როგორ შემოვიდა ქრისტიანობა საქართველოში, რა მოუტანა ჩვენს ერს, რას ჰპირდება მას მომავალში?
სულთმოფენობისასა, როგორც „საქმე წმინდა მოციქულთა“ გვაუწყებსმ უფლის მოწაფეებმა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სულიწმიდის სხვადასხვა ნიჭი, მათ შორის, უცხო ენებით ლაპარაკის ხარიზმა მიიღეს და თითოეული იმ ენაზე ალაპარაკდა, რა ენოვნების ქვეყანაშიც მოუწევდა ღვთის ნებითა და განგებით ქადაგება.
ქართულ ენაზე ამეტყველდა თვით დედა ღვთისა, წმინდა მოციქულები - ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და მატათა, რამეთუ სულმა უბიწო ქალწულს ივერია აკუთვნა განსანათლებლად, მაგრამ რაკი უფლის მახარებელ მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ეუწყა, რომ მოახლოებულიყო ჟამი მისი მიძინებისა, ანდრია მოციქულს თავისი წილხვედრი საქართველოს ქრისტეს სჯულზე მოქცევა უანდერძა. თან წარმოატანა ხატი თავისი პატიოსანი გამოსახულებით, რომელიც დღეს აწყურის ხატის სახელწოდებითაა ცნობილი.
წმინდა ანდრიამ სამჯერ გაიარა საქართველო ქადაგებით სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. სწორედ მეორე მისიონერული მოგზაურობისას ახლდა მას წმ. სვიმონ კანანელი და მატათა, რომელთაც, როგორც წმიდა გადმოცემა გვამცნობს, განსასვენებელი ქართულ მიწაზე ჰპოვეს. სვიმონ მოციქული დაკრძალულია სოხუმის ახლოს, ახალ ათონში, მატათა კი ბათუმიდან თორმეტი კილომეტრის დაშორებით...
ასე რომ, საქართველოში ქრისტიანული თემები მოციქულთა დროიდან, პირველი საუკუნიდანვე ჩნდება (ამასვე მოწმობს მარტიროლოგიური ძეგლი „წამება ცხრათა ძმათა კოლაელთა“. მოწამეობა ესე მოხდა მეორე საუკუნეში), თუმცა, რა თქმა უნდა, ქრისტიანობა იმ დროისათვის სახელმწიფო რელიგია არ ყოფილა, ასეთად იგი ბიზანტიაშივ კი მხოლოდ მეოთზე საუკუნის დამდეგს გვევლინება...
ღვთისმშობელი დედა არ ივიწყებს თავის წილხვედრ საქართველოს და მას წმიდა ნინო განმანათლებელს მოუვლენს. წმინდა ნინო წმინდა მთავარმოწამე გიორგის უახლოესი ნათესავი და იერუსალიმელი პატრიარქის, წმინდა იობენალის დისწულია და სწორედ ამ უკანასკნელის ლოცვა-კურთხევით გამოეშურა საქართველოსკენ, ვაზის ჯვრით ხელში (ჯვარი ვაზისა ამჟამად დასვენებულია სიონის საპატრიარქო ტაძარში - იგი წმინდა ნინოს სიზმრეულ ჩვენებაში მარად ქალწულმა გადასცა).
მოციქულთა სწორი ნინო დაუღალავად ქადაგებს სახარებას. ვაზის ჯვრით უამრავ ნიშ-სასწაულებს ახდენს. მრავალს მოაქცევს იგი ქრისტეს სჯულზე, მათ შორის, სამეფო კარსაც და უკვე ამის შემდეგ სრულდება ქართველი ერის ისტორიული ნათლობა მტკვრისა და არაგვის შესართავში - ქრისტიანობა ოფიციალურ, სახელმწიფო რელიგიად ცხადდება. შენდება სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარი იქ, სადაც უფლის პატიოსანი კვართია დაკრძალული, შორიახლოს კი - ილია წინასწარმეტყველის მოსასხამი. ამ დროიდან საღმრთო განგებით ქართულ ეკლესია-მონასტრებში დაივანებს მრავალი რელიქვია და სიწმინდე: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თმა და სარტყელი, ფიცარი ცხოველმყოფელი ჯვრისა, რომელზედაც უფლის პატიოსანი ფერხნი დამსჭვალეს, თვითონ სამსჭვალი, იოანე ნათლისმცემლის თითი და თავის ქალა (მისი მესამე მოპოვება საქართველოში მოხდა დაბა კომანთან), წმინდა დიდმოწამე გიორგის მუხლისთავი და მრავალი სხვა.
გადმოცემით, დასავლეთ საქართველოს სახარებას უქადაგებდა მოციქულთა მოწაფე, პეტრესაგან რომის ეპისკოპოსად ხელდასხმული კლიმენტ რომაელი, რომელიც შავი ზღვისპირეთში გადმოასახლეს და აქვე აღესრულა მოწამეობრივად.
საქართველოს მიწაზე აღესრულა მსოფლიო მამა და განმანათლებელი, იოანე ოქროპირი და შუა საუკუნეების უდიდესი ღვთისმეტყველი და მართლმადიდებლობის ერთ-ერთი ბურჯი, მაქსიმე აღმსარებელი...
წმინდა ნინოს დროიდან საქართველო მოექცა წმინდა დიდმოწამის, ძლევაშემოსილისა და საკვირველმოქმედის, გიორგის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ. „ერი საზეპურო“, როგორც უფალი იესო ქრისტე უწოდებს ქართველ ერს, დღიდან გაქრისტიანებისა, თავისი ღვთაებრივი მოძღვარივით, მოწამის გვირგვინს იდგამს და მარტო ერთ დღეს ჯალალ-ედინის შემოსევისას 100000 მოწამეს მიუძღვანებს ცათა სასუფეველს. შაჰ-აბასის ერთ-ერთი შემოსევისას მხოლოდ ბერთაგან 6000 გარეჯელი მამა ეწამა, აჭარაში მრავალი მოწყდა თურქთაგან და სხვა...
ამ ოცი საუკუნის განმავლობაში, რაც ქრისტიანები ვართ, მთელი ჩვენი ისტორია არის ცრემლი, სისხლი და იმედი გადარჩენისა - ბრძოლა მართლმადიდებლური სარწმუნოების, ქართული ენისა და საყვარელი მამულის შესანარჩუნებლად. ჩვენს ეროვნულ მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩება ბასიანი და დიდგორი, კრწანისი და მარაბდა, 9 აპრილი და უგუნურებამდე მისული გახელება მტრისა, უტყუარი ნიშანი მისი უძლურებისა.
ჩვენ გვამუსულმანებდნენ, გვათათრებდნენ, კათოლიკობას გვპირდებოდნენ, ათეიზმის შხამით გვწამლავდნენ.
ჩვენ კი, აჰა, დღემდის მოვაწიეთ და გვწამს, ისეთივე ლაღნი, ღვთისმოსავნი და კაცთმოყვარენი ვიქნებით, როგორც ჩვენი დიდებული წინაპრები იყვნენ.
ჩვენ გვახსოვს მაცხოვრის დარიგება, რომ ბოროტს მხოლოდ ხორცზე აქვს ძალა და თავადი ამა სოფლისა სატანაა, მარტოდენ ღვთის შიში გვაქვს, რომელსაც მხოლოდ ერთს ხელეწიფება ხორცთან ერთად სულის წარწყმედა და გადარჩენა.
ჩვენ, „მდაბალნი და დაწუნებულნი“, ვართ ერი იგი, რომელსაც სახარებისეულ ნიშნებთან ერთად, საშინელი მეორედ მოსვლის წინ რომ აღესრულება, გვაქვს ეროვნული ნიშიც, რომლითავ გულისხმავჰყოფთ უფლის სამსჯავროს მოახლოებას. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, უდიდესი სიწმინდე ქრისტიანობისა, ოდეს საბერძნეთში, ათონის მთას დატოვებს და მარადქალწული მარიამის წილხვედრ საქართველოს მოაწევს, საქართველო როგორც წმინდა საეკლესიო გადმოცემა ქადაგებს, ამ დროს გაბრწყინდება. ის იქნება მაშინ დედამიწაზე ერთადერთი ნათელი წერტილი, სადაც ვერ გაბატონდება მხეცი იგი საშინელი, 666, ანტიქრისტე; რამეთუ ამის საშუალებას არ მისცემს ლოცვა და მეოხება - ყოვლადწმინდა საფარველი - დედისა ღვთისა.
ვმადლობ ღმერთს, რომ ეს წმინდა გადმოცემა ცნობილია არა მარტო ქართული, არამედ ბერძნული ეკლესიისათვის, პირველ ყოვლისა კი, ათონელი ბერებისათვის.
რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესმა წმინდანმა და მეოხმა, სერაფიმ საროველმა, იცოდა, რა საიდუმლო კავშირი იყო ივერიასა, ათონსა და კიევს შორის; ამ ქალაქ-სახელმწიფოს - კიევის რუსეთის აღმოცენება საქართველოდან კიევის მთებამდე მისულმა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა იწინასწარმეტყველა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არა მარტო ქართველი, არამედ რუსი მამებისათვის ცნობილი იყო ყოველივე ეს; და ამდენად, ჩვენს ერთან ანგარიშსწორება - ბრძოლა და წინააღდგომაა ღვთისმშობელთან და თუ დაკარგეს ასეთი მეოხი ჩვენმა მტრებმა, ვინღა უშუამდგომლებს მათ იესო ქრისტეს წინაშე, „ოდეს საყდარნი სასჯელისანი დაიდგნეს“?!
დანო და ძმანო, მწყურვალ იესოს, ჯვარზედ გაკრულს, წყლის ნაცვლად თუ ძმრიანი ნაღველი ასვეს, ჩვენც, ღვთისმშობლის ამორჩეულებს, ნუ გაგვიკვირდება, თაფლი და გოლეული ცრემლითა და სისხლით რომ შეგვიცვალონ. მაგრამ მადლობა ღმერთს, ქრისტე აღსდგა და შეარცხვინა მდევარნი და მაწყვარნი თვისნი!
მოიგონეთ, რწმენის მიერ სანატრელნო, ამბავი იოანეს სახარებიდან; უფალმა დაუშვა თავისი მეგობრის, ლაზარეს სიკვდილი, რომელიც „ყროდა-ღა“ (ყარდა), გამოსცადა სარწმუნოებაში დანი მისნი: მართა და მარიამი, რომელნიც სახარებაში ალეგორიულად რწმენას, ღრმა სინანულს, უფლის ჭვრეტასა და სტუმართმოყვარეობას განასახიერებენ და ლაზარე „ოთხისა დღისა მკვდარი“ მკვდრეთით აღადგინა. და თუ ქართველი ერი, რომელსაც „სახარებასა შინა... ლაზარე ჰქვიან“ („ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“) დაიბრუნებს თავის „ორ დას“ - ღრმა სინანულს, საკუთარი ცოდვების გამო, უფლის დიდების ჭვრეტას, ანუ გონებრივ ლოცვას, ჭეშმარიტ სტუმართმოყვარეობას (რომელიც დღეს პატივმოყვარეობას და დიდებისმოყვარეობას უფრო ჰგავს), მაშინ ის გამოიცდება ქრისტესგან სარწმუნოებაში - უფალი უკვე მოადგა ბეთანია - საქართველოს საზღვრებს - და გავიგებთ დიდი ხნის ნანატრ ხმას უფლისა ჩვენისა - „ლაზარე, გამოვედ გარე“ აკლდამიდან და სიკვდილის აჩრდილებიდან - საქართველოვ, აღსდექ და ცხოვნდი უკუნისამდე, ამინ!
1989 წ.