† ამბა დოროთე

წმინდა მამა დოროთეს სწავლანი მოწაფეებისათვის, რაჟამს იგი მამა სერიდოს მონასტრიდან წავიდა და ღვთის ნებით თავისი მონასტერი ააშენა წინასწარმეტყველად წოდებული მამა იოანეს გარდაცვალებისა და ჩვენი წმინდა მამის, ბარსანოფის სრულიად დადუმების შემდგომ

სწავლა მეთოთხმეტე

მისივე თქმული სულიერ სათნოებათა აღშენების შესახებ, და თუ როგორ შეეწყობიან ისინი ერთმანეთს

[126]ებრაელ ქალებზე, რომლენიც ისრაელის წულებს ცოცხალს ტოვებდნენ და არ კლავდნენ, წერილი ამბონს: ”ეშინოდა ღმრთისა ყრმისა აღმქუმელთა მათ და იშენეს მათ თავისა მათისა სახლებ“ (გამოს. 1.21). დავფიქრდეთ, ამქვეყნიურ სახლებზეა ნათქვამი? მგონია, რომ არა! რატომ იტყოდა ამას?

ამქვეყნიურ სახლებს ღვთის შიშის გამო რაღატომ ააგენდნენ? - ვისაც მზა სახლები გვაქვს, ღვთის შიშის გამო მათ დატოვებას ვასწავლით.

ცხადია, მიწიერ სახლებზე კი არა, სულიერზე ამბონს, რომელთაც კაცი მცნებების დაცვით აგებს. ამიტომ გვასწავლის წერილი, ღვთის შიშს ადამიანი მცნებების დაცვამდე მიჰყავსო. მცნებების დაცვით კი სულიერი სახლი შენდება. ძმებო, ჩვენც ვეცადოთ, ავიშენოთ სახლი, რათა თავშესაფარი გვქონდეს ზამთარში, წვიმის, ქუხილისა და ელვის დროს.

ზამთარში დიდ გასაჭირში არიან ისინი, ვისაც სახლი არ აქვს. და თუ როგორ შენდება სულიერი სახლი, მიწიერი სახლისგან ვისწავლოთ.

სახლის მაშენებელს მისი ყოველი მხრიდან დაცვა და ოთხი მხრიდან აგება მართებს. მარტო ერთი კიდე კი არ უნდა ააგოს და სხვები დატოვოს. სხვაგვარად ამაო იქნენა მთელი მისი შრომა. ასეა სულიც: კაცს სულიერი სახლის ყოველი მხრიდან თანასწორად აშენება მართებს, ერთი კიდე კი არ უნდა ააგოს და სხვები უგულებელყოს. ამას ნიშნავს მამა იოანეს ნათქვამი: ”მსურს, კაცმა ცოტ-ცოტა თითოეული სათნოებიდან შეიძინოს“. ისე კი არ უნდა მოიქცეს, ზოგიერთენი ერთ რამე სათნოებას რომ ასრულებენ და დანარჩენს უგულებელყოფენ. იქნებ, ამისთვის [127]ხალხისგან შექებას მოელიან და ამიტომაც იჩენენ მისდამი გულმოდგინებას?

ამიტომ არც ეშმაკი ებრძვის მათ და სხვა ვნებებიც იპყრობთ. ისინი კი არ წუხან და ჰგონიათ, დიდ საქმეს აკეთებენ.

ისინი იმ კაცს ემსგავსებიან, რომელიც ერთ კედელს აშენებს, შეძლებისდაგვარად მაღლა აღმართავს, და ფიქრობს, დიდი რამე ქნა. ის კი არ იცის, ერთხელაც თუ დაუბერა ქარმა, მყისვე დაანგრევს, რადგან დანარჩენი კედლები, რომლებიც მას დაიკავებდა, არ აქვს, მარტო დგას იგი. ვერც სართულს გააკეთებს ვინმე, თუ დანარჩენი კედლები არ აიგო. ასე კეთება არ შეიძლება - ვისაც სახლის აგება სურს, ყოველი მხრიდან უნდა ააშენოს და სართულიც გამართოს. და თუ როგორ, გეტყვით: პირველად საძირკველი უნდა ჩაყაროს, რაც არის რწმენა, რადგან ”თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფაჲ“ ღეთისა (ებრ. 11.6). ასეთ საძირკველზე უნდა ამოიყვანოს კედლები, ურთიერთშეწყობილად: როცა მორჩილების ჟამია, მორჩილების ერთი ქვა დადოს, შფოთის დროს მოთმინების ერთი ქვა დადოს, მარხვის მოწევისას - მარხვის ერთი ქვა, და ასე, ყოველი სათნოებისგან შეაგროვოს და სულიერი სახლი ააშენოს.

ოთხივე მხარეს უნდა დადოს ერთი ქვა ლმობიერებისა, ერთი - ნების უარყოფისა, ერთი - სიმშვიდისა, და მსგავსად ამისა. ყოველივე ამასთან ერთად, უნდა იზრუნოს და შეიძინოს მოთმინება და სიმამაცე.

რადგან ესენი არის კიდეები, რითაც კედლები ერთმანეთს უკავშირდება, რომ არ ჩამოიქცნენ. უიმათოდ ვერავინ ვერანაირ წარმატებას მიაღწეეს სათნოებებში, რადგან თუ კაცის სული მამაცი არ იქნა, ვერც მოთმინებას მოიპოვებს. მოთმინებისა და სიმამაცის გარეშე კი სათნოებაში ვერანაირ წარმატებას მიაღწევს, როგორც დაწერილია: ”მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ (ლუკ. 21.19).

ასევე, სახლის მაშენებელს ყოველ ქვას შორის თიხის დადებაც მართებს, რადგან თუ ქვაზე თიხის დაუტანებლად დადებს [128]ქვას, ქვები ჩამოცვივდება და სახლი დაინგრევა. თიხა კი არის თავმდაბლობა, რადგან იგი მიწისგანაა და ყველას ფეხქვეშაა. ნებისმიერი სათნოება, აღსრულებული თავმდაბლობის გარეშე, აღარ არის სათნოება. როგორც მამების ნაწერებშია: ”როგორც ნავის გამართვაა შეუძლებელი ლურსმნის გარეშე, ისე ცხონებაც შეუძლებელია თავმდაბლობის გარეშე“.

კაცი რა სიკეთესაც აკეთებს, ყველაფრის თავმდაბლობით კეთება მართებს, რათა ამგვარი თავმდაბლობით კეთილი საქმე დაიცვას. სახლს სჭირდება შემკრავიც, ანუ განსჯა, რაც სახლს ამაგრებს, ქვებს ერთმანეთთან ადუღაბებს და სახლსაც ალამაზებს.

ხოლო სართული არის სიყვარული, რაც არის მცნებების აღსრულება მსგავსად სახლის სართულისა. სართულის შემდეგ არის ერდოს სახურავი. რა არის ერდოს სახურავი? რჯულში წერია: უკეთუ აღიგოთ თავთა თქუენთა სახლი, დაბურეთ ერდოჲ მისი, რათა არა შთამოიჭრნენ შვილნი თქუენნი ერდოჲსაგან ქუე (შდრ. 2 სჯულ. 22.8). სახურავი არის თავდაბლობა, რადგან იგი აგვირგვინებს და კეთილი საქმით იცავს ყველაფერს. ისევე, როგორც ყოველი სათნოება თავმდაბლად უნდა სრულდებოდეს (როგორც ვთქვი, ქვებს შორის თიხა უნდა დაიდოს-მეთქი), ისე სათნოების სრულყოფასაც თავმდაბლობა ესაჭიროება. რაც მეტ წარმატებას აღწევენ წმინდანები, მით უფრო მდაბლდებიან.

როგორც ადრე ვახსენე, წმინდანები რამდენადაც უახლოვდებიან ღმერთს, იმდენად ცოდვილად მიაჩნიათ თავი. რაღაა შვილები, რომლებზეც რჯული ამბობს: ”რათა არა შთამოიჭრნენ ერდოჲსაგან?“ შვილები გულისსიტყვებია, სულში რომ არის. ისინი თავმდაბლობით უნდა დავიცვათ, რათა ერდოდან არ გადმოცვივდნენ, რაც მცნებათა აღსრულებას ნიშნავს. აი, სახლიც დასრულებულია, შემკრავიც აქვს, სართულიც და ერდოს სახურავიც. იქნებ, რამე დავაკელით? ჰო, ერთი რამ გვაკლია - მშენებელი უნდა იყოს დახელოვნებული, კედლები რომ არ გაამრუდოს. თუ კედელი მრუდე იქნა, ასეთი სახლი ოდესმე დაინგრევა.

[129]ოსტატი კი იგია, ვინც გონივრულად უძღვება ამ საქმეს. ხშირად კაცი თავს იდებს ხოლმე სათნოებათა შრომას და უგუნურებით კვლავ არღვევს მას ან ბოლომდე ვეღარ ასრულებს: დადებს ქვას და ისევ იღებს. არის ისეთიც, ვინც ერთს დებს და ორს იღებს. და თუ როგორ, გეტყვით. ვთქვათ, მოვიდა შენთან ძმა და საწყენი რამ გითხრა. თუ მოუთმენ და მუხლს მოუდრეკ, ერთ ქვას დებ. მაგრამ თუ მყისვე წახვალ და სხვა ძმას ეტყვი: მავანმა მლანძღა და არათუ მოვუთმინე, არამედ მუხლიც კი მოვუდრიკე, მაშინ ერთ ქვას დებ და ორს იღებ. ასევე, კაცი განდიდების მიზნითაც უდრეკს ხოლმე მუხლს თავის ძმას. არსებობს თავმდაბლობა, ამპარტავნებით შეზავებული. ეს არის ქვის დადება და კვლავ აღება. ვინც გონივრულად იქცევა, ის თავს არწმუნებს, რომ შეცდა და დაბრკოლების მიზეზი თავად იყო.

ეს არის ძმისთვის პატიების გონივრულად თხოვნა. არის ისეთიც, ვინც დუმს, მაგრამ არაგონივრულად, და ჰგონია, სათნოებას ასრულებს. ასეთს არანაირი სარგებელი აქვს. ხოლო ვინც გონივრულად დუმს, მიიჩნევს,რომ ლაპარაკის ღირსი არ არის. როგორც მამები ამბობენ, აი, ეს არის გონივრული დუმილი. ზოგჯერ კაცი თავს იმცირებს და ჰგონია, დიდ საქმეს აკეთებს, თავს რომ იმდაბლებს; და არ იცის, არაფრის მქონე რომ არის, რადგან უგუნურად აკეთებს. ხოლო გონივრულად თავის არად შერაცხვა ის არის, როცა კაცი უღირსად მიიჩნევს თავს, ადამიანად იხსენიებოდეს.

როგორც მამა მოსე მიმართავდა თავის თავს: ”ნაცრისფერო შავო! რატომ ტრიალებ ადამიანებში, რადგან ადამიანი არ ხარ?!“ ზოგიერთი სნეულს ჯილდოსთვის ემსახურება. ეს არ არის გონივრული. ასეთი, როცა საწყენი რამ შეხვდება, მყისვე თავს ანებებს ხოლმე კეთილ საქმეს, რადგან არაგონივრულად აკეთებს.

ვინც გონივრულად ემსახურება ავადმყოფს, იმისთვის ემსახურება, რომ ლმობიერება შეიძინოს. ვინც ამ მიზნით ემსახურება, რამე ჭირიც რომ შეემთხვას ან რამდენადაც უნდა განურისხდეს ავადმყოფი, არ მოსწყინდება, არამედ აღუშფოთებლად მოითმენს. [130]რადგან იცის, რისთვისაც ემსახურება, და ამბობს: ”ის მიკეთებს მე სიკეთეს. და არა მე - მას“. მერწმუნეთ, მრავალ ვნებასა და ბრძოლას გადაურჩება კაცი, ვინც გონივრულად ემსახურება ავადმყოფს.

მინახავს ძმა, ვისაც ბოროტი გულისთქმა ებრძოდა და ვინც სასტიკი სნეულებით შეპყრობილ ძმას ემსახურებოდა. რაკი გონივრულად ემსახურებოდა, იმ ვნებისგან გათავისუფლდა.

ევაგრე ამბობს: ”ვინმე დიდმა ბერმა იმით გაათავისუფლა ძმა ბოროტი სიზმრებისაგან, რომლებიც ღამით ებრძოდნენ, რომ ავადმყოფების მსახურება და მარხვა უბრძანა“. როცა ამის შესახებ ჰკითხეს, უპასუსა: ”მსგავს ვნებებს ისე არაფერი აცხრობს, როგორც უძლურთა მსახურება“.

ზოგიერთი ამპარტავნებით იღვწის და ჰგონია, რამე სათნოებას ასრულებს. ის კი უგუნურად იღვწის, რადგან ამგვარი საქციელით მოყვასის შეურაცხყოფამდე მიდის და თავი რაღაც ჰგონია. ასეთი არა მარტო ერთ ქვას დებს და ორს იღებს, არამედ მოყვასის განკითხვით მთელ სახლსაც ანგრევს.

ხოლო ვინც გონივრულად მარხულობს, მას არ სურს, განადიდონ, როგორც მოღვაწე, არამედ იმისთვის მარხულობს, რომ მარხვით სიწმინდე და თავმდაბლობა მოიპოვოს. როგორც წმინდა მამები ამბობენ: ”გონივრულ ხორციელ შრომას მოაქვს თავმდაბლობა და ყველანაირი სათნოება“. კაცმა ისე უნდა აკეთოს სათნოება, რომ იგი შეიძინოს და დაამკვიდროს თავის თავში, რათა ამრიგად დახელოვნდეს და სულიერი სახლი უშეცდომოდ ააგოს. ვისაც რამე სათნოების შეძენა სურს, არ უნდა თქვას: დიდია სათნოებები და მათ მოპოვებას ვერ შევძლებ. ეს მაშინ ხდება, როცა კაცს ღვთის იმედი არ აქვს და არ სწამს, რომ ღმერთს მისი შეწევნა ძალუძს. აი, დაასახელეთ, რომელი კეთილი საქმეც გსურთ, და ვნახავთ, რომ იგი ჩვენშია, თუ მის მოპოვებას მოვინდომებთ.

წერილიც ამბობს: ”შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი“ (ლევიტ. 19.18; მათ. 5.43). არ თქვა, რომ დიდია ეს სათნოება [131]და მის მოპოვებას ვერ შევძლებ. ან საკუთარი თავივით მოყვასის შეყვარებას როგორ შევძლებ? ან მის საწუხარზე ჩემსაზე უფრო მეტად როგორ ვიზრუნებ, როცა იგი მის გულშია დაფარული და არავინ უწყის? ნუ თხზავ ამგვარ აზრებს, არამედ ღვთის იმედით შეუდექი სათნოების აღსრულებას და მაშინ იხილავ შეწევნას ღვთისას, რომელიც ხელს მოგიმართავს. გეტყვი ერთ მაგალითს: როცა ორი კიბეა, რომელთაგან ერთი ზეცაში ადის, ხოლო მეორე ჯოჯოხეთში ჩადის, შენ კი მიწაზე მათ შორის დგახარ, ნუ იტყვი: როგორ შევძლებ, მიწას მოვწყდე და კიბის თავს მივწვდე? რადგან ეს შეუძლებელიც არის და არც ღმერთი მოელის ამას შენგან, მხოლოდ თავი დაიცავი, ქვემოთ არ ჩავარდე. არ გაუკეთო მოყვასს ბოროტება, ძვირი არ უთხრა, არ დააბეზღო, არც შეურაცხყო, და ასე, თანდათან გაუკეთებ მას სიკეთეს, სიტყვით მოიმადლე.

მისი თანამგრძნობი იყოს, რითაც შეეძლოს, შეეწიოს, და ასე ნელ-ნელა თითოეულ საფეხურზე ავა და ამრიგად, ღვთის შეწევნით კიბის თავს მიაღწევს. როცა მოყვასს შეეწევიან, შემდეგ ისევე სურთ მისი სიკეთე, როგორც საკუთარი თავისა. აი, ეს არის ”შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი“. თუ ვეძებთ - ვიპოვით და თუ ღმერთს ვთხოვთ - განგვანათლებს.

წმინდა სახარება ამბობს: ”ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით, და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ“ (მათ. 7.7). თხოვნა ნიშნავს, ლოცვით ვევედროთ ღმერთს, ძიება - ვეძიოთ, თუ როგორ მოდის სათნოებები, ან რას მოაქვს და როგორ შევიძინოთ ისინი.

ამას ნიშნავს თქმული: ”ეძიებდით, და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ“. რეკა სათნოებათა აღსრულებაა, რადგან კაცი ხელით რეკავს, ხელში კი საქმე იგულისხმება. ამრიგად, არა მარტო უნდა ვითხოვდეთ, არამედ უნდა ვეძებდეთ და ვაკეთებდეთ კიდეც.

მოციქულის სიტყვისამებრ, უნდა ვეცადოთ, ყოველ კეთილ საქმეში მტკიცე ვიყოთ და მომზადებული (შდრ. 2 კორინ. 9.8). [132]როცა კაცი ნავის გაკეთებას ლამობს, პირველად ყოველგვარ მასალას მოამზადებს, პატარა ბირკასა და მცირეოდენ ფისსაც კი. ასევე, როცა დედაკაცი ტილოს მოქსოვას დააპირებს, ჯერ უმცირეს ლერწამსა და ძაფსაც კი მოამზადებს. ჩვენც ასევე გვმართებს, მზად ვიყოთ ღვთის ნების აღსასრულებლად, როგორც მას სურს და მისთვის სათნოა. რას ნიშნავს მოციქულის სიტყვები: :ნებაჲ ღმრთისაჲ, კეთილი, სათნოჲ და სრული?“ (რომ. 12.2) ყველაფერი, რაც ხდება, ან ღვთის დაშვებით არის, ან ღვთის სურვილით, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: მე ვარ უფალი, რომელმან დავბადე ნათელი, და ვქმენ ბნელი (შდრ. გამოს. 45.7). ასევე ამბობს: ”ანუ იყოს სიბოროტე ქალაქსა შინა, რომელი უფალმან არა ქმნა?“ (ამოს. 3.6). სიბოროტეს ნებისმიერ საწყენ რამეს უწოდებს, რომელიც ჩვენ გასაწვრთნელად ხდება: შიმშილი, სრვა, გვალვა, სნეულებები, ომები. ესენი ღვთის სურვილით კი არ მოიწევა ჩვენზე, არამედ ღვთის დაშვებით - ჩვენდა სასიკეთოდ.

ღმერთი ამას კი აკეთებს, მაგრამ არ სურს, ჩვენც ხელი შევუწყოთ. გეტყვით, როგორ: თუ ღმერთს ქალაქის დაქცევა სწადია, არ სურს, ჩვენც შევუნთოთ ცეცხლი. ასევე, ზოგჯერ ღმერთი ვინმეზე მწუხარებას ან სნეულებას დაუშვებს ხოლმე, მაგრამ ჩვენ კი არ უნდა ვაწყენინოთ მას ან ვთქვათ: რაკი ღმერთს მისი ავადმყოფობა სურს, არ შევიცოდებ.

ღმერთს არ სწადია ასეთი რამ, არამედ სურს, მოწყალენი ვიყოთ და ასეთ დროს სხვის ჭირზე გული შეგვტკიოდეს, სურს, მის კეთილ ნებას ვასრულებდეთ, რაც არის მცნებების დაცვა, ერთმანეთის სიყვარული, მოწყალება და ამის მსგავსნი. ეს არის ღვთის კეთილი ნება.

რას ნიშნავს სათნო? ვინც სიკეთეს აკეთებს, ყველა კი არ ასრულებს სათნო საქმეს! აი, ვინმე კაცმა ნახა ობოლი, ღარიბი და მშვენიერი ქალი. სილამაზის გამო შეუყვარდა იგი, წაიყვანა და რაკი ობოლი იყო, გაზარდა, როგორც ერთი ვინმე გლახაკი. აი, ეს არის კეთილი საქმე და ღვთის ნება, მაგრამ არ არის სათნოება. სათნოება კი ისაა, როცა ადამიანი კაცობრივი [133]ზრახვებით კი არ იღებს მოწყალებას, არამედ კეთილი საქმისა და ლმობიერებისათვის.

ღვთისთვის ეს არის სათნო. ხოლო სრული სათნოება ისაა, როცა კაცი მოწყალებას არც გულძვირად, არც სიზარმაცით, არამედ მთელი გულმოდგინებით აკეთებს; ისე გასცემს, თითქოს იღებდეს. ასე უნდა ეწეოდნენ ქველ საქმეს, და აი, ეს არის აღსრულება ღვთის ნებისა, კეთილის, სათნოსი და სრულისა, როგორც მოციქული ამბობს.

კაცმა უნდა იცოდეს მოწყალების სათნოების ძალა და მადლი, რადგან მას ცოდვების მიტევებაც შეუძლია, წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ: ”საჴსარ სულისა კაცისა თჳსი სიმდიდრე“ (იგავ. 13.8). კიდევ ამბობს: ”და ცოდვანი შენნი მოწყალებითა იჴსნენ“ (დან. 4.24). უფალი ამბობს: ”იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს“ (ლუკ. 6.36).

დაუკვირდით, ეს სათნოება ღვთის მსგავსია. სიფრთხილე კი ამაშიც გვმართებს, რადგან მოწყალებაც ფრიად სხვადასხვაგვარია. მოწყალება გონივრულად უნდა გავიღოთ.

ზოგიერთი მოწყალებას იმისთვის გასცემს, რომ მისი ყანა იკურთხოს. სხვა მოწყალებას ნავის გადასარჩენად ეწევა, სხვა - შვილების გამო, სხვა - განდიდების მიზნით. და ღმერთიც განადიდებს მას, არავის უგულებელყოფს, არამედ ყველას იმას აძლევს, რასაც ითხოვს, თუ ამრიგად მის სულს არაფერი ევნება. მაგრამ ყველა ისინი აქვე ღებულობენ მადლს და იქ არაფერი აქვთ, რადგან იქაური სიკეთისთვის არ იღვწიან.

ყანის კურთხევისთვის გააკეთე? - ღმერთმა გიკურთხა; შვილებისთვის გააკეთე? - ღმერთმა შენი შვილები დაიცვა. სახელისთვის მოიმოქმედე? - გადიდა ღმერთმა. რაღა მართებს შენი ღმერთს? - მოგცა მადლი, რისთვისაც აკეთებდი.

არის ისეთიც, ვინც მოწყალებას იმისთვის ეწევა, რომ სამარადისო ტანჯვა აირიდოს. აი, ეს აკეთებს სულისთვის და ღვთისთვის, მაგრამ არა ღვთის ნებისამებრ, რადგან ჯერ კიდევ მონის საზომშია. მონა ბატონის სურვილს თავისი ნებით კი არ [134]ასრულებს, არამედ ცემის შიშით. სხვა მადლის მიღებისთვის აკეთებს. ეს უკანასკნელი პირველზე მაღლა დგას, მაგრამ ღვთის ნებისამებრ არც ეს იქცევა, რადგან ძის საზომს კი არ არის მიწეული, არამედ მუშაკისას. მუშაკი თავისი ბატონის ნებას საფასურის მიღების მიზნით ასრულებს. ესეც იმისთვის აკეთებს, რომ მადლი ჰქონდეს. როგორც წმინდა ბასილი ამბობს და როგორც სსვა დროსაც მითქვამს თქვენთვის, სიკეთეს სამრიგად ვაკეთებთ: ტანჯვის შიშით, და ამ დროს მონის ხარისხში ვართ; ან მადლისთვის, და მუშის ხარისხში ვიმყოფებით; ან სიკეთისთვის, და ძის ხარისხში ვართ.

ძე მამის ნებას არა მისი შიშის ან საფასურის მიღების გამო ასრულებს, არამედ იმისთვის, რომ აამოს, პატივი სცეს და დაამშვიდოს. ჩვენც გვმართებს კეთილი საქმისთვის ამგვარადვე გავიღოთ მოწყალება, ისევე შეგვტკიოდეს ერთმანეთზე გული, როგორც ჩვენი სხეულის ნაწილზე, ისე გავცეთ, თითქოს ვიღებდეთ.

სხვას ისე უნდა ვუკეთებდეთ სიკეთეს, თითქოს ჩვენ გვიკეთებდნენ. აი, ეს არის გონივრული მოწყალება და ამრიგად მივდივართ მის საზომამდე. არავინ თქვას: ღარიბი ვარ და მოწყალებას ვერ გავიღებ. თუ არ შეგიძლია გასცე მდიდართა მსგავსად, რომელთაც ხაზინას ბევრი შესწირეს, მაშინ ქვრივის დარად ორი დანგი მიეცი და ღმერთი ისევე შეიწირავს, როგორც ბევრს (შდრ. მარკ. 12.42; ლუკ. 21.2). თუ ესეც არ შეგიძლია, მაშინ სნეულებს მოემსახურე. ეს შეგიძლია.

თუ ესეც არ ძალგიძს, შეგიძლია ძმას სიტყვით სცე ნუგეში, სიტყვით შეიწყალე და გაისხენე წმინდა წერილში ნათქვამი: სიტყვა კეთილი უფროს არს მიცემისა (ის. ზირაქ. 18.17). და თუ სიტყვითაც არ ძალგიძს, ნუთუ ის მაინც არ შეგიძლია, შენი ძმა, როცა აღშფოთდება, განრისხების ჟამს შეიწყალო და იტვირთო?

არ იცი, რომ მასაც ჩვენი საერთო მტერი გამოსცდის? გაჩუმდი გალანძღვის ნაცვლად, იხსენი მტრისგან, და შენს სულსაც ასე შეიწყალებენ. ასევე, შეგიძლია აპატიო ძმას, როცა გცოდავს, [135]რათა ღმერთმა შენც მოგიტევოს.

თავად უფალი ამბობს: ”მიუტევეთ და მოგეტევნენ“ (ლუკ. 6.37); ასე გამოიჩენ მოწყალებას ძმის სულისთვის, თუ მას შეუნდობ, რასაც გცოდავს. ღმერთმა მოგვცა ძალაუფლება იმისა, თუ გვენდომება, ერთმანეთს ცოდვები შევუნდოთ. თუ ხორციელი მოწყალების გასაცემად არაფერი გაქვს, მაშინ მისი სულისთვის გაიღე მოწყალება. ეს უფრო დიდია: როგორც სული უპირატესია ხორცზე, ისე სულისთვის გაღებული მოწყალება უფრო მეტია, ვიდრე ხორცისთვის. ვერავინ იტყვის: მოწყალების გაღება არ შემიძლია.

ყველას შეგვიძლია ჩვენი ძალისა და საზომის შესაბამისად. მაგრამ ეცადეთ, გონივრულად აკეთოთ, როგორც თითოეული სათნოების შესახებ ვთქვით. რადგან ვინც სათნოებას გონივრულად აღასრულებს, იგია მარჯვე ოსტატი, რომელიც სულიერ სახლს უშეცდომოდ აშენებს. ამიტომაა წმინდა სახარებაში ნათქვამი, რომ ბრძენი კლდეზე იშენებს სახლს, ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ შეძრავს მას, და ასე შემდეგ (შდრ. მათ. 7.24).

ღმერთმა მოგვმადლოს, ვისმინოთ და საქმით აღვასრულოთ ის, რაც გვესმის, რათა განკითხვის დღეს დასასჯელად არ გვექცეს ეს სიტყვები, რამეთუ უფლისაა დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.