† ამბა დოროთე

წერილები

[158]ძლიერ სნეული ძმის მიმართ, რომელსაც სხვადასხვა ცუდი აზრი აწუხებდა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იზრუნებდა მისი საჭიროებისათვის

უფალ იესო ქრისტეს სახელით, ჩემო ძმაო, არაფერი ვიქონიოთ მოყვასის საწინააღმდეგო, რადგან ყოველმხრივ ვალდებულნი ვართ, სიყვარულით ვძლიოთ და დავიფაროთ იგი. არავინ ეუბნება თავის მოყვასს: ”რატომ არ გიყვარვარ?“ თავად სიყვარულის ღირსი საქციელი სიყვარულისკენ იზიდავს მოყვასსაც. რაც შეეხება ხორციელ საჭიროებას, გეტყვი, რომ ვინც განსვენების ღირსია, ღმერთი სარაცინის გულსაც კი შთააგონებს, მოწყალება გაიღოს ამ უკანასკნელის საჭიროების შესაბამისად. და თუ ღირსი არ არის, ანუ მისთვის სასარგებლო არაა, სწავლის დროს მწუხარების, განსაცდელის ჟამს ნუგეშცემული იყოს, თუნდაც ასეთმა ახალი ცა და ახალი მიწა შექმნას, განსვენებას მაინც ვერ პოვებს. ხოლო შენ მიერ ნათქვამი, ძმებს ვამძიმებო, ცხადია, თავის მართლებაა, რადგან ვინც მოყვასს შეეწევა, ცხონების მსურველია და ღვთის მცნებებს ასრულებს, არ ეუბნება მოყვასს: ”მე შენ გამძიმებ“. ვისაც თავისი შემაწუხებელი (განმარისხებელი) სძულს, მას სიმშვიდე სძულს, და ვინც თავის განმანაწყენებლებს გაურბის, იგი ქრისტესმიერ განსვენებას გაურბის. კაცთმოყვარე ღმერთმა დაგვიფაროს თავისი მადლით, ჩემო შვილო, ყოველი წმინდანის ლოცვით, ამინ.