[136]რჯულის მიხედვით ღმერთმა ისრაელის ძეებს უბრძანა, რომ წლის განმავლობაში რასაც მოიწევდნენ, ათ ნაწილად გაეყოთ და ერთი ნაწილი ღარიბებისთვის მიეცათ. ასე მოქცეულიყვნენ და ყოველი მათი საქმე ღვთისგან იქნებოდა ნაკურთხი. ეს იცოდნენ მოციქულებმა. ამიტომ ჩვენი სულების განსაწმენდად და ჩვენი ცხოვრების საფარველად დააწესეს და წელიწადის დღეები ათად გაყვეს, მოგვცეს დღეების მეათედი ნაწილი, რათა ამრიგად ვიკურთხოთ და წელიწადის ცოდვები შეგვენდოს. დათვალეს და წელიწადის სამას სამოცდახუთი დღიდან ეს შვიდი კვირა გამოგვიყვეს. ხოლო წმინდა მამებმა მოიწადინეს და კიდევ ერთი კვირა დაუმატეს.
პირველი - რათა მარხვის ღვაწლით გამოვიცადოთ; მეორე - წმინდა მარხვის პატივსაცემად იგი ორმოცდღიანად განაწესეს, რადგან ჩვენმა უფალმა ორმოცი დღე იმარხულა. რვა კვირა შაბათ-კვირის გარეშე ორმოც დღეს მოიცავს.
მხოლოდ დიდი და წმინდა შაბათის მარხვას ვცემთ პატივს, რადგან წმინდაა იგი და ყველა შაბათიდან მხოლოდ ამ დროს არის მარხვა. შვიდი კვირა შაბათ-კვირის გარეშე ოცდათხუთმეტ დღეს მოიცავს, ხოლო წმინდა შაბათისა და წმინდა ღამის ნახევრის ჩათვლით ოცდათექვსმეტი და ნახევარი დღეა, რაც წელიწადის სამას სამოცდახუთი დღის ზუსტად მეათედს შეადგენს.
სამასი დღის მეათედი არის ოცდაათი, სამოცის მეათედი ექვსია, ხოლო ხუთის მეათედი ნახევარია. აჰა, ოცდათექვსმეტი და ნახევარი დღე მთელი წელიწადის მეათედია, რომელიც მოციქულებმა ცოდვებისგან განსაწმენდად მოგვცეს. ძმებო, ნეტარია, ვინც ამ დღეებში კეთილად დაიცავს თავს. თუნდაც იმ წელიწადს უძლურების ან დაუდევრობის მიზეზით რამე შესცოდოს, ღმერთმა ეს დღეები მისცა თავის განსაწმენდად, თუ ამისი სურვილი ექნა. ასე დამშვიდდება მისი სული, გახდება [137]ახალი ადამიანი, ასე მიუახლოვდება აღდგომის წმინდა დღეს და დაუსჯელად მიიღებს ქრისტეს წმინდა საიდუმლოს. ასე, სიხარულით იზეიმებს ზატიკის ორმოცდაათ დღეს.
ეს დღეები არის სულის აღდგომა. ამიტომ ამ დღეებში მუხლს არ იდრეკენ. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, ამ დღეებში წელიწადის ცოდვებისგან განიწმინდოს, მაგრამ თავდპირველად ბევრი საკვებისგან უნდა შეიკავოს თავი. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ბევრი ჭამა შობს ყველანაირ ბოროტებას. ასევე, ყურადღებით იყოს, რამე გასაჭირის გარეშე არ დაარღვიოს მარხვა.
არც გემრიელი საკვები ეძიოს, არც სანოვაგის სიმრავლე. ნაყროვანება ორგვარია: ზოგიერთს დიდად არ უნდა ჭამა, მაგრამ სურს, საჭმელი იყოს გემრიელი. თუ მისთვის სასურველ საჭმელს მიირთმევს, პირში აჩერებს და გემოს გამო არ ყლაპავს. ეს გემოთმოყვარეობაა. ზოგიერთს არ ადარდებს, რა არის, და მხოლოდ მუცლის ამოვსება სწადია. ეს ნაყროვანებაა.
ვისაც ბევრი ჭამა უყვარს, იგი ნაყროვანია, ხოლო ვისაც გემრიელი უყვარს, გემოთმოყვარეა. ყოველივე ამისგან თავის დაცვა გვმართებს, რადგან ხორციელი საჭიროებისთვის კი არ არის იგი, არამედ ცოდვაა.
როგორც საკუთარი ცოლის შეხება და სიძვა საქმით ერთი და იგივეა, და მხოლოდ ბოროტი გულისთქმაა ცოდვა, ისე ერთი და იგივეა ყველანაირი ჭამა, მაგრამ სხვაა საჭიროებისთვის ჭამა და სხვაა ნაყროვანება.
საჭიროებისთვის ჭამა ამგვარად მართებთ: თუ ცოტას შეჭამენ და ვერ დაკმაყოფილდებიან, კიდევ შეჭამონ, ვიდრე დანაყრდებიან. დაიმახსოვრონ და ამ რაოდენობით ჭამონ ხოლმე, ისიც ლოცვით, და თქვან: ”ამ ჭამის ღირსიც არ ვარ!“ არ მიაქციო ყურადღება, თუ ვინმე რამე გასაჭირის გამო თავს ნუგეშს სცემს, და შენც არ სცე თავს ნუგეში.
ერთხელ, როცა მამა სერიდოს მონასტერში ვიყავი, ერთ ბერთან მივედი (ბევრი დიდ ბერი იყო იქ). ვნახე, მისი მსახური მასთან ერთად ჭამდა. მას ცალკე ვუთხარი: ”არ იცი, ძმაო, ბერები, [138]რომელთაც ხედავ, მცირეოდენ ინუგეშებენ თავს, იმ ადამიანებს ჰგვანან, რომლებმაც ერთი განძთსაცავი შეიძინეს, დაშვრნენ, ვიდრე მას განძით აავსებდნენ, დალუქეს, შემდეგ კიდევ სხვა ათასი დრაჰკანი მოიგეს, სიბერის ან უძლურების ჟამს რომ ჰქონოდათ, და შეინახეს. მსგავსადვე, ამათაც აავსეს საცავები, სახარჯავად მეორეც აავსეს, ძველი კი ხელუხლებელი დატოვეს. ჩვენ კი ჯერჯერობით არაფერი შეგვიძენია და საიდანღა დავხარჯოთ?“
ამიტომ, როგორც აღვნიშნე, საჭმელზეც უნდა ვთქვათ, რომ ღირსნი არ ვართ. ასე უნდა ვიმარხულოთ მუცლით. ასევე ენითაც უნდა ვიმარხულოთ: უნდა ვერიდოთ ძვირის თქმას, ტყუილს, დაბეზღებას, მრისხანებასა და ყოველგვარ ცოდვას, რაც ენით სრულდება. ასევე, თვალითაც უნდა ვიმარხულოთ: არავის შევხედოთ კადნიერად და ურცხვად; ხელითაც ვიმარხულოთ, რათა ბოროტება არ ვაკეთოთ. ამრიგად უნდა ვიმარხულოთ ყველაფერში. როგორც წმინდა ბასილი ამბობს: ღვთივსათნო მარხვით წმინდად მივიწიოთ აღდგომის დღემდე, რათა ჯერ ბაიითა და რტოებით მივეგებოთ წმინდა ქალაქში შემავალ, კვიცზე მჯდომ უფალს. როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, იგი იმიტომ დაჯდა კვიცზე, რომ პირუტყვის მსგავსი ჩვენი ბუნება ღვთის სიტყვით მოაქციოს და თავის ღვთაებას შეჰრთოს. რაღას ნიშნავს ბაიისა და ზეთისხილის რტოებით მისი მიგებება? როცა მეფე ომში მიდის და იმარჯვებს, უკან დაბრუნებისას ყველა ბაიით ეგებება. ასევე, როცა მტერი ავნებს ვინმეს, იგი ზეთისხილით მიდის იმასთან, ვისაც მისი დახმარება შეუძლია.
ზეთისხილი მოწყალების სიმბოლოა. ჩვენს მეუფეს იმიტომ ვეგებებით როგორც გამარჯვებულს, რომ მან ჩვენი მტერი დაამარცხა. ზეთისხილის რტოთი კი იმიტომ ვეგებებით, რომ მისგან წყალობას ვითხოვთ, ვითხოვთ, როგორც მან გაიმარჯვა ჩვენთვის, ისე ჩვენც გავიმარჯვოთ მის მიერ, და რომ ცხადად ვიტვირთოთ ის გამარჯვება, რომელიც მან ჩვენთვის მოიპოვა და რომელსაც მის მიერ მოვიპოვებთ ყოველთა წმინდანთა ლოცვით, რადგან მისია დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.