და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინა-წარძღუანვად მისა წიაღკერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი. და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ. ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო. და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა მას ზედა. ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაჲ ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს: ვითარმედ: საოცარ რაჲმე არს, და შიშისაგან ღაღად-ყვეს. მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ! მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესუჲსა. და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო მიჴსენ მე! და მეყსეულად განყო ჴელი იესუ და უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ-მორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი? და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას შინა, დაცხრა ქარი იგი. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ. და განვიდეს და მივიდეს მიერ ქუეყანასა მას გენესარეთისასა.
მათე 14, 22-34
რამ განაწყო ნავში მყოფნი, თაყვანი ეცათ იესუსთვის და ეღიარებინათ იგი ძედ ღმრთისად? უეჭველია, ყოველივე იმან, რასაც ხედავდნენ, რაც ესმოდათ და რაიცა უწყოდნენ იესუ ქრისტეზე. ისინი ხედავდნენ სასწაულსა საკვირველსა: იგი წყალზე ვიდოდა, ვითარცა ხმელეთზე; ხედავდნენ, ერთი მხოლოდ იესუ ქრისტეს სიტყვით, მათთან ნავში მყოფი, მოყვარული პეტრე, როგორ გადმოვიდა ნავიდან, გაეშურა წყლით, რათა იესუს მიახლებოდა. ხედავდნენ, როგორ იძირებოდა წყალში შეშინებული პეტრე, როგორ ითხოვდა შველას და როგორ იხსნა იგი იესუ ქრისტემ აშკარა დახრჩობისაგან; ხედავდნენ, როგორ დააცხრო სიტყვით იესუ ქრისტემ ქარიშხალი, აბობოქრებული წყლები. მათ იცოდნენ, რომ იესუ ქრისტე ჭეშმარიტ სასწაულებს აღასრულებდა: განჰკურნებდა სნეულთ, ანუგეშებდა მწუხარეთ, ჰკვებავდა მშიერთ, გზასა ცხოვრებისასა დაუსახავდა მკელობელთ, აღადგენდა განრღვეულთ, გზა სავალს გაუმჟღავნებდა ბრმათა, როგორც ხორციელად, ესრეთ სულიერად... ეს ყველაფერი განაწყობდა ნავში მყოფთ, მიახლოვებოდნენ იესუ ქრისტეს, შესაფერისი თაყვანი ეცათ ღვთისთვის და ეთქვათ: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ!“ (მათე 14, 33).
ჩვენი ცხოვრება, მსმენელნო ჩემნო, ოდითგან დროის განუსაზღვრელ სივრცეში ნაოსნობას ემსგავსება. აკვნიდან სამარის კარამდე თითოეული ჩვენთაგანი ერთი ნაპირიდან მეორისკენ მიცურავს, წარმავალიდან წარუვალისაკენ. დედათაგან შობილი მილიონობით არსება ყოველდღიურად გადასცურავს ამ სივრცეს. ცურვას ახალი მილიონები იწყებენ, სხვანი ჩვენსავით, ჯერაც მიცურავენ. ბევრი მიადგა სანაპიროს, მყუდრო ნავთსაყუდელს დაუსრულებელი მარადისობისა: მათ უხარიათ, მათ ესმით ანგელოსური საგალობლები და ტკბებიან რა, აქებენ მეუფესა მეფეთასა და უფალსა უფლებათასა.
სხვებმა კი, - ვაგლახ, - ვერ მიაღწიეს სასურველ ნაპირს; უბედურნი, ცხოვრებისეულ ზღვის ტალღებში, ქარიშხლისაგან აბობოქრებულ განსაცდელებში დაინთქნენ.
მათ, ვისაც ცხოვრებისეული ნაოსნობის ჟამს სწამდათ იესუ ქრისტე, თაყვანს სცემდნენ, ვითარცა მაცხოვარს, მიაღწიეს ნაპირს და შეაბიჯეს ქვეყანაში, სადაც არა არს ჭირი, მწუხარება, სასიკვდინე გმინვა, არცა ვნებათა ქარბორბალა, არცა მდაბალი გულისთქმანი,
ხოლო ცხოვრებისეულ ზღვის ტალღებში ისინი დაიღუპნენ, - ვისაც არ სწამდათ ძე ღმრთისა, და თუ სწამდათ, იმგვარად სცემდნენ იესუ ქრისტეს თაყვანს, როგორც თავნება, ურჩი, საზარელი ადამიანები, რომლებიც მათი დამბადებელი და აღმზრდელი მშობლების გვარსა და მამის სახელს კი ატარებენ, მაგრამ არ უყვართ, პატივს არ სცემენ, მათ მცნებასა და ნაანდერძევს არაფრად აგდებენ...
ცხოვრებისეულ ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობისათვის და იმისთვის, რომ მარადისობაში ნეტარ ლიმენას (ნავთსაყუდელს) მიაღწიო, უაღრესად აუცილებელია რწმენა იესუ ქრისტეში და მისი ღირსეული თაყვანისცემა. მადლობა ღმერთს, - მან სიყრმიდან ღირს-გვყო მის სახელზე ნათელ-ვღებულიყავით, შეგვეცნო მისი სჯული. უეჭველია, აქ მყოფთაგან არავინაა, რომ არ იცოდეს რწმენის სიმბოლო, საუფლო ლოცვა, საღმრთო სჯულის ათი მცნება, არ კითხულობდეს მათ ყოველდღიურად და არ ახსოვდეს ისინი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ცხოვრებისეული ნავი, რომლითაც მივცურავთ, - როდესაც ზღვათაღელვაში მოხვდება ხოლმე, ჩვენ ვგმინავთ, შიშნეულობასა და ვაი-ვიშს ვეძლევით. შეგვემთხვევა თუ არა რომელიმეს ან ჩვენს უახლოეს, ძვირფას ადამიანს რაიმე უსიამოვნება, როგორ ავხმაურდებით ხოლმე; დაგვატყდება რა რაიმე განსაცდელი, - როგორ ვუშინდებით, როგორ მოვთქვამთ! ცხოვრების მძიმე წუთებში ხშირად შევძრწუნდებით და უფრო ახლოს ვართ სასოწარკვეთილებასთან, ვიდრე მოციქული პეტრე, იესუ ქრისტესაკენ მიმავალს ტალღები რომ წამოეწია.
„მცირედ მორწმუნეო, - ეტყვის იესუ ქრისტე პეტრეს, - რაჲსა შეორგულდი?“ (მათე 14,31).
მცირედ-მორწმუნეობა - აი მიზეზი ჩვენთა დანთქმათა. ცხოვრებისეულ წარუმატებლობათა დროს თითქოს გვავიწყდება, რომ ჩვენი ცხოვრება ღვთის ხელშია. სიღატაკის სიმწარე, ბნელი ციხე, სასიკვდინე ჭრილობა, სიბრმავე და ადამიანური ცხოვრების ყოველგვარი ფათერაკი იმად აღიძრება ხოლმე (როგორც ტალღები) ადამიანზე, რომ შეარყიოს და მოსპოს ჩვენში რწმენა, დაგვღუპოს. მაგრამ ღრმა, მტკიცე და ცოცხალი რწმენის შემთხვევაში დედამიწაზე არაფერია საშიში. პატიოსანი ადამიანი მხნედ ხვდება სიკვდილსაც და ცოდვასაც და აღწევს თავს. ხოლო უბედურებანი პატიოსანი ადამიანისთვის, რაოდენ მტკივნეულნიც არ უნდა იყოს, ის ჭრილობებია, რომელთაც მამაცი მეომარი მტერთან ბრძოლაში იღებს სარწმუნოებისთვის, სანუკვარი შეხედულებებისათვის და ეს ჭრილობები მას კი არ ამახინჯებს, არამედ მამაც მებრძოლს მშვენიერებას მატებს და იმას ამტკიცებს, რომ მან სიკვდილს თვალებში ჩახედა.
ისე არაფერი აწუხებს ჩვენი ცხოვნების მტერს, როგორადაც სახარებისეული ჭეშმარიტებისადმი მტკიცე და ცოცხალი რწმენა. კაცისმკვლელი მის წინააღმდეგ პირის ქარს აღძრავს როგორც ჩვენთა ხორცთაგან ესრეთ ამ სოფლიდან. მორწმუნე ადამიანი მშვიდია თავისი სარწმუნოების უბრალოებიდან გამომდინარე, იარება ღვთის ტაძარში, ლოცულობს, თავისი საყვარელი მოძღვრის დარიგებებს ისმენს, მაგრამ, აი, მტერი მის გულში, ჩანს, კეთილსახიერებით, თესავს სურვილს, - განსაჯოს თავისი რწმენა. და აი, იწყება ცრუმორწმუნეობა, მიდის სხვადასხვა ბერებთან, რომელთაგან ერთნი ამბობენ ერთს, მეორენი - სხვას, ერთი უბრძანებს, მეორე უკრძალავს. და მორწმუნე ადამიანიც, აქამდე მშვიდი, ექცევა ადამიანური ცრუმოძღვრების გაავებულ ქარბორბალაში, ისე რომ თვით მის რწმენას ექმნება უკიდურესი საშიშროება, იქცეს უაზრო კერპთაყვანისმცემლად ან სულაც ურწმუნოდ. კიდევ კარგი, თუ დროზე შეიცნო თავისი მძიმე მდგომარეობა და პეტრე მოციქულის მსგავსად შეჰღაღადა მაცხოვარს: „უფალო, მიხსენ მე!“ თუ არადა საბრალო ცრუმორწმუნე თუ სულაც ურწმუნო, ვერ მიაღწევს რა ნეტარ სანაპიროს, დაიღუპება.
მოხდება შეიტყობ, რომ ზოგიერთი მორწმუნე ცხოვრობს მშვიდად, სასიამოვნო ოჯახურ და საზოგადოებრივ პირობებსა და ურთიერთობებში. ისინი თავიანთ ცხოვრებაში, როგორც საჭიროა, გამოხატავენ პირად რწმენას. მაგრამ ცხოვნების მტერს შეაქვს ოჯახურ ურთიერთობებში არეულობა, სამსახურეობრივ საქმიანობაში წარუმატებლობა, ასევე ვაჭრობასა და სხვადასხვა წამოწყებაში. აქაც, იქაც და სხვაგანაც გამოჩნდებიან ხოლმე არაკეთილმოსურნენი, მდევარნი, შემავიწროვებელნი, წარუმატებლობანი, დანაკარგები და, - ვაგლახ, - ამ ადამიანების რწმენა არასასურველ ვითარებაში აღმოჩნდება, თავს ატყდება ქარიშხალი, და ამგვარ მდგომარეობაში ისინი ეჭვებს გამოთქვამენ, დრტვინავენ და ბოროტდებიან. კარგია, თუ დროულად მოიგონებენ მართალი იობის ისტორიას და მის მსგავსად, ყველა თავის საქმესა და მწუხარებაში რწმენას შეინარჩუნებენ. თუ არადა ხანმოკლე უბედურებათაგან სასურველი თავდახსნის ნაცვლად შესაძლოა სამუდამოდ დაიღუპნენ.
უფლის გულისათვის, დაიცავით მართლმადიდებლური სარწმუნოება ყველა გარეგანი და შინაგანი ქარიშხლების ჟამს, წარუმატებლობისა და განსაცდელების დროს. რწმენა - ნიჭია ღვთისა; იგი ღვთიურ ნიჭთა შორის ყველაზე უფრო ძვირფასი და მაღალი ნიჭია, თვით სიცოცხლეზეც უფრო ძვირფასი. სარწმუნეობის დაკარგვას მოსდევს ზიანი სულისათვის და წარწყმედა.
საჭიროა სარწმუნოების არა მარტო შენარჩუნება, არამედ გამრავლებაც, რამეთუ სარწმუნოებას თავისი ხარისხები აქვს: უმდაბლეს საფეხურზე იგი მცირედმორწმუნეობად იწოდება. ამ მდგომარეობაში ჩვენ მცირედმორწმუნენი ვხდებით, აქეთ-იქით ვეხეთქებით, ჩვენი თავისთვის მრჩეველებს ვეძებთ - ბერებს, მონაზვნებს, ასეთ მდგომარეობაში არის საშიშროება დავკარგოთ რწმენა და დავიღუპოთ. ჩვენ გვრცხვენია ვიყოთ მცირედმორწმუნენი. ხელთა შინა ჩვენთა - სახარებაა, თვალთა შინა - დედა ეკლესიის ღვთისმსახურება, ბაგეზედ - ლოცვა; გრძნობა და გვამი ჩვენი იკურთხება მადლითა სულისა წმიდისათა.
ლოცვასა-ვჰყოფ, რათა მადლმან უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესმან და სიყვარულმან ღვთისა და მამისამან და ზიარებამან სულისა წმიდისამან განამრავლოს, განამტკიცოს და აღამაღლოს რწმენაჲ ჩვენი... ნავში მყოფთა მსგავსად, ჩვენც მივეახლეთ იესუს, კეთილმოკრძალებით თაყვანი-ვსცეთ მას და სიღრმით გულისათ აღვიაროთ წინაშე მისსა: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ!“ ამინ.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი „საკვირაო ქადაგებები“ (I ნაწილი)