დეკონოზი ვალენტინ ამფითეატროვი

სიტყვა სულთმოფენობიდან მეხუთე კვირიაკეს

და ვითარცა მოვიდა იგი მიერ კერძო სოფელსა მას გერგესეველთასა, შეემთხჳნეს მას ორნი ეშმაკეულნი, რომელნი გამოვიდოდეს საფლავებისაგან, ფრიად ბოროტნი, ვიდრეღა ვერვის ჴელ-ეწიფებოდა წარსლვაჲ მიერ გზით.  და ღაღად-ყვეს და იტყოდეს: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩეუნდა. და იყო შორს მათგან კოლტი ღორთაჲ მძოვარი. ხოლო ეშმაკნი იგი ევედრებოდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ განგუასხამ ჩუენ, მიბრძანე ჩუენ მისლვად კოლტსა იმას ღორთასა. და ჰრქუა მათ: მივედით! ხოლო იგინი განვიდეს კაცთა მათგან და მიიმართეს კოლტსა მას ღორთასა. და მიიმართა ყოველმან მან კოლტმან ღორთამან კბოდესა მას ზღჳსასა და მოსწყდეს იგინი წყალთა მათ შინა. ხოლო მწყემსნი იგი ივლტოდეს და წარვიდეს ქალაქად და უთხრეს ყოველივე ეშმაკეულთა მათთჳს. მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესუჲსა. და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაჲთა წარვიდეს საზღუართა მათთაგან. და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსად ქალაქად.

მათე 8, 28 - 9,1

მოსალოდნელი იყო, რომ იესუ ქრისტეს მხილველი გერგესეველები აღფრთოვანდებოდნენ, მადლიერების მაცოცხლებელი გრძნობით აღივსებოდნენ იმის გამო, რომ მუნ მისვლით უფალს მათი კურთხევა განეზრახა. სინამდვილეში კი, მადლიერების ნაცვლად, მათ სურდათ იესუს მათი ქვეყანა დაეტოვებინა.

წმინდა მამები განმარტავენ რა სახარების ამ საკითხავს, ჩვენს სამხილებლად და დასამოძღვრად, სწორედ ადამიანურ გულგრილობასა და უმადურობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ჩვენი პირადი ცხოვრება არც ფართოა და არც მდიდარი მრავალფეროვანი შრომითა და საქმიანობით, მაგრამ ყოველდღიური გამოცდილება და მოვლენები ამის მრავალრიცხოვან მაგალითს იძლევა.

უპირატესად ვხედავთ და ვუსმენთ ისეთ ადამიანებს, რომელთაც მადლიერების გრძნობა დავიწყებიათ. ეს გულის გაუხეშებისა და სისასტიკის ნიშანია. სათნო ადამიანი პირადი ცხოვრების მკაცრი გამოცდილებიდან მიღებულ სითბოს არასდროს ივიწყებს... თუკი ადამიანს მადლიერების გრძნობა არა აქვს, მის გულში ვერ ვიპოვით ურთიერთსიყვარულის გამოძახილს, რაც მაცხოვრის მოწაფეთა განმასხვავებელ თვისებას წარმოადგენს. ადამიანს, რომელსაც მშობლებისადმი, აღმზრდელებისადმი, კეთილისმყოფელებისადმი არა აქვს მადლიერების გრძნობა, ამაოდ იწოდება ქრისტიანად. მოიხსენეთ იგი როგორც გენებოთ და რის შესაფერისადაც თვლით, უწყოდეთ კი, რომ იგი არაა ქრისტე მაცხოვრის მოწაფე.

უმადური ადამიანები შინაგან ტვიფრს ატარებენ - მშვიდობის უყვარულობას. ჩაუკვირდით ოჯახურ გარემოს. თუკი ცოლ-ქმარს შორის ანჩხლი, განმკიცხავი, გამკითხავი შეხლა-შემოხლაა, უწყოდეთ, რომ დამშრალა გრძნობა, რომელსაც ქრისტიანის შესაფერისი ურთიერთსიყვარულით კურთხევა ძალუძს. გაქარწყლებულა მადლიერების გრძნობა, რომელიც მათ ერთ საგვარეულოში აერთიანებს და გულწრფელი მოვალეობა, სამუდამოდ ერთმანეთს ეკუთვნოდნენ. მათ შორის მხოლოდ ჩვეულება რჩება, აუცილებლობა აკავებთ ერთმანეთთან, მხოლოდ ფორმა, სული კი აღარაა. ყოველივე საყვარელი, სიცოცხლის განმამხიარულებელი მოუხელთებლად გაფრენილა. მათგან რომელიმეს ახსოვს, რომ უკავშირებდა რა თავის ცხოვრებას სიკვდილამდე მარადიული ხსოვნის ფიცს აძლევდა, სამუდამოდ დაემარხა ურღვევი ბედნიერება. ამჟამად მათზე უმადურობა გამეფებულა.

უმადური ადამიანები საზოგადოებაში თავს მშვიდობის უყვარულებად წარმოაჩენენ, ვისაც სხვათა სიმშვიდის დარღვევა ძალუძთ. გულის სიმშრალე განსაკუთრებით ურთიერთმიმართებაში ვლინდება. ალბათ, თავადაც უწყით, როგორ მოედინება ჭუჭყიანი ნიაღვარივით ათასგვარი ჭორი, განკითხვა, დაცინვა. თუ ამას შეამჩნევთ, იცოდეთ, ის ადამიანის ბაგეებს წამოსკდა. ერთი ყოფითი გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ბოროტი სიტყვისთვის მშობელ მამასაც არ დაინდობს (ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა). კეთილგანწყობა ამგვარი ადამიანებისა - სიტყვებია მხოლოდ, მათი მოკეთეობა - პირმოთნეობა, მათი დაპირებანი გამოხატული სიტყვებით „მთლად თქვენი“, „მხოლოდ თქვენი“ - ცილისწამებაა სიმართლეზე.

უმადური ადამიანები თვალშისაცემი გარეგანი თვისებით გამოირჩევიან: ისინი მოუთმენელნი ან სულაც ქედმაღლურად პირმოთნენი არიან. ერთნი, თავიანთ ქარაფშუტობაში, სრულიად უმნიშვნელო მიზეზის გამოც კი, მზად არიან ადამიანებთან კავშირი გაწყვიტონ, რომელთანაც საღვთო სჯული ან ადამიანური მიმართებანი აკავშირებდათ. ასეთი ადამიანები ცხოვრებაში თამაშობენ. ის მათთვის თითქოსდა ნადიმია. შვილები აღზრდისა და მზრუნველობისათვის მათი უხეშობით პასუხობენ. ვნებითგატაცებული მეუღლეები მოვალეობას ღალატობენ და ზიზღით თრგუნავენ მორცხვობასა და უმანკოებას. დიდი ხნის ნაცნობები ურთიერთობას წყვეტენ, რამეთუ ახალი ნაცნობობა უფრო მეტ გამორჩენას პირდება, მეტ სიამოვნებებს. და აი ხდება, რომ ძველი მეგობრობა უფასურდება, ყვავილების დამჭკნარი თაიგულივით ოთახიდან გააქვთ. ის აღარ გამოსცემს კეთილსურნელებას, არამედ შმორის სუნი დაჰკრავს... გულში ახალი ამხანაგობა შემოდის. არცთუ მრავალი დღე ჩაივლის და მასაც იგივე ბედი ელის... არაწმინდა გულს არ ძალუძს მადლიერების მარცვლები დაიმარხოს თავის თავში.

ერთი ნიშანიც, უმადურებისათვის დამახასიათებელი. უმადურები ყოველთვის ქედმაღლურად პირფერები არიან. უკიდურესად გაჭირვებული მდგომარეობა აიძულებთ თხოვნით მოგმართონ. ანდა თქვენ თავად სთავაზობთ უანგარო დახმარებას. იღებს რა მას, როგორი დაპირებანი არ გესმის, რაოდენ ლამაზი სიტყვები. კეთილგანწყობანი, გრძნობანი! თქვენ ხარობთ, რომ მოყვასს წყურვილი მოუკალით, შეეწიეთ მას, ღვთის სახელით გააკეთეთ სიკეთე, ამის ნაცვლად შეიძინეთ მეგობარი, ერთგული ადამიანი. თავადაც ხომ უწყით, რომ მეგობრობას ვერსად შეიძენ. გარეგნული ნუ გაცთუნებთ. ღვთის წინაშე ჩანს თქვენი თანადგომა, მაგრამ არა მის წინაშე, ვინც თქვენს მზეს ფიცულობდა, თუ იგი ეგოისტ და პირმოთნე, ამაყ ადამიანებს ეკუთვნის, თქვენ ახალი შურიანი „მეგობარი“ შეიძინეთ. მისი თავმოყვარეობა, პირველ რიგში, იმ შემთხვევის მოსპობას ისურვებდა, რამაც (თუმცა ნებაყოფლობით) იგი თქვენს წინაშე დაავალდებულა. წვრილმანი ეგოიზმი ჩასჩურჩულებს, რომ თქვენ იგი დაიმონეთ. იგი თქვენი მტერია, და თანაც როგორი?! ფარული, საშინელი, მოუხიბლავი მოწყალებებითა თუ შინაგანი თანაგრძნობით. უმადური ადამიანები ყოველთვის გაღიზიანებულნი არიან, მოუთმენელნი, ვერ იტანენ სამართლიანობას. მოყვასის ქონება, ღირსება და თვით სიცოცხლეც კი მხოლოდ მათი მოჩვენებითი ბედნიერების მოწყობას ემსახურება.

ვისაც ბედნიერება სურს დედამიწაზე ან ნეტარება ცათა შინა, მოიპოვოს მადლიერების გრძნობა. მადლიერება ქრისტესაგან ნაანდერძევი სიყვარულის პირმშოა, როგორც მის მიმდევართა განმასხვავებელი ნიშანი. მადლიერების გრძნობას ადამიანი თანხმობაში მოჰყავს თავის სინდისთან, და სრულ უფლებას აძლევს ღვთის შვილი და მისი სასუფევლის მკვიდრი იყოს. ვიზრუნოთ ერთმანეთის კეთილდღეობაზე ნუ დავივიწყებთ ქველმოქმედებას, რომელიც მოყვასმა ჩვენთვის მწარე დღეებში მოიმოქმედა.

ჩვენს მცირე, მწირ სიტყვას, ღვთისმეტყველის ნათქვამით დავასრულებთ, რომელიც მან საეკლესიო კათედრიდან წარმოთქვა თვისთა მსმენელთა სამხილებლად და დასამოძღვრად: „მადლიერი - ეს არწივია, რომელიც სიმაღლისაკენ ისწრაფვის, რაც უფრო მაღლა სერავს სივრცეს, მით უფრო სიხარულის­მომგვრელია მისი მდგომარეობა. ხოლო უმადური? ის - ღადარინელი პირუტყვია, რომელიც ჭაობის ტალახში სიამეს მისცემია“. ამინ.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი „საკვირაო ქადაგებები“ (I ნაწილი)