პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

მართლმადიდებლობის ისტორიული გზა

თავი მესამე. გნოზისის წინააღმდეგ ბრძოლა

III საუკუნის მნიშვნელობა

დევნილობასა და საცდურებში იწრთობა ეკლესიური თვითშეგნება. იმაზე უკეთ არაფერი გამოხატავს გამარჯვების მოახლოებას, ვიდრე ის ადრეული ქრისტიანული აზრები, ქრისტიანული კულტურის პირველი ყლორტები, რომლებითაც მესამე საუკუნე მოინიშნა. უწინარესად ყოვლისა უნდა დასახელდეს ალექსანდრიული ქრისტიანული სკოლა და მისი ცნობილი მასწავლებელი ორიგენე.

მესამე საუკუნემდე ქრისტიანობა ერესისა და წარმართობის წინააღმდეგ მიმართული "თავდაცვითი" მოღვაწეობით და, უბრალოდ, ეკლესიური სწავლების ძირითადი დებულებების ჩამოყალიბებითა და განმარტებით იყო დაკავებული. ალექსანდრიული სკოლის მნიშვნელობა იმით არის საინტერესო, რომ მასში პირველად გამოვლინდა სარწმუნოებრივი მოძღვრების, როგორც ერთიანი სისტემის, გააზრების მცდელობა, უკვე თავმოყრილი ჭეშმარიტებები გამოიკვეთა როგორც ახალი ცოდნის წყარო და აზროვნების საშუალებები.

ალექსანდრიული სკოლის საწყისების შესახებ ცოტა რამ ვიცით: როგორც ჩანს, აქაური ქრისტიანობა "კათაკმევლის" (კათედრა, რომელიც ალექსანდრიულ სკოლაში მოქმედებდა) წიაღიდან ამოიზარდა. ალექსანდრია ელინური სამყაროს გონიერების ცენტრი იყო, აქ ყოველგვარი ქადაგება ინტელექტუალური სამოსით იმოსებოდა და "აკადემიურ" სახეს იძენდა. ამიტომაც ბუნებრივია, რომ მეცნიერულ ღვთისმეტყველებას სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი და სწორედ ქრისტიანული აზროვნების ეს მიმართულება იქნა მიჩნეული ქრისტიანის უკანასკნელ და უმაღლეს მოწოდებად და დასაყრდენად. უკვე პირველი ცნობილი ალექსანდრიელი ღვთისმეტყველი კლიმენტი ალექსანდიელი წერდა: ქრისტიანობა არის უმაღლესი "ცოდნა", გნოზისი - ამ სიტყვის ნამდვილი, სრული და აბსოლუტური მნიშვნელობით. "გნოსტიკოსს სულის გადარჩენასა და ღმერთის შეცნობას შორის არჩევანი რომ შესთავაზო, - წერდა იგი, - ის, როგორც აზროვნების შესატყვისს, ღმერთის შეცნობას აირჩევს". გნოზისი – ეს ღმერთთან "პირისპირი" შეხვედრა და ჭეშმარიტების მისტიკური გაცისკროვნებაა; ცოდნა ღმერთის შესახებ ყველაფერზე მნიშვნელოვანია, თავისი ცხოვრების მიზანს ქრისტიანი ამ საქმეში ხედავს.

კლიმენტი, ამავე დროს, სიხარულით ეგებებოდა ყოფიერებას და ამქვეყნიური ტკბობის "გამართლებას" ეძებდა. ეს გახლდათ ახალი სახის გამოცდილება და ქრისტიანობა მასთან შეხვედრისთვის უკვე მომძლავრებული იყო. "როგორ უნდა გადარჩეს მდიდარი?" - ასეთი სახელწოდებითაა ცნობილი კლიმენტის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნაწარმოები. კლიმენტი არ უარყოფს ამქვეყნიურს, ის ცდილობს, ყველაფერი ქრისტიანულად მოაქციოს და ქრისტიანობასთან შეათავსოს. მის შემოქმედებაში ჩვენ ვხედავთ მსჯელობას სიცილისა და ოჯახური მოწყობის შესახებ. ზომიერად ყველაფერი ნებადართულია, ოღონდ მთავარია, - წერს კლიმენტი, - ყველაფერი ემსახურებოდეს მთავარს - ღმერთის შესწავლას და ამ პროცესში ჭეშმარიტების შეცნობისკენ ლტოლვას... ეს არის პირველი, ჯერ კიდევ ზედაპირული, ქრისტიანობისა და ელინიზმის საეჭვო სინთეზი. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ კლიმენტის ნამდვილი მეცნიერული ღვთისმეტყველებისთვის საფუძველი არ ჩაუყრია.

მის შემდეგ "კათაკმევლის" კათედრა ახალგაზრდა ორიგენემ დაიკავა. ორიგენეში პირველქრისტიანული "გმირული" ბუნება ეკლესიაში სულ უფრო მომძლავრებულ ახალი დროის სულთან არის შეხამებული. ქრისტიანად დაბადებულ ორიგენეს ბავშვობიდან მოწამებრივი ცხოვრება იზიდავდა. მისი "მოწოდება მოწამეობისაკენ", რომელიც მაქსიმიანეს დევნილობის პერიოდში (235-238 წლებში) დაიწერა, დღესაც პირველქრისტიანული პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. მაგრამ მისთვის მოწამეობა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მწვალებლების წინაშე ქრისტიანობის აღსარება. ორიგენეს თვალსაზრისით, მოწამეობა "ვიწრო გზაა" და მიწიერ ცხოვრებაში ქრისტიანისთვის, თუ ის სახარებისეული სრულყოფისკენ მიილტვის, სხვა გზა არ უნდა არსებობდეს.

ორიგენე ასკეტიზმის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მომდევნო საუკუნეში, როდესაც ეკლესიაში ბერმონაზვნობამ დაიწყო მომძლავრება, ამ თეორიამ მიმდინარე პროცესებზე უდიდესი გავლენა იქონია. დაუდგრომელმა სურვილმა, სახარებისეული სწავლება უკომპრომისო ცხოვრების წესად ქცეულიყო, როგორც ცნობილია, ორიგენე თვითდაწმენდამდე მიიყვანა. მასში ხშირად ეკლესიური ცხოვრების რეალობას დაშორებულ, მხოლოდ წიგნებში თავჩარგულ "ინტელექტუალს" ხედავდნენ. სინამდვილეში ის იყო, უწინარეს ყოვლისა, ეკლესიურ ცხოვრებასთან, მის აღმსარებლობასთან შესისხლხორცებული ადამიანი. მისი "ინტელექტუალურის" მსახურების გაგება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისთვის ყველაფერი "ერთიანის საჭიროებას" უნდა ემსახურებოდეს...

ძალზე ახალგაზრდა იყო ორიგენე, როდესაც კათაკმეველთა მასწავლებლად დაიწყო მსახურება. ამ საშურ საქმეში ერთგული შრომით მიღებულმა გამოცდილებამ ის მოგვიანებით დაარწმუნა, რომ კათაკმეველთათვის მხოლოდ წმინდა წერილის კითხვა არ კმაროდა. მის აუდიტორიაში ისხდნენ სწავლულები, ფილოსოფოსები, მეცნიერები. მათთვის ქრისტიანობა სიღრმისეულ ანალიზში უნდა წარმოდგენილიყო. საჭირო იყო ქრისტიანული სწავლებისა და, უწინარეს ყოვლისა, წმინდა წერილის, როგორც უმაღლესი გამოცხადების, განმარტება, ამასთანავე, იმ მეთოდებით სარგებლობა, რომლებითაც ჭეშმარიტებას თვით ფილოსოფოსები იკვლევდნენ, ანუ აუცილებელი ხდებოდა მათივე აზროვნების კულტურის გამოყენება.

ორიგენეს სკოლა ძალიან მალე გასცდა თავის პირვანდელ ფუნქციებს; ის ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ისეთ ფორუმად გადაიქცა, სადაც ქრისტიანული ჭეშმარიტება წარმართულ სიბრძნეს შეეჯახა. ამ ბრძოლაში მხოლოდ ორიგენეს ქრისტიანულმა აზროვნებამ კი არ მოიპოვა გამარჯვება, არამედ მოხდა პირველი გარდატეხა და ქრისტიანობამ პირველად გამოიყენა ის "ელინური ფასეულობები", რომლებიც გამოსადეგად მიიჩნია. "მე ვისურვებდი, შენი გონების ყველა შესაძლებლობა ქრისტიანობის სასიკეთოდ გამოგეყენებინა და ეს უნდა იყოს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, - წერს ორიგენე თავის მოწაფეს გრიგოლს, - ამ მიზნის მისაღწევად, - განაგრძობს იგი, - კარგი იქნება, გამოიყენო ბერძენი ფილოსოფოსების ცოდნა და გამოცდილება, რაც ქრისტიანობის განმარტების შესავალი ნაწილისთვის გამოგადგება და ის ცოდნა გეომეტრიიდან და ასტრონომიიდან, რომელიც წმინდა წერილის ახსნას გაგიადვილებს; რათა ის, რასაც ფილოსოფოსები გეომეტრიის, მუსიკის, გრამატიკის, რიტორიკის, ასტრონომიის შესახებ ამბობენ, - რომ ეს ყველაფერი ფილოსოფიას ემსახურება, - შეიძლებოდეს ითქვას ფილოსოფიაზე - ქრისტიანობასთან მიმართებით". ეს ნიშნავდა კულტურულ აზროვნებაში სრულ გადატრიალებას, თანაც ამ შემთხვევაში, გნოსტიკური მოძღვრების მსგავსად, ქრისტიანობა კი არ უნდა ყოფილიყო ელინიზმის "მორჩილი", არამედ თავად ელინიზმი ხდებოდა უმაღლესი ქრისტიანული ჭეშმარიტების შეცნობისთვის ადამიანთა გონების მომზადების საშუალება.

როგორც მეცნიერების, ისე ქრისტიანობის საბოლოო მიზანი ღვთის სიტყვის წვდომაა. ყველაფერი მას ექვემდებარება, თუმცა, ამავე დროს, არ არსებობს მისი სიღრმეების შეცნობის საზომი. ჭეშმარიტების შეცნობისთვის მადლთან ერთად საჭიროა სულის ლოცვით გაბრწყინება, ასკეტური მეცადინეობით სხეულის განვითარება, აზროვნების მეცნიერული სრულყოფა. თავად ორიგენემ ებრაული ენა შეისწავლა, წმინდა წერილის შესასწავლად და ყველა არსებული თარგმანის შესადარებლად უდიდესი სამუშაო შეასრულა; საკმარისია ითქვას, რომ მან თავისი "ჰეგზაპლებისთვის" წმინდა წერილი ექვსჯერ გადაწერა და პარალელურ სვეტებში ებრაული ორიგინალის გვერდით ბერძნული ასოებით ტრანსკრიფცია მოათავსა. ამ საქმისთვის მან ალექსანდრიული ლიტერატურული სკოლის ის ცნობილი მეთოდი გამოიყენა, რომლის საშუალებითაც აქ ძველბერძნულ ლიტერატურას შეისწავლიდნენ. გამოყენებულმა მეთოდმა შემდგომში ბიბლიის ქრისტიანულად გამოკვლევის საქმეში საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ მოსამზადებელი სამუშაო იყო. ამის შემდეგ ორიგენე წმინდა წერილის განმარტებას შეუდგა და აქაც ახალი გზები გაიკვლია; განმარტების საქმეს ორიგენემ საფუძვლად წმინდა საეკლესიო გადმოცემის ერთი მეტად მნიშვნელოვანი დებულება დაუდო. ამ დებულების მიხედვით, წმინდა წერილში ტექსტის ზედმიწევნითი ფორმის უკან ღვთის სიტყვის სულიერი შინაარსი უნდა იქნეს ამოკითხული; ძველი აღთქმა ახალი აღთქმის წინასახეა; ეკლესიისა და ქრისტიანული ცხოვრების სამარადჟამო ხატება სწორედ ახალ აღთქმაშია მოწოდებული; იუდეველებმა წმინდა წერილის ნამდვილი შინაარსის ამოცნობა ვერ შეძლეს და უარყვეს იესო ქრისტე; ვერც გნოსტიკოსები ჩასწვდნენ ძველ აღთქმას, იქ წარმოდგენილი ღმერთი ბოროტად და შურისმაძიებლად დაინახეს და უარყვეს იგი. იესო ქრისტეს წყალობით ძველი აღთქმის ყველა ხატება გაცოცხლდა და ყველაფერმა თავისი ჭეშმარიტი სახე მიიღო. ამიტომ, რადგან მხოლოდ წმინდა წერილის საშუალებით შეიძლება იესო ქრისტეს შესახებ ჭეშმარიტება შევიცნოთ, სწორედ ის არის წმინდა წერილში ჩაწვდომის ნამდვილი და ერთადერთი გზა. ძველი აღთქმა გვამზადებს და გვიხსნის ახალს, ახალი - მომავალს - ღმერთის სასუფეველს, იმ მომავალს, როდესაც იქნება "ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა" და როდესაც ყოველი ხატი უსასრულო სინამდვილეში განხორციელდება.

წმინდა წერილის შესწავლისა და განმარტების საქმეში ორიგენეს უდიდესი წვლილი მიუძღვის. თუ მანამდე ეკლესიური ქადაგება და ღვთისმეტყველება უბრალოდ უფუძნებოდა წმინდა წერილს, მან პირველმა ჩამოაყალიბა ძველი აღთქმის "ქრისტეცენტრული" და სისტემატური გაგება და თავისი ურიცხვი განმარტებით საეკლესიო "ეგზეგეტიკას" ჩაუყარა საფუძველი.

მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს იმ საშიშროებების შესახებაც, რომლებიც თან სდევდა ბიბლიისადმი მის დამოკიდებულებას. საშიში იყო მისი უკიდურესი ალეგორიზმი. ამგვარი დამოკიდებულების შედეგად ბიბლიის ყოველი სიტყვა ურიცხვ შინაარსს იძენს და ზოგიერთ შემთხვევაში მკვლევარი ფანტასტიკურ გაუგებრობამდეც კი მიჰყავს. ორიგენეს დროს ალეგორიზმი ალექსანდრიელი ლიტერატურისმცოდნეების საყვარელი გასართობი და მაღალი მოდის ნაწილი იყო, შესაბამისად, ამან ორიგენეზეც იქონია ზეგავლენა. თანამედროვე მკვლევრები ცდილობენ, მისი განმარტებები ცალკეულ "ტიპოლოგიურ" ჯგუფებად დაყონ, ჭეშმარიტი სახეები და სულიერი მნიშვნელობები "ალეგორიებებისგან" გამოარჩიონ. უნდა ვიფიქროთ, რომ თვითონ ორიგენეც ხედავდა ამ განსხვავებას. სინამდვილეში კი ამ ზღვრის გავლება საკმაოდ ძნელია და "ალეგორიზმი" ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში დღემდე ისეთ საშიშ მეთოდად რჩება, რომლის საშუალებითაც ღვთის სიტყვის ნამდვილი ცხოვრებისეული მნიშვნელობა რაიმე მანქანებითა და რიტორიკული ხრიკით შეიძლება შეიცვალოს.

მომავალი თაობების ქრისტიანებისთვის უფრო საშიში ორიგენეს ღვთისმეტყველება - ქრისტიანული აღმსარებლობის მისეული სისტემა აღმოჩნდა. ამ სწავლების ამსახველი მასალა მოთავსებულია თხზულებაში "საწყისების შესახებ", რომელმაც ჩვენამდე გვიანდელი ლათინური თარგმანით მოაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ორიგენე ღვთისმეტყველების მთავარ საზომად "რწმენის კანონს" - ეკლესიურ წმინდა გადმოცემას მიიჩნევდა, მან მაინც ვერ მიაგნო იმ ოპტიმალურ საწყისებს, რომლის მეშვეობითაც წმინდა გამოცხადების გვერდით ელინისტური ფილოსოფია ბერძნული "იდეალიზმის" გარეშე იქნებოდა გამოყენებული. მოხდა პირიქით, მის სისტემაში ქრისტიანობამ მწვავე ელინიზაცია განიცადა, მასში დაიკარგა სწავლება არაფრისგან სამყაროს შექმნის შესახებ, უარყოფილ იქნა ქრისტიანული კოსმოლოგიის ჭეშმარიტი საფუძველი და, შესაბამისად, სამყაროს არსებობის ბიბლიური განმარტება, მისი ისტორია, მისი სინამდვილე, ამ ყველაფერმა კი რაღაც გაურკვეველი თავისუფალი არჩევანის შედეგად გამოწვეული მოჩვენებითი ტრაგედიის სახე მიიღო. ორიგენეს მიხედვით, სამყარო ღმერთისგან იწყებს თავის დასაბამსა და "განვითარებას", ბოლოს კი რაღაც ურღვევი კანონის გამო მასშივე ბრუნდება. ამავე კანონის მიხედვით განქარდება ბოროტების, თავისუფლებისა და ხსნის რეალობა. და რადგან ღმერთში ყველაფერი მუდმივი და სამარადჟამოა, სამყაროს შესაქმის ეს წრებრუნვაც მუდმივად სრულდება და გარდაუვალ საყოველთაო აღდგენასა და გადარჩენაში მეორდება...

თავისი ხანგრძლივი და პიროვნულად ღირსეული ცხოვრება ორიგენემ აღმსარებლობით დაასრულა: ის გარდაიცვალა 250 წელს ხანგრძლივი ტანჯვისა და წამების შედეგად. მისი ბავშვობის წყურვილი სიცოცხლის მოწამებრივად დასრულებისა - აღსრულდა. თუ ორიგენეს პიროვნება საოცრად მიმზიდველი და შთამბეჭდავია, სხვაა მისი ღვთისმეტყველება, რომელმაც საბოლოოდ ეკლესიური აზროვნების ისტორიაში მეტად ცუდი როლი ითამაშა. ეკლესიამ მხოლოდ მრავალი ჭირ-ვარამის გამოვლის შედეგად გადალახა "ორიგენიზმის" გამო გამოწვეული ცდუნებები და საშიშროებები.

ორიგენეთი იწყება "ელინიზმის თანმიმდევრული გაქრისტიანება", ეკლესიის შიგნით ელინისტური ტენდენციების გადალახვისთვის ბრძოლა, ეს ბრძოლა გახდება შემდგომი ბიზანტიური საუკუნეების ეკლესიის ისტორიის ძირითადი თემა და ალბათ თვითონ ორიგენეს "შემოქმედებითი მარცხის" გარეშე ქრისტიანობის ელინიზმზე გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა.

საუკუნის დასასრულმა ქრისტიანობის დაუნდობელი დევნით ჩაიარა. იმპერია დაღუპვის პირას იყო. ჩრდილოეთიდან მას დაუნდობლად უტევენ გერმანელები, აღმოსავლეთიდან - გუთები და სპარსელები. ამ არეულობასა და მძიმე წლებში, როდესაც საჭირო იყო დამნაშავისა და უბედურებების მიზეზის პოვნა, ქვეყანაში ქრისტიანების საწინააღმდეგო განწყობის შექმნა ძნელი არ იქნებოდა. მაგრამ არასოდეს მიუღწევია დევნას ისეთი მასშტაბებისთვის, როგორიც ეს დიოკლეტიანეს დროს, კონსტანტინე დიდის მოქცევის წინ მოხდა. ამ დევნის შედეგად ჩვენამდე ყველაზე მეტი წამებულის სახელმა მოაღწია. თითქოს საბოლოო გამარჯვების წინ ეკლესიამ მთელი თავისი სიდიადე, მოწამეთა აღტკინება, სილამაზე, მომხიბვლელობა და იესო ქრისტეს მოწმობის ძალა გამოავლინა.