[118]კარგად თქვა მამა პიმენმა, მონაზონი განსაცდელში იცნობაო. ღვთის ჭეშმარიტ მსახურებაში მყოფი მონაზონიც წინასწარვე მზად უნდა იყოს განსაცდელების დასათმენად (ის. ზირაქ. 2.1). მათი წვევისას არ უნდა გაოცდეს, არც აღშფოთდეს, არამედ სწამდეს, რომ ღვთის განგების გარეშე არაფერი ხდება. სადაც ღვთის განგებაა, იქ უეჭველად სულისთვის უმჯობესიც არის.
რასაც ღმერთი გვიკეთებს, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოა, რადგან ვუყვარვართ. როგორც მოციქული ამბობს, ჩვენც გვმართებს, ვმადლობდეთ ყოვლადვე ყოველთათვის ღმერთსა (შდრ. ეფეს. 5.20), არაფერში არ უნდა გამოვიჩინოთ სულმოკლეობა, არამედ ყველაფერი, რაც გვემართება, თავმდაბლად და ღვთისადმი მადლიერებით უნდა მივიღოთ. უნდა ვთქვათ: ”რასაც ღმერთი გვიკეთებს, ყველაფერს სასიკეთოდ აკეთებს, რადგან ვუყვარვართ. იმიტომ აკეთებს, რომ ღმერთი მოწყალეა“.
როცა კაცს მეგობარი ჰყავს და მისგან რამე წყენა შეხვდება, იმას კი არ იფიქრებს, რომ წყენის მიზნით მოექცა ასე, არამედ იტყვის: ვუყვარვარ და ამიტომ აკეთებს. განა მით უმეტეს არ უნდა ვიფიქროთ ღმერთზე, ვინც დაგვბადა და არაარსისგან არსად გვაქცია, ჩვენთვის განკაცდა და მოკვდა, რომ ყოველივეს ჩვენდა სასიკეთოდ აკეთებს და ვუყვარვართ?! კაცი მეგობარზე ამბობს: ვუყვარვარ, ჩემი რიდი აქვს, მაგრამ სიბრძნე არ ჰყოფნის და უნებურად მაწყენინებს ხოლმე. ღმერთზე კი ამას ვერ ვიტყვით, რადგან სიბრძნის წყაროა იგი, ყოველივე იცის და ყველაზე მცირე რამესაც კი ჩვენდა სასიკეთოდ აკეთებს. მეგობარზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვუყვარვართ, ჩვენი სიკეთე სურს, [119]ბრძენიცაა, მაგრამ არ ძალუმს, ის გაგვიკეთოს, რაც ჩვენთვის უმჯობესია.
ღმერთის შესახებ კი ვერც ამას ვიტყვით, ყველაფერი შეუძლია და შეუძლებელი მისთვის არაფერია. რაკი ასეა და ღმერთს უყვარს თავისი დაბადებული, არის სიბრძნის წყარო, იცის, რაც ჩვენთვის უმჯობესია, შეუძლებელი მისთვის არაფერია და ყოველივე მის ნებას ემორჩილება, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ, რაც გვემართება, ყველაფერს ჩვენდა სასიკეთოდ აკეთებს ღმერთი, მისი მადლიერები უნდა ვიყოთ და ყველაფერი, როგორც მოწყალე და ტკბილი მეუფისგან გამოგზავნილი, სიხარულით უნდა მივიღოთ, თუნდაც საწყენი იყოს; რადგან ღმერთი ყოველივეს მართალი სასჯელით სჯის და ჩვენს წყენასა და გასაჭირს უყურადღებოდ არ ტოვებს.
არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: თუ რამე შემემთხვა და მწუხარებისგან ცოდვაში ჩავვარდი, როგორღა ვთქვა, რომ ეს ჩემდა სასიკეთოდ მოხდა?
ეს ასე არ არის, ცოდვაში ჩვენი მოუთმენლობით ვვარდებით, რადგან არ გვინდა, მცირე გასაჭირი დავითმინოთ და არც ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ რამე შეგვემთხვას. არადა, ღმერთი ისეთ განსაცდელს არ დაუშვებს, რომლის გამოც ცოდვაში ჩავვარდებით ან რომელიც ჩვენს ძალას აღემატება, როგორც მოციქული ამბობს: ”სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა“ (l კორინთ. 10.13). მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მოთმინება, არც მცირე გასაჭირის მოთმენა გვსურს, არც არაფერს ვღებულობთ თავმდაბლად, ამიტომაც ვიმუსრებით. რამდენადაც განსაცდელისგან გაქცევას ვლამობთ, იმდენად მეტად გვატყდება ის თავს, და რამდენადაც მეტ სულმოკლეობას ვიჩენთ, იმდენად უფრო ვერ ვაღწევთ მას თავს. ზოგიერთები რამე საჭიროების გამო ზღვაში დაცურავენ: თუ ცურვა კარგად იციან, ღელვაში ტალღას ქვეშ უწვებიან, ვიდრე ჩაივლიდეს, და ასე დაცურავენ უვნებლად; მაგრამ თუ ტალღას წინააღმდეგობას გაუწევენ, ვერაფერს მოიგებენ - ტალღა მათ გარიყავს და უკან [120]გადაისვრის. თუ კვლავ შეუდგებიან ცურვას და სხვა ტალღასაც შეეწინააღმდეგებიან, ისევ უკან გადააგდებს, გარიყავს და ვერაფერს მოიგებენ.
როგორც ვთქვი, თუ თავს დაიმდაბლებენ, უშრომლად იცურავებენ და რაც სურთ, იმას გააკეთებენ, რადგან ტალღა არაფერს ავნებს მათ. ასევეა განსაცდელებიც: თუ თავმდაბლად და მადლობით დავითმენთ, უვნებლად ჩაგვივლის; ხოლო თუ ვიწუხებთ, ვიშფოთებთ, სხვებს დავაბრალებთ, და არა ჩვენს თავს, ვერაფერს ვირგებთ, პირიქით, უფრო მეტად გვევნება და განსაცდელს დავიმძიმებთ. განსაცდელი მეტად სასარგებლოა მათთვის, ვინც მოთმინებით ღებულობს მას. ასევე, თუ რამე ვნება გაწუხებთ, არ აღშფოთდეთ, რადგან ესეც უგუნურებისა და ამპარტავნებისგან არის, როცა კაცს რამე ვნება ებრძვის და იგი შფოთავს.
ეს მაშინ ხდება, როცა კაცმა თავისი უძლურება არ იცის და შრომას გაურბის. როგორც მამებმა თქვეს, იმიტომ ვერ ვაღწევთ წარმატებას, რომ ჩვენი შესაძლებლობა არ ვიცით, მოუთმენლობას ვიჩენთ წამოწყებულ საქმეში და გაურჯელად გვსურს სათნოების მოპოვება. რატომ უკვირს ვნებებით შეპყრობილს, რამე ვნება რომ ებრძვის? პირველად შენ თვითონ მოიმოქმედე, შენში დაამკვიდრე, ახლა შენთანაა და გებრძვის, შენ კი ამბობ, რატომ მებრძვისო. მოითმინე, იღვაწე და ღმერთს ევედრე, რადგან შეუძლებელია, კაცმა რამე შესცოდოს და შემდეგ ის ვნება არ შეებრძოლოს მას. როგორც მამა სისო ამბობდა: „მათი ჭურჭელი შენშია. მიეცი მათ მათი წინდი და გაგეცლებიან“.
ჭურჭელს იგი ცოდვების მიზეზს უწოდებს, რადგან შეუძლებელია, ცოდვების მიზეზი გვიყვარდეს და მან არ დაიპყროს ჩვენი გონება და არ შეგვებრძოლოს, რათა ჩვენსავე უნებლიეთ შევცოდოთ, რადგან ჩვენივე ნებით აღმოვჩნდით მათ ხელთ.
ეფრემზე, რომელმაც თავისი „წინააღმდგომი“, ანუ სინდისი დათრგუნა, წინასწარმეტყველი ამბობს: ”დათრგუნა მსჯავრი“ (ოსია 5.11). წინასწარმეტყველი ამბობს, რომ იგი ნებით ეძებდა ეგვიპტეს და უნებლიეთ მივიდა ასურეთში. მოდით, დავუფიქრდეთ [121]ნათქვამს: ეგვიპტეს უწოდებს ხორცის ნებას, რასაც ხორციელ განცხრომამდე მივყავართ, ხოლო ასურეთს უწოდებს არაწმინდა აზრებს, რაც გონებას ამღვრევს, რყვნის, არაწმინდა წარმოსახვით ავსებს და ცოდვას უნებურად საქმით აღასრულებინებს.
თუ კაცი თავისივე ნებით აჰყვება ხორცის ნებას, შემდეგ უნებურად ნაბუქოდონოსორის სამსახურებლად ასურეთამდეც მივა. იცოდა ეს წინასწარმეტყველმა და ამიტომ ეუბნებოდა ხალხს: ”ნუ შეხუალთ ეგჳპტედ” (იერ. 42.19). რას აკეთებთ, უბადრუკნო? დამდაბლდით მცირედ, მოიდრიკეთ მუხლნი თქუენნი და ჰმსახურეთ მეფესა ბაბილონისასა, რათა დასხდეთ ქუეყანასა მამათა თქუენთასა” (შდრ. იერ. 27.12). და კვლავ ამხნევებს და ეუბნება: ”პირისაგან მისისა ნუ გეშინინყვე, - თქუა უფალმან, - რამეთუ თქუენ თანა ვარ განრინებად და ცხოვნებად თქუენდა ჴელისაგან მისისა” (იერ. 42.11). ნახეთ, წინასწარ როგორ უამბობს მომავალ ჭირზე: თუ ღმერთს ეურჩებით. ასევე ამბობს: უკეთუ შთახვიდეთ ეგვიპტედ, იყვნეთ საწუნელ და მონა და შეურაცხ და საყვედრელ ყოველთა (შდრ. იერ. 42.15,18).
ისინი კი ამბობდნენ: ”არა დავსხდეთ ქუეყანასა ამას შინა, ვითარმედ ქუეყანად ეგჳპტისა შევიდეთ, და არა ვიხილოთ ბრძოლაჲ და ხმაჲ საყჳრისაჲ არა ვისმინოთ, და პური არა გუშიოდის” (იერ. 42.13,14). მაშინ ჩავიდნენ ეგვიპტეში, ნებით ემსახურნენ ფარაონს, შემდეგ კი უნებლიეთ მივიდნენ ასურეთში და, თუმცა არ უნდოდათ, ემსახურებოდნენ მათ.
დაუფიქრდით ამ სიტყვებს: ვიდრე კაცი ვნებას არ დაჰყვება, თუნდაც აზრები ებრძოდეს, მაინც თავისუფალია თავის ქალაქში და ღმერთი ჰყავს შემწედ. თუ ღვთის წინაშე დამდაბლდება, განსაცდელის სიმწარეს მადლობით მოითმენს და მცირეოდენს იღვაწებს, ღვთის მოწყალება დაიხსნის მისგან; მაგრამ თუ გასაჭირს გაექცევა, განცხრომასა და ხორცის ნებას აჰყვება, შემდეგ უნებლიეთ მივა ასურთა ქუეყანაშიც და მოემსახურება მათ.
ამიტომ ამბობს წინასწარმეტყველი: ”და ილოცეთ ცხორებისათჳს ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისა, რამეთუ ცხოვრებასა შინა მისსა არს ცხოვრე[122]ბაჲ თქუენი (შდრ. ბარუქ. 1.11,12). ნაბუქოდონოსორი ნიშნავს მოწეული ჭირის დროს მოთმინებას, და არა სულმოკლეობას, ამის გამო კაცმა არ უნდა იდრტვინოს, არამედ, თითქოს სავალდებულო იყო, განსაცდელი მოსწეოდა, მადლობით, მდაბლად მოითმინოს იგი. უნდა თქვას: ღირსი არ ვარ, ამ ვნებისგან გავთავისუფლდე, პირიქით, უფრო მეტად უნდა გამიმძაფრდეს, რათა სიმწარეში ვიცხოვრო. საკუთარ თავს უნდა აბრალებდეს, თუნდაც იმ დროს ბრალი არ მიუძღოდეს, უნდა თქვას: ღმერთი უსამართლობას არ სჩადის, არამედ ყველაფერში სამართლიანია.
როგორც ერთი ძმა ტირილით ამბობდა, როცა ღმერთმა განსაცდელი მოაშორა: ”უფალო, ნუთუ ღირსი არ ვარ, ცოტათი მაინც შევწუხდე შენთვის?!“
ასევე, დაწერილია: იყო ერთი დიდი ბერის მოწაფე, რომელსაც სიძვა ებრძოდა. ბერმა, გაჭირვებაში რომ ნახა იგი, უთხრა: ”შვილო, გინდა, ღმერთს ვთხოვო, ბრძოლა შეგიმსუბუქოს?“ მან კი უპასუსა: ”მამაო, თუმცა ვიტანჯები, ამ ტანჯვიდან ნაყოფსაც ვხედავ ჩემში. მხოლოდ ის სთხოვე ღმერთს, რომ მოთმინება მომცეს“. აი, ესენი არიან, რომელთაც ცხონება ჭეშმარიტად სურთ. ეს არის უღლის სიმდაბლით ტვირთვა, ეს არის ნაბუქოდონოსორის ცხოვრებისთვის ლოცვა. ამიტომ ამბობს წინასწარმეტყველი: ”ცხოვრებასა შინა მისსა არს ცსოვრებაჲ თქუენი“.
ეს იმ ძმის სიტყვებს ჰგავს, რომელმაც თქვა: ”ამ ტანჯვიდან ნაყოფსაც ვხედავ ჩემში“. ამიტომაც უთხრა ბერმა: ”ახლა ვიცი, რომ წინ წასულხარ და ჩემზე მეტი ხარ“. თუ კაცი იღვაწებს და ცოდვას საქმით აღარ გააკეთებს, შემდეგ მავნებელ გულისსიტყვებსაც შეებრძოლება. ამგვარი საქციელით იგი დამდაბლდება, შეიმუსრება და მოღვაწეობას შეუდგება, შემდეგ კი მოღვაწეობის სიდუხჭირით განიწმინდება, დაუბრუნდება ბუნებრივ მდგომარეობას, როგორც ღმერთმა თავდაპირველად შექმნა. ამიტომ ვამბობ, უგუნურებისა და ამპარტავნებისგან არის, როცა კაცს რამე ვნება ებრძვის და იგი ამისთვის შფოთავს. პირიქით, [123]თავმდაბლად უნდა მოითმინოს, თავისი შესაძლებლობა გააცნობიეროს და ღმერთს ევედროს მანამ, სანამ მოწყალებით მოხედავს მას. თუ კაცი არ გამოიცადა და ვნებათა სიმწარე არ იგემა, მათგან თავის განსაწმენდად არ იღვწის. ფსალმუნშიც არის ნათქვამი: ”აღმოცენებასა ცოდვილთასა ვითარცა თივაჲ და გამოჩნდეს ყოველნი, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რაჲთა მოისრნენ უკუნითი უკუნისამდე“ (ფსალმ. 91.8). ”აღმოცენებასა ცოდვილთასა ვითარცა თივაჲ“ არის მავნებელი გულისსიტყვები, რადგან თივა სუსტია და ძალა არ აქვს. ასევე არიან ისინიც. როცა მავნებელი გულისსიტყვები აღმოცენდება სულში, შემდეგ ყოველნი უსჯულოების მოქმედნიც, ანუ ვნებები გამოჩნდებიან, ”რაჲთა მოისრენ უკუნითი უკუნისამდე”; რადგან როცა მოღვაწეთა ვნებები წარმოჩნდებიან, შემდეგ ისინი სპობენ კიდეც მათ.
დაუფიქრდით ამ სიტყვებს: თავდაპირველად მავნებელი აზრები აღმოცენდებიან, შემდეგ თავს იჩენენ ვნებები და მოისრვებიან.
ყოველივე ეს მოღვაწეებს შეეხება, ხოლო ჩვენ, რომლებიც საქმით ჩავდივართ ცოდვებს და თავს არ ვანებებთ მათ, არც კი ვიცით, როდის აღმოცენდებიან ან როდის იჩენენ ხოლმე თავს, იმავ წუთს ეგვიპტეში ვართ და ფარაონისთვის ვაკეთებთ საძაგელ ალიზს. ვინ მოგვცემს გონიერებას, რომ ჩვენი მონობის სიმწარე გავაცნობიეროთ?
როცა ისრაელის შვილები ეგვიპტეში იყვნენ და ფარაონს ემონებოდნენ, ალიზს ამზადებდნენ. ალიზის მკეთებელნი კი ნიადაგ მიწისკენ არიან დახრილნი. იქ არის მათი გონებაც. ასევეა სულიც: როცა მას ეშმაკი დაეუფლება და საქმით აღასრულებს ცოდვას, სულიერს ვეღარას გებულობს და მხოლოდ ამა სოფლისა ესმის, რადგან თავდაპირველი სიბრძნე დათრგუნული აქვს. მაშინ მათ თავისივე დამზადებული ალიზისგან სამი ძლიერი ქალაქი ააგეს: პითონი, რამესი და ონი, რომელსაც ახლა ილიოპოლისი ჰქვია. ხოლო ესენი არიან: გემოთმოყვარეობა, [124]ვერცხლისმოყვარეობა და დიდებისმოყვარეობა, რომელთაგან მოდის ყოველი ცოდვა.
როცა ღმერთმა მოსე ეგვიპტეში გაგზავნა ფარაონის მონობიდან მათ გამოსახსნელად, მაშინ ფარაონმა უფრო დაუმძიმა შრომა და უთსრა: ”გცალს, მოცალე ხართ და მისთჳს იტყვთ: განვიდეთ და ემსახურეთ უფალსა ღმერთსა ჩუენისა“ (გამოს. 5.17). ასეა ეშმაკიც: როცა ნახავს, ღმერთმა სულს მოჰხედა და სურს, მისი ან რომელიმე თავისი მონის სიტყვით ვნებები შეუმსუბუქოს, მაშინ ეშმაკი უფრო მეტად დაამძიმებს და მეტი გამძაფრებით შეებრძოლება.
მამებმა იცოდნენ ეს, ამიტომაც ასწავლიდნენ და თავიანთი სწავლებით ადამიანებს ნუგეშს სცემდნენ, რათა არ შეშინებოდათ. ზოგი მათგანი ამბობს: ”გაძლიერდი და წამოდექი” და ასე შემდეგ. სხვა მამა ამბობს: ”სათნოებათა მოპოვების მსურველთა ძალა ის არის, რომ დაცემისას სულმოკლენი არ იყვნენ, და კვლავ წამოდგნენ“. მსგავს სიტყვებს ამბობს ყველა მათგანი და ხელს უწვდის დაცემულთ, როგორც ეს წმინდა წერილიდან ისწავლეს.
დაწერილია: ”ნუ დაცემული არა აღდგების? ანუ მიქცეული არ მოიქცევის?“ (იერ. 8.4); ”მოიქეცით, ძენო მომქცეველნო; და განვჰკურნნე შემუსრვილებანი თქუენნი“, იტყვის უფალი“ (იერ. 3.22).
როცა ფარაონსა და მის მეგობრებს უფლის ხელი დაუმძიმდათ და ფარაონმა ისრაელის შვილების გაშვება მოინდომა, მან მოსეს უთხრა: ”გუალე, წარვედით და ჰმსახურეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, გარნა ცხოვარი და ზროსაჲ ადგილობანს იყავნ“ (გამოს. 10.24). ფარაონს ასეთნაირად ეწადა მათი უკან დაბრუნება.
ასევე გვებრძვის ეშმაკიც, სურს, სორციელი ზრახვებით კვლავ ამა სოფელში დაგვაბრუნოს. მოსემ უთხრა მას: არა ეგრე, არამედ შენცა მეც ჩუენ საწევნელი მსსუერპლთა მათ, რომელი იგი შევწიროთ ჩუენ უფლისა ღმრთისა ჩუენისა; სოლო ხვასტაგი ჩუენი ვიდოდის ჩუენ თანა (გამოს. 10. 25,26). როცა მოსემ [125]ეგვიპტიდან გამოიყვანა ისრაელის შვილნი და მეწამული ზღვა განვლო, ღმერთმა მოისურვა, ისინი ფინიკის სამოცდაათ ხესთან მიეყვანა. ჯერ მერანში მიიყვანა. ხალხი წყურვილისგან იტანჯებოდა, რადგან უწყლოდ იყვნენ, იმ ადგილას კი წყალი მლაშე იყო. ხოლო იქიდან ფინიკის სამოცდაათ ხესთან და თორმეტ წყაროსთან მიიყვანა. ასევე, როცა სული ცოდვისგან დაცხრება და შემეცნების ზღვას გადალახავს, თავიდან მოღვაწეობა და ტანჯვა დასჭირდება, რათა ამგვარი ტანჯვით შევიდეს წმინდა განსასვენებელში, ”რამეთუ მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (საქმ. 14.22). რადგან გასაჭირს ისევე მოაქვს ჩვენთვის ღვთის წყალობა, როგორც ქარს - წვიმა. ისევე, როგორც მეტისმეტი წვიმა ალპობს ჯერ კიდევ უსუსურ ნაყოფს, ხოლო ქარი აშრობს და განამტკიცებს მას, სულსაც ასუსტებს და ანგრევს დასვენება, უზრუნველობა და შვება, ხოლო ჭირი და განსაცდელი - აძლიერებს და ღმერთთან შეაერთებს, როგორც დაწერილია: უფალო, ჭირსა მოგიხსენოთ შენ (შდრ. ესაია 33.2).
ამრიგად, არ უნდა აღვშფოთდეთ ან მოვიწყინოთ განსაცდელის დროს, არამედ მადლობით უნდა მოვითმინოთ, რათა ღმერთმა მოწყალებით მოხედოს ჩვენს უძლურებას და დაგვიცვას ყოველგვარი განსაცდელისგან სადიდებლად მისი წმინდა სახელისა, ამინ.