სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა
მობრძანდება წმინდა დიდმარხვა და მოაქვს თბილი, ტკბილი, სასურველი სინანული და მას უნდა შევხვდეთ, როგორც ეკლესია გვასწავლის, ისე, როგორც ხვდებიან ავადმყოფები მკურნალობის დაწყებას. ჭეშმარიტი მკურნალი კი აქ ქრისტე იესუ სულიწმიდის მადლით. უკვე დღეს, ამ დღიდან, ამ კვირიაკიდან დაიწყო უფალმა ღმერთმა ჩვენი მომზადება სინანულის გზით. თუ გნებავთ განიხილეთ დღევანდელი საკითხავი წმინდა სახარებისა ლუკასაგან - იგავი მეზვერესა და ფარისეველზე. აქ ორგვარი ტიპის, ორი სახის ადამიანია წარმოდგენილი, - ერთი რომელიც იმდროინდელი საზოგადოების გაბატონებულ ფენას წარმოადგენს, რომელთაც მართალი და ამაღლებული ადამიანების სახელი ჰქონდათ, ფარისევლებს ვგულისხმობ, თუმცა კი სინამდვილეში მათგან უმეტესობა შორს არ იყო თუნდაც ყველაზე უკანასკნელი მანკიერებიდან და მეზვერე, - საგინებელი სახელი, ყველაზე დამცრობილი, აბუჩად აგდებული, მოძულებული ადამიანებისაგან, თუმცაღა ყველა როდი იმსახურებდა რისხვასა და წყევას, თუ გნებავთ, თუნდაც, დღევანდელი იგავისეული მეზვერე. მაშ, მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით უფლის მიერ მოთხრობილ ამ მარადიულ იგავს მართალი და ცოდვილი ადამიანების შესახებ. და ვინ არის მათ შორის მართალი და ვინ - ცოდვილი, გამოგვითარგმანებს სული წმიდა მამათა მიერ. რისთვის წარმოთქვა უფალმა ეს იგავი. „თქვა უფალმა ვიეთთამე მიმართ იგავი ესე“, ე.ი. - ზოგიერთების გასაგო-ნად, კერძოდ, ვისი „რომელნი ესვენ თავთა თვისთა“ ე.ი. რომელთაც საკუთარი თავის იმედი აქვთ, ე.ი. თვითკმაყო-ფილი, თვითდაჯერებული ადამიანები არიან „ვითარმედ მართალ არიან და შეურაცხყოფენ სხვათა“. არათუ მხოლოდ იმით სცოდავენ, რომ თვითკმაყოფილებაში, ხიბლში ჩავარდ-ნენ, არამედ იმითაც, რომ მოყვასს განიკითხავენ. „ვითარმედ ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას. ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე“. კარგი რამ არის ყოველგვარ საქმეს ლოცვაში მოუყარო თავი, როგორც ამბობს ეკლესიის ერთ-ერთი წმინდა მამა. მაგრამ ავიდნენ ლოცვად როგორც ცოდვილი, ესრეთ - მართალი. გარეგანად მართალი, - სინამდვილეში ცოდვილი და გარეგანად ცოდვილი და შინაგანად მართალი. „ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თვისაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზვერე“. ბერძნულ ორიგნალში „წარდგა“ ნიშნავს გაძლიერებულ ფორმას „ფარისევლობისა“. ე.ი უბრალოდ კი არ დადგა, თუნდაც საკურთხეველთან, ყველაზე წმინდა დაგილთან ახლოს, არამედ წარდგა, რათა ყველას დაენახა, რომ იგი ლოცულობს. ლოცვაშიც კი ფარისეველი გახლდათ. მაშ, რა იყო ამ ფარისევლის შეცდომა? ჯერ ერთი, თუმცაღა უფლის სახელის მომხმობით დაიწყო ეგრეთ წოდებული ლოცვა, მაგრამ ეს ლოცვა როდია, რადგან საკუთარი თავის ქებით გააგრძელა და მოყვასის განკითხვით დააგვირგვინა. აი, ეს სამი უმთავრესი შეცდომა მოუვიდა ფარისეველს. მაშ, რით აიმაღლა თავი. აიმაღლა იმით, რომ თურმე არც მტაცებელია - და ვიდრე ამას იტყოდა ეს ცოდვილი, მას უკვე მხედველობაში მეზვერე ჰყავდა. მოდით, ვნახოთ, რას ამბობენ ეკლესიის მოციქულები და მახარებლები. არის თუ არა გამართლებული ამგვარი ლოცვა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი თავის პირველ ეპისტოლეში შეგვაგონებს: „უკუეთუ ვთქვათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გვაქვს, თავთა თვისთა ვაცდუნებთ და ჭეშმარიტება არა არს ჩუენ თანა“. (1 იოანე 1.8). აი, ეს გახლდათ ერთ-ერთი უმთავრესი შეცდომა ფარისეველის. თავი ცოდვილად არ მიაჩნდა, რადგან მისმა, ეგრეთ წოდებულმა მოჩვენებითმა სათნოებებმა გადაჰფარა და დაახშო მისი სვინიდისის ხმა, შეუქმნა შთაბეჭდილება ვითომდა მართალი ადამიანისა. პავლე მოციქული, რომელიც არა ნაკლებ ზრუნავდა გულის განწ-მენდაზე, ამბობს კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში: „რომელი იგი იქადოდის“, ამჯერად მხედველობაში მაქვს სიქადული ფარისეველისა, „უფლისა მიერ იქადოდეს, რამეთუ არა რომელი იგი თავსა თვისსა ეწამებოდეს, იგი არს გამოცდილ ანუ ღირსეულ“, ე.ი. ის კი არ არის ღირსეული, ვინც თავის თავს თვითონ მოიყვანს მოწმედ სიმართლისა, არამედ რომელსა იგი უფალი ეწამოს, ე.ი. ვისაც მოწმობა ღვთისაგან მოუღია. ღმერთი უხილავია, კაცი კი ხილული, ხორციელი, როგორ შეიძლება, რომ მოწმობა მოვიღოთ ღვთისაგან? აი ღვთის სიტყვა, წმინდა სახარება. მასში როგორც სარკეში შეიძლება დავინახოთ როგორც ჩვენი დადებითი, ესრეთ უარყოფითი თვისებები და მანკიერებები. იოანე ოქროპირი, ეკლესიის დიდი მნათობი იტყვის, - „სიამაყესთან შერწყმულ სათნოებას აღემატება სიმდაბლე ცოდვასთან ერთად, რამეთუ სიამაყე ადვილად დაამცრობს სათნოებას, ხოლო თავმდაბლობა ფარავს ცოდვათა სიმძი-მეს“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სკორედანაც კი აღამაღლებს მდაბალს ზეცად, ხოლო წარმოსახვებში ზეცად ასულ ადა-მიანს გეენიამდე შთასთხევს. ფილატერ მოსკოვის პატრიარქი კი ამხილებს რა ამგვარ ფარისეველს, იტყვის შემდეგს: „რისთვის უმზერ შენს უმნიშვნელო სათნოებებს?“ - და არსებითად ეს მომართვაა ჩვენს მიმართაც, რამეთუ ჩვენი სულიც და გულიც გაჟღენთილია ფარისევლობის სულისკვე-თებით, - „რისთვის უმზერ შენს უმნიშვნელო სათნოებებს, მაშინ როცა ღვთის უსასრულო სრულყოფილებას უნდა ჭვრეტდე? რაც უნდა იქებდე თავს, როდესაც გამრთებს, ღმერთს განადიდებდე? თუკი საკუთარი თავით ტკბები, რაღა თქმა უნდა, ღვთისადმი წყურვილი აღარ გექნება; და ამიტომაც არ მოვა შენზე მადლი სული წმიდისა და არ დაგიოკებს წყურვილს მისი სიტკბოების ნაკადული“. ერთი სიტყვით, ამგვარი ადამიანების ცხოვრება სრული უმადლობით ჩაივლის ხოლმე: იყვნენ და არც იყვნენ. როგორც დავითის ფსალმუნშია ნათქვამი, გავიარე ამგვარ კაცთან და ვეღარა ვნახე იგი, არღა იყო ადგილსა მისსაო. მოდით, ესეც ვიკითხოთ, რა იწვევს ადამიანში ამგვარ ხიბლს, ამგვარ თვითკმაყოფილებას. არქიეპისკოპოსი დიმიტრი გვიპასუხებს. „პირველი, რაც გვხვევს თვითცთუნების ანუ ხიბლის დამღუპველ ბადეში, არის განკითხვა მოყვასისა. ვერ პოულობენ შენს თავში ცოდვას? მაგრამ თუნდაც მხოლოდ აზრი იმის შესახებ რომ შენ ყოველაზე წმინდა ხარ და ყველაზე მაღლა დგახარ, განა უკვე დანაშაული არაა, სიამაყისაგან შობილი?.. ხიბლის სხვა დასაყრდენი ჩვენში, გარდა პირველისა, გახლავთ „საკუთარი სათნოებები“ განხი-ლული თითქოს გამადიდებელ შუშაში... გაქვს კია სინამდვილეში რწმენა აბრაამისა, სიმშვიდე მოსესი, უბიწოება იოსებისა, უპოვარება ილიასი და იოანესი, თავგანწირვა მოციქულთა, მოთმინება მოწამეთა, სულიერი სიფხიზლე მეუდაბნოეთა, სიწმინდე ქალწულმონაზონთა? ჩაუღრმავდი საკუთარ თავს და შეჰღაღადე სიღრმით გულისათ: ღმერთო, მოწყალე გვექმენ ჩვენ ცოდვილთა!“ ვნახოთ, რა იწვევდა ამ ხიბლსა და თვითკმაყოფილებას ფარისეველში.
იუდაური სჯულით, ყოველ ებრაელს ევალებოდა წელიწადში ერთი დღე მარხვით წმინდად შეენახა. ეს იყო ის დღე, როდესაც საყოველთაო მსხვერპლი შეიწირებოდა წმინდა წმინდათაში მთელი ერის ცოდვათა გამოსყიდვისათვის, განწმენდის დღე რომ ეწოდებოდა. მაგრამ ნახეთ ფარისეველი, არათუ წელიწადში ერთ დღეს მარხულობდა, არამედ შვიდეულში - ორ დღეს, რასაც სჯული არ ავალებდა და არც რაბინთა მოძღვრება, რომელსაც ბევრი ადამიანური ნააზრევიც შეჰრთეს „თალმუდის“ სახით. ამრიგად, მკაცრად მარხულობდა სხვა ებრაელებთან შედარებით. იგივე სჯული თითოეულ იუდეველს ავალებდა, რომ თავისი შემოსავლის მეათედი ტაძრისთვის შეეწირა, - ტაძრის მღვდელთა და ლევიტელთა სარჩენად და გამოსაკვებად, - ან მიწის ნაყოფიდან, ან ფარეხიდან თუ სხვა. და იგი არათუ მხოლოდ მეათედს სწირავდა მიწისა თუ საქონლის შემოსავლიდან, არამედ თვით ცერეცოდან და პიტნაკიდანაც კი. ე.ი. იმ სანე-ლებლებიდანაც კი, რომლებიც თავისთავად ძალზედ ცოტა ითესებოდა, თან რამდენი და როგორი პედანტური აწონ-დაწონა სჭირდებოდა, რომ მეათედს იქიდანაც კი სწირავდა. სწორედ ამან, რომ ფორმალურად მართალი იყო, სხვებზედ თავგამოდებული და მოშურნე იუდეველი, მას შთაბეჭდილება შეუქმნა იმისა, რომ ყველაზე ამაღლებული და წმინდაა. მაგრამ ამგვარ ამაღლებაში, საკუთარი გამოცდილებიდანაც ვიცით, როგორი დაცემები და დამდაბლებანია.
ხოლო მეზვერე იგი განსხვავებით ფარისევლისაგან, რომელიც ძალზედ ახლოს დადგა წმინდა წმინდათასთან, საკურთხეველთან, „შორს სდგა და არა იკადრებდა თვალთაცა ზე აღხილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას“. ჯერ კიდევ იმით, ვინ სად დადგა ტაძარში, თითოეულმა თავისი შინაგანი მიდ-რეკილებანი და წარმოდგენანი გამოამჟღავნა. ერთი თვლიდა თავს, რომ ღირსი იყო საკურთხეველთან დგომისა, მეორე კი მიიჩნევდა, რომ არათუ საკურთხეველთან დგომის, ზევით ახედვის ღირსიც კი არ იყო საკუთარი ცოდვების სიმძიმი-ლისა და სიმრავლის გამო. თითოეული მორწმუნეც როგორც ქრისტეს ეკლესიამ ცოდვა-მადლის მიხედვით განაწესა, წირვა-ლოცვისა და ღვთისმსახურების დროს სხვადასხვა ადგილას დგება. იმ ადგილს შუა ტაძარში, სადაც ზიარებაზე დაშვებულები, განწმენდილები დგებიან, მართალთა ადგილი ეწოდება. ხოლო ცოდვილებს შედარებით უკან აყენებს. ვის შევრდომილებთან, ვის მსმენელებთან, ვის თანამსმენელებთან, ვის სტოვაში და ვის კარიბჭესთან ცოდვათა სიმრავლის გამო. ხოლო, ჩვენ, დანარჩენებმა, ვისაც პირობითად მართალი გვეწოდება, ერთგვარი სულიერება უნდა გამოვიჩინოთ, რომ შემცოდეს სასოწარკვეთილებაში კი არ ვკრათ ხელი, არამედ სინანული მათი შევურწყათ სასოებას ჩვენი ლოცვითა და მათგან თბილი დამოკიდებულებით. მაგონდება ერთ-ერთი მაგალითი ეგვიპტური პატერიკიდან. ერთხელაც წინამძღვარმა დაინახა, რომ ცოდვილი ბერი, რომელიც ეპიტიმიის გამო დააყენა სტოვაში, კათაკმეველთა ლიტურგიის შემდეგ არ გავიდა და მრისხანედ გადმოსძახა საკურთხევლიდან: დატოვე სტოვა, რამეთუ ცოდვილი ხარ და არ გეკუთვნის მართალთა ლიტურგიის მოსმენა. ამ დროს პიმენი დიდი ადგა და მანაც გასვლა დაიწყო. გაუკვირდა წინამძღვარს: მამაო წმინდაო, შენ სად მიდიხარ? მეც ცოდვილი ვარო. აი, ამგვარი სულიერებით უნდა აღვიქვათ ტაძარში დგომა ცოდვა-მადლის მიხედვით. ისე როგორც, ვთქვათ, პავლე მოციქულმა მრუშობის მძიმე ცოდვის გამო დედინაცვალთან მემრუშე ჭაბუკი განკვეთა, მაგრამ მის ზურგს უკან რა მისწერა მრევლს, სადაც ჭაბუკი იყო უწინ. მე იმიტომ კი არ მოვიმოქმედე, რომ გულიდან ამოგეგლიჯათ, არამედ მოვიმოქ-მედე მისი ცოდვის გამო, მაგრამ თქვენ გწერთ, რომ ილოცოთ მისთვის, მხედველობაში გყავდეთ, მთლად არ მოიძულოთ. მე იგი გადავეცი სატანის ანგელოზს, ეგებ განკითხვის დღეს გამართლება ჰპოვოს ამ ჭაბუკმა. აი, ჩვენც ამგვარი სულიერებით უნდა მივუდგეთ ყოველ ცოდვილს. მეტადრე მე მინდა გკითხოთ, ვინ არის ჩვენ შორის მართალი?!. ყოველი კაცი, მეფსალმუნე დავითი გვიპასუხებს „ცრუ არს და ამაო“. „მეზვერე იგი არა იკადრებდა თვალთაცა ზე აღხილ-ვად“. თუ მისი ხორციელი თვალი მიწას მიშტერებოდა, შინაგანი გულსა სჭვრეტდა და იქ ხედავდა ცოდვის მთელ სისაძაგლესა და უსახურობას. როგორ „იკადრებდა თვალთაცა ზე აღხილვად“?! სიწმინდე ზეცისა უფრო საცნაურს გახ-დიდა ცოდვილი სულის არაწმინდებას. ამასთან, ვერ შეხედავდა რა ღვთიური დიდების სამოყფელს მეზვერე, შემცნობელი საკუთარი ცოდვებისა, კრძნობდა, რომ სულიერად გახსნილი იყო ღვთიური თვალის წინაშე, სასოწარკვეთილი მონანული არ იყო, მართალია, ცოდვათა სიღრმეების გამო არ თვლიდა თავს ღირსად, მაგრამ სწამდა გულის გულში, რომ ღმერთი მოწყალე არს, რომ ჩვენი ცოდვების სიმრავლე მის სიყვარულს ვერასდროს ვერ დაფარავს. პირუკუ, პალვე მოციქულმა განგვიმარტა, რომ სიყვარული დაჰფარავს ცოდვათა სიმრავლეს. მაშ, სწამდა, რომ თვით იგიც - ასეთი ცოდვილი გახსნილი იყო ღვთიური თვალის წინაშე. მეტიც, მარადიული სიმართლისა და სიწმინდის მზერა ახლა განსაკუთრებულად იყო მასზედ გაჩერებული და თითქოს სწვავდა მის ცოდვილ სულს; ეგებ ამის გამოც „არა იკადრებდა თვალთაცა ზე აღხილვად“ მეზვერე, რადგან ეშინოდა, იქ ზეციური მართლმსაჯულების მრისხანე გამოხედვას არ წასწყდომოდა. მოდით, ვნახოთ თითოეული მათგანის ლოცვამ როგორი ნაყოფი გამოიღო, მსაჯული კი უფალი გახლავთ, რომელმაც ეს იგავი წარმოსთქვა. „გეტყვი თქვენ“, - დასძი-ნა დასასრულ იგავისა მაცხოვარმა, - „გარდამოვიდა ესე განმართლებული სახედ თვისად, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან“, - აქ განმარტავს კიდეც, რატომ არის განმართლებული მეზვერე ცოდვილი, „რამეთუ ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამ-დაბლდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს“. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მეზვერე ყველაზე უფრო დიდი ცოდვილი იყო. ვფიქრობ, ამბობს ერთ-ერთი კომენტატორი ბიბლიისა, რომ სწორედ იმ მეზვერეთაგანი იყო; რომელიც იოანე ნათლისმცემლის მოწოდებაზე სინანუ-ლით მოვიდოდა იორდანეს უდაბნოში და ნათელს იღებდა მისგან. რად განიკითხავ, ფარისეველო, მზევერეს, რომელიც შეიძლება სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ სინანულით ამაღლდეს და ღირსი გახდეს, როგორც ზაქე მეზვერე, უფ-ლის ჭვრეტისა, უფრო მეტიც, ეგების ისტუმროს კიდეც მომდევნო ერთი საათის შემდეგ თავის სახლში მაცხოვარი და ღირსი გახდეს იესუს ამ ნანატრი და სანეტარო სიტყვებისა: „ესეცა შვილი აბრაჰამისი არს“. სინანულთან მიმარ-თებაში არქიეპისკოპოსი ინოკენტის სწავლებით, ორ ჯგუფად ვიყოფით ადამიანები: „ერთი თვლიან, რომ სინანულს არ საჭიროებენ, მეორენი კი ნანობენ. აშკარად არავის არ სურს, რაღა თქმა უნდა, ფარისეველი იყოს, ფარულად კი გულში ასეთად მრავალი რჩება სინამდვილეში. რატომ ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს? ვერ ვხედავთ, რადგანაც საკუთარი ცოდვების სიმრავლეს ჩვენი უმნიშვნელო „სიკეთენი“ ეფარება, რომლებზეც გაზვიადებული წარმოდგენა გვაქვს და უფრო ხშირად კი სხვების დასანახად ვჩადივართ, ანუ ვთამაშობთ სხვის თვალში ამაღლებულ და წმინდა ადამიანს, ანუ ქრისტიანს. მოციქული პავლე შენზედ ნაკლებად როდი ზრუნავდა გულის განწმენდაზე, მაგრამ, ნახეთ, რას ამბობს: „არარაჲ თავსა ჩემსა მიცნობიეს“, ე.ი. ცოდვას ვერ ვხედავ ჩემს თავში შემდგომად ქრისტეს შედგომისა, „არამედ არათუ ამით განვმართლდები; ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს“ (1 კორ. 4.4). თვით წმინდა ცხოვრებაც კი არ მაძლევსო მე სიქადულს, რომ თავი გადარჩენილად ჩავთვალო. ხშირად მოგვიგონებია, ვფიქრობ, მართებულია, ამჯერადაც მოვიგონოთ მაკარი დიდის ცხოვრებიდან, როდესაც მან თავისი წმინდა, უბიწო და ამაღლებული ცხოვრებით სძლია თავადთა ამა სოფლისათა - ეშმასა და მის სუპოს-ტატებს, აი მისი სული მიჰყავთ საზვერეში და ეშმაკები მისძახიან: „სცხონდი, მაკარი, სცხონდი მაკარი, ეხლა კი გვაჯობეო!“ რათა მაკარი ხიბლში, ერთგვარ ამპარტავნებაში ჩაეგდოთ და ამით განმზადებული სასუფეველისგან წარეწყ-მიდათ საუკუნოდ. მაკარი დიდი კი სინანულით ამბობდა, ცოდვილი ვარ, ჯერ არ მიხილავს უფალი, განმკითხავი ჩემი. და როდესაც მან საზვერეები ღვთის მადლითა და წმინდა ცხოვრების ძალით გაიარა, შეაღეს სასუფევლის კარები ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ ცისკარი და იხილა დიდება უფლისა, მერმეღა მიუბრუნდა ეშმაკებს, გამოისახა მხნედ ჯვარი უფლის ჩვენისა იესუ ქრისტესი, გადასახა სუპოსტატებს და გადასძახა: ახლა კი გძლიეთ ჩემი უფლის მადლითა და ძალითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და დაიხურა სასუფევლის კარები ეშმასათვის. არათუ დედამიწაზე არ ამაღლებულა საკუთარ თავშიც კი მაკარი დიდი, თვით საზვერეშიც, როცა სინათლის ანგელოზებს საგალობლებითა და კმევით მიჰყავდათ სასუფეველში, როგორც ერთ-ერთი დიდი წმინდანი და სათნო ადამიანი ღვთისა; იქაც კი არ ჩავარდნილა თვითკმა-ყოფილებაში და თავი გამართლებულად არ ჩაუთვლია. ჩვენთვის შეუმჩნეველი ღვთისათვის საცნაურია. არიან გარეგნულად უზადო და უმწიკვლო ადამიანები, რომლებიც მოულოდნელად დიდ ცოდვებში ვარდებიან. სინამდვილეში, მართლაც, „მოულოდნელად“?! ვითომ ასე სწრაფად ტოვებს მადლი სული წმიდისა?! არა ჩემო კეთილო, რა თქმა უნდა, გულში რომ არ დაესადგურა მანამდის ბოროტებას, - ეშმაკი კი თანდათანობით ცდილობს ამას ჩვენში, - იგი ასე მოულოდნელად არ გამომჟღავნდებოდა. ასე რომ, მოულოდნელი არც არაფერი არ ყოფილა მათ ცოდვიანობაში, ფარისეველი სხვის მანკიერებას ადარებდა საკუთარ სათნოებებს... შენ კი შენი მარხვა, ვთქვათ, იოანე ნათლისმცემლის მარხვას შეადარე, მეტად-რე დიდმარხვა გველის წინ, რწმენა შენი - აბრაამის რწმენას და შეიგრძნობ საკუთარი თავის არარაობას.
მაშ, მოვედით ქრისტესმიერ საყვარელნო სულიერნო დანო და ძმანო, მოვუხმოთ მრავალმოწყალე ღმერთს, განგვიღოს კარი სინანულისა, რათა ღვთის მიერ გამართლებულნი ერთობით ვადიდებდეთ ცათა შინა მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!