პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

მართლმადიდებლობის ისტორიული გზა

თავი მეექვსე. ბიზანტია

1. ბიზანტიის პერიოდის მნიშვნელობა

გვიანდელი ბიზანტიის ისტორია (VIII-XV საუკუნეები) ჯერ არ დაწერილა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ეკლესიური წარსულის ერთ-ერთ უდიდეს მონაკვეთში გამოვლილი "განხეთქილებებისა და ურთიერთკავშირების" თავისებურებები ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი და გაცნობიერებული. უცნაურია, მაგრამ მართმადიდებლური ცნობიერება ბიზანტიის ისტორიის მიმართ გამორჩეულ ინტერესს არასოდეს იჩენდა და ბიზანტია ძირითადად "მაღალი" საზოგადოებიდან გამოსული ისტორიკოსების ან ცალკეული, სხვა რომელიმე დარგის ბიზანტიით დაინტერესებული სპეციალისტების კვლევის საგანს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსულ ბიზანტინოლოგიას ყოველთვის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეჭირა, თუმცაღა, ურიცხვი მონოგრაფიის არსებობის მიუხედავად, რომლითაც რუსული საეკლესიო ისტორიული მეცნიერება შეიძლება ამაყობდეს, არ მოიძებნება ბიზანტიის ეკლესიის ისტორია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ანუ არ არსებობს ისეთი ნაშრომი, რომელშიც აღწერილი და გააზრებულია განვლილი ისტორიული გზა და მითითებულია ერთიანი პერსპექტივა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეკლესიის მეხსიერებიდან მთელი საუკუნეებია გამქრალი. უშველებელი ბიზანტიური შუა საუკუნეების ფონზე ისტორიკოსების ყურადღება მხოლოდ ცალკეულ პიროვნებებსა და მოვლენებზეა გამახვილებული, ეს კი პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ბიზანტიური ერთიანობის დანახვას და ამ მასალის გამოყენებით მხოლოდ განვლილი მონაკვეთის მნიშვნელობის წარმოდგენა და ბიზანტიის საკითხის ზოგადად შეგრძნება ხდება შესაძლებელი.

არ შეიძლება ბიზანტიის ეკლესიის წარსული მხოლოდ მოძველებულ და დასრულებულ ისტორიად ჩაითვალოს. ბიზანტიის ისტორიის დიდი მნიშვნელობა იმით არის განპირობებული, რომ ის არა მხოლოდ აგრძელებს ეკლესიაში თავის არსებობას, არამედ, გარკვეული თვალსაზრისით, მართლმადიდებლურ აღმსარებლობასაც და მის "ისტორიულ ფორმასაც" თავად განსაზღვრავს. როგორც შუა საუკუნეებში რეფორმაციის პროცესში ხდებოდა თანამედროვე კათოლიციზმის კრისტალიზება, ასევე და შეიძლება უფრო მეტადაც თავისი ახლანდელი ჩამოყალიბებული სახე და ისტორიული "კანონი" მართლმადიდებლობამ ბიზანტიაში შეიძინა. ჩვენი ეკლესიის რომელ მხარესაც არ უნდა დავაკვირდეთ, უბრალო თავისებურებებიც კი იმაზე მეტყველებს, რომ მისი ნამდვილი ფორმა ბიზანტიური წარსულიდან მოედინება. მართლმადიდებლური საბოლოო დასრულებული კანონიკური ღვთისმსახურება არავითარ სრულყოფასა და განვითარებას არ საჭიროებს, რადგან იგი ბიზანტიის პერიოდში ჩამოყალიბდა; ჩვენს სინამდვილეში მოქმედი კანონისაგან თითქმის არ განსხვავდება უკვე XIII-XIV საუკუნეების ბიზანტიური "ტიპიკონი" და "ევქატოლოგია". მართლმადიდებლური ხატი ბიზანტიური კანონით იწერება; ჩვენი წმინდა გადმოცემის როგორც მოცულობითი, ისე შინაარსობრივი კანონიკურობა ბიზანტიელი კანონისტების მიერ არის დამტკიცებული; საბოლოოდ ბიზანტიაში მოხდა იმ წმინდა მამების გამორჩევა, რომლებიც დღემდე შეადგენენ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების მთავარ დასაყრდენს; დაბოლოს, სწორედ ამ პერიოდში დამკვიდრდა ის ღვთისმოსაობა, რომელსაც ჩვენს სინამდვილეში "ეკლესიურობას" ვუწოდებთ. გარკვეული თვალსაზრისით ბიზანტიის პერიოდი მართლმადიდებლობის ისტორიაში ეკლესიური ცხოვრების კრისტალიზაციის ეპოქად უნდა ჩაითვალოს. თანამედროვე მართლმადიდებლური ეკლესია, ისტორიული თვალსაზრისით, ბიზანტიური ეკლესიაა და მან იმპერიის ისტორიას ხუთასი წლით გადააჭარბა.