† ამბა დოროთე

წმინდა მამა დოროთეს სწავლანი მოწაფეებისათვის, რაჟამს იგი მამა სერიდოს მონასტრიდან წავიდა და ღვთის ნებით თავისი მონასტერი ააშენა წინასწარმეტყველად წოდებული მამა იოანეს გარდაცვალებისა და ჩვენი წმინდა მამის, ბარსანოფის სრულიად დადუმების შემდგომ

სწავლა მეთექვსმეტე

მისივე თქმული სენაკში მყოფთა მიმართ, როცა ერთმანეთთან მიმოსვლის შესახებ ჰკითხეს

[139]მამები ამბობენ, რომ სენაკში ყოფნა და ბერებთან მიმოსვლა ერთმანეთის თანასწორია. ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ სენაკშიც და სენაკის გარეთაც. კაცმა უნდა იცოდეს, რისთვის ზის სენაკში და რისთვის მიდის მამებთან თუ ძმებთან. თუ კაცი ამგვარად ფრთხილობს, შემდგომში მამათა სიტყვისამებრ მოიქცევა კიდეც: სენაკში ყოფნისას ილოცებს, წვრთნაში იქნება, მცირეოდენ ხელსაქმეს მიმართავს და გულისსიტყვებზე იზრუნებს. თუ სადმე წავა, სარგებელს პოვებს და უვნებელი დაბრუნდება სენაკში. თუ ნახავს, რამე ევნო, თავის უძლურებას გააცნობიერებს და მიხვდება, რომ დაყუდებიდან ჯერჯერობით არაფერი შეუძენია, დამდაბლებული დაუბრუნდება სენაკს, მოინანიებს, იტირებს და ღმერთს შეავედრებს თავის უძლურებას. ასე იჯდება სენაკში და ყურადღებით მოეკიდება თავს.

როცა კვლავ გარეთ გავა, თუ ნახა, ისევ უწინდელივით იძლია, სენაკში დაბრუნდება და ღმერთს ტირილით შეევედრება. სენაკი კაცს აამაღლებს, ხოლო ადამიანები - გამოცდიან. კარგად თქვეს წმინდა მამებმა, თანასწორია მიმოსვლა და სენაკში ჯდომაო. როცა სენაკიდან გამოდიხართ, უნდა იცოდეთ, რისთვის გამოდიხართ, რათა ფუჭად არ გამოხვიდეთ. წმინდა მამების თქმით, ვინც ზრახვის გარეშე გადის, ამაოდ დაშვრება.

რა ზრახვაა ეს? - რათა, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულის გამო გავდიოდეთ, რადგან დაწერილია: შენი ძმა იხილე? - უფალი ღმერთი შენი იხილე; მეორეც, რათა ღვთის სიტყვა გაიგოს, რადგან ხალხმრავლობაში მეტიც ითქმის და თუ მან არ იცის, ვინმე სხვა იტყვის; მესამედ იმისთვის, რომ, როგორც აღვნიშნე, თავისი საზომი შეიტყოს. მაგალითად, თუ სუფრასთან დასხდებიან, კარგ შეჭამანდს დაუდებენ და მოეწონება, უნდა დაუკვირდეს, [140]შეუძლია თუ არა თავის შეკავება, ან ხომ არ ცდილობს, ძმაზე მეტი ერგოს, მას მეტი ნაწილი შეხვდეს, ხოლო ძმას ნაკლები მისცეს; და არ რცხვენია, ძმას ნაკლები მისცეს, თავად კი მეტი აიღოს. ამ მცირე, უმნიშვნელო საქმით იგი ანგარებას იჩენს.

ასევე, უნდა გამოიძიოს, შეუძლია თუ არა ბევრი საკვებისგან თავის შეკავება და არგაძღომა. იკავებს თუ არა თავს კადნიერებისგან? ან როცა ხედავს, ვინმე ძმას მასზე მეტ პატივს სცემენ, შეუძლია, რომ არ აღშფოთდეს? ან თუ ნახავს, ძმა ვინმესთან კადნიერია, ან მრავალმეტყველებს, ან უწესოდ იქცევა, შეუძლია, რომ ყურადღება არ მიაქციოს და არც განიკითხოს, არამედ ისევე შეიკავოს თავი, როგორც მამა ანტონზეა დაწერილი: როცა იგი ვინმესთან მივიდოდა, თუ რამ სიკეთეს ნახავდა მასთან, იმახსოვრებდა: ზოგისას - სიმშვიდეს, ზოგისას - თავმდაბლობას, ზოგისას - მყუდროებას, და ასე ითვისებდა თითოეულ სიკეთეს.

აი, ძმებო, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ, ამისთვის უნდა დავდიოდეთ ერთმანეთთან. სენაკში დაბრუნებისას უნდა გამოვიძიოთ, რამ გვარგო, რამ გვავნო და რაში აღმოვჩნდით დაცულნი. ამისთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს, ვინც უვნებლად დაგვიფარა. ხოლო რაშიც გვევნო, იმისთვის სინანული, ტირილი და საკუთარ თავზე წუხილი გვმართებს. ყოველი ადამიანი თავისი შესაძლებლობის მიხედვით ნახულობს სარგებელსა და ვნებას. სხვა ვერავინ გვავნებს, თუ არა ჩვენივე თავი.

თუ მოვინდომებთ, ყოველი საქმიდან შეგვეძლება სარგებლის პოვნა. რათა გაიგოთ, ასე რომ არის, გეტყვით მაგალითს: აჰა, ვიღაც დგას ქალაქში რომელსამე ადგილას. სამმა კაცმა ჩაიარა. ერთმა გაიფიქრა: ”ვიღაცას ელის, ერთად რომ წავიდნენ და იმრუშონ“. მეორემ გაიფიქრა: ”ქურდია“; ხოლო მესამემ: ”ახლო- მახლო სახლში მეგობარს დაუძახა და ელოდება, ერთად რომ წავიდნენ სალოცავად“. აჰა, სამივემ ერთი და იგივე კაცი ნახა და სამივემ სსვადასხვაგვარად იფიქრა, თითოეულმა თავისი საზომისაებრ. როგორიც თავად იყო, სხვაზეც ის იფიქრა.

როგორც არსებობენ შავი ნაღვლისა და სუსტი სტომაქის [141]მქონენი, რომლებსაც, რაც უნდა ჭამონ, ყველაფერი სწყენთ, თუნდაც საკვები სასარგებლო იყოს, ისე ცუდი ჩვეულების მქონე სულსაც ყველაფერი ვნებს, თუნდაც კარგი რამ იხილოს, მაინც ვნება ადგება. როგორც თაფლით სავსე ჭურჭელში თუ ვინმე პატარა ბალახს, აბზინდას, ჩააგდებს და მყისვე მთელ თაფლს დაამწარებს, ისე ჩვენი უკეთურების სიმწარით მოყვასის სიკეთეს დავამწარებთ ხოლმე.

ხოლო ვისაც კეთილი გონება აქვს, იგი ჯანმრთელი სტომაქის მქონე კაცს ჰგავს, რომელმაც მავნებელი საკვებიც რომ ჭამოს, არაფერი ევნება, რადგან მისი სტომაქი ჯანმრთელია და სწრაფად ინელებს. როგორც პირველზე ვთქვით, უვნებელ საკვებსაც მავნებლად აქცევს-მეთქი, ისე ეს უკანასკნელიც მავნებელს უვნებლად აქცევს.

იცოდეთ, ღორს ჯანმრთელი სტომაქი აქვს. ჭამს კლერტს, ფინიკის კურკას, სვამს მწვირეს, მაგრამ ჯანმრთელობის გამო სწრაფად ინელებს. ასევე, თუ ჩვენც კეთილი სული და კეთილი საქმეები გვექნა, რაც უნდა ვიხილოთ, ყველაფრიდან სარგებელს ვპოვებთ, თუნდაც ის საქმე კეთილი არ იყოს. დაწერილია: კაცსა უგუნურსა ყოველივე ბოროტი უჩნს (შდრ. იგავ. 14.8).

მსმენია ვრთ ძმაზე, როცა ვინმეს სენაკში მივიდოდა და დაუგველს ნახავდა, ამბობდა: ”ნეტარია ეს ძმა, რადგან ამქვეყნიურ საქმეებს ყურადღებას იმდენად არ აქცევს და გონებით ზეცაშია, რომ სენაკის დასაგველადაც ვერ იცლის“.

ასევე, თუ სხვა ძმის სენაკში მივიდოდა და დაგვილ-დასუფთავებულს ნახავდა, ამბობდა: ”სუფთაა მისი სული და სენაკიც სუფთა აქვს, მისი კეთილი სულივით არის მისი სენაკიც“. არავისზე ამბობდა, ეს უწესოაო ან ის - ამაყიო, არამედ თავისი სიკეთით ყველა კეთილად მიაჩნდა.

სახიერმა ღმერთმა მოგვმადლოს, ყველაფერში სარგებელი ვპოვოთ და მოყვასზე ცუდად არასდროს ვიფიქროთ; და თუ მაინც ვიფიქრებთ, კვლავ კეთილად ვაქციოთ, რადგან მოყვასის ბოროტების არგაგონება შობს სახიერებას, რაც უყვარს ღმერთს, ვისიც არის დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.