სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ვითარ შეუძლოს ადამიანურმა ენამ შესხმად უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრისა?
ღვთივდიდებული მოციქული პავლე ევედრება ზეციურ მამას ეფესელთა გულებში სარწმუნოებით დაამკვიდროს ქრისტე, რათა მათ, სიყვარულით განმტკიცებულებმა და დაფუძნებულებმა, შესძლონ, წმინდანებთან ერთად ჩასწვდნენ თუ, „რაჲ იგი არს ქრისტეს სიყვარულის სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე“ (ეფესელთა მიმართ 3.16-19), ანუ პავლეს სურს ეფესელებმა შეიცნონ ქრისტეს ჯვრიანი გმირობის (ჯვარცმის), თვითონ ჯვრის საიდუმლოება, რომელიც ადამიანისადმი ღვთის უდიდესი სიყვარულის გამოხატულებაა. საიდუმლოება უფლის ჯვრისა - საიდუმლოებაა ქვეყნიერების ხსნისა. აი, რას ამბობს ამის შესახებ წმ. გრიგოლ ნოსელი: ვის ძალუძს საკმარისად განმარტოს ჯვრის საიდუმლოება, რომელიც მაცხოვრის ვნების იარაღად იქცა? მართლაცდა, რამდენი სხვა საშუალება იყო, რომლითაც შეეძლო ჩვენთვის ვნებულიყო! მიუხედავად ამისა ყველა ამათგან მხოლოდ ეს ერთი ამოირჩია, როგორც თვითვე თქვა საკუთარ თავზე: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად ვნებაჲ... (ლუკა 9.22). მიაქციე ყურადღება აქ როგორ ამბობს: არა უბრალოდ ზოგადად წინასწარმეტყველებს თავის ვნებებზე, როგორც ამას სხვა იქმოდა, არამედ რომელიღაც იდუმალი აუცილებლობით აღნიშნავს და თითქოს უკანონებს კიდეც თავის თავს მხოლოდ ამგვარ სიკვდილს: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ მიცემად ხელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად (ლუკა 24.7).
ჩაჰხვდი ამ სიტყვის მნიშვნელობას „ჯერ-არს“ და შენ დაინახავ, რომ მასში არის რაღაც ისეთი, რაც არ უშვებს სხვაგვარ სიკვდილს, გარდა ჯვრისა. რა არის ამის მიზეზი? ერთსა მხოლოსა, სამოთხის სანახებში ზეაღტაცებულ პავლეს ძალუძს ამის განმარტება, რომელსაც ესმა გამოუთქმელი სიტყვანი... ძალუძს ჯვრის საიდუმლოების განმარტება, როგორც ნაწილობრივ ეფესელთა მიმართ ეპისტოლეშიც გააკეთა: რაჲთა... შეუძლოთ წარწევნად ყოველთა თანა წმიდათა, რაჲ-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე, ცნობად გარდარეული იგი მეცნიერებისა სიყუარული ქრისტესი, რაჲთა აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა (ეფესელთა მიმართ 3.18-19). თვითნებურად როდი ჭვრეტს, და გამოსახავს აქ ჯვრის ნიშს მოციქულის ღვთაებრივი მზერა, არამედ უკვე ესეც გვიჩვენებს, რომ უმეცრების წყვდიადისგან საკვირველად განწმედილი მისი მზერა თვით არსს განსჭვრეტს. რამეთუ მოხაზულობაში, რომელიც საშუალწერტილიდან გამომავალი ოთხი ურთიერთსაწინააღმდეგო ძელისაგან შესდგება, იგი ხედავს იმის ყოვლისმომცველ ძალმოსილებასა და საკვირველ განგებულებას, რომელმაც კეთილინება თავი თვისი ჯვარში გამოეცხადებინა ამ სოფლისთვის. ამიტომაცაა, რომ მოციქული ამ გამოსახულების თითოეულ ნაწილს განსაკუთრებულ სახელს განუკუთვნებს, სახელდობრ: მას, რომელიც საშუალწერტილიდან ქვევით ეშვება სიღრმედ სახელსდებს, ზევით მიმავალს - სიმაღლედ, გვერდითებს კი - სივრცედ და სიგრძედ. ამით კი, როგორც მე მეჩვენება, ცხადად სურს გამოხატოს, რომ რაც კი არსებობს სამყაროში, ზეცაში, ქვესკნელში, თუ ქვეყანასა ზედა მისი ერთი კუთხიდან მეორემდე, - ყველაფერი ეს ღვთიური ნების მიერ ცხოვრობს და მყოფობს - ჯვარსახოვნების ქვეშ,
შენი სულის წარმოსახვაშიც შეგიძლია ღვთიურის განჭვრეტა: აღიხილე ზეცად და გონებით ჩავედ ქვესკნელში, აზრით გადაწვდი დედამიწას ერთი კუთხიდან მეორემდე, იფიქრე იმ ძლევამოსილ საშუალწერტილზეც, რომელიც ყოველივე ამას შეჰკრებს და ერთად თავს უყრის და მაშინ შენს სულში თავისთავად გამოისახება ჯვრის ნიში, რომელიც განეფინება ზევიდან ქვევით და დედამიწის ერთი კუთხიდან მეორემდის. ამგვარი გამოსახულება წარმოუდგებოდა დიდებულ დავითსაც, როცა თავის თავზე ამბობდა: ვიდრე-მე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრე-მე ვივლტოდი? აღთუ-ვხდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ; აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა, და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდის მე (ფს. 138.7-10). ხედავ თუ არა, დავითი აქ როგორ გამოხატავს ჯვრის ნიშს? „შენ, - მიმართავს იგი ღმერთს, - ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ და ყოველივე გიპყრიეს. შენ ზევით ხარ და შენ ქვევით ხარ, ხელი შენი მარჯვენით და ხელი შენი მარცხენით“. იმავე მიზეზით იტყვის ღვთიური მოციქულიც, რომ იმხანად როდესაც ყველა აღივსება სარწმუნოებით და მეცნიერებით, მყოფი „უზეშთაეს ყოვლისავე სახელისა“ მოწოდებულ-იქნება და „სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუხლი მოდრკეს ზეცისათანი. და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი (ეფესელთა მიმართ 1.21; ფილიპელთა მიმართ 2.10).
სწორედ ამ მიზეზთა გამო თქვა უფალმა, არა უბრალოდ: ძე კაცისაჲ ჯერ-არს მოკვდეს, არამედ „ჯერ-არს ჯუარ-ცუმად“. ანუ იმისთვის, რომ ღვთისმეტყველთა შორის ყველაზე უფრო მჭვრეტელურად ეჩვენებინა, რომ ჯვრის ნიშშია იმისი ყოვლადძლიერი ძალა დამარხული, რომელმაც მასზედ განუტევა სული და კეთილინება, რათა ჯვარი გამხდარიყო ყოველივე ყოველსა შინა! (Святитель Григорий Нисский, 116, 598-599).
უძველესი წინასწარმეტყველებანი ცხოველსმყოფელ ჯვარსა და მასზედ ჯვარცმულზე ჯერ კიდევ სამოთხეში იქნა წარმოთქმული: ხე ცხოვრებისა წინასახე იყო პატიოსანი ჯვრისა, რაზედაც წმ. იოანე დამასკელი იტყვის: ღვთისგან სამოთხეში დანერგული ხე ცხოვრებისა წინასწარმაუწყებელი იყო პატიოსანი ჯვრისა. რამეთუ რამდენადაც სიკვდილი ხისაგან გემოსხილვით შემოვიდა, ამდენად მართებდა რომ ხისაგანვე მოგვნიჭებოდა ცხოვნება და აღდგომა (Преподоჲный Иоанн Дамаскин. Точное изложение православной Веры. СПჲ. 1894. Кн. 4.21.II, с. 213). წმ. გრიგოლ ნაზიანზელიც სამოთხის შუაგულში დანერგულ ცხოვრებისა და ცნობადის ხეებს ცხოველსმყოფელი ჯვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინასახეებად მიიჩნევს და დაადგინა რა საბაოთმა ადამი სამოთხის მცველად და უბრძანა რა მისი მოვლა, ამით, სულიერად თუ გავიაზრებთ, ღვთაებრივი აზრების განჭვრეტაზე აკურთხა იგი... თვითონ პირველი ადამიანის სახელიც „ადამ“, რომელიც ღმერთმა უწოდა მას, წმ. იოანე ოქროპირის მიხედვით შესდგება ოთხი ბერძნული სიტყვის ანაგრამებისაგან: აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი, ანუ ეს ღვთისმიერი სახელდება თავის თავში შეიცავდა წინასწარმეტყველებას, რაც უფალმა ხმამაღლაც წარმოთქვა ორჯერ სამოთხეში; ადამის ცოდვით დაცემამდე და ცოდვით დაცემის შემდეგ, რაც იმაში მდგომარეობდა რომ ადამი და ევა აღორძინებულიყვნენ და გამრავლებულიყვნენ და დაეპყრათ ქვეყნის ოთხივე კუთხე: აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი. იმავ დროს ეს წინასწარმეტყველებაა იმის შესახებაც, რომ ქრისტე იესუ, მეორე ადამად წოდებული, მოევლინებოდა ამ ქვეყანას, სწორედ ჯვარზე გამოგვიხსნიდა წყევისაგან სიკვდილისა და როგორც წმ. ათანასე დიდი ამბობს „ჯერ-უჩნდა განერთხო ხელნი თვისნი, რათა ერთი ხელით მიეზიდა ძველი ხალხი, ხოლო მეორით - წარმართნი და ორივესთვის ერთად მოეყარა თავი“. მეორეს მხრივ კი, წმ. იოანე ოქროპირის მიხედვით, ჯვრის ერთი ფრთა განასახიერებს სამღვდელო, აარონულ საწყისს, ხოლო მეორე - სამეფო საწყისს, რანიც განამტკიცებენ ქრისტეს ჯვრის ძალას დედამიწაზე... და ამგვარად ვნებულ მაცხოვარს (ჯვარზე ამაღლებულს) უნდა მიეფინა სახარების ნათელი, ღვთის სიტყვა, დედამიწის ოთხივ კუთხის მკვიდრთათვის. წინასწარმეტყველება მაცხოვრის ჯვარზე და მის ჯვრიან გმირობაზე არაერთია წმ. წერილში: იაკობ მამამთავარი გადაჯვარედინებული ხელებით ლოცავს იოსების ორ ვაჟს, რითაც აშკარად გამოსახავს ჯვრის ნიშს, იგივე მოიმოქმედა მოსე წინასწარმეტყველმაც, - კვერთხი დასახა რა ჯვარის სახედ ზღვას და იხსნა ისრაელი, ხოლო ფარაონი ეტლებითა და მხედრებითურთ ზღვაში დაანთქა (ეგვიპტიდან აღთქმის მიწებისკენ თავის ერითურთ მომავალი მოსე ქრისტეს განასახიერებს); ჯვარის სახედ განრთხმული ხელები მოსესივე ამარცხებს და გააქცევს ამალეკს; მერარას მწარე წყლები დატკბება მასში შთაგდებული ძელით, მოსე კვერთხით ჯვარის გამომსახველი განაპობს კლდეს და წყაროს ადინებს; სპილენძის გველი, ძელზედ ამაღლებული, კურნებას ანიჭებს მისდამი სარწმუნოებით მაცქირალთ, ვინც მანამდის გველის შხამით მოიწყვლნენ... ჰოჲ, ნეტავი მიიღონ ჯვრისთაყვანისმცემელთა წილი ქრისტეში, რომელიც მასზედ გაეკრა!
„ვის არ აუჩუყდება გული, სახლში ასე დაგლახაკებულად დაბრუნებული მწირის შემხედვარეს! ის იყო ჩვენთან; პირველი ღამის სათევად პირუტყვის სადგომი მივუჩინეთ, მერმე ეგვიპტეში კერპთაყვანისმცემელ ხალხთან გავისტუმრეთ. ჩვენთან მას არა ჰქონდა ადგილი სადა თავი მიედრიკა, თვისთა თანა მოვიდა და თვისთა იგი არა შეიწყნარეს (იოვანე 1.11). მაშინვე მოჰკიდეს მძიმე ჯვარი და გზას გაუყენეს: და ეკიდა თვით ჯუარი თვისი, და განვიდა ადგილსა მას თხემისასა (იოვანე 19.17), რომელსა „უტვირთავნ ყოველნივე სიტყვითა მით ძლიერებისა მისისაითა (ებრაელთა მიმართ 1.3). მიაქვს ჯვარი ჭეშმარიტ ისააკს - ძელი, რომელზედაც მსხვერპლად შეიწირება. მძიმეა ჯვარი! ჯვრის სიმძიმის ქვეშ ეცემა გზაზედ ძლიერი ბრძოლასა შინა, რომელმან „ყო სიმტკიცე მკლავითა თვისითა“ (ლუკა 1.51). მრავალნი სტიროდნენ, ქრისტე კი ეტყოდა „ნუ სტირთ ჩემ ზედა“ (ლუკა 23.28): ჯვარი ესე მხართა ჩემთა ზედა ძალაუფლებაა, გასაღები, რომლითაც უნდა განვაღო კლიტენი ჯოჯოხეთისანი და გამოვიხსნა მუნითგან პყრობილი მას შინა ადამი „ნუ სტირთ“. „ისახარს კეთილისა გულმან უთქუა. განსვენებული შორის ნაწილებთა. და იხილა განსვენება, რამეთუ კეთილ. და ქუეყანა, რამეთუ პოხილ; მისცნა ბეჭნი თვისნი საქმედ და იქმნა კაც მუშაკ“ (შესაქმისაჲ 49.14-15). „გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა“ (ფს. 103.23). მოაქვს მღვდელთმთავარს საყდარი თვისი, რათა ჯვრითგამო განრთხმული ხელებით აკურთხოს ყოველი კიდენი სოფლისანი. გამოვალს ესავი მინდვრად მშვილდ-ისრით, რათა „მოუნადიროს ნადირი“ (შესაქმისაჲ 27.3) მამას და მოუტანოს. გამოვალს ქრისტე მაცხოვარი, აღიღებს ჯვარს ნაცვლად მშვილდისა, რათა „მოინადიროს ნადირი“, რათა ყველა მიიზიდოს თავისკენ. „და მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“ (იოვანე 12.32). გამოვალს მოსე აზრისმიერი, იღებს კვერთხს, ჯვარსა თვისსა, განართხამს ხელებს, განაპობს ვნებათა, მეწამულ ზღვას, გადავყავართ სიკვდილიდან სიცოცხლეში და ეშმას, როგორც ფარაონს დაანთქამს ჯოჯოხეთის უფსკრულში (Святитель Димитрий Ростовский, 103.907).
ხედავ, ჩემო კეთილო, რითაც ეშმაკმა იმძლავრა, მითვე იქნა დამარცხებულ; ხისა მიერ სძლია ადამს და ქრისტემ, მეორე ადამმა, ძელისა მიერ მოიპოვა მას ზედა გამარჯვება. იმ ხემ ჩვენ ჯოჯოხეთში შთაგვთხია, ამან კი ჯოჯოხეთსა შინა მყოფნი აღმოიყვანა. იმ ხემ შეიფარა შიშველი ტყვექმნილი, ამან კი განშიშვლებული მაღალსა ადგილსა გამოაჩინა გამარჯვებულად. სიკვდილი იგი მთელს მოდგმას მისწვდა, ამან კი აღადგინა ქრისტეს უწინარეს მყოფნიც. ვინ აუწყოს ძალი უფლისა? მკვდართაგან უკვდავნი შევიქენით - ამგვარია ზემოქმედებანი ჯვარისანი.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი მისთვის დამახასიათებელი მჭევრმეტყველებით გვიხატავს მეორე ადამის მიერ პირველი ადამის გამოხსნას: ყოველივე, რაც კი ძელზე ჯვარისა აღესრულა, ჩვენი უძლურების წამლობა იყო, რაც ძველ ადამს იქ აბრუნებდა, საიდანაც განვარდა და მიჰყავდა ცხოვრების ხესთან, რომლის მიმართაც გაგვაუცხოვა ცნობადის ხიდან უდროო და არაკეთილგონიერმა გემოსხილვამან. ამისთვისცა ძელი ძელისა წილ და ხელი ხელისა წილ, ხელნი უშიშრად განრთხმულნი, - ხელისათვის თავშეუკავებლად გაწვდილისა, ხელნი დამსჭვალულნი - ხელისათვის ადამის სამოთხით გამომხდელისა. რომლისათვისცა ამაღლება ჯვარსა ზედა - დაცემისათვის, ნაღველი - გემოსხილვისა გამო, გვირგვინი ეკლისა - ცუდისა მეუფებისათვის, სიკვდილი - სიკვდილისა წილ, წყვდიადი - დაფლვისათვის და მიწად მიქცევა სინათლისათვის (Cвятитель Григорий ჲогослов, 113.282).
ჰოჲ, სიღრმე და სიმდიდრე ღვთიური სახიერებისა, ჩვენ ცოდვილთა და უმეცართათვის „წყვდიადი (რომ) გარემოდებულ-არს მისა“, ხოლო წმინდანთა და მართალთათვის „შეიმოსა უფალმან ნათელი, ვითარცა სამოსელი“.
ვეცადოთ ჩვენცა, ქრისტესმიერნო, რათა არა ვიდოდეთ ბნელსა ამის სოფლისასა, არამედ წინაძღვანებითა ჯვარისათა შევუდგეთ „ნათელსა ჭეშმარიტსა, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (იოვანე 1.9).
„ვაჲ, უფალო ჩემო! შენ ჯვარსა ზედა - მე კი სკორეთა ამსოფლიურთა სიტკბოებათა...
უფალო ჩემო! უფალო ჩემო! მომეც მე გულის-ხმა ძალისა და აზრისა ჯვარისა შენისა, მიმზიდე მისთანა განგებულებითა შენითა, ამინ“ (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი).
ჯვარი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი იყავნ თქვენ ყოველთა ზედა, ამინ!
„ქადაგებანი და თარგმანებანი“, 2001 წ.