სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა
„კვლავ იესუ ჩემი, კვლავაც საიდუმლო“, - ამგვარად იწყებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ღვთის განცხადების ანუ უფლის ნათლისღების დღესასწაულზე წარმოთქმულ სიტყვას, - ნათელი ესე დღსასწაულისა საფუძველს იღებს ქრისტეს ნათლისღებისგან, რომელიც ნათელია ჭეშმარიტი, „რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად“.
ვიკითხოთ, სიბრძნისმეტყველი გრიგოლი რად იწყებს ამგვარად თავის საუბარს, რომელ „კვლავ საიდუმლოზეა“ ლაპარაკი? აქამდის ჩვენ ვიდღესასწაულეთ ქრისტესშობა, სულიერად დავემგზავრეთ მოგვებს, რომელთაც აღმოსავლეთით გამოუჩნდათ ვარსკვლავი გონიერი, ანუ ზეციური ნიში, ვარსკვლავის იერი რომ მიეღო. მაშ, მოგვებთან ერთად გამოვყევით ამ ვარსკვლავს; მოვედით იერუსალიმში; გავხდით მოწმე იროდ მეფის ორგულებისა, მისი სისასტიკისა; მერმე კვლავ მოგვებთან ერთად ბეთლემს გავეშურეთ და თავყვანი ვეცით და, ვფიქრობ, სულიერი ძღვენი მათთან ერთად შევწირეთ ახლადშობილ იესუს.
ვკრთოდით მთავარანგელოზ გაბრიელის გამოცხადებისას ველზე, სადაც მწყემსებს ეჩვენა. აქ ყოველივე მოიცვა გასაოცარმა, ხელთუქმნელმა, თაბორისეულმა ნათელმა და ზეციური ძალნი ადიდებდნენ მაღალთა შინა ღმერთსა და მწყემსნი მათთანვე. უკვე ამის შემდეგ ჩვენ გავყევით ქრისტე იესუს მშობელ მარიამს და დამწინდველ იოსებს ტაძარში, სადაც მერვესა დღესა წინადაცვეთა აღსრულდა ახლადშობილზე ნიშნად იმისა, რომ ძე ღმრთისამ არა მოჩვენებით, არა ზმანებით, არამედ ჭეშმარიტად შეისხა ხორცი. დღესაც, დანო და ძმანო, მაცხოვრის ჩასვლას იორდანეში აქვს თავისი ღრმა მრავალმნიშვნელოვანი აზრი. კერძოდ, როდესაც ის სხეულით ჩადის წყალში, ამით აჩვენებს, რომ ჭეშმარიტად ხორცში მოვიდა, რამეთუ იცოდა დიდი სიბრძნით უფალმა იესუ ქრისტემ, რომ, გაჩნდებოდნენ, ვთქვათ, მწვალებელნი მანიქეველთა სახით, რომლებიც იქადაგებდნენ დაუმტკიცებელი ე.ი. მერყევი სულების დასაბრკოლებლად. რომ ქრისტე, მართალია, კაცობრივი სხეულით ჩავიდა იორდანეში, მაგრამ დატოვა ხორცი თვისი იორდანეში, შთაეფლა მდინარეში ერთიანად და აღმოვიდა რაღაც გამჭირვალე სხეულით, რომელსაც წმ. წერილში არცერთ მახარებელთან (დღევანდელ დღესასწაულზე ოთხივე მახარებელი მოგვითხრობს ძალისაებრ) არ აქვს არავითარი საფუძველი. პირიქით -ის, რომ წინადაცვეთა აღესრულება ქრისტეზე, ის, რომ ნათელს იღებს იგი, ამით გვასწავლის, რომ არა მოჩვენებით, არამედ ჭეშმარიტად შეისხა ხორცი სულისაგან წმიდისა და მარიამ ქალწულისაგან.
წინადაცვეთას მოჰყვა მაცხოვრის მირქმა-მიგებება...
მას შემდეგ გავიდა მთელი ოცდაათი წელიწადი და ქრისტე მოვალს იორდანეს წყლებთან. ამიტომ ამბობს გრიგოლ სიბრძნისმეტყველი: „კვლავ იესუ ჩემი, კვლავ საიდუმლო“. რატომ კვლავ? იმიტომ, რომ სულ ახლახანს ვიდღესასწაულეთ ქრისტესშობა, წინადაცვეთა, და სხვ. და აი, ჩვენ კვლავ იესუზე, სახელდობრ მის ნათლისღებაზე ვსაუბრობთ. წმ. გადმოცემით იესუმ ნათელ-იღო იქ, სადაც ისუ ნავესმა ილოცა, გამოსახა ნიში, პატიოსნისა ჯვრისა, უკუნ იქცა იორდანე, გამოჩნდა ხმელეთი, როგორც მანამდის მოსეს ლოცვით მკვდარმა ზღვამ უკან დაიწია და ისრაელი ერი გადაურჩა ფარაონს. პავლე მოციქული განმარტავს: ზღვის უკუქცევა და ისრაელი ერის მასში გავლა წინასახე იყო ქრისტეანული ნათლობის დაწყებისა. ჩვენმა მამებმაც, - ამბობს პავლე მოციქული განმარტებით, - იღეს ნათელი ღრუბლითა და წყლითა (I კორინთ. 10.2). წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის, რომ ნათლისღების, ნათლობის რამდენიმე სახეს ვიცნობთ: ერთი -მოსესგან დაწესებული, სჯულისმიერი განბანის წესი, რიტუალი, მერმე ნათლისმცემლის ნათლობა წყლითა სინანულად, ქრისტესი - წყლითა და სულითა, ე.ი. აღმოშობა ახალი ადამიანისა. ხოლო ბასილი დიდი იტყვის: სამგვარ შობას ვიცნობთ: პირველი, ღმერთმა როცა არაფრისგან შექმნა ცანი და ქვეყანა და დაბადა ადამიანი. მეორე, როდესაც იორდანეს წყლებიდან და ემბაზიდან აღმოშობს ახალ ადამს და მესამე -ეს არის საყოველთაო აღდგომა, მესამე და უკანასკნელი აღმოშობა და განახლება ადამიანისა, რომლის მიხედვით შეიქმნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა.
როდესაც ისუ ნავეს ძის ლოცვითა და ჯვრის ნიშნით იორდანემ უკან დაიხია, თორმეტი ქვა ჩააწყო მასში მომასწავებლად ისრაელის თორმეტი ტომისა და წინასწარმეტყველურად ქრისტეს თორმეტ მოწაფეზე და მათზედ ფეხდადგმით გადაიარა მთელმა ბანაკმა ისრაილისა. აქ სწავლებაა, რომ მხოლოდ სამოციქულო ეკლესიის, სამოციქულო მოძღვრების მიერ არის შესაძლებელი გაიარო ეს მღვრიე წყლები ჩვენი ცხოვრებისა, გადალახო ჩვენი უკუღმართი, ეგოისტური წინააღმდეგობებითა და უსიყვარულობით სავსე მდინარე და მიხვიდე მყუდრო ნავთსაყუდელში, დაიმკვიდრო „აღთქმის მიწები“, ანუ ზეციური სასუფეველი.
მაშასადამე, აქ სწავლებაა: ქრისტე სწორედ იმ ადგი-ლას იღებს ნათელს, სადაც ერთ დროს ისუ ნავეს ძემ გადაიყვანა ბანაკი ისრაელისა და სადაც თორმეტი ქვა ჩააწყო. იესუ ქრისტე მოვიდა, დადგა ჟამი, კეთილი დრო, რათა მან თავისი ერი ჭეშმარიტი და მარადიული „აღთქმის მიწებზე“ შეიყვანოს.
„მას ჟამსა შინა, -მივყვეთ მათესაგან სახარების საკითხავს, - მოვიდა იესუ გალილეა თ იორდანედ იოანესა ნათლისღებად მისგან“ (მათე 3.13). მაშ, გალილეიდან მოსულა იორდანესთან, რათა მასაც ეღო ნათელი. მოდით, კვლავ გრიგოლ ღვთისმეტყველს დავემოწაფოთ. რატომ მოვიდა ქრისტე იოანესთან, ქრისტე - ძე ღვთისა და ჭეშმარიტი ღმერთი? „იოანე ნათელს სცემს, მოვალს იესუ განმწმედელი შესაძლებელია თვით ნათლისმცემელისა (ე.ი. არა მსაჭიროებელი ნათლობის, არამედ განწმედელი თვით ნათლისმცემელისა), უეჭველად კი მთელი ძველი ადამისა, რათა შთაფლას წყალში (ვინ?) ძველი ადამი. მანამდე კი მათთვის მაკურთხეველი იორდანისა და როგორადაც იყო სული და ხორცი, ესრეთვე აღასრულებს სულითა და წყლით“. და ვიდრე, მაშ, დაჰფლავსო ძველ ადამს, წმინდა მამა გვასწავლის, მანამდის უნდა აკურთხოს იოანეც, უნდა აკურთხოს იორდანეც და მერმეღა უკვე აღმოშობოს ახალი ადამი, ახალი ადამიანი და ამას ჩვენ ვუწოდებთ წმ. მამათა მიერ მეორე შობას, მეორე დაბადებას.
მოდით, ესეც ვიკითხოთ, თუმცაღა ადრე გვისაუბრია, გასულ წელს და იმას აქეთ: რატომ სწორედ წყალში უნდა მომხდარიყო ახალი ადამიანის აღმოშობა? მეორე მხრივ, მოვიგონოთ პავლე მოციქულის სწავლება, რომ თვით ქმნილებაც კი, რომელიც ადამის ცოდვის გამო დაექვემდებარება ხრწნილებას, ელოდება ხრწნილებისაგან გამოხსნას. ვისი? ადამის ძისა. მაშ, ადამის განახლებით ხდება განახლება მთელი შესაქმისა. რატომ? თქვენ იცით, რომ შესაქმის დღეების ყველაზე უკანასკნელ, მეექვსე დღეს უფალმა საბაოთმა დაჰბადა ადამიანი. ის, რაც ბოლოა დროში, როგორც ამბობს ფილოსოფოსი პროკლე დიადოხოსი, - პირველია არსში. ადამიანისთვის იქმნებოდა ცანი და ქვეყანა, ამიტომ დაებადა იგი ბოლოს და ამიტომ ეწოდა მას მთელი ამ ქმნილების, შესაქმის გვირგვინი. მაგრამ ადამიანი დაეცა, დაეცა მასზედ დამოკიდებული ქმნილებაც, ხრწინლებაში ჩავარდა. ღმერთმა, როდესაც ქმნიდა ცასა და ქვეყანას, ინება და წყალიც შექმნა, ეს სტიქია. მერმე უბრძანა წყალს უკან დაეხია და გამოჩნდა ხმელეთი და სხვ. მაშ, წყალში მოაწესრიგა ეს ქვეყანა, მანამდის კი ქვეყანა იყო განუმზადებელი და უფსკრულზედ იქცეოდა სული ღვთისა ანუ სული წმიდა. ცოდვით დაცემის გამო საჭირო გახდა განიწმიდოს წყლის სტიქია და ხელახლა, ეს მეორედ უკვე, მოწესრიგდეს ქვეყა-ნა, ე.ი. აღმოიშობოს ახალი ადამი, განახლდეს კაცობრიობა და მის მიხედვით, როგორც შესაქმის გვირგვინისა, მთელი ქმნილება. თუმცაღა თქვენ იცით, რომ მეორედ მოსვლის ჟამს ცანი და ქვეყანა, როგორც პეტრე მოციქული წინასწარ-მეტყველებს, ცეცხლში დაიწვება და ახალ ცასა და ახალ ქვეყანას შექმნის ღმერთი, სადაც მგელი და კრავი ერთად მოძოვენ, სადაც იქნება ზეიმი სიმართლისა (II პეტრე 3.12,13).
მაშ, ვიდრე დაჰფლავს ძველ ადამს, აკურთხებს იოანესაც და იორდანესაც და ამით წყლის სტიქიას. „ნათლისმცემელი აყენებს, იესუ დაჟინებით მოითხოვს (რას?) რომ ნათელ სცეს. მე მიხმს შენ მიერ ნათლის-ღება - ეტყვის მნათობი მზეს, ხმა მღაღადებლისა სიტყვას (ლოგოსს, ქრისტე იესუს), მეგობარი სიძეს. ის, ვინც დედათაგან შობილთა შორის უმეტესია (როგორც მოგვიანებით ქრისტე შეაქებს ნათლის-მცემელს, როგორც ყველაზე აღმატებულს ღვთისმშობლის შემდეგ) მას, ვინც პირმშოა ყოველთა დაბადებულთა“.
„მე მიჴმს შენ მიერ ნათლის-ღება , და შენ ჩემდა მოხუალა?“ (მათე 3.14) ეტყვის იოანე მაცხოვარს. „მიუგო იესო და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე, მაშინ მიუშუა მას“ (მათე 3.15). რომელ სიმართლეზეა ლაპარაკი? ბერძნულ ორიგინალში სიტყვა სიმართლე ამგვარად ჟღერს: „დიკაიოსუნე“, რაც ქართულად ნიშნავს იმგვარ სიმართლეს, რომელსაც მოითხოვს სჯული და კანონი, არა ნებისმიერი სიმართ-ლე, არამედ სიმართლე, რომელსაც სჯული და კანონი ე.ი. სჯულის კანონი მოითხოვს. მაშასადამე, ამ კონტექსტში სიტყვა „სიმართლე“ ნიშნავს შემდეგს: აღასრულო სჯულის კანონის ყოველი მოთხოვნილება, მაგრამ განა სჯულში ეწერა, რომ ქრისტე მოვიდოდა იორდანეში ნათლისღებისთვის? რა თქმა უნდა, არა. მაშ, რასა გულისხმობს ქრისტე იესუ? გულისხმობს შემდეგს: სჯულის მიხედვით, თუ მას გულისხმიერად კითხულობენ იუდეველები, ყოველი ადამიანი, როდესაც გამოჩნდება ხმა მღაღადებლისა, ესაიასაგან მოსწავებული, უნდა მივიდეს იორდანესთან და ნათელ იღოს იოანესაგან. მაშ, იუდაური განბანის წესს შეენაცვლება იოანეს ნათლისცემა წყლითა სინანულად. ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი, რომლის შემდეგაც იესუ ქრისტე მოციქულთა მიერ, ნათქვამია იოანესაგან სახარებაში (იოანე 3.22), ნათელს სცემს არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სულითა წმიდითა. ამიტომაც ამბობდა იოანე ნათლისმცემელი: შემდგომად ჩემსა მოვალს, რომელი უძლიერეს ჩემსა არს, „რომლისა არა ღირს ვარ, რა თა განვჰსხნე საბელნი ხამლთა მისთანი“ (იოანე 1.27). -მაშ, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ რაკი მე ხორცი შევისხი თქვენი გადარ-ჩენისათვის, ცოდვათა გამოსყიდვისათვის საჭიროდ ჩავთვალე, რომ ხატი მონისა, სახე მონისა მიმეღო, მონანული მონის სახე, და დავმდაბლებულიყავი, ამიტომაც აცადე, იოანე. შენ უწყი, რომ მე ვარ მესია, მე ვარ ყოვლისა განმწმედელი, მე ვარ ახალი სიცოცხლის მომნიჭებელი, მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ არ იცის ამის შესახებ, მხოლოდ შენ იცი, აცადე აწ მეც აღვასრულო ის, რაც ზეცაში გადაწყდა. „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე“. ვის ჩვენ? მე და შენ, რომლებსაც გვაქვს გულისხმიერება სჯულისა და წმიდა წერილისა. „მაშინ მიუშვა მას“. და როდესაც, ქრისტე იესუმ განუმარტა, იოანემაც მიიღო რა განმარტება და ამავე დროს განმარტებით - ლოცვა-კურთხევა, „მიუშვა მას. და ნათელ-იღო იესუ, და მეყსეულად აღმოვიდა რა წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი“ (მათე 3.15,16). ლუკასაგან სახარებაში ნათქვამია: „და გარდამოხდა სული წმიდა ხორციელითა ხილვითა, ვითარცა ტრედი, მის ზედა“ (ლუკა 3.22). „და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“ (მათე 3.17).
თუ თქვენ დაკვირვებიხართ ძველებურ ხატებზედ ნათლისღებისა, ღვთისგანცხადებისა ან ფრესკებზედ, ნახავ-დით, რომ ყველა, ვინც იქ მოსულია მონანული ნათლისღებად იოანესაგან, ან წელამდეა წყალში გამოსახული, ან თავამდე, ან მთლიანად შთაფლული, ხოლო ქრისტე იესუ ან წყალზედ მდგარია გამოხატული ან კოჭებამდე წყალში უპირატესად. რას ნიშნავს ეს? იქ, სადაც ქრისტე იესუმ ნათელი იღო, იმ ადგილას (ის ადგილი დღესაც არის ცნობილი, იქ ტაძარი იყო ადრე აგებული, უფრო ზუსტად იქ, სადაც სამოსელი გაიხადა ქრისტემ და დააწყო), იმ ადგილას პატარა მცირე კუნძულია წარმოქმნილი, დინება აქ საკმაოდ ჩქარია, მდინარეც ღრმა და საშიში, რის გამოც მლოცველები, როდესაც წყალში შედიან მოსაგონებლად ქრისტეს ნათლისღებისა, ნაპირს არ შორდებიან, ყველაზე მეტი მხოლოდ მუხლამდე შედიან, რადგან უფრო იქით წყალი ბრუნავს და დახრჩობით ემუქრება თუნდაც ჩინებულ მცურავს. მაშ, ნათლისღებისას ქრისტე ძე კაცისა ჯერ ერთი ის ბუნებითი მიზეზით ვერ შევიდოდა წყალში, მეორეც, ის რომ არ შევიდა წელამდის ან ყელამდის წყალში, ამას თავისი უფრო დიდი და სულიერი აზრი ჰქონდა, რადგან ისინი, ვინც წელამდე ან შთაფვლამდე ჩადიოდნენ მდინარეში, ამით აღიარებდნენ, რომ დაფლულნი არიან თავიანთ ცოდვებში. ხოლო ქრისტეს არარა სჭირს განწმედისათვის, იგი თვითონ მიანიჭებს განწმედას წყლებს და იოანეს კურთხევას, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველმაც განგვიმარტა. ამიტომ, ნახეთ, როგორ არის წმინდა მამებთან ნათქვამი, კი არ შევიდაო იორდანეში მაცხოვარი, არამედ გადავიდა იორდანეზე და დადგა თითქოს.
„აღმოვალს იესუ წყლიდან“, მანამდის კი როგორც ეპიფანე კვიპრელი ამბობს, „გარდამოვალს ნათლისღების წყლებზე (არა ჩადის, არა შთაეფლვის, არამედ გარდამო-ვალს ნათლისღების წყლებზე), მაგრამ იმგვარად, რომ ამ გზით მიანიჭოს შეუდარებლად მეტი, ვიდრე შეუძლია მიიღოს, არა აქვს რა მოთხოვნილება რაიმეში, რამეთუ თვით წყლები გააცისკროვნა თავისი ნათლით და მიანიჭა რომელიღაც განსაკუთრებული ძალა, რომლითაც მორწმუნენი ნათლისღებისას (ანუ ნათლობისას) შეიმოსენ იმ ძალას და განათლდებიან ნათლითა მით“. სხვა მამა ამბროსი მედიოლანელი დაახლოებით იგივეს იტყვის: „ნათლისღებისას წყლებს თავისთავად არ შეეძლოთ ვინმეს განწმედა (რამეთუ ჩვეულებრივი წყალი იყო), თუ ამ წლებს არ შეეხებოდა სხეული ქრისტე იესუსი და არ განწმენდდა მათ. გარდამოვიდა მაცხოვარი წყლებზედ იორდანისა და ამგვარად აკუთრხა წყლები, წყაროს თვალნი და უფსკრული (ანუ საერთოდ წყლის სტიქია)“. ამიტომაც არის ჩვეულება, სადღესასწაულო წიგნებშიცაა დამოწმებული, რომ ნათლისღებას, შუაღამისას, გადიოდნენ მორწმუნეები, და წყაროებიდან თუ ღრმა უფსკრულებიდან წყლისა და მდინარეებიდან აღმოივსებდნენ წყალს და ზოგი შევიდოდა კიდეც წყალში განსაბანად, მოსაგონებლად უფლის ნათლისღებისა. რატომ სწორედ შუაღამისას? ქრისტე იესუმ როდესაც ნათელ-იღო, იყო შუაღამე. ისე, როგორც ქრისტეშობა მოხდა შუაღამიდან ცისკრის გარდასავალზე. რათა ამით ეჩვენებინა, რომ ქრისტე როდესც მოვიდა, წყვდიადი იყო ცოდვების გამო დედამიწაზე, ხოლო მან ნათელი მოჰფინა მთელს დედამიწას, მთელს ქვეყნიერებას -როგორც შობით, ესრეთ ნათლისღებით.
სხვა მამა იოანე ოქროპირი კი ამის თაობაზე იტყვის: „მიიღო რა იოანესაგან ნათლისღება ქრისტე იესუმ, დააწესა ნათლისღება. რამდენადაც კეთილი ინება და აიღო თავის თავზედ ჩვენი ცოდვები და გამოისყიდა მთელი ქვეყანა, ამდენად საჭიროდ ჩათვალა, მიეღო ხატი ანუ სახე მონანული მონისა“. გრიგოლ ღვთისმეტყველი აღრმავებს განმარტებას: „აღმოვალს იესუ წყლითგან, რათა აღმოიყვანოს თავისთან ერთად მთელი ქვეყანა და ხედავს ცათა განხმულად, ცათა, რომელიც ადამმა თავისთვის და შთამომავლობისთვის ურჩებითა და ცოდვით დახშა, ისევე, როგორც სამოთხე ცეცხლოვანი მახვილით. და სული წმიდა მოწმობს ღვთაებაზე, რამეთუ მოვალს თანასწორთან და ხმაც ზეციდან მოისმის, რამეთუ ზეციდანვეა იგი, ვისთვისაც ხმა მოწმობს და სული წმიდაც გარდამოვალს ვითარცა ტრედი, რამეთუ პატივსდებს სხეულს (სხეულიც თანაღმერთია განღმრთობით), - რადგან სხეულებრივია და ამასთან შორს ხილული ტრედი ჩვეულია ახაროს დადგომა წყალთა (ანუ წარღვნის დასასრული). თუ მოცულობით და წონით მსჯელობ ღმერთზე, შენ უმნიშვნელო მოსაუბრე ხარ უდიდესზე და სული წმიდაც მცირეა შენთვის, რამეთუ ტრედის სახით გამოჩნდა; მაშინ ცათა სასუფეველიც შენთვის არარაობაა, რადგან იგი მარცვალსა მდოგვისასა ემსგავსა“. ზიარებაც ხომ უდიდესი საიდუმლოებაა: თუნდაც ერთ უმნიშვნელო ნაწილაკში გარდასახული სეფისკვერისა, ნაკურთხი პურისა და სისხლისფერი ღვინისა (ანუ ქრისტეს წმ. ხორცისა და სისხლისა) ჰგიეს მთელი არსებით ქრისტე იესუ. ჩვენთვის გაუგებარია, მიუწვდომელი, მაგრამ შესაძლებელი ღმერთისათვის. მიაქციეთ ყურადღება, ქრისტესმიერ საყვარელნო, იმასაც, რომ მანამდე არ განიხვნა ცანი და არ გამოჩნდა სული წმიდა, ვიდრე ქრისტე იესუმ არ ილოცა. რაზედ ლოცულობდა? განბანდა რა ცოდვებისაგან იესუ კაცობრიობას იორდანეს წყლებში, ლოცულობდა მასზედ რომ განწმენდა მისი უცოდველი განბანვის გზით მთელ ცოდვილ კაცობრიობაზე გავრცელებულიყო და შესაძლოა ილოცვიდა იმაზეც, რომ მის ზეციურ მამას, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი ადამიანური ბუნებისათვის მიენიჭებინა ძალა, რათა ნათლისღებით დაწყებული ღვაწლი კაცობრიობის განწმენდისა და გამოხსნისა ბოლომდის მიეყვანა (მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო. საკვირაო და სადღესასწაულო სახარებათა განმარტება. ნაწ. II. გვ.60).
...და სულმა გაიყვანა ის უდაბნოში, ორმოცი დღე და ღამე მიეცა უმკაცრეს, უზმო მარხვას და აი, ამის შემდეგ უკვე, გამოცდების შემდეგ, როცა სამი გამოცდა მოუწყო მაცდურმა სულმა, იწყება ქრისტეს, ასე ვთქვათ, საზოგადო-ებრივი მოღვაწეობა, ე.ი. სასწაულთქმედება და ცათა სასუფევლის საიდუმლოებებზე ქადაგება. მაგრამ არ გამოჩნდა, როგორც მოგახსენეთ, სული წმიდა იმაზე ადრე, ვიდრე არ ილოცვიდა ქრისტე ისე, როგორც თაბორის მთაზედ, თუ გახსოვთ, იესუ ქრისტე განეშორა რა თავის მოწაფეებს, რომელთაც მიერუ-ლათ, მიეძინათ, იწყო ლოცვა და მხოლოდ ლოცვის მერმე განათდა და მიიღო ისეთი ნათელი, უფრო სწორად გამოსჭვივოდა მისგან ისეთი ნათელი, რადგან იგი აღმოშობდა ამ ნათელს, წყარო იყო ამ ხელთუქმნელი თაბორისეული ნათლისა, რომ თვით მმურკვნელიც კი, მხატვარიო, ერთ-ერთი მახარებელი ამბობს, ასეთ თეთრ ფერს ვერ გამოხატავს, რომც მოინდომოს (მარკოზ. 9.3).
მაშ, „ნათელ-იღო იესუ ქრისტემ და მეყვსეულად აღმოვიდა“. ის, რომ მანიქევლები ამბობენ, როგორც თავში მოგასხენეთ, რომ ე.ი. ძველი სხეული დატოვა, ადამიანური და მიიღო რაღაც გამჭირვალე სულიერი სხეული, ეს რომ ტყუილია იქიდან ჩანს, როგორც თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს, რომ მეყვსეულად აღმოვიდა, ჩავიდა არა იმიტომ, რომ, მაშ, სხეული გამოეცვალა, როგორც უგუნურებით ასწავლიან ეს მწვალებლები, ჩავიდა რათა, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველმა განგვიმარტა, განეწმიდა წყლის სტიქია და ახალი ადამიანი და ადამიანთან ერთად ახალი ქმნილება აღმოეშობა და ამის შემდეგ განეხვნეს მას ცანი. თქვენ გახსოვთ, ალბათ, ქრისტეს ამაღლების საიდუმლოებაზე საუბრისას ერთ-ერთი ფსალმუნიდან მოვიგონეთ როგორ გადასძა-ხებს ზეციური ძალა ზეციურ ძალას: „აღახუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაჲ. ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაჲ? უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა“ (ფს. 23.7,8). აქაც ჯერ კიდევ ნათლისღებისას, ებრძანათ ზეციურ ანგელოსებს, რათა განახვნან ცანი ცათანი რამეთუ სული წმიდას ნებავს გარდამოხდეს...
„და გარდამოხდა და დაადგრა ტრედის სახით“. რატომ სწორედ ტრედის სახე მიიღო? -მოდით, ესეც ვიკითხოთ. რადგან ტრედი ფრინველთა შორის ყველაზე უფრო სუფთაა, არაწმინდა ადგილას არასდროს არ დაჯდება, უმანკო და უბოროტო ფრინველია. მაშ, ყოვლადწმიდა სამება გამოხატავს, რომ სული მამისა არის წმიდა და უმანკო. ალბათ, ამ ტრედმა მოგაგონათ ის მტრედიც, რომელიც წარღვნის შემდეგ, გამოჩნდა ნოეს კიდობანთან და ზეთისხილის რტო მოუტანა ნიშნად იმისა, რომ წყლებმა დაიწია და ღვთის რისხვა შეწყდა.
„სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა“ (მათე 3.16) და ამით გვაუწყებს, რომ მოვალს მშვიდობა დედამიწაზე, რომელიც ქრისტე იესუს განკაცებამ, ნათლისღებამ, ვნებამ და მკვდრეთით აღდგომამ უნდა მოუტანოს კაცობრიობას და მხოლოდ ამის შემდგომ, როცა აღესრულა ყოველივე, ე.ი. სიმართლე სჯულისა და გარდამოხდა სული წმიდა, ხმაც იყო მამისა ზეცით, რომელიც იტყოდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“. შემდგომად ნათლისღებისა, „იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან“.
რატომ ეწოდება, და ბოლოს, დღევანდელ დღესასწაულს არა მხოლოდ ნალთისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, არამედ ღვთისგანცხადებაც? მხოლოდ ამჟამად, ნათლისღებისას უფლისა გახდა აშკარა, რომ ღმერთი სამობით არის: ძე ნათელს იღებს, სული წმიდა გარდამოვალს, მამა ხმას მოსცემს ზეცით, რომელსა მხოლოსა ღმერთსა მამასა, ძესა და სულსა წმიდასა შვენის პატივი, დიდება, სიტკბოება და თაყვანისცემა აწ და საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.
„ქადაგებანი და თარგმანებანი“, თბილისი, 1997 წ.