† ამბა დოროთე

წერილი ძმისადმი, ვინც ჩვენი წმინდა მამა დოროთეს ნაპოვნი სიტყვები ითხოვა

[8]ვაქებ შენს გულმოდგინებას და შევნატრი კეთილი საქმის მიმართ შენს სიბეჯითესა და მაგ შენს კურთხეულ, არა დიდებისმოყვარე, არამედ თავმდაბლობისმოყვარე სულს, ძმაო, სასურველო. რაკი ასეთი გულისტკივილით ეძებ და მთელი გულით აქებ ჩვენი ჭეშმარიტად სანატრელი წმინდა მამის საქმეთა და სიტყვათა, ღმერთს საჩუქრად რომ მოუცია ჩვვნთვის, ცხადია, ღმერთი გიყვარს და სამარადისო ცხოვრებაზე ზრუნავ. როგორც დიდი გრიგოლი ამბობს: ”სათნოების ქება მოშურნეობის წინამძღვარია, მოშურნეობას მოაქვს სათნოება, სოლო სათნოება ნეტარჰყოფს კაცს”.

იმისთვის მიხარია და მახალისებს შენი ასეთი წარმატება, რომ დაემსგავსე მას, გულით მშვიდსა და მდაბალს, ვინც ცნობილ პეტრეს და მის მსგავსთა სოფლისგან განშორებაში მიჰბაძა. მანაც მსგავსადვე განიშიშვლა თავი სოფლის სიყვარულისაგან და თავი საღმრთო მამებს გადასცა, რათა მასაც შეძლებოდა მაცხოვრისთვის კადნიერად ეთქვა: ”აჰა, ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ” (მათ. 19.27). ამიტომ ღვთის მიერ ”აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი” (სიბრძნ. 4.13).

იგი ხილულ უდაბნოში არ იმყოფებოდა, არცა ხორცისმჭამელ მხეცებზე ბატონობა მიაჩნდა დიდ რამედ, არამედ სულიერ მეუდაბნოეობას ეძებდა და სურდა, მთათა საუკუნოთა მიახლებოდა, რათა მათ მიერ საკვირველად განათლებულიყო და სულთამკვლელი გველ-მორიელის თავნი დაეთრგუნა, რასაც სწრაფად მიაღწია კიდეც ქრისტეს შეწევნით და მოწამეთა დარად საკუთარი ნების უარყოფით, რამაც უწინამძღვრა მას და მამათა უცდომელ გზასთან მიიყვანა. ნების უარყოფის შედეგად მას ტკბილად მიაჩნდა ის სანატრელი მსუბუქი ტვირთი და ტკბილი უღელი, [9]რითაც ჩინებული და სიმართლესთან მიმყვანი თავმდაბლობის გზა დაისწავლა; მან სიტყვითაც და საქმითაც ისწავლა მამათა სიტყვა: "იყავი მოწყალე და მშვიდი!" მათ მიერ ყოველგვარი სათნოებით შეიმკო, ამიტომ ნეტარს ნიადაგ ბაგეზე ეფინა ბერთა სიტყვები: "ვინც მიაღწია თავისი ნების უარყოფას, მან განსასვენებელ ადგილს მიაღწია". ვინაიდან მან მიაგნო, რასაც დირსად ეძებდა, კერძოდ, რომ ყოველგვარი ვნების ძირი ხორცთა სიყვარულია და რომ იგი ჩვენი ტკბილ-მწარე ნებითაა გაზავებულ, ამიტომაც ნახა მან ეს მძაფრი წამალი და ამით ფესვებიანად დააჭკნო მისი საძაგელი რტოები, გახდა უკვდავების მამაცი მუშაკი,მოიპოვა ჭეშმარიტი ცხოვრება და მიწაში დამალული საუნჯე (შდრ. მათ 13), გულმოდგინედ ეძება, იპოვა და დაუშრეტელი სიმდიდრით გამდიდრდა მის მიერ.

მინდა, ჩემი ენა შესწვდეს და ჩემმა გონებამ დაიტიოს, რათა მრავალთა სარგებლობის მიზნით და სათნოების მაგალითის წარმოსაჩენად დაწვრილებით აღვწერო წმინდანის ცხოვრება, თუ როგორ განვლო ნეტარმა ეს დიდებული, ვიწრო და ფართო გზა. ვიწრო იმიტომ, რომ შეუმცდარი და განუბნეველი გონებით მიდიოდა ვიწრო ბილიკზე და გადაჩეხვისაგან ორივე მხრიდან დაიცვა თავი. ასე გვასწავლის ცხონების ამ ვიწრო გზაზე ღვთის დიდი მოყვარე ბასილი. ხოლო ფართო იმიტომ, რომ არ იყო შებოჭილი ამა ქვეყნის სიყვარულით, ღვთის მიერ თავისუფალი იყო მოღვაწეობაში და, რაც ყველაზე მთავარია, ჰქონდა ის მაღალი თავმდაბლობა, რითაც, დიდი ანტონის სიტყვისამებრ, ეშმაკის ყოველგვარ მახეს განერიდა. ჭეშმარიტად მასზე აღსრულდა დაწერილი: ,,ფართო არს მცნებაჲ შენი ფრიად“ (ფსალმ. 118.96).

მაგრამ ამ საქმეს, როგორც შეუძლებელს, თავი ვანებე, რადგან ვიცი, ნეტარის ყველა სიკეთის მოთხრობა არ შემიძლია. იგი ბრძენი ფუტკრის დარად აგროვებდა ყვავილს და, სადაც რამე საჭიროს ნახავდა, დაუზარელად ჰკრებდა და ყოველივე სიკეთეს ასწავლიდა დრო-ჟამის შესაფერისად. ამიტომ, ჰოი, ბრმენო თუმცა კი გონებით გულმოდგინე ვარ, ჩემი უძლურება არ მანებებს, [10]ხელი მივყო საქმეს, შენმა გამრჯე და სიკეთისმოყვარე სულმა რომ მიბრძანა. მინდობით აღვასრულე იგი, რადგან ურჩობის სიმძიმემ და სიზარმაცის სასტიკმა სასჯელმა შემაშინა, ამიტომ მოგართვით თქვენ, ბრძენ ვაჭრებს, ჩემთან დადებული ეს ტალანტი - ნეტარის სწავლანი, რაც გვიპოვნია და რაც მან თავისი მამებისგან ისწავლა, შემდგომ კი თავის მოწაფეებს დაუტოვა ისევე, როგორც ჩვენმა მაცხოვარმა და ღმერთმა დატოვა, რაც გააკეთა და ასწავლა. თუმცა მის ყველა ნათქვამს ვერ მივაკვლიეთ, მაგრამ ეს მცირეოდენიც, რასაც მივაგენით, თანაც სხვადასხვა ადგილას გაბნეულსა და ღვთის ნებით ბეჯითთა მიერ შეკრებილს, ეს მცირეც საკმარისია შენი სიწმინდისთვის, როგორც დაწერილია: "ეც ბრძენსა მიზეზ და უბრძენეს იყოს" (იგავ. 9.8). და როგორი გულმოდგინე იყო წმინდა, რაჟამს ღვთის შეწევნით ერიდან გამოვიდა და თავისი გონებისამებრ შეუდგა ცხოვრებას! მამებთან ურთიერთობაში, უპირველეს ყოვლისა, ამჟღავნებდა ყოველგვარ ამქვეყნიურ ნივთთაგან სრულ სიშორეს, ჰქონდა მარტივი აღსარება, წმინდა სინდისი, განსაკუთრებით კი, გონივრული მორჩილება, რომელიც სარწმუნოებით იყო განმტკიცებული და სიყვარულით აღსრულებული. ძმების მიმართ იჩენდა სიმდაბლეს, არაკადნიერებას, სიწრფელეს, არ კამათობდა, მასში აღმოცენებული იყო განუკითხველობის ძირი და ჰქონდა თაფლზე უფრო ტკბილი სიყვარული. მსახურებაში იყო ბეჯითი და გონებაფხიზელი, ფრთხილი და უშფოთველი, მონასტრის ნივთების მიმართ - მზრუნველი, წესრიგიანი, კრძალული, არათავმომწონე.

ყველა ძმას რჩევით ეხმარებოდა. განსაკუთრებით ახასიათებდა თავმდაბლობა, ხალისიანობა, სულგრძელობა, წესიერება, ფრთხილი და სწავლისმოყვარე გონება. მაგრამ რაღა სათითაოდ ვასახელებ მის სათნოებებს, რადგან იმ კაცს ვგავარ, წვიმის წვეთებს ან ზღვის ტალღებს რომ ითვლის. ამიტომ ბეჭედს დავუსვამ ჩემს სიტყვას, ხოლო თქვენ გეტყვით ტკბილ სიტყვებს, რათა გაიხაროთ და გაიგოთ, თუ როგორი ცხოვრებიდან და ნეტარი მოღვაწეობიდან შეუდგა ღვთის განგებით სულების სწავლებასა და მათზე [11]ზრუნვას მოწყალე და შვილთმოყვარე მამა, ვინც ჭეშმარიტად ღირსი იყო სულთა დამწყემსვისა, ვინც დიდი იყო გონიერებით და უზომოდ მიმტევებელი, ვინც დიდი იყო სიბრძნით და უაღრესად კრძალვამოსილი, ვინც მაღალი იყო ხედვით და უმაღლესი - სიმდაბლით, ვინც ღვთისგან მდიდარი იყო და გლახაკი - სულით, ვინც ტკბილი იყო სიტყვით და უტკბილესი - შეხვედრისას, ნებისმიერი სნეულების უებრო მკურნალი, ვინც მდიდრებსა და გლახაკებს, ბრძენთ და უსწავლელთ, მამაკაცებსა და დედაკაცებს, მოხუცებსა და ასალგაზრდებს, მწუხარეთ და მხიარულთ, უცხოებსა და თავისიანებს, ერის კაცებსა და მონაზვნებს, მთავრებსა და ხელმწიფეებს, მონებსა და თავისუფლებს ღვთის მიერ მოცემული წმინდა სწავლება გადასცა, ტალანტი გაამრავლა, ყველასთვის ყველაფერი გააკეთა და მრავალი შეიძინა.

ახლა კი, საყვარელო, დადგა ჟამი, გითხრა ტკბილი სიტყვები. თუმცა წმინდანი მაღალი იყო სიბრძნით და სიტყვით - ძლიერი, ღვთის მცნების გამო თავმდაბლობა გამოიჩინა და ყველა მისი სიტყვა ადვილად გასაგებად და მსუბუქად გამოთქვა.

შენ კი ჰპოვე, რისთვისაც გაისარჯე და რაც გინდოდა. სიბრძნით განაშვენე შენი სიტყვები, შენთვის სასურველის ცსოვრებას მიჰბაძე და ჩემი მცონარებისთვის ილოცე. თავდაპირველად საჭიროა, ნეტარ დოსითეზე ვთქვა, ვინც მამა დოროთეს პირველი მოწაფე იყო სერიდოს მონასტერში ყოფნისას და ქრისტესნაირი მორჩილების ღვაწლს ეწეოდა.

ცხოვრება ნეტარი მამა დოსითესი, რომელიც ჩვენი წმინდა და ნეტარი მამა დოროთეს პირველი მოწაფე იყო მამა სერიდოს მონასტერში ყოფნისას

[12]რაჟამს ჭკეშმარიტად დიდი და ნეტარი ჩვენი მამა, წმინდა დოროთე, ერიდან გამოვიდა და მონაზვნად შედგა, მამა სერიდოს მონასტერში მივიდა. იქ დაყუდებული ნახა მრავალი დიდი მოღვაწე, რომელთა შორის იყო ორი დიდი მნათობი: წმინდა მამა ბარსანოფი და მისი მოწაფე და თანამოღვაწე, მამა იოანე, რომელსაც წინასწარმეტყველი ეწოდა ღვთისგან ბოძებული წინასწარმცნობელობის მადლის გამო.

მან ამ ორ ბერს შეავედრა თავი მთელი გულმოდგინებითა და მამა სერიდოს განზრახვით. იგი მამა იოანეს მომსასურების ღირსიც გახდა. იმხანად წმინდა ბერებმა გადაწყვიტეს აეშენებინათ საავადმყოფო, რათა დასნეულებული ან სიბერისგან დაუძლურებული ძმები არ დატანჯულიყვნენ.

ააგეს კიდეც უძლურთა და სნეულთა მოსასვენებელი სახლი ღვთის ნებითა და მამა დოროთეს ძმის დასმარებით (მას ჰყავდა ძმა, ღვთის მოშიში ერისკაცი და მონაზონთა დიდი შემწე). სხვა სულიერი ძმებიც მისცეს მამა დოროთეს თანაშემწედ, და გაამწესეს იგი უძლურებაში მყოფი ძმების მზრუნველად.

ერთ დღეს ღვთის განგებით მამა სერიდოს მეგობრები მოვიდნენ. თან მოიყვანეს მეტად მშვენიერი და ძვირფასად შემოსილი ვინმე ჭაბუკი. მამა სერიდოს უთხრეს: ”ამ ჭაბუკს მონაზვნობა სურს შენთან“. მამა სერიდომ ცალკე გაიყვანა მამა დოროთე და უთხრა: ”ამ კაცებმა ეს ჭაბუკი მოიყვანეს და ამბობენ, აქ მონაზვნად შედგომა სურსო. მე კი ვშიშობ, იქნებ, რომელიმე ხელმწიფის ახლობელია, რამე აუგისთვისაა გამოქცეული, და თუ შეიტყვეს, განსაცდელში აღმოვჩნდებით; არც შესახედაობითა და არც ჩაცმულობით ჰგავს მონაზვნობის მსურველ კაცს“. ეს [13]უკანასკნელი რომელიღაც ხელმწიფის მეტად საყვარელი პირი იყო, დიდ შვება-განცხრომაში აღზრდილი, არასდროს სმენოდა ღვთის სიტყვა თუ სულიერი საუბარი. ერთ დღეს ვიღაც კაცებმა იერუსალიმისა და სხვა წმინდა ადგილების შესახებ უამბეს. მასაც ქრისტეს აღდგომისა და წმინდა საფლავის თაყვანსაცემად და წასასვლელად გაუწია გულმა. ხელმწიფეს გაშვება სთხოვა. ამ უკანასკნელს არ უნდოდა მისი წყენინება, იერუსალიმში მიმავალი მეგობარი ნახა და უთხრა: ,,გამოიჩინე სიყვარული და რაკი სურს, ეს ჭაბუკი თან წაიყვანე წმინდა ადგილების მოსალოცად“. ისიც სიხარულით დაეთანხმა, თან წაიყვანა და დიდ პატივსა და განცხრომაში ჰყავდა. როცა იერუსალიმში მივიდნენ, უფლის წმინდა საფლავსა და ყველა წმინდა ადგილს თაყვანი სცეს. მივიდნენ გეთსიმანიაში, სადაც დახატული ჯოჯოხეთი იხილა.

ჰაბუკი იდგა და გაოცებული შეჰყურებდა. როცა მიბრუნდა, ნახა მის მარჯვნივ მდგარი იისფერი სამოსლით მოსილი ვინმე ქალბატონი, რომელიც გამოსახულებებს სათითაოდ უჩვენებდა, უხსნიდა მათ მნიშვნელობას და სულის საცხონებელ სიტყვასა და ღვთის შიშს ასწავლიდა.

ჭაბუკი უსმენდა და ძლიერ უკვირდა, რადგან, როგორც აღვნიშნე, ღვთის სიტყვა არ სმენოდა და არც ის, სატანჯველი თუ არსებობდა, და ჰკითხა: ,,დედოფალო, თუ ასეა, ვერავინ გადაურჩება ამ სატანჯველთ?“ მან უპასუხა: ,,იმარხულე, ნუ შეჭამ ხორცს და ევედრე ღმერთს, ცხონებისკენ წაგიძღვეს!“ როგორც კი მცნებები მისცა, გაუჩინარდა. მას შემდეგ ნეტარი დოსითე მარხვასა და ლოცვას შეუდგა.

არ ჭამდა ხორცს, არც ვინმესთან დადიოდა, როგორც სჩვეოდა, არამედ ყოველთვის დამწუხრებული, მგლოვიარე, მტირალი და მდუმარე იყო. მასთან მყოფები ხედავდნენ ამას, უკვირდათ და ევედრებოდნენ გულის წადილის გამხელას. როცა საქმეში გაერკვნენ, უთხრეს: "ბატონო, როგორც შენ იქცევი, არ შეჰფერის კაცს, ვისაც ერში, მით უმეტეს, ხელმწიფესთან ყოფნა სურს. თუ ასეთი ცხოვრება გწადია, მონასტერში წადი, რათა სული სრულად [14]იცხოვნო". მანაც უთხრა: "მაშ, გამოიჩინეთ ღვთის სიყვარული და წამიყვანეთ, სადაც იცით".

როგორც ადრე ვახსენე, ზოგიერთი მათგანი მამა სერიდოს იცნობდა. მოვიდნენ მონასტერში, თან ის ჭაბუკიც მოიყვანეს. დავუბრუნდეთ უწინდელ თხრობას: მამა სერიდომ მამა დოროთეს უთსრა: ”გამოიჩინე სიყვარული, წადი და გაიგე ამ ჭაბუკის ჩანაფიქრი“. წავიდა მამა დოროთე, დაელაპარაკა და დაწვრილებით გამოჰკითხა. რაკი სამონაზვნო საუბრისა არაფერი გაეგებოდა, მხოლოდ ამას ამბობდა: ”მინდა, ვცხონდე და ჩემი სული სატანჯველს გადაურჩეს“. მაშინ მამა დოროთე მივიდა მამა სერიდოსთან და მოახსენა: ”თუ ამ ჭაბუკის მიღება გსურს, ნურას ერიდები, მასში ზაკვა არ არის, არამედ ღმერთს სურს მისი ცხონება“. მაშინ მამა სერიდომ უთხრა: ”თუ ასეა, გამოიჩინე საყვარული, შენთან იყოს, რათა ცხონდეს. მისი ძმებთან ყოფნა არ მინდა“. მამა დოროთემ თავმდაბლობის გამო მიუგო: "სხვისი სიმძიმის ტვირთვა არ შემიძლია, საკუთარიც ვერ მიტვირთავს". მამა სერიდო თავის სიტყვაზე დადგა და აიძულებდა მას.

მაშინ მამა დოროთემ უთხრა: ”მაშ, თუ გსურს, მიბრძანე, რომ მამა ბარსანოფის ვკითხო“. მამა სერიდომ უთხრა: ”კეთილი, მაშ, მე ვეტყვი“. წავიდა და საქმის ვითარება მოახსენა დიდ მამა ბარსანოფის. მამა ბარსანოფიმ უთხრა მამა დოროთეს: ”მიიღე ეს ჭკაბუკი, რადგან დმერთს შენით სურს მისი ცხონება“. მამა დოროთემაც დიდი გულმოდგინებით მიიღო იგი.

უძლურთა მსახურება უბრძანა. ისიც გულმოდგინედ ემსახურებოდა ყველას. სახელად დოსითე ერქვა, რაც ღვთისგან მოცემულს ნიშნავს. ერთ დღეს მამა დოროთემ უბრძანა: ”საღამომდე იმარხულე, შემდეგ მაძღრივ ჭამე პური და რამდენსაც შეჭამ, მითხარი“. ასეც მოიქცა. მივიდა და მამა დოროთეს მოახსენა: ”ერთნახევარი პური ვჭამე".

ერთნახევარი პური ექვსასს იწონიდა. მამა დოროთემ უთხრა: ”ჭამე ერთი პური და მეორის მეოთხედი. მეორე მეოთხედი ორად გაყავი და დღითი დღე ჭამე“. ისიც ასე მოიქცა. გამოხდა [15]გარკვეული ხანი. მამა დოროთემ ჰკითხა: "გშია, შვილო?“ დოსითემ მიუგო: „ჰო, მამაო, ცოტათი მშია“. რამდენიმე დღის შემდეგ ჰკითხა: "ისევ გშია?“ მიუგო: ”შენი ლოცვით, არა, მამაო“. მაშინ კვლავ უთხრა: „მეოთხედს ნახევარი მოაკელი“. ასეც მოიქცა. რამდენიმე დღის შემდეგ უთხრა: „ის მეოთხედიც მოაკელი და მხოლოდ ერთი პური ჭამე“. თანდათან ისიც შეამცირებინა, და ასე, ღვთის შეწევნით, ექვსასიდან ოთხმოც საწონამდე დაიყვანა, რადგან ჭამაც ჩვეულებაზეა დამოკიდებული.

ნეტარი დოსითე ყველანაირ მსახურებაში ფრთხილი იყო და ყველაფერს წრფელად, გულმოდგინედ ასრულებდა. უძლურებს კარგად, რწმენით ემსახურებოდა, და ყველა მოსვენებით იყო.

თუ განრისხდებოდა და ძმას უხეშად მიმართავდა, მყისვე თავს ანებებდა ყველაფერს, შედიოდა საკუჭნაოში, ჯდებოდა და ტიროდა. მოდიოდნენ სხვა ძმები, ამშვიდებდნენ, მაგრამ ამაოდ. მაშინ მიდიოდნენ და მამა დოროთეს ეუბნებოდნენ: ”გამოიჩინე სიყვარული, მამაო, ნახე, რა სჭირს იმ ძმას, ასე მწარედ რომ ტირის“.

როცა მამა დოროთე შედიოდა, მას მიწაზე მჯდომსა და მტირალს პოულობდა. ეუბნებოდა: "რა მოხდა, დოსითე? ასე რატომ ტირი?“ ის კი მიუგებდა: "შემინდე, მამაო, რადგან განვრისხდი და ძმას რისხვით მივმართე“. მაშინ მამა დოროთე ეუბნებოდა: "არ გრცხვენია, ასე რომ მრისხანებ და შენს ძმას რისხვით მიმართავ?! არ იცი, რომ იგი ქრისტეა და ქრისტეს შეაწუხებ?“ ის კი მხოლოდ ტიროდა და სხვას არაფერს ამბობდა. როცა მამა დოროთე ნახავდა, რომ ბევრი იტირა, ეტყოდა ხოლმე: ”ადექი, დმერთმა შეგინდოს! ამიერიდან ფრთხილად იყავი და ღმერთი შეგეწევა“. ამ სიტყვებს იგი ისეთი რწმენით იღებდა, თითქოს დვთისგან ისმენდა, სასწრაფოდ წამოდგებოდა და თავის მსახურებას უბრუნდებოდა. ძმებმა შეიტყვეს მისი წესი და როცა კი მტირალს ნახავდნენ, ხვდებოდნენ, რომ რაღაცაში შეცდა და ნეტარ დოროთეს ეუბნებოდნენ.

[16]ისიც, როცა ნახავდა, ხვდებოდა, ვიღაცას უხეშად რომ დაელაპარაკა და ეუბნებოდა: "რა არის, დოსითე? ისევ შეაწუხე ქრისტე? ისევ განურისხდი ძმას? არ გრცხვენია?“ დოსითე ვერაფერს პასუხობდა, რადგან მწარედ და გულამოსკვნით ტიროდა. ნეტარი დოროთე ამგვარ ყოფაში რომ ნახავდა, კვლავ ეუბნებოდა: ,,ადექი, შვილო, ღმერთმა შეგინდოს, თავიდან დაიწყე და ფრთხილად იყავი!“ ისიც კვლავ წამოდგებოდა ხოლმე და სიხარულით უბრუნდებოდა მორჩილებას.

მას აღსარების ასეთი ჩვეულება ჰქონდა: თუ სნეულებს ლოგინს დაუგებდა და წმინდა დოროთე გამოივლიდა, ეუბნებოდა: "შემინდე,მამაო,რადგან გული მეუბნება, ლამაზად ვაგებ“.

ისიც ეტყოდა ხოლმე: "ეს აზრი ამპარტავნებისგან არის, შვილო, და შენს შრომასა და მსახურებას ამაოდ ეწევი“. არასდროს აძლევდა უფლებას, თავისი ნება აესრულებინა ან რამე ნივთი პქონოდა, რომელიც მოსწონდა. ისიც ყველაფერს სიხარულით ღებულობდა. ერთხელ მამა დოროთემ ნახა, რომ შიშველი იყო. მისცა სამოსელი და უბრმანა: "აიღე ეს, შვილო, შეკერე, სათანადოდ მორთე და ჩაიცვი“. მანაც გამოართვა და შეკერა.

მამა დოროთემ ჰკითხა: "რა უყავი ტანსაცმელი?“ დოსითემ მიუგო: „მამაო, როგორც მიბრძანე, კარგად შევკერე“. ”ამა და ამ ძმას მიეცი!“ - უთხრა. მანაც სიხარულით მისცა. კვლავ მისცა სხვა, და როცა შეკერა, უბრძანა: ",მიეცი ამა და ამ სნეულს!“ მან ისიც სიხარულით მისცა. ნეტარს არასდროს დაუჩივლია, მე თავად მჭირდება, შემიკერავს, იგი კი სხვებს აძლევს და მე შიშველს მტოვებსო ჩემი შრომის შემდეგ. გულშიც კი არ გაივლებდა ამგვარ აზრს, არამედ რასაც წმინდა დოროთე უბრძანებდა, ისე ღებულობდა, თითქოს თვით ღვთისგან ესმოდა და არა კაცისგან.

ერთმა კაცმა ნეტარ დოსითეს დანა მისცა. მან წმინდა დოროთეს წაუღო და უთხრა: ”ამა და ამ ძმამ ეს დანა მომცა. თუ მიბრძანებ, დავიტოვებ, რადგან ძალიან კარგი რამ არის და კარგად ჭ რის“. ნახა ბერმაც და მოეწონა, მაგრამ წმინდანი არასდროს იჩერებდა ნივთს, რომელიც გულით მოსწონდა. უთხრა [17]ნეტარ დოსითეს: "დოსითე, დანის მონობა გსურს, და არა ქრისტესი? არ შეგრცხვება, ამის გამო ანგარების ეშმაკი რომ დაგეუფლოს, რაც იგივე კერპთმსახურებაა?“

ნეტარი მიწას დასჩერებოდა თავდადრეკილი და ბერის შეხედვასაც ვერ ბედავდა. ამ სიტყვების შემდგომ მისცა დანა და უთხრა: "წაიღე და საავადმყოფოში დადე, ძმებმა რომ გამოიყენონ. შენ კი ნუ იხმარ, არც კი აიღო!“ ნეტარი დოსითე იმდენად იცავდა ბერის ბრძანებას, რომ, თუ სთხოვდნენ, მისაწოდებლადაც კი არ გაწევდა ხელს, მხოლოდ უჩვენებდა და ეუბნებოდა: "გამოიჩინე სიყვარული და თვითონ აიღე, ძმაო“. ყველა ძმა ხმარობდა დანას, ის კი საერთოდ არც ეხებოდა. გულშიც კი არ დაიჩივლებდა, ყველა იყენებს და მარტო მე გავცვითავო? რასაც გაიგებდა, ყველაფერს სიხარულით ასრულებდა. ასე კეთილად გაატარა მან მცირეოდენი ჟამი მონასტერში. მხოლოდ ხუთი წელი იყო მონასტერში და აღესრულა. სიხარულით მივიდა უფალთან, რადგან თავის ნებას არ იჩენდა არც დიდში, არც მცირეში, არამედ ეველაფერს სიხარულით და წრფელად აკეთებდა ბერის ნებით.

დასნეულდა იგი მძიმე და სასტიკი სენით, რითაც გარდაიცვალა კიდეც, რადგან სისხლს ანთხევდა. ეს დაავადება იყო დურბელა. ვიღაცამ უთხრა, ამ სნეულებას კვერცხი უხდებაო. უთხრა მამა დოროთეს: "მამაო, მავანისგან შევიტყვე, თუ რა უხდება ჩემს დაავადებას, მაგრამ არ მინდა, მომცე, რადგან მასზე ფიქრი მტანჯავს”. მამა დოროთემ უთხრა: "მითხარი მხოლოდ, რომ ვიცოდე, რა არის იგი?“ დოსითემ უპასუხა: "შემპირდი, რომ არ მომცემ, რადგან ის ძალიან მსურს და გულით მწადია“. მამა დოროთემ მიუგო: "კეთილი, შვილო, როგორც გსურს, ისე მოვიქცევი”. მაშინ უთხრა: "მამაო, გავიგე, რომ ამ დაავადებას კვერცხი უხდება, მაგრამ შენს სიწმინდეს ვევედრები, თუ შეიძლება, არ მომცე ჩემი სურვილის გამო". უჩთხრა მამა დოროთემ: "ნუ წუხხარ, რადგან არ გსურს, არ მოგცემ. ღმერთმა შეიწიროს შენი ღვაწლი!“ მამა დოროთე კი ცდილობდა, კვერცხის ნაცვლად სხვა რამ უფრო სასარგებლო წამალი მიეცა.

[18]ნახეთ, ძმებო, რა საშინელ, მძიმე მდგომარეობაშიც კი იბრძოდა, რათა წინაღდგომოდა თავის ნებას. ნიადაგ ღმერთს იხსენებდა, რადგან წმინდა დოროთეს მისთვის ნაბრძანები ჰქონდა, ყოველთვის ეთქვა: „.ეფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე! ძეო ღვთისაო, შემეწიე მე!“ როცა დამძიმდა, წმინდა დოროთემ უთსრა: „ყურადღებით იყავ, დოსითე, არ შეწყვიტო ლოცვა!“ "შენი წმინდა მადლით ვლოცულობ, მამაო“, - უპასუხა მან. როცა უფრო მეტად დამძიმდა, კვლავ ჰკითხა წმინდა დოროთემ: ”რა არის, დოსითე, შეგიძლია ლოცვა“?“ ნეტარმა დოსითემ მიუგო: „ჰო, მამაო, შენი ლოცვით ჯერ კიდევ ვლოცულობ”.

როცა იმდენად დამძიმდა, რომ საწოლშიც ვეღარ ინძრეოდა, მამა დოროთემ ჰკითსა: ",როგორ მიდის ლოცვა, დოსითე?“ მიუგო: "შემინდე, მამაო, აღარ შემიძლია ლოცვა“. წმინდა დოროთემ უთხრა: „შვილო, დაანებე ლოცვას თავი, მხოლოდ ღმერთი გახსოვდეს და თვალწინ გყავდეს“.

როცა ძლიერ გაუჭირდა, მამა დოროთეს უთხრა: ”თუ საჭიროდ მიგაჩნია, მამაო, უთხარი მამა ბარსანოფის, ღმერთს სთხოვოს, ამ ცხოვრებიდან გამიყვანოს, რადგან აღარ შემიძლია“. დოროთემ დიდ მამა ბარსანოფის უთხრა. მამა ბარსანოფიმ შეუთვალა: "მოითმინე, შვილო, ახლოსაა ღვთის წყალობა!“

რამდენიმე დღის შემდგომ კვლავ უთხრა მამა დოროთეს: "თუ გნებავს, მამაო, უთხარი წმინდა ბარსანოფის, რომ აღარ შემიძლია. ევედროს ღმერთს, წამიყვანოს!“ მაშინ წმინდა ბარსანოფიმ შეუთვალა: "ახლა კი, შვილო, წადი მშვიდობით, წარუდექ წმინდა სამებას და მეოხება გაგვიწიე!“

მაშინ მიაბარა თავისი წმინდა სული უფალს. მონასტრის ძმებმა გაიგეს დიდი ბერის სიტყვები, რომ უთხრა: წარუდექ წმინდა სამებას და მეოხება გაგვიწიეო. ძლიერ გაუკვირდათ. ზოგიერთმა თქვა: "რა ღვაწლს ეწეოდა ეს ძმა, ბერისგან ასეთი სიტყვების ღირსი რომ გახდა? ვხედავდით, არას მოღვაწეობდა, სხვა ძმების დარად არც ორ-ორი დღე მარხულობდა, არც ზარის დარეკვამდე იღვიძებდა, არცა სხვა რამ ღვაწლი გვიხილავს. [19]ზარების დარეკვის შემდეგ დგებოდა და ხშირად ორი კანონის შემდგომაც მოდიოდა ეკლესიაში. პურს ყოველდღე ჭამდა. თუ ავადმყოფებს ცოტა თევზი დარჩებოდათ, იმასაც ჭამდა. როგორღა გახდა ამ წმინდა და დიდი ბერის ასეთი სიტყვების ღირსი?“ მათ არ იცოდნენ მისი დიდი და უსიტყვო მორჩილების შესახებ.

მამა დოროთეს ხუმრობითაც რომ ეთქვა რამე, იგი სიმართლედ და მისი სულისთვის დიდად სასარგებლოდ მიიჩნევდა. ერთ დღეს წმინდა დოროთემ ხუმრობით უთხრა: "დოსითე, საწებელი გჭირდება“. მან სიმართლედ მიიღო, არაფერი უპასუხა, არ მინდა ან რატომ მეუბნები, საწებელი გჭირდებაო.

წმინდას იმდენად დაემორჩილებინა თავისი გონება, რომ წმინდა დოროთეს ნათქვამს საერთოდაც არ ჩაეძიებოდა ხოლმე, ყველაფერს ისე უყოყმანოდ და გამოუძიებლად ღებულობდა, თითქოს ღვთის პირიდან ესმოდა. როგორც კი წმინდა დოროთემ უთხრა, საწებელი მიიღეო, მყისვე გაემართა, გააკეთა საწებელი, მოიტანა და ბერს საკურთხებლად გაუწოდა. წმინდა დოროთეს ძლიერ გაუკვირდა მისი უსიტყვო მორჩილება, სარწმუნოება და სიწრფელე. "გიჟი ხარ და არ იცი, რას ავეთებ“, - უთხრა მას დოროთემ. ნეტარი დოსითე მაშინღა მიხვდა, ხუმრობით მითხრაო. მუხლი მოიდრიკა, წავიდა და ქვევით დადგა. ერთხელ ნეტარმა დოსითემ წმინდა დოროთეს წმინდა წერილის რომელიღაც სიტყვის განმარტება სთხოვა. ბერს არ უნდოდა, მას გაეგო იგი და უთხრა: "არ ვიცი, მამა სერიდოს ჰკითხე? მამა დოროთემ მამა სერიდოს ცალკე უთხრა: "თუ დოსითე რამე სიტყვის საკითხავად შენთან მოვა, ძალიან გაუბრაზდი“.

როცა დოსითე მამა სერიდოსთან მივიდა და იმ სიტყვის განმარტება სთხოვა, იგი მაშინვე განურისხდა და უთხრა: ”როგორ ბედავ ამის კითხვას და არ ზრუნავ შენი უწმინდურობისთვის?“ - ორჯერ გაარტყა სახეში და გამოუშვა.

ის კი მამა დოროთესთან მოვიდა და ცემისგან გაწითლებული ლოყა უჩვენა. არ უთქვამს, შენ რატომ არა მამხილე, ვიდრე იმასთან გამგზავნიდიო, არც დრტვინავდა, არამედ ყველაფერს [20]სიხარულითა და მადლობით ასრულებდა.

დიდი ნდობა ჰქონდა წმინდა დოროთესი. როცა თავის განზრახვაზე ჰკითხავდა, რასაც უბრძანებდა, ისე იღებდა, თითქოს დვთის პირიდან ესმოდა, არ ივიწყებდა და იმდენად იცავდა, რომ თავის ცხოვრებაში ერთსა და იმავე ზრახვაზე კითხვა ორჯერ არასდროს დაუსვამს ბერისთვის. როგორც ადრე ვახსენე, ბევრს ძალიან გაუკვირდა წმინდა ბარსანოფის სიტყვები: წადი, წარუდექ წმინდა სამებას და მეოხება გაგვიწიეო. ამბობდნენ: "რა ღვაწლი ჰქონდა? არ გვინახავს, დიდად რომ ემარხულა, ან ელოცა, ან მღვიძარებაში ყოფილიყო, არც ისეთი სიმამაცე ჰქონდა“.

ამიტომაც ინება დმერთმა და განაცხადა მისი დიდება, მორჩილების გამო რომ მოუმზადა, და ის მადლიც, წმინდა დოროთეს რომ ჰქონდა სულთა საცხონებლად, ვინც ასე სწრაფად აცხოვნა იგი და უცდომლად წარგზავნა ღვთის წინაშე.

მისი აღსრულებიდან გარკვეული ხნის შემდგომ ერთმა დიდმა ბერმა მოისურვა, მონასტრის გარდაცვლილი ძმები ეხილა. ღმერთს შეევედრა, ყველანი ეჩვენებინა. ერთად იხილა ყველა დიდ დიდებაში. მათ შორის ნახა ვინმე მშვენიერი ყმაწვილი დიდი პატივით, რომელსაც თავზე ბრწყინვალე და მეტად ძვირფასი გვირგვინი ედგა. ბერმა ვერ იცნო იგი. ანგელოზს, რომელმაც იქ მიიყვანა, ჰკითხა: ”უფალო, ჩვენი მონასტრის ყველა ამ მამას ვიცნობ, მაგრამ მიბრძანე, ვინ არის ეს გვირგვინოსანი ყმაწვილი, მათ შორის რომ დგას?“

ანგელოზმა უპასუხა: ,,ეს დოსითეა, ვინც მორჩილებისთვის იღვაწა და ქრისტესა და მოძდვრის სიყვარულისთვის მთელი თავისი ნება უარყო“. როცა ბერი ჩვენებისგან გამოერკვა, ეკლესიაში მივიდა და ყველაფერი მამებს მოახსენა. დიდად გაკვირვებულმა მამებმა მადლი შესწირეს დმერთს. ნახეთ, ძმებო, როგორი ცხოვრებიდან რა სიმაღლეს მიაღწია მან, და ხანმოკლე ღვაწლით უჭკნობი გვირგვინი და წარუვალი დიდება მიიღო ქრისტესგან, რადგან მორჩილება გამოიჩინა და სრულიად უარყო თავისი ნება ღვთისთვის, ვისიც არის სუფევა, ძალი და დიდება უკუნითი უეუნისამდე, ამინ.