[152]სულიერი უგრძნობელობის ჟამს, ძმაო, სასარგებლოა საღმრთო წერილისა და ღმერთშემოსილი მამების ლმობიერების მომგვრელ სწავლებათა ხშირი კითხვა, გახსენება საღმრთო განკითხვის საშინელი დღისა, სხეულიდან სულის გასვლისა და მისი მოსალოდნელი შეხვედრისა საშინელ ბოროტ ძალებთან, ვისთან ერთადაც (სული) ბოროტებას სჩადიოდა ამ წუთიერ და ტკივილით სავსე ცხოვრებაში. ასევე (სასარგებლოა), გვახსოვდეს, რომ მოგვიხდება საშინელი მართლმსაჯულის, ქრისტეს წინაშე წარდგომა და პასუხისგება ღვთის, მისი ყოველი ანგელოზისა და საზოგადოდ ყოველი დაბადებულის წინაშე არამარტო საქმეთა, არამედ სიტყვებისა და გულის ზრახვების გამოც.
ხშირად უნდა ვიხსენებდეთ საშინელი მართლმსაჯულის მიერ გამოტანილ განაჩენს მათთვის, ვინც მის მარცხნივ დადგებიან: ”წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთა“ (მათ. 25.41). ასევე, კარგია, გვახსოვდეს ადამიანთა დიდი მწუხარება და განსაცდელნი, რათა, ამრიგად მაინც, უნებლიეთ ლმობიერი გახდეს სასტიკი და უგრძნობელი სული და განიცადოს თავისი ცოდვები.
ძმების სიყვარულში იმიტომ იჩენ უძლურებას, რომ მოყვასის შესახებ საეჭვო აზრებს ღებულობ და შენს გულს ენდობი. ეს კიდევ იმიტომ გემართება, რომ არაფრის მოთმენა არ გსურს, რაც შენი ნების საწინააღმდეგოა. ამრიგად, უპირველეს ყოვლისა, ვალდებული ხარ, ღვთის შეწევნით არ ირწმუნო საკუთარი განზრახვები, მთელი ძალისხმევით შეეცადო, ძმების წინაშე თავი [153]დაიმდაბლო და მთელი სულისკვეთებით უარყო საკუთარი ნება. თუ ვინმე შეგაწუხებს ან გაწყენინებს, წმინდა მამების სიტყვისამებრ, ილოცე მისთვის, როგორც შენთვის დიდი სარგებლობის მომტანისა და გემოთმოყვარეობისგან განმკურნებლისათვის. ამით მრისხანება გაგინელდება, რადგან წმინდა მამების თანახმად: ”სიყვარული აღვირია მრისხანებისთვის“. უპირველეს ყოვლისა, ღმერთს ევედრე, გაგხადოს ყურადღებიანი და მოგცეს გონიერება, რათა მიხვდე, ”რაჲ-იგი არს ნებაჲ ღმრთისაჲ, კეთილი, სათნოჲ და სრული“ (რომ. 12.2). ითხოვე ძალაც, რათა მზადყოფნაში იყო ყოველი კეთილი საქმისთვის, რამეთუ მას შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.