გინდა?
იოანემ ტირილით მიუგო:
- შენი ძმა ვარ, იოანე.
- არა, შენ ნამდვილად დემონი ხარ, რადგან ამ დილას ჩემმა ძმამ თქვა, რომ ანგელოზთა სწორი ვარ, არც საჭმელი მჭირდება, არც სასმელი და არც სამოსელიო.
- არა შენი ძმა ვარ, - კვლავ გაუმეორა იოანემ.
დანიელმაც გაუღო კარი, ჩაიკრა გულში, დალოცა და უთხრა:
- ჩემო კეთილო, რაკი ღმერთმა სხეული მოგცა, ამაზეც უნდა იზრუნო, ოღონდ თვითმიზნად იგი არ უნდა გაიხადო.
და მართლა, ბერები იმაზე მეტს არ იღებდნენ, რაც მათი არსებობისთვის საჭირო იყო. ათონის მთაზე, ასე განსაჯეთ, წყალსაც კი ზომა-წონით სვამდნენ. რამდენადაც სტომაქი, როგორც ვთქვით, სიძვის ვნებას ასაზრდოებს, ამდენად საჭიროა მარხვა, თავშეკავება.
აი, რას ამბობს ერთ-ერთი მამა, კერძოდ, წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი: „მოღვაწე იმდენად უნდა ზრუნავდეს ჯანმრთელობისა და ფიზიკური ძალების შენარჩუნებაზე, რომ უნარი შერჩეს, ღმერთს ემსახუროს“. არც მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეს მარხვაში მოღვაწე ადამიანი. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ მარხვა ნერვიულ აღგზნებულობას, ნერვულ აფეთქებებს იწვევს და ა.შ. მაშასადამე არასწორად ვმარხულობთ, ჩვენთვის, ჩვენი ორგანიზმისა და ჩვენი ამდღევანდელი სულიერი წყობისა თუ დონისთვის ზედმეტად მკაცრად ვმარხულობთ. ამიტომ მოძღვარმა ინდივიდუალურად უნდა დაგიდგინოს, როგორ იმარხულო. მოღვაწეებმა კი იმდენი უნდა მიიღონ და იმდენად იზრუნონ ჯანმრთელობაზე, რომ უნარი შეინარჩუნონ ღმერთს ემსახურონ. „მეტისმეტი სისავსე სხეულისა მას მიძმე ხორციელ მდგომარეობაში აგდებს“. როდესაც ხორცი ივსება, სული ზარმაცი ხდება ლოცვისა და საერთოდ, ღვთისმსახურების მიმართ. „ვინც თავის სხეულს მსუბუქს გახდის, ზომიერებით, მარხვითა და მღვიძარების გზით, ამგვარად მას ყველაზე მტკიცე ჯანმრთელობას მიანიჭებს“. ჩვენ ჩამოგვითვლია, დიდი ასკეტი მამები იყვნენ, 150, 120, 160, 200 წელიწადიც კი უცოცხლიათ, მიუხედავად იმისა, რომ უმკაცრეს მარხვებს მისდევდნენ. „და ამავე დროს ჯანმთრელობის გარდა უნარიანს ხდის. (ასეთი ღვაწლი), თავის თავში მიიღოს სული წმიდის მოქმედება, ხოლო ისინი, ვინც განსივდნენ და განსუქდნენ უუნარონი ხდებიან“. ერთი წმიდა მამა გვეტყვის - ეშმაკი ებრძვის არა მარტო ჩვენს სულს, არამედ ხორცს, ამდენად საჭიროა დავუპირისპირდეთ მას როგორც სულით, ესრეთ - ხორცით. ჯერ კიდევ პავლე მოციქული ამბობდა: ყველა ცოდვა სულის წინააღმდეგაა, ერთადერთი ცოდვაა მრუშება და სიძვა, რომელიც, ამავე დროს, ხორცის წინააღმდეგაც არის (1 კორ. 6.18). რა არის ეს სხეული და ხორცნი? იმავე პავლემ, შესავალში აკი წაგიმძღვარეთ, გვითხრა, რომ ტაძარია სულისა წმიდისა, ვინც გახრწნის ამ საღვთო ტაძარს, მას გახრწნის უფალი მარადიული სიკვდილით (1 კორ. 3.16.17).
ხორცი და სული ვახსენეთ. ისტორია ასეთ რამეს მოგვითხრობს ერთ-ერთ მეფეზე, რომელსაც მეზენტი ერქვა და ნერონთან ერთად ცნობილი იყო თავისი სისასტიკით. კერძოდ, ტყვეებსა და პატიმრებს ის ამგვარად აწამებდა ვიდრე სიკვდილამდე მიიყვანდა: ცოცხალ პატიმარს, მიცვალებულს დააკრავდა სახით სახისკენ, ხელებს - ხელებზე, ფეხებს - ფეხებზე და ასე დაათრევდა წვალებ-წვალებით ცოცხალი მკდვარს, ვიდრე საბოლოოდ არ გაიხრწნებოდა გვამი და საშინელი სიმყრალით და ჩირქით მოცული თვითონ ცოცხალიც არ მოკვდებოდა. წმინდა ფილარეტ მოსკოველი ამბობს: ასევეა ერთმანეთთან დაკავშირებული ჩვენი სული და ხორცი. ხორცი, რომელიც თავისი ბუნებით მოკვდავია, რომელიც ცოდვის შედეგია, რომელიც სულს აკვრია და ცდილობს მიწისკენ წარიტანოს, აი, ასევე არ აძლევს სულს საშუალებას, რომელიც თავისი ბუნებით მსუბუქია და აღმამფრენი (კარგი სიტყვაა), ზეცას დაუახლოვდეს და ცდილობს გონება დაღუპოს. გონება მაღლა დააყენა საღვთო განგებულებამ სხეულზე, ჩვენც ჩვენი სულიერი ცხოვრება ხორციელზედ მაღლა დავაყენოთ, სულიერ ინტერესებს ვუმსხვერპლოთ ჩვენი ხორციელი ინტერესები.
შესავალში ჩვენ კითხვა დავსვით: რა არის მთავარი მიზეზები სიძვის გაღრმავებისა და გამრავლებისა ადამიანში? დავასახელეთ უპირველესი მიზეზი - გემოთმოყვარება და ნაყროვანება. ერთ-ერთი მიზეზი სიძვისა, რამდენადაც არ უნდა გაიკვირვოს ზოგიერთმა ჭორიკანა დედაკაცმა, არის ასევე ამაო და უქმი მეტყველება. ასევე - პატივმოყვარეობა და გადამეტებული ძილი. ასევე ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ლამაზად ჩაცმულობის მოყვარულობაც (ჩაცმის მოდა კი დღეს ხშირად ქარაფშუტობის და უზნეობის დემონსტრირებაა).
მოვიგონოთ სწავლებაც წმ. წერილიდან, რომ „ვინც გულსა შინა იმრუშა, მან უკვე იმრუშა“ (მათე 5.28).
აი, ერთ-ერთი ცოცხალი მაგალითი მამათა ცხოვრებიდან: იერუსალიმის მახლობლად, IV საუკუნეში, თეოდოსი დიდის დროს მისსავე მონასტერში ერთი ახალგაზრდა და განკრძალური ბერი მოღვაწეობდა. სიყრმიდან მიაბარეს მშობლებმა და იქ აღიზარდა, მაგრამ ერთხელაც, კვირა დღეს, ვიდრე წირვაზე წავიდოდა, ძილსა შინა მას ეშმაკი გამოუჩნდა. ერთის სიტყვით ძილ-ღვიძილში, ასევე ვთქვათ, მსუბუქ სიზმარში მას დემონი გამოეცხადა და ქალის, დედაკაცის სახით დაუწყო არაწმიდა აზრების შთაგონება. ერთხანს, ეწინააღმდეგებოდა, მერე კი დაჰყვა და დიდი სიტკბო და სიამოვნება იგრძნო გულში. ჯერ კიდევ ძველმა ლათინებმა ამას „დელეკტაციო მოროზა“ ანუ „ბნელი სიტკბოება“ უწოდეს. და სწორედ ამ დროს თეოდოსი დიდი ტაძარში მიდიოდა წირვის დასაყენებლად და როცა ბერის კელიასთან გაიარა (მას ისეთი მადლი ჰქონდა, რომ დემონების სუნსაც კი გრძნობდა. თითეულ ცოდვასაც თავის სპეციფიკური სუნი აქვს, რაღაც დამწვარი გოგირდის სუნი ეყნოსა და გულისხმაჰყო თეოდოსიმ იმ სიბრძნით, რაც ღვთისგან ჰქონდა, რომ ამ ბერთან ყველაფერი რიგზე არ იყო, რომ სიძვით სცოდავდა იგი და ლოცვაჰყო, ვიდრე კელიაში შევიდოდა: ღმერთო, იხსენ სულიერი შვილი ჩემი ამ ცოდვისაგან და მონებისაგან ეშმაკისა. ამასობაში მეყვსეულად დააკვეთა იმ ბერს, რომელიც კელიაში იყო და პეროოდა, ე.ი. დუჟი წამოუვიდა პირიდან. სასწრაფოდ შევიდა თეოდოსი, ბერები მოიკრიბნენ და უთხრა თეოდოსიმ სწავლებისათვის:
- ხომ ხედავთ, ეს მონაზონი სიყრმიდან გაიზარდა მონასტერში, წმიდა და განკრძალურ ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გულისთქმით როგორ დააკვეთა და დასცა, რადგან ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეკითხება. ლოცვავყოთ და განვწმიდოთ იგი. და თეოდოსი დიდის ლოცვით განიწმიდა ეს ბერი.
ცოდვას, თუ გულშივე არ უმკურნალე, როგორ შეიძლება მოერიო პრაქტიკულად, არ შესცოდო და არ დაეცე. დღევანდელი ცხოვრება, ეს ხილული დემონი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ყველანაირად უწყობს ხელს, რომ უკანასკნელ მეძავად იქცე და ანგარად. უკაცრავად თქვენთან, ე.წ. თავისუფალ სიყვარულზე შეთანხმება ცოლ-ქმარს შორის ქართულ ოჯახებში; ქმარი ცალკე მრუშობს, ცოლი - ცალკე, - ურთიერთშეთანხმებით. დანარჩენზე მე ვერ ვიტყვი სირცხვილის გამო, რადგან ბევრი რამ ისეთი მომისმენია აღსარებაში, რასაც ვერც პრესა დაიტევს, ვერც ტელევიზია გადმოსცემს, რაოდენ „ფსიქოლოგიური“ ფილმებიც არ უნდა გადაიღონ ლესბოსურ თუ სოდომურ ცოდვაზე.
აი, რას ამბობს ჩვენგან თავში ხსენებული ფილარეტ მოსკოველი ყოველივე ამის შესახებ, რაზეც ვსაუბრობთ: ხორცი (ანუ ჩვენი სხეული) არ კმაყოფილდება რა აუცილებელს ეძებს სასიამოვნოს, ესწრაფვის განცხრომას და მზადაა, იგი ცხოვრების მიზნად აქციოს (და ვაი, რომ ბევრმა ვაქციეთ უკვე ცხოვრების მიზნად. დიონისეა ჩვენი ღმერთი დღეს და არა უფალი იესუ ქრისტე). მიუთითე მას სხვა საგანსა და მიზანზე - ჯვარზე, რომელიც გოლგოთაზე აღიმართა, რათა დედამიწა მოწამეობის გზით ყოველივე არაწმიდა ვნების ტყვეობისაგან განეწმიდა. უწმინდური წყურვილი გოლგოთისეული წყურვილით დააცხვრე შენში. მიწიერ ტკბობას ძმარი და ნაღველი აღურიე, რომელიც ჯვარცმულ იესუს მიადეს ბაგეზე, ანუ თანამონაწილე გახდი მისი ვნებისა და ტკივილებისა, რაც შენი გამოსყიდვაა ცოდვებისგან და დახსნა სიკვდილისაგან მისი მხსნელი ვნებების იარაღით, რომელიც სულიერად განიჭვრიტება და ხორციელად არ გამოიყენება. ჯვარს აცვი გემოთმოყვარება, ტკბობა და განცხრომა უბრალოებით, ზომიერებით, თავშეკავებით, მარხვითა და მოღვაწეობით.
ალბათ, ჩვენი საუბარი იქნება სანტიმენტალური, სიცილისა თუ ღიმილის მომგვრელი ეშმაკით გაცოფებული ერისკაცებისათვის. თუმცა ეგ როდი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინც ასე ვფიქრობთ, ასე ვაზროვნებთ, ვისაც ამგვარად გვსურს ვიცხოვროთ, უკვე გადავრჩით. შესაძლოა, ჩვენ დავეცეთ, თუ ბოლომდე არ გვექნება თვალსაწიერში გოლგოთის თხემი ჯვარცმული ქრისტეთი, ისინი კი ღმერთმა სინანულით ქრისტესმიერ სიყვარულში მოიყვანოს.
მოდით, როგორც ჩვეულებად გვაქვს, ამ მცირე საუბარში რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ წმიდა მამათა ცხოვრებიდან.
ქვემო ეგვიპტეში ადრეულ შუა საუკუნეებში ერთი წმიდა და ღირსი მამა მოღვაწეობდა, რომლის სახელიც შორს გაითქვა. ახალგაზრდა იყო, პირმშვენიერი, დიდად მოღვაწე და მეცნიერი სარწმუნოებისა და აი, ერთმა მეძავმა, ასევე გარეგნობით ლამაზმა ქალმა, დაიქადნა, რომ ამ კაცს ამ ღამეს შეაცდენდა, რისთვისაც გასამრჯელო ახალგაზრდა მეძავმა ვაჟებმა აღუთქვეს. შებინდებისას მეძავი მიადგა ბერის კელიას და დაიწყო საბრალო ხმით ტირილი (ეს მარტინიანე ბერი არ არის ამ ბერზე მოგვიანებით მოგახსენებთ, სხვა ბერი არის, მისი სახელი არ არის შემორჩენილი). საბრალო ხმით იწყო ტირილი და ითხოვდა სენაკში შეშვებას. ეგვიპტური კელია ორგანყოფილებიანია: იფიქრა ბერმაც, ერთი ოთახი სტუმრისთვის დაეთმო. გაუღო კარები. შეკრთა ბერი, რადგან დიდი ხანია, არ ენახა მას არათუ დედაკაცის სახე, არამედ, საერთოდ, ადამიანისა, მიიპატიჟა და წინ კელიაში დააბინავა. მცირე ხნის შემდეგ კვლავ დედაკაცის ტირილი მოესმა. გულში კი უკვე რაღაც აღძვრას იგრძნობს შინაგანად, რაღაც არასასიამოვნოს შეიგრძნობს ეს ბერი.
- აქ სად დამტოვე? აქაც ხომ შემოაღწევს ნადირი, - და როგორც ხელოვნებად აქვთ მეძავ ქალებს, თავი შეაცოდა. ბერმა მეორე კარიც შეაღო და არა მარტო კელიის არამედ - გულისაც, რადგან, თქვენ იცით, რომ, პირველ ყოვლისა, ეშმაკი ცდილობს გულის დაპყრობას, გულის, გონებისა და მეტყველების. თუ ამ უმთავრეს სამ ორგანოს დაეუფლა, ხშირად გვითქვამს, მაშასადამე, მალე გაიმარჯვებს ამ ადამიანზე, მალე შეიპყრობს მას. მაშ, კელიის სიღრმეში შეიყვანა. მეძავმაც ცთუნება უწყო.
ბერმა, ცთუნებას რომ არ აჰყოლოდა, ათივე თითი დაიწვა სანთელზე. ვნებათაგან უმძვინვარესმა, - სიძვამ ზოგიერთი მამა სიგიჟემდე მიიყვანა, სხვამ კლდიდან გადაიგდო თავი, ამ ცოდვაში რომ არ ჩავარდნილიყო. ზოგიერთი მამა ჭაობში წვებოდა. მაკარი დიდს მთელი 9 თვე საშინელი სიძვის ბრძოლები ჰქონდა. ჭაობი ნახა ნილოსის შორიახლოს. რამოდენიმე თვე იქ დაჰყო. მუსკატებმა ე.ი. კოღოებმა ისე დაკბინეს, როცა მოვიდნენ, ბერებმა ძლივს იცნეს. ნაჭრილობევი და სისხლიანი იარებით მაკარი კეთროვანს დამსგავსებოდა. სხვა ბერები ზოგნი ეკლებზე წვებოდნენ, სხვები ცივ წყალში ჩადიოდნენ... რამენაირად რომ გაეგრილებინათ ეს მძვინვარე ვნება. აი, ამ ბერმა კი ათივე თითი შესწირა თავის უბიწოებასა და უმანკოებას. მეძავი ბერის ამგვარმა საქციელმა სინანულში ჩააგდო. გათენებისას მონაძლევეებმა მოაკითხეს.
ბერმა მიუთითა იქ წევსო კუთხეში. როცა მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ მკვდარი იყო. ეჭვი დაებადათ:
- შენ მოკალი?
- არა, ჩემო კეთილო, ის იმ ყრალმა ეშმაკმა მოკლა რომლითაც ჩემთან საბრძოლველად მოვიდა.
და თვით კი მანტიიდან გამოყო ათივე დამწვარი თითი და მოუთხრო რაც იმ ღამეს მოხდა, მაგრამ იმის გამო, რომ ქრისტე სიყვარულია და გვასწავლის, ბოროტებაზე ბოროტებით არ გადავუხადოთ მიმართა დედაკაცს: „ჰო დედაკაცო, გეტყვი შენ, აღსდექ!“ - გადასახა რა ჯვრის ნიში, წამოაყენა, მკვდრეთით აღადგინა იგი. ამის შემდეგ ეს დედაკაცი აღიკვეცა მონაზვნად ამ ბერის ხელით. თერთმეტი წელიწადი მკაცრ მოსაგრეობასა და ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა და შეუერთდა სიკვდილის შემდგომ წმინდათა დასს. ამ ღირს დედას ეკლესია წმ. ზოიად მოიხსენიებს.
მსგავსი სასწაული მოხდა წმიდა მარტინიანესთანაც, რომელიც წარმოშობით კაბადუკიელი იყო. გარეგნობით ასევე არაჩვეულებრივი სილამაზის ჭაბუკი, ისიც დიდად მოღვაწე და ერთი მეძავი, როგორც იმ შემთხვევაში, დაიქადნის მის დაცემას. მან ძვირფას სამოსელზე დაბებკილი შეიმოსა, რომ თავი შეეცოდებინა. მერმე როდესაც კელიაში შეაღწია, ძველმანები გაიძრო და ცდუნება იწყო. მარტინიანემაც იგრძნო გულში სიძვის მოძალება და კელიაში დაანთო ცეცხლი, დადგა ნაკვერჩხლებზე და თქვა: მარტინიანე, თუ შენ შეგიძლია ამ დროებით ცეცხლს გაუძლო, მაშინ შენ შეგიძლია გაუძლო გეენიას და თუ შეგიძლია გაუძლო გეენიას, დადექი და ისიძვე ამ დედაკაცთან. ის დედაკაციც სინანულში იქნა მოყვანილი, ხოლო მარტინიანემ იმ ღამეს დატოვა ის ადგილი, მოღვაწეობისთვის სხვაგან გადაინაცვლა. მრავალი მამა მარტინიანეს მოწამედაც კი თვლიდა.
ერთ ბერს სიძვის ბრძოლები ჰქონდა. ეს ყოველივე აღსარების გზით უწყოდა მისმა სულიერმა მამამ. ბერმა გულისკარი კი არ გაუღო ბილწ გულისთქმებს, არამედ მარხვა, ლოცვა და მღვიძარება გააორმაგა. განსაკუთრებით მღვიძარება და ლოცვა უწყობს ხელს მარხვასთან ერთად ადამიანში სიძვის ვნების ჩაქრობას. და როდესაც დაინახა ეს მხნეობა და გასაოცარი ღვაწლი თავისი სულიერი შვილისა, გამოცდისათვის მოძღვარმა უთხრა:
- შვილო, ვიცი, რომ იტანჯები. უფალმა თქვა, თუ რწმენით ითხოვ, ყოველივეს მოგანიჭებთო, გნებავს ვთხოვ ღმერთს, რათა განიდევნოს შენგან ეს ეშმაკი?
- არა, მამაო, გევედრები, ითხოვე არა ეშმაკის განდევნა, არამედ სულიერი ძალები, მადლი სული წმიდისა ჩემთვის, რათა ვძლიო ამ დემონს, რადგან თუ აქვე არ ვძლიე ამ დემონს, ვერასოდეს შევალ ზეციურ სასუფეველში, რადგან იქ მხოლოდ გამარჯვებულები შედიან სანადიმო სამოსლით.
- ჭეშმარიტად, შვილო, სიხარულით აღმოსთქვა მოძღვარმა - დიდი სულიერი საზომისათვის მიგიღწევია, რადგან დარწმუნებულხარ, გულისხმაგიყვია, რომ მხოლოდ უხილავ ბრძოლებში, დემონებთან ბრძოლაში მოიპოვებს ქრისტიანი სასუფეველს.
ერთ უდაბნოში ერთ ახალგაზრდას, ასევე ბერს, სიძვის ეშმაკი ებრძოდა. აღარ შეეძლო მოთმინება, განხურვებაში იყო, რასაც დღეს უკაცრავად, სექსუალობას უწოდებენ, და დაჰკრა ფეხი და უახლოეს სოფელში გაიქცა შებინდებისას, პირველსავე მეძავთან რომ დაცემულიყო. როცა გარბოდა მოულოდნელად გზა გაიპო, ძლივს მოახერხა შეჩერება. ჩაიხედა და დაინახა უამრავი გვამი ეყარა ამ საშინელ ჯურღმულში - დედაკაცის, მამაკაცის, ყრმის, მოხუცის, ზოგი გახრწნილი, ზოგი ნახევრადგახრწნილი. საშინელი სუნი ამოხდა სიმყრალისა და გახრწნილებისა და ხმა მოესმა ზეციდან: - მამაო, თუ შენ შეგიძლია ამ სიმყრალის მოთმენა აქ, მაშინ შენ მოითმენ იქაც, ჯოჯოხეთში. ბერი უკანვე დაბრუნდა სენაკში, დაემხო წმიდა ხატებთან და ათას მადლობას სწირავდა ღმერთს, რომ ამ საზარელი ხილვით გამოაფხიზლა იგი და გადაურჩა სასიკვდინე ცოდვას.
ეს კი, რასაც ახლა მოგითხრობთ, მაკარი ეგვიპტელის დროს მოხდა. ერთმა ახალგაზრდა ბერმა აღსარებაში სიძვის ბრძოლები აღიარა მოძღვართან. მოძღვარი მედიდური იყო და გამოაგდო კელიიდან, შენ რა ღირსი ხარო, ბერის სამოსელი - ანგელოზის სქემა ატარო, როცა ასეთი საშინელი მეძავი ხარ გულში. ეს ბერი დაღონდა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და გადაწყვიტა გაეხადა სამოსელი, გაეტეხა აღთქმა და ერში დაბრუნებულიყო. გზად მაკარი დიდი შეხვდა და რა ნახა, რომ შეწუხებულია, მიზეზი ჰკითხა დაღონებისა. მაკარმა გულში ღმერთს შესთხოვა: ღმერთო, სიძვის დემონები, რომელიც ამ ახალგაზრდა გამოუცდელ ბერს ებრძოდა მის მოძღვარს აკვეთეო და თვითონაც მისკენ გაეშურა. მიუახლოვდნენ კელიას და ხედავენ შევარდება ეს მოძღვარი, მოხუცებული კელიაში, გამოვარდება ელდანაკრავივით, შევარდება-გამოვარდება. ახლოს მივიდნენ და დაეკითხა:
- რას ნიშნავს ეს ყოველივე, ღირსო მამაო?
- საშინელი რაღაც მოხდა, წმიდაო მაკარი. ასეთი უცნაური რამ არასდროს მქონია. ახალგაზრდობაში არ მქონდა სიძვის ის ბრძოლები, რაც დღეს მაქვს. ხომ ხედავ, გიჟს დავემსგავსე უკვე.
მაშინ კი მკაცრად უთხრა და ამხილა მაკარიმ:
- შენ, რომელმაც ათეული წლები განვლე უდაბნოში, ვერ დაიტიე დემონი, რომელიც ამ გამოუცდელ და ახლად დამწყებ ბერს ებრძოდა. ამიტომ გეტყვი, ნუკი განიკითხავ, არამედ დამწყსე, რადგან განკითხვისათვის შეგემთხვა ეს საშინელი ბრძოლა.
ბერმა შენდობა სთხოვა თავის სულიერ შვილს, რის გამოც მაკარი დიდის ლოცვით განწმენდილ იქნა დემონებისაგან.
ქრისტეს მიერ საყვარელნო! დავსჯერდეთ დღევანდელ ჩვენს საუბარს, სინანული შევსწიროთ უფალს, როგორც ძვირფასი საკმეველი და მსხვერპლი, რათა განწმენდილნი ღირს-ვიქმნეთ ზეცისა მოქალაქობასა, ამინ!
„ქადაგებანი და თარგმანებანი“ 1997-98 წ.