† ამბა დოროთე

წმინდა მამა დოროთეს სწავლანი მოწაფეებისათვის, რაჟამს იგი მამა სერიდოს მონასტრიდან წავიდა და ღვთის ნებით თავისი მონასტერი ააშენა წინასწარმეტყველად წოდებული მამა იოანეს გარდაცვალებისა და ჩვენი წმინდა მამის, ბარსანოფის სრულიად დადუმების შემდგომ

სწავლა მეცხრე

მისი თქმული, ტყუილის შესახებ

[87]ძმებო, მსურს, მცირე რამ ტყუილის შესახებ გითხრათ, რადგან, ვხედავ, ენის დაცვას არ ცდილობთ და ამის გამო დიდ ბოროტებაში ეხვევით. ნახეთ, ჩემო ძმებო, ყოველ საქმეში ჩვეულებაა, კეთილშიც და ბოროტშიც. უნდა ვიბრძოლოთ, ტყუილმა არ გაგვიტაცოს, რადგან ღმერთს ვერც ერთი მატყუარა ვერ მიუახლოვდება.

დაწერილია, ტყუილი ეშმაკისგან არისო. ასევე დაწერილია: „მამაჲცა მისი მტყუვარი არს“ (იოან. 8.44). აი, ტყუილის მამად ეშმაკს ასახელებს, ჭეშმარიტება კი ღმერთია, რადგან ამბობს: „მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხოვრებაჲ“ (იოან. 14.6). ხედავთ, ვის ვშორდებით ან ვის ვუერთდებით ტყუილით? - ცხადია, ეშმაკს.

თუ ცხონება მართლა გვსურს, მთელი ძალისხმევით უნდა ვუფრთხოდეთ ტყუილს და მივდიოთ სიმართლეს, ჭეშმარიტ ცხონებას რომ არ მოვაკლდეთ. ტყუილი სამგვარია: არსებობს ტყუილი გონებით, სიტყვითა და საქმით. გონებითია, როცა ვინმესთან მოსაუბრე კაცის დანახვისას მავანი იჯერებს აზრს და ამბობს: ჩემ შესახებ ლაპარაკობენო. თუ მოსაუბრეები ლაპარაკს წყვეტენ, ამბობს: ჩემ გამო შეწყვიტესო ლაპარაკი. თუ ვინმე რამეს იტყვის, ამბობს: ჩემ საწყენად თქვა. და ასე, რასაც დაინახავს, იგონებს, ჩემ გამო გააკეთესო. ეს არის გონებითი ტყუილი, რადგან ნამდვილს არაფერს ფიქრობს.

აქედან მოდის მოყვასის განკითხვა, დაყურადება, შფოთი, ძვირის თქმა. მაგრამ ისე არ არის, როგორც მან გაიფიქრა და შემდეგ იწყებს დაჯერებას, სიკეთის საბაბით ცდება და ამბობს: „იქნებ, ჩემ შესახებ ცუდს ამბობენ? თუ მეცოდინება, თავს ვიმართლებ“. როგორ შეიძლება ეს? - პირველად ტყუილით შეთხზა აზრები, რაც არ იცოდა, გამოიგონა. როგორ შეიძლება, „ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად?“ (მათ. 7.18). თუ ბორო[88]ტებისგან გამართლება სურს, კი არ უნდა აღშფოთდეს, როცა ძმა ეუბნება, ამას ნუ აკეთებ ან ეს კარგად არ გაგიკეთებიაო, არამედ მუხლი მოუდრიკოს და მადლობა უთხრას. როცა ღმერთი მის ამგვარ გულმოდგინებას იხილავს, არ დაუშვებს, ცოდვაში ჩავარდეს, არამედ მოუვლენს კაცს, ვინც უმჯობესს ეტყვის. თუ იფიქრებს, აზრს იმისთვის ვიჯერებ, რათა ბოროტებას ვერიდოო, ეს ეშმაკის ხრიკია ჩვენდა საცდუნებლად.

მონასტერში ყოფნისას აზრი მაცდუნებდა, თითქოს შეხედვით ვგებულობდი ადამიანის მდგომარეობას. ასეთი შემთხვევა მქონდა: ერთხელ ვიდექი და დავინახე, ვიღაც ქალი მოდიოდა და კოკით წყალი მოჰქონდა. არ ვიცი, როგორ გამიტაცა გონებამ და თვალებში შევხედე. გავიფიქრე, მეძავია-მეთქი. ეს რომ გავიფიქრე, ძალიან შევწუხდი და ბერს, მამა იოანეს ვუთხარი: „მამაო, თუ ვინმეს საქციელს ვუყურებ და გავიფიქრებ, ეს კაცი ასეთია-მეთქი, სწორია?“ ბერმა მიპასუსა: „არ დაიჯერო აზრი, რადგან მრუდე ჩვეულება სიმართლესაც გაამრუდებს. აზრები მატყუარაა და მავნებელი“. ამის შემდეგ აზრმა მზის შესახებაც რომ მითხრას, მზე არისო, ან ღამეზე - ღამეაო, არ ვიჯერებ. ჩვენში დაყოვნებული ზრახვები იმდენად ცუდია, იმდენად გვძლევს, რომ არარსებულ საქმეს მოგვაჩვენებს ხოლმე. გიამბობთ ამბავს, თავად რომ მიხილავს.

მონასტერში როცა გახლდით, იქ ერთი ძმა იყო, რომელსაც ეს ვნება ძლიერ დაუფლებოდა. ისე ირწმუნებოდა ხოლმე, ვერაფრით დააჯერებდით, რომ საქმე ისე არ იყო, როგორც ფიქრობდა. დროთა განმავლობაში ბოროტება იზრდებოდა. ერთ დღეს სათვალთვალოდ და ყურის მისაგდებად ბაღში შევიდა, რათა ენახა, რამე ცუდს ხომ არ აკეთებდა ვინმე. ნახა, თითქოს ერთი ძმა ლეღვს ჭამდა. არადა პარასკევი იყო, ორი საათი... ჩუმად წამოვიდა იქიდან. როცა საზიარებლად გაემართნენ, თვალს ადევნებდა, რომ დაენახა, ეზიარებოდა თუ არა ის ძმა. ნახა, ხელებს იბანდა, რათა შესულიყო და ზიარებულიყო, დაუყოვნებლივ წავიდა და მამასახლისს მოახსენა: „ნახე, როგორ უნდა ეზიაროს ეს ძმა?! დავინახე, დღეს ბაღში ლეღვს იპარვიდა და ჭამდა“. როცა ის [89]ძმა დიდი ლმობიერებით გაემართა საზიარებლად (ძალიან სულიერი იყო), მღვდელთან მისვლამდე მამასახლისმა მიიხმო, ცალკე გაიყვანა და ჰკითხა: „მითხარი, ძმაო, რა გააკეთე დღეს“?“ „სად, მამაო?“ - უთხრა მან. „ბაღში რომ შეხვედი, რა გააკეთე?“ - ჰკითხა მამამ. ამ სიტყვებით გაკვირვებულმა (ძმამ) უპასუხა: „მამაო, დღეს არც ბაღი მინახავს და არც იქ ვყოფილვარ. ახლაღა მოვედი გზიდან: ეკლესიიდან რომ გამოვედით, მნემ რაღაც საქმეზე გამგზავნა. ეს კი მრავალი მილით შორს იყო“. მამასახლისმა მნეს დაუძახა და ჰკითხა: „დღეს სად გაგზავნე ეს ძმა?“ მანაც იგივე თქვა, რაც ძმამ, მოუდრიკა მუხლი და უთხრა: „შემინდე, მამაო, ცოტათი ისვენებდით, ამიტომ თავი შევიკავე და კურთხევის ასაღებად აღარ მოგიყვანეთ“.

როცა მამა დარწმუნდა, ლოცვით გაუშვა საზიარებლად. დაუძახა იმ ძმას, სინანულის წესი დაუდგინა და ზიარებისგან განაყენა. ეს არ იკმარა, ყველას წინაშე ამხილა და ცრემლებით ასწავლიდა მათ.

ასე სამგვარი სარგებლობის მიზნით მოიქცა: პირველი - რათა ეშმაკი შეერცხვინა, ვინც ეს მოაფიქრა მას. მეორე - რათა ამ სირცხვილით ძმას ის ცოდვა მიტევებოდა და ამიერიდან ღმერთი შესწეოდა. და მესამე - რათა ძმებს სარგებელი ენახათ და ამ ვნებას მორიდებოდნენ.

ბევრს გვმოძღვრავდა ჩვენც და ძმასაც. ამბობდა, რომ ზრახვებზე უფრო მძიმე არაფერია, და ამ ამბიდან გამომდინარე მიგვითითებდა. მრავალი სხვა მაგალითიც მოიყვანა, რათა აზრებს არ მივნდობოდით. მთელი ჩვენი ძალისხმევით ვეცადოთ, ძმებო, არ ვირწმუნოთ აზრები, რადგან მასავით არაფერი განაშორებს კაცს საკუთარ ცოდვებზე ზრუნვისგან. იმ საქმეებს იკვლევს, მისთვის რომ უსარგებლოა. ამით არაფერი სიკეთე გამოვა, მხოლოდ შფოთი და წყენა. ამით ღვთის შიშს ვერ მოვიპოვებთ.

ბოროტი აზრიც რომ გვქონდეს, კეთილად ვაქციოთ, რადგან ეჭვი ცუდია და ძლიერ ვნებს სულს, და ეს არის ბუნებრივი ტყუილი.

[90]ხოლო სიტყვით ტყუილი ის არის, როცა კაცს სალოცავად ადგომა ეზარება, და კი არ ამბობს: „მაპატიე, სიზარმაცის გამო ვერ ვდგები“, არამედ ათას რამეს იტყვის, რათა არ დამდაბლდეს და ერთხელ არ მოიდრიკოს მუხლი. ასევე, როცა რამეს აბრალებენ, მყისვე თავის გამოსარჩლებასა და თავის მართლებას იწყებს: შენ თქვი, შენ გააკეთე, და არა მეო.

ბევრს ილაპარაკებს, რომ არ დამდაბლდეს. ასევე, თუ რამე სურს, კი არ იტყვის, ეს მინდაო, არამედ სიტყვების ღვლარჭნას იწყებს: „ესა მჭირს, ისა მჭირს, და ეს მინდა“, სანამ თავის სურვილს არ აისრულებს.

ყველა ცოდვა გემოთმოყვარეობიდან, ვერცხლისმოყვარეობიდან ან დიდებისმოყვარეობიდან მომდინარეობს. ტყუილის მიზეზიც ეს სამია. კაცი ან იმისთვის იტყუება, რომ არ დაადანაშაულონ და არ დამცირდეს, ან რათა თავისი ნება აისრულოს, ან რათა ამით რამე შეიძინოს. მას არაფერი დაეჯერება. სიმართლეც რომ თქვას, საეჭვოდ მიაჩნიათ.

როცა საქმე ისეთია, რომ თუ არ დაფარა, უფრო მეტი შფოთი და წყენა შეიქმნება, მაშინ საჭიროს ნაცვლად ტყუილი თქვას, რათა მეტი ბოროტება არ მოხდეს, როგორც მამა ალონმა უთხრა მამა აღათონს: „აი, შენ წინაშე ორმა კაცმა ადამიანი მოკლა. ერთი წავიდა და შენს სენაკში დაიმალა. მსაჯული ეძებს მას. გეკითხებიან: „სად წავიდა ის კაცი?“ თუ შენ არ დამალავ, იმ კაცს სასიკვდილოდ სწირავ. როცა ამგვარი საჭიროება შეიქმნება, არც მაშინ უნდა იყოს კაცი უზრუნველი, არამედ ღმერთს ცრემლებით უნდა ევედროს და ის ჟამი განსაცდელის ჟამად მიიჩნიოს.

მაგრამ ხშირად არც ასე უნდა მოიქცნენ, რადგან, როგორც სასაქმებლისა და გამხსნელი წამლის ხშირად მიღებით ევნებათ ხოლმე, ხოლო რამე საჭიროების გამო წელიწადში ერთხელ მიღებით მეტად ირგებენ, ისეა ეს საქმეც - საჭიროების დროს შიშითა და ძრწოლით თქვას ტყუილი, რათა ღმერთს თავისი გულმოდგინებაც უჩვენოს და ის ჭირიც, და იგი დაიცავს მას. თუ არადა, ამითაც ევნება.

[91]აი, ვთქვით, რა არის გონებითი ტყუილი თუ სიტყვიერი ტყუილი. ახლა ვთქვათ, რა არის საკუთარი ცხოვრებით ტყუილი. ზოგიერთი კაცი მრუშია და მმარხველად აჩვენებს თავს. ან არის ანგარებიანი და მოწყალებას ასწავლის, ან ამპარტავანია და სიმდაბლე აკვირვებს. მაგრამ ამ სათნოების საქებრად კი არ უკვირს. ამგვარი აზრით რომ ამბობდეს, ჯერ თავის უძლურებას აღიარებდა და იტყოდა: „ვაიმე, უბადრუკს, რადგან ყოველგვარ სიკეთეს მოკლებული ვარ“, შემდეგღა შეაქებდა ამ სათნოებას. მაგრამ სათნოებას ამისთვის არ აქებს. ამ უკანასკნელს კრძალვა მართებდა, რათა არავინ დაებრკოლებინა.

უნდა ეთქვა: „თუმცა უკეთური ვარ, სხვას მაინც არ ვავნებ“. მართალია, თავად სცოდავს, მაგრამ თავის დადანაშაულება თავმდაბლობაა და კარგია, რადგან მოყვასის მორიდება ლმობიერებაა. მაგრამ არც ერთი ასეთი მიზნით კი არ აქებს სათნოებას, არამედ იმისთვის, რომ თავისი სირცხვილი დაფაროს. ამიტომ იმოსება სათნოების ნიღბით და მის შესახებ ლაპარაკობს, ან იმისთვის, რომ ვინმეს ავნოს. ვერანაირი ბოროტება, ვერც მწვალებლები, ვერც თავად ეშმაკი აცთუნებს ვინმეს, თუ სათნოების ნიღბით არ შეიმოსა. როგორც მოციქული ამბობს: „რამეთუ თჳთ იგიცა ეშმაკი იცვალისვე ანგელოზად ნათლისა. არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ, ვითარცა მსახურნი სიმართლისანი“ (2 კორ. 11.14-15). ასევე, მატყუარაც ან სირცხვილის შიშით აქებს სათნოებას, ან ვინმეს ცდუნება სურს და ამისთვის აქებს სათნოებას, თითქოს თავად მოიმოქმედა იგი. ესაა, ვინც მთელი თავისი ცხოვრებით იტყუება.

იგი უბრალო ადამიანი არ არის, არამედ ორსახეა, რადგან სხვაა შინაგანად და სხვა - გარეგნულად. ორსახეა მისი ცხოვრებაც და ორივე მცდარი. აი, ვთქვით ტყუილის შესახებ, რომ ეშმაკისგან არის. ვთქვით ჭეშმარიტების შესახებაც, რომ ჭეშმარიტება არის ღმერთი. ახლა კი, ძმებო, ვერიდოთ ტყუილს, რათა ეშმაკის ნაწილს განვერიდოთ და გავითავისოთ ჭეშმარიტება, რათა მივუახლოვდეთ მას, ვინც თქვა: „მე ვარ ჭეშმარიტებაჲ“ (იოან. 14.6). ღმერთმა ღირსი გაგვხადოს თავისი ჭეშმარიტებისა, ამინ.