† ამბა დოროთე

წმინდა მამა დოროთეს სწავლანი მოწაფეებისათვის, რაჟამს იგი მამა სერიდოს მონასტრიდან წავიდა და ღვთის ნებით თავისი მონასტერი ააშენა წინასწარმეტყველად წოდებული მამა იოანეს გარდაცვალებისა და ჩვენი წმინდა მამის, ბარსანოფის სრულიად დადუმების შემდგომ

სწავლა მესამე

სინდისის შესახებ

[45]ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, მასში დათესა წმინდა, ნაკვერცხალივით მხურვალე და ნათელი გულისსიტყვა, რომელიც გონებას ანათებს და ბოროტს კეთილისაგან განარჩევინებს. ამიტომ ეწოდება მას სინდისი, რაც არის ბუნებრივი რჯული. მამები მის შესახებ ამბობენ: ჭები, რომლებსაც თხრიდა იაკობი და რომლებსაც ავსებდნენ ფილისტიმელები (შდრ. დაბ. 26.15). ყველა მამამთავარი და წმინდანი ამ რჯულით, ანუ სინდისით, სათნო ეყო ღმერთს, ვიდრე რჯული დაიწერებოდა.

როცა ადამიანმა სინდისი მცნების დარღვევითა და ცოდვის ჩადენით დათრგუნა, მაშინ განსაკურნებლად დაგვჭირდა დაწერილი რჯული, წმინდა წინასწარმეტყველთა თქმანი, დაგვჭირდა თვით ჩვენი უფლის მოსლვა, რათა მისი წმინდა მცნებების დაცვით გაებრწყინებინა, აღედგინა და გაეცხოველებინა ის დათრგუნული ნაკვერცხალი, ანუ სინდისი. ახლა იგი ჩვენშია, თუ გვინდა, ისევ დავთრგუნავთ და, თუ გვინდა, მოვუსმენთ, და ისიც გაბრწყინდება და გაგვანათლებს. როცა სინდისი გვეუბნება, ასე მოიქეცი, მაგრამ ჩვენ არ ვუსმენთ, როცა კვლავ გვეუბნება და ჩვენ უგულებელვყოფთ, შემდგომში ის ითრგუნება და აღარ შეუძლია ჩვენი მხილება სიმძიმის გამო, ზედ რომ ადევს, ბუნდოვნად გვინათებს ჭიქაში ანთებული სანთელივით და მოვლენებს გარკვევით არ გვიჩვენებს. როგორც ამღვრეულ წყალში ვერავინ ხედავს თავის გამოსახულებას, ისე ვართ ჩვენც - აღარ გვესმის, რას გვეუბნება სინდისი, ისეთ სიბნელეს ვყავართ მოცული, აღარც კი გვგონია, ჩვენთან თუ არის.

არ არსებობს კაცი, ვისთანაც იგი არ იყოს, რადგან, როგორც ვთქვი, იგი წმინდაა, არასდროს ქრება, და მუდამ კეთილს გვეუბნება. ჩვენ კი, როგორც აღვნიშნე, ჩვენი უგუნურობით აღარ გვესმის, [46]რადგან დაგვითრგუნავს იგი.

წინასწარმეტყველი ამიტომ გლოვობდა ეფრემს და ამბობდა: ”ჰმძლავრა ეფრემმან მოსაჯულსა მისსა, დათრგუნა მსჯავრი“ (ოსია 5.11). სინდისს მოწინააღმდეგე უწოდა. სახარება მის შესახებ ამბობს: ”იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა, და მსაჯულმან მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე. ამინ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი“ (მათ. 5.25-26). რატომ უწოდა სინდისს მოწინააღმდეგე? მოწინააღმდეგე იმიტომ ჰქვია, რომ ნიადაგ წინ აღუდგება ჩვენს ბოროტ ნებას და გვამხელს.

რაკი რისი კეთებაც გვმართებს, არ ვაკეთებთ, და რისი კეთებაც არ გვმართებს, ვაკეთებთ, ის წინააღმდეგობას გვიწევს და ამის გამო ეწოდება მოწინააღმდეგე. ამიტომ გვიბრძანებს უფალი და ამბობს: ”იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა“. გზა, წმინდა ბასილის თანახმად, წუთისოფელია. ძმებო, ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი სინდისი, სანამ ამ წუთისოფელში ვართ. არ დავუშვათ, რამე საქმის გამო გვამხილოს, არც რამეში დავთრგუნოთ, თუნდაც უმნიშვნელო საქმეში. იცოდეთ, ამ უმნიშვნელოდან, ჩვენ რომ არაფრად მიგვაჩნია, დიდამდეც მივალთ. როცა კაცი ამბობს: არაფერია, ამას თუ ვიტყვი, ან ცოტას შევჭამ, ან რა მოხდება, იმას თუ შევხედავ... ამით კაცი ცუდ ჩვეულებას იძენს, შემდეგ დიდი საქმეების უგულებელყოფასაც იწყებს და სინდისს იხშობს.

როცა ასე აგრძელებენ, ცოდვებსა და სრულ უგუნურებაში დაინთქმებიან. ამიტომ, ძმებო, გევედრებით, ნუ ვიქნებით დაუდევრები მცირედში, რომელიც მცირე არ არის, პირიქით, მძიმე რამ არის ცუდი ჩვეულება. ფრთხილად ვიყოთ, ძმებო და ვიდრე მსუბუქია, ცოდვას ვებრძოლოთ, რათა არ დამძიმდეს. სათნოებაც და ცოდვაც მცირედან იწყება და დიდი ხდება. ამასთან დაკავშირებით ჩვენი უფალი მცნებად გვაძლევს, დავიცვათ სინდისი, და თითქოს პირდაპირ მიმართავს ვინმეს, [47]ისე ამბობს: იხილე, უბადრუკო, ”იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა“. საშიშროებაზეც მიგვითითებს და ამბობს: ”ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა, და მსაჯულმან მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე. ამინ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი“. როგორც ვთქვი, სინდისი ბოროტშიც გვამხელს და კვთილშიც, გვიჩვენებს, რისი კეთება გვმართებს. თუ არ მოვუსმენთ, ისევ ის გვამხელს იმ დღეს (განკითხვის დღეს - რედ). ამიტომაც ამბობს: ”ნუუკუე მიგცეს შენ... მსაჯულსა“, და ა. შ.

სხვადასხვაგვარი დაცვა არსებობს: კაცმა სინდისი უნდა დაიცვას ღვთის, მოყვასისა და ნივთების მიმართ. ღვთის მიმართ ამრიგად: არ უგულებელყოს მისი მცნებები; რასაც სხვები ვერ ხედავენ და რის გამოც არავისი ეშინია, სინდისი იმაშიც დაიცვას. მაგალითად: ლოცვისას ბოროტი აზრი მოსდის და თავს კი არ იცავს მისგან, არამედ განამტკიცებს; ან ხედავს, მოყვასი რამეს ამბობს თუ აკეთებს, ის კი განიკითხავს ამის და მსგავსი რამეების გამო. რასაც ღმერთის გარდა ვერავინ შეიტყობს, სინდისის დაცვა იმაშიც მართებს. ეს არის ღვთის მიმართ სინდისის დაცვა.

მოყვასის მიმართ სინდისის დაცვა ის არის, რომ კაცმა არაფერი გააკეთოს, რითიც, იცის, რომ მოყვასს დააბრკოლებს საქმით, სიტყვით, სახით თუ შეხედვით. მოყვასის დაბრკოლება შეიძლება სახითაც, შეხედვითაც. რითიც იცის, მოყვასი დაბრკოლდება, არ გააკეთოს. ეს არის მოყვასის მიმართ სინდისის დაცვა.

ხოლო საგნების მიმართ ის არის, რომ არ გააფუჭოს ნივთები; დაგდებულს თუ ნახავს რამეს, აიღოს და თავის ადგილას დადოს, თუნდაც მცირე იყოს; არ გააფუჭოს თავისი სამოსელი. ზოგიერთს ტანსაცმლის ჩაცმა კიდევ ხუთი თვე შეუძლია, მაგრამ ზედიზედ რეცხვით ცვეთს მას. ეს სინდისის საწინააღმდეგოა. ასევე, ზოგიერთს ერთი ბალიში ჰყოფნის, მაგრამ დიდ ლოგინს ეძებს; მამის სამოსელი აქვს, მაგრამ ახალი და მშვენიერი ტანსაცმელი სურს ამპარტავანების ან მოწყენილობის გამო; ერთი ჭილობი [48]ყოფნის, ის კი ლატანს ეძებს და მის გამო შფოთს ტეხს.

ვინც ძმას დაუწყებს ყურებას და იტყვის, მას აქვს და მე არაო, რა სანატრელია?! ასევე, ზოგიერთი მზეზე ფენს თავის სამოსელს, უყურადღებოდ ტოვებს და გამოახუნებს ხოლმე - ესეც სინდისისგან შორს არის. საჭმელს რაც შეეხება: თუ მცირე მხლით, ცერცვით ან ცოტაოდენი ზეთისხილით დანაყრება შეუძლია, ის კი უფრო გემრიელ შეჭამადს ეძებს, ყოველივე ეს სინდისისგან შორს არის. მამების ნათქვამია: მონაზონმა არ უნდა დაუშვას, რომ სინდისმა რამეში ამხილოს. ძმებო, ყველაფერში სიფრთხილე გვმართებს, ყოველივე ამისგან თავი უნდა დავიცვათ, რათა არ დავინთქათ, რადგან თავად უფალი გვაძლევს მცნებად, როგორც ზემოთ აღვნიშნე. დმერთმა გაგვხადოს ღირსი ამ სიტყვების სმენისა და განხორციელებისა, სასჯელად რომ არ გვექცეს მამების სიტყვები.