წმიდა ბერი ალექსი შუშანია (მღვდელმონაზონი, ასკეტი, ისიქასტი, ქართული მონაზვნობის გამორჩეული მოძღვარი, საეკლესიო მწერალი და პოეტი) დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს სენაკის მაზრის სოფელ ნაქალაქევში, აზნაურ ლევან შუშანიას კეთილმორწმუნე ოჯახში. შვიდი წლის ასაკში ალექსი სკოლაში შეიყვანეს. აქ მან დიდი ნიჭიერება გამოიჩინა, მაგრამ მალე მძიმედ დაავადდა, სწავლა ვეღარ გააგრძელა და მამამ ოზურგეთში წაიყვანა, სადაც თავად ვაჭრობდა.
ალექსის მამა 1868 წელს გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან დალოცა შვილი და ანდერძად დაუბარა, ეზრუნა ოჯახისათვის. ამ დროს მომავალი მღვდელმონაზონი 16 წლის იყო.
ამავე წელს ალექსი იერუსალიმში გაემგზავრა და იქაური სიწმინდეები მოილოცა, შემდეგ კი კონსტანტინეპოლში ჩავიდა ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან, რომელიც დიდვაჭარი და ამასთან, ფრიად განსწავლული კაცი, მცოდნე მრავალი აღმოსავლური ენისა, დიდად ღვთისმოსავი გახლდათ.
ბიძასთან ყოფნის ჟამს ალექსი შეეჩვია ვაჭრებს და იმდენად მოეწონა ეს ხელობა, რომ თავადაც ვაჭრად გახდომა მოუნდა, მაგრამ ღვთის განგებამ სხვა გზა უჩვენა.
ალექსიმ ბიძას გამოართვა წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ხატი, თავის ოთახში განმარტოვდა და დაეწყო დიდი შინაგანი ბრძოლა: ცალკე საერო ცხოვრება იზიდავდა თავისი ახალგაზრდული სიამოვნებით, დედის, ბებიის, ძმისა და ტოლ-სწორებისადმი სიყვარულით, ცალკე კი უხილავი ძალა მოუწოდებდა წმიდა და მაღალი ცხოვრებისაკენ. ასეთ ბრძოლაში გავიდა რამდენიმე საათი. ბოლოს ალექსიმ იკითხა: “რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას?” უხილავმა მოძღვარმა კითხვითვე უპასუხა: “ეხლა რომ მოკვდე, ვინ გაარიგებს შენს საქმეს?” ალექსიმ მიუგო: “ღმერთი!” კვლავ გაისმა ხმა: “მაშინ შენც მოკვდი ღვთისათვის საწუთროისაგან და ღმერთს მიანდევი ყოველივე შენი საქმე და იგი გაარიგებს.”
შემდგომ ამისა ალექსი საოცრად გამოიცვალა: თითქმის გამუდმებით, თვეობით იჯდა თავის ოთახში, კითხულობდა საღმრთო წიგნებს და მკაცრად მარხულობდა.
ალექსის ამგვარმა ყოფამ ბიძამისს კონსტანტინეპოლზე გული აუცრუა და მალე ყველანი საქართველოში დაბრუნდნენ.
შინ დაბრუნებულმა ალექსიმ ოჯახს განუცხადა, რომ ბერად აღკვეცის აღთქმა დადო. დები და ძმა დიდად შეწუხდნენ, დედამ კი მადლობა შესწირა ღმერთს და დალოცა შვილი.
ალექსი თეკლათის დედათა მონასტერში ავიდა, საერო სამოსელი განიძარცვა და ბერული მოღვაწეობის გზას შეუდგა. იმ დღიდან მან მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. დადიოდა სოფლებში, უვლიდა ჭლექით, ქოლერითა და სხვა მძიმე ავადმყოფობებით დასნეულებულებს, მარხავდა უპატრონო მიცვალებულებს.
1875წ. იმერეთის ეპისკოპოსმა წმ. გაბრიელ (ქიქოძემ) დალოცა ალექსი ბერი და უკურთხა ცხოვრების წესი და არჩეული გზა. სავარაუდოდ იმავე წელს ალექსი ბერი შეუდგა თავისებური სალოსობის ღვაწლს.
ასე განვლო რამდენიმე წელმა. ერთხანს ალექსი სალოსურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი ძლიერი მქადაგებელი გახლდათ ღვთის სიტყვისა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილი მაგალითი იყო მრავალთათვის. ბერის ქადაგების გავლენით მალე მონაზვნად აღიკვეცნენ დედამისი ელენე, უმცროსი და სალომე და ძმა ბესარიონიც. ბესარიონმა მოილოცა იერუსალიმის სიწმინდენი, იქ რამდენიმე წლის განმავლობაში იღწვოდა, შემდეგ კი მარტვილის მონასტერში მღვდლად ეკურთხა, მიიღო სქემაც და ბოლოს აღესრულა. მოგვიანებით აღიკვეცა ბიძა ისლანიც.
თავად ალექსიმაც იღვაწა ათონზე, გადაწერა მრავალი წიგნი. ათონიდან მობრუნებულმა დიდი სასოებით მოილოცა კიევის მღვიმეთა მონასტერი, საქართველოში დაბრუნდა და კვლავ განაგრძო თავისი ჩვეული მოღვაწეობა ლოცვით, მარხვითა და კეთილი საქმეებით.
დაახლოებით 1885 წელს ალექსი შუშანია დაემკვიდრა გელათის მონასტერში, სადაც მრავალი საღვთო წიგნი შეისწავლა და გადაწერა. 1886 წელს იგი გადაყვანილ იქნა დიაკვნად, ხოლო 1888 წელს კი – მღვდელ-მონაზვნად.
1890 წელს ალექსი ბერი ავადმყოფობის გამო თეკლათის მონასტერში დაემკვიდრა თავის მონაზონ დედასთან და დებთან ერთად.
ღვთის განგებით, 1891 წელს ალექსი ბერმა ბერული სენაკის მშენებლობა დაიწყო მენჯში, ე.წ. მთავარანგელოზთა გორაზე. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძველი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა ამ სავანეში დაყუდებულ მოღვაწეობას. მამა ალექსის ჯანმრთელობაც ისე გამოუკეთდა, რომ წირვა-ლოცვის შესრულება შეეძლო. შემოწირულ თანხას იგი სამ ნაწილად ჰყოფდა: ერთ ნაწილს გადადებდა პირადი საჭიროებისათვის, მეორეს – ეკლესიისა და სტუმართათვის, მესამეს კი – დავრდომილთა და გლახაკთათვის. როდესაც მკაცრმა ასკეტურმა მოღვაწეობამ ფიზიკურად გატეხა, მოწაფეები დაითხოვა და ბოლო, დაახლოებით 1915 წლის შემდგომ წლებში, ვიდრე ამიერ ქვეყნიდან განსვლამდე, თავის სქემმონაზონ ბიძაშვილებს, დებს – აკეფსიმასა და ფასტოს იხმარებდა.
1898 წლიდან იგი სრულებით ჩაიკეტა თავის სავანეში და სიკვდილამდე საკელიო დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა. გარეშე მნახველს მხოლოდ შაბათ-კვირაობით იღებდა. ლოცვასა და სამწერლობო მუშაობაში ატარებდა დროს.
საინტერესოა მისი ცხოვრების რეჟიმი: ჭამდა დღეში ერთხელ. ლოცვა კაცის თანდასწრებით არ უყვარდა. ცხოვრობდა უბრალოდ და სადად. ეცვა ძაძის ანაფორა. მისი ოთახის მოწყობილობას შეადგენდა: ერთი ხის ჭილობგადაფარებული ტახტი, უბრალო დაბალი მაგიდა, ორიოდე უზურგო სკამი და პატარა უბრალო კარადა, რომელზედაც ესვენა მხოლოდ ერთი, ათონის მთიდან წამოღებული ხატი ივერიის ღვთისმშობლისა, რომელსაც გარშემო ედგნენ იოანე ნათლისმცემელი და ალექსი ღვთის კაცი. ლოცვა თავის ოთახში უყვარდა “ლოცვანის” კითხვით. ლოცულობდა განმარტოებით. მისი საყვარელი ლოცვა იყო: “უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი” სკვნილის ჩაგდებით. ლოცვის დროს ზოგჯერ მხარზე გაიდებდა დიდ, საგანგებოდ გაკეთებულ, კაცის სიმაღლის ხის ჯვარს; – გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს მაერთებსო, – იტყოდა ხოლმე ახლობლებთან საუბარში.
ალექსი, მიუხედავად ბერის მკაცრი, ასკეტური ცხოვრება-მოღვაწეობისა, მაინც ახლოს იყო ხალხთან, ახერხებდა მათთან სულიერ სიახლოვეს.
1904წ. მაისის სავარაუდოდ 17-22 რიცხვებში თეკლათის დედათა მონასტერში ათონიდან მობრძანდა ცნობილი სასწაულთმოქმედი ხატის “დაუჭკნობელი ყვავილის” ასლი. იგი დაწერილი იყი საკუთრივ ამ მონასტრისათვის ათონზე ქართული სავანის კეთილმოწესის მღვდელმონაზონ იონას (ხოშტარია) მიერ. საზეიმო წირვის შემდეგ, რომელიც ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) აღავლინა, სიტყვა თავად ალექსი ბერმა წარმოთქვა.
1908წ. გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის წმ. ალექსანდრეს (ოქროპირიძე) კურთხევით ალექსი ბერმა დაიწყო ძველი ტაძრის დაშლა და ახლის მშენებლობა. ამ დროისათვის ალექსი ბერთან ერთად უკვე რამდენიმე მონაზონი იღვწოდა. შემდგომში მთავარანგელოზთა კუნძულზე მოწაფეთა რიცხვმა იმრავლა (დაახლ. 20-30). ზოგიერთ მათგანს ალექსი ბერი ათონის მთაზე აგზავნიდა, ზოგი შემდეგ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მსახურობდა და ცნობილი მოღვაწე გახდა. მისი სულიერი შვილები იყვნენ: ღირსი იოანე (მხეიძე), ღირსი ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე), წილკნელი ეპისკ. პავლე ჯაფარიძე არქიმანდრიტი შიო (ძიძავა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II მოძღვარი), მღვდელმონაზონი იოაკიმე (შენგალაია), სქემონაზონი გიორგი ბულისკირია და სხვ.
ხანგრძლივი მოღვაწეობით დამაშვრალი ბერი 1923 წლის 18 იანვარს მიიცვალა.
ღვთის წყალობითა და უფლისმიერი მინიშნებით, ალექსის აღკვეცამდე მისმა შუათანა დამ, სოფიომ მიიღო დედისგან ლოცვა-კურთხევა და მონაზვნად აღიკვეცა ახლად დაარსებულ თეკლათის დედათა მონასტერში. თავად ალექსი ნააღდგომევს აპირებდა სოფლისგან განშორებას. დაიწყო კიდეც მზადება აღთქმის შესასრულებლად: დიდი მარხვა მკაცრად დაიცვა – დღეგამოშვებით იღებდა საზრდელს, დიდ ხუთშაბათს ეზიარა. დიდ პარასკევს, ღამით, მან იხილა ჩვენება: თითქოს საკვირველ ტაძარში შევიდა. ამბიონზე ბარძიმითა და საზიარებელი კოვზით იდგა თავად მაცხოვარი, რომელმაც აზიარა მომავალი წმიდანი. ეს ჩვენება ღირსმა უფლის ნებად მიიღო, დიდ შაბათს მღვდლის წინაშე გულწრფელად აღიარა თავისი ცოდვები და ეზიარა.
გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში ალექსი ბერი ყოველდღე ეცხადებოდა სქემმონაზონ ფასტოს, რომელიც თავის დასთან, სქემოსან აკეფსიმასთან ერთად მამა ალექსის სავანეში დარჩა სამოღვაწეოდ.
ქრისტეს მოძულე მთავრობის მიერ სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა – ფასტომ და აკეფსიმამ წმიდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, თვითონ კი მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ.
1960 წლის 8 იანვარს ფასტომ და აკეფსიმამ იმჟამად ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის ლოცვა-კურთხევით მამა ალექსის უხრწნელი გვამი თეკლათის დედათა მონასტრიდან თავის სავანეში გადაასვენეს და ტაძრის აღმოსავლეთი კედლის მახლობლად დაკრძალეს.
თვითმხილველთა გადმოცემით ნეშტი გაუხრწნელი იყო და შესამოსელსაც არ დაუკარგავს თავისი ფერი. გადასვენების შემდეგ ძველ საფლავში დატოვებული იყო ნეშტის მცირე ნაწილი.
18.09.1995წ. საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე ბერი ალექსი შუშანია შერაცხულ იქნა წმინდანად.
1999 წმიდა ბერის საფლავი მოილოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ალექსი ბერის საფლავზე აიგო მცირე ბაზილიკური ტაძარი, რომელიც 2000წ. იკურთხა.
ალექსი ბერის სულიერებაზე და სიწმინდეზე მოწმობს ეპიტაფია საფლავის ქვაზე, რომლის ტექსტიც მან თავად შეადგინა და დატოვა წერილობითი ანდერძის სახით:
“...ვაი კაცისა მის, რომლისა სახელი უფროს არს საქმისა და ესე შემემთხვია მე. ალექსი ბერი”.