სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ვიდრე ჩვენს ბერძნულ-ათონურ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებდეთ, არა მარტო გარეგან, არამედ შინაგან განცდებსაც, მსურს, მრავალმოწყალე ღმერთს შევსწირო მადლობა მისი სულგრძელობისა და კაცთმოყვარეობისათვის. პირველ ყოვლისა, იმის გამო, რომ მშვიდობით დაგვაბრუნა სამშობლოში. კიდევ ერთხელ ხმამაღლა შემიძლია ვთქვა: აქ არის, მცხეთა-ივერიაში, ჩემი ათონიცა და ჩემი იერუსალიმიც. მსგავსივე განცდები მქონდა, როცა ხუთი წლის წინ მერგო ბედნიერება პატრიარქთან ერთად წმინდა მიწის მოლოცვისა. ამ ახალი მოგზაურობისას უცხო ჩვენ იქ არაფერი გვინახავს, უჩვეულო და განსაკუთრებული იყო მხოლოდ განცდა და ეს განცდები მიედინებოდა (თუ შეიძლება ასე ითქვას) ჩვენი სამშობლოს მონასტრების ფონზე. ერთ-ერთი უდიდესი ნაყოფი ჩვენი იქ ყოფნისა, ჩემდათავად ვიტყვი, ის არის, რომ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რამდენად ძვირფასია საქართველო. მაშ, ამ მოგონებებს, არცთუ შორეულს და ჯერ კიდევ თბილს, ვიწყებ ჩემი მამულის, ჩემი და თქვენი საქართველოს დიდებითა და ქებით!
ახლა - რაც შეეხება იქ წასვლას. ჩემთან მოვიდა ჩემი სულიერი შვილი, მღვდელი მამა მიქაელ წულუკიძე და მთხოვა, მასთან ერთად ათონზე მოსალოცად წავსულიყავი. თუმცა მე მოგზაურობა არ მიყვარს, მაგრამ მამა მიქაელს უარი აღარ ვუთხარი. ყველა დაბრკოლება, ღვთის მადლით, გადაილახა და ღვთისმშობლის ნებით და პატრიარქის კურთხევით გავემგზავრეთ საქართველოდან.
როცა გავცდით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, აჭარას, და გადავედით იქ, სადაც უწინ და დღესაც ქართველები ცხოვრობენ, გული აგვიტირდა. არაფრით, მთა-გორებით თუ ბუნებით, ეს მხარე არ განსხვავდება აჭარისგან. ამბობენ, რომ იქ სამიდან შვიდ მილიონამდე ლაზი ცხოვრობს.
როცა უკან ვბრუნდებოდით, გზად, საკმაოდ შორს საქართველოს საზღვრებიდან, ერთ სოფელში წყაროსთან გავჩერდით პურის საჭმელად. ხალხი მიმოდიოდა, ხელს გვიწვდიდნენ, გვესალმებოდნენ. ერთ-ერთი მოვიდა წყაროსთან წყლის ასაღებად. შევხედე - ქართველია სახით! უნდა მეკითხა: „ქართველი ხარ, ბიჭო?!“ - და მან დამასწრო, ქართულად მითხრა: „გაგიმარჯოსო“. თურმე ამ სოფელში ლაზები ცხოვრობენ, იციან, რომ მათი წინაპრები ოდესღაც ქრისტიანები იყვნენ, ამიტომ როცა შესამოსლით გვხედავდნენ, გახარებულნი გვესალმებოდნენ...
დავუბრუნდეთ მოგზაურობის დასაწყისს: აი, ასეთი გრძნობით, სევდით, ტკივილით და დიდი სისწრაფით (კიდევ ამიტომაც) გადავლახეთ თურქეთი და მეორე დღეს შუადღისას თესალონიკში აღმოვჩნდით. იქ ერთი ბერძენი გოგონა დაგვხვდა. ჩვენი მრევლი იყო, რამდენიმე წლის წინ დატოვა საქართველო. ჩვენი იქ ყოფნისას, რაც შეეძლო, დაგვეხმარა, დაგვაბინავა... თესალონიკში მასთან ერთად მოვილოცეთ წმინდა დიდმოწამე დიმიტრის მირონმდინარე წმინდა ნაწილები. ძალზე შთამბეჭდავია ტაძარში შემორჩენილი ძველი მოზაიკა. ერთ-ერთი ნიშის მოლოცვისას ვნახეთ წმინდა იოანე რუსის ხატი. როგორც სოფიომ განგვიმარტა (ასე ჰქვია იმ გოგონას), წმინდა იოანე იქ განსაკუთრებით უყვართ.
თესალონიკიდან გავემგზავრეთ წმინდა მეტეორებში. ეს არის მონასტერთა მთელი კომპლექსი: მიწიდან ამოტყორცნილი ვეებერთელა სალი კლდეები, რომლებზედაც თითქოს ბუნებრივად ამოზრდილია მონასტრები. სულ თორმეტი მონასტერია. რამდენიმე მათგანი უკვე დარღვეულია და დაქცეული. მლოცველები ძირითადად ექვს მონასტერში დადიან. ჩვენ აქედან ხუთი მოვილოცეთ. თავდაპირველად მივედით წმინდა სტეფანე პირველმოწამის მონასტერში. ეს ვეებერთელა, მთავარი მონასტერია. მის შესასვლელში მონასტრის დამაარსებელი ორი ღირსი მამაა გამოსახული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ძველებურ ხატთან სხვადასხვა ტაძარი მოვილოცეთ და მივუახლოვდით წმინდა ბარბარეს მონასტერს. იქამდე ციცაბო კლდეზე ხვეული, ვიწრო ბილიკი მიდიოდა. ადრე საერთოდ ბადეებით უშვებდნენ ხოლმე ბერებს და ბადეებითვე აჰყავდათ ხალხი, აჰქონდათ პროდუქტი, ახლა კი სახელმწიფო დიდ მოგებას ნახულობს იმით, რომ მონასტრამდე გაიყვანეს ვიწრო ბილიკები, კიბეებით, საფეხურებით და იქ ზღვა ტურისტი მიედინება.
ავედით ამ დამქანცველი ბილიკით მონასტრამდე. მონასტრის დედებმა დიდი სიყვარული გამოიჩინეს. პატარა მყუდრო ოთახში შეგვიყვანეს, რომელიც სენაკივით იყო. არ მომწონს, რომ გავრცელდა ქართულში სიტყვა „კელია“. რატომ „კელია“, როცა არსებობს მშვენიერი ქართული სიტყვა „სენაკი“?
ათიდან ოთხ საათამდე ღიაა მეტეორის მონასტრები, მოდის უამრავი ტურისტი... რაოდენ ძნელი ასატანი იქნება ეს მონაზვნებისთვის! რამდენიმე ახალგაზრდა მონაზონს აქვს მორჩილება მათთან ურთიერთობისა, მაგრამ ამის გამო მათ სახეს არანაირი ამღვრევა არ ეტყობა. ეს მონაზვნები უდრტვინველად ასრულებენ თავიანთ მორჩილებას. როცა ვინმე მორწმუნეს ნახავენ, დიდი სიხარულით ივსებიან. ოთხი საათიდან კი, როცა მონასტერი ტურისტებისთვის იკეტება, აი, მაშინ იწყება ჭეშმარიტად მონასტრული ცხოვრება, არის სრული ჰარმონია, ზედმეტი სიტყვა არ ისმის.
წმინდა მეტეორის მონასტრებიდან, გამდიდრებულნი შთაბეჭდილებებით, გავემგზავრეთ კუნძულ კერკირაზე. ეს ის კუნძულია, სადაც წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი განისვენებს. მთელი ჩვიდმეტი საუკუნეა, მისი სხეული უხრწნელად არის შენარჩუნებული. ამ კუნძულზე რომ გადავედით, ერთგვარი ლათინური გავლენა შევამჩნიეთ. როგორც აღმოჩნდა, ეს კუნძული ერთ დროს იტალიელების ხელში ყოფილა. როცა მოვიძიეთ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტაძარი, აღმოჩნდა კათოლიკურად მოხატული, კათოლიკური იერისა შიგნით. წმინდა სპირიდონი - ეს ის მამაა, რომელმაც ეკლესიის პირველ მსოფლიო კრებაზე სასწაული მოახდინა, რათა დაერწმუნებინა ურჯულო არიოზი, რომ ღმერთს გმობდა: წმინდანმა მოითხოვა აგური, ჯვარი გადასახა, ხელი მოუჭირა და აგურიდან ცეცხლი და წყალი გამოვიდა, თვითონ აგური კი ქვიშად იქცა. მაგრამ ამანაც ვერ მოიყვანა გონს არიოზი... წმინდა მამამ წმინდა ცხოვრებით იცხოვრა. როდესაც ასეთ წმინდანს მიეახლები ამბორსაყოფად, ბუნებრივია, ყველაფერი გაინტერესებს: იერი, სამოსელი... აი, ქუდი-თავსარქმელი, რომლეიც ადრეულ შუა საუკუნეებში იყო გავრცელებული და ბავშვის ქუდის მაგვარია. მონაზვნების კუნკულ-ბარტყული აქედან მოდის. სხვათა შორის, ნაქსოვი ფაჩუჩები აცვია, ოქრომკედით შემკული.
ტაძარში მივედით ცხრა საათისთვის. ისე დაემთხვა, რომ ამ დროს წირვა დასრულდა და ლუსკუმა ახადეს. პარაკლისის გალბის შემდეგ მოკრძალებით ვემთხვიეთ წმინდა სპირიდონს, შევავედრეთ ჩვენი პატრიარქი, მრევლი, ყველა, ვისთვისაც ლოცვა დაგვაბარეს. თავისებური შიში მაინც მოგიცავს, როცა წმინდანს ემთხვევი და თუ ეს - შემდგომად სიკვდილისა, რათა ითქმოდა სიცოცხლეშივე!..
კერკირის შემდეგ გზად ქალაქი პატარი გავიარეთ. ამ ქალაქში დაასრულა მოწამეობრივად თავისი ცხოვრება ჩვენმა განმანათლებელმა წმინდა ანდრია მოციქულმა. შორს მოჩანდა დიდი ტაძარი წმინდა ანდრია მოციქულის სახელობისა და იქ უეჭველად იქნებოდა რომელიმე წმინდა ნაწილი, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელი გახდა მისვლა და შორიდანღა ვლოცულობდით იმ ტაძრის მიმართ.
განვაგრძეთ გზა. უამრავი მთაგრეხილი გადავლახეთ, რაც კიდევ უფრო დამღლელს ხდიდა ჩვენს მოგზაურობას, მაგრამ ღირდა წვალებად. კუნძულ ევბეაზე ჩვენი მორწმუნის დის ბინაში გავათიეთ ღამე და მეორე დღეს, დილით, გავეშურეთ დაბა ნეოპროკოპიონში, სადაც ტაძარში დასვენებულია წმინდა იოანე რუსის უხრწნელი სხეული. წმინდა იოანე 1690 წელს დაიბადა უკრაინაში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1711 წელს წმინდა იოანე რამდენიმე ათას რუსთან ერთად ტყვედ ჩაიგდეს თურქებმა. იგი მონად იყიდა ერთმა თურქმა აღამ. აღა წარმოშობით კაპადოკიიდან იყო და ახალი მონაც თავის სამშობლოში წაიყვანა. თურქები განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ მას, სცემდნენ, თავის კანს უტრუსავდნენ, უწმინდურებაში აგდებდნენ, მაგრამ მაინც ვერ დაიყოლიეს სარწმუნოების ღალატზე. ბოლოს, რომ ნახეს მისი რწმენის ურყევობა, თავი ანებეს და ცხოვრების დანარჩენი წლები ნეტარ აღსასრულამდე მისთვის განკუთვნილ ადგილას - საჯინიბოში - გაატარა.
იმ მხარეში ბერძენი მართლმადიდებლები ცხოვრობდნენ და წმინდა იოანეც მათთან ხშირად ამბობდა აღსარებას, ეზიარებოდა, იყო დიდად მოღვაწე. მორჩილებისა და მოთმინებისათვის ღმერთმა მას სიცოცხლეშივე საკვირველთმოქმედების მადლი მიანიჭა: ერთხელ, როცა მისი აღა მექაში იყო წასული მოსალოცად, მის ოჯახში აღას საყვარელი ფლავი შემოიტანეს. მეუღლემ საჭმელი თავისი ქმრისთვის ინატრა. წმინდა იოანემ გამოართვა მას ლანგარი, ილოცა და კაპადოკიიდან მექაში ფლავი გაუგზავნა. აღას, სასტუმროში მისულს, მაგიდაზე ცხელ-ცხელი ფლავით სავსე ლანგარი დახვდა... უკან მობრუნებულმა ჩამოიტანა საგვარეული ლანგარი და ყველას უყვებოდა ამ სასწაულზე.
1730 წელს წმინდა იოანე აღესრულა. ქრისტიანებმა გამოითხოვეს მისი წმინდა სხეული და იმავე დაბაში, პროკოპიონის ეკლესიაში დაკრძალეს. სამწელიწად-ნახევრის შემდეგ წმინდა იოანე ერთ ბერძენ მართლმადიდებელს გამოეცხადა და უთხრა: გახსენით ჩემი საფლავი და იხილავთ ჩემს სხეულს გაუხრწნელსო. თურქული ხელისუფლებისგან მიიღეს ნებართვა, გათხარეს სამარე... მისი სხეული სავსებით გაუხრწნელი აღმოჩნდა და აწ უკვე საყოველთაო თაყვანისვემისთვის დაასვენეს ტაძარში.
გამოხდა ხანი და იმ მხარის ერთ-ერთი ფაშა აუჯანყდა თურქეთის სულთანს. გაიმართა მათ შორის ბრძოლა. სულთანმა, წყენა რომ მიეყენებინა ქრისტიანებისთვის, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ ადგილობრივ ფაშას უჭერდნენ მხარს, გადაწყვიტა, წმინდა იოანე რუსის ნეშტი შეურაცხეყო. მისი ბრძანებით უზარმაზარი კოცონი დაანთეს და ამ ცეცხლში წმინდა იოანეს სხეული ჩააგდეს. მაგრამ მოხდა სასწაული - მიცვალებულის სხეულმა ცოცხალივით დაიწყო კოცონში მოძრაობა. შეშინებული თურქები თავქუდმოგლეჯილი გაიქცნენ იქიდან. როცა ცეცხლი ჩაქრა და იქ ქრისტიანები მივიდნენ, ნახეს, წმინდანის სხეული უვნებელი დარჩენილიყო. მხოლოდ სახის ზედა ნაწილია დამწვარი და იმ ადგილას დღემდის ოქროს ნიღაბი აფარია. სხეულის დანარჩენი ნაწილები მხოლოდ შავად გაირუჯა. შემდგომში, 1924 წელს, ბერძნები საშინლად დამარცხდნენ თურქებთან ომში, საზავო ხელშეკრულებით გაიცვალა მოსახლეობა - მცირეაზიელი ბერძნები საბერძნეთში გადასახლდნენ, ხოლო მათი ადგილი საბერძნეთიდან წამოსულმა თურქებმა დაიკავეს. პროკოპიონის მოსახლეობა კუნძულ ევბეაზე დასახლდა, სოფელ აჰმად-აღაში, რომელსაც სახელი გადაარქვეს და ახალი პროკოპიონი უწოდეს. პროკოპიონის მცხოვრებლებმა იქ თავიანთი საყვარელი წმინდანის, წმინდა იოანე რუსის, სხეულიც გადაასვენეს და შემდგომში მის სახელზე მშვენიერი ტაძარი ააგეს.
ძალზე თბილად მიგვიღეს წმინდა იოანეს ტაძარში, წინამძღვარიც მოვიდა საგანგებოდ, მოგვცა პარაკლისის გადახდის უფლება. წმინდანის ხატის შეძენა მინდოდა, წმინდა იოანეს ცხოვრებისა, - არაფერში თანხა არ გამომართვეს. ადამიანური მხარეა, მაგრამ ამაშიც ხომ იგრძნობა სითბო.
როდესაც პარაკლისს ვიხდიდით, მე ახლოს ვიდექი და ხელი მედო ლუსკუმაზე. არ დაგიმალავთ, ისეთი გრძნობა დამეუფლა, უახლოესი ადამიანის კუბოსთან რომ დგახარ და დასტირი. ტირილი მახრჩობდა. საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა გარდაიცვალა. რომ დახედავთ, ნატანჯი სახე აქვს, დამწვარი. სიბრალულის გრძნობა გიჩნდება. მე საშუალება მქონდა, უკეთესად დამეთვალიერებინა მისი სხეული - ხელებზე, ფეხებზე როგორ ჰქონდა გაუხრწნელი ხორცი. სამი საუკუნე გავიდა მას შემდეგ. ყელი აქვს ოდნავ გახსნილი, - ეტყობა, მაშინ გაიხსნა, კოცონში რომ ჩააგდეს. და თვით ყელზეც ხორცი აქვს ცოცხალი. ადამიანურად ეს შენზე მოქმედებს, მეტ მოწიწებას, მოკრძალებას იწვევს და ღმერთი გაძლიერებს სარწმუნოებაში.
როცა დასრულდა პარაკლისი და თავი დავადე მის ლუსკუმას, ქვითინი მინდოდა მის სხეულთან მრავალი მიზეზის გამო. ჩემდათავად გულში ესეც დავძინე და პარაკლისზე ხმამაღლაც ვთქვი: შენი რუსეთი და ჩვენი საქართველო დალოცე, მათ შორის ქრისტესმიერი, წმინდა სიყვარული იყოს და დასაყრდენნი გამხდარიყვნენ-მეთქი უკანასკნელი ჟამის მართლმადიდებლობისა დედამიწაზე. ლუსკუმიდან კეთილსურნელება ვიგრძენი. ამის შესახებ წინამძღვარს დავეკითხე. მიპასუხა, როდესაც მასთან მოდიან და გულით ლოცულობენ, განსაკუთრებით მაშინ იწყებს კეთილსურნელების გამოცემასო. ალბათ, ეს თავისებური ლოცვა-კურთხევა იყო ამ წმინდანისგან და სიყვარულის ამბორი.
ამავე ტაძარში არის დაბრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც 1609 წელს განითქვა. კერძოდ, როცა ეს ხატი დროთა განმავლობაში მოძველდა, წინამძღვარმა გადაწყვიტა, განეახლებინათ. მოიწვია მხატვარი სხვა ქალაქიდან. მანაც ეს ხატი სხვა ტაძარში გადაასვენა, დააბრძანა მღვდელმთავრის კათედრაზე, კარგად დაათვალიერა და გონებაში გეგმა შეადგინა, რა უნდა აღედგინა ამ ხატზე. მეორე დღეს ამ ტაძრიდან საშინელი გრგვინვა მოისმა. შეშინებული მრევლი მიეახლა ტაძარს, კარი გააღეს და რას ხედავენ: ღვთისმშობლის ხატიდან ჭექა-ქუხილის ხმა გამოდის. უხილავმა ხელმა ჰაერში აამაღლა ხატი და ძველ ტაძარში დააბრუნა განუახლებელი. მას შემდეგ მისთვის ხელი აღარ უხლიათ.
ამის შემდეგ გავეშურეთ კარდიცის დედათა მონასტერში. მისი წინამძღვარი, არქიმანდრიტი დიონისე, შარშან ყოვლადწმიდა სამების დიდი ტაძრის კურთხევაზე ბრძანდებოდა. იგი წინამძღვრობს აგრეთვე მეორე დედათა მონასტერს, რომელიც მთაში მდებარეობს, ხოლო თვითონ მესამე - წმინდა პეტრეს მონასტერში ცხოვრობს. კარნიცაში საღამოს მივედით. მამა დიონისეს შეატყობინეს ჩვენი მისვლა. შემოთვალა - მინდა, დეკანოზმა არჩილმა და მღვდლებმა სწირონ მთის დედათა მონასტრის ტაძარში. მეც მოვალო. სამწუხაროდ, მოსვლა ვეღარ შეძლო.
სხვათა შორის, მამა დიონისე იერუსალიმის პატრიარქის ირინეოსის ახლობელია. იქ მყოფმა ქართველმა მონაზონმა დედა ანასტასიამ და კარნიცელმა დედებმა გვითხრეს, რომ მამა დიონისემ ურჩია პატრიარქ ირინეოსს, - ქართველებს იერუსალიმის ჯვრის მონასტერი დავუბრუნოთ და სამართლიანობა აღვადგინოთო, რაზეც ბერძნები განრისხებულან და დღემდე იუდას ეძახიან მამა დიონისეს. მთაში ასვლის წინაღამე კარნიცის დედათა მონასტერში გავატარეთ. დიდად გავიხარე ჩემი სულიერი შვილების - დების რუსუდანისა და ქეთევანის ხილვით. ეს გოგონები რამდენიმე წლის წინ წაიყვანა დედა ანასტასიამ სასწავლებლად. მონასტერში სხვადასხვა ეროვნების დედები მოღვაწეობენ. გამაკვირვა მათმა უაღრესმა მორჩილებამ, თავმდაბლობამ. ლამის დადნენ, ოღონდ შენ სიკეთე გაგიკეთონ. გვიანობამდე ვისაუბრეთ, განშორება გამიჭირდა. მოვდიოდით და, სიმართლე გითხრათ, გულის ნაწილი იქ მრჩებოდა. ორი-სამი დღე, სანამ ახალი შთაბეჭდილებებით ავივსებოდი, ერთგვარი სევდა-მონატრება მქონდა მათი. კარნიცელი დედების მოგონება ჩემი გულის უკეთეს ნაწილს მივაბარე. მაგრამ რა ვიცოდი, რომ მათზე არანაკლებ სულიერი და თბილი დედები ზევით მელოდნენ.
მთის მონასტერში ზარის რეკვით შეგვხვდნენ, გამოგვეგებნენ. იღუმენია პონტოელი ბერძენი აღმოჩნდა. იქაც სხვადასხვა ეროვნების დედები მოღვაწეობდნენ. მათ შორის იყო რუსი დიაკონისაც. პირველად ვწირე დიაკონისასთან ერთად. მას, როგორც იცით, საკურთხეველში შესვლის უფლება აქვს. საბერძნეთისგან განსხვავებით, დიაკონისას ინსტიტუტი ჩვენთან აღარ არსებობს. დიაკონისა 60 წლამდე იყო, წირვისას მიჩურჩულა: - მამაო, მაპატიეთ, პირველად ვმსახუროდ და მიკარნახეთო. ვუთხარი: მე შენზე მეტად ვიბნევი, ვინაიდან პირველად ვმსახურობ დიაკონისასთან-მეთქი. წირვა ქართულად მიდიოდა, გალობდნენ ბერძნულად. ერთი-ორი საგალობელი ქართულადაც იგალობეს - მამა დიონისეს კურთხევით, დედა ანასტასიას უსწავლებია მათთვის. წირვა რომ მორჩა, ჩვენს პატივსაცემად (და, საერთოდ, ასეთია ბერძნული ტრადიცია) ეკლესიაში დაცული სიწმინდეები გამოაბრძანეს და თაყვანი ვეცით. გამოასავენეს ვერცხლის ლუსკუმაში ჩასვენებული წმინდა მოდესტ იერუსალიმის პატრიარქის თავი, წმინდა ნაწილნი წმინდა ხარლამპეს, წმინდა ბარბარეს, წმიდა პარასკევას, მამა სილუან ათონელისა. იღუმენიამ გვაჩვენა ღვთისმშობლის პატარა ხატი, რომელსაც ბერძნები გამოქვაბულის ღმრთისმშობელს უწოდებენ, ვინაიდან იგი ერთ-ერთ გამოქვაბულში გამოცხადებით უპოვიათ და შემდეგ გადმოუსვენებიათ ამ ტაძარში, რომელიც წმინდა გიორგის სახელობისაა. გადმოცემით, ამ ადგილას მოციქულებს უქადაგიათ და პირველი ტაძარიც მათ აუგიათ. წირვის შემდეგ დედებმა ტრაპეზთან მიგვიწვიეს. ტრაპეზობისას აქაც წმინდა მამათა ცხოვრებას ან სწავლას კითხულობდნე ხოლმე. ამჯერად ჩვემი სიყვარულისთვის ქართველ წმინდანთა ცხოვრება წაიკითხეს ქართულ ენაზე. გამომშვიდობებისას ვუთხარი, რომ მათში მათი სულიერი მამის პორტრეტს ვკითხულობ. იგრძნობა მისი ხელი და ღვაწლი. ბოლოს სამახსოვრო ფოტოსურათიც გადავიღეთ. პატარა საჩუქრები გადმოგვცეს. არანაკლები სევდა წამოვიღეთ იქიდან.
გადავიარეთ 120-კილომეტრიანი მთაგრეხილი, მივედით ქალაქ ურანოპოლში და იქიდან გემით ათონზე გავემგზავრეთ. ჩვენი ათონზე მისვლა დაემთხვა ათონელი ბერების ჩამოსვლას საქართველოში. ათონზე ძალზე თბილად არიან განწყობილნი ჩვენი პატრიარქის მიმართ, ალბათ ამანაც განაპირობა, რომ ბევრი მონასტრის კარი განგვეღო.
თავდაპირველად ზოგრაფის ბულგართა მონასტერი მოვილოცეთ, იქ ხომ წმინდა გიორგის სამი სასწაულთმოქმედი ხატია დაბრძანებული. მონასტრის შესასვლელთან ვეებერთელა ცაცხვის ხე დგას. ხის ქვეშ ერთი ბულგარელი ბერი იჯდა. ჩვენს დანახვაზე წამოდგა, მოგვიახლოვდა და ხელით გვაჩვენა: - კუშატ, კუშატ... ვუთხარით, რომ ქართველები ვიყავით. გაიღიმა და არხონდარიკში გაგვიძღვა. არხონდარიკს სტუმართა მისაღებ ოთახს ეძახიან ათონზე. მონასტრის წინაძღვარი ამ დროს საქართველოში იყო, მის მაგივრად სავანეს მამა პახუმი წინამძღვრობდა. მანაც დანახვისთანავე გვითხრა: - იდიტე, ბუდეტე კუშატ, კუშატ. დაგვაპურეს. სული მოვითქვით, შემდეგ ტაძრის გაღება ვთხოვეთ. ტაძრები ათონზე მხოლოდ ღვთისმსახურებისას იღება. ტაძარში ერთბაშად ვერ მოხვდები, ჯერ ვეებერთელა სტოა უნდა გაიარო, სადაც სადაგი მწუხრი და სადაგი მსახურება, ვთქვათ, პანაშვიდი სრულდება. იგი მთავარი ტაძრისგან კრეტსაბმელით განიყოფება, აი, სწორედ მთავარ ტაძარშია დასვენებული წმინდა გიორგის სამი უზარმაზარი ხატი. ერთ-ერთს ზოგრაფის ხატი ჰქვია და ამიტომაც მთელ მონასტერს ასე აძახიან. ზოგრაფი ბერძნულად ხატმწერს ნიშნავს. გადმოცემით, ლიდიის ახლოს, ფანუელის მონასტრიდან გაქრა ეს ხატი და ათონზე, ბულგართა მონასტერში, ხატის დასახატად გამზადებულ დაფაზე აღიბეჭდა. ეს ამბავი X საუკუნეში მომხდარა. ხატზე წმინდა გიორგი წელს ზევითაა გამოსახული, შუბით ხელში, ძალზე მკაცრი სახით. წმინდანის მარცხენა ნესტოსთან ადამიანის თითის ნაწილია დარჩენილი. თურმე ათონზე მოსალოცად მყოფ ერთ-ერთ მიტროპოლიტს ეჭვი შეჰპარვია წმინდა ხატის სასწაულთმოქმედებაში და კადნიერად თითი უტაკებია მისთვის. იმწამსვე დაუსჯია იგი ღმერთს მკრეხელობისთვის, თითი ხატს მიჰკრობია და ვეღარ მოუშორებია. იძულებული გამხდარან, მოეკვეთათ. წმინდა გიორგის მეორე ხატიც სასწაულებრივად მისულა ამ მონასტერში. იგი არაბეთიდან ზღვის ტალღებს წამოუღია და ვათოპედის მონასტრის მისადგომებთან გამოურიყავს. ამტყდარა დავა ათონის მონასტრებს შორის, ვის უნდა დარჩენოდა ეს სიწმინდე. ბოლოს გადაწყვიტეს, მარხვისა და ლოცვის შემდეგ წმინდა ხატი გაუხედნავ ცხენზე დაეკრათ, გაეშვათ და სადაც გაჩერდებოდა, მისი ყოფილიყო. ცხენი კი ზოგრაფის მონასტრის ერთ მშვენიერ გორაკზე გაჩერებულა. ასე დამკვიდრებულა ეს წმინდა ხატი ზოგრაფის მონასტერში. იქვეა მთავარმოწამის მესამე ხატიც. გულმხურვალედ ვილოცეთ ამ ხატთა წინაშე, შევავედრეთ წმინდანს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ეკლესია - პატრიარქის წინამძღოლობით და მისი სამწყსოც. ის ღამე იქ დავყავით. ცისკარი ათონზე დილის ოთხ საათზე იწყება. მას მოებმის ლიტურგია. გვინდოდა, უფლებას თუ მოგვემდნენ, შევმოსილიყავით და საკურთხეველში შევსულიყავით. წინა დღეს მამა პახუმი დაგვთანხმდა, მაგრამ წირვაზე როცა მივედით, მკაცრად შემოგვითვალა: ჩემთან ერთად არ ეზიაროთო. სხვა, პატარა ეკლესიაში გაგვგზავნა, სადაც წირვას დავესწარით. წირვის შემდეგ მივეახლეთ სიწმინდეებს. ტაძარში დაბრძანებულია ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, „დაუჯდომელისად“ ანუ „აკათისტოდ“ წოდებული. წმინდა ნაწილები: წმინდა პარასკევასი, წმინდა ბასილი დიდისა, სტეფანე პირველმოწამისა, წმინდა იოანე ოქროპირისა, წმინდა პროკოფისა, წმინდა ავლიპი მესვეტისა, იოანე მოწყალისა, იაკობ სპარსისა, თეოდორე ტირონისა, მათე მახარებლისა, დიდმოწამე ნიკიტასი, ანასტასი რომაელისა, წმინდა პოლიკარპე სმირნელისა, აქვეა წმინდა დიდმოწამე გიორგის ქვედა ყბა გაუხრწნელი ენით.
ამის შემდეგ გემით გავემგზავრეთ წმინდა პანტელეიმონის მონასტერში. მონასტრის არხონდარი ცოტა მკაცრად შეგვხვდა, თუმცა მაინც დაგვაბინავა. იმ საღამოს მწუხრის ლოცვას დავესწარით. ახლოვდებოდა სულთმოფენობა. მეორე დღეს წირვაზე მივედით და ბულგარელების გამოცდილებით, ვფიქრობდით, მოგვესმინა წირვა, მაგრამ წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იერემიამ, რომელიც ღრმად მოხუცებული, ძალზე თავმდაბალი ადამინია, შემოგვითვალა: მობრძანდით, შეიმოსეთ და ჩვენთან ერთად სწირეთო. სულიერად დიდად აღგვაფრთოვანა სულთმოფენობის წირვა-ლოცვამ. შემდეგ დავსხედით ტრაპეზობად, დაგვსხეს წინამძღვრის სიახლოვეს. ტრაპეზობის დასასრულს წინამძღვარი დგება სატრაპეზოს შესასვლელთან. ცალ ხელში კვერთხი უჭირავს, მეორე ხელი საკურთხებლად აქვს შემართული. სატრაპეზოდან გამოსულნი ყველანი ამ მაკურთხებელი ხელის ქვეშ გაივლიან და შედიან სატრაპეზოს წინ მდებარე ტაძარში, სადაც სიწმინდეებს სცემენ თაყვანს. ჩამოილოცავს წინამძღვარი და ამის შემდეგ აღესრულება ე.ს. „პანაღიის წესი“: სპეციალური ჭურჭლით შემოაქვთ წირვაზე ნაკვეთი სეფისკვერი და ყველას ურიგებენ ღვთისმშობლის სახელზე. ეს წესი მოციქულთა დროიდან მომდინარეობს.
მონასტერში მრავალი სიწმინდეა დაცული. მათ შორისაა წმინდა ნაწილნი დავით გარეჯელისა, წმინდა სერაფიმე საროველისა, ოპტელი მამებისა, წმინდა იოანე ოქროპირისა, წმინდა ანდრია მოციქულის მარჯვენა ფეხის ტერფი, წმინდა ლუკა მახარებლის თავი, წმინდა პანტელეიმონის თავი, წმინდა სილუან ათონელის თავი... ამ მონასტერში მოღვაწეობს ქართველი მონაზონი ერმოლაოსი, - უაღრესად თავმდაბალი და თბილი ადამიანი.
მადლობა შევწირეთ წინამძღვარს თბილი მიღებისთვის, ვაჩუქეთ ხატები და გავეშურეთ გემით ჯერ ათონის ცენტისკენ, კარიესისკენ და იქიდან ფეხით დავეშვით ივერთა მონასტრისაკენ. გზად მოვილოცეთ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაბრძანებული უფლის დედის ხატი, „ღირს არსად“ წოდებული. მეზობელ ტაძარში მოვილოცეთ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „მფარველი მოუღალავი“, ვუგალობეთ სადიდებელი ღვთისმშობელს და გზა განვაგრძეთ. ერთგან შეგვხვდა პატარა ტაძარი, რომელიც ღვთისმშობლის გამოცხადების ადგილასაა აგებული. გასცდები თუ არა ამ ადგილს, მაშინვე გამოჩნდება ზღვის პირას მდგარი ივერთა მონასტერი. აქედანვე მოჩანს გაბრიელ ქართველის სენაკი, რომელიც მდებარეობს დაბურული, უღრანი ტყით დაფარული მთის წვერზე, მერცხლის ბუდესავით გამოშენებული. ეს ის სენაკია, საიდანაც ღირსი გაბრიელი ღვთისმშობლის ბრძანებით დაეშვა და ზღვიდან მისი წმინდა ხატი გამოიტანა. ივერონის ბერებმა მითხრეს, - ჩვენს წინამძღვარს ძალიან უყვარს წმინდა გაბრიელ ქართველიო, ამ სენაკამდე მისასვლელი გზა გააკეთებინა მორჩილებს, იქ ადის ყოველ ზაფხულს და კარგა ხანს რჩება სამოღვაწეოდო. შევედით ივერთა მონასტერში. დიდმა თრთოლვამ მოგვიცვა ქართველები. მონასტერში ჩვენი წინაპრების სულებს ვგრძნობდით. მართალია, ხელით ვერ ვეხებოდით, თვალით ვერ ვხედავდით, მაგრამ ისინი სულით ჩვენთან იყვნენ და არც არასოდეს განგვშორებიან. ივერონის მისაღებში იღუმენი დაგვხვდა. მივართვის საჩუქრები, ვთხოვეთ მონასტერში დარჩენა. იღუმენს ძალზე მოეწონა ჩვენი მხატვრის ირაკლი ცინცაძის მიერ პერგამენტზე დაწერილი ხატი. აქაც, ისევე როგორც ზოგრაფში, ვერ იჯერებდნენ, რომ ეს ხატი ხელით იყო დაწერილი. იმ ღამეს ივერონში დავრჩით. დავესწარით ლოცვას, ტრაპეზს, პანაღეას წესის ასრულებას, მაგრამ აქ არ გვამთხვევინეს წმინდათა ნაწილებს... გავიგეთ, რომ შარშან დაიწყეს წმინდა ექვთიმისეული კოშკის რესტავრირება, რამაც გაგვახარა. ეს კოშკი მონასტერზე მაღალია, დაახლოებით შვიდსართულიანი სახლის სიმაღლისა. პატარა, ძველებური აგურით გამოყვანილი აივანი აქვს. იქ ცხოვრობდა და იღვწოდა წმინდა ექვთიმე ათონელი. რაკი დავინახე, რომ წმინდათა, მათ შორის ათონელ პირველ მამათა, ნაწილებს არ გვამთხვევინეს, კადნიერება გამოვისხი და წინამძღვარს ვთხოვე, ივერიის ღვთისმშობლის ხატთან ლოცვის უფლება მოეცა. ვუთხარი, რომ ხატისთვის ძვირფასი შესაწირავი მქნოდა: ქართველი მორწმუნეების მიერ დამზადებული ოქროს სამაჯური და „შენ ხარ ვენახის“ ოქროს ხატი. ვაჩვენე კიდეც, მამებმა მიქაელმა და დავითმაც აჩვენეს თავიანთი შესაწირი. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას ჩვენი ლოცვაც წინ უძღოდა, ღვთისმშოველს ვევედრებოდით, რომ ღირსი გავეხადეთ მის წმინდა ხატთან მიახლებისა. წინამძღვარმა გვითხრა, რომ პასუხს მცირე ტრაპეზის მერე გვეტყოდა. ტრაპეზის შემდეგ მოულოდნელად გვიპასუხა, - ერთი საათი გაქვთ დროო. გახარებულებმა სასწაფოდ მივმართეთ კანანარხს. გავაღებინეთ ტაძარი, დავემხეთ ხატის წინაშე, ვილოცეთ, გადავიხადეთ დიდი პარაკლისი. შევევედრე სიტყვიერადაც, ხმამაღლა წამოვიძახე ლოცვისას: დედაო ღვთისა, აღადგინე ამ მონასტერში ქართული წირვა-ლოცვა-მეთქი. შესაწირავი იქვე დავალაგეთ. იღუმენმა მადლობა გადაგვიხადა - ალბათ გულით ილოცეთო. შემდეგ გაბრიელ ქართველის სენაკს გახედა, დაფიქრდა და თავისთვის თქვა: ღვთისა და ღვთისმშობლის ნება თუ იქნება, მეც ჩამოვალ საქართველოშიო. აგაშენა ღმერთმა-მეთქი, - ვემთხვიეთ ხელზე და დავემშვიდობეთ.
ივერონიდან მცირე ხომალდით ვათოპედის მონასტერში გავემგზავრეთ. ის მნიშვნელობით მეორეა ათონზე ათანასეს ლავრის შემდეგ, არადა თვითონ ბერძნებმა გვითხრეს, ადრე მნიშვნელობით მეორე ივერთა მონასტერი იყოო. იმ სენაკიდან, სადაც ჩვენ დავბინავდით, ჩანდა, რომ აშენებდნენ ახალ ტაძარს. იქ მყოფმა ქართველმა მორჩილებმა გვითხრეს, - სწორედ აქ მოღვაწეობდა ჭაბუკი გრიგოლ პალამაო. წირვა-ლოცვას აქაც დავესწარით. მგალობელთა გუნდი საუკეთესო ჰყავთ. ისინი არა ბერძნულად, არამედ ძველბიზანტიურად გალობენ. კარგად იგალობეს, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ჩემს გულთან უფრო ახლოს არის მრავალხმიანი ქართული საგალობელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ყველამ თავისი ქვეყნის ხილი იხმიოს და სხვისას პატივი სცეს.
მონასტრის წინამძღვარი აღმოჩნდა წმინდა მამა იოსებ ათონელის სულიერი შვილი და მისი ცხოვრების შემდეგენელი იღუმენი ეფრემი. ტრაპეზობისას, როცა იკითხებოდა წმინდა მამებიდან საკითხავები, იღუმენი ეფრემი მოკლე განმარტებებს იძლეოდა. ეს ერთი შემთხვევა ვნახე ქადაგებისა. სხვა იქ არავინ არაფერს ასწავლის. მონასტრის ცხოვრება თვითონ ასწავლის. უმთავრესად მყუდროებასა და მორჩილებაზეა აგებული მონასტრის ცხოვრება. აქ გუნებაშიც ვერ გაივლებ, რომ ვიღაც იყოს ურჩი. აი, მაგალითად, მე და ერთი ჩვენი მორწმუნე არჩილი ვათოპედის სასტუმროს აივანზე ვიდექით და ვსაუბრობდით. ზარს შემოჰკრეს. როგორც მივხვდი, ტრაპეზზე მორჩილება ვისაც ჰქონდა, მათ მოუხმეს მორჩილების აღსასრულებლად. ეზოში შვიდმა მორჩილმა გაიარა, შვიდივე თავდახრილი იყო, ხელში სკვნილები ეჭირათ და ლოცულობდნენ. მათ ჩვენი ქართული ლაპარაკი ესმოდათ, მაგრამ ერთი არ ამოუხედავთ მაღლა. არ დაინტერესებულან, ვინ არიან, უცხო ენაზე რომ საუბრობენო. ისინი თავიანთი ლოცვითა და მორჩილებით იყვნენ დაკავებულნი. პანაღეას წესის აღსრულების შემდეგ ვეამბორეთ წმინდათა ნაწილებს. იღუმენმა ჩვენთვის საგანგებოდ გასცა კურთხევა, დიდხანს გავეჩერებინეთ წმინდა ნაწილებთან. აქ არის დასვენებული: კონსტანტინე დიდის ჯვარი, რომელიც მან ზეცაში გამოსახული ჯვრის მიხედვით შეაქმნევინა; ლერწამი, რომელიც, ვითარცა მეფის კვერთხი, დაცინვით მისცეს იესუ ქრისტეს ხელში ჯვარცმის დღეს; ღვთისმშობლის სარტყელის მესამედი. სწორედ ამ სარტყელზე ადებენ უბრალო სარტყელებს უშვილონი, შემდეგ წელზე იკრავენ და კურნებას იღებენ. მაგრამ როდესაც დაგვანახეს ლუსკუმები, სადაც ჩასვენებულია წმინდა იოანე ოქროპირის თავი და თავი წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა, განსაკუთრებით ამიჩქროლდა სიხარულით გული. რატომ? წმინდა იოანე ოქროპირის თავი არის ნახევრად გაუხრწნელი, თმაც კი ზედ აქვს. ყურიც გაუხრწნელია. პატარა, ლამაზი მოყვანილობის ყური ჰქონია. რატომ არ გაიხრწნა? ეს სწორედ ის ყურია, რომელშიც წმინდა პავლე მოციქული ეჩურჩულებოდა წმინდა იოანე ოქროპირს თავისი ეპისტოლეების განმატებას. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის თავს ვეამბორე. იგი მთლიანად გახრწნილია, გადარჩენილია მხოლოდ ერთი წარბი. აშკარად ჩანს, რომ ჭრილობა აქვს წარბზე. წარმოშობით რუს მღვდელ-მონაზონ სერაფიმეს, რომელიც გვიყვებოდა სიწმინდეებზე, ვკითხე: რატომ აქვს გაუხრწნელი წარბი ან ჭრილობა რატომ მიაყენეს-მეთქი. მამა სერაფიმემ, აი, რა მოგვითხრო: ეს ჭრილობა წმინდანის ბავშვობის დროინდელია. მაშინ შვიდი წლისაც არ იყო. ერთხელ თურმე უნდოდა გვირგვინი გაეკეთებინა, ტრო მოჭრა ხისა და მის მომრგვალებას და შეკვრას ცდილობდა. ხელი გაეშვა, ბასრი ბოლო წარბზე მოხვდა და გაუჭრა. ეს მოხდა ღვთის განგებით. როცა წმინდა გრიგოლი აღესრულა, ანდერძისამებრ, მშობელთა საფლავებს შორის დაკრძალეს. გამოხდა ხანი. მერმეღა მიხვდნენ, რა დიდი მამაც იყო წმინდა გრიგოლი და მისი კონსტანტინოპოლში გადასვენება გადაწყვიტეს. გათხარეს საფლავი, მაგრამ საგონებელში ჩაცვივდნენ - რომელი იყო მამა და რომელი - შვილი, ვერ განასხვავეს; ერთი სიმაღლის იყვნენ, მოყვანილობა ერთნაირი ჰქონდათ, მამასაც გრიგოლი ერქვა და ეპისკოპოსი იყო. მოკლედ, ერთადერთი, რითაც განასხვავეს, ეს უხრწნელი წარბი იყო. ნათესავებმა და მოწაფეებმა თქვეს, რომ წმინდა გრიგოლს მარცხენა წარბზე ჰქონდა ჭრილობაო და, ღვთის განგებით, სწორედ ის წარბი დარჩა გაუხრწნელი.
საინტერესოა თვითონ ვათოპედის წარმოშობის ისტორიაც. ვათოპედი ქართულად ასე ითარგმნება: ბავშვი ქუჩაში. იმპერატორი თეოდოსი დიდი როცა მოგზაურობდა ათონისკენ, ღელვა ატყდა ზღვაზე და მისი ვაჟი, არკადი, გადავარდა წყალში. იგი დამხრჩვალი ეგონათ. დამწუხრებული იმპერატორი ნაპირს მიადგა, ბუჩქის ძირში სრულიად უვნებელი დაინახა ყრმა და სამადლობელოდ იმ ადგილას დიდი მონასტერი ააშენა. აქვე ეჩვენა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თეოდოსი დიდის ასულ პლაკიდას, რომელსაც ათონის მონასტრების მონახულება ენება, აუკრძალა მას და მისი სახით დედაკაცს ათონზე შესვლა.
ვათოპედის მონასტერში დასვენებულია ღვთისმშობლის შვიდი ცნობილი სასწაულთმოქმედი ხატი. მოვილოცეთ ეს ხატებიც. ვათოპედში ოთხი ქართველი მოღვაწეობს: ორი მათგანი გამოსაცდელი მონაზონია - ლუკა და მახარე, და ორიც - მორჩილი. მათ თბილად მიგვიღეს და ყოვლნაირად შეგვეწეოდნენ. ვათოპედის მონასტრიდან სამშობლოში გამოვემგზავრეთ...
მონასტრული ცხოვრების ფონზე, მეტადრე ისეთი ადგილიდან, რომელიც განსაკუთრებით აკურთხა ღვთისმშობელმა, მკაფიოდ და ნათლად ჩანს, თუ როგორ ამაოებაში ვიმყოფებით ერის ადამიანები. დამისევდიანდა გული, რადგან ისევ ის უნდა დავბრუნებულიყავი, რასაც საერო ცხოვრება ჰქვია. და რაკი ჯერჯერობით ერში ვრჩებით, მოდი, ისე გავაკეთოთ, რომ თუმცა ათონზე ვერ ვართ ფიზიკურად, სულიერად მეტ-ნაკლებად მაინც მივბაძოთ ათონელებს, დავუტეოთ ამაოება ამა სოფლისა, რამდენიც ჩვენზეა დამოკიდებული და შედარებით გავიმკაცროთ ცხოვრების წესი.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ, მადლი მოგცეთ ქრისტესმიერი ცხოვრებისა და მორჩილებისა. ღმერთს შევთხოვ, ღვთისმშობელს და ივერონელ ქართველ მამებს, მოგვცეს გულისხმისყოფა, მორჩილება. არ ავყვეთ თანამედროვე სულს, არ გავითქვიფოთ მასში, ნურც განვიკითხავთ, არამედ ვილოცოთ მათთვის და ჩვენი სულებისათვის, სადიდებელად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 12-13, 2005 წ.