მღვდელი ალექსი გრაჩოვი

როცა ბავშვი ავადმყოფობს
(მართლმადიდებელი ექიმის რჩევები)

ვმკურნალობთ ლოცვასთან ერთად

(საუბარი პირველი)

იმისთვის, რომ ადამიანს სწორად ვუმკურნალოთ, ზრდასრული იქნება ის თუ პატარა, უნდა ვიცოდეთ, საერთოდ რატომ ხდება ადამიანი ავად, რას წარმოადგენს ავადმყოფობა, რა არის მიზეზები და, საკუთრივ, რა სტკივა ადამიანს.

ღმერთმა ადამიანი შექმნა თავისი ხატისაბრ და მსგავსებისაებრ. ადამიანის არსებაში შეიძლება გავარჩიოთ: ხორცი, სული და სამშვინველი.

ცოდვით დაცემამდე ადამიანის სული, სამშვინველი და ხორცი ერთად ჰარმონიულ მთლიანობას წარმოადგენდა. ცოდვით დაცემამ გამოიწვია მისი დარღვევა. მხოლოდ მონათლულ ადამიანს, წმიდა ნათლობის მადლით, ეძლევა სულიერი ცხოვრების საშუალება, შესაძლებლობა, აღიდგინოს პიროვნების დარღვეული მთლიანობა.

ხორციელი ადამიანი ყველა ადამიანურ გამოვლინებას მხოლოდ და მხოლოდ ხორციელი თვალით ხედავს. სულიერი ადამიანი კი ცდილობს სულიერი მიზეზის პოვნას, იგი უფრო დიდი სიმაღლიდან, უფრო შორი მანძილიდან, აღიქვამს საგნებსა და მოვლენებს, და მათ სიღრმისეულად განიხილავს. მართლმადიდებელმა კარგად იცის, რომ ყველა ავადმყოფობას სულისმიერი წარმომავლობა აქვს. სულისმიერ ადამიანი მხოლოდ ასე განსჯის, ხორცისმიერი კი მარტო სასწრაფო დახმარების, წამლების, ნემსების იმედადაა.

იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ავადმყოფობის ბუნება, აუცილებელია სულიერი ხედვა.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ავადმყოფი ბავშვია. იმიტომ, რომ ბავშვი ახლადგაშლილი ყვავილივით სუსტი და ნაზი არსებაა. თუ ყვავილს წყალს არ ვუსხამთ, არ ვუვლით, ის ხმება, იღუპება. გარკვეულ დრომდე ბავშვი შეიძლება ხორციელად კარგად გრნობდეს თავს, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით იგი ჰერბარიუმის გამხმარ მცენარეს ემსგავსება. ეს კი სულიერი ტკივილის ტოლფასია.

ზოგადად, შეიძლება ითქვას ასე: მთელი მოქმედება ექიმისა და მასთან ერთად მშობლებისა, რომლებიც ბავშვს მკურნალობენ, მიმართული უნდა იყოს თითქოსდა ზემოდან ქვემოთ: სულიერიდან მშვინვიერისაკენ, მშვინვიერიდან ხორციელისაკენ. ამიტომ, როცა ბავშვი ავად ხდება, პირველ რიგში, ლოცვა უნდა ვთქვათ.

ამისთვის დედამ და მამამ უნდა მოიკრიბონ შინაგანი ძალები, ისევ და ისევ, ლოცვის შემწეობით. მიატოვონ ყოველი ამაო საზრუნავი.

რასაკვირველია, როდესაც ბავშვი ავად ხდება, მშობლები დამშვიდებულები ვერ იქნებიან. იწყება მღელვარება, რაც ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ამაო ფაციფუცში გადადის. და სწორედ ამ ფაციფუცისაგან გათავისუფლებაში გვეხმარება ლოცვა. ამ დროს შეიძლება მოვიქცეთ შემდეგნაირად: თუ მშობლები გრძნობენ, რომ პანიკა დაეუფლათ, ერთი წამით უნდა შეჩერდნენ, უბრალოდ, გაჩერდნენ უმოქმედოდ, მივიდნენ ხატებთან, მოიკრიბონ სულიერი ძალები, ილოცონ, შემდეგ მშვიდად, წყნარად განაგრძონ საქმის კეთება.

ეს იმიტომაა საჭირო, რომ ამაო ფაციფუცს არაფერი მოაქვს გარდა ბავშვის შეშინებისა. ელემენტარული ფსიქოლოგიის თვალსაზრისითაც, დამშვიდებული ბავშვი ყოველთვის შინაგანად გაწონასწორებულია და ეს შინაგანი წონასწორობა  ფიზიოლოგიური პროცესების მიმდინარეობას სხვა მიმართულებას აძლევს. ეს პროცესები სრულიად სხვაგვარად მიმდინარეობს და სასურველ მიზანს იძლევა. მსგავსად იმისა, რომ თუ ადამიანს სურს სამიზნეს ისარი მოარტყას, უნდა გაჩერდეს, დამშვიდდეს, მშვილდი დინჯად მოიმარჯვოს დაგაისროლოს. ადამიანი, რომელიც ადგილზე ხტის და შფოთავს, მიზანს ვერასდროს მოახვედრებს.

მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ძალიან მაღალი სიცხე აქვს, ანდა მწვავე მოწამვლა, ანდა რაღაც ისეთი საფრთხე ემუქრება, რომ ყოველი წამი ძვირფასია?

მაშინაც კი, თუ ტემპერატურა უეცრად იწევს მაღლა, „უფალო შეგვიწყალენ“ ყოველთვის შეგვიძლია ვთქვათ მანამ, სანამ რაიმეს მოვიმოქმედებთ. ან სულაც, შეიძლება ვთქვათ მკურნალობასთან ერთად. საშიშროების მომენტში ეს მით უფრო საჭიროა! ანდა შეიძლება კიდევ ასეც მოვიქცეთ: ავადმყოფი ბავშვის ძმები ან დები დადგნენ ხატის წინაშე და ილოცონ, ჩვენ კი ბავშვს მივხედოთ.

როდესაც უფალი მოწაფეებთან ერთად ნავით მიცურავდა, დაეძინა, ამოვარდა ქარიშხალი, შეშინებულმა მოწაფეებმა გააღვიძეს იგი და პირველი რაც მან უთხრა, იყო: „რასა შეშინდით, მცირედ მორწმუნენო?“ (მათე 8, 24-26). აი, სწორედ ეს განცდა უნდა გვქონდეს: რომ უფალი ჩვენს გვერდითაა. უნდა გვიყვარდეს იგი, ყოველთვის მასთან უნდა ვიყოთ.

როდესაც მეექვსე კურსზე ვსწავლობდი, მოსკოვში გრიპის საშინელი ეპიდემია მძვინვარებდა. ყველა სტუდენტი პოლიკლინიკებში გაგვაგზავნეს და ორი კვირის განმავლობაში დღეში თითქმის თორმეტი საათი გამოძახებაზე დავდიოდით. მინდა ერთი მაშინდელი შემთხვევა გავიხსენო:

ერთ-ერთი მორიგი ბინის კარზე დავრეკე - ასე განაგო უფალმა, რომ დროზე მივსულიყავი - კარი უცებ გაიღო და დავინახე ავადმყოფი ბავშვის დედა საშინლად აღელვებული, თითქოსდა აღელვებულიც კი.

შევედი ოთახში და დავინახე ბავშვი, რომელსაც ძლიერი კრუნჩხვები დაწყებოდა ძალიან მაღალი სიცხის გამო.

პირველი, რაც ამ დროს უნდა გაკეთდეს - ეს არის ორგანიზმის გაგრილება. ცივი წყლის კარგა მოზრდილი ოყნა გავუკეთეთ, შევუყვანეთ წამლები და ავადმყოფობას ვძლიეთ.

მაგრამ აი, რა იყო საოცარი. ჩემს მისვლამდე ცოტა ხნით ადრე, როცა დედა მიხვდა, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რომ არ იცის რა უნდა გააკეთოს, იგი თურმე ხატებთან მივარდნილა, მუხლებზე დამხობილა და ლოცვა დაუწყია. ცხოვრებაში ზოგჯერ მართლაც არის შემთხვევა, როცა ადამიანმა უბრალოდ არ იცის, რა მოიმოქმედოს. სიტუაცია კი იმდენად ექსტრემალურია, რომ რაღაცია გაკეთება ყოველ მიზეზგარეშე აუცილებელია და აი, სწორედ ასეთ დროს მივედი, და ღვთის შეწევნით ვძლიეთ ამ მძიმე მდგომარეობას.

... ტემპერატურის საკითხი - მნიშვნელოვანი საკითხია და მას ჩვენ ცალკე შევეხებით ერთ-ერთ მომდევნო საუბარში.

 

ოჯახის სულიერი ცხოვრება

(საუბარი მეორე)

ავადმყოფობა, მით უფრო ბავშვის სერიოზული ავადმყფობა, ყოველთვის მეტყველებს იმაზე, რომ ოჯახს დაუდგა დრო სინანულისა, მონანიებისა. ავადმყოფობა გვიბიძგებს გავაღრმავოთ ჩვენი სულიერი ცხოვრება.

ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვი ვაზიაროთ ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს, რათა მტკიცე საფუძველი დავუდოთ მის მკურნალობას. ჩვენი ეკლესიაც მაცხოვრის  სისხლზეა დაფუძნებული და ყოველი კეთილი საქმე ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიერ უნდა განმტკიცდეს.

ამისთვის მღვდელი პირდაპირ სახლში შეიძლება მოვიწვიოთ. მღვდლები ხშირად დაკავებულნი არიან, მაგრამ არც ერთი მათგანი, რასაკვირველია, არ იტყვის უარს ავადმყოფი ბავშვის ზიარებაზე.

მახსოვს ასეთი შემთხვევა: ჩვილი ბავშვი ლეიკოზით იყო დაავადებული. მოძღვარმა დედას უთხრა: „ყოველდღე აზიარეთ ბავშვი“. მანაც იწყო ტაძარში სიარული და, მოძღვრის კურთხევით, ყოველდღე აზიარებდა პატარას, ჩვილი სულ მალე განიკურნა ამ საშინელი სენისაგან. სისხლის დაავადებანი - საერთოდ ძალზე საშიშია, მაგრამ აი, ღვთის წყალობით, მათი განკურნებაც კი შეიძლება.

ძალზე კარგი იქნება, თუ ტაძარში წირვის დროს მოსახსენებელს შეაგზავნით ავადმყოფის ჯანმრთელობისათვის.

იმათ სახელზე, ვინც ბარათშია მოხსენებული, მღვდელი საკურთხეველში სეფისკვერიდან ნაწილებს იღებს. პურის და ღვინის ქრისტეს ხორცად და სისხლად გადაქცევის შემდეგ - რაც ლიტურგიის დროს სული წმიდის ზემოქმედებით ხდება საიდუმლოდ - მღვდელი ამ ნაწილებს ბარძიმში ათავსებს და ლოცულობს ყველა მოხსენიებულისათვის, რათა მათი ცოდვები ქრისტეს სისხლით განიწმინდოს. წმიდა სეფისკვერი, საიდანაც ამოკვეთილია ნაწილები, ნაწილდება და რიგდება ეკლესიაში. შინ მიგვაქვს და ყოველ დილას უზმოზე ნაკურთხ წყალთან ერთად ვიღებთ.

კარგი იქნება, თუ შევუკვეთავთ პარაკლისს ავადმყოფი ბავშვის ჯანმრთელობისათვის - ვთქვათ, იმ წმინდანის სახელზე, რომლის სახელსაც ატარებს. შემდეგ, პარაკლისზე და კურთხ წყალს სახლში წავიღებთ და რაც შეიძლება ხშირად მივაღებინებთ ბავშვს.

ავადმყოფს ნაკურთხი წყალი შეიძლება მივაღებინოთ არა მხოლოდ უზმოზე, არამედ მთელი დღის განმავლობაში. შეიძლება ბავშვს ამ წყლით დავბანოთ თავი, სახე, სხეული, ამოვუწმინდოთ თვალები. წყალი სწორედ იმისთვის იკურთხება, რომ ჩვენ განგვკურნოს. ამიტომ ის, სისტემატურად უნდა მოგვქონდეს ეკლესიიდან, ვსვამდეთ, ვიპკურებდეთ, ვასხურებდეთ ჩვენს საცხოვრებელს, ტანსაცმელს და ნივთებს, რომლებსაც ვხმარობთ. სახლში ყოველთვის უნდა იყოს ნაკურთხი წყალი ასეთი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის; ის ლოცვით უნდა მივიღოთ,რათა მოვიპოვოთ კურთხევა და გავძლიერდეთ.

შეიძლება შევუკვეთოთ ორმოცდღიანი მოსახსენებელი ჯანმრთელობისათვის. ამ შემთხვევაში ბავშვს ეკლესიაში ორმოცი დღის განმავლობაში მოიხსენიებენ. მთელი ის შეწევნა, რომელიც ეკლესიამ შეიძლება აღმოუჩინოს ავადმყოფ ბავშვს, დაე, აღმოჩენილ იყოს.

საწოლთან შეიძლება დავაბრძანოთ ხატი ისე, რომ ავადმყოფი ბავშვი ხედავდეს მას. კარგი იქნება, თუ კანდელს დავანთებთ. ბავშვის ოთახში შესვლისას მშობლებმა სასურველია შვილს ჯვარი გადასახონ, განსაკუთრებით, ძილის წინ. შეიძლება ბავშვის ირგვლივ დავაწყოთ წმიდა საგნები, გვერდით დავუდოთ ჯვარი, რომ რაც შეიძლება ხშირად ეამბოროს. ბავშვი შეიძლება გულსაკიდ ჯვარსაც ეამბორებოდეს, რომელიც, რასაკვირველია, გულზე უნდა ეკიდოს.

კარგი იქნება, თუ ბავშვები ჯვრის მუდმივად ტარებას მიეჩვევიან. მაშინაც კი, როცა ბავშვს ვაბანავებთ, ჯვარი უნდა ეკეთოს.

ზოგჯერ მშობლებს გადამეტებული შიში აქვთ ხოლმე - აქაოდა, ზონარმა  ბავშვს შეიძლება რამე დაუშავოს, მოუჭიროს, გაგუდოს და ა.შ. ასეთი შემთხვევა მართლმადიდებლობის არსებობის მანძილზე არასდროს მომხდარა, ასე რომ, აქ ყოველგვარი შიში უნდა უკუვაგდოთ. ქრისტეს ჯვარი ჩვენი დამცველია. მაცხოვრის ჯვარზე ასვლით სატანა ძლეულ იქნა. ის იძლია, მაგრამ არ განადგურებულა, ამიტომაც ჩაგვაგონებს ჯვრის საწინააღმდეგო აზრებს. ასეთი აზრები ყოველთვის მისგან მომდინარეობს.

ნებისმიერი უხერხულობის დროს ბავშვი რეფლექტორლად იცვლის სხეულის მდგომარეობას და ზონარსაც, რომელზეც ჯვარი ჰკიდია ყოველთვის თვითონ გაისწორებს, ძილშიც კი.

რა კარგია, თუ ბავშვმა იცის ლოცვა!

ლოცვის ჩვევა მას განსაკუთრებით ავადმყოფობისას გამოადგება. მას უკვე ბავშვობიდანვე ეცოდინება, რომ ავადმყოფობა - ეს უბრალოდ მაღალი სიცხე და თავის ტკივილი კი არ არის, არამედ რაღაც უფრო მეტი. რაღაც ისეთი, რაც მას ეგზავნება, გარკვეულად, სიკეთეც კი - სულიერი გაგებით. სწორედ ამიტომ უწოდებენ ავადმყოფობას ღვთის სტუმრობას: სხეული ავადმყოფობს, სული კი იკურნება. და ამის შეგრძნებით ბავშვი თავისთავად მშვიდდება.

ამ დროს სასურველია ვუკითხოთ მას სულიერი წიგნები, განსაკუთრებით სახარება.

ზოგჯერ მშობლები ვერ ბედავენ, ბავშვს უკითხონ „უფროსების“ სახარება - უკითხავენ „საბავშვო ბიბლიას“. უკვე 7 წლიდან, და უფრო ადრეულ ასაკშიც კი, შეიძლება ვუკითხოთ კანონიკური ტექსტი, რათა ბავშვი შეეჩვიოს სსრულფასოვან სულიერ საზრდოს. ხელოვნური საკვებით კი არ უნდა ვკვებოთ, არამედ დედის რძით. და კიდევ - ვუკითხოთ წმიდათა ცხოვრებანი, რომელთა ღვაწლი და მოთმინება განგვამტკიცებს ჩვენ.

რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისათვის შეაბიჯოს სულიერ სამყაროში! ამის მერე ყველაფერი იცვლება: მაღალი სიცხეც კი აღარ აწუხებს მას განსაკუთრებულად. გარკვეულ ხორციელ შეჭირვებასაც სხვანაირად იტანს. ისე აღარ ჭირვეულობს, როგორც ავადმყოფობის დროს ჭირვეულობენ, აღარც მშობლებს ეძახის გაუთავებლად „დედი! მამი!“ ბავშვმა უკვე წინასწარ იცის, როგორ უნდა მოიქცეს ავადმყოფობის დროს.

 

ბავშვს მაღალი სიცხე აქვს

(საუბარი მესამე)

წინა საუბრებში ჩვენ აღვნიშნავდით, რომ ლოცვა და სიმშვიდე ოჯახში, წმინდა ფიზიკური თვალსაზრისითაც კი, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ავადმყოფობის მიმდინარეობაზე.

ახლა შევეხოთ ტემპერატურის საკითხს.

ბავშვი, განსაკუთრებით ახალშობილი, სწრაფად ხურდება და ასევე სწრაფად კარგავს სიმხურვალეს. ზრდასრულ ადამიანთან შედარებით მას სხეულის ზედაპირის მასასთან შეფარდების ძალიან მაღალი კოეფიციენტი აქვს და იგი წამშივე გრილდება. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ტემპერატურის რეჟიმის დაცვა. შევქმნათ ასეთი რეჟიმი - ნიშნავს უზრუნველვყოთ ბავშვის სრულფასოვანი მოვლა.

აუცილებლად უნდა ვადევნოთ თვალყური იმას, რომ ჩვილი სითბოს არ კარგავდეს. მეორეს მხრივ, პატარებს ხშირად ზომაზე მეტად ფუთნიან - ვაითუ გაცივდესო. თუ ბავშვს ოდნავ გაუცივდება ცხვირი ან ფეხები, მშობლები მაშინვე დაფრთხებიან ხოლმე. თუ ჩვილს მთელი სხეული თბილი აქვს, ცივი კი მხოლოდ ცხვირი და ქუსლები, ან თუნდაც ფეხის თითებიც, ეს შეიძლება ნორმად მივიჩნიოთ. უფრო მეტიც, სასურველია სწორედ ასეთ მდგომარეობას მივაღწიოთ, ანუ ჩვილი პირველი დღეებიდანვე ნელ-ნელა უნდა გავაკაჟოთ. ჩვენ ხშირად ბავშვს სათბურის მსგავს პირობებს ვუქმნით და ამით ვართმევთ შესაძლებლობას, გამოიმუშაოს ის თავდაცვითი რეაქციები, რომელიც მას ცხოვრებაში დასჭირდება.

თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, ამის არ უნდა შეგვეშინდეს. მშობლები ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, ბავშვს სიცხის დამწევ საშუალებას აძლევენ და ჰგონიათ, რომ ამით მას მკურნალობენ. მაგრამ ეს ასე არ არის. მაღალი ტემპერატურა ავადმყოფობის არც მიზეზია და არც თვითონ ავადმყოფობა. ის თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც ორგანიზმს გამოსაჯანმრთელებლად სჭირდება. ეს თავისებური ბარომეტრია, რომელიც გვაჩვენებს, რომ ორგანიზმი ებრძვის ავადმყოფობას და ნივთიერებათა ცვლის პროცესი მეტი ინტენსივობით მიმდინარეობს. ბავშვები სიცხეს, ჩვენთან შედარებით უფრო ადვილად იტანენ. ზრდასრული ადამიანი გაშოტილი წევს, ხოლო იმავე ტემპერატურის მქონე ბავშვი შეიძლება ოთახებში დარბოდეს. ერთადერთი რაც აუცილებელია - უნდა ვაკონტროლოთ სიცხის მაღალი მაჩვენებლები. პატარა ბავშივისათვის ეს არის საშუალოდ 39 გრადუსი. ეცადეთ სიცხე იმ მაქსიმალურ დონეზე გააჩეროთ, რომელსაც ბავშვი განსაკუთრებული წუხილის გარეშე იტანს.

რასაკვირველია, თუ სიცხე ძალიან მაღალია და მდგომარეობა აშკარად უარესდება, უნდა შეეცადოთ მის დაგდებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგიური სინდრომების გაჩენა.

პატარა ბავშვებს თერმორეგულაციის ცენტრი ჯერ კიდევ არა აქვთ საკმარისად მდგრადი. ერთ წლამდე ასაკში, უფრო იშვიათად, სამ და ხუთ წლამდეც, ძალიან მაღალი სიცხისას შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვითი სინდრომი, რაც გამოვლინდება ხელ-ფეხის, ნიკაპის ცახცახით, რომელსაც თან სდევს ჩვილის აშაკარად გამოხატული მოუსვენრობა. მშობლებმა უნდა იცოცნენ, როგორ მოიქცნენ ამ შემთხვევაში.

რასაკვირველია, უპირველესი, როგორც უკვე ვთქვით - ლოცვაა.

ბავშვი სასწრაფოდ უნდა გავაგრილოთ. თავიდან შეიძლება გაგრილების ფიზიკურ მეთოდებს მივმართოთ. ყველაზე მარტივია, გავხადოთ ბავშვს ტანსაცმელი. სხეული შეიძლება დავუზილოთ ცივი წყლით, შეიძლება - არყით ან სპირტით. პირდაპირ ხელზე დაისხით ცოტაოდენი სპირტი და დაუზილეთ ტანი.

თუ კრუნჩხვები საკმაოდ ძლიერია, აუცლებელია სწორ ნაწლავში ცივი წყლის შეშხაპუნება, რამდენიმე თვის ჩვილისათვის საკმარისია 20-30 მილილიტრი. ოყნის ბუნიკს ზეთი უნდა წავუსვათ და შემდეგ ძალიან ფრთხილად შევიყვანოთ, რომ სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი არ დავაზიანოთ.

შემდეგ, იმავე გზით მედიკამენტები უნდა შევიყვანოთ: 30 მილილიტრ წყალში გახსნილი მეოთხედი აბი ანალგინი.

რატომ არის ბავშვებისთვის ყველაზე უკეთესი წამლების ამ გზით შეყვანა? პატარა ბავშვი, რომელიც ცუდად არის და ტირის, უმეტეს შემთხვევაში არ გადაყლაპავს იმას, რასაც პირში ჩაუდებენ. თანაც, სწორი ნაწლავის სისხლძარღვები წამალს მყისვე ითვისებს. წამალი სისხლის ნაკადს მიჰყვება და მიზანს აღწევს. ოღონდ, ტოქსიკური პრეპარატების რექტელური გზით შეყვანა რეკომენდირებული არ არის, რადგან არტერიალური სისხლის ნაკადს ის მაშინვე გადააქვს მნიშვნელოვან სასიცოცხლო ცენტრებში ისე, რომ ღვიძლს არ გაივლის, რომელიც ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებათა ფილტრს წარმოადგენს.

წამლებიდან საუკეთესოა ანალგინი. მას ერთდროულად ორი თვისება აქვს: სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი.

სიცხისდამწევი პრეპარატების დიდი დოზებით შეყვანა რეკომენდირებული არაა.

ყოველ ორგანიზმს საკუთარი მგრძნობელობა აქვს ამა თუ იმ პრეპარატის მიმართ. ერთ ბავშვს სიცხის დასაწევად ნაკლები წამალი სჭირდება, მეორეს - მეტი. 4-5 წლის ბავშვს საშუალოდ უნდა მივცეთ ანალგინის აბის მესამედი - იმისთვის, რომ ტემპერატურა უცებ არ დაეცეს, არამედ ოპტიმალურ დონეზე შეჩერდეს. მაღალი სიცხის ამ ოპტიმუმს ავადმყოფობის მიმდინარეობის კეთილმყოფელი ფაქტორიც კი შეიძლება ვუწოდოთ. ასე რომ, კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ - ტემპერატურა თავისთავად არ წარმოადგენს რაღაც მართლა მავნებელს. სწორედ მაღალი ტემპერატურის პირობებში ყველაზე უფრო ეფექტურად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის ის პროცესები, რომელიც აუცილებელია გამოჯანმრთელებისათვის.

ხშირად მაღალი სიცხე დაკავშირებულია უბრალოდ სითხის მიღების რეჟიმის დარღვევასთან. ჩვილს არ შეუძლია გვითხრას: „დამალევინეთ წყალი“. ის იწყებს ტირილს, ხოლო ზოგჯერ ისეა დასუსტებული, რომ ტირილის თავიც არა აქვს. ჩვენ ხშირად მხედველობიდან ვუშვებთ იმ მნიშვნელოვან მომენტს, რომ ბავშვმა დღეში სითხის მკაცრად განსაზღვრული რაოდენობა უნდა მიიღოს, გარემო ტემპერატურის, საკუთარი წონისა და ასაკის შესაბამისად. ორგანიზმში წყლის ნაკლებობის სიმპტომებია ლორწოვანი გარსის სიმშრალე, დიურეზის დაქვეითება (ბავშვი ცოტას შარდავს).

წამალს, და საერთოდ ყველაფერს, რასაც ბავშვს ვაძლევთ, სასურველის ჯვარი გადავსახოთ.

დაე, ნაკურთხი იყოს ჩვენი ყოველი მოქმედება. წმიდა კირილე იერუსალიმელი წერს: „დე, არ გვერცხვინებოდეს ჯვარცმულის აღსარება, მოშურნეობით გამოვისახავდეთ ჯვარს ჩვენს პირსა და ყოველივეზე: პურზე, რომელსაც ვჭამთ და სასმელზე, რომელსაც ვსვამთ. დე, გამოვსახავდეთ შინ შესვლისას და გასვლისას, ძილის წინ და როცა ვდგებით, როცა გზაში ვართ და როცა ვისვენებთ. იგია უდიდესი საფარველი, რომელიც მოგვეცა წყალობად ჩვენ, გლახაკთა და უძლურთ. რამეთუ იგი არს მადლი ღვთისა, სასწაული მართალთათვის და რისხვა ბოროტი სულებისათვის“.

 

ავადმყოფობა - წვევა ღვთისა

(საუბარი მეოთხე)

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ავადმყოფობისას უპირველესი უნდა იყოს ლოცვა და წამლობის ის სულიერი საშუალებანი, რომელსაც ეკლესია გვთავაზობს.

ღვთის მადლი აერთიანებს ადამიანებს, ახლობლებად აქცევს მათ, ასეთი სიახლოვე განსაკუთრებით დედასა და შვილს შორის იგრძნობა.

სამშობიარო სახლში, სადაც ვმუშაობდი, ეს არაერთხელ შემინიშნავს, ყოფილა ბევრი საოცარი შემთხვევა, როცა დედასა და შვილს ერთმანეთი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოუყვანიათ. როცა დედის ჯანმრთელობა უარესდებოდა, ჩვილი, სიცოცხლისაკენ სწრაფვით, თავის თავზე გაცილებით მეტს იღებდა, ვიდრე ფიზიკურად შეიძლებოდა ეტვირთა. ე.წ. „მძიმე“ ბავშვებიც კი, ღვთის წყალობით, ასეთ დროს გაორმაგებული ძალით იბრძოდნენ ხოლმე. ანდა პირიქით, დედები, რომლებსაც ე.წ. „მძიმე“ ბავშვები ჰყავდათ, რაღაცნაირად სრულიად განსხვავებულად იქცეოდნენ. ერთი შეხედვით, ეს ორი არსება, თითქოსდა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ცხოვრობს. სულ რაღაც ორიოდე დღის წინ, ისინი ერთ არსებას წარმოადგენდნენ. და აი, ჭიპლარი გაწყდა, მაგრამ უხილავი, სულიერი ჭიპლარი არსებობას განაგრძობს.

ახალგაზრდა დედა თვითონ გრძნობს ამას: ის უკვე აღარ არის მარტო, ამიერიდან არსებობს ის, ვინც მას შველის, ვინც მას, თითქოსდა საკუთარი ტანჯვის ფასად, დახმარების ხელს უწვდის. უფალი ხედავს ჩვილის უმწეობას, დედასთან ერთად ყოფნის სურვილს, იმ სასოებასა და იმედს, რაც სრულად ვლინდება სიცოცხლისათვის ბრძოლაში და რითაც ის საკუთარი დედისათვის წყალობას გამოითხოვს ღვთისაგან. უფალი ყოველივეს ხედავს და, რასაკვირველია, წყალობას უგზავნის მათ. ჩვილის ეს სასოება თითქოსდა უსიტყვო ლოცვააო, უფალი მასაც ისმენს.

იყო შემთხვევა, როცა დედამ უარი თქვა ახალშობილზე. ჩვილი მოკვდა, თუმცა კი საკმაოდ ჯანმრთელი დაიბადა. ასეც მომხდარა - ბავშვი ავადმყოფი დაიბადა, თანაც იმდენად, რომ კლინიკური ნიშნებით, ავადმყოფობა განუკურნებადი იყო, მაგრამ დედამ თავისი სასოებით, ბავშვი უფსკრულიდან ამოიყვანა. მე, როგორც მათმა მკურნალმა ექიმმა, ვიცოდი, რომ აქ კიდევ რაღაც სხვა ხდებოდა, მედიცინის მიღმა. ცხადი იყო - ეს ბავშვი დედას უფალმა მოუვლინა, რომ მათ ერთმანეთი გამოეხსნათ. ერთს - მოთმინებით, ტანჯვით, თავისი თითქოსდა უსიტყვო ლოცვით, მეორეს კი - სასოწარკვეთილების ძლევით.

მოციქული პავლე ბრძანებს, რომ თუ სხეულის ერთი ასო იტანჯება, იტანჯება სხვა დანარჩენიც. თუ ერთი ხელი გვტკივა, მეორე ამას აუცილებლად იგრძნობს. ოჯახი - ერთი სხეულია.

ძალიან კარგია, როცა ოჯახში ბევრი ბავშვია. თავისი ერთ-ერთ ძმისა თუ დის ავადმყოფობაზე ბავშვები გულისხმიერად რეაგირებენ. მათთვის, ისევე როგორც თვით ავადმყოფისათვის, ეს ნამდვილი სკოლაა. სასურველია, რომ ბავშვები მონაწილეობდნენ ავადმყოფის მოვლაში: მაგალითად, მიუტანონ მას ხილის წვენი, გაურეცხონ ჭურჭელი - რასაკვირველია, თუ მას ინფექციური დაავადება არა აქვს, რომლის დროსაც კარანტინი აუცილებელია. ბავშვებს უნდა მივცეთ საშუალება, იგრძნონ, რომ ახლა ოჯახში განსაკუთრებული მდგომარეობაა, რათა ამ მოვლენამ გამოიწვიოს სულიერი გამოძახილი, რათა მთელი ოჯახი ცხოვრობდეს ლოცვითი განწყობით და ადგილი არ ჰქონდეს გულგრილობას როდესაც ერთი ავადმყოფობს, გვერდით ოთახში კი თამაშია და ხმაური.

და რა კარგია, როცა ბავშვები თავის თავზე იღებენ ავადმყოფი ძმისა თუ დის საშინაო საქმეს. როგორც წესი, ამას ხალისით აკეთებენ - დაიკო ავადაა, ესე იგი, დღეს ჩვენ უფრო მეტს ვიმუშავებთ - მის მაგივრადაც!

ბავშვები აღივსებიან თანაგრძნობით, ლაპარაკობენ ჩურჩულით, ყოველ დილას მიდიან ავადმყოფ ძმასა თუ დასთან კითხვით: „როგორ ხარ?“ ისინი უკვე გრძნობენ საკუთარ პასუხისმგებლობას მის წინაშე. და რაც მთავარია, ბავშვები იწყებენ ლოცვას თავის ძმისა თუ დისთვის. კითხულობენ ძილად მისვლისას ლოცვას საღამოს და დამატებით, ლოცვას ავადმყოფის ჯანმრთელობისათვის და ისიც გრძნობს ამ შეწევნას. სინამდვილეში სწორედ ასე იქმნება ოჯახი, როგორც ერთი სული, როგორც მცირე ეკლესია.

აქედან გამომდინარე, ავადმყოფობა მხოლოდ რაღაც უსიამოვნება კი არ არის, არამედ სულიერი სკოლა ოჯახის ყველა წევრისათვის. ღვთის წვევაა, რომელიც მთელვ ოჯახს ეხება. ღმერთის ოჯახში სტუმრობა ერთს ავადმყოფის სარეცელზე აწვენს, სხვებს თანაგრძნობას, მორჩილებას, სიყვარულს ასწავლის. ეს აღზრდის სკოლაც არის და ურთიერთდათმობის სკოლაც. აქ ყველაფერია, ეს მთელი სამყაროა. და ამ სამყაროში ადამიანები უეცრად იცვლებიან: ყველა იღებს თავისთვის რაღაც სასარგებლოს, მშობლები - როგორც ბავშვის სულიერსა და ხორციელ კეთილდღეობაზე მეურვენი, ბავშვები იძენენ ჩვევას მოყვასზე ზრუნვისა, თანაგრძნობისა, საკუთარი სურვილების იმისადმი დაქვემდებარებისა, რაც ოჯახში ხდება. თვით ბავშვი პატარაობიდანვე ეჩვევა, რომ ხორციელი გამოვლინებანი დაუმორჩილოს სულის ცხოვრებას, რომელიც ადამიანისთვის უპირველესი უნდა იყოს, ცდილობს ილოცოს.

იმის შემდეგ კი, რაც ბავშვი გამოჯანმრთელდება, ღმერთს, რასაკვირველია, მადლობა უნდა შევწიროთ, რათა ბავშვებმა კარგად გააცნობიერონ, რომ უფალმა მოგვცა საშუალება ავადმყოფობისა და მოგვცა საშუალება გამოჯანმრთელებისა. ეს ყოველივე ღვთის უდიდესი წყალობაა.

 

რატომ იტანჯებიან ბავშვები?

(საუბარი მეხუთე)

ოჯახი - ერთიანი სხეულია და ხშირად, სულიერი ტვირთი, რომელიც მას აწევს, ოჯახის წევრებს შორის არათანაბრადაა განაწილებული. ხდება ხოლმე, რომ ბავშვები ატარებენ მათთვის შეუფერებელ ტვირთს და საკუთარი ჯანმრთელობით ზღავენ თავიანთი მშობლების ცოდვებსა და შეცდომებს.

ჩემს ნაცნობ ერთ ოჯახში ასეთი შემთხვევა მოხდა. შვიდიოდე წლის გოგონა მძიმედ გახდა ავად, სიცხე დიდხანს არ უკლებდა, ექიმები დიაგნოზს ვერ სვამდნენ. მშობლები თითქმის სასოწარკვეთამდე იყვნენ მისულნი. გოგონას ბებიამ ბავშვის მშობლებს გადასცა ერთი მოძღვრის ნათქვამი: გოგონა იმიტომ ავადმყოფობს, რომ თქვენ ცოდვებს არ ინანიებთ, აღსარებას არ ამბობთ, არ ეზიარებით და თქვენი ცოდვები ბავშვს აწვებაო. ამ სიტყვებმა შეძრა დედა და მამა, მათ იწყეს ტაძარში სიარული, მოინანიეს, თქვეს აღსარება, მიიღეს წმიდა ზიარება და იწყეს თავისი ცხოვრების გამოსწორება. ავადმყოფობამ უკან დაიხია. ეს იყო დაშვება ღმრთისა, რომლის მეშვეობითაც მთელი ოჯახი გაეკლესიურდა.

ზოგჯერ ადამიანები კითხვას სვამენ: რატომ იტანჯებიან ბავშვები? ჩვენ, გასაგებია, - ცოდვილები ვართ... ეს იყო, სხვათა შორის, დოსტოევსკის ერთ-ერთი მთავარი კითხვა. გავიხსენოთ „ძმები კარამაზოვები“. ადამიანური სამართლიანობის თვალთახედვიდან ეს საკითხი გადაუჭრელია, მასზე პასუხის გაცემა მხოლოდ მარადიულობის პერსპექტივაში, ღვთის განგებულების გათვალისწინებითაა შესაძლებელი. დოსტოევსკი ამას მხოლოდ საკუთარი შვილის გარდაცვალების შემდეგ მიხვდა, როდესაც ნუგეშის მისაღებად ოპტის უდაბნოში გაემგზავრა და ამბროსი ბერს ესაუბრა, ხოლო უდანაშაულოთა ტანჯვის სულიერი აზრი საბოლოოდ მხოლოდ საკუთარი გარდაცვალების წინ შეიცნო...

მე ხშირად მიხდება მისვლა მოსკოვის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში, სადაც გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვები იმყოფებიან. ბევრი მათგანი საწოლიდან ვერ დგება, ბევრზე მშობლებმა უარი თქვეს, როგორც მძიმე ავადმყოფებზე. იქ არიან ბავშვები განვითარების უმძიმესი ხარვეზებით; ყველა ისინი საშინლად იტანჯებიან, თუმცა, ბევრი მათგანი ამას ვერც აცნობიერებს თავისი გონებრივი სისუსტის გამო. ამ სახლში როდესაც შედიხარ, თავს ისე გრძნობ, თითქოს ჯოჯოხეთის შუაგულში შეაბიჯე, მაგრამ სწორედ იქვე შეიძლება იგრძნო სულების სამოთხისეული ნეტარება, სულებისა, რომლებიც ღმერთთან არიან. აქ ბევრია ბავშვი, რომელიც დადის ეკლესიაში და რომელსაც უყვარს უფალი.

პირველი, რაც მაცხოვარმა ჯვარზე ვნების შემდეგ გააკეთა - ეს იყო ჯოჯოხეთში ჩასვლა. პირველი, რაც ღმერთთან თანაჯვარცმულმა ადამიანმა უნდა გააკეთოს, - მასთან ერთად უნდა ჩავიდეს საკუთარი ცხოვრებისა და ზრახვების ჯოჯოხეთში...

ბავშვი და ტანჯვა. როგორ შეგვიძლია ეს გავაცნობიეროთ, როგორ ვიტვირთოთ?

ბავშვთა სახლიდან გამოსული გრძნობ, რომ, შესაძლოა, ეს სამყარო, რომლის გადაქცევაც ადამიანთა მოდგმის მტერს ერთ უზარმაზარ „დისნეილენდად“ სურს, სადაც იქნებიან უაზროდ ბედნიერი, ყურებამდე გაღიმებულ-გაკრეჭილი, მუდმივად რაღაცის მცოხნავი რობოტები, ეს დაცემული პორნოგრაფიული სამყარო ჯერ კიდევ მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ არიან ბავშვები, რომლებიც საკუთარი ტანჯვით გადასწონიან ჩვენს უღმერთობასა და უნანელ ცხოვრებას. ამ ბავშვების ბედი გაცხადდება მარადიულობაში. ავადმყოფობა და „არანორმალურობა“ არსებითად მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრების მოვლენებია. თუ ღმერთს არ შეუქმნია სიკვდილი, არამედ ის შემოვიდა სამყაროში ღვთისაგან განდგომის შედეგად, მით უფრო, ღმერთს არ შეუქმნია ავადმყოფობა.

ორნახევარი წლის წინ ჩემთან აღსარებაზე მოვიდა თორმეტიოდე წლის სნეული გოგონა ამ ბავშვთა სახლიდან. მას ერთმანეთზე ორი სიტყვის გადაბმაც კი უჭირდა, ერთ ადგილზე ტრიალებდა ბზრიალასავით, მისი არანორმალური გამოხედვა, განუწყვეტელი მანჭვა, მთელი მისი იერი მის „არასრულფასოვნებაზე“ მეტყველებდა. და აი, მან იწყო აღსარების თქმა და წმიდა ზიარების მიღება ყოველ კვირა დღეს.

ერთი წლის შემდეგ მას გაუჩნდა საკუთარი გულისთქმის გამჟღავნების მოთხოვნილება (ვინც ლოცულობს და ხშირად ამბობს აღსარებას, მან იცის, რა არის ეს). გოგონამ იწყო ისეთი ფხიზელი სულიერი ცხოვრება, რომელსაც ისიც კი ვერ აღწევს ხშირად, ვინც თავს ღრმადმორწმუნედ და ეკლესიურად მიიჩნევს. მან იწყო იესოს ლოცვა („უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“), ბრძოლა ცოდვისმიერ ზრახვებთან გონებაში მათი გაჩენისთანავე, პატიება და მიტევება წყენისა, ყოველივეს მოთმინებით ატანა. რამდენიმე თვის განმავლობაში მან ისწავლა წერა-კითხვა, სიდებილის ყველა ნიშანი გაუქრა და სახეზე სულიერება აღებეჭდა. ყველფერში, რასაც აკეთებდა და ლაპარაკობდა, იყო განსჯა და გრძნობა. როდესაც მას ვუყურებდი, გული მტკიოდა ჩემი საკუთარი ცხოვრების ცოდვიანობის გამო.

შემდეგ იგი სხვა ბავშვთა სახლში გადაიყვანეს და რაღაც ხანი ჩვენ ერთმანეთი ვერ ვნახეთ. მაგრამ ერთხელაც იგი მოვიდა ჩემთან და მითხრა:

- მამაო, ჩემზე ნუ სწუხართ, მე ყოველთვის ღმერთთან ვარ. ღმერთი ძილშიც კი არ მტოვებს...

და ყოველივე ამის შემდეგ მთელი მსოფლიოს ყველა „ბრძენი“ და ჭკუის კოლოფი რომ შეიკრიბოს და წარმოადგინოს ყველაზე ზუსტი მტკიცებანი იმისა, რომ ღმერთი არ არსებობს, მე მხოლოდ სიბრალულით შევხედავ მათ...

ავადმყოფი ბავშვები თავის თავზე იღებენ ტანჯვის, მოწამეობის და სალოსობის ჯვარს იმისთვის, რომ უფალი ბოლომდე არ განურისხდეს ამ სამყაროს და ჩვენ, ალბათ, მათი წყალობითა გვაქვს ჯერ კიდევ დრო მოსანანიებლად. მაგრამ ჩვენი უნანელი ცხოვრების წესის გამო, ჩვენი ჩვევის გამო არ ვფიქრობთ საკუთარ ცოდვაზე, არამედ მას ვიღაც სხვას ვაბრალებთ.

და აი, იწყება დრტვინვა: თუ ღმერთი სამართლიანია, როგორ უშვებს ბავშვების ტანჯვას?!

დიახ, ღმერთი სამართლიანია. იგი ცოდვას არ გვასწავლის. იგი მოგვიწოდებს: „იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მათე 5, 48).

ჩვენ რომ ქრისტეს ჯვარს შევყურებდეთ და მთელს ჩვენც ცხოვრებას მას ვუფარდებდეთ, ჩვენთვის არ იქნებოდა რთული, გაგვეცა პასუხი კითხვაზე, რატომ იტაჯებიან ბავშვები? რის გამო იტანჯა თავად მაცხოვარი? ის ხომ უცოდველია. ამ ქვეყნად დაბადებულ ყოველ ბავშვს პირველქმნილი ცოდვის დაღი აზის, ხოლო უფალს ესეც არ ჰქონდა. იგი - ნებისმიერ ბავშვე უფრო წმინდა - იტანჯა, და თანაც როგორ!

აი, ეს არის სწორედ პასუხი კითხვაზე: რატომ იტანჯებიან ბავშვები ჩვენი ცოდვების გამო; იმის გამო, რომ არ ვზრუნავთ არც საკუთარი და არც მათი სულების ცხონებაზე. ჩვენი, როგორც მშობლების, ამოცანა მხოლოდ იმაში კი არ მდგომარეობს, რომ შვილების ფიზიკური არსებობა უზრუნველვყოთ, არამედ, პირველ რიგში - სულიერად აღვზარდოთ ისინი, გავუხსნათ მათ ღვთისკენ მიმავალი გზა. აი, მაცხოვრის სიტყვები: „აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლუად ჩემდა, და ნუ აყენებთ მათ“ (მათე 19, 14).

თუ ჩვენ არ დაგვყავს ბავშვები ეკლესიაში, არ ვასწავლით ლოცვას, თუ შინ არა გვაქვს სახარება, ხატები, არ ვცდილობთ ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაბრკოლებთ მათ, ხელს ვუშლით მივიდნენ ქრისტესთან. და ეს არის ჩვენი უმთავრესი ცოდვა, რომელიც ბავშვებზე გადადის.

აი, რატომ იტანჯებიან ჩვენი ცოდვების გამო ბავშვები, იმ შემთხვევაშიც, როცა თვითონ ამ ცოდვებში ბრალი არ მიუძღვით. ჩვენ მათთან უხილავი ძაფებით ვართ დაკავშირებულნი, მათში - ჩვენი სისხლია და სული. ისინი ჩვენი შვილები რომ არ ყოფილიყვნენ, ჩვენს გამო არ დაიტანჯებოდნენ. მაგრამ მაშინ არც დაიბადებოდნენ ჩვენგან. ცოდვა სწორედ ამიტომაც უდიდესი ბოროტება, რომ მის გამო უდანაშაულონი იტანჯებიან, მაგრამ ამავე კანონის თანახმად, ერთის ტანჯვას მეორე ადამიანის ცოდვის გამოსყიდვა შეუძლია. „ვნებანი მისნი გამომხსნელ გვექმნა“ - ვღაღადებთ უფალსა ჩვენსა იესუ ქრისტეზე, რომელმაც გაგვიხსნა კარი ხსნისა.

საუბრები ჩაიწერა ნ. ბულგაკოვმა
თარგმნა ირაკლი ლომოურმა