ხორცი მიწისაგან მოიზილა ტაძრად სული წმიდისა, როგორც მოგვიანებით პავლე მოციქულმა განგვიმარტა (I კორინთ. 6.19), მაგრამ ბოროტმა, დაცემულმა სულმა თვის სადგურად გაიხადა ჩვენი დაუდევრობის გამო. დღეს ხსენება იყო ადამის სამოთხიდან განდევნისა, - ცოდვითა და ურჩობით განიდევნა იგი სამოთხიდან. უფრო სწორად, ღმერთმა კი არ განდევნა სამოთხიდან, არამედ საკუთარმა ურჩობამ, მაგრამ ღმერთმა სინანულით სამოთხეში დაბრუნება აღუთქვა და დააბრუნა კიდეც ქრისტე იესუს, განკაცებული ძე ღმრთისა მიერ არა თუ მხოლოდ სამოთხეში, არამედ უფრო დიდ, უფრო მაღალ, უფრო ნეტარ რეალობაში: დღითგან იოანე ნათლის-მცემელისაჲთ, - როგორც ერთ ამაღლებულ ქადაგებაში ამბობს მაცხოვარი, - ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების, და რომელნი აიძულებენ, მათ მოიტაცონ იგი. (მათე 11.12; ლუკა 16.16). ე.ი. ადამიანს სამოთხის გარდა მიანიჭა ციური სასუფეველი, ღვთიური სასუფეველი, სადაც თვით ღმერთი ჩვენთვის მიუწვდომელი სახით ჰგიებს.
ამ წელსაც შენდობის ეს კვირიაკე, ჩემთვის, ისევე როგორც ყოველ წელს, შეჯამებაა საკუთარი მოძღვრული წარსულისა და ადამიანური შეცდომებისა, მაგრამ მე მინდა, გულისხმიერებისათვის, ვიდრე თქვენგან შენდობას ავიღებდე, ვიდრე პატიებას ვითხოვდე ჩემი სამღვდელო და ადამიანური ცოდვებისათვის, ზოგი რამ ჩვენგან ხშირად ხსენებული გრიგოლ ღვთისმეტყველიდან ამოგიკითხოთ. მოდით, ვნახოთ, ყოველთვის რისხვას უნდა ვხედავდეთ, როცა მოძღვარი გრისხავს? ყოველთვის სიძულვილია იქ, სადაც სიძულვილი ჩანს, თუ სხვა რამ ამოძრავებს სულიერ მამას? ამის თაობაზე გრიგოლ ღვთისმეტყველი ერთ-ერთ ეპისტოლეში იტყვის (ჩემი თხოვნაა, გულისყურით მოუსმინოთ. ეს იქნება, თუ შეიძლება ითქვას, ამოსავალი წერტილი ჩვენს ურთიერთობაში აწ და მთელი წლის განმავლობაში).
„სხვადასხვაგვარად და სხვადასხვა სახით იკურნება სული. ერთს სიტყვა აღაშენებს (მხოლოდ სიტყვა-დარიგებაც საკმარისია), სხვა კი ცოცხალი მაგალითით გამოსწორდება. ზოგიერთს მათრახი სჭირდება, ზოგს კი - ლაგამი (ამიტომ გადარჩენისთვის ესეც საჭიროა); რამეთუ ერთნი მცონარენი არიან და ძნელად აღიძვრიან სიკეთის მიმართ, და ასეთებს სიტყვიერი ცემით უნდა აღანთებდე (ე.ი. გაკილვით, მხილებითა და გაკიცხვით. აი, აქ ჩვენ ვნახავთ წმ. მამის სიტყვაში, რომ გაკილვა არის საჯაროც და პირად-პირადიც); სხვანი კი მეტისმეტად მხურვალენი არიან სულით ე.ი. ფიცხნი და დაუოკებელნი თავიანთ სწრაფვაში (თუნდაც კეთილი იყოს ეს სწრაფვა), ახალგაზრდა, ღონიერი ცხენივით მიზანზე შორს გარბიან (და არა იქ, სადაც საჭიროა) და ასეთებს ამლაგმავი სიტყვა გამოასწორებს. ერთთავის ქებაა სასარგებლო (აქაც დიდი წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს მოძღვარმა, როცა შეაქებს ვინმეს, თუნდაც სათნოებისთვის), სხვათათვის - გაკიცხვა; მაგრამ ერთიცა და მეორეც - დროულად (უნდა იყოს); პირიქით, შეუფერებელ დროს და უსაფუძვლოდ - ვნებაც კი მოაქვს (როგორც ქებას, ესრეთ გაკილვას). ზოგს შეგონება გამოასწორებს, ზოგს კი - განაჩენი, და ეს უკანასკნელი ან ყველას წინაშე უნდა მოხდეს, ან ფარული მხილების სახით“. ასე იქცევა ეკლესია, ვთქვათ, დიდად შემცოდეთა მიმართ, როდესაც, მაგალითად, მღვდლობიდან დააყენებს ვინმეს, ან ზიარებიდან განაყენებს, ან სამღვდელოებიდან განკვეთავს; მაგრამ ეს სასჯელი კი არ არის, არამედ დიდი მოწყალებაა აქ დედამიწაზე, რომ ეგებ იქ შეგიწყალოს უფალმა, როცა განკითხვის დღე დაგიდგება. სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში იუდა არაისკარიოტელს, წმ. მოციქულს, როდესაც თავის ეპისტოლეში აცხადებს კერძოდ, არიგებს მოძღვრებს და საერთოდ, შეაგონებს ყოველ ქრისტიანს, რომ ზოგ ძე შეცდომილს სიყვარულითა და წინდახედულებით იხსნიდნენ. ოღონდ სიყვარული არ უნდა გაუიაფო, უნდა განჭვრიტო შენი სიყვარულისა და თბილი დამოკიდებულების ამ გამოვლინებამ რა შეიძლება მოუტანოს მას. ხოლო ზოგს „შიშითა და ვითარცა ცეცხლისაგან გამოიტაცებდით“ (იუდა 1.23)... და საერთოდ, რა არის მკურნალობის საიდუმლოება? მონაცვლეობა ცივისა და თბილისა, მწარისა და ტკბილისა, ავისა და კარგისა (იადიგარ-დაუდი). ამან უნდა მოუტანოს დადებითი შედეგი ყოველ ავადმყოფს და ალბათ, მოგაგონდათ კიდეც წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები, რომ ქრისტეს ეკლესია ის სულიერი საავადმყოფოა, სადაც თითოეული ჩვენთაგანი, როგორც ავადმყოფი, ამა თუ იმ მანკიერებისა თუ ბოროტი გულისთქმებისაგან იკურნება. ავადმყოფი ექიმს შეიძლება მხოლოდ იმიტომ გაუწყრეს, რომ ექიმი ცდილობს მის განკურნებას და ზოგიერთ წამალს, ზოგ სამკურნალო საშუალებას მტკივნეულს უნიშნავს, ვთქვათ ქირურგიულ ჩარევას? ჩვენს შემთხვევაშიც ასე ხდება. მოძღვარიც მკურნალია. თავით თვისით კი არ კურნავს ის, არამედ სული წმიდის მადლით. ამიტომ იწოდება მღვდლად, რაც ქართულად ცეცხლის მატარებელ ჭურჭელს ნიშნავს, - მან ამ ზეციური ცეცხლით შენი წყლულები უნდა დასწვას და პირი შეუკრას ჭრილობას.
მაშ, „ზოგს შეგონება გამოასწორებს, ზოგს - განაჩენი, და ეს უკანასკნელი ან ყველას წინაშე უნდა მოხდეს, ან ფარული მხილების ხასიათს უნდა ატარებდეს (გააჩნია ადამიანის ბუნებასა და ვითარებას). რამეთუ ერთნი შეეჩვივნენ ფარულ მხილებას და ფხიზლდებიან საჯარო შეგონების შემთხვევაში“. ყველა სიტყვას ჩვენი დიდი წმ. მამისას ჩემი მწირი გამოცდილებიდან ვეთანხმები; ხშირად შეაგონებ ერთსა და იმავეზე - ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, რომელიმე წევრს მრევლისას. ჩვენი ეკლესიის განწესებაშიც ხომ ჩაიწერა წინამძღვრის მიერ: რამოდენიმე შეგონების შემდეგ, უკეთუ ყურად არ იღებს მრევლში მოსული, არც სულიერ შვილად აღარ ჩაითვლება და არც მრევლის წევრად. დიახ, კარები ეკლესიისა ღიაა, შეუძლია შემოვიდეს, შეუძლია გავიდეს, მაგრამ არავითარი ვალდებულება ღვთის წინაშე მოძღვარს, როგორც სულიერ მამას, აღარ ექნება ასეთი „მორწმუნის“ წინაშე. და საერთოდ, ადამსა და ევას სწორედ თავნებობამ დააკარგვინა სამოთხე და მორჩილება დაგვაბრუნებს ქრისტეს მიერ უკან.
მაშ, ზოგიერთნი შეეჩვივნენ ამ ფარულ მხილებას და ნაყოფი აღარ მოაქვთ. ამიტომ საჭიროა ასეთების საჯაროდ მხილება, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდანვე მოგასხენებთ. თუმცა პირმოთნეობით მთანხმდებიან პირად შეგონებაზე, რასაც დიდი ხანია წაუყრუეს ყური, მაგრამ როგორც კი საჯაროდ ამხელ და, ცხადია, ამ დროს სიყვარული გამოძრავებს იმ ადამიანის მიმართ, ძუ ლომივით ტორებზე დგებიან და მზად არიან, სიცოცხლეს გამოგასალმონ. აი, მაშინ კი დამინახავს, რამდენად ვყვარებივარ ჩემს ასეთ „სულიერ შვილებს“. პირში ღიმილით გეგებებიან, ზურგს უკან კი მთხრებლს გითხრიან, როგორც ფსალმუნშია ნათქვამი. ამიტომ მინდა, ყველას წინასწარ გითხრათ და ზოგიერთებს შეგაგონოთ, რომ ჩვენ პირმოთნე სიყვარულისა არა გვწამს რა და ღვთის წინაშე გაგამართლებთ არა ღიმილი, არამედ წმიდა ცხოვრება.
მაშ, „სხვებმა კი ყური შეაჩვიეს მათი მანკიერებების სააშკარაოზე გამოტანას (ეს ერთნი პირად შეგონებას არაფრად აღარ თვლიან) და სირცხვილი დაკარგეს (ასეთებზე ამბობენ, უნამუსო ადამიანიაო, უსირცხვილო), მაგრამ შემწყნარებლობისათვის კეთილგანწყობილებით მიუზღავენ“.
„არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი საქმეები ფარულია, რისთვისაც ზრუნავენ (ე.ი. ფარული რომ იყოს, არ გამჟღავნდეს, - ერთი სიტყვით, ფარისევლები არიან) და თავი ყველაზე ჭკვიანები ჰგონიათ, ასეთებს დიდის გულმოდგინებით უნდა ადევნო თვალი (მოძღვარს მიმართავს)“. ესენი მრევლში ყველაზე საშიშნი არიან, ამიტომ თუ მოძღვარმა ყურადღება არ მიაქცია, ისე შეუძლიათ საკუთარი განწყობილების მრევლისთვის გადადება, რომ შეიძლება წაახდინონ კიდეც სამრევლო საქმეები. თვით უმნიშვნელო წრვილმანებამდე უნდა ადევნოს მოძღვარმა თვალყური. „სხვებისა კი ზოგი რამ ჯობს არც დაინახო (დაუკვირდით), როგორც იყტვიან ხოლმე: ხედავდე და არც ხედავდე (ანუ თვალებს ხუჭავდე, თქვენებურად ვამბობ, მაგრამ შეგნებულად და არა გულგრილობიდან გამომდინარე), გესმოდეს და არც გესმოდეს, რათა გამუდმებული მხილებებით თავის სიჯიუტეში მედგარი არ გახადო, ყოველგვარი სირცხვილი არ დაკარგოს, კადნიერი და ყველაფრის მკადრებელი არ გახდეს - ეს საშუალება დამჯერს გახდის მათ“.
რაოდენი სულიერი ტაქტი ყოფილა საჭირო შემიძლია ვთქვა, რომ სულიერი მამობა, სულიერი მოძღვრობა - როგორც იგივე წმ. მამა ამბობს ჰიპოკრატეს გამოთქმის მიხედვით, - ეს არის სხვათა უბედურებათა გზით მოიპოვო, შეაგროვო, საკუთარი მწუხარებანი; ამდენ ტკივილს, ურვას, მეტადრე ამ გადატრიალებების, ამ საშინელი გაჭირვებების დროს ამდენს რომ უსმენ ადამიანებს, - მათი უბედურებებიდან შეთხზა, როგორც შენი გვირგვინი და ჯილდო, საკუთარი მწუხარებანი, თუ მამა ხარ, გულმტკივნეული.
„ზოგჯერ საჭიროა ისე რისხდებოდე, რომ არ მრისხანებდე, სიძულვილს აჩვენებდე, მაგრამ არ გძულდეს“. პირველად რომ წავიკითხე, ეს სიტყვები სიმართლე გითხრათ, არ დავიჯერე, რამდენჯერმე გადავიკითხე ეს ადგილი, „აჩვენებდე სიძულვილს, მაგრამ არ გძულდეს“. თურმე ესეც შეიძლება აჩვენო, როტომ? აი, ამ გზით მაინც რომ ჩააგდო სინანულში. საერთოდ ჩემი მცირეოდენი გამოცდილებიდანაც ვიტყოდი. ვთქვათ, ელაპარაკები მწვალებელს, ეუბნები, ძველ აღთქმაში ასე წერია, ახალ აღთქმაში ეს წერია, ამ მამასთან, იმ მოციქულთან ასეა, რაც უფრო მეტს ელაპარაკები და უსაბუთებ, რომ ცდება, სიჯიუტით მით უფრო გიბაკუნებს ფეხებს. როგორც კი ეტყვი: აი, მე ყველაფერი ვცადე ქრისტეს სიყვარულისთვის, მაგრამ თუ დაღუპვა გინდა, დაიღუპე! და მერმე ზოგიერთებს შიში ეუფლებათ, და უკვე შედარებით ლმობიერნიც ხდებიან და გულის-ყურსაც იჩენენ, მაშინ, როცა აქამდე ყურის დაგდებაც არ უნდოდათ. ასევეა სულიერ შვილებთან მიმართებაშიც. მოდით, ახლა ესეც ვიკითხოთ, უფრო ღრმად ჩავეძიოთ: რატომ? რაზე მოქმედებს ამ დროს მოძღვარი სული წმიდის მადლით, როდესაც, მაგალითად, თვით სიძულვილი და მრისხანებაც კი შეიძლება აჩვენოს სულიერ შვილს, რომელიც უყვარს? ალბათ, ამ დროს ის ზემოქმედებს ადამიანის პატივმოყვარეობაზე, რათა ამით გაათავისუფლოს პატივმოყვარეობისაგან და დაარწმუნოს, რომ არც ქება და არც ძაგება, თუნდაც მოძღვრისაგან, არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გამართლდები თუ გამტყუნდები ღმრთის წინაშე.
მაშ, თვით სიძულვილსაც კი აჩვენებდე, „მაგრამ არ გძულდეს, კარგავდე იმედს (ესეც კი უნდა დაკარგო, რომ ხელი ჩაიქნიო იმ ადამიანზე, იმ სულიერ შვილზედ), თუმცა უსასოობას არ ეძლეოდე (შენს თავში), იმისდა მიხედვით, ვის რა თავისებურებანი აქვს“ თითოეულს უნდა მიუდგე არა სტერეოტიპულად, არამედ მათი ბუნებიდან გამომდინარე და რა ძნელია ყოველივე ეს ერთი მოძღვრისთვის, მეტადრე როცა მრევლში ამდენი სხვადასხვა მანკიერებით, ჟინით, თავნებობით, კადნიერებითა თუ თავხედობით დაავადებული ადამიანები იყრიან თავს! საავადმყოფოში როგორღა არის? ერთი საავადმყოფოა, მაგრამ იქ არის უამრავი განყოფილებაა, ხომ მართალია? ყოველ ორგანოს შესაბამისი განყოფილება აქვს დათმობილი. იოანე ოქროპირიც, როდესაც ადამიანის შესაქმეს განმარტავს ამბობს, რომ რომელიმე ორგანო ადამიანს მხოლოდ სილამაზისთვის მისცა, არავითარი პრაქტიკული დანიშნულება მას არა აქვს. მაგალითად, მამაკაცს მკერდი სილამაზისთვის მიანიჭა და მისანიშნებლად იმისა, რომ ევამ ღვთის მადლით ადამისგან მიიღო არსებობა. არის ისეთი ორგანო, რომელსაც პრაქტიკული დანიშნულება გააჩნია და, ამავე დროს, სილამაზისთვისაც არის განკუთვნილი. მაგალითად, - თვალი. ასევე მიმაჩნია, რომ ეკლესიაშიც უნდა იყოს სხვადასხვა „განყოფილებანი“. პირველ ეკლესიაში, მართლაც, არსებობდა ეს „განყოფილებები“. არა მარტო მრევლისა და თითოეული მოსულის თავისებურებანი იყო გათვალისწინებული, არამედ თვით ამა თუ იმ მოძღვრის თავისებურებანიც. ერთს, მაგალითად, ჰქონდა ნიჭი, რომ ექადაგა და ღვთის სიტყვას ქადაგებდა უპირატესად. გავიხსენოთ პავლე მოციქული: მადლობა ღმერთს, რომ მე არავინ არ მომინათლავსო, - და სულ მხოლოდ სამი-ოთხი ოჯახი ჩამოთვალა, - რამეთუ მე ღმერთმა მომავლინა არა მოსანათლად, არამედ სასუფევლის ხარებისათვის (I კორინთ. 1.14,17). განა არ ნათლავდა? ის მოციქული იყო და, ამავე დროს, ეპისკოპოსი, მაგრამ მისი უპირველესი დანიშნულება საღმრთო ამორჩეულობითა და განგებულებით იყო მოქცევა სარწმუნოებაზე ქადაგების გზით. ამიტომ ეწოდა მას ენების ანუ წარმართების მოციქული, რომ წარმართი ერები მოექცია სარწმუნოებისაკენ. თვით იუდეველებშიც ქადაგებდა, მაგრამ უპირატესად მაინც - წარმართ ერებში (რომაელ. 15.16; ეფეს. 3.8. გალატ. 1.16).
მაშინ ეპისკოპოსის პატივში იყო მხოლოდ ღვთის სიტყვის განმარტება და დოგმებზე მსჯელობა. რა ჰარმონია იქნებოდა ტაძრებში, წარმოგიდგენიათ? თითოეული თავისებურებისა და ნიჭიერების (სიტყვა „ნიჭიერება“-ს - მიწიური გაგებით არ ვამბობ, სული წმიდის ნიჭსა ვგულისხმობ) მიხედვით ემსახურებოდა. ვის? ქრისტეს წმიდა ეკლესიას, ქრისტეს საიდუმლო სხეულს. ამიტომ იყო დიდი სიყვარული, დიდი რწმენა და დიდი სასოება პირველ ქრისტიანულ თემებში, განსხვავებით ჩვენი დღევანდელი ცალკეული დაქსაქსული ქრისტიანული მრევლებისაგან და ისეთი ტაძრებიც არის, თუ გნებავთ იცოდეთ, და აკი თქვენც ხართ მოწმენი, სადაც გიჭირს თქმა, რომ აი, ამა და ამ ტაძარს მრევლი ჰყავს. არის ისეთი ტაძრები, თვითონ ტაძარს ან სასწაულთმოქმედ ხატსა ჰყავს მრევლი, ისეთი ტაძრებიც არის, სადაც მოძღვარს ჰყავს მრევლი. რა თქმა უნდა, საბოლოო აზრით, ყველა ქრისტეს სამწყსოა, მაგრამ სამწუხაროა, როცა ხედავ ტაძრებს, სადაც მრევლი, როგორც ასეთი, არ არის, - იშვიათად თუ შევა ვინმე გამვლელ-გამომვლელი მხოლოდ სანთლის ასანთებად და, რაღა თქმა უნდა, ასეთებს არც სანთლის სულიერ-სიმბოლური მნიშვნელობა არ ეცოდინებათ, თუმცა თუ არ იქნა ქადაგება, - ამბობს პავლე მოციქული, - საიდანღა იქნება გაგება და გაგონება, და თუ ეს არ იქნება, საიდან იქნება სარწმუნოება?!
მე ვფიქრობ, რაკი სასოებით ველოდებით (დღეს დილასაც ვიდღესასწაულეთ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენება), დადგება დრო, როცა ძველი ქრისტიანული სულისკვეთება კვლავ მოჰბერავს ჩვენს ცოდვილ სულებს, კაცთათვის შეუძლებელი ღმერთისათვის სავსებით შესაძლებელია და თვით უდიდესი განდგომილების - აპოსტასიის დროს, ანტიქრისტეს დროსაც შესაძლებელი იქნება რაკი სული წმიდამ იწინასწარმეტყველა, ივერიის გაბრწყინება და სარმწუნოებრივ-სულიერი და ზნეობრივი აღორძინება.
ცოტა გადავუხვიეთ სათქმელს და იქიდან კი დავიწყეთ ეს გადახვევა და ეს საუბარი, რომ ეკლესიაში უკიდურესად ძნელია, ყველაფერი ერთმა მოძღვარმა შეასრულოს. მოდით ჩვენს რეალობასაც დავუბრუნდეთ. მე არ ვაპირებ არავის ვექილობას - არც ერთი ტაძრისა და არც ერთი მოძღვრისა, პირველ ყოვლისა, ჩემსას ვიტყვი და რამდენადაც დღეს შენდობა უნდა გთხოვოთ და ჩემ მხრივაც, როგორც მოძღვარმა და ადამიანმა, შენდობა მოგცეთ, ამდენად მსურს წანამძღვრები გაგაცნოთ. არასოდეს, როდესაც ღვთის განგებულობით მე მრევლთაგან ვინმეს მკაცრად ვექცევი, ტკბილად თუ თბილად, შევაგონებ თუ ვკიცხავ საჯაროდ თუ პირადად, ამ დროს მხოლოდ ერთი რამ შეიძლება მამოძრავებდეს - სიყვარული. სიყვარული, პირველ ყოვლისა, ქრისტე იესუსი, სიყვარული მრევლისა, და თუ შენ ამ სიყვარულს ვერ ხედავ, მე ვწუხვარ შენზე, რადგან ჯერ-ჯერობით გონების თვალზე ლიბრი გაქვს გადაკრული.
წმ. გრიგოლი იმავე სიტყვებში ამბობს: არსებობს ისეთი სულიერი წიაღსვლები, რომელთა გამოხატვაც ადამიანურ ენაზე, შეუძლებელია, მე მხოლოდ ზოგადად გითხარითო. აი ასევე წარმოიდგინეთ, ერთი მოძღვრისათვის ჩვენს ტაძარში, ჩვენს მრევლში რა ძნელი უნდა იყოს ამდენ ხალხთან ურთიერთობა, მხოლოდ ერთი დღე რომ დაჯდეთ თუნდაც იქ სააღმსარებლოში, რომც არაფერი თქვათ რჩევა-დარიგების სახით, უბრალოდ მოუსმინოთ, როგორ დაიქანცებით. ამით განა იმას ვამბობ, რომ რაღაც ტიტანურ შრომას ვეწევი. არა, ჩემო მოყვასნო! მე მინდა გითხრათ: დააფასეთ ის დრო, ის მოძღვარი, ის ტაძარი, ის სულიერი გარემო, რომელიც უფალმა მოგანიჭათ. დიახ, უფალმა მოგანიჭათ! ის არც მღვდელს მოუნიჭებია და არც ნებისმიერ სხვა ადამიანს. უფალს მადლი შესწირეთ ამისთვის, რადგან როგორც ადრეც გითხარით, არის ისეთი ტაძრებიც, სადაც მრევლიც კი არ არის და როგორც ასეთი, სწორად გამიგეთ, არც სულიერი მამა, სულიერი მოძღვარი არ არის. იქ სამწუხაროდ მხოლოდ მღვდელმოქმედებათა დამახინჯებული აღსრულებაა შემოსავლის მიზნით. მღვდელი მხოლოდ ხილული მხარეა უხილავი ღმერთისა. ერთადერთი ჭეშმარიტი მოძღვარი ცათა შინა, თქვენ იცით, უფალი ჩვენი იესუ ქრისტეა. მოძღვარი, ეპისკოპოსი თუ მღვდელი, მხოლოდ ღმერთის ნებას უნდა გამოხატავდეს და მის სახარებას ქადაგებდეს ცხადია, თავისი ინდივიდუალობის მიხედვით.
ჩვენ წმინდანები გვიყვარს, ვადიდებთ და განვადიდებთ როგორც წმინდანებს, ყველა მათგანი გვიყვარს, მაგრამ ზოგიერთი - განსაკუთრებულად. ამ დღეებში ვკითხულობდი არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ჩანაწერებს პალესტინაზე და იქ ნათქვამია, ქართველებს სარტყლის ქრისტიანებს უწოდებდნენო. გავოცდი, მე ვიფიქრე, ალბათ, ღვთისმშობლის სატრყლის მესამედი რომაა საქართველოში მოხვედრილი, იმის გამო. თურმე არა. სქოლიოში განმარტებაა ამ არქიმანდრიტისა: ქართველებს ყოვლადწმიდა სამების შემდეგ იმდენად გამორჩეულად უყვარდათ წმინდა გიორგი, გველეშაპი რომ სარტყლით დაიმორჩილა და ქალწულს მიჰგვარა, აი, იმ სარტყლის გამო სხვა ხალხები სხვაგვარად სარტყლის ქრისტიანებსაც კი უწოდებდნენ ჩვენს წინაპრებს, რომლებიც დროშებზე ჯვართან და მაცხოვრის ხატთან ერთად წმ. გიორგისაც გამოხატავდნენ. რა მინდოდა ამით მეთქვა? ხედავთ, განა ქართველებს სხვა წმინდანები არ ჰყავდათ? ასი ათასობით მოწამე ჰყავთ ქართველებს, მაგრამ გამორჩეულად წმ. გიორგი უყვართ. აქ არაფერი გასაკიცხი არ არის. ეს ღვთის განგებულებითაც ხდება. ან თუ ღვთისმშობელს შეახვედრა ივერია სული წმიდამ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაზედ კარგები ვიყავით. შესაძლოა, პირიქით. პავლე მოციქული ამბობს: ადამიანის ორგანიზმში ყველაზე ნაკლებად კეთილშობილურ ნაკვთებს ყველაზე მეტი მზრუნველობა სჭირდება. შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე უკეთური ერი რომ ვიყავით, სოდომ-გომორის ცოდვებით ავსებულნი, ყველაზე დიდი მეოხი ამისთვის გვიჩინა უფალმა. საკმარისია რომელიმე ბრმა და ურაპატრიოტს უთხრა ეს, თუ თავს ლაფი არ დაგასხას იმიტომ, რომ განსჯის უნარი არა აქვს, რადგან მას სინამდვილეში ეროვნული გრძნობები კი არ გააჩნია, შეპყრობილი არის. ნახეთ, ეშმაკი აქაც თავის ხელოვნებას იყენებს. ერთნი ეშმაკური იდეებით შეიპყრო, ვთქვათ, სექტანტობის სულით, მასონური სულით, კოსმოპოლიტიზმით, მეორენი - ცრუპატრიოტიზმისა. ერთნიც შეპყრობილნი არიან და მეორენიც, რადგან როგორ შეიძლება, ერი გიყვარდეს და ღმერთი არ გიყვარდეს, როგორ შეიძლება, ღმერთი გიყვარდეს და მტერი არ გიყვარდეს? მაგრამ, ნურას უკაცრავად, მათთვის ჩანს, სხვა სახარებაა დაწერილი. ამიტომ ერთმანეთში ნუ მოხდება აღრევა ცრუ და ჭეშმარიტი ეროვნულობისა, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისა და მოგონილისა.
მაშ, მოდით, გრიგოლ ღვთისმეტყველთან ერთად კვლავ გავაგრძელოთ, რომ მოძღვარი თითოეულს თავისებურებათა მიხედვით უნდა ექცეოდეს. „სხვებს უნდა კურნავდე, სიმშვიდით, მორჩილებით და მათი საუკეთესო იმედების თანამონაწილე ხდებოდე“, მაგრამ არა მათი ამაოებისა. მინდა ზოგიერთის ყურად საღებად დავსძინო, ამ ერთი წლის განმავლობაში გაითვალისწინონ, რომ მათგან ათასობით ჭორი, უაზრო საუბრები, ერთმანეთის ქილიკი და ერთმანეთის განკითხვა მოვისმინე. ამისთვის არც დრო მაქვს, არც სურვილი და არც ენერგია. „ერთთათვის სასარგებლოა ამარცხებდე (სიტყვით თუ საქმით); სხვებისთვის კი - შენ თვითონ მარცხდებოდე ხშირად“. დიახ ზოგჯერ მოძღვარი უნდა მარცხდებოდეს სულიერ შვილთან! „და ქება და ძაგებაა საჭირო - ვისი ნაკლისა და ძლიერებისა, ვისი უბადრუკებისა და წარუმატებლობისა (წინდახედულობით)“.
რამდენი შრომა სჭირდება კეთილ მწყემსს, რომელიც მოვალეა, საფუძვლიანად იცნობდეს სულს თითოეული სულიერი შვილისას და იყოს მათი წინამძღოლი მწყემსობის პირდაპირი და სამართლიანი კანონით (არ უნდა დაუშვას არავითარი პირმოთნეობა, არავითარი დათმობა მხოლოდ იმის გამო, რომ სულიერი შვილი შეიძლება განრისხდეს იმის გამო, რომ ვთქვათ, სიმართლეს ეტყვი - ეს იქნება ღალატი ჭეშმარიტებისა და ყოველგვარ ღალატზე უარესიც, მე რომ მკითხოთ).
შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის თქვენთან ურთიერთობაში და თქვენთვისაც ჩემთან და ერთმანეთთან ურთიერთობაში საპროგრამო უნდა იყოს გრიგოლ ღვთისმეტყველის ეს ღრმა და შინაარსიანი შეგონება. მოდით, ერთ რამეში შევთანხმდეთ: აქ მე ჩემი ნებით არ მოვსულვარ არა მარტო ამ ტაძარში, საერთოდ, ეკლესიაში. ღვთის განგებას, წეღანაც ვთქვით, კაცის გონება, რაოდენ ფართო ინტელექტიც უნდა ჰქონდეს, ვერ ჩასწვდება. მაშ, არც მე და არც თქვენ უფლის ამ სულიერ საავადმყოფოში ჩვენით არ მოვსულვართ, არამედ სული წმიდამ მოგვიყვანა. ერთი რამ ამოძრავებს ყოვლადწმიდა სამებას, ღვთაების, ჭეშმარიტების, ერთ არსებას ესეც გამოხატავს - ყოველი ადამიანის ცდუნების გზიდან მოქცევა და ცხოვრების გზაზე დაყენება. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ფაქტია, თქვენს წინაშე ვამბობ, რომ მე ცოდვილი მღვდლად დამადგინა, სულიერ მამად, თქვენ კი - სულიერ შვილებად და როგორც ერთ-ერთი მამა განმარტავს, მამაკაცსა და დედაკაცზე რომ ლაპარაკობს ოჯახში: მამაკაცმა თავისი პირველი ადგილი დაიკავოს, რომელზეც ღმერთმა აკურთხა და ესმოდეს, რას ნიშნავს ოჯახში ეს პირველობა, დედაკაცმა კი ასევე ღირსეულად დაიკავოს თავისი მომდევნო ადგილი, ხოლო ორივემ ერთად შვილები ქრისტეს სულისკვეთებით აღზარდონო! ამიტომაც არის, ვთქვათ, ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული აცხადებს და ამას გვირგვინობის საიდუმლოში ვუკითხავთ მოძღვრები დაწინდულებს: „დაემორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა“ (ეფეს. 5.21). ორივეს მართებთ ქრისტესმიერი მორჩილება, მაგრამ მერმე უფრო კონკრეტულად განმარტავს: „ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ, არამედ ვითარცა ეკკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თჳსთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს“... „საიდუმლოჲ ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და ეკლესიისა“, (ეფეს. 5.22-25;32), - დასძენს პავლე მოციქული. ასევე აქ სასძლოსა და ზეციური სიძის - ქრისტეს - ურთიერთობაზეა მინიშნება. ღმერთმა თავის სისხლში, მხსნელი ვნებებითა და აღდგომის ბრწყინვალე მადლით დააარსა ეს ეკლესია ჩვენი საუკუნო ცხონებისათვის. ამიტომ ყველამ იმ იერარქიით, რომელიც უფალმა ეკლესიაში განაწესა, მიწიერი იერარქია კი ზეციურის მიხედვით შეიქმნა დედამიწაზე, დავიკავოთ კუთვნილი ადგილი და ვჰყოთ მორჩილება.
მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩემი შენდობის თხოვნა თქვენს მიმართ ერთგვარი აღსარებაა.
წლობით დადიხართ აქ და მოწმე ხდებით ჩვენი გადაღლისაც, გამოფიტულობისაც, ერთგულების, შერისხვის, სითბოსიც და სიყვარულისა და მაინც დღევანდელ დღემდის ჯერ კიდევ ვერ მოგიშორებიათ ეშმაკი განკითხვისა და ეშმაკი შურისძიებისა. იმავე გრიგოლ ღვთისმეტყველიდან მსურს ჩემი აღსარების ჟამს ზოგი რამ კიდევ ამოგიკითხოთ. აი, რას სწერდა წმ. მამა მაშინ, როცა ჯერაც ქრისტიანული სულის დღესასწაული იყო და რაღა უნდა ვთქვა მე ცოდვილმა ჩემს თავზე, ისიც ამ გარყვნილი და გახრწნილი XX საუკუნის მიწურულს. „გულმოდგინედ ადევნებენ თვალ-ყურს ჩემს ყოველ ნაბიჯს, სწორეა თუ არა, რამეთუ ღვთისათვის სათნოა, მეც რაღაცას ვნიშნავდე ქრისტეანთათვის“. ცხადია, მე იოტისოდენადაც არ დავედრები ამ დიდ მამას, მაგრამ ჩემებურად ვიტყვი, რომ შემიძლია, რამდენადმე დღეს მეც იგივე ვთქვა (ვფიქრობ ჩემზედაც სულია, - ვიტყვი პავლებრ).
მერმე, მოდით, შევაჯამოთ ეს ერთი წელიწადი: შარშანდელი ზაფხული აღსავსე იყო ჩემდამო ღვარძლის ნთხევითა და ცილისწამებებით, თავიდან, რა თქმა უნდა, მეც მომდიოდა გული ჩემდამო ამ უკეთურებათა, ამ უსამართლობათა გამო, მაგრამ ესეც საჭირო იყო ჭეშმარიტების შემეცნებისთვის, ჩვენთა დაკნინების შესაცნობად; დღეს გადიდებენ, მაგრამ რა წამსაც დასჭირდებათ, სამარეს გაგითხრიან, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ არა ერის საქებრად, არა ადამიანთა საქებრად, არამედ ღმერთის საქებრად და სადიდებლად, სულის საცხოვნებლად უნდა ქადაგებდე და იწვოდე სულის გადარჩენისთვის, როგორც შენი, რაკი მოძღვარი ხარ, ესრეთ-სხვებისა. მერმე რა მოჰყვა ყოველივე ამას? ერთნი წავიდნენ, მეორენი დარჩნენ, მესამენი, ახლები, მოვიდნენ, მაგრამ დღემდის გულში განმიკითხავენ, ეჭვობენ, ეგებ ყველაფერი მართალია? თუმცა ერთ-ერთმა ცილისმწამებელთაგან შერიგების სიტყვა ითხოვა. რა თქმა უნდა, მაშინვე შევუნდე, სხვანაირად როგორ შევწირავდი უსისხლო მსხვერპლსა? შეიძლება, რომ გულში ღვარძლი ჰქონდეს მოძღვარს და უსისხლო მსხვერპლს სწირავდეს?! ეს იქნება დიდი ფარისევლობა, დიდი თვალთმაქცობა ნებისმიერ თვალთმაქცობასთან შედარებით, - თვალთმაქცობა თვით ქრისტეს საიდუმლოს წინაშე.
და ერთ-ერთი მათგანი კი რომელმაც ჩემს წინაშე პირადად მოინანია საჯარო ცილისწამება და ლანძღვა-გინება, დღემდის ცილისწამებებით აღსავსე იმ წიგნს ჰყიდის, იკითხა: როგორ, არ გინდა, მაპატიო? - მე შენი განქიქება არ წამიკითხავს, არც დრო მაქვს, არც სურვილი და არც მაგის მეცადინეობა, მაგრამ შენ თუ სინდისის ქენჯნა გაქვს და იმიტომ ნანობ, ვფიქრობ, ღმერთი გაპატიებს. - როგორ არ მპატიობ? - მე ვუთხარი: დიდი ხანია გაპატიე, იმ დღიდან, რაც გავიგე, რომ ჩემს შესახებ პასკვილი დაგიწერია, ნაპატიები ხარ და სხვანაირად მე წირვა-ლოცვას როგორ დავაყენებდი, შენს გამო ხომ არ წავახდენდი ქრისტეს სისხლსა და ხორცს-მეთქი.
და ეს როგორი სინანული იყო, ამის შესახებ უფალმა გვითხრა: ხე ნაყოფით შეიცნობა (მათე 13.33). ან ცხონების თვალსაზრისით რა უნდა დაგვაკლოს ძაგებამ, ან რა უნდა შეგვმატოს გუნდრუკის კმევამ, რადგან მხოლოდ ღმერთს შვენის დიდებაც, პატივიც, სიტკბოებაც და თაყვანისცემაც, მხოლოდ მისი ძვირფასი სისხლით, მისი კაცთმოყვარებითა და სახიერებითა ვართ გამოსყიდულნი ამ ჯურღმულებიდან და სიკვდილის აჩრდილებიდან.
ასევე გრძელდება დღესაც, - თვალის დევნება გამადიდებელი ლინზებით. მე მინდა, ყველა მათგანს მამობრივი სიყვარულით ვუთხრა: საკუთარ თავში ჩაიხედონ და ევედრონ ღმერთს სინანულის კარი განუხვას მათ უფალმა და დაანახოს საკუთარი არარაობა, მზაკვრობა, მანკიერება და ა.შ. და როდესაც ამას დაინახავს, შეუძლებელია, არ შეეშინდეს ჯოჯოხეთისა, აი, რატომ არის, რომ ადამიანს თუ ცოტა მკაცრად მისცემ შენიშვნას, სწყინს. არა მარტო იმის გამო, რომ პატივმოყვარეა, უფრო ხშირად, იმის გამოც, რომ ის თავის შეცდომებს არასდროს არ უღრმავდება. მას თავი მართლად მიაჩნია, ყველა დანარჩენი კი - ცრუდ, თუმცაღა ნათქვამია „ბუზი ბევრი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის“. ჭეშმარიტების წინაშე ყველა ცრუ და ამაოა - მეც და თქვენც.
და აი, იგივე გრიგოლ ღვთისმეტყველი, როდესაც, თუ შეიძლება ითქვას, მისი ნების წინააღმდეგ დაასხა მისმა მამამ, ასევე გრიგოლმა, ხელი, პონტოში, ბასილი დიდის მონასტერში გაიქცა. მრევლი სთხოვდა, შეაგონებდა, შეიძლება რისხავდა კიდეც, რომ უკან დაბრუნებლიყო. და აი, მან როცა დაბრუნდა წარმოსთქვა სიტყვა, და ამ სიტყვაში ამბობს: რად არ მოდიხართ ჩვენი სიტყვების მოსასმენად? ადამიანის ბუნებაშია, გამოგვიწვიოს და აღარ მოგისმინოს. თუმცა თავისი ბუნებით, ნატურით გრიგოლ ღვთისმეტყველი მჭვრეტელი მამა, განდეგილი მამა იყო, მაგრამ ეკლესიის გასამდიდრებლად, მრავალი ათასი სულის საცხოვნებლად დატოვა ის, რაც ენატრებოდა მას - სულიერი სიმყუდროვე, ღვთიური დიდების ჭვრეტა. დატოვა ეს ყველაფერი და რამდენადაც შეეძლო, ანაცვალა თავისი ყველაფერი. აი, ამიტომ გრიგოლ ღვთისმეტყველი ერთ-ერთ ეპისტოლეში აცხადებს. „მე გამჯობინეთ თქვენ ყოველივეს (ყველაფერი და ყველა დავთმე თქვენი გულისათვის), თქვენ ხართ ჯეჯილი ჩემი, ვენახი ჩემი“. რა თქმა უნდა, მე არ შემიძლია, ამ დიდ მამას შევედარო, მაგრამ ღმერთი ყველას უყურებს - მაღალსაც და დაბალსაც, ეპისკოპოსსაც და მოძღვარსაც, მრევლსაც და დიაკონსაც და თითოეულს არა წოდებისა და ხარისხის მიხედვით, არამედ სინანულისდა მიხედვით მიაგებს.
მაშ, ყველა ამ მიზეზის გარეშეც, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველიდან რომ ამოგიკითხეთ, მინდა შენდობა გთხოვოთ.
ორი ბერი შეხვდა ერთმანეთს უდაბნოში და კერძო საუბარში ერთმა უთხრა მეორეს:
- როგორ ხარ?
- ღვთის მადლით კარგად, განვიწმიდეო, - უპასუხა მეორემ.
გაუკვირდა ამ ბერს:
- კი, მაგრამ როგორ, ცოცხალი ხარ და ამას ამბობ ისე, რომ არც იცი, გაცხოვნებს თუ დაგღუპავს? მაგალითად, შენში ვნებები აღარ არის?
- ღვთის მადლით, - (და არა ჩემით, დავამარცხე), - დავამარცხე და აღმოვფხვარიო.
- აი, ახლა შენ რომ გზას გააგრძელებ, იქ უამრავი თვალ-მარგალიტი რომ შეგხვდეს, არავითარი აზრი არ მოგივა?
- კი, როგორ არა. თავიდან მომივა აზრი, რომ ეს ყველაფერი ავკრიფო, მონასტრები, საავადმყოფოები, მოწყალების სახლები, ქსენონები ავაშენო, მაგრამ მერე მივხვდები, რომ მაცდურისგანაა ეს ყველაფერი.
ხომ გასხოვთ, ორმა ბერმა მსგავსი რამ რომ გააკეთა: ორი ძმა მიდიოდა, მართლაც, უამრავი ოქრო ნახეს და ერთს მსგავსი ბრძოლები დაეწყო, რომ სიკეთისთვის გამოეყენებინა, მაგრამ ადგა და გადაახტა ბოლოს იმ ოქროს გროვას. მეორემ აიღო (იგივე ფიქრები ჰქონდა), ყველაფერი ეს გააკეთა. რა გააკეთა? კარგი რამ გააკეთა; მონასტრებიც ააშენა, ეკლესიებიც, ავადმყოფებს განუსვენა, მაგრამ სული ისევ აემღვრა და აუფორიაქდა. მისთვის ღმერთს ეს არ დაუვალებია. განდეგილი მამა რომ იყო, განდეგილად უნდა ეცხოვრა. მეტსაც გეტყვით, შეიძლება ზოგმა ვერ გაიგოს ან დაბრკოლდეს, იმის გამო რომ ასკეტ მამებს, ვინც გონებით ღმერთთან არიან შეერთებულნი, ხორციელი სიკეთის საქმეები ჩვენგან განსხვავებით აღარც კი მოეკითხებათ. ჩვენ კი, პირველ ყოვლისა, ერში მცხოვრებნი ამით გადავრჩებით - სტუმარი ვისტუმროთ, ავადმყოფს განვუსვენოთ, პატიმარს ნუგეში ვსცეთ, მოწყალება ჩავიდინოთ და ა.შ.
მაშ, ასე უთხრა იმ ბერმა:
- რაკი ეს აზრები გიჩნდება, ჯერ-ჯერობით ანგარებისა და ვერცხლისმოყვარების, დიდებისმოყვარების ეშმაკი შენში ჯერ კიდევ არ მომკვდარა. აი, მერმე შენ რომ მეძავი დედისშობილა ნახო, არავითარი აზრი არ მოგივა? და მოწმეც არ გეყოლება.
- რაღა თქმა უნდა, თავიდან სიძვის აზრი და გულისთქმა მომივა, მაგრამ მოვიგონებ ჯოჯოხეთს, მოვიგონებ უფლის სამსჯავროს, მოვიგონებ უფალს და ვფიქრობ უარს ვიტყვი ყველაფერზე.
- მაშასადამე, შენში არც სიძვის ეშმაკი არ დამარცხებულა. ის მხოლოდ თვლემს შენში და ელოდება შესაფერის დროს, რომ თავისი გრძნეულება და ჯადოქრობა ამოანთხიოს.
ასე რომ, ჩემო კეთილო ადამიანებო, ჩემ ცოდვილშიც იბრძვის მრავალი ვნება, კონკრეტულად მხოლოდ იმიტომ ვერ გეუბნებით, რომ არ ეგების, მოძღვარმა გითხრათ ეს. ახლა რატომ მოგახსენებთ ამას? ზოგიერთი ბუნების სულიერი შვილის გასაგონად.
ზოგ თქვენგანს თავისი მოძღვარი ლამის ცის დარად მიაჩნია, რაღაც ძალიან დიდ ადამიანად. ზოგი ფრთებსაც ეძებდა ჩემში, ასეთი დროც მქონდა, ახლა კი ვფიქრობ ზოგიერთები მაინც გადაეჩვივნენ. მერმე და მერმე, როცა სულიერი სისუსტეები თუ შეცდომები დაინახეს მოძღვრისა, დაიმსხვრნენ ერთიანად ვიდრე სასოწარკვეთილებამდის. ამას გულისხმობდა წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი, როდესაც გვასწავლიდა: ვიდრე ჩვენში, მორწმუნეებში, ჯერ კიდევ ბევრია ხორციელი მგრძნობელობანი, მოძღვარი ჩვენს თვალში ძალიან დიდი ჩანს, მაგრამ როგორც კი ხორციელი მგრძნობელობა ადგილს დაუთმობს სულიერებას, მღვდელში მხოლოდ ღმერთის იარაღს ვხედავთ. მაშ, მნიშვნელოვანი ყოფილა თვით ღმერთი და არა მოძღვარი! ეგ არ ნიშნავს იმას, რომ აგდებულად მოეკიდო მოძღვარს. არ გიყვარდეს, პატივს არ სცემდე. ის კი არა, ერთი ათონელი მამა ამბობს, არა მარტო უნდა გიყვარდეს, უნდა გეშინოდეს კიდეც შენი მოძღვრისა, როგორც თვით უფლის მსახურისა. ოღონდ აი, რაღაც ზომიერება უნდა არსებობდეს ამ მხრივ და რაღაც შუალედური უნდა მონახო მოძღვარმა მრევლთან ურთიეთრობაში და მრევლმაც - მოძღვართან. მე ასე მიმაჩნია, რომ მოძღვართან არც კი უნდა დაჯდე, თუ ლოცვა-კურთხევას არ მოგცემს. არც უნდა მიხვიდე, თუ არ მოგიხმობს, მაგრამ რამდენად გულუბრყვილო რასმე ვამბობ, როცა დღეს არაფრად არ ითვლება არც კდემამოსილება, არც მორცხვობა, არც მორიდება, რაც პირველ ყოვლისა, მშვენიერსა და ამაღლებულს ხდის დედაკაცს მამაკაცის თვალში, აღარას ვამბობ - მოძღვრის თვალში.
ზოგიერთს ჩვეულება აქვს, რომ ყოველთვის, ყოველ წირვაზე ბარძიმში თავისი შესვენებული თუ ცოცხალი მომახსენებინოს. რატომ? „განსაცდელშია“. განა მიწიერი ცხოვრების ჯურღმულები განსაცდელებით არ არის სავსე? მაშ, ყველას მოხსენიება ყოველთვის ბარძიმთან?! ან რა არის ბარძიმთან მოსხენიება? ჩვენ პირობითად ვამბობთ, რომ სისხლთან მოვიხსენებთ. იმიტომ, რომ სინამდვილეში საიდუმლოს ძალით ჯერ კიდევ, როცა დიდი გამოსვლის დროს ბარძიმ-ფეშხუმს გამოაბრძანებს მოძღვარი, მასში რაც ძევს, მხოლოდ ნაკურთხი ღვინოა და ნაკურთხი სეფისკვერი და ჯერ-ჯერობით არა ქრისტეს წმინდა ხორცი და სიხლი. მაშ, მოხსენება ამ დროს უბრალოდ ბარძიმთან და ფეშხუმთან ხდება, ჩემო კეთილო. „განსაცდელები აქვსო“, ერთმა ადამიანმა დასძინა და ყოველ კვირა მახსენიებინებს. მე განკითხვისთვის არ ვამბობ, ახლა, ალბათ, აქ დგას. სწავლებისთვის ვამბობ, პირშიც მითქვამს და კვლავ დავამოწმებ სხვების გასაგონად და სასწავლებლად, რომ მსგავსი რამ გაითვალისწინონ. გაჭირვება რომ არ იყოს, ხომ არ მოვახსენებინებდიო. ჩემო კეთილო, თქვენ რომ სახელებს აგზავნით, მე პროსკომიდიაში ყველას ვიხსენიებ და რომ გითხრა, ვფიქრობ, პროსკომიდიაში მოხსენიება არანაკლებია ვიდრე ბარძიმთან. ასევე არსებობს არა მარტო პროსკომიდიაში, კვეთაში, არა მარტო ბარძიმთან, არამედ ვთქვათ, კვერექსში მოსხენიებაც სხვადასხვა სახეობაა, ჩვენი ცოცხალი თუ მიცვალებული ღმერთს რომ შევავედროთ, თორემ რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა არა აქვთ ერთმანეთის წინაშე. ასე მოხსენიება ხდება პარაკლისში, ხდება პანაშვიდში, ფორმებს კი არა აქვს მნიშვნელობა და სიხშირეს, არამედ თქვენს რწმენას. ხომ გახსოვთ, როდესაც ქრისტესთან მიჰყავდათ, ვთქვათ, ეშმაკეული, რომელიც გონებას ვერ ფლობდა, მით უფრო რა რწმენა მოეკითხებოდა ჭკუიდან შეშლილ ადამიანს, როცა მას არაფერზე არ აქვს წარმოდგენა, ვერც აზროვნებს, ვერც ფლობს თავის გონებას. ამიტომ მომყვანებლის რწმენის მიხედვითა და უფლის კაცთმოყვარებით იკურნებოდა ეშმაკეული. თვით ლეგეონსაც კი განასხამდა, არა თუ ერთსა და ორ ეშმაკსა. ასევე როდესაც თქვენ შემოგზავნით სახელებს მნიშვნელობა აქვს მღვდლის რწმენას, ვინც უნდა მოიხსენოს და მნიშვნელობა აქვს თქვენს სარწმუნოებას. ზოგს ჩვეულება აქვს, მთელი სოფლის სახელებს ჩამოწერენ ხოლმე. დარწმუნებული ვარ (მე ხომ მათ აღსარებებს ვიღებ), ისეთი მცონარენი არიან, არათუ სახელს არ ჩამოთვლიან ლოცვაში, „მამაო ჩვენო“-საც კი თავიდან ბოლომდე გაჭირვებით ამბობენ. აი, ვის უყვარს ზოგიერთ შემთხვევაში ბევრი სახელის შემოგზავნა ასე ვთქვათ, გადაღლა ლიტურგიისა, მოძღვარზე არას ვამბობ. ყველაფერს თავისი დინამიკა აქვს, მაგალითად, მწუხრ-ცისკარი შედარებით უფრო სტატიური ლოცვაა. ნაკლები მოქმედებებია და ა.შ. ამიტომ აღსაქმელადაც ძნელია, მეტადრე თუ დილას ადამიანი დასვენებულია ფიზიკურად, საღამოთი გადაღლილია ზოგი საქმითა და ზოგი - უსაქმურობით, ხოლო ლიტურგია უფრო დინამიურია, ბევრი მოძრაობაა - მცირე გამოსვლა, დიდი გამოსვლა, ესა თუ ის სიმბოლური მოქმედებები სრულდება, ჩართულია მრავალი საგალობელი და ა.შ. ყოველივე ამის გამო ადვილი აღსაქმელი და კარგი მოსასმენია ლიტურგია. არ შეიძლება მოძღვარმა ათიათასობით სახელი მოიხსენოს. თუ ასეთი გაჭირვებაა, ათი ათასი კი არა, შეიძლება მილიონი სახელიც ახსენო, მაგრამ მე უბრალოდ ვხედავ რომ რაიმე განსაკუთრებული გასაჭირი კი არ არის, ეს მავანისა და მავანის ჟინია, ახირება და პატივმოყვარეობაა, მოძღვარმაც, ფიქრობს, ქედი უნდა მოუხაროს მის დიდებისმოყვარებას. ხმამაღლა თუ არ გაიგო თავისი ცოცხლისა და მიცვალებულის სახელი, ფიქრობს, რომ ღმერთი არ შეიწყალებს და ა.შ. გახსოვთ ფარისეველი ყველას გასაგონად ლოცულობდა, სინამდვილეში თავს იქებდა, ღმერთს კი არ ადიდებდა. მეზვერე მჯიღს ირტყამდა გულში და გულშივე იტყოდა: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ და განმართლებული გამოვიდა ტაძრიდან, განსხვავებით ფარისეველისაგან (ლუკა 18.13-14).
შეუძლებელია, თუნდაც გათენებამდეც რომ დავრჩე, ყველა წვრილმანსა და ნიუანსზე გელაპარაკოთ, ყველაფერი მოგითხროთ და გადმოგცეთ. მე მიდა, უბრალოდ, სიყვარული გაგაჩნდეთ ერთმანეთისა და, პირველ ყოვლისა, მოძღვრისა, რატომ? იმიტომ, რომ ის თქვენი სულებისთვის ლოცულობს, იმის გამო, რომ ის ერთია და თქვენ ბევრნი ხართ, ჩადექით მის მდგომარეობაში თუნდაც ერთი წუთით და დამერწმუნეთ, მეტი გულის სითბო, მეტი სიყვარული გაგიჩნდებათ იქ, სააღმსარებლოში საჭორაოდ აღარ შემოხვალთ, შემოხვალთ მხოლოდ ცოდვების მოსანანიებლად ან თუ კონკრეტულად რამეა გაუგებარი, მის გასარკვევად. მიყვებით ათასობით „ხილვებს“, „გამოცხადებებს“, სხვების ცოდვებზე მელაპარაკებით. „საწუხარ არს ესე“. წარმოიდგინეთ, ხომ გყავთ ხორციელი შვილები? ერთი შვილი რომ მოდიოდეს და მუდამ მეორე შვილის ნაკლოვანებებზე დაჟინებით ლაპარაკობდეს, როგორ ხასიათზე დადგებოდით? მაგრამ არა, შენ არ გსურს ეს მანკიერება დათმო, აღტაცებული ხარ განკითხვისა და მრისხანების სნეულებით ცოტა მეტი სიყვარული რომ გქონდეს, ვიდრე გაქვს, შენ ალბათ აღარასდროს აღარ განიკითხავდი. ჩემო კეთილო, თუ შენი სულიერი ძმა სცოდავს, ხომ გიყვარს ის, ილოცე, რომ გამოსწორდეს. ლოცვის გარდა უფალმა მოგვცა უფლება, მიხვიდე და სიყვარულით, შიშითა და თავმდაბლობით ამხილო. მაგრამ არც ეს არ გინდა შენ, არც ის. იმიტომ, რომ თავი მართალი გგონია. მე მინდა გითხრა, რომ აქ მართლებისთვის არ არის მხოლოდ ეს ეკლესია. იგი, პირველ ყოვლისა, საავადმყოფოა ცოდვებით დაავადებული ადამიანებისთვის. სადაც ისინი იკურნებიან. წამალი და ექიმი რაც უნდა ჩინებული იყოს, თუ შენ თვითონ არ გაქვს დაჯერება და რწმენა, არ განიკურნები. ზიარება თავისთავად უდიდესი საიდუმლოა, რადგან ამ დროს ჩვენთვის მიუწვდომელად თვით უფალი შემოდის მთელი არსებით და არა მხოლოდ ნაწილი მისი წმიდა ხორცისა და სისხლისა, მაგრამ წარმოგიდგენია შენ, რამდენად დაავადებული ხარ, როგორც იუდა ისკარიოტელი, რომ თვით ზიარებაც კი აღარ გკურნავს?! რა უძღოდა წინ ამ შენს ზიარებას? უძღოდა ჭეშმარიტი სინანული, გამოთქმული აღსარებაში, განცდაჲ თვისთა ცოვდათა, თანალმობა მოყვასისა და შებრალება შენი სისხლისა და ხორცისა, თუ გნებავს, სულიერი დისა და ძმისა?! რაღა თქმა უნდა, როცა ეს ყველაფერი წმიდა ზიარებას არ უძღვის, მაშინ უწმინდურისთვის თვით დიდი სიწმინდეც კი არ იქნება რამე სიწმინდის მატარებელი. ამიტომაც გვიბრძანა, პირველ ყოვლისა, მოძღვრებს და მერმე - ყველა ქრისტეანს: ღორთა და ძაღლთა არ დაუყაროთ მარგალიტი, წმიდა ზიარების სახით იქნება თუ მხილება-ქადაგების სახით. როცა დაინახავ, რომ არ იღებს ღვთის სიტყვას, ხამლი გაიბერტყე, გააგრძელე გზა, არ განიკითხო, ილოცე, მაგრამ პირველ ყოვლისა, ქრისტესმიერთათვის, შენი სულიერი და-ძმებისთვის და მერმე ყველასათვის, ვისაც როგორ ეკუთვნის, მტერია თუ მოყვარე...
მსურს, ჩემი პატარა სანტიმენტალური რამ გაგიმხილოთ. მე მიყვარს გაზაფხული. ალბათ, თქვენც გიყვართ. რა არის ამაში გასაოცარი? არც არაფერი. მე მიყვარს კიდევ იმიტომ, რომ ხანგრძლივი „პატიმრობის“ შემდეგ, აი ამ ჩემს „საპატიმროსთან“, სააღმსარებლო რომ ჰქვია თქვენს ენაზე, იასამანი იშლება და არაჩვეულებრივი, დამათრობელი სურნელება იფრქვევა იასამნისა. თქვენც განსაკუთრებით გიყვართ ამ პერიოდში სასაფლაოზე და პეტრე-პავლეს ტაძარში ამოსვლა არა მარტო ტაძრის გამო, არამედ სურნელებისა და მათრობელა სიამის გამოც. მეც მაქვს ეს მათრობელა წუთები... ამა თუ იმ ღვინის ერთსა და იმავე ჯიშს სხვადასხვა კუთხეში იმიტომ აქვს სხვადასხვა გემო და ელფერი, რომ სხვადასხვა გარემოება მოქმედებს. მნიშვნელობა მევენახის ფსიქიკასაც კი აქვს, იმასაც, თუ რა ყვავილები იზრდება გარშემო, რა ხეხილი ხარობს ან არ ხარობს - ყოველივე ეს ღვინის არომატში ჩვენთვის მიუწვდომელი სახითაა ჩაქსოვილი. აი, შენც იმ იასამნის შემობერვაში გაგონდება შენი ბავშვობა, როცა გულუბრყვილო იყავი, როცა ადამიანთა ბოროტებას არ იცნობდი, არ იცნობდი რა გულღვარძლიანნი, შურის მაძიებელნი, დიდმედიდურნი, მზვაობარნი, განმკითხველნი არიან ადამიანები... მაგრამ ოცნებას კი არ ეძლევი, გულში ერთ პატარა კუნძულს იტოვებ, გაიქცე აი, ასეთი ადამიანებისაგან და თავი შეაფარო ცოტა ხნით მაინც. არსენი დიდი ეგვიპტის უდაბნოში გაექცა ადამიანებს, როგორც საღმრთო ხმამ უბრძანა: არსენი, აღსდექ, დატოვე ადამიანები, გაიქეცი ადამიანებისგან, დადუმდი და გაცხოვნებო მას ასეთი ჯვარი, მადლი და ღვთის კურთხევა ჰქონდა. ჩვენი ჯვარი კი სხვაგვარია. მე არ შევადარებ, ვისი ჯვარია უფრო მძიმე - მეუდაბნოე მამისა თუ მრევლში მოტირალისა. ჩვენ ვხვდებით სამონასტრო და სამრევლო მღვდლები ერთმანეთს. ჩვენ გვიკვირს მათი განმარტოებისა (თუ არიან ჯერ კიდევ ასეთები) და მათი მონასტრული ცხოვრებისა, ადამიანებისაგან მოშორებისა, მათ ანცვიფრებთ ჩვენი დაუღალავი საქმიანობა ამდენ გადაულახავ რუბიკონთან ე.ი. ამდენ ამაყ და ამპარტავან ადამიანთან. ჩემი ნება რომ იყოს ადამიანურად, მე ერთი წუთიც აღარ ვიქნებოდი მოძღვარი. მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვდრტვინავ. იცის ღმერთმა, გულთამხილავია, გუშინაც (საიდუმლოსავით გაგიმხელთ) ღმერთს ათასი მადლობა შევწირე, რომ არსებობ-მეთქი. ასეთი წუთები დიდხანს არ გრძელდება ადამიანში, როცა მოგბერავს ზეციური სიო მადლიერებისა. მადლობა შევწირე, რომ არსებობ მამა, რომ შვი ძე, რომ გამოვალს ჩვენი ცხონებისთვის, მაკურთხევლად სული წმიდა, გმადლობ, რომ არაფრისგან მომავლინე... სხვა შემთხვევაში რა გვემართება? ვწუწუნებთ, ვდრტვინავთ, რომ გავჩნდით, თავ-ბედს ვიწყევლით, ველოდებით სიკვდილს, როგორც ილუზიას. ჩვენ კი ვიცით, რომ სიკვდილი მხოლოდ დასაწყისია მარადიული სიცოცხლისა. მაგრამ არსებობს, არის-მეთქი, მაშ, მადლიანი წუთები, რაც დიდი მოწყალებაა ღვთისა. იგი როგორც სულიერი ამბროზია, ისე გეძლევა, რათა ამ სულიერი ამბროზიითა და ნეტარებით, რომელიც ოდესღაც ღმერთმა ჩაგიღვარა სულში, გადაიტანო ამდენი ღვარძლიანი ურთიერთობა. რად ვღვარძლიანობთ ერთმანეთთან? გვაქვს კი რამე გასაყოფელი? მხოლოდ ქრისტეს ხორცი და სისხლი, რომელიც დღეს ჩემ ცოდვილის მარჯვენიდან მიიღეთ. ხოლო ის, რაც ზიარების სახით განიყოფა, გვასწავლიან ეკლესიის ძველი მამები, თავისი დანიშნულებით შემაერთებელია და არა განმყოფელი. ევქარისტიაში ყველა ქრისტეანი იკრიბებოდა, როგორც ერთი სამწყსო. ამიტომ პირველი ქრისტეანების უძველეს ლოცვაში ნათქვამია: მამაო ზეცათაო, როგორც უამრავ მთა-ველზე გაბნეული ხორბალი და თავთავი ამ ერთ პურში, რომელიც წინადაგების პური გახდა და შენს წმიდა ხორცად გარდაისახა, შეკრიბე ერთად, ასევე ერთ, წმინდა, ზეციურ, ხელთუქმნელ ეკლესიაში შეკრიბე ყველა შენი მორწმუნე, ყველა შენი მსასოებელი.
მაშ, მოვედით, საყვარელო ადამიანებო, არა განხეთქილებისათვის, არა განკითხვისთვის, არა გულის ტკენისთვის და სხვ. არამედ სიყვარულისთვის, ცოდვათა მიტევებისთვის, ურთიერთდათმობისთვის, ურთიერთშენდობისთვის, რათა ერთად, როგორც შვენის ჭეშმარიტი მამის შვილებს, ვადიდებდეთ მარადიულ სიხარულში დაუსაბამო სამებას.
და ბოლოს, ჩვენგან შეყვარებული გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებით (მე მიხარია, რომ მისი წერილებით და ძველი დაღლილობით ვხვდები ამ მარხვას) ვიტყოდი ასეთ რამეს:
ისეთი სიცოცხლით უნდა იცხოვრო, რომ ყოველთვის უცხო რჩებოდეს შენი სიცოცხლე ამ მიწიერი ცხოვრების მიმართ. ღმერთმა მოგავლინა, დაუშვა შენი მოსვლა მიწაზე, დიდება უფალს, მაგრამ ნუ ჩაეფლობი ამ მიწაში, როგორც ერთ დროს პეტრე-გალილეის ტალღებში, არამედ მოუწოდე უფალს: „უფალო, მიჴსენ მე“ (მათე 14.30)! და აღმოგვიყვანს ამ ტალღებიდან უკუღმართი და მღვრიე ოკეანისა, რომელსაც ჩვენი მიწიერი ცხოვრება ჰქვია.
მაშ, მართალია, დაულაგებლად და არასრულფასოვნად, მაგრამ მაინც ზოგი რამ ჩემი ცოდვა ჩამოვთვალე. თქვენთანაც ზოგიერთი რამ შევნიშნე და ვითხოვ ყველა ამ ცოდვისათვის შენდობას, პირველ ყოვლისა, მრისხანებისთვის, განკითხვისათვის და ა.შ., რითაც ჩემი სული და გული დამძიმებულია, მაგრამ მე ჩემი უფლის მადლით არ წარმეკვეთა სასო. „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რაჲთა შეინანონ“ (ლუკა 5.32). მეც, როგორც ერთ მათგანს, უფლისგან ხმობილს, იმედი მაქვს მისი დიდი კაცთმოყვარებისა, რათა მისი მადლითა და თქვენი ლოცვებით, ჩემი საყვარელი სულიერი შვილების ლოცვებით, დავიმკვიდრო საუკუნო სიხარული თქვენთან ერთად. ამინ.