რაოდენად ანგელოზი უმაღლესია ხორციელ კაცთაგან, ეგოდენად უმაღლესია ბერობა სოფლიო ცხოვრებისაგან, გარნა არა ქუდის და ანაფორის ჩაცმითა, არამედ სულის ხარისხთა ზედა ძალითი ძალად აღსვლითა, რომლისა სწავლა უთუოდ დიდ არს და მაღალ და ხანგრძლივი ღვაწლით მისაწდომელ.
ნუ ჰფიქრობ, ძმაო, რომ ბერობა უგუნური და უსწავლელი კაცებისაგან იყოს მოღებული, არამედ დიდთა ფილოსოფოსთა და გენიოსთა პირებთაგან იქმნა დაწყებულ განსაახლებლად პირველ სამოთხეში ყოფილის ადამის ცხოვრებისა, რომელიც შემოსილ იყო ქალწულებით, უნივთო ცხოვრებით და ღვთისა პირის-პირ ხედვა ზრახვით.
ამას მიწვდენ ზოგიერთნი დიდნი წინასწარ-მეტყველნი და აღსრულდნენ ბერად, რომელთა შორის უმეტეს ყოველთა განბრწყინვებულმან იოანე ნათლისმცემელმან მოგვცა სახე ბერობისა თვისის საკვირველის ცხოვრებით.
ძველი დაუტევოთ და ახალ სჯულში გადმოვიდეთ. იხილე ვასილი, გრიგოლ, იოანე და სხვანი დიდნი მღვდელ-მთავარნი, ათინის სწავლით განათლებულნი: ამათ თუმცა სწავლა-განათლება დაამთავრეს, გარნა მაღალი სწავლის წყალობით შეიტყვეს, რომ აკლიათ კიდევ ერთი უმთავრესი და უსაჭიროესი სწავლა, რომელ არს ბერობა, გინა ზნეობითი ამაღლება ადამიანურ ვნებათაგან, რომლის ტყვეობის თავისუფლებისათვის შეუდგენ ბერობას. ერთსაც კიდევ გიჩვენებ უფრო მახლობელს ჩევნს საქართველოს ფილოსოფოსს რუსთაველს, რომელმან ბერობის ხარისხზე დაასრულა თავისი ბოლო სიცოცხლე და აღესრულა ბერად იერუსალიმს შინა ჯვარის მონასტერში.
აი ამგვართა დიდთა განათლებულთა პირთა მიერ არს ცნობილ და დამტკიცებულ საჲდუმლო ღირსება ბერობისა და გვაუწყეს, რომ ბერობა არის უმაღლესი სასწავლებელი ქვეყანაზედ. ბერობა არის თვით მაღალი ფილოსოფოსობა კაცობრიობაში, რომელიც სჭვრეტს სულიწმიდის ძალით ხილულსა და უხილავსა და მისწვდება უმაღლესს ბუნებისადმი. ბერობა არის მაღალი სიბრძნე, რომელი შეიცავს თვისს შორის დიდ-სულობას ძლევითა ბუნებისათა; ბერობა მსგავსებაა ანგელოზთა და სახეა პირველ სამოთხის ცხოვრებისა; ბერობა შინაგანი ბრძოლაა დაუცადებელი უნივთოისა ნივთიერითა ხილულისა და უხილავისა; შინაგანი ბერობა ყოველდღე სიკვდილისა ქრისტესთვინ და ჯვარცმაა სამარადისო; დავასრულებ: შინაგანი ჭეშმარიტი ბერობა მსგავსება არს ღვთისა.