მოვედით, საყვარელნო, შევეგებოთ ქრისტეს, რომელიც დღეს ბეთანიიდან ბრუნდება და ნებსით მივალს ჩვენისა ცხოვრებისათვის პატიოსანსა და ნეტარ ვნებაზე. ამჟამად იერუსალიმში შევალს ის, ვინც ჩვენთვის ზეციდან გარდამოხდა, რათა ჩვენ ქვე მყოფნი თავისთან ერთად აღვემაღლებინეთ უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ხელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა... და ყოვლისავე სახელისა (ეფეს. 1, 21), და შევალს არა ვითარცა დიდებისმეძიებელი დიდებულებით, არამედ ჰგიეს მშვიდი და მორჩილი. რა არის კიცვზე დამდაბლებული? მას კი, ქრისტე მაცხოვარს, რომელი ჰზის ზედა ქერუბინთა, სირცხვილად არ შეურაცხიეს ჯდეს კარაულსა ზედა, ვითარცა საყდარზე, აღასრულებს რა ნაწინასწარმეტყველებს: იხარე დიდად, სიონის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მშვიდი, ამხედრებული სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე (ზაქარია 9, 9; მათე 21, 5). მოვედით, მობაძავ ვექმნეთ მისდა მისაგებებელად გამოსულებს, და არა სამოსელსა და ტოტებს დავუფენდეთ გზად, არამედ რამდენადაც შესაძლებელია, სულითა დამდაბლებულითა და გულითა მართლითა, თვით თავთა შორის თვისთა მივიღებდეთ ლოგოსსა მომავალსა და დავიტევდეთ დაუტევნელსა ღმერთსა. ეს სათნოა მისთვის, რომელიც ჩვენთვის გარდამოხდა, რათა ჩვენთან უმჭიდროვესი შეერთებულობით აღვეყვანეთ თვისთან. დავდგეთ მის ფერხთით, ვინც ნაცვლად სამოსლისა, მადლი მისი შევიმოსეთ ანუ თვით იგი, რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ-ვიღეთ, ქრისტე შევიმოსეთ (გალატელთა 3, 27). დღითი-დღე წარვსთქვამდეთ სიტყვათა წმიდათა, ამმაღლებელნი რტოთა სულისათა: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, მეუფე ისრაჱლისა! (იოანე 12, 13). საიდან და საით ვალს? – ჩვენსკენ მამიდან, საყდრისკენ ლაზარესა ზედა აღსრულებული სასწაულით. როდის ვალს და ვისთვის? – ჟამსა თვისსა, ჩვენისა ცხოვრებისათვის: ერთგზის აღსასრულსა ჟამთასა (ებრაელთა 9, 26). მან ნებსით ამოირჩია სიკვდილი ადამიანებისთვის, რათა ეხსნა ადამიანი. მაშ, მივბაძოთ ქრისტეს სიმდაბლეს (თავმდაბლობას), ხელი ვჰკიდოთ სიღატაკეს, რათა გავმდიდრდეთ; ვიხილოთ გემო ჯვრისა (უფლისა), რათა დავიმკვიდროთ სიტკბოება სიცოცხლისა.
დავაფინოთ სამოსელთა სანაცვლოდ ქრისტეს ფერხთით ზრახვანი გულისანი, რათა ერთიანად ჩვენში შემოვიდეს და აღგვბეჭდოს და მთელი არსებით ჩვენში განცხადდეს.
გსურს, საყვარელო, ბრწყინვალედ იზეიმო დღეჲ ესე და მიეგებო ვნებად მიმავალ ქრისტეს, და მიეწებო მას? თანამავალ ექმენ ძლევისამომღებელს. რტოთა ნაცვლად დაუფენდე სათნო ცხოვრებას. ზეთისხილის რტოებად ჰქმენ ხელნი შენნი, გაწვდილნი მოწყალებათათვის. ცისა ღრუბლითა დამფარველს ფერხთა ქვეშე გაუფენდე არა სამოსელს – შენთვის ხორცშესხმულს, სულერთიანად მიანებებდე სარწმუნოებით თავსა შენსა. მით შეიმოსე, ვით სამოსლითა, არსება შენი, მთელი არსებით მიიღე იგი, შენთვის კაცქმნილი და მიმავალი დაკვლად გოლგოთას. იქმენ, თუკი გთნავს, კარაული, იტვირთე ქრისტე, წარმართებული იერუსალიმს. და როგორც იგი მის ასახსნელად მოვლინებულთ დაემორჩილა, ბეთანიაში გაჰყვა იმათ, არ ეჯიუტა, შენც დაჰყაბულდი ქრისტესმიერ მორჩილებაზე შენსა დამმოძღვრელთ. აღარაფერში ეურჩო და ქრისტესათვის ჭეშმარიტად კიცვი შეიქმენ. ჭაღარა შენი ყრმათამიერ სიმშვიდედ სცვალე – უსარგებლოა ეგ თეთრი თმები, თუკი არა გაქვს უბრალოება. ქრისტეს გაჰყევი იმ ხალხთან ერთად, ხალხს გაუსწარი. იქეცი ბაგედ წინასწარმეტყველთა, აგალობდი და განადიდე ის, ვისაც მიჰყავხარ დიდებიდან დიდებისაკენ, სიონად იქმენ, სულად იერუსალიმისა, ღვთის ჭეშმარიტ ქალაქად, რათა მიიღო ქრისტე, შენში შემომავალი. ჰა... მოდის შენთან... მშვიდი, იგი მაცხოვნებელი (ზაქარია 9, 9). ნუ განდიდდები კეთილისმყოფელობით. იგალობე ყრმათა თანა, მხმობელმან: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, მეუფე ისრაჱლისა! ჰქმენ გული შენი ქორედად წარმოგზავნილისა, რათა ისტუმრო ქრისტე სერობად. მაგრამ ღირს-ქმნილი ქრისტეს თანამეინახეობისა, ნუ იქნები მსგავსი იუდასი. საიდუმლოჲსა ტრაპეზისა მიმღებელი, ნუ იქნები უგუნური – არა იზრახო ბოროტი მოძღვრისათვის შენისა. თუკი გესმა: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე (მათე 26, 21) – ნუ აღიმაღლებ თავს. დამდაბლდი თავმდაბლებთან, დაიმარხე მდუმარება. და გკითხონ ოდეს, ყოველგანმყოფს მიუგე მშვიდად და იმაზე მეტს ნუღარა ბრძნობ, ვიდრე შეგფერის. ვინ განამზადებს გულსა შენსა, ვითარცა ქორედს? ან ვინ მიჰბაძავს კიცვს და ქრისტეს შეისვამს? ვინ აღმოჩნდება ქრისტესათვის სერობად, საზრდოდ ქცეული ამის მთქმელისთვის: ჩემი ჭამადი არს, რაჲთა ვყო ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ და აღვასრულო საქმე მისი (იოანე 4, 34)? ნეტავ, ვისა აქვს რწმენა იგი ესრეთ მგზნებარე, ქრისტესთან ერთად გაიზიაროს გულისსათქმელი და ნეტარი იგი ვნება: აჰა, ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღვდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილად. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ტანჯვად და ჯუარ-ცუმად (მათე 20, 18-19)? ვინ უარყოფს ყოველგვარ მიკერძოებას, ვინ ექმნება უფალსა თვისსა მობაძავ, მისთვის ყოველივეს სიხარულით დამთმენელი, რაჲცა თავად დაითმინა მოდგმისთვის კაცთა? რამეთუ არა თავისათვის თვისისა ივნო, არამედ მოგვცა სახე და მიჯნა სიმდაბლისა და თავდადებისა, რათა როდესაც იგი მწუხარება მოგვინახულებს, აღარ მივეცეთ სასოწარკვეთას.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა