† ამბა დოროთე

წმინდა მამა დოროთეს სწავლანი მოწაფეებისათვის, რაჟამს იგი მამა სერიდოს მონასტრიდან წავიდა და ღვთის ნებით თავისი მონასტერი ააშენა წინასწარმეტყველად წოდებული მამა იოანეს გარდაცვალებისა და ჩვენი წმინდა მამის, ბარსანოფის სრულიად დადუმების შემდგომ

სწავლა მერვე

ღვარძლიანობის შესახებ

[82]ვინმე ბერმა თქვა, რომ მონაზვნისთვის უცხოა რისხვა თუ სხვისი შეწუხება. ასევე დაწერილია: „ვინც გულისწყრომას სძლევს, ის ეშმაკს ამარცხებს, ხოლო ვინც ამ ვნებას ემონება, იგი სრულიად უცხოა მონაზონთა წესისგან“, და ა.შ. რაღა ვთქვათ ჩვენ, საწყლებმა, რომლებიც არა მარტო რისხვითა და გულისწყრომით ვიძლევით, არამედ ძვირსაც ვიმახსოვრებთ? სათქმელი არაფერი გვაქვს, ჩვენს საწყალ სულსა და კაცის ბუნებისთვის უცხო ამ ჩვენს ცხოვრებას უნდა დავტიროდეთ.

ძმებო, ვეცადოთ და ვიფხიზლოთ, რათა ამ ბოროტ ვნებას განვერიდოთ. ხშირად, როცა ერთმანეთს განრისხებიან და მუხლი მოუდრეკიათ, შენდობის შემდგომაც იმახსოვრებენ ძვირს. ასეთებს მოღვაწეობა მართებთ, რათა ძვირი გულში არ ჩარჩეთ და არ დაიღუპონ. ღვთის მცნების გამო ერთმანეთს მუხლი მოუდრიკეს და იმჟამინდელი რისხვა დააცხრეს, მაგრამ ღვარძლიანობისთვის არ იღვაწეს და ამიტომ ერთმანეთის ძვირი გულში დარჩათ.

სხვაა ღვარძლიანობა და სხვა - მრისხანება, სხვაა გულისწყრომა და სხვა - შფოთი. გეტყვით მაგალითს, რათა მას ერიდოთ. ვინც ცეცხლს ანთებს, ჯერ პატარა ნაკვერცხალი აქვს. ეს არის ძმის მიმართ ნათქვამი საწყენი სიტყვა. თუ მოისურვებ, მოთმინებით ჩააქრობ.

თუ ფიქრს გააგრძელებ: რატომ მითხრა ასეთი რამ, მეც ვეტყვი საწყენ სიტყვასო, ამგვარი ფიქრით შეშას უმატებ ან სხვა რამეს და კვამლს ადენ. კვამლში შფოთს ვგულისხმობ. შფოთი არის მოყვასზე გაბრაზება და ფიქრებით ზრახვა, რაც გულს აშფოთებს და აფიცხებს.

სიფიცხე არის გამნაწყენებლისთვის სამაგიეროს მიგების [83]მცდელობა, რისგანაც მომდინარეობს კადნიერება. როგორც წმინდა მარკოზი ამბობს: „გულში ნაწრთობი სიბოროტე გულს აფიცხებს. რაჟამს ლოცვითა და სასოებით ჩაქრება, მაშინ გული შეიმუსრება“. შენი ძმის მცირე ნათქვამი რომ მოგეთმინა, შფოთის შექმნამდე ნაკვერცხალს ჩააქრობდი. მაგრამ თუ მოინდომებ, მასაც ჩააქრობ დუმილით, ლოცვითა და თუ გულით ერთხელ მოუდრეკ მუხლს.

თუ კვამლის გაჩაღებას დაიწყებ, რაც არის გულის სიფიცხე, შემდეგ, როგორც ვთქვი, აზრების ჭიდილით გული გახურდება და გულისწყრომა აგიზგიზდება.

გულისწყრომა არის გულში სისხლის ადუღება, როგორც წმინდა ბასილი ამბობს. აი, ესაა გულისწყრომა, რომელსაც მწარედ გაფიცხება ეწოდება. მისი ჩაქრობაც შესაძლებელია.

მაგრამ თუ შფოთსა და გულისწყრომას გააგრძელებ მსგავსად იმისა, ვინც შეშას უკეთებს და ცეცხლს უფრო და უფრო აჩაღებს, შემდეგ წარმოიქმნება ნაკვერცხალი, რომელიც არის მრისხანება. ამაზე ლაპარაკობდა მამა ზოსიმე, როცა ჰკითხეს, ნათქვამი რას ნიშნავდა: „სადაც გულისწყრომა არ არის, იქ შფოთი ცხრება“. როგორც აღვნიშნე, ვიდრე კვამლი გაჩაღებას დაიწყებს, თუ ვინმე დაასწრებს და თავის თავზე აიღებს ბრალს, სანამ გულისწყრომა აგიზგიზდება, მშვიდობას ამყარებს.

თუ გულისწყრომის შემდგომ არ ცხრება, არამედ შფოთავს და ფიცხობს, იგი იმას ემსგავსება, ვინც ცეცხლს მანამ უკეთებს შეშას, სანამ დიდი ნავვერცხლები არ წარმოიქმნება.

ნაკვერცხალი ნახშირდება და დიდხანს ინახება. წყალიც რომ დაასხან, არ დალპება. მსგავსადვე, გახანგრძლივებული რისხვა ღვარძლიანობად იქცევა, და თუ კაცმა სისხლი არ დაღვარა, ამ ვნებას ვერ განერიდება.

აი, გითხარით ყოველი განსხვავება. გეტყვით, რა არის საწყისი შფოთი ან რა არის გულისწყრომა, რისხვა და ღვარძლიანობა. ნახეთ, ერთი სიტყვით, რამოდენა ბოროტებამდე მივიდა. თავიდანვე რომ თავი დაედანაშაულებინა, თავისი ძმის ნათქვამი მოეთმინა, [84]თავი არ ემართლებინა და ერთი სიტყვის სანაცვლოდ ხუთი ან ათი არ ეპასუხა, ამოდენა ბოროტებაში არ გაეხვეოდა. ამიტომ გეუბნებით, ებრძოლეთ ვნებებს, ვიდრე ჩვილნი არიან, რათა არ გაიზარდონ და შემდეგ არ გაწვალდეთ, რადგან სხვაა მცირე ბალახის ამოთხრა და სხვა - დიდი ხისა. მაკვირვებს, რომ არ ვიცით, რას ვლოცულობთ, რადგან ვამბობთ: „ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, გან-სამე-უკუე-ვვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი“ (ფსალმ. 7.5). რას ნიშნავს მტრებისგან "განვრდომა?“ - როცა კაცი დგას, მტერთან ბრძოლა შეუძლია, და თუნდაც ზოგჯერ იმარჯვებდეს, ზოგჯერ კი მარცხდებოდეს, მაინც დგას. მაგრამ თუ დაეცა, მტერს ვეღარ შეებრძოლება.

ჩვენ კი არა მარტო იმისთვის ვლოცულობთ, რომ არ დავეცეთ, არამედ იმისთვისაც, რომ ცუდად არ დავეცეთ. რას ნიშნავს, მტერმა ცუდად დაგვცეს? აღვნიშნეთ, რომ დაცემაა, როცა მტერს წინააღმდეგობას ვეღარ უწევენ, ხოლო ცუდად დაცემა ისაა, როცა არ გააჩნიათ სიკეთე, რითაც კვლავ წამოდგომას შეძლებენ.

ვინც წამოდგება, მას კვლავ ძალუმს თავის თავზე ზრუნვა. ასევე ვამბობთ: „დევნოს სამე მტერმან სული ჩემი და ეწიოს“ (ფსალმ. 7.6). არა მარტო გვდევნოს, არამედ დაგვეწიოს კიდეც, რათა მის ფეხქვეშ აღმოვჩნდეთ და ჩვენზე ძალაუფლება ჰქონდეს, თუ ჩვენს ბოროტისმყოფელთ ბოროტებას მივაგებთ. არა მარტო ამას ვლოცულობთ, არამედ ვამბობთ: „დათრგუნოს ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი“ (ფსალმ. 7.6). რა არის ჩვენი ცხოვრება? ჩვენი ცხოვრება არის სათნოებები. ვლოცულობთ, რომ ჩვენი ცხოვრება ქვეყნად დაითრგუნოს, რათა ჩვენი გონება და ცხოვრება ქვეყნად დაემკვიდროს და „დიდებაჲ ჩემი მიწასა შინა დაამკჳდროს“ (ფსალმ. 7.6).

რა არის ჩვენი დიდება? ჩვენი დიდება არის გონიერება, რომელიც მცნებების დაცვით მოდის. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი დიდება, როგორც მოციქული აღნიშნავს, ჩვენს სირცხვილად იქცეს, ჩვენი ცხოვრება და დიდება მიწაზე დაითრგუნოს, რათა საღვთოს ვეღარაფერს ვიგონებდეთ, არამედ მხოლოდ ხორციელს, [85]როგორც დაწერილია: „არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳის მათისა ჴორც“ (დაბ. 6.3). აი, ყოეელივე ამას ვლოცულობთ, ჩვენს თავს ვწყევლით, თუ ბოროტების წილ ბოროტებას მივაგებთ.

როგორ მივაგებთ ბოროტებას ბოროტების წილ და ვერ ვხვდებით? - ბოროტების მიგება არა მარტო საქმით ხდება, არამედ სიტყვითაც და სახითაც. ზოგიერთს ჰგონია, საქმით არ მიაგებს ბოროტებას, მაგრამ სიტყვით, ან სახით, ან შეხედვით მიაგებს. შეხედვითაც შეიძლება მოყვასის დაბრკოლება. ესეც ბოროტების მიგებაა. ზოგიერთი კაცი არც საქმით, არც სიტყვით, არც სახით მიაგებს ბოროტს, მაგრამ გულში აქვს მისი ძვირი.

ზოგიერთს არც გულში აქვს ძვირი, მაგრამ თუ მასზე ცუდს გაიგებს, უხარია. ესეც გულში ბოროტების მიგებაა.

სხვას არც ძვირი აქვს გულში, არც ვინმეს ბოროტი უხარია, მაგრამ გულს აკლია და მისი სიკეთე არ სურს. ესეც, დანარჩენებთან შედარებით მსუბუქი, მაგრამ მაინც გულღრძოობაა. ზოგიერთს ძმის სიკეთე უხარია და ყოველ ღონეს მიმართავს მის პატივსაცემად და სადიდებლად.

როგორც ადრე ვთქვით, სხვაა, როცა ერთმანეთის მიმართ ბრკოლდებიან, მუხლს უდრეკენ და იმჟამინდელ რისხვას კურნავენ, მაგრამ ღვარძლიანობაზე არ ზრუნავენ და გულში იტოვებენ ძვირს. ზოგიერთი, როცა ვინმეს მიმართ ბრკოლდება და ერთმანეთს პატიებას სთხოვენ, მშვიდობას იცავს და გულში ძვირს არ იტოვებს; მაგრამ თუ რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დაბრკოლდებიან, მყისვე იხსენებს პირველსაც და არა მარტო მეორის, არამედ პირველის გამოც ბრაზდება. იგი ისეთ კაცს ჰგავს, ვისაც რამე წყლული ჰქონდა, განიკურნა, მაგრამ ჯერ კიდევ მოუშუშებელი იყო ის ადგილი და თუ რამე შეემთხვა, მეყვსეულად მთელ სხეულზე უფრო მეტად ასტკივდება.

ამასაც ჰქონდა წყლული და სინანულით განიკურნა, როგორც პირველი - მრისხანებისგან. მაგრამ ღვარძლიანობა შეებრძოლა. რაკი ძვირი არ ჰქონდა გულში და ჯერჯერობით სრულად [86]განკურნებული არ იყო, არამედ ღვარძლიანობის ნაშთი მცირეოდენ დარჩენოდა, ამიტომ სწრაფად განუახლდა მთელი წყლული. ასეთს მოღვაწეობა მართებს წყლულის ბოლომდე განსაკურნებლად, რათა ის ადგილი შეუხორცდეს და საერთოდ არც შეიმჩნეოდეს, წყლული თუ იყო იმ ადგილას.

ამას გამნაწყენებლისთვის ლოცვით მიაღწევს, უნდა თქვას: „ღმერთო, შეეწიე ჩემს ძმასაც და მეც, დამიცავი მისი ლოცვით!“ ეს არის ლმობიერება და სიყვარული მისი მხრიდან, რადგან თავის ძმაზე ლოცულობს და მისი ლოცვით თავმდაბლად ითხოვს ღვთისგან 'შეწევნას. სადაც ლმობიერება, სიყვარული და თავმდაბლობაა, იქ უძლურია გულისწყრომა, ღვარძლიანობა, სხვა რამე ვნება, როგორც მამა ზოსიმემ თქვა: „თუნდაც ეშმაკმა მთელი თავისი უკეთურების მანქანება აამოქმედოს ყველა ეშმაკთან ერთად, ყოველივე დაუძლურდება და შეიმუსრება ქრისტეს მცნების თანახმად გაწეული თავმდაბლობით“. ასევე დაწერილია: „ვინც თავის მტრებზე ლოცულობს, ის ძვირს არ იმახსოვრებს“.

აკეთეთ და კარგად გააცნობიერეთ, რა სიკეთეც გესმით. თუ საქმით არ გააკეთებთ, სიტყვით ვერაფერ სიკეთეს ვერ ისწავლით. განა არსებობს ისეთი კაცი, ვინც რამე ხელობას სწავლობს და მხოლოდ სიტყვით დაუფლებია მას? ჯერ ირჯება, წვალობს, ზოგიერთს აკეთებს, ზოგიერთს აფუჭებს. როცა ასე წვალობენ, ღმერთიც შეეწევა, და სწავლობს. ხელოვნებათა ხელოვნების სწავლას კი სიტყვით ვლამობთ. როგორ მოხდება ეს? გავფრთხილდეთ, ძმებო, გულმოდგინედ ვაკეთოთ სიკეთე, სანამ დრო გვაქვს. ღმერთმა მოგვმადლოს, დავიცვათ, რა სიკეთეც გვესმის, რათა განკითხვის დღეს სასჯელად არ გვექცეს.